რ. შტაინერი – არგონავტების თქმულება და ოდისეა

რ. შტაინერი – არგონავტების თქმულება და ოდისეა

ოდისევსი და სირენები. მხატვარი ჯონ უილიამ უოტერჰაუსი.

რუდოლფ  შტაინერი

 

არგონავტების თქმულება და ოდისეა

ბერლინი, 14 ოქტომბერი, 1904

(გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ)

სხვადასხვა მითების განხილვით მე მინდა საფუძველი ჩავუყარო გარკვეულ ეზოტერულ მოძღვრებას, რომელსაც მომდევნო ლექციებში შევეხები. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ ძალზე მნიშვნელოვან მითზე, რომელსაც საბერძნეთშიც ვხვდებით და რომელიც, როგორც ყოველი მითი, სხვადასხვა საფეხურზე და მრავალგვარად შეიძლება იქნას გაგებული. ჩვენი მიზანი იქნება მისი რეალური შინაარსის გარკვევა. მაგრამ ვიდრე ამას შევუდგებოდე, ზოგიერთ თეორიულ საკითხს შევეხები.

„ლუციფერ-გნოზისის“ ბოლო ნომერში მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ბოლო სამ ატლანტურ კულტურაში ადამიანის მოდგმაზე ხდებოდა თავისებური ზემოქმედება, რომელიც გარკვეული გაგებით დღესაც გრძელდება. ეს ზემოქმედება იმიტომ დაიწყო, რომ იმჟამად ადამიანები მომწიფდნენ იმის მისაღებად, რასაც ჩვენ ინტელექტს, განსჯას ვუწოდებთ. მანამდე ადამიანი უფრო მეხსიერების მატარებელი არსება იყო. მეოთხე ატლანტურ კულტურამდე განსაკუთრებით მისი მეხსიერება ვითარდებოდა. კომბინირების უნარი, ანგარიში, ერთი სიტყვით, ყოველივე, რასაც ჩვენი თანამედროვე კულტურა ემყარება, შემოვიდა მეხუთე ატლანტურ კულტურაში, პირველსემიტების დროს. და ამიტომაც ეს პირველსემიტები მთელი მეხუთე ძირეული რასის ფუძემდებელი რასა გახდა. ამ ძირეული რასის ამოცანაა ევოლუციის პროცესში უპირატესად ფიზიკურისკენ მიმართული განსჯის უნარის გამომუშავება. როდესაც კაცობრიობა განვითარების ისეთ ახალ ფაზას იწყებს, როგორიც განსჯის ფაზაა, ძლიერდება ევოლუციაზე ისეთი ახალი არსებების ზეგავლენა, რომლებიც მანამდე მხოლოდ დაფარულად მოქმედებდნენ. და მართლაც იმ დროიდან, მეხუთე ატლანტური კულტურიდან მოკიდებული ადამიანის ევოლუციაზე ზემოქმედება დაიწყო გარკვეულმა ჯგუფმა არსებებისა, რომელთა საქმიანობაც მანამდე შეუმჩნეველი იყო. ეს არსებები მაღალგანვითარებულნი იყვნენ, გაცილებით უფრო განვითარებულნი, ვიდრე იმჟამინდელი ადამიანები. მაგრამ ისინი გარკვეული გაგებით ჩამორჩებოდნენ არსებებს, რომლებიც ლემურიის შუა პერიოდიდან ერევიან კაცობრიობის განვითარებაში. მაშინ მოხდა სწორედ ახალი ჩარევა. არსებანი, რომელთაც ახლა შევეხები, მთელი თავიანთი ბუნებით განვითარების მთვარისეულ საფეხურს გამოხატავდნენ. მათ მთვარის ეპოქაში გაიარეს განვითარება, მაგრამ ისე შორს ვერ წავიდნენ, როგორც ისინი, რომელთაც ლემურიის შუა პერიოდში დაიწყეს ზემოქმედება. ისინი მთვარეზე ნორმალურ განვითარებას ჩამორჩნენ. ისღა შესძლეს, იმჟამად ადამიანთა მიერ შემუშავებული უნარ-შესაძლებლობები შეეცნოთ როგორც თავიანთი შესაფერისი და შეეთვისებინათ ისინი. მანამდე ადამიანები ინტელექტუალურად განუვითარებელნი იყვნენ; ახლა კი ინტელექტი შეიძინეს. და ამ ახალ უნარს იყენებდნენ შემდგომი განვითარებისთვის. ასე რომ, მაშინ დაიწყო განვითარების ის ფაზა, რომელსაც ჩვენ ობიექტური მეცნიერულობის შემამზადებელ ფაზას ვუწოდებთ. მანამდე ის არ არსებობდა და არც შემდგომში იარსებებს. მთელი სიბრძნე, რომელიც მოპოვებული იქნა კაცობრიობის ევოლუციაში არსებითად სიყვარულთანაა დაკავშირებული. ცივი, მხოლოდ გამოთვლითი მეცნიერება იმ არსებათა ზეგავლენით შეიქმნა, რომელთაც აღნიშნული „ჩარევა“ განახორციელეს.

შესაბამისად, ამ არსებათა გავლენა, დღესაც რომ მოქმედებენ გარკვეულწილად, მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც მთელი ჩვენი ინტელექტუალური მოღვაწეობა, ყოველივე, რასაც განსჯისეულ მოღვაწეობას ვუწოდებთ კვლავინდებურად სიყვარულით განიმსჭვალება. როდესაც განსჯა და სიყვარული კვლავ შეერწყმიან ერთმანეთს უზენაეს სიბრძნეში, მაშინ ფიზიკურ სამყაროში უხილავ ამ არსებათა გავლენაც ამოიწურება. ადამიანთათვის, უპირველეს ყოვლისა კი მისტერიათა მოწაფეთათვის, ამ არსებათა გავლენის გაცხადება იყო სახელდობრ ბერძნული მისტერიების ამოცანა.

ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით მერვე საუკუნეში ამ არსებებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ეპოქა დაუდგათ. თუ თქვენ დააკვირდებით ჩვენი მეხუთე ძირეული რასის კულტურებს: ძველი ვედების კულტურას, ძველ სპარსულ, ქალდეურ-ეგვიპტურ კულტურას, თვით დრუიდთა კულტურასაც კი, ნახავთ, რომ ობიექტური, პრაგმატული მეცნიერება ჯერაც არ არსებობდა. ეს უკანასკნელი გაჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თანდათანობით ფეხი მოიკიდა მეოთხე კულტურამ. მეოთხე კულტურა დაიწყო დაახლოებით მერვე საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდე. ამით დასაბამი მიეცა ადამიანის ყველა სხვა მშვინვიერი შინაარსისაგან განსხვავებულ ობიექტურ მეცნიერებას. ქალდეველი ქურუმი ასტრონომიის მეოხებით ჯერ კიდევ სამყაროს განმგებელთა განზრახვის ჩაწვდომას ლამობდა. იგივე ითქმის ეგვიპტელ ქურუმებსა და დრუიდებზე; ისინი ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ სამყაროს განმგებლის განზრახვას. წმინდა განსჯითი მეცნიერება მხოლოდ საბერძნეთში იჩენს თავს. ეს განსჯითი მეცნიერება, რომელიც თანდათანობით მომზადდა და აღნიშნულ არსებათა გავლენით მზის სინათლე იხილა, თავდაპირველად ადამიანის სხვა მოქმედებებთან იყო დაკავშირებული, სრულიად დამოუკიდებელი კი მეხუთე ძირეული რასის მეოთხე კულტურულ პერიოდში გახდა. ხელდასმულები, რომლებიც განისწავლებოდნენ იმ ეპოქის მისტერიებში, ადრე ადამიანის მოდგმისთვის მისაწვდომ პირველსიბრძნეს განიცდიდნენ როგორც დაკარგულს, რაც ხელახლა იყო მოსაპოვებელი. დადგა დრო, როდესაც ეს მკვდარი სიბრძნე გამოეყო ყოვლისმომცველ პირველსიბრძნეს. დროის ამ მომენტს, როდესაც ფხიზელი, მშრალი სიბრძნე ყოვლისმომცველ პირველსიბრძნეს გამოეყო, იმით აღნიშნავდნენ, რომ ამბობდნენ: ქრისტემდე დაახლოებით მერვე საუკუნეში მზემ გაზაფხულის ნიშნული ვერძის თანავარსკვლავედში გადაკვეთა. ეს გადაკვეთა იყო ათასწლეულების წინ მომხდარი მსგავსი გადაკვეთის განმეორება. როგორც ცნობილია, მზე თანდათანობით გადის ზოდიაქოთა მთელ წრეს – ვერძის, კუროს, მარჩბივის, კირჩხიბის, ლომის, ქალწულის და ა.შ. თანავარსკვლავედებს, ასე რომ მას უკვე მრავალჯერ აქვს გავლილი ვერძის ზოდიაქო. უკანასკნელად მან ვერძი გაიარა მაშინ, როდესაც ადამიანი სიყვარულსა და შემეცნებას ჯერ კიდევ ერთიანად განიცდიდა და შესაბამისად პირველსიბრძნეს ფლობდა. ახლა კი ეს პირველსიბრძნე დაიკარგა და ადგილი დაუთმო გარეგნულ განსჯით კულტურას. მთელი ამ პროცესის ოკულტურ მნიშვნელობას ბერძნულ მისტერიათა ქურუმი გამოხატავდა არგონავტების შესახებ უაღრესად ღრმა მითის სახით, სადაც ვერძი სიყვარულისა და შემეცნების ერთიანობის სიმბოლოდ გვევლინება.

ჯერ მოდით, გავიხსენოთ თავად მითი. იგი მოგვითხრობს, რომ ფრიქსოსს და ჰელეს მრავალი ტანჯვა შეხვდათ ბოროტი დედინაცვლის – ინოსაგან. ამიტომაც გამოეცხადა ფრიქსოსს გარდაცვლილი დედა – ნეფელე და თავის დასთან ერთად გაქცევა ურჩია. დიდი, ოქროს საწმისიანი ვერძიც მისცა, რითაც მათ ზღვა უნდა გადაელახათ. ჰელე ვერძიდან გადმოვარდა და ჰელესპონტში ჩაიძირა, ფრიქსოსმა კი ვერძთან ერთად კოლხეთს მიაღწია. იქ მან ვერძი მსხვერპლად შესწირა, ტყავი კი მეფე აიეტს უბოძა, რომელმაც იგი გამოქვაბულის კარიბჭესთან მუხაზე ჩამოჰკიდა. მოგვიანებით ბერძენი გმირი იაზონი იმჟამინდელ უმნიშვნელოვანეს ბერძენ ხელდასმულთა – ორფეოსის, თეზევსის, ჰერაკლეს და სხვათა – თანხლებით გაემართა კოლხეთს, ბარბაროსი ხალხებისგან ვერძის ტყავის გამოსახსნელად. მეფე აიეტის უმრწემესი ასულის, მედეას გულის დაპყრობით მან მოახერხა ვერძის ტყავის საბერძნეთში დაბრუნება. ამისთვის ჯერ ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი დაძლია. შემდგომ გველეშაპის კბილები დათესა. კბილებიდან აბჯარასხმული მეომრები ამოიზარდნენ და ბრძოლა გაუმართეს. მედეას წყალობით მან გაიმარჯვა. მისივე დახმარებით იგდო ხელთ ვერძის ტყავი და მასთან ერთად გაუდგა გზას უკან, საბერძნეთისკენ. მამის მოსატყუებლად მედეამ ძმაც იახლა, შემდეგ მოაკვდინა და ნაკუწ-ნაკუწ აჩეხილი ზღვის ტალღებს მისცა. ვიდრე სასოწარკვეთილი მამა ნაწილებს აგროვებდა, გაქცეულნი სამშვიდობოს გავიდნენ.

მედეა ადუნებს გველეშაპის ყურადღებას, რაც უადვილებს იასონს დაეუფლოს ოქროს საწმისს. (ჩვ.წ-მდე IV საუკუნის გამოსახულება. ნეაპოლი, ეროვნული მუზეუმი)

ქრისტეს დაბადებამდე მერვე და მეცხრე საუკუნეებში მისტერიათა მოწაფეებს ამ თქმულებების ოკულტურ მნიშვნელობას ასწავლიდნენ. ეს ოკულტური მნიშვნელობა სხვა არაფერია თუ არა გაცხადება იმისა, რომ ამ არსებებმა, რომლებიც ადამიანის მშრალ, ფხიზელ ინტელექტს იყენებდნენ, ამ დროისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს. გამოიღვიძა ლტოლვამ პირველადი კულტურისადმი, ოდესღაც რომ არსებობდა მზის მიერ ვერძის უკანასკნელად გავლისას. ის, რომ ტყუპისცალნი ფრიქსოსი და ჰელე ვერძმა კოლხეთში გადაიყვანა მხოლოდ იმის მინიშნებაა, რომ ადრინდელ კულტურას, სპარსულ-ირანულს, თავისი მარჩბივისეული ბუნებით – ის სიკეთის და ბოროტების, ორმუზდის და აჰრიმანის ქვეშ იდგა – სურს კვლავ დაიბრუნოს შემეცნებისა და სიყვარულის ერთიანობა. წინა კულტურამ ეს ტყავი დაფარულ სფეროებში გადაიტანა. უფრო ადრე, ატლანტურ ეპოქაში ეს ტყავი, ეს სიბრძნე საერთო-საკაცობრიო კულტურის ნაწილი იყო, შემდგომ კი შორეული საიდუმლო სკოლების კუთვნილება გახდა. საჭირო იყო მისი დაბრუნება. ამგვარად, არგონავტების თქმულება გარეგნული ფორმით საბერძნეთში საიდუმლო სკოლების დაარსებაზე მიგვანიშნებს.

მაშასადამე, გადმოცემის თანახმად, ატლანტური რასა პირველსიბრძნეს ფლობდა. ეს სიბრძნე იმჟამად მთელი კაცობრიობის კუთვნილება იყო. ის დაიკარგა და მხოლოდ მისტერიათა სკოლების ქვაბულებსა და კრიპტებში თუ შევხვდებოდით მოგვიანებით. ბერძნებმა კი თავიანთი ხელდასხმულებისთვის ხელახლა შექმნეს მისტერიები და თეზევსი, ორფეოსი, ჰერაკლე და სხვანი ამ სიბრძნის დამფუძნებელნი არიან იმ გაგებით, რომ მათ საბერძნეთში პირველსიბრძნე დააბრუნეს. თალესმა, ანაქსიმენემ, სოკრატემ და სხვა ფილოსოფოსებმა შემოიტანეს ფხიზელი, ცივი, განსჯითი მეცნიერება, რომელიც ობიექტურია. მისტერიათა სიბრძნე კი სიყვარულს უკავშირდება. ის იმგვარი სიბრძნეა, რომელიც ვერ მიიღწევა ვნებათაგან, კამასეულ ძალთაგან განწმენდის გარეშე. განსჯითი მეცნიერება კი კამასაგან განწმენდის გარეშეც მიიღწევა. ამრიგად არგონავტების ეს ეგზომ მნიშვნელოვანი თქმულება აღგვიწერს ჩვენი თანამედროვე ძირეული რასის მესამედან მეოთხე კულტურულ პერიოდზე გადასვლას. გადასვლა იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო კულტურის მანამდე ერთიანი ნაკადი ორად გაიყო: მისტერიათა სიბრძნედ და გარეგნულ განსჯით მეცნიერებად. ერთი ნაკადი დაფარული იყო, მაგრამ იმდენად ქმედითი, რომ გავლენას ახდენდა ბერძნულ ხელოვნებასა და კულტურაზე – ამას ნიშნავს ვერძის ტყავის დაბრუნება. ამიერიდან მხოლოდ განსჯით მეცნიერებაზე არ უნდა მოეხდინა მას გავლენა. ეს რაც შეეხება თქმულებას არგონავტების ლაშქრობაზე.

ოდისევსის თქმულებაც ერთი რასიდან მეორეზე გადასვლას მიგვანიშნებს. მას სხვადასხვა დროს უამრავი ინტერპრეტაცია და კომენტარი მიეძღვნა. დღეს ამ თქმულების მხოლოდ ჩონჩს შევეხები. ჩემს წიგნში „ქრისტიანობა როგორც მისტიკური ფაქტი“ მე შევეცადე გამომეყენებინა გაგების მეორე, ალეგორიული მეთოდი; დღეს ჩვენ გაგების მესამე, ოკულტურ მეთოდს გამოვიყენებთ.

ოდისევსი, რომელიც სხვებთან ერთად იბრძოდა ტროაში, თავისი ცბიერებით და ჭკუით დიდად დაეხმარა ბერძნებს მის აღებაში. მან ფათერაკებიანი გზებით იარა წყალდაწყალ; გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ. ციკლოპთა ქვეყანაში მოხვდა, სძლია მათ ცალთვალა ბელადს, მიადგა კირკეს, რომელმაც მისი თანამგზავრები ღორებად აქცია. ჩავიდა ჰადესს და ტროას ომში დაცემული გმირები გაიცნო. ამის შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა სირენებს, მომნუსხველი ჰანგებით ადამიანებს რომ აცდუნებდნენ. შემდეგ მოთხრობილია, თუ როგორ აჰყვა ცდუნებას მის თანამგზავრთა უდიდესი ნაწილი, თვითონ კი იმის წყალობით გადარჩა, რომ ხომალდზე დააბმევინა თავი; თუ როგორ მოხვდა ერთ ადგილას, სცილასა და ქარიბდას შორის, სადაც ხომალდებს დაღუპვის საფრთხე ემუქრებათ. აქ ის აზვირთებულ მორევს გადაურჩა. შემდეგ მიაღწია ოგიგიას, ნიმფა კალიპსოს კუნძულს, სადაც შვიდი წელი დაჰყო და ზევსის ბრძანებით კალიპსოს მიერ გათავისუფლებული ბოლოსდაბოლოს თავის სამშობლოს, ითაკას დაბრუნდა. ქალღმერთი ათენე პალასი მიუძღვა სახლში, თავის მეუღლესთან, რომელსაც ბევრი უსიამოვნება შეხვდა აბეზარ სასიძოთაგან. ის დღისით ქსოვილს ქსოვდა, ღამით კი არღვევდა, ვინაიდან სასიძოებს იყო შეპირებული, მისთხოვდებოდა როგორც კი ქსოვილი მზად იქნებოდა.

ახლა კი მოდით, ოდისევსის თქმულების ეს ჩონჩხი ერთად განვიხილოთ ბერძნული მისტერიული სიბრძნის ჩვენეულის ცოდნიდან გამომდინარე. ხელდასხმის სკოლები, სადაც ნამდვილად ხდებოდა ის, რაც აქ იყო მოთხრობილი, ისე მიუძღვებოდნენ მოწაფეს ასტრალურ და მენტალურ პლანზე, რომ იგი კაცობრიობის განვითარების გარკვეულ მონაკვეთს გადიოდა, კერძოდ შუა ლემურიიდან იმ დრომდე, როდესაც ადამიანმა საბერძნეთში იაზონის მიერ ორფეოსთან, თეზევსთან, ჰერაკლესთან და სხვებთან ერთად დაარსებულ მისტერიათა სკოლებში კვლავ მოიპოვა პირველსიბრძნე. მოწაფეს მიუძღვებოდნენ ასტრალურ და მენტალურ პლანზე და უჩვენებდნენ პროცესებს, რომლებიც კაცობრიობამ გაიარა შუა ლემურიიდან ტროას ომამდე. არგონავტების ლაშქრობა მითების ენით პირველსიბრძნეზე მიგვანიშნებს. ის გვიჩვენებს, რომ ეს უკანასკნელი იმჟამად მეცნიერების გვერდით არსებობდა. ხოლო რას უცხადებდა ადამიანებს, მისტერიათა მოწაფეებს ოდისევსის თქმულება? ამას გვიმხელს თავად ოდისევსის გზა.

მოდით, ლემურიის შუა პერიოდს მივუბრუნდეთ. მაშინ ადამიანი გადავიდა ჰერმაფროდიტული მდგომარეობიდან სქესობრივ გაყოფაზე, ფიზიკური გრძნობის ორგანოს გარეშე ხედვიდან ფიზიკური თვალით ხედვაზე. მართლაც, ლემურიის შუა პერიოდამდე ადამიანს ჰქონდა ის „ერთი თვალი“, რომელიც შემდგომ ორი გარეგნული ფიზიკური თვალით შეიცვალა. განვითარების ამ ფაზას წარმოუჩენდნენ იმჟამად მოწაფეს. მას უნდა განეცადა გადასვლა ლემურიამდელი ეპოქიდან ლემურიის შემდგომ ეპოქაში. უფრო სწორად, ლემურიული ეპოქის მეორე ნახევარში, როდესაც გაჩნდა გარეგნული თვალი. ციკლოპები არიან ლემურიამდელი ადამიანები. ოდისევსი მათ გაეცნო ასტრალურ პლანზე. ამ ეპოქის შემდეგ ადამიანის ასტრალური სხეული სულ უფრო და უფრო გამკვრივებულ და გამყარებულ მატერიაში ჩაიძირა. ამით ჩვენ მივადექით – ამას წარმოუდგენდნენ ხელდასასმელს – ატლანტური ეპოქის დასაწყისს. ატლანტი სულ უფრო და უფრო მეტად იძენს უნარს გამოიყენოს სასიცოცხლო ძალები თავისი საქმიანობისთვის. ეს იყო გარკვეული ასტრალური უნარ-შესაძლებლობანი, რომელნიც ატლანტებმა განივითარეს და რომელთაც ბერძენი მხოლოდ ასტრალურ პლანზე თუ მიუახლოვდებოდა. ეს იყო ეპოქა – მის შესახებ ბევრი რამ თქმულა ოკულტურ ლიტერატურაში – , როდესაც ატლანტთა მოდგმა შავი მაგიის მძვინვარე ფორმებს მიეცა. ეს ეპოქა ბერძნულ მისტერიათა მოწაფეს ეძლეოდა მეტამორფოზათა სურათების სახით. ამ ეპოქაში ადამიანთა ვნებები შავმაგიურ ძალთა გავლენით ისე გადაგვარდა, რომ ასტრალურმა სხეულმა უდაბლეს ცხოველთა სახე მიიღო. სწორედ მსგავსი სურათი ამოტივტივდება ხოლმე, როდესაც თურანელები მძვინვარე მაგიურ ხელოვნებას ეძლეოდნენ. ამ შავი ხელოვნების გავლენით ასტრალური სხეული ისე გარდაიქმნა, რომ სიმბოლურად ასე გამოიხატებოდა: კირკემ ოდისევსის თანამგზავრები ღორებად აქცია. – კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპს ეცნობოდა ბერძენი ხელდასმული.

შემდეგ იგი ქვესკნელს ჩადიოდა. ყველგან, სადაც კი ეს გვხვდება ბერძნულ თქმულებებში, მინიშნებულია ხელდასხმის პროცესი. როდესაც ამა თუ იმ გმირზე ნათქვამია, რომ ის ქვესკნელს ჩავიდა, მთხრობელს ამით სურს გამოხატოს, რომ მან ხელდასხმა მიიღო, გაიცნო სიკვდილის მიღმა ამბები. ოდისევსი ხელდასხმული იყო, ოდისევსის თქმულება კი მისი ხელდასხმის აღწერაა.

მოდით მივუახლოვდეთ იმ დროს, როდესაც ატლანტისის წარღვნის შემდეგ ადამიანებმა გაიცნეს იმ არსებათა მოქმედების პირველი შედეგები, რომელთაც მე შევეხე, გაიცნეს გარეგნული კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნებათა ნაყოფი, ყოველივე ის, რაც ინტელექტზე ახდენდა გავლენას ატლანტისის წარღვნის შემდგომ ეპოქაში. წმინდა გარეგნული, ფიზიკური კულტურის პირველი ეტაპი ხელდასხმულს ეძლეოდა წმინდა ამქვეყნიური ხელოვნების, წმინდა ამქვეყნიური კულტურისაგან მომდინარე ცდუნების სახით. ესაა ახალგაზრდა მეხუთე ძირეული რასის სირენათა ხმები. სწორედ ახალგაზრდა მეხუთე ძირეული რასის ამ სირენათა ხმებზე ითქვა ბევრი რამ ოკულტურ ლიტერატურაში. ვინაიდან, ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს უდიდესი სიბრძნე მანუსი, რომელიც მეხუთე ძირეული რასის ადამიანებს მოუწოდებს ღვთაებრივისკენ წარმართონ თავიანთი ინტელექტი. ამან გამოხატულება ჰპოვა ვედებსა და სპარსი ზარატუსტრას მიერ თავისი რელიგიის მიმდევრებისთვის დატოვებულ მოძღვრებაში. მაგრამ ამის გვერდით ჩვენ გვაქვს წმინდა განსჯითი კულტურა, რაც ადამიანს აშორებს იმისაგან, რაც მანუს გავლენით ჩაინერგა მასში. თქვენ ყველა ოკულტუ წიგნში იპოვით იმჟამად მომხდარის აღწერას. მანუმ შეარჩია პატარა ჯგუფი და გობის ანუ შამოს უდაბნოსკენ წაიყვანა. მხოლოდ ერთი მუჭა ხალხი დარჩა მისი ერთგული, სხვებმა კი უღალატეს და ყველა მიმართულებით მიმოიფანტნენ. ხელდასასხმელს წარმოუდგენდნენ ამ მნიშვნელოვან პროცესს. მას უჩვენებდნენ, თუ როგორ შეარჩია მანუმ თავდაპირველად პირველსემიტთა ერთი ნაწილი, როგორ შემორჩა მას ამ რჩეულთაგან მხოლოდ მცირე ჯგუფი და როგორ განადგურდა დანარჩენი ნაწილი, გარეგნული კულტურის სირენათა ხმებს აყოლილი.

შემდგომი მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის განვითარებისა მინიშნებულია სცილასა და ქარიბდას შორის სვლით. საკუთრივ რას ეყრება ამ დროს საფუძველი კაცობრიობის განვითარებაში? როგორც ვნახეთ, მხოლოდ ახლა იწყება საკუთრივ კამა-მანასის კულტურა. ის აქამდე თანდათანობით მზადდებოდა. ახლა ის იწყება. ჩვენი მეხუთე ძირეული რასა უპირატესად ამ კამა-მანასის კულტურას ავითარებს. კამა ასტრალურ სფეროშია და დღემდე ასტრალურ სხეულშიც მოქმედებს. მანასი კი ფიზიკურ ტვინში მოქმედებს. მეხუთე ძირეული რასის ადამიანი ფიზიკური ტვინით აზროვნებს. მხოლოდ განვითარების მომავალ ფაზაში შეიძენს კამაც, ასტრალური სხეულიც აზროვნების უნარს. დღესდღეობით მანასმა მხოლოდ ფიზიკურ სხეულში ჰპოვა ადგილი. ჩვენ უნდა გავიაროთ ორ აბობოქრებულ მორევს – სცილასა და ქარიბდას – შორის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მიგვაქანებს. ამაზე მიგვანიშნებს ოდისევსის მიერ სცილა-მანასსა და ქარიბდა-კამას შორის გავლა. აქ, ერთის მხრივ, გვაქვს ასტრალური მორევი, ლტოლვები, ნდომანი, ვნებანი, სადაც შეიძლება ჩაინთქას ადამიანი, მეორეს მხრივ კი კლდეზე მიჯაჭვული ფიზიკური განსჯა. კლდე ჩვენ პრომეთეს თქმულებაშიც გვხვდება. და აქაც კლდესთან გვაქვს საქმე. ადამიანის განსჯას ფიზიკური სამყაროსთვის, კლდისთვის დამახასიათებელი ყველა ხიფათი ემუქრება. ამიტომ ადამიანი მიცურავს ფიზიკური განსჯის ფლატეებსა და ასტრალური ცხოვრების მორევს შორის. თუ იგი აქ გაივლის, თუ შეიცნობს რა ფათერაკები ემუქრება და მათ გაუძლებს, მაშინ კალიპსოს კუნძულს, დაფარულ სიბრძნეს მიადგება. აქ მას ეხსნება კაცობრიობის მომავალი და ის გადის გამოცდას, რომელიც შვიდი წელი გრძელდება. ამიტომაც რჩება ოდისევსი შვიდი წელი კალიპსოსთან. ყველა, ვისაც ხელდასხმა სურს, გადის შვიდწლიან გამოცდას და ეს გამოცდა კალიპსოს კუნძულზე ყოფნითაა მინიშნებული, სადაც მოჩვენების უკან ფარული სიბრძნე მკვიდრობს. მხოლოდ ამის შემდეგ ძალუძს მას მიაღწიოს ადგილს, სადაც მიდის სამშვინველი, თუკი ის ასტრალური ვნებების მორევს დაუსხლტება. იკითხეთ ჰომეროსის ოდისეა; ის მიანიშნებს, რომ ადამიანი საკუთარ სამშვინველს ეძებს. საკუთარი სამშვინველის დაბრუნება – ესაა სამშობლოსაკენ ლტოლვა. ვისაც ოდისეის ჭეშმარიტად გაგება სურს, ვერ დაეთანხმება თანამედროვე მკვლევარს, რომელსაც ჰგონია, რომ პოლითემე და ციკლოპები სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა ეთნიდან ცეცხლის გადმოფრქვევას და ოდისევსის მიერ ცეცხლის ენების გოლიათის თვალად ხილვას.

ოდისევსი ბოლოსდაბოლოს გლახაკი ბრუნდება შინ, ყოველგვარ გარეგნულ სიმდიდრეს მოკლებული. ამით მინიშნებულია, რომ ადამიანს, რომელმაც შეიცნო გარეგნული სამყაროსა და ამქვეყნიური სიმდიდრის არარაობა, სამშვინველის სამშობლოს მაიას მიღმა ეძებს და არა მასში, რომ ის მისტიკური გაგებით გლახაკი ბრუნდება სამშობლოში. ოდისევსი რომ ჭეშმარიტი ბრძენია, ეს მინიშნებულია იმით, რომ მას ათენე პალასი მიუძღვება შინისკენ. სამშვინველი ყოველგვარ ეზოტერულ ლიტერატურაში ქალის სახით გამოიხატება, სამშვინველის მისწრაფების სიმბოლოდ ყოველთვის ქალის არსებას ირჩევენ. გოეთე მას მარად ქალურს უწოდებს. არგონავტების თქმულებაში მედეა, აქ კი პენელოპე უნდა გავიგოთ როგორც ჩვენი სამშვინველი, რომლისკენ გზასაც კვლავ ეძებს ოდისევსი. ქრისტიანულ რელიგიაშიც ქალწული მარიამი მოსწრაფე ადამიანის სამშვინველია, ოღონდ აქ მისი მნიშვნელობა შეუდარებლად უფრო ღრმაა. პენელოპე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეხუთე ძირეული რასის ადამიანის სამშვინველია. მეხუთე ძირეული რასის ამოცანაა ადამიანური განსჯის კულტივირება. განსჯაზე უნაყოფო თავისთავად არაფერია ამქვეყნად; მხოლოდ მაშინ ხდება ის ნაყოფიერი, როდესაც რაიმე შინაარსისკენ მივმართავთ. განსჯა – ბადეა, საგნებს ხლართში რომ აბამს, საგნებს, რომლებიც გარედან გვეძლევა. თუკი გარეგანმა გამოცდილებამ რაიმე გასწავლათ, შეგიძლიათ განსჯის ხლართებში მისი გაბმა. თუკი უმაღლესი ოკულტური სიბრძნე გასწავლით რასმე, მისი გაბმაც შეგიძლიათ განსჯის ხლართებში. ხშირად ამბობენ, ოკულტური სიბრძნე განსჯას ეწინააღმდეგებაო, განსჯას არაფერი არ ეწინააღმდგება! ყოველთვის, როცა ახალი რამ გამოუჩნდებათ ჰორიზონტზე ამბობენ ეს განსჯას ეწინააღმდეგებაო. არადა განსჯა მხოლოდ კომბინირების, დაკავშირების საშუალებაა. თავისით ის ვერაფერს ვერ მოიპოვებს, განსჯით თქვენ ვერაფერს ვერ დაამტკიცებთ. უნაყოფობა განსჯისა, რომელიც არსებითად მეხუთე ძირეული რასის სამშვინველის თვისებაა, მინიშნებულია პენელოპეს მიერ ქსოვილის გამუდმებული ქსოვით და რღვევით. ოდისევსს სიბრძნე მიუძღვება წინ. ხელდასხმულმა უნდა ჰპოვოს გზა მეხუთე ძირეული რასის სამშვინველისკენ, უნაყოფო განსჯისკენ. მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება სწორად მეხუთე ძირეული რასის სამშვინველს, თუკი თავადაა სიბრძნით აღვსილი, თუკი მას ათენე პალასი, სიბრძნე მიუძღვება წინ. მეორეს მხრივ, ათენე პალასი – უზენაესი ქალღმერთი, სამშვინველის მეორე ძალა, სიბრძნე, საკუთრივ წინამძღოლია. მაგრამ სხვადასხვა ფათერაკების გავლის შემდეგ, რამდენადაც ეს განვითარების ფათერაკებია – ზოგიერთი ფათერაკი კი ლემურიულ ეპოქასაც ახლდა თან – ადამიანმა განსჯა უნდა შეიძინოს. აქ ათენე პალასია მისი მეგზური. ამას წარუდგენდნენ მისტერიათა მოწაფეს საბერძნეთში და ამის გადმოცემა სურდა ჰომეროსს ოდისევსის ღრმააზროვან თქმულებაში.

ოდისევსის თქმულებაში ჩვენ საქმე გვაქვს ხელდასხმასთან, როგორც ეს იმჟამინდელ საბერძნეთში იყო მიღებული, ხელდასხმასთან, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ასტრალურ-მენტალურ პლანზე განცდაში განმეორება ლემურიული ეპოქიდან საკუთრივ მისტერიათა ეპოქამდე მომხდარი ამბებისა. ოდისევსი ცბიერია და ჭკვიანი და მისი უნარის წყალობით იქნა ძლეული ტროა. განსჯის მატარებელი, ჭკვიანი ადამიანი მეხუთე რასის ადამიანია. მაგრამ თავისი სამშობლო, თავისი პენელოპე მან კვლავ უნდა ეძიოს შემოვლითი გზებით, რათა სწორად იაროს მეხუთე ძირეული რასის ეპოქაში. მხოლოდ ცბიერი და ჭკვიანი ვერ ჰპოვებს სწორ გზას მეხუთე ძირეული რასის ეპოქაში. მან უნდა დატოვოს საკუთარი თავი და გაფართოებული მზერა მიაპყროს ადამიანის მოდგმის მიერ გამოვლილ ხანგრძლივ გზას. ოდისევსი კამა-მანასის ეპოქის ცბიერი კაცობრიობის წარმომადგენელია, რომელიც სხვადასხვა ფათერაკებს გადის იმისათვის, რათა მეხუთე ძირეულ ეპოქაში კვლავ ჰპოვოს თავისი სამშვინველი.

ოდისევსი კლავს პენელოპეს სასიძოებს.

About Giorgi

Scroll To Top