თქვენ ასტროლოგიით დაინტერესდით და ამ სფეროს შესწავლა გსურთ? შესაძლოა ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯიც იყოს და ბევრი რამ შეიცვალოს, უფრო მეტიც, შესაძლოა თქვენ შეიცვალოთ და სრულიად სხვა პიროვნება გახდეთ. ასტროლოგიის გათვითცნობიერებით, თქვენ სამყაროს იდუმალ ძალას შეიცნობთ, სამყაროს რიტმს იგრძნობთ. ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ის ილუზიები, რაც საკუთარ თავზე გქონდათ, დაიმსხვრეს (შესაძლოა მტკივნეულად ან უმტკივნეულოდ) და საკუთარ თავს ისეთს შეხედოთ, როგორიც სინამდვილეში ხართ. სამყაროს რიტმის გაგება ნიშნავს ცხოვრების ნამდვილი რიტმის გაცნობიერებას. ადამიანი, რომელიც ასტროლოგიას მიყვება, ერთადერთი სწორი და არჩეული გზით უნდა იაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასტროლოგიის შესწავლა მხოლოდ ქაოსსა და პრობლემებს მოიტანს (პ.ს. შენიშვნა: ერთადერთი და არჩეული გზა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის არსებულ ერთადერთ სწორ გზას გულისხმობს და არა ყველასთვის, რამდენადაც თითოეულს განვითარების განსხვავებული გზებით უწევს სიარული)
„ ვინ შექმნა სამყარო?
ვინ მისცა პლანეტებს მოძრაობის საშუალება?
ვინ შთაბერა სამყაროს სიცოცხლე?
მან, ვინც იცის დასაწყისი და დასასრული,
მან, ვინც თვითონაა ალფაც და ომეგაც –
მუდმივმა, ყველგან არსებულმა კანონზომიერებამ“
ადამიანი ცხოვრების კანონზომიერებებს იგებს, იბადება, კვდება და ისევ ხელახლა იბადება, ჭეშმარიტებას სპირალური მოძრაობით უახლოვდება, მაგრამ ჭეშმარიტება მუდმივად არსებობდა და კანონზომიერება კი შეუქცევადია. ჩვენ ხშირად ვუახლოვდებით საიდუმლოს, სადაცაა ამოვხსნით კიდეც და მოქმედებების დროს არაობიექტურები ვხდებით, ამავე დროს პარალელურად ცნობიერების ახალ ფანჯარას ვხსნით. პირველად უნდა გავიაზროთ, რომ „არაა აუცილებელი ვიფიქროთ, რომ სამყაროს კანონზომიერებას პირველად ვუახლოვდებით, რადგან თავად ვართ ამ კანონზომიერების ნაწილი. ჩვენ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვეცნობით საკუთარ თავს, ვაცნობიერებთ ჩვენს ერთიანობას კოსმოსთან, სამყაროსთან“.
იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, რა ადგილი უკავია ასტროლოგიას ცხოვრებაში (ან რა ადგილი უნდა ეკავოს), ჯერ უნდა ვიცოდეთ თავად ცოდნა რა არის.
ადამიანთა მოდგმის ნებისმიერ მომენტში, მუდმივად არსებობდა ერთიანი ცოდნა, ცოდნა იმ ზოგადი კანონზომიერებებისა, რომლებიც სამყაროებს მოძრაობაში ამყოფებს; ცოდნა იმ ეტაპებისა, რომლებიც გავიარეთ და ყოველთვის არსებობდნენ ისინი, ვისაც ეს ცოდნა რეალობაში გადმოჰქონდა. ახლა კი ადამიანების ცნობიერება ხელს უშლის უამრავი სამყაროს არსებობაზე წარმოდგენას. ჩვენ უდიდეს რადიოტელესკოპებს ვაგებთ, რადიოტალღების მეშვეობით ვყვირით „ჩვენ აქ ვართ, მეგობრებო“ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ სამყაროში არ არსებობს „მკვდარი“ პლანეტა, რომ გარშემო, ყველგან სიცოცხლეა და რომ ყველგან ჩვენი გონებით (და არამხოლოდ გონებით, არამედ სულითაც) მეგობრები არიან, სწორედ ისინი, რომლებსაც ასე ძალიან ვეძებთ , უკვე დიდი ხანია საკუთარ არსებობაზე ყურებში ჩაგვყვირიან, მაგრამ რისი გაგებაც არ გვინდა, არ გვესმის. ევოლუციურად ვვითარდებით, ოღონდ უფრო მეტად მეცნიერებებით, სულიერად კი უფრო უკან ვართ, ჩვენი თავი გვგონია სამყაროში ერთადერთი სულიერი არსებები, არადა ჩვენი მეგობრები ბევრ რამეში გვეხმარებიან. ცდილობენ ბრმებს – თვალები აუხილონ, ყრუებს – გააგებინონ, მძინარეები –გააღვიძონ, უგრძნობებს – აგრძნობინონ სიცოცხლე და მძებნელებს – განძი გაუხსნან.
ჩვენს პლანეტაზე, ყოველთვის იყვნენ უმაღლესი არსებები, რომლებსაც შეგვიძლია ადამიანური მოდგმის მასწავლებლები ვუწოდოთ (მათ უკვე გაიარეს ადამიანური ევოლუციის გზა და ცდილობენ ცნობიერება გაგვიფართოვონ), მათ აქვთ ერთიანი ცოდნა და მისით მოქმედებენ, ცდილობენ იმ კოშმარიდან გამოგვიყვანონ, რომელსაც თავად ვქმნით. თითოეულ მათგანს ყოველთვის ჰყავდა (ჰყავს) ყველაზე წმინდა და სულიერების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც დაფარულ ცოდნას ანდობენ, ეზოთერულ ცოდნას აწვდიან (ასტროლოგია მისი ერთ–ერთი ნაწილია), აწვდიან ცოდნას, რომლითაც სამყარო, როგორც ერთიანი განიხილება. სამყარო ხომ ერთიანია და დედამიწაც არაა მხოლოდ ჩვენთვის, რადგან აქ პარალელური ევოლუციური ხაზებია, რომელთა არსებობაზე ადამიანთა უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს.
ეზოთერული ცოდნა ფარულია, რადგან ყველა არაა მზად მის მისაღებად, ყველა ვერ იტვირთებს ამ ცოდნას. მის მისაღებად ცნობიერების უფრო მეტად გაძლიერება და გაღებაა საჭირო. სწორედ ამიტომაა, რომ მხოლოდ მასწავლებლიდან მოსწავლეზე გადადის. თავად ცოდნა რაღაც საიდუმლო სიტყვებში არაა, ცოდნა სიტყვებს გარეთაა. შეიძლება ეს ცოდნა დაწერო, დაბეჭდო, მაგრამ მას სულს ვერ მიავწდი, სანამ გონება თავად არ იქნება მზად. წიგნით ვერ გადასცემ ზუსტ ვიბრაციას, თუ სული და გონება არაა მზად ამ ვიბრაციის დასაჭერად. მასწავლებლის ფუნქცია არის მოსწავლის განვითარებისა და ცნობიერების სწორ გზაზე დაყენება, ასე ვთქვათ, მისი ცნობიერების გაფართოება. დანარჩენი კი თავად მოსწავლის გასაკეთებელია. თუ ის მზადაა, შეძლებს ერთიანი ცოდნის მიღებას, განძის მიგნებას.
ასტროლოგიის ისტორია იმდენი ხნისაა, რამდენისაც კაცობრიობის ისტორია. ასტროლოგია მუდმივად არსებობდა, რაც არსებობს პლანეტები, ვარსკვლავები, ვარსკვლავური სამყაროები. ატლანტიდის მე–4 რასის პერიოდში ასტროლოგია ყველაზე უკეთ იყო გაცნობიერებული, მათ პერიოდში ცოდნაც მეტი ჰქონდათ და სულიერ დონეზე ბევრად მაღლა იყვნენ, ვიდრე ახლა ჩვენ ვართ. დრო გავიდა, ადამიანების განვითარება უფრო მატერიალური კუთხით წავიდა, სულიერებამ კი იკლო, ადამიანებმა, ვინც ცოდნას ფლობდნენ, ევოლუციის საწინააღმდეგოდ იწყეს მისი გამოყენება, შესაბამისად ასტროლოგიური (და არამხოლოდ) ცოდნა ან იკარგებოდა ან პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ეს იყო ატლანტიდის ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი. მას შემდეგ ეზოთერული ცოდნა საიდუმლო გახდა და მისი მიღება მხოლოდ სულიერად მაღალ საფეხურზე შეიძლებოდა.
ამჟამად ასტროლოგია ისევ წინ წამოიწია, მაგრამ მის სფეროებში ისევ არის ჭუჭყი, ტყუილი, პირადი მიზნებით გამოყენება. მას იყენებენ, როგორც სულიერი განვითარებისთვის, ასევე ასტროლოგიით ევოლუციურ დონეზე დაბლა ეცემიან. მერწყულის ეპოქაში ევოლუციის ახალ პროცესზე გადავდივართ, რომელიც შეიძლება ხანგრძლივი და მტკივნეული აღმოჩნდეს. ამიტომ, საჭიროა, რომ ასტროლოგია სულიერი დონის ასამაღლებლად გამოვიყენოთ და არა პირადი მიზნებისთვის. ახლანდელი ასტროლოგია, რომელიც გავრცელებულია, საერთოდ არაა ეზოთერული, ის ეკზოთერულია. თუმცა მისით შეიძლება ცოდნის მინიმუმ რაღაც ნაწილს ჩაწვდე. თავად ადამიანი, რომელიც ასტროლოგიას სწავლობს, უნდა გაიწმინდოს ბოროტებისგან, უარყოფითისგან, შურისგან და პირი იბრუნოს სინათლისკენ. ასტროლოგიით დაინტერესებულ ადამიანს (და არამხოლოდ) მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ის არამხოლოდ დედამიწის მკვიდრია, არამედ კოსმოსის ნაწილიც (მაცხოვრებელიც). სამწუხაროდ, დღესდღეობით, ასტროლოგიით როგორც ინტერესდებიან და მისი სახელით მოქმედებენ, ესაა უმეტესად გასართობი, ვიდრე კოსმოსის რიტმის შესაგრძნობად არსებული ერთ–ერთი სფერო.
ახლა გადავიდეთ უშუალოდ ასტროლოგის მორალურ კოდექსზე, უფრო სწორად უნივერსალურ და მნიშვნელოვან პრინციპებზე, რომელიც ასტროლოგმა და მისით დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს. ასტროლოგები სულთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობენ და არასწორი ქმედებებით, შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანონ (ასტროლოგის მორალური კოდექსი იხ.შემდგომ სტატიაში)
მომზადებულია Борис Щитов –ის წიგნის მიხედვით
სტატიის ავტორი: თამთა