ასტროლოგიის საკვანძო საკითხები

ასტროლოგიის საკვანძო საკითხები

ასტროლოგიის საკვანძო საკითხები, ანუ ის, რასაც პირველ რიგში უნდა გავეცნოთ:

  •  ასტროლოგია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი და მისი დახასიათება არაა. რეალურ და ზუსტ დახასიათებას იძლევა პირადი რუკა, რომელიც დაბადების რიცხვის, თვის, წლის, საათისა და ადგილის მიხედვით დგება. ასტროლოგიურ რუკაში შეგვიძლია “ამოვიკითხოთ” ცხოვრების ძირითადი 12 სფეროს დახასიათება.
  • თითოეულ ჩვენგანს გააჩნია პირადი რუკა, რომელიც 12 ნაწილად, 12 სახლად (ზოდიაქოს ნიშნებიც ხომ თორმეტია) არის დაყოფილი. მათში პლანეტებია განლაგებული და ყველა პლანეტა რაღაც გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ფსიქოტიპს აღწერს.
  • მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს, ანუ თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია, ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების მომენტში მზე ტყუპების თანავარსკვლავედს გადიოდა.
  • ყოველ პლანეტას გააჩნია თავისი ფუნქცია. მაგალითად: მთვარე -ემოციების გამოხატვაზე მიანიშნებს, მერკური – კომუნიკაციისა და აზროვნების სტილზე, მარსი- ფიზიკურ ენერგიაზე და ა.შ. ანუ, პლანეტა პასუხობს კითხვაზე – რა (რა? მთვარე – ემოციური გამოხატვა….)
  • ყოველი ზოდიაქოს ნიშანი მიუთითებს როგორ ფუნქციონირებს, მუშაობს პლანეტა. მაგალითად ნებისმიერი პლანეტა, რომელიც მოხვდა ვერძში, იძენს ვერძის თვისებებს – ემატება იმპულსურობა, აქტიურობა; ნებისმიერი პლანეტა, რომელიც მოხვდა თევზებში, იღებს თევზების თვისებებს, მაგალითად წარმოსახვის უნარს.
  • პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების გარდა არსებობს 12 სახლი, რომელიც შეესატყვისება ნიშნებს. ყოველი სახლი გვიჩვენებს სად მუშაობს პლანეტა ყველაზე კარგად, სად ავლენს თავს ყველაზე კარგად. მაგალითად პლანეტა, რომელიც მეორე სახლში მოხვდა, გავლენა ექნება თქვენს მიღწევებზე და ფინანსებზე, ხოლო პლანეტა, რომელიც მე-5 სახლშია, გავლენა ექნება რომანტიულობასა და სიყვარულზე, დასვენებასა და გართობაზე. რომ შევაჯამოთ, მივიღებთ – რა (პლანეტა), როგორ (ზოდიაქოს ნიშანი, მახასიათებლები), სად (სახლი, რომელშიც მდებარეობს – სფეროები).
  • ასპექტი არის პლანეტებს შორის დამაკავშირებელი გეომეტრიული აღმნიშვნელი (რამდენგრადუსიანი დაშორებაა პლანეტებს შორის). პლანეტები, რომლებიც ასპექტის მიხედვით არიან დაკავშირებულნი, ერთად მოქმედებენ ,ერთმანეთის ელფერს იძენენ. მათი მოქმედება დადებითი იქნება, თუ უარყოფითი,დამოკიდებულია თავად ასპექტზე (გვაქვს უარყოფითი და დადებითი ასპექტები).

რა განსხვავებაა  ზოდიაქოს ნიშანსა და სახლს შორის?

ჩვენს გარშემო სამყარო (ცა, გალაქტიკა) დაყოფილია 12 თანაბარ ნაწილად, რომლებსაც უძველესი დროიდან ეწოდებათ ასტროლოგიური ნიშნები.

ადგილს, რომელიც დაბადების მომენტში აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდება, ეწოდება ასცენდენტი (Asc), ანუ ამომავალი ნიშანი. ასტროლოგიაში ასცენდენტი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მზის ნიშანი, თუმცა ზოგიერთ ასტროლოგიურ წიგნში მას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ასცენდენტი გავლენას ახდენს იმ გზაზე, მეთოდებზე როგორც რეაგირებ, ასევე სამყაროს ხედვაზე, რას ითხოვს სამყარო შენგან.

რუკაში ყველაზე მაღალ წერტილს ეწოდება მედიუმ კოელი (MC), იგივე ზენიტი, იგივე მე-10 სახლის დასაწყისი, ის მიუთითებს ჩვენი ცხოვრების ყველა მიმართულებაზე, სოციალურ როლზე, მიღწევებზე, მიზნებზე, კარიერაზე…

თუ ასცენდენტის საპირისპიროდ გაავლებთ ხაზს, მიიღებთ თქვენი რუკის დესცენდენტს (Dsc), ანუ ასცენდენტის საპირისპირო ნიშანს, ეს წერტილი მიუთითებს თუ რა ტიპის ადამიანებით შეიძლება მოიხიბლო ან სიმპათიით განეწყო, ასევე პარტნიორულ და საქმიან ურთიერთობებზე, შეთანხმებებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ვერსიით, დესცენდენტის ნიშანი მომავალი პარტნიორის თვისებებზე მიანიშნებს.

თუ MC-დან გაავლებთ საპირისპირო ხაზს,მიიღებთ წერტილს,რომელსაც ნადირი (IC) ეწოდება. ეს წერტილი ატარებს ინფორმაციას თქვენს ადრეულ ცხოვრებაზე, ბავშვობაზე, ოჯახზე; ქვეცნობიერ სისტემაზე. ესაა ჩვენი საყრდენი.

თუ რუკას დააკვირდებით, ნახავთ რომ ის დაყოფილია არათანაბარ ნაწილებად, მაგრამ 12 ნაწილად, არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ასცენდენტი და ზენიტი შესაძლოა ზუსტად 90 გრადუსით არ იყვნენ დაშორებულები.

სახლებსა და ნიშნებს შორის იგივე განსხვავებაა, რაც მაგალითად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ან მარჯვენასა და მარცხენას შორის. ამომავალი ნიშანი, იგივე ასცენდენტი ყოველთვის ის ნიშანია, რომელიც დაბადების დროს უერთდება აღმოსავლეთ ჰორიზონტს, ის თითქმის ყოველ ორ საათში ერთხელ იცვლება. აი, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პირადი რუკის შედგენის დროს იცოდეთ დაბადების ზუსტი საათი, მან შესაძლოა მთლიანად შეცვალოს თქვენი რუკა.

სახლებს არ აქვთ რამე სპეციფიკური სახელი, უბრალოდ დაყოფილი და დანომრილია 1-დან 12-მდე ციფრით. ასცენდენტი ითვლება ყოველთვის პირველ სახლად.

კიდევ რომ გავიმეოროთ, ნიშანი გავლენას ახდენს როგორ მოქმედებს პლანეტა, რა დატვირთვა აქვს, ხოლო სახლი მიანიშნებს სად, რა სფეროზე მოქმედებს პლანეტა.

ნებისმიერი სახლის დასაწყისად ითვლება ის გრადუსი, რომლიდანაც სახლი იწყება (იგივე „კუსპიდი“– დასაწყისი გრადუსის აღმნიშვნელი)

სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მართავს ზოდიაქოს ნიშანს, რომელშიც სახლის კუსპიდი მდებარეობს. იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი პირველი სახლის კუსპიდი ნიშნის 29–ე გრადუსზე მდებარეობს, პირველი სახლის მმართველად ჩაითვლება იმ ნიშნის მმართველი (მაგ: კირჩხიბის 29–ე გრადუსი – მმართველი მთვარე).

სუსტი სახლი – რუკაში ერთ–ერთი პრობლემური ადგილი, სადაც პლანეტარული ენერგია არ ტრიალებს და სახლის სფეროები სუსტად ვლინდება. ადამიანს აღნიშნული სახლის სფეროების მიმართ ნაკლები ინტერესი და მოტივაცია აქვს. როგორც წესი, ასეთ სახლებში განვითარება რთულად ან ნელა მიდის.

საშუალო სიძლიერის სახლი – შემოაქვს ბალანსი დაზიანებასა და ჰარმონიას შორის, ენერგია საკმარისია სახლის მუშაობისთვის.

ძლიერი სახლი – დაკავშირებულია ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები, ძლიერი სახლი ამ სახლის სფეროებში დატვირთულ მოვლენებზე მიანიშნებს. ადამიანის ინტერესი მისი სფეროებისადმი იქნება მიმართული, ენერგია ამ სახლის მუშაობაზე დაიხარჯება. 

 

განმარტებები – რას ნიშნავს ძლიერი, სუსტი, დაზიანებული და ჰარმონიული სახლი

ძლიერი სახლი – სახლი, რომელშიც პლანეტებია სხვადასხვა ასპექტებით. ცარიელი სახლის შემთხვევაში – ძლიერი მმართველი პლანეტა (ასპექტებითა და მდებარეობით).

სუსტი სახლი – სახლი, რომელშიც პლანეტა არაა ან სახლი, რომლის მმართველიც სუსტია

დაზიანებული სახლი – სახლი, რომელშიც მხოლოდ „ბოროტი“  და/ან დაზიანებული პლანეტებია, ან სახლი, რომლის მმართველიც „ბოროტი“ პლანეტაა. ასევე, სახლის მმართველი პლანეტა დაცემული ან განდევნილია, დაზიანებულია უარყოფითი (კვადრატურა, ოპოზიცია, ზოგჯერ შეერთება) ასპექტებით.

ჰარმონიული სახლი – სახლი, რომელშიც „კეთილი“ პლანეტებია დადებითი ასპექტებით, ან სახლი, რომელიც ცარიელია, მაგრამ მისი მმართველი პლანეტა ჰარმონიულია (დადებითი ასპექტები აქვს).

პ.ს. ასტროლოგიაში „კეთილ“ პლანეტებად ითვლება: იუპიტერი, ვენერა, მზე. „ბოროტ“ პლანეტებად კი სატურნი, მარსი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. მერკური და მთვარე ნეიტრალურებია (თუ „კეთილ“ პლანეტასთან აქვთ ასპექტი – დადებით ელფერს იძენენ, თუ „ბოროტთან“ – უარყოფითს). თუმცა ერთმნიშვნელოვნად „კეთილი“ და „ბოროტი“ პლანეტების კლასიფიკაცია სანდო არაა, რადგან „ბოროტ“ პლანეტებს ზოგჯერ ის კრიზისული სიტუაციები, სირთულეებთან გამკლავების სურვილი, ენერგია მოაქვთ, რაც განვითარებისთვის საჭიროა, ხოლო „კეთილ“ პლანეტებს დადებითის მოტანასთან, შედეგების ადვილად მიღწევასთან ერთად  სისუსტის მოტანაც შეუძლიათ. 

ნებისმიერ სახლზე გავლენას ახდენს:

  • ფაქტიური მმართველი ნიშანი – ზოდიაქოს ნიშანი, რომლითაც იწყება სახლი. მასთან ერთად გავლენას ახდენს პლანეტები, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანში ან სახლში იმყოფება.
  • სიმბოლური მმართველი ნიშანი – ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიმბოლურად მართავს სახლს
  • პლანეტა, რომელიც მართავს სახლს (ალმუტენი) –  ფაქტიური მმართველი ნიშნის მმართველი პლანეტა მდებარეობითა და ასპექტებით (მაგ: მე–3 სახლი იწყება ვერძის ნიშნით, სახლის მმართველი პლანეტა არის მარსი. უნდა ნახოთ მარსის მდებარეობა და ასპექტები)
  • სიმბოლური მმართველი პლანეტა (სიგნიფიკატორი)–  სიმბოლური მმართველი ნიშნის მმართველი პლანეტა (მაგ: მე–3 სახლს სიმბოლურად მართავს ტყუპები, სიმბოლური მმართველი პლანეტა არის მერკური)

შემდეგ გაკვეთილში უფრო ზუსტად აღვწერთ პლანეტათა და სახლების დანიშნულებას. სტატიის ბოლო ნაწილი უფრო გართულდა? იმედია დანარჩენი სტატიები მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.

პ.ს. ძირითად მასალად გამოყენებულია პოდვოდნი, bobmarksastrologer.com.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top