ასტროლოგის ეთიკა

ასტროლოგის ეთიკა

ამ სტატიაში განვიხილავთ ასტროლოგის მორალურ კოდექსს, უფრო სწორად უნივერსალურ და მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლითაც ასტროლოგმა და მისით დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს.

1. თავდაუსხმელობის  წესი

ასტროლოგი უნდა ორიენტირდეს სულიერ სწავლებაზე. მისი სამუშაო კოსმიურ ენერგიებთანაა დაკავშირებელი, ამიტომ მუდმივად უნდა ეცადოს სიწმინდე (როგორც საკუთარი, ასევე  წმინდა ეგრეგორის, როგორიცაა ეკლესია, რელიგია, სულიერი სკოლები) დაიცვას.

2. დაწყებადასრულების წესი (ორიგინალი: შესვლაგამოსვლის წესი)

დაინტერესებულ ადამიანთან შეხვედრის დროს, პირადი რუკის შედგენის დროს და ასევე  სამუშაოს დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია გარკვეული რიტუალის დაცვა. ეს შეიძლება იყოს გონებაში არსებული რაღაც ფორმულა, სიმბოლო, სიტყვა, აზრი. უნდა იყოს ისეთი, როგორსაც თავად გადაწყვეტს. მაგალითად: დაწყების (შესვლის) დროს – „მზად ვარ“, დასრულების (გამოსვლის დროს)  შემდეგ – „დავასრულე“,  ან შეიძლება ლოცვა იყოს, მედიტაცია.

ყურადღება მივაქციოთ, რომ მნიშვნელოვანია არა თვითონ რიტუალი, არამედ შინაგანი მდგომარეობა. დაწყების რიტუალში იგულისხმება ჰარმონიული ურთიერთკავშირის დამყარება, პირადი, ასტროლოგიური ეგრეგორის (ან ასტროლოგიური სკოლის, რელიგიის) ჩართვა, რაც გულისხმობს დაინტერესებული ადამიანის ასტრალურ კოდთან დაკავშირებას. ამ დროს  ის ენერგია გამოიყენება, რომელიც ასტროლოგიური მუშაობისთვისაა აუცილებელი. დაწყების რიტუალით თავიდან აირიდებ შემთხვევითობებსა და ავარიულ სიტუაციებს. ხოლო დასრულების რიტუალი გულისხმობს ჰარმონიულ გამორთვას, გათიშვას იმ ენერგიებისა, რომელიც მუშაობის დროს გამოიყენებოდა და დაინტერესებულ ადამიანთან იყო დაკავშირებული. გამოსვლის რიტუალი აუცილებელიც კი არის, რადგან უსაფრთხოების ელემენტარული ტექნიკაა. 

3. მზადყოფნის წესი

ასტროლოგიაში საქმეს ხელი არასდროს უნდა მოკიდოთ ცუდ განწყობაზე მყოფმა, ფიზიკურად ან ფსიქიკურად დასუსტებულმა.

სხვა ადამიანის რუკაზე არ უნდა იმუშაოთ ემოციურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში. სხვა ადამიანის რუკაზე მუშაობის დროს დადებითი, გაწონასწორებული ემოციური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. როგორც ექიმი იბანს ხელს პაციენტის გასინჯვის წინ და შემდეგ, იგივენაირად – სუფთა სულით და გონებით უნდა იურთიერთონ ასტროლოგმა და დაინტერესებულმა.

თუ ასტროლოგი გაუწონასწორებელია ან ფიზიკურ–ემოციურად სუსტადაა, მისთვის რეკომენდებულია 1–3 დღით მედიტაცია, გაწმენდა, ძალების აღდგენა. სხვა შემთხვევაში, შეიძლება მეორე ადამიანი დააზიანოს.

4. პროფესიული საიდუმლოს შენახვისა და ნდობის  წესი

ასტროლოგს სხვისი პირადი მონაცემების სხვა ასტროლოგთან ან ადამიანთან განხილვის, გაცემის უფლება არ აქვს.

5. ჭეშმარიტი ბედის გაყოლის წესი

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის ორიენტირება იმ მიმართულებით, რომლითაც ადამიანი გაექცევა ცხოვრებისეულ სირთულეებს. შესაძლოა ეს სირთულეები ევოლუციური გზის გასავლელადაა შექმნილი.

ადამიანს არ უნდა მივცეთ ორიენტაცია უფრო მეტი მატერიალური ტიპის წარმატების მიღებისკენ (კარიერა, ძალაუფლება), რადგან ეს შეიძლება ინდივიდუალური განვითარებისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდეს.

საკმაოდ ბევრი ასტროლოგი მათთან მისულ ადამიანებს უშუალოდ სირთულეების არიდების მიმართულებებს აძლევს. ინდივიდუალური შესაძლებლობების შესწავლის გარეშე ასეთი გადაწყვეტილების გამო, შეიძლება ინდივიდის მომავალი მდგომარეობა მთლიანად შეცვალონ.

ასტროლოგმა, პირველ რიგში, მასთან მისულ ადამიანს უნდა მისცეს ცხოვრების სულიერი ორიენტაცია, აუხსნას მისი ევოლუციური გზა რა მხრივ შეიძლება წარიმართოს.

ასტროლოგმა კომპლექსებზე, უარყოფით მახასიათებლებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება უთხრას – თუ  უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებს იმ ქმედებებზე, რომელთა მიხედვით  დაიძლევა კომპლექსები და უარყოფითი მახასიათებლები და რეალიზდება ცხოვრებისეული ამოცანები.

ასტროლოგმა აუცილებლად უნდა მისცეს ადამიანს ნათელი ორიენტაცია, რაც მას (ადამიანს) უფრო მიაახლოვებს ნათელ გამოვლინებას და ძალას.

6. თანაბრობის წესი

ასტროლოგმა არ უნდა ეცადოს დადებითი შთაბეჭდილების დატოვების მიზნით ინდივიდის სურვილებს დაუმთხვიოს პროგნოზირება ან დახასიათება.

ასტროლოგმა კარგად უნდა შეარჩიოს სიტყვები, რითიც კლიენტთან ისაუბრებს. ეცადოს მარტივად აუხსნას ასტროლოგიური ტერმინების გარეშე და არ თქვას იმაზე მეტი, რაც ევოლუციური განვითარებისთვის ამჟამადაა საჭირო.

ასტროლოგმა კლიენტს არ უნდა უთხრას ისეთი რამ, რაც უფრო მეტ ზიანს მოუტანს მას, ვიდრე დადებითს.

ასტროლოგმა არ უნდა უთხრას მხოლოდ უარყოფითი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უარყოფით სიტუაციას განიხილავს. ყოველთვის უნდა განიხილოს დადებითი მხარეც.  უნდა გვახსოვდეს, რომ უკეთესია ვთქვათ ცოტა კარგი, ვიდრე მთლიანად ცუდი.

7. გადახდის წესი

ასტროლოგის სამუშაოს ხარისხი არ უნდა იყოს დამოკიდებული ანაზღაურების ფასზე. ის უფრო მეტად თითოეული ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობით უნდა განისაზღვრებოდეს.

ასტროლოგიური მომსახურების საფასურს ინდივიდუალურად, თითოეული ასტროლოგი ადგენს.

ასტროლოგის მომსახურება მთლიანად უნდა იყოს დამოკიდებული შინაგან მორალურ ეთიკაზე.

ანაზღაურება შეიძლება იყოს არამხოლოდ ფულადი, არამედ მოიცავდეს თუნდაც უბრალო საჩუქარს, საპირისპირო დახმარებას.

–რატომ არ შეიძლება ასტროლოგის მომსახურება უფასო იყოს?  სხვებისთვის სამსახურის უფასოდ გაწევით, ისინი ასტროლოგის მოვალეები ხდებიან, რითაც შეიძლება დამძიმდეს როგორც ასტროლოგის, ასევე მათი კარმაც. ასევე ასტროლოგს მუდამ მოუწევს მათ პრობლემებზე მუშაობა, გადახდით კი აღნიშნული არხები იკეტება.

გადახდა შეიძლება სიმბოლური (ნივთი, სუვენირი, მცირე თანხა და ა.შ.) იყოს, მაგრამ აუცილებელია იყოს. ასევე, გადახდა   კლიენტის  პრობლემების გამკლავების მხრივ მზადყოფნას ნიშნავს (ასტროლოგთან აღარ მოუწევს პრობლემებზე უკან, მუდმივად დაბრუნება).

რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის რუკის შედგენა უფასოდ შეიძლება, რადგან თქვენს შორის მუდმივად ხდება ენერგიის მიმოცვლა და კომპენსირება ავტომატურად ხდება. თუმცა ახლობლებს, პირადი ნაცნობობის გამო, ასტროლოგის მუშაობის ობიექტურად მიღება გაუჭირდებათ.

ხშირ შემთხვევაში, ასტროლოთან პირადი პრობლემის გამო ხვდებიან და მიაჩნიათ რომ ასტროლოგი ის ადამიანია, ვინც მათ პრობლემას მოაგვარებს. ეს თავისთავად არასწორია. თქვენს პირად პრობლემას ვერავინ მოგიგვარებთ, ვერც ექიმი, ვერც ფსიქოლოგი, ვერც ასტროლოგი, მისი მოგვარება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

ასტროლოგს მხოლოდ შეუძლია გითხრათ, მიგანიშნოთ  თქვენს პრობლემებზე და გაჩვენოთ მასთან გამკლავების გზები, პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმაროს, დანარჩენი კი (ნაბიჯის გადადგმა, პრობლემის გამკლავება) თქვენი გასაკეთებელია (ჩემი შენიშვნა: როგორც ერთი ჩემი ახლობელი იტყოდა ხოლმე „თევზის ჭერა გასწავლონ“).

ავტორის რჩევა: თუ ასტროლოგი გადაწყვეტს უფასო მომსახურებას, მაშინ მან ეს უნდა გააკეთოს სუფთა გონებითა და გულით, საკუთარ თავთან მართალი უნდა იყოს. თუ სულიერად ბოლომდე გაწმენდილი არ ხართ, აჯობებს მცირე სიმბოლური საჩუქარი აიღოთ, ვიდრე მდგომარეობა დაიმძიმოთ და სხვასაც დაუმძიმოთ.

8. პროგნოზირების წესი

 ასტროლოგმა პროგნოზირების დროს ზუსტი თარიღები, მოქმედებები, მოვლენები (წარმატება, კარიერა, ავადმყოფობა, სიკვდილის თარიღი) სასურველია არ მიუთითოს.  სიკვდილის თარიღის ზუსტი მითითება კი არ შეიძლება.  ნებისმიერი ზუსტი პროგნოზირება ადამიანს აპროგრამებს აღნიშნული ქმედებებისკენ, ქვეცნობიერად სწორედ ასტროლოგის მიერ ჩადებული პროგრამით ივლის და მას შეასრულებს. ამით ასტროლოგი მოვლენების კანონზომიერებაში ერევა.  თუნდაც პროგნოზი არ მიიღონ და ირონიულად შეხედონ, ქვეცნობიერ დონეზე მის საპირისპირო ქცევას განახორციელებენ და ამით ისევ კანონზიმიერება იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში პროგნოზირება ადამიანს უკარგავს თავისუფალი არჩევანის საშუალებას და ჩარჩოში აქცევს.

ამიტომ, პროგნოზირების დროს, სასურველია, ასტროლოგმა პროგნოზების ნაცვლად ძირითად ორიენტაციებზე გაამახვილოს ყურადღება და არა ზუსტ თარიღებსა და მოვლენებზე, რათა დაინტერესებულ ადამიანს მუდამ ჰქონდეს არჩევანის საშუალება.  ნებისმიერ სიტუაციაში რამდენიმე არჩევანი არსებობს, აქედან მხოლოდ ერთია უფრო უკეთესი და  განვითარების მაღალ საფეხურზე გადამყვანი. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს რამდენიმე ვარიანტის დანახვის საშუალება, რათა საკუთარი თავის რეალიზება მოახერხოს.

პ.ს. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ამყვანი გზა უმეტესად პრობლემით ხასიათდება, ადამიანს რაღაც პრობლემის გადაწყვეტა უწევს, ხოლო იგივე ან დაბალ საფეხურზე გადამყვანი გზით ადამიანი ირჩევს ადვილ და მარტივ გზას, რითაც პრობლემას გაექცევა. როგორც წესი, ეს გზა უფრო მიმზიდველად გამოიყურება. არსებობს კიდევ ერთი გზა – უარის თქმა ცნობიერების გაფართოებაზე, თავისუფალ არჩევანზე. ადამიანი არაფერს ირჩევს, მიდის იმ გზით, საითად გზა წაიყვანს და ამით უმეტესად, ისევ დაბალ საფეხურზე ეშვება.

9. განგებასა და თავისუფალ არჩევანზე წესი

ასტროლოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანი არაა ბედის ბრმა იარაღი, უმეტესად ბედი ადამიანის ქმედებებით, აზრებით, სურვილებით იქმნება. ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ მომავალს, რადგან რამდენიმე ალტერნატიული არჩევანი გვეძლევა. ჩვენი მომავლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელი მათგანი გახდება რეალობა, ორ რამეზეა დამოკიდებული: განგება და თავისუფალი არჩევანი.

10. ჩაურევლობის წესი

პირადი რუკის შედგენის დროს აუცილებელია პირადი შეფასებებისგან თავის შეკავება.

ასტროლოგი ზედმეტად ემოციურად არ უნდა მიუდგეს კლიენტის პრობლემას. დახმარების, სწორ გზაზე დაყენების ნებისმიერმა ინსტინქტურმა სურვილმა შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს, როგორც ასტროლოგისთვის, ასევე მასთან მისული ადამიანისთვის.

ასტროლოგმა არ უნდა განსაჯოს მასთან მისული ადამიანი.

ასტროლოგმა კლიენტი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც ის არის.

ასტროლოგმა მასთან მისულ ადამიანებს საკუთარი ხედვა და  ღირებულებები არ უნდა მოახვიოს. მას შეუძლია მხოლოდ ურჩიოს.

ასტროლოგმა მასთან მისულ ადამიანს უნდა მოუსმინოს სუფთა ცნობიერებით და პრობლემურ სიტუაციაზე მაღლა უნდა დადგეს.

ასტროლოგის მხრიდან ნებისმიერი ემოციური გამოვლინება შეიძლება უკუშედეგის მომტანი აღმოჩნდეს. პრობლემა შეიძლება შევადაროთ ლაბირინთს, რომელსაც ასტროლოგი ზემოდან უყურებს და შიგნით არ შედის. მხოლოდ ასე თუ შეძლებს ობიექტურად შეფასებას.

და ბოლოს, საკუთარ შეცდომაზე და პრობლემაზე ყველა ადამიანი თავად აგებს პასუხს. კოსმოსის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს „ყოველ ადამიანს საკუთარ შეცდომაზე აქვს უფლება“.

11. თანაბარი  მნიშვნელობის წესი

ასტროლოგს უნდა ახსოვდეს, რომ არამხოლოდ ის სჭირდება კლიენტს, მასთან მისულ ადამიანს, არამედ ასტროლოგსაც სჭირდება ის.  ორივე მხარისთვის ურთიერთობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

12. უფლებამოსილების არასაზიანოდ გამოყენების წესი

თუ რუკის ნახვის დროს ვერ გავერკვიეთ, აჯობებს ან გავჩუმდეთ ან ვაღიაროთ ჩვენი არაკომპეტენტურობა, ვიდრე ადამიანს არასწორი ორინეტაცია, მიმართულება ან რჩევა მივცეთ. ასტროლოგმა არ უნდა დასვას სამედიცინო დიაგნოზი, თუ არ აქვს სამედიცინო განათლება.

13. აუცილებელი დასრულების წესი

უსაქმურობას და პატივმოყვარეობას ადამიანამდე  საიდუმლო ცოდნა არ მიაქვს. ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ უსმენენ ადამიანს, როდესაც მათ, როგორც მოკავშირე უახლოვდება.  ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს მომავალს და გვეძლევა ყველაზე დიდი საჩუქარი – თავისუფალი შემოქმედება.  როდესაც სულში სიბნელის ადგილი აღარაა და მთლიანად შევსებულია ნათლით, ჩვენ ვხდებით „ვარსკვლავები“ და სილამაზეს ვქმნით (უფრო მარტივად რომ ვთქვათ: შემდეგ გვეძლევა განვითარების მაღალ საფეხურზე გადასვლა).

მომზადებულია Борис Щитов –ის წიგნის მიხედვით

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top