Asc.–ამომავალი
ასცენდენტი (ASC) არის ერთ-ერთი „მიზეზი“ იმისა, თუ რატომ განსხვავდებიან ერთიდაიგივე ნიშნის წარმომადგენლები, რატომ არის ერთი აქტიური, იმპულსური, მეორე წყნარი და მორიდებული. ასცენდენტის ნიშნის დადგენა პირადი რუკის შედგენითაა შესაძლებელი.
ასცენდენტს მეორენაირად ამომავალ ნიშანს უწოდებენ. ასცენდენტი არის ამომავალი გრადუსი, ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დაბადების დროს აღმოსავლეთ მხარეს, ჰორიზონტზე იმყოფებოდა, ანუ ესაა ეკლიპტიკის ის წერტილი, რომელიც აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდებოდა.
ასევე ასცენდენტი ითვლება პირველი სახლის კუსპიდად. ასცენდენტი რუკის „წაკითხვის“ დროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მის გასაგებად საჭიროა დაბადების ზუსტი საათის ცნობა (4 წუთიანი „აცდენა“ იძლევა 1 გრადუსიან ცდომილებას).
ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც ასცენდენტია, იწოდება როგორც „ამომავალი ნიშანი“, პლანეტას, რომელიც ამ ნიშანს მართავს ეწოდება „ჰოროსკოპის მმართველი“. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ასცენდენტის ნიშნის გავლენა უფრო მეტად იქნება, თუ ასცენდენტი მდებარეობს ამ ნიშნის დასაწყის გრადუსებზე (პირველ დეკადაში) და სუსტი იქნება – თუ ბოლო გრადუსებზე მდებარეობს, რადგან მეორე ნიშნის გავლენა უფრო მეტად ექნება.
როგორ დგება ასცენდენტის ნიშანი? დედამიწა ბრუნავს და მის გარშემო ეკლიპტიკად წოდებული, ზოდიაქოს ნიშნების სისტემაა განლაგებული (თანავარსკვლავედები). შესაბამისად, დედამიწის ერთი წერტილი (მაგალითად: ქ. თბილისი) დაახლოებით 2 საათში ერთხელ ერთ თანავარსკვლავედს გაივლის. დაუკვირდით ამ სურათს. მუქი ფერის დედამიწაა. დაბადების მომენტში, აღმოსავლეთ მხარეს, ჰორიზონტზე კი ამ დროს თხის რქის თანავარსკვლავედი აღმოჩნდა. ითვლება, რომ სწორედ ისაა ასცენდენტის ნიშანი, რადგან “ამომავალი ზოდიაქო”, რომელიც აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან “ამოდის”, თხის რქაა. პირადი რუკის ათვლაც ამ სისტემით მოხდება.
ასცენდენტი „პასუხისმგებელია“ შემდეგ საკითხებზე:
- ასცენდენტი განაგებს გარეგნულ სახეს, ფორმებს, ფიზიკურ მახასიათებლებს, მანერებს,სიცოცხლისუნარიანობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას,პიროვნულ თვისებებს, რომლებიც გარე თვალისთვის შესამჩნევია
- როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები (პირველი შთაბეჭდილებები, რომელსაც მათზე ვახდენთ). ხშირად სწორედ ასცენდენტის ნიშნის თვისებებით გვახასიათებენ ხოლმე.
- როგორ აღვიქვამთ გარემოსა და სამყაროს (ჩვენი „სათვალე“)
- გარემოზე ავტომატური და ბუნებრივი პასუხები, რეაქციები
- ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ქცევები
- ასცენდენტი თითქმის ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც მზისა და მთვარის ნიშნები
- თუ რომელიმე პლანეტა შეერთებაშია ასცენდენტთან – გავლენას ახდენს მის გამოვლინებაზე
- ასცენდენტის ნიშნის მმართველი პლანეტა ითვლება რუკის მმართველად
- პირად რუკაში მნიშვნელოვანია ასცენდენტის ნიშნის მმართველი პლანეტის მდებარეობა და ასპექტები. ასცენდენტი იგივე პირველი სახლია პირად რუკაში
- ცეცხლის სტიქიის (ვერძი,ლომი,მშვილდოსანი) ასცენდენტის მქონე ხალხი უფრო ენერგიულები,ოპტიმისტები,მეგობრულები და ენთუზიასტები არიან, მიწის სტიქიის (კურო,ქალწული,თხის რქა) – პრაქტიკულები,მორცხვები,სერიოზულები და დაცვაზე ორიენტირებულები, ჰაერის სტიქიის – სოციალურები, მეგობრულები, დამოუკიდებლობისკენ მიდრეკილნი, წყლის სტიქიის – ემოციურები, მგრძნობიარეები, ინტუიციურები,საკუთარი ემოციების დამალვა უყვართ
ასცენდენტი – პირველი სახლი
„ინდივიდუალურობა“
ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმა, „მე“–ს მახასიათებლები, თვითგამოხატვის საშუალებები, მანერები, ბუნებრივი, ყოველდღიური ქცევები.
თანდაყოლილი ტალანტი, შესაძლებლობები, ვიტალური ენერგია, ღირებულებები, თვითგანვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. ახალი შესაძლებლობებისა და ციკლის დასაწყისი.
პირველი მესამედი – პიროვნება, ინდივიდუალურობა, მე, ფიზიკური მდგომარეობა, აგებულება, სასიცოცხლო ენერგია, ცხოვრების დასაწყისი, აგებულება, ტემპერამენტი, ცხოვრების პირველი მესამედი
მეორე მესამედი – დაკავშირებულია სხვა სახეებთან, პროფესიულ საქმეებთან, სიყვარულთან, ქმართან და მის ხასიათთან, ბებიასთან, პარტნიორების ცოლებთან, მეგობრებთან, ძმებთან, დებთან. შესაძლებლობები, ტალანტი, ინსტინქტები, პერსპექტივები, ცხოვრების მეორე მესამედი
მესამე მესამედი დაკავშირებულია მიზნებთან და მათ გამოყენებასთან, ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან, მტრების ცოლებთან, ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა, გადანახული ენერგია და ძალა, ინტელექტი და სულიერი შესაძლებლობები, ცხოვრების ბოლო მესამედი.
ბევრი პლანეტა პირველ სახლში მიანიშნებს ბევრ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ინტერესებზე.
პირველ სახლა უკავშირდება:
თვითგამოხატვა – სპონტანური, ადამიანის „მე“-ს პროექცია გარემოზე. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია „შინაგანი მე“, ბაზისური არსება, რომელიც შინაგან სამყაროს მართავს. როგორც წესი, „შინაგანი მე“ არ ჩანს და გარეგნული სახით, „პიროვნებით“ იფარგლება. პირველი სახლით ვმსჯელობთ, თუ როგორი შეიძლება იყოს „პიროვნება“, ის, ვინც გარედან ჩანს.
თვითცნობიერება – „მე“ს სპონტანური გაგება, „მე ვარ“. საკუთარი თავის გაცნობა და დემონსტრირება.
ზღვარი – „ხიდი“ შინაგან და გარეგან რეალობას შორის; ლინზა, რომლითაც გარემოს ვაკვირდებით. პირველი სახლი პასუხს გვცემს კითხვაზე „როგორ ვაერთიანებთ შინაგან და გარეგან იმპულსებს, სამყაროებს, სუბიექტურ აღქმასა და რეალობას“.; „არის თუ არა განსხვავება/კონფლიქტი შინაგან და გარეგან რეალობას შორის“ (ასპექტების დახმარებით)
სიცოცხლისუნარიანობა – ადამიანის ენერგია (მთლიანობაში – ფიზიკური, ეთერული…სულიერი), ენერგეტიკული პოტენციალი, იმუნიტეტი, ადაპტაცია.
პირველი სახლი (იგივე ასცენდენტი) ინფორმაციას გვაწვდის ფიზიკურ და პიროვნულ მახასიათებლებზე, პიროვნულ თვისებებზე, სხვებისთვის ღია პიროვნებას (რას წარმოვაჩენთ სხვებთან ურთიერთობის დროს). ესაა პიროვნების, ეგოს, ინდივიდის სახლი. თუ მასში რამდენიმე პლანეტა მოხვდა, მიანიშნებს პიროვნების ეგოცენტრიზმზე, ანუ ადამიანზე, რომელიც წინა პლანზე საკუთარ თავსა და მოთხოვნილებებს აყენებს. პლანეტები პირველ სახლში და ასცენდენტის ნიშანი მიანიშნებს, თუ როგორ ვქმნით ჩვენს ინდივიდუალურობას (მასში მოიაზრება ის, ვინც: აკვირდება, გრძნობს, ფიქრობს, მოქმედებს) და გვეხმარებიან „მე“ს იდენტიფიცირებაში. პირველი სახლის „დახმარებით“ ჩვენს შინაგან სამყაროს გარემოსა და გარშემომყოფებისგან ვიცავთ, სამყაროსთან ურთიერთობას ვამყარებთ.
პირველი სახლი ახასიათებს ადამიანის პიროვნებას ვიწრო მნიშვნელობით ზედა ქვეცნობიერი პროგრამების მიხედვით. პროგრამებს ორი ფილტრი გააჩნიათ – ისინი არიან თვითგამოხატვისა და აღქმის საშუალებები. პირველი სახლი ბავშვობის მახასიათებლებს გვაძლევს, როგორი იყო ინდივიდი ბავშვობაში, როგორ იქცეოდა, სამყაროს როგორ აღიქვამდა და ა.შ., ანუ ყველაფერს, სანამ პიროვნების პირველი ნიშნები არ გაჩნდება (მე-იდენთიფიკაცია). ის ირთვება, როდესაც ინდივიდი საუბრობს საკუთარ მიღწევებზე, აზრებზე და საერთოდ, როდესაც საკუთარი ტავის დემონსტრირებას ახდენს. პირველი სახლი აღქმის ფილტრს წარმოადგენს, რომელიც იმ ინფორმაციისა და ენერგიის დამახინჯებას მოიცავს, რასაც ინდივიდი შინაგანი სამყაროდან, სიღრმეებიდან იღებს. პირველი სახლის ნიშანი (ასცენდენტი) ინფორმაციას იძლევა დამახინჯების სტილზე, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე მოსახერხებელია. მაგალითად, ასცენდენტი ტყუპების შემთხვევაში დამახინჯება სწრაფი და მენტალურია, თხის რქის შემთხვევაში – სერიოზული და პრაქტიკული. თუ სახლი მხოლოდ ერთ ნიშანს არ მოიცავს, მაშინ ინდივიდს დამახინჯების ორი სტილი შეიძლება ჰქონდეს -ასცენდენტის ნიშნისა და შემდგომი ნიშნის. პირველი ნიშნის დამახინჯებას ადვილად და შეუმჩნევლად ახერხებს, შემდეგი ნიშნის მახასიათებლების მიღება კი შედარებით ურთულდება.
პირველი სახლი ინდივიდისთვის ორმაგ ფუნქციას ატარებს: მისი საშუალებით ხდება აღქმაც და გამოხატვაც. პირველი სახლის თვისებები ბავშვობიდან მოდის და მუდამ ჰყვება თან, სანამ გარემოსთან ურთიერთობს. ეს სახლი განსაკუთრებით იმ შემთხვევებში ირთვება, როდესაც ინდივიდი საუბრობს საკუთარ აზრზე, მიღწევებზე, უნარებზე, თვისებებზე, თავის გამოხატვაზე.
პირველი სახლი არის აღქმის ფილტრი, შესაძლოა მისი გავლენით დამახინჯდეს ინფორმაცია და ენერგიები, რომლებსაც ვიღებთ. ასცენდენტის (პირველი სახლის) ნიშანი გვიჩვენებს აღქმის სტილს, რომელიც ინდივიდისთვის ყველაზე კომფორტულია. მაგალითად: თხის რქა ასცენდენტიანისთვის კომფორტულია სერიოზული და პრაქტიკული სტილი.
თუ პირველი სახლი მოიცავს ერთზე მეტ ზოდიაქოს ნიშანს, ინდივიდი გარშემომყოფებზე დატოვებს სხვადასხვა შთაბეჭდილებას. მას განსხვავებულად აღიქვამენ სხვები და გარემო. ასევე, ინდივიდს ექნება ერთზე მეტი სტილის აღქმა (განსაკუთრებით, თუ ასცენდენტის ნიშნის ნაცვლად, სხვა ნიშანი უფრო მეტი რაოდენობითაა გამოხატული პირველ სახლში). ასეთ შემთხვევაში, პირველი ნიშანი (ასცენდენტის ნიშანი) იქნება ზედაპირული აღქმის სტილის მატარებელი, ხოლო შემდეგი ნიშანი – სიღრმისეული აღქმის.
პირველი სახლი, ასევე, არის თვითგამოხატვის ფუნქციის მატარებელი. ინდივიდი პირველი სახლის ნიშნის შესაბამისად გამოხატავს თავს. თვითგამოხატვაზე გავლენას ახდენს: ასცენდენტის ნიშანი, პლანეტა(ები) პირველ სახლში, მათი ასპექტები, პირველი სახლის ფაქტიური (რუკის მიხედვით) და სიმბოლური მმართველები.
ძლიერი პირველი სახლი მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც სურს სხვებმა მოუსმინონ, ის ლიდერია, განსაკუთრებით თუ ასცენდენტი მამრობით ნიშანშია. დამუშავების შემთხვევაში ძლიერი პირველი სახლი იძლევა გაგებისა და მოსმენის უნარს. ქვეცნობიერ დონეზე საკმაოდ ძლიერია დამუშავება და ადაპტაცია ადვილად მიმდინარეობს. დაბალ დონეზე, ადამიანს ძლიერი პირველი სახლით, შეუძლია სხვებზე გავლენის მოხდენა. ქალი ძლიერი პირველი სახლით გამოირჩევა ეფექტურობით, ღია ფერების სიყვარულით, მისთვის მნიშნელოვანია ეფექტის მოხდენა, სილამაზე, დახვეწილი მანერები, მაკიაჟი, ფორმაში ყოფნა. ხოლო კაცი ძლიერი პირველი სახლით, ძლიერი, მამაკაცური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ორივე სქესი საგრებლობს ყურადღებითა და პოპულარობით. დაზიანების შემთხვევაში, ეს ადამიანები სხვების სიყვარულს იღებენ და იყენებენ, მაგრამ თავად არაფერს გასცემენ, პირველ და მეშვიდე სახლს შორის ბალანსს არღვევენ და ბევრ მტერს იჩენენ.
სუსტი პირველი სახლის შემთხვევაში ინდივიდი ცდილობს სხვებს თვალებში არ მოხვდეს, შეუმჩნეველი დარჩეს და არც ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ ცდილობს ლიდერად ყოფნას. მისი შინაგანი და გარეგანი სამყაროები ერთმანეთისაგან განსხვავდება, შესაძლოა მათ დაკავშირებაში კონფლიქტი ჰქონდეს და ერთმანეთს ვერ უთავსებდეს. ხშირად ცხოვრობენ ორი ცხოვრებით, რაც დამუშავებას ართულებს. თუმცა, ბალანსს რომ მიაღწიოს, აუცილებელია ევოლუციის ახალ საფეხურზე გადასვლა.
ჰარმონიული პირველი სახლის შემთხვევაში ინდივიდს თვითგამოხატვასთან პრობლემები არ აქვს, კარგი ურთიერთობა აქვს გარშემომყოფებთან, ადვილად ახერხებს სხვების გაგებასა და მოსმენას და გარშემომყოფებიც სიამოვნებით იღებენ. ასევე, ჰარმონიული პირველი სახლი უარყოფითი კუთხით ნიშნავს როგორც საკუთარი, ასევე სხვების მოტყუებას ოპტიმისტური „სათვალით“, ხედვით. ხშირად საკუთარ უარყოფით მხარეებს აიგნორებენ ან ფარავენ, აჩენენ მხოლოდ დადებით მხარეს. დამუშავების მხრივ ხელსაყრელი გარემოა, რადგან ინდივიდს აქვს ყველა შესაძლებლობა უკეთ განვითარდეს.
დაზიანებული პირველი სახლის შემთხვევაში ადამიანს მუდმივად აქვს თვითგამოხატვასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი თავით კმაყოფილი არაა. განვითარების დაბალ დონეზე, მას სურს გარშემომყოფები მუდმივად აფასებდნენ, მის პირად როლსა და მიღწევებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. გარესამყაროსა და შინაგანს შორის კონფლიქტია, ეს ადამიანი უმეტესად მუქ ფერებში ხედავს გარემოს. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ინდივიდი ყველაფერს გადაჭარბებულად რთულად ხედავს. დამუშავება რთულად მიდის, საჭიროა დაკვირვება გარე და შიდა სამყაროს აღქმასა და გამოხატვის კონტროლზე. უნდა ისწავლონ ფსიქიკის მართვა, კრიტიკისა და დესტრუქციული ხედვის უარყოფა, დადებითის შემჩნევა. დამუშავებაში ხელის შემშლელია პირადი ამბიციები, რომლებიც გაქცევისკენ უბიძგებს.
აროიო ასცენდენტთან დაკავშირებით შემდეგ განმარტებებს აკეთებს:
- ასცენდენტი იმ ინდივიდუალურობისა და მახასიათებლების გამოხატვაა, რომელსაც სხვები ხედავენ. ძირითადად, ის მახასიათებლებია, რომლებითაც გარშემომყოფები პირველი დანახვის დროს გვახასიათებენ. ასევე, ასცენდენტი შეიძლება აღნიშნავდეს იმ შინაგან პიროვნულ მახასიათებლებს, რომელიც შეიმჩნევა შინაგანზე ორიენტირების დროს.
- ასცენდენტი არის მანიშნებელი იმ შესაძლებლობებისა, რომელთა დახმარებით ინდივიდი გარეგან ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდება, როცა შეწინააღმდეგების ენერგია აღარ აქვს.
- ასცენდენტი ბედის წარმართვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს იმ მხრივ, რომ თუ ინდივიდს სურს იცხოვროს თავისუფლად და საკუთარი ღირებულებებით გამოხატოს თავი, ასცენდენტის მახასიათებლების გამოყენება მოუწევს.
- ასცენდენტი (გააჩნია რომელ სტიქიას განეკუთვნება) გვიჩვენებს ენერგეტიკულ ნაკადს, სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ფიზიკური სხეულის მოქმედებისთვისა დამახასიათებელი. სტიქიების მიხედვით შეიძლება იყოს შესამჩნევად გამტარი (ასცენდენტი ჰაერის ან ცეცხლის ნიშნები) ან ძლიერად წინააღმდეგობრივი, სპონტანური ნაკადი (ასცენდენტი წყლის ან მიწის ნიშნები).
- ასცენდენტსა და ფიზიკურ სხეულს შორის სხვა ურთიერთდამოკიდებულებაცაა: ფიზიკური აგებულებაზე გავლენას ახდენს ასცენდენტიც (მემკვიდრეობითი ფაქტორის გარდა). ასევე, ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს როგორ და რა ფერებში ვხედავთ გარემოს, ასაკის მატებასთან ერთად კი – ჩვენს დამოკიდებულებასა და პოზიციას გარემოს მიმართ.
- ასცენდენტი წარმოადგენს „მე“–ს მნიშვნელოვან განზომილებას. როდესაც ინდივიდს საფრთხის გრძნობა უჩნდება, ან გამოხატვის ფორმას (ასცენდენტს) იცვლის და მზის ნიშანი (მე, ეგო, პიროვნება) აქტიურდება ან უფრო მეტად ააქტიურებს ასცენდენტის მახასიათებლებს, რათა ნამდვილი პიროვნება და ინდივიდუალური მახასიათებლები დაფაროს. პ.ს. ასცენდენტი პიროვნების „შესაფარებელი“ ნიშანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას თვითგამოხატვისთვის ვიყენებთ და შესაბამისად, შეიძლება ჩვენი პიროვნების ერთ–ერთ გამოვლინებად ჩაითვალოს.
- ასცენდენტი აღნიშნავს „რამდენად სპონტანურად ვერწყმით გარემოს/სამყაროს, რამდენად ვიგებთ ცხოვრების არსს“. თუ მზის ნიშანი აღნიშნავს როგორ „ვიგებთ“ და ვითვისებთ, როგორ ვიღებთ გამოცდილებას, ასცენდენტის ნიშანი აღნიშნავს ჩვენი „სპონტანური შეგნებისა და ქმედებების მაქსიმუმს“
პ.ს. ნებისმიერი პლანეტა ასცენდენტზე ნიშნავს, რომ ინდივიდს ამ პლანეტის ფუნქციების გაცნობიერება მოუწევს, რადგან ეს პლანეტა ატარებს პიროვნული იმპულსების ფილტრის ფუნქციას.
ასცენდენტის მახასიათებლების გამოვლენაზე გავლენას ახდენს პირველ სახლში მყოფი პლანეტები, ასცენდენტთან შეერთებული პლანეტები
რამდენადაც პლანეტა უფრო მეტად წარმოადგენს ენერგიის კონცენტრირების ადგილს, ვიდრე ზოდიაქოს ნიშანი, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ასცენდენტს წარმოადგენს, არამედ მასთან დაკავშირებულ პლანეტებსაც: ა) ასცენდენტის ნიშნის მმართველი პლანეტა(ები), ბ) პლანეტები პირველ სახლში (იღებენ ასცენდენტის ნიშნის ვიბრაციას) გ) პლანეტები მე–12 სახლში (ასცენდენტიდან 10 გრადუსში)
ასცენდენტის მმართველი
ასცენდენტის ზუსტი ცოდნა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ რუკის მმართველი პლანეტა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს მზესა და მთვარესთან ერთად, მოქმედებს ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მისი გავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ასცენდენტის მმართველის სტატუსზე, მდებარეობაზე
როგორ გავიგოთ ასცენდენტის მმართველი პლანეტა რომელია?
ასცენდენტის მმართველად ითვლება პლანეტა, რომელიც ასცენდენტის ზოდიაქოს ნიშანს მართავს. რომელ ნიშანშიც არ უნდა მოხვდეს თვითონ, ასცენდენტის მმართველი ამით არ იცვლება. ასცენდენტის მმართველ პლანეტას რუკის მმართველ პლანეტასაც უწოდებენ.
მაგ: ასცენდენტი ვერძის შემთხვევაში მმართველი პლანეტა მარსია (რადგან მარსი ვერძის ნიშნის მმართველი პლანეტაა). პირად რუკაში მარსი ლომში რომ გყავდეთ, მმართველი პლანეტა მაინც მარსი იქნება.
ასცენდენტი ვერძი – მარსი
ასცენდენტი მორიელი – პლუტონი
ასცენდენტი ლომი – მზე… და ა.შ.
მზე – სახის სწორი მოყვანილობა, პროპორციების სიზუსტე, ეფექტური, ზოგჯერ თეატრალური თავის გამოხატვა და წარდგენა, მსუბუქი და გალანტური მოძრაობები. მისი მანერები ხაზს უსვამს საკუთარ თავს, მის მნიშვნელობას, უყვარს სხვებზე ძლიერი გავლენის ან ეფექტის მოხდენა. ტემპერამენტი- სანგვინიკი.
მთვარე – მრგვალი სახე, მეოცნებე თვალები, თბილი, მგრძნობიარე ხელები. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია ინფანტილურობა, განწყობის ცვალებადობა, კაპრიზულობა. აქვს წყნარი, ფლეგმატურისკენ მიდრეკილი, მაგრამ მგრძნობიარე ხასიათი. ნებისმიერ მოქმედებებზე მგრძნობიარედ რეაგირებს. მიდრეკილია მელანქოლიისკენ.
მერკური – ოვალური სახე გამოხატული ნაკვთებით, პატარა თვალის ჭრილი და ტუჩები. უმეტესად ასეთი ადამიანები არიან საშუალო სიმაღლის, ახასიათებთ ცოცხალი (მკვირცხლი) მოქმედებები, არიან საუბრისადმი მიდრეკილნი და ცხოვრებას მარტივად უყურებენ.
ვენერა – დიდი ლამაზი თვალები, მოგრძნობიარე შესამჩნევი ტუჩები, გრაციოზული მანერები. მოსწონს ლამაზად, მოდურად ჩაცმა, მიდრეკილია კომფორტისკენ, აქვს კარგი გემოვნება და ყოველთვის ახერხებს გარშემომყოფებზე დადებითი შთაბეჭდილების შექმნას.
მარსი – სახის უხეში ნაკვთები, შესაძლოა ჰქონდეს შრამებიც. უხეში, სწრაფი მოძრაობები, მაღალი ხმა, სწრაფი სიარულის მანერა. ხასიათი არის ძლიერი, შეუძლია სწრაფად გადაწყვეტა და მოქმედებები. მოთმინებითა და ლოდინით არ გამოირჩევა. ადვილად შეუძლია რამე დაანრგიოს და შემდეგ ხელახლა დაიწყოს.ტემპერამენტი ქოლერიკი.
იუპიტერი – მაღალი შუბლი, სახის დიდი ნაკვთები,გამოხატულად დიდი ქვედა ტუჩი. სხეული სრული, ჩასხმული, შესაძლოა მიდრეკილი იყოს სიმსუქნისკენ. ეს ადამიანები ოპტიმისტები და ფილანტროპები არიან. ტემპერამენტი ფლეგმატური.
სატურნი – ღრმად ჩამჯდარი თვალები, პატარა ტუჩები, რომლის ხაზი ქვემოთკენაა დახრილი, მშრალი კანი. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულება, მუდმივობისკენ მიდრეკილება. სატურნის უარყოფითი გავლენის შემთხვევაში განმარტოებისკენ, განცალკევებისკენ მიდრეკილება.
ურანი -მაღალი, ორიგინალური გამოხატვის ფორმებით. ქმედებებსა და ჩაცმულობაში გამოკვეთილია ექსცენტრიულობა და ორიგინალურობა. ეს ადამიანები საკუთარი ქცევებით სხვების გაკვირვებას იწვევენ.
ნეპტუნი – ამ ადამიანების ქცევებსა და საკუთარი თავის გამოხატვაში არის რაღაც მისტიური და ამოუცნობი. ძირითადად დამახასიათებელია მგრძნობიარე თვალები, სახისა და სხეულის მრგვალი ფორმები. არიან დელიკატურები, მორიდებულები, ადვილად გულსატკენი და მელანქოლიისკენ მიდრეკილი ადამიანები.
პლუტონი – ადამიანისგან ძლიერი შინაგანი ენერგია და საკუთარ თავში დარწმუნებულობა მოდის. დამახასიათებელია ქოლერიკული ტემპერამენტი და დიდი ენერგია, სახის ძლიერი ნაკვთები, მძიმე და გამჭოლი მზერა.
ქირონი – გამხდარი, ელეგანტური ფიგურა, დახვეწილი მანერები. დაბალანსებული ტემპერამენტი. ეს ადამიანი ბალანსისა და სამართლიანობისკენ ისწრაფვის.
პროზერპინა – ფერმკრთალი კანი, მრგვალი სახე, თხელი ტუჩები და პატარა თვალები. დამახასიათებელია სუსტი ძვლოვანი სტრუქტურა, ზედმეტი კრიტიკულობა, სიმორცხვე
წყარო: პოდვოდნი, კეფერი, ვრონსკი, ნაუმოვა; ჰერბსტი Journal of Astrological Studies; cafeastrology.com, www.astrologycom.com, alwaysastrology.com,theastrologyplace.blogspot.com
სტატიის ავტორი: თამთა