ახალმთვარეობა ან/და  მზის დაბნელება ჰოროსკოპის სახლებში

ახალმთვარეობა ან/და მზის დაბნელება ჰოროსკოპის სახლებში

პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს. ისევე, როგორც ნათალური რუკის შემთხვევაში, აქაც, კონკრეტულ მოვლენებზე სასაუბროდ, მხედველობაში უნდა მიიღოთ საერთო სურათი და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაგმენტები/ასპექტები. ბუნებრივია, უფრო ძლიერი ზემოქმედება აღინიშნება მზის დაბნელებისას (რაც ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება; თუმცა ყველა ახალმთვარეობაზე მზის დაბნელება არ არის!).  მარტო ახალმთვარეობა უფრო ზომიერად, რბილად და გამარტივებულად ვლინდება. …


Review Overview

User Rating: 4.67 ( 3 votes)
0
  • პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს.

ისევე, როგორც ნათალური რუკის შემთხვევაში, აქაც, კონკრეტულ მოვლენებზე სასაუბროდ, მხედველობაში უნდა მიიღოთ საერთო სურათი და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაგმენტები/ასპექტები.

ბუნებრივია, უფრო ძლიერი ზემოქმედება აღინიშნება მზის დაბნელებისას (რაც ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება; თუმცა ყველა ახალმთვარეობაზე მზის დაბნელება არ არის!).  მარტო ახალმთვარეობა უფრო ზომიერად, რბილად და გამარტივებულად ვლინდება.

  • ახალი მთვარისა და მზის დაბნელების 2022 წლის კალენდარი მოცემულია  სტატიის ბოლოს.

მაშ ასე, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და როგორი უნდა იყოს ჩვენი მოქმედებები  მაქსიმალურად ნაყოფიერი შედეგების მისაღებად.

 

ახალმთვარეობა ან/და მზის დაბნელება  ჰოროსკოპის  I სახლში

* იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე, შეიცვალეთ იმიჯი, მიხედეთ თქვენს ფიზიკურ ფორმას.

* გამოიჩინეთ ინიციატივა.

* გააკეთეთ რამე ფასეული უშუალოდ საკუთარი თავისთვის.

I სახლი თავად პიროვნებას და მისი გარეგნობას განაგებს _ როგორ აღიქვამს ის სამყაროს  და როგორ აღიქვამს სამყარო მას. ეს არის  სარკმელი, რომლითაც ჩვენ გარესამყაროს ვუყურებთ. ეს პიროვნული საწყისის გაძლიერების დროა, როდესაც ახალი ენერგიითა და ენთუზიაზმით ივსებით. როგორც წესი,  ამ პერიოდში ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავით არის დაკავებული. კარგი პერიოდია გამაჯანსაღებელი(მთვარე) და გასალამაზებელი (I სახლი) პროცედურების ჩასატარებლად, რაც სწრაფად აისახება როგორც თქვენს ჯანმრთლობაზე, ისე გარეგნობაზე. თუ თქვენ გასახდომი დიეტის დაცვას აპირებდით, ზუსტად ის დროა, გეგმიდან პირდაპირ მოქმედებაზე გადახვიდეთ. თუ ახალმთვარეობა I სახლში ფიქსირებულ ნიშანში ხდება (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული), მომდევნო ახალმთვარეობის შემდეგაც წარმატებით მოახერხებთ  კურსის გაგრძელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობია იმ ახალმთვარეობას დაელოდოთ, რომელიც  მუდმივი ჯვრის ნიშნებში მოხდება და შემდგომ დაიწყოთ დიდ დროზე გათვლილი პროცედურები. მაგალითად, თუ თქვენ აღმავალი კირჩხიბი ხართ და ხანგრძლივი დიეტის დაცვას აპირებთ, დაელოდეთ მომდევნო ახალმთვარეობას ლომში.

იქიდან გამომდინარე, რომ მთვარის ბიო-ფიზიკური პრინციპი  (სახებ)ცვლილებას უკავშირდება, ეს იმიჯის შეცვლის პერიოდია _ საკუთარი პერსონის ახალი შეფუთვით, მანერებით, შესახედაობით წარმოჩენა. ამ პერიოდში ადამიანი მნიშვნელოვნად იცვლის  დამოკიდებულებას  ცხოვრებისეული საკითხებისადმი. ეს  ახალი წამოწყებების დროა. სიახლეები დაკავშირებულია უშუალოდ თქვენთან. ეს დადებითი ცვლილებების პერიოდი პოზიტიურად აისახება თქვენს პიროვნებასა და გარეგნობაზე. რაც უფრო ახლოა (გრადუსებით) ახალმთვარეობა  ასცედენტთან, მით უფრო ნათლად იგრძნობა მისი გავლენა. ეს ხშირად გამოიხატება ვარცხნილობის შეცვლით, გარდერობის განახლებით, კოსმეტიკური ოპერაციებითაც კი.

დაფიქრდით, როგორ წარმოაჩინოთ თავი უკეთესად, რა თვისებები გიშლით ხელს და რა თვისებები გეხმარებათ თვითპრეზენტაციაში, რადგან უახლოესი თვის განმავლობაში კარგი შანსი გეძლევათ, შეცვალოთ გარკვეული ჩვევები ან საერთოდ განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ შთაბეჭდილებას თქვენზე. თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ასტროლოგიაში I  სახლს ვერძი მართავს, რომელიც ყოველთვის გულწრფელი და თავდაჯერებულია; მთვარე კი პიროვნების იდენტობის ექვივალენტია. თქვენი თვითპრეზენტაცია და გამომუშავებული ჩვევები უნდა იყოს ნამდვილი და არა მოჩვენებითი, უნდა იყოს ძირეული (კარდინალური) და არა  ფასადური. გამოიჩინეთ საკმარისი სიმამაცე პიროვნული ცვლილებებისთვის და დატკბით ახალი გამოცდილებებით.

 

ახალმთვარეობა ან/და  მზის დაბნელება ჰოროსკოპის II სახლში

*  ფინანსური მდგომარეობა. თანდაყოლილი უნარები. უკვე არსებული პიროვნული და მატერიალური რესურსები.

* მოიფიქრეთ ფულის გამომუშავებისა და ხარჯვის ახალი მეთოდები.

* განსაზღვრეთ, რა გიშლით ხელს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

* რომელი უნარების დახვეწა შეგიძლიათ, რომ შემოსავლები გაზარდოთ და თავდაჯერება მოგემატოთ?

II სახლი ადამიანის უკვე არსებულ რესურსებს/თანდაყოლილ უნარებს უკავშირდება, როგორც მატერიალური, ისე პიროვნული თვალსაზრისით. შეიძლება გადაწყვიტოთ რაიმე უნარის განვითარება, რაც უფრო მოთხოვნადს გაგხდიდათ ბაზარზე. მატერიალური საკითხები, არსებული სახსრების ბიუჯეტირება და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური პროექტები ამ პერიოდის საყვარელი თემებია.  აქცენტი კეთდება მატერიალურ ფასეულობებსა და ფინანსებზე, ქონებასა და საკუთრებაზე. ამ პერიოდში შეიძლება შეიცვალოს თქვენი შემოსავლების სქემა. დაფიქრდით, რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი ფინანსური მდგომარეობით. აღმოაჩინეთ შემოსავლების გაზრდის წყაროები. შეიძლება განსაკუთრებით გაგიმძაფრდეთ რაიმე ნივთის შეძენის მოთხოვნა. II  და  VIII სახლები ერთიანობაში ქმნიან „სურვილის ღერძს“, ამიტომ, თქვენ შეიძლება გაგიტაცოთ ფუფუნებამ და არა პირველადი საჭიროების ნივთებმა.

უსაფრთხოება და შინაგანი ფასეულობები, როგორც მყარი ნიადაგი ფეხქვეშ და თვითრწმენის წყაროც, ასევე ამ სახლის თემებია. ამდენად, ეს ახალმთვარეობა შეიძლება გახდეს თქვენი თავდაჯერების ან პირიქით, თავდაუჯერებლობის სტიმული, მთვარის ასპექტებიდან გამომდინარე.

ამავე დროს მძაფრდება ძირითადი გრძნობები (მთვარე). ამიტომ, ეს მშვენიერი პერიოდია ხორციელი სიამოვნების მისაღებადაც, ელემენტარული კომფორტით დაწყებული, ტაქტილური სიამოვნებით დამთავრებული (მაგ. ალერსი, მასაჟი).

 

ახალმთვარეობა ან/და მზის დაბნელება ჰოროსკოპის III  სახლში

*  ყოველდღიურ კონტაქტები.

* რა გიშლით ხელს თავისუფლად გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები?

* რისი შეცვლა გსურთ უახლოეს გარემოცვაში?

* როგორ შეგიძლია შეცვალოთ ინტერაქცია ნათესავებთან, მეზობლებთან?

III სახლი უკავშირდება დაწყებით განთლებას, სწავლასა და სწავლის მეთოდებს, ინფორმაციის მიღება-გაცემას, კომუნიკაციას, ყოველდღიურ ურთიერთობებსა და კონტაქტებს; ასევე განასახიერებს დეიდებსა და ბიძებს, დედმამიშვილებს, მიმოწერას, ელექტრონულ წერილებს, მისვლა-მოსვლას, ჩვენს უშუალო გარემოცვას. სავარაუდოდ, თავს ძალზედ თავისუფლად იგრძნობთ სოციალურ კონტაქტებში. იკითხეთ წიგნები, გაიარეთ ტესტები, განაახლეთ კონტაქტები, წერეთ წერილები, დაურეკეთ  მეგობრებსა და ნათესავებს, მოიკითხეთ ნაცნობები, მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ყოველდღიურ ამოცანებს.

აქტიურდება ინტელექტულური საქმიანობა, სასწავლო პროცესი, ახლო მანძილზე გადაადგილებები, სანათესაო ან სამეზობლო შეკრებები, სტუმრიანობა. კარგია, თუ შეცვლით ან გაარემონტებთ სატრანსპორტო საშუალებას. ამ პერიოდის ტენდენციები შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ლექციების წაკითხვით ან ლექციებზე დასწრებით, სასერთიფიკატო პროგრამების გავლით; ტელევიზიასთან, რადიოსა და  პრესასთან ურთიერთობით. ბუნებრივია, კონკრეტული მოვლენა მხოლოდ ერთი ასპექტით არ განისაზღვრება და   სხვადასხვა ადამიანის რუკაში განსხვავებულად გამოვლინდება.

 

ახალმთვარეობა ან/და მზის დაბნელება ჰოროსკოპის IV სახლში

*ქვეცნობიერის სიღრმეები. საყრდენი წერტილი. ოჯახი, სახლი, უძრავი ქონება.

* ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიღრმისეულ საჭიროებებს და განახორციელეთ აუცილებელი ცვლილებები.

* რა გიშლით ხელს იმაში, რომ სახლში თავი  დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოთ?

* რისი შეცვლა შეგიძლიათ სახლში: ავეჯის, ინტერიერის?

* რისი შეცვლა შეგიძლიათ ოჯახურ ურთიერთობებში?

IV სახლი დაკავშირებულია საშინაო საქმეებსა და ოჯახურ ურთიერთობებთან. სახლის გამოცვლა, ინტერიერის  შეცვლა, რემონტი და  მოდერნიზაციაც საკმაოდ ტიპური ტენდენციებია.  კუთხოვან სახლებში ნებისმიერ ტრანზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რაც მოხდება, მკაფიოდ გამოხატული ხასიათი ექნება.

აქტიურდება დედასთან ურთიერთობის თემაც, რადგან მთვარეცა და IV  სახლიც დედის სიგნიფიკატორებია. მაგალითად, მზის დაბნელებისას თქვენი რუკის „ცის ფსკერზე“, შეიძლება თქვენი დედისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს. ეს ასევე სულიერი საწყისის, ჩვენი ფესვების სახლია. ამიტომ, შეიძლება გახდეს თვითშემოწმებისა და სულიერი განვითარების ეტაპიც.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს მხარდამჭერ სისტემას და პირიქით, თქვენ თვითონ რამდენად საიმედო საყრდენი ხართ სხვებისთვის, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის.

ნებისმიერ „წყლის სახლის“ (IV _ VIII  _ XII) ტრანზიტებით გააქტიურებისას, მნიშვნელოვნად იმატებს ექსტრასენსორიკა, დეჟა ვიუები, წინასწარმეტყველური სიზმრები.

 

ახალმთვარეობა ან/და მზის დაბნელება ჰოროსკოპის V სახლში

* შემოქმედებითი ექსპერიმენტები. სილაღე. შინაგანი თავისუფლება და თვითგამოხატვა.

* რისი შეცვლა შეგიძლიათ საკუთარ თავში, რომ ცხოვრება უფრო გაიხალისოთ ?

* რის ნებას ვერ რთავთ საკუთარ თავს ?

* რა გიშლით ხელს ბავშვებთან მეგობრულ ურთიერთობაში ?

* რა გიშლით ხელს სიყვარულის გაცემაში ?

V  სახლი ადამიანის შემოქმედებით უნარებს უკავშირდება. ის განსაზღვრავს მთელს თქვენს აღმშენებლობით ენერგიასა და ნაყოფიერებას, დაწყებული შვილებით, დამთავრებული ფერწერით, წიგნებითა თუ მუსიკალური ხელოვნებით. მის მმართველობაშია ასევე თქვენი შვილები, მაგრამ უფრო კონკრეტულად, ის პირველი შვილის სიგნიფიკატორია.

ამ დროს აქტიურდება გართობისა და მხიარულების თემა. კარგი დროა ცეკვისა და სიმღერის შესასწავლად. შეიძლება გულმა კაზინოსკენ გაგიწიოთ. ყოველ შემთხვევაში, აზარტი იზრდება, რადგან ნებისმიერი გამარჯვება მნიშვნელოვნად ამაღლებს თქვენს თვითშეფასებას. თუმცა, იმავდროულად, თქვენ განსაკუთრებულად დამოკიდებული ხდებით  სხვების მოწონებაზე. ამ სახლისთვის დადებითი შეფასების მოპოვება უმნიშვნელოვანესია.

იზრდება სასიყვარულო ურთიერთობების, გატაცებების ალბათობა. იმატებს გასართობი თავგადასავლების სურვილი, თქვენი  პოპულარობა.

 

ახალმთვარეობა  ან/და  მზის დაბნელება ჰოროსკოპის VI  სახლში

* ჯანმრთელობა. დიეტა.  ყოველდღიური რუტინა და ვალდებულებები.

* რა გიშლით ხელს ძალთა არასწორ გადანაწილებაში, გარემოებებზე დამორჩილებასა და ვალდებულებების შესრულებაში?

* რა ცვლილებები უნდა შეიტანოთ დღის განრიგში?

VI  სახლის თემებია: ნაყოფიერი შრომა, თანამშრომლები, საერთო სამსახურებრივი მდგომარეობა, დაქირავებული მუშაკები (ქვეშევრდომები), ჯანმრთელობა, შინაური ცხოველები. . ასე რომ, მშვენიერი პერიოდია ექიმთან ვიზიტისთვის, სამედიცინო გამოკვლევებისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად, სამუშაოს შესაცვლელად, გენერალური დალაგებისთვის.

I სახლის შემდეგ ეს კიდევ ერთი ხელსაყრელი პერიოდია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისა და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებისთვის: დიეტაზე დასაჯდომად, თამბაქოს გადასაგდებად, სავარჯიშოდ, ვიტამინების მისაღებად. შეიძლება ამ პერიოდში შინაური ცხოველი გაიჩინოთ ან თუ უკვე გყავთ, გამოფენაზე ჩაწეროთ.

მოკლედ და კონკრეტულად, ამ პერიოდში ვცდილობთ, ყველას და ყველაფერს თავისი კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ და აკურატულად ჩავამწკრივოთ თაროებზე.

 

ახალმთვარეობა  ან/და  მზის დაბნელება ჰოროსკოპის VII სახლში

* ურთიერთობები. საზოგადოებრივი კონტაქტები. ხელშეკრულებები.

* ადამიანები ვინც უშუალოდ ჩვენს პიროვნებაზე (I სახლი) ახდენენ გავლენას.

* მეტი დემოკრატიულობა. თანასწორობა, როდესაც ერთის თავისუფლება ხელს არ უშლის მეორეს.

* რა გიშლით ხელს თანასწორუფლებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში?

* რისი შეცვლა გსურთ ურთიერთობებში?

* რამდენად ხართ განწყობილი თანამშრომლობისთვის?

VII სახლი ასევე  კუთხოვანია და მოვლენები გაცილებით ინტენსიურად ვლინდება, ვიდრე სხვა სახლებში. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მჭიდრო (ოფიციალურ) კავშირებსა და ურთიერთობებთან _ მეუღლე, საქმიანი პარტნიორები, უახლოესი მეგობრები, ღია მტრები და მეტოქეები (რადგან ეს სახლი დაკავშირებულია ასევე კონკურენციასთან). ამ დროს ხშირია შემოთავაზებები დაქორწინებაზე, ან უკვე არსებული ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, პარტნიორებს მეტად უახლოვდებით, ნებისმიერ შემთხვევაში უახლოესი კონტაქტების ფორმები იცვლება.

მზის დაბნელების შემთხვევაში, მომდევნო დაბნელებამდე მთლიანად პირადი ურთიერთობებით იქნებით დაკავებული. თუ დაბნელება მძიმეა (ნათალურ ასპექტებთან), შეიძლება ეს პერიოდი განქორწინებით, ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდეს.

ამ პერიოდში დიპლომატია და თანამშრომლობა ყველაზე მეტად ფასობს. საუკეთესო დროა ურთიერთობის დასაწყებად ან უკვე არსებული ურთიერთობის განახლებისთვის, „მკვდარი ურთიერთობების“ გაწყვეტისთვის, სოციალური კონტაქტების დამყარებისა და საზოგადოებრივი სიმპათიის მოსაპოვებლად.

 

ახალმთვარეობა  ან/და  მზის დაბნელება ჰოროსკოპის VIII სახლში

* შეისწავლეთ საკუთარი ფარული ძალები, სექსუალური ბუნება.

* გადახედეთ თქვენს ურთიერთობას გარესამყაროსთან, საერთო რესურსებთან.

* რა გიშლით ხელს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, მხარდაჭერის მიღებაში?

* რაზე ხართ დამოკიდებული და რა გაყენებთ ტკივილს?

* რა უნდა გააკეთოთ, რომ დამამძიმებელი კავშირებისგან განთავისუფლდეთ?

VIII სახლი სხვისი ფულის, პარტნიორთა საერთო რესურსების, ინვესტიციების, მემკვიდრეობის, დაზღვევის, სექსუალური აქტივობის, ტრანსფორმაციისა და გარდაცვალების სახლია. ასე რომ, ეს დადებითი პერიოდია ჩამოთვლილი საკითხების გადასახედად. დაფიქრდით რამდენად კარგად მიდის თქვენი საქმეები და მიიღეთ გადაწყვეტილება, რა გააკეთოთ მომავალში. კარგი პერიოდია ფინანსებისა და დანაზოგის გეგმების შესადგენად. თუ ყველაფერს კარგად დაგეგმავთ, მალე შესაძლოა ფინანსურ მოგებაშიც დარჩეთ.

განსაკუთრებით აქტიურდება ინტიმური ცხოვრების საკითხები. იზრდება სექსუალური პოტენციალი. არ არის გამორიცხული ახალი საყვარელი გამოჩნდეს. ან თუ თქვენთვის საინტერესო ადამიანთან აქამდე მხოლოდ პლატონურად ურთიერთობდით, დიდი ალბათობით, თქვენი ურთიერთობა შემდეგ ეტაპზე გადავა.

რადგან VIII სახლი მემკვიდრეობას ეხება, რომელიმე ახლობელი (სულაც არ არის აუცილებელი ოჯახის წევრი ან ძალიან ახლო ნათესავი) შესაძლოა ავად გახდეს ან გარდაიცვალოს.  ალბათობა იზრდება, მზის დაბნელების შემთხვევაში. (ცხადია, დამატებითი სიგნიფიკატორების გათვალისწინებით).

VIII სახლი საიდუმლოებებსაც ეხება. თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ რომელიმე ცხოვრებისეული საიდუმლოს ამოხსნა, შესწავლა, ჩაღრმავება, რომ შეაღწიოთ ქვეცნობიერ საიდუმლოებებში. შესაძლოა დაკავდეთ მედიტაციით, ჩაუღრმავდეთ ფსიქოლოგიას ან ჰიპნოზს (ეს დისციპლინები ასევე განეკუთვნებიან IX  და XII სახლებსაც).  აქტიურდება ინტერესი მეტაფიზიკისადმი. როდესაც მომდევნო ახალმთვარეობა IX სახლში მოხდება, ინტერესი სერიოზული გატაცებაში გადაიზრდება. იგივე ეხება ბიბლიის შესწავლასაც. რელიგიური ადამიანები ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილტვიან  ეკლესიისკენ.

ასევე დამახასიათებელია გაუცხოება, როდესაც გარშემომყოფები უცხოდ გეჩვენებათ, ისევე როგორც თქვენ ეუცხოებით მათ.

 

ახალმთვარეობა ან/და  მზის დაბნელება ჰოროსკოპის IX  სახლში

* სიახლეების შეცნობა. არატრადიციული იდეებისკენ მისწრაფება. შაბლონური მსოფლმხედველობისგან განდგომა.

*  მენტალური თავგადასავლები და მოგზაურობა.

* რისი შეცვლა გსურთ თქვენს შეხედულებებში, იდეალებში?

* რა გიშლით ხელს, ახლებურად აღიქვათ სამყარო?

* რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ სარკმელი გახსნათ ავანტურიზმის სუფთა ჰაერისთვის?

IX  სახლი სულიერების, ფილოსოფიის, უმაღლესი განათლებისა და შორეული მოგზაურობების სახლია. ის ასევე მართავს მეუღლის ნათესავებს, იურიდიულ პრობლემებს, საზოგადოებრივ კონტაქტებს. IX სახლის ადამიანებს მშვენივრად შეუძლიათ საკუთარი თავის წარმოჩენა და თვითრეკლამირება.

ამ დროს აქტიურდება სულიერი ძიებების თემა. შეიძლება დაინტერესდეთ  აღმოსავლური ფილოსოფიური სწავლებებით, ბიბლიით, ასტროლოგიით ან იოგით.  წინა პლანზე იწევს მოგზაურობის თემაც და აქ სულაც არ იგულისხმება პირდაპირ ფიზიკური გადაადგილება. მაგალითად, შეიძლება ლიტერატურას ან დოკუმენტურ ფილმებს გაეცნოთ უცხო ქვეყნებსა და კულტურებზე. კარგი პერიოდია უმაღლესი განათლების მისაღებად. შეიძლება მოისურვოთ უფრო მაღალკვალიფიციური დიპლომის აღება, სწავლის განახლება, უცხო ენების შესწავლა, აკადემიური ხარისხის დაცვა. შესაძლოა გახდეთ რომელიმე გურუს, ფილოსოფოსის მიმდევარი. არიან ადამიანები, ვინც ამ ფაზაში მთლიანად მეუღლის ნათესავებთან ომში ერთვებიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ავლენს ენერგიას, მთლიანი რუკის გათვალისწინებით.

 

ახალმთვარეობა ან/და  მზის დაბნელება ჰოროსკოპის X სახლში

* დროა გადახედოთ თქვენს მიზნებს, შეადგინოთ ახალი გეგმები, განაახლოთ სტრატეგია.

* რომელი ახალი ამოცანები მიგიყვანთ სასურველ წარმატებასთან?

* რა განახლებები შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს საქმიან ცხოვრებაში?

X სახლი კიდევ ერთი კუთხოვანი სახლია, რომელიც საჯარო მოვლენებს უკავშირდება. თქვენი რეპუტაცია და საზოგადოებრივი მდგომარეობა ამ სახლის მთავარი თემებია. ის აჩვენებს რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ საზოგადოებას, როგორ წარსდგებით  პუბლიკის წინაშე, ასევე თქვენს კარიერასა და მიღწევებს. მართალია, კონსტრუქციული და ნაყოფიერი შრომა VI სახლის თემებია, თუმცა თქვენი საქმე და კარიერა X სახლს ეკუთვნის. ამიტომ ეს კარგი ეტაპია ახალი საქმის წამოწყებისთვის ან უკვე არსებული საქმის განახლებისთვის. ამ პერიოდში ხშირად მოგეცემათ ბიზნესის უფასოდ რეკლამირების საშუალება.

X სახლი ტადიციულად მამის სიგნიფიკატორია. თუმცა, უფრო ფართო გაგებით, ის განასახიერებს მკაცრ მშობელს, რადგან სახლის სიმბოლური მმართველი სატურნია, რომელიც ძალაუფლების სიმბოლოა. ამ დროს შეიძლება შეგეცვალოთ უფროსი, გაგიჩნდეთ ახალი ავტორიტეტი ან თქვენს სამსახურში ჩამოყალიბდეს მმართველობის ახალი კურსი, მოხდეს რეორგანიზაცია. კარგი იქნება, თუ თავადაც შეცვლით და განაახლებთ თქვენი საქმიანი აქტივობის, მიზნის მისაღწევი მოქმედებების მენეჯმენტს.

 

ახალმთვარეობა ან/და მზის დაბნელება ჰოროსკოპის XI სახლში

* დამამძიმებელი და შემზღუდველი ფაქტორების მოცილება, მეტი პირადი თავისუფლებისთვის.

* აღმოაჩინეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი მისწრაფებები და ოცნებები.

* რა ნაბიჯები და ახალი იდეები დაგეხმარებათ ოცნებების ასრულებაში?

* რა გიშლით ხელს, გადაუხვიოთ ჩვეულ სქემებს თქვენს ცხოვრებაში?

* როგორ ექცევით მეგობრებს? რისი შეცვლა გსურთ მათთან ურთიერთობაში?

* იქნებ დროა, თანამოაზრეთა ჯგუფი იპოვოთ?

XI სახლი კონტაქტებისა და ჯგუფური აქტივობების სახლია. თუ ახალმთვარეობა და მით უმეტეს მზის დაბნელება ამ სახლში ემთხვევა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალი კონტაქტების დამყარებას, სოციალურ აქტივობას. ეს ის დროა, როდესაც შინაგანი მოუსვენრობა ნაყოფიერი კომუნიკაციის დინებისკენ უნდა მიმართოთ. საკუთარი თავის ნაცვლად, იმ ჯგუფზე კონცენტრირდით, სადაც მოღვაწეობთ, მჭიდროდ დაუახლოვდით მას. წამოიწყეთ ახალი ჯგუფური პროექტები, რომელიც აუცილებლად ნაყოფიერი იქნება.

თქვენთვის მისაღებ ორგანიზაციებსა თუ ჯგუფებში გაწევრიანების დროა. ახალი ნაცნობები, გააქტიურებული სოციალური ურთიერთობები. ამ დროს პრიორიტეტები უნდა დაახარისხოთ და საკუთარ თავს ახალი მიზნები უნდა დაუსახოთ. იმედებისა და მოლოდინების გამართლების, ოცნებებისა და სურვილების ახდენის პერიოდია.

თუ V სახლი თქვენგან გაღებული სიყვარულია, XI სახლი თქვენზე შეყვარებული ადამიანების, მეგობრების სიგნიფიკატორია (სიყვარულის აქცეპტი/ მიღება).

 

ახალმთვარეობა  ან/და  მზის  დაბნელება ჰოროსკოპის  XII  სახლში

* შეუცნობელის შეგრძნება. მედიტაცია. „ზედმეტი ბარგის“ მოშორება.

* განმარტოებისა და  მარტოობის განსხვავება.

* პირადი ცხოვრების გასაიდუმლოება.

* რა გიშლით ხელს ავტონომიურობის განცდაში, შინაგანი დამოუკიდებლობის მიღწევაში?

* რა გიშლით ხელს პირადი ცხოვრების რეალიზებაში?

XII სახლი ინტროსპექციის, ქვეცნობიერის, ფარული კეთილი საქმეების სახლია. ეს მედიტაციისა და თვითანალიზის, განვლილი პერიოდის გადახედვისა და ძველთან გამოთხოვების დროა. გამოიჩინეთ თანაგრძნობა სხვების საჭიროებების მიმართ. ხანდახან ამ პერიოდში გულმოდგინედ მიჩქმალული საიდუმლოებები მჟღავნდება. თუმცა შესაძლოა საიდუმლო საქმეებშიც გაეხვიოთ. ზოგიც სულით მონათესავე ადამიანს პოულობს. რაც არ უნდა მოხდეს, ამ პერიოდში დაწყებული ამბები კარმულ ხასიათს ატარებს. ამ სახლში ნათალური მზეც კარმულია და თუ თქვენ არაფერს აკეთებთ კაცობრიობის სასიკეთოდ, თქვენი ცხოვრება შესაძლოა ძალიან ცუდად წარიმართოს.

რადგან VI – XII სახლები ერთიანობაში „მსახურებისა და თავგანწირვის ღერძს“ ქმნიან, თქვენ შეიძლება გულმა გაგიწიოთ საავადმყოფოებისკენ ან მომსახურების სფეროში. სურვილი გექნებათ, დაეხმაროთ გაჭირვებულებს.  კარგი დროა ფსიქოლოგიური გარღვევისთვის, რადგან გაცილებით მარტივად შეძლებთ  ნებისმიერი ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემის შეცნობას და გადალახვას.

თუ XII სახლში სხვა პლანეტებიც გყავთ, აუცილებლად მოგინდებათ განმარტოება. ეს ნეპტუნისა და თევზების ვიბრაციის სახლია. თუ ის რადიკალურ რუკაში ჩართულია (ნათალური პლანეტებით), როდესაც დამატებით ტრანზიტითაც აქტიურდება, ადამიანი შეიძლება პირდაპირ თქვენს თვალწინ აორთქლდეს. მას საკუთარ თავთან მარტო დარჩენის  სურვილი იპყრობს.  XII სახლის ადამიანებში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული  განმარტოების მოთხოვნა, რაც კიდევ უფრო მძაფრდება სახლის ტრანზიტით გააქტიურებისას.

საერთოდ, ახალმთვარეობა ნებისმიერ „წყლის სახლში“ (IV _ VIII  _ XII) განსაკუთრებით ამძაფრებს მგრძნობიარობას, ადამიანი ენერგიას მთლიანად  შიგნით მიმართავს. ეს I სახლის ახალმთვარეობას არ ჰგავს, როდესაც სუბიექტი, მართალია, ასევე მხოლოდ საკუთარი თავით არის შეპყრობილი, მაგრამ ექსპრესიულად დემონსტრირებს თავის პიროვნებას. ამ შემთხვევაში, ის მაქსიმალურად წყდება მატერიალურ სამყაროს და მხოლოდ კოსმიური სამყაროსთვის იხსნება. ასე რომ, ეს შესანიშნავი დროა შინაგან „მესთან“ საუბრისთვის, შინაგანი წმენდისთვის, ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვისთვის.

 

ახალმთვარეობა  2022 წელს, თბილისის დროით

თარიღი დრო (+4GMT) ზოდიაქოს ნიშანი მზის დაბნელება
2 იანვარი 22:33 ♑ 12-13°
1 თებერვალი 09:46 ♒ 12-13°
2 მარტი 21:35 ♓  12-13°
1 აპრილი 10:25 ♈ 11-12°
1 მაისი 00:28 ♉ 10-11° ნაწილობრივი
30 მაისი 15:30 ♊  9-10°
29 ივნისი 06:52 ♋ 7-8°
28 ივლისი 21:55 ♌ 5-6°
27 აგვისტო 12:17 ♍ 4-5°
26 სექტემბერი 01:55 ♎  2-3°
25 ოქტომბერი 14:49 ♏  2-3° ნაწილობრივი
24 ნოემბერი 02:58 ♐ 1-2°
23 დეკემბერი 14:17 ♑ 1-2°


About Qet

Scroll To Top