დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).
მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 13 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 1+3+3+1+9+5+7=29. 29 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 29=2+9=11, რადგან 11-იც ორნიშნაა, კიდევ შევკრებთ 11=1+1=2. ამ ადამიანის რიცხვი 2-იანი ყოფილა.
რიცხვი 2
მთავარი საკითხები: დუალიზმი, გაორება, განწყობის ცვალებადობა, გარდასახვის უნარი
ბედნიერი რიცხვები: 2, 11, 20, 29
სასიკეთო დღეები: ორშაბათი
ძლიერი პერიოდები: 21 აპრილი – 21 მაისი, 22 ივნისი – 22 ივლისი
სუსტი პერიოდები: 22 დეკემბერი – 20 იანვარი, 24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი
ურიერთობები: უფრო მეტად ეწყობიან 1-იანისა და 9-იანის მქონე ადამიანებს.
ორიანის მმართველად მთვარე ითვლება, რაც ამ რიცხვის მფარველობაში მყოფთ სირბილეს, სემტიმენტალურობას, მგრძნობელობასა და პასიურობას განაპირობებს.
დადებითი მახასიათებლები: ორიანები მშვიდობისმოყვარე, წყნარი და გაწონასწორებული ხალხია. მათთვის დამახასიათებელია ტაქტი, კორექტულობა, დიპლომატია. ნებისმიერ კონფლიქტს შეთანხმებებით ასრულებენ. ამ თვისების გამო კარგი მომლაპარაკებლები და დიპლომატები ხდებიან.
ორიანები ბუნებით კეთილშობილები არიან, გარშემო ბევრი მეგობარი ჰყავთ, რომლებმაც იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ორიანს დასახმარებლად მიმართონ. ამ ადამიანებს სხვების პატიება, მათი შეცდომების გამოსწორება, ნაკლზე თვალის დახუჭვა შეუძლიათ. სამართლიანობის განცდა თითქმის არასდროს ტოვებთ და ნებისმიერ სიტუაციაზე სხვისი თვალებით შეხედვა შეუძლიათ.
ორიანის მფარველობის ქვეს მყოფი ადამიანები მეოცნებენი, ნაზები და რომანტიულები არიან. ემოციურებს ინტუიცია და ემპათიის განცდა თითქმის არასდროს ტოვებთ. შინაგან ხმას უსმენენ, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღების დროს. ამიტომ სასურველია, თუ შინაგან ხმასა და რაციონალურ გონებას შორის ბალანსის აღდგენას შეეცდებიან. მათ არამხოლოდ გრძნობებით ხელმძღვანელობა, არამედ გონიერი გააზრებაც მოეთხოვებათ. თითოეულ საქმესა და მოქმედებაზე ფიქრობენ, ბევრს წონიან სანამ გადაწყვეტენ, რაც უამრავი შეცდომის დაშვებისგან იცავთ.
ორიანებს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, ამიტომ მათთვის რთულია იმ სფეროებში მუშაობა, სადაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და სწრაფი შეფასებაა საჭირო. ნუმეროლოგიაში ორიანი შუამავალია. მას კარგად გამოსდის შემსრულებლობა, ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ასევე, წარმატებას მიაღწევენ ისეთ სფეროებში, რომლებსიც პარტნიორობა, თანაავტორობა და ჯგუფური მუშაობა დაფასებულია.
ორიანს კარგად გამოსდის შემსრულებლის როლი, ყველა მხარის შერიგებასა და მორიგებაზეა ორიენტირებული. გარისკვა არ მოსწონს და მისთვის აუცილებელია რასაც აკეთებს, მასში დარწმუნებული იყოს. სასიყვარულო ურთიერთობებში სტაბილურობას და მგრძნობელობას აფასებენ. მათ შეუძლიათ თავი ერთ ადამიანს მიუძღვნან.
უარყოფითი მახასიათებლები: ორიანების მთავარი უარყოფითი თვისება საკუთარ თავში დაურწმუნებლობაა, რაც არასრულყოფილების კომპლექსში იზრდება. კარგი იქნება თუ საკუთარ თავში, შესაძლებლობებში, უნარებში მეტად დარწმუნებული იქნება და არ დაავიწყდება კომპრომისსა და დათმობას შორის განსხვავება. ყურადღებით უნდა იყვნენ გარშემომყოფებთან მიმართებაში – სხვებს თავს ნუ გამოაყენებინებთ. რბილი ხასიათის გამო ხშირად არ აფასებენ სათანადოდ.
ასევე, ორიანებმა უნდა ისწავლონ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. აუცილებელი სულაც არაა დიდხანს და ყველა ვარიანტზე ფიქრი. ყური დაუგდეთ თქვენს შინაგან ხმას და არა გარშემომყოფთა ან სპეციალისტთა რჩევებს, რადგან ყველას განსხვავებული აზრი აქვს. ზოგჯერ ორიანები განწყობის ცვალებადობას რთულად იტანენ, ასეთ დროს ერთი შეხედვით უსაფუძვლო ბრალდებებით გარშემომყოფებსა და ახლობლებს ცუდად ექცევიან.
სასურველია თუ ორიანები საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას გაიაზრებენ, გადაწყვეტილებების მიღების დროს დისკომფორტის გადალახვას ისწავლიან. ამის შემდეგ მათი ცხოვრება ბევრად კომფორტული და წარმატებული იქნება.
მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.
სტატიის ავტორი: თამთა