დემონური პერსონაჟები – წყლის დედა

დემონური პერსონაჟები – წყლის დედა

დემონური პერსონაჟები – ჭინკა (გაგრძელება)

ავსულთა ერთი ნაწილი წყლის ბინადარია, ისინი სოფელში ან სხვა დასახლებულ ადგილებში არ ჩნდებიან და არ შორდებიან თავიანთ სამკვიდროს. მაგრამ თუ ადამიანი იქ მოხვდა, მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ.

დაღესტანელი ყუმიხების წარმოდგენით, წყალს _ მდინარეს განაგებს სუვანასი (წყლის დედა). ასეთ ამბავს ყვებოდა ხალხი: ერთ კაცს ჰყავდა წყვილი კამეჩი. ერთხელ კამეჩები დაიკარგნენ და პატრონი ცხენზე ამხედრებული წავიდა მათ საძებრად. ერთ ადგილას გაიგონა წყლის ხმაური და დაინახა მთვარის შუქზე მობანავე ქალები. შეაბრუნა ცხენი ტყისკენ. გზა სულ ნაპერწკლებით ნათდებოდა. მიხვდა კაცი, რომ რომელიღაც სულების სამფლობელოში მოხვდა და ჩქარობდა იქიდან გამოსვლას. უცბად მის წინ გაჩნდა არაჩვეულებრივი სილამაზის ქალი მწვანე თმებით და დაიწყო მზრუნველად მათი დავარცხნა. კაცმა არც იცოდა, როგორ აღმოჩნდა ამ ქალის გვერდით, მისმა სიშიშვლემ შეაკრთო. ის არ იყო დაქორწინებული, მაგრამ ჰყავდა შეყვარებული.

სუვ-ანასიმ საკუთარი თავი შესთავაზა, თმები შემოახვია. კაცი დასველდა. იგი თავს ვერ აღწევდა შემოხვეულ ქალს, რადგან მისი სხეული სლიპინა იყო. ბოლოს მიხვდა, თუ უარს იტყოდა, ეს ქალი ან მოაშთობდა, ან წყალში დაახრჩობდა. იდუმალმა ქალმა აჩუქა მწვანე ბეჭედი და გააფრთხილა, რომ ეს ბეჭედი საიდუმლოდ შეენახა, არავისთვის ეჩვენებინა (შდრ. დალის საჩუქარს).

კაცი სახლში დაბრუნდა და თავის საცოლეს აჩუქა ის ბეჭედი. ფიქრობდა, სადღა მიპოვნის სუვ-ანასი, მე იმ ადგილას აღარ წავალო. სამი დღის შემდეგ საშინლად გაწვიმდა და მდინარე ბაშლიკენტე ადიდდა. ამ დროს ეს კაცი იქითა ნაპირზე იყო და მეორე მხარეს დააპირა გადაცურვა, მაგრამ წყალმა დაატრიალა და წაიღო. მან მოასწრო ჰაერში თითით წრის შემოხაზვა. ალბათ ანიშნებდა, რომ მისი დაღუპვის მიზეზი ბეჭედი იყო.

სამეგრელოში წყლის დედა (წყარიშ დიდა) ასე წარმოუდგენიათ. იგი ლამაზი, გრძელთმიანი ქალია. მართავს წყლის მდინარებას და თვალყურს ადევნებს თევზების გამრავლებას. ღამით დარაჯობს იმ ადგილებს, სადაც ფონია და ქვეითი თუ ცხენოსანი შიგ გადის. წყლის დედას განსაკუთრებით უყვარს მთვარიან ღამეს გამოჩენა. მდინარის შუაგულში იგი პირაღმაა ჩაწოლილი. ცხენის აღვირს ხელს ჩაავლებს და ცხენოსანს არც წინ უშვებს, არც უკან. ბოლოს მგზავრს ცხენიანად ჩაითრევს იქ, სადაც უფრო ღრმაა.

მებადურებს ხშირად უხდებათ წყლის დედასთან საქმის დაჭერა. წყლის დედა ახვევს ბადეში და ახრჩობს მებადურს, რომელმაც გაბედა მისი მყუდროების დარღვევა. ყოველთვის, როცა წყლის დედა ადამიანს დაახრჩობს, კოკისპირული წვიმა წამოვა და მანამდე არ გადაიღებს, სანამ წყლის დედა თავისი მკერდიდან არ მოიშორებს დამხრჩვალს და ამ უკანასკნელს მდინარის პირას არ გამორიყავს.

წყლის დედა სატრფოს ეძებს და მამაკაცებს ეტანება. თუ დაიჭირა ვინმე, მოხიბლავს და დაიმორჩილებს. ასეთი მამაკაცი ოჯახში უგონოდ და უგულოდ არის. სახლში ვერ მუშაობს, გარე-გარე დადის და გატაცებულია წყლის დედის სიყვარულით. წყალთან ახლოს ცხოვრობს ავსული ალი, გრძელთმიანი ლამაზი ქალი, რომელიც ქვაზე ზის და თმებს ივარცხნის. იგი ხიბლავს მამაკაცებს და მერე ღუპავს. ალის სახელი დალის სახელიდან მომდინარეობს ისევე, როგორც თვითონ დემონური არსება წარმოადგენს ნადირობის თმაგაშლილი ღვთაების სახეცვლილებას.

ჩეჩნებთან ხინანა არის წყლის დედა, რომელსაც თევზივით ცივი და სლიკინა სხეული აქვს.

აფხაზურ მითოლოგიაში წყლის ღვთაება იყო ძიძლანი, რომელსაც თავის დროზე წვიმის მოყვანასაც სთხოვდნენ. დროთა განმავლობაში იგი ავსულობისკენ მიიდრიკა და დაემსგავსა ალს. ტერფები შებრუნებული აქვს, სხეული კი თევზივით ცივი. იგი მარტოხელა მგზავრებს უხვდება და ეჭიდავება. თუ კაცმა დილამდე გაძლო, მერე მოეშვება და გაქრება, ხოლო თუ კაცმა თმის ბღუჯა ამოაძრო ძიძლანს, მაშინ იგი დაემორჩილება და ემსახურება მას.

აფხაზურ მითოლოგიაში სხვა არსებებიც არიან წყალთან დაკავშირებულნი. წყლის სამეფოში ცხოვრობენ ულამაზესი ქალები, რომლებსაც „წყლის დედას“ ეძახიან. ისინი ცხოვრობენ მინის სასახლეებში და ჰყავთ დედოფალი. ტერფი შებრუნებული აქვთ, ამიტომ მათთან ბრძოლისას წინ უნდა დააგდონ და არა უკან. ისინი ღამე გამოდიან და მამაკაცების შეტყუებას ცდილობენ. თითებით უჩვენებენ წლების რაოდენობას. თუ კაცი წინააღმდეგია, უნდა შეებრძოლოს. მათ დიდი ძალა აქვთ და თუ დაამარცხეს კაცი, მაშინ 10 წელი უნდა იცხოვროს მასთან. თუ კაცი გაიმარჯვებს, მაშინ ქალი პირობას აძლევს, რომ მის ახლობლებს არ მიეკარება.

გაგრძელება: ტყის დედოფალი

ქეთევან სიხარულიძე – “კავკასიური მითოლოგია”, თავი VI

წყარო: metaphora.ge


About Tamta

Scroll To Top