ვენერას ასპექტები

ვენერას ასპექტები

ვენერას ყოველი ასპექტი ადამიანის მგრძნობიარობის ხასიათსა და ურთიერთობების წარმართვის სტილზე მიუთითებს: რომელ სფეროში საჭიროებს ადამიანი ყველაზე მეტად მოწონებას, პარტნიორს, როგორ ავლენს სიყვარულს და როგორია მისი შემოქმედებითი და მხატვრული მიდრეკილებები. ვენერას ნიშანი, სახლი და მისი ასპექტები ასევე მიუთითებს, რომელ სფეროებში ავლენს ადამიანი მჭიდრო, ინტიმურ, ურთიერთობაში შესვლის უნარს/სირთულეებს, სად გამოიხატება მისი სოციალური, რომანტიული და სექსუალური მოთხოვნები. ადამიანი სიხარულით, ჰარმონიულად და თავგანწირვით ეხმარება სხვებს, ვენერით და მასთან ასპექტებით დაკავშირებული პლანეტ(ებ)ით მართულ სფეროებში*

მამაკაცის ჰოროსკოპში ვენერა და მასთან ასპექტებით დაკავშირებული პლანეტები ქალთა იმ ტიპზე მიუთითებს, რომლის მოხიბლვასაც ის ლამობს.

ქალის ჰოროსკოპში ვენერა და მასთან დაკავშირებული პლანეტები იმის მაუწყებელია, რისთვის არის მზად ქალი, მამაკაცთან ჰარმონიული ურთიერთობის ასაშენებლად.

 

ვენერას შეერთება პლანეტებთან

ვენერასთან შეერთებული პლანეტა ყოველთვის ძალიან სიმპათიურად გამოიყურება და არის კიდეც. ის საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ კონკრეტულად რომელი სოციალური, რომანტიული და ესთეტური მიდრეკილებებით იზიდავს ნატივი  გარშემომყოფებს; როგორი ტიპის გრაციას და შარმს იყენებს  საწინააღდეგო სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტის დასამყარებლად. ვენერასთან შეერთებისას, პლანეტა (მისი ნიშნის და სახლის ხასიათების გათვალისწინებით) მარტივად შედის სხვების მდგომარეობაში, მისი სიმსუბუქე და მგრძნობიარობა კი ყველაფერზე ვრცელდება, რასაც ეხება.

ვენერას ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

ჰარმონიული ვენერას ძალა ნიჭიერებით, სილამაზით, მატერიალური კეთილდღეობით და ჯადოსნური მაგნიტიზმით ვლინდება. ნატივს  შეუძლია ზებუნებრივად მიიზიდოს თავის სიახლოვეს ის ადამიანები თუ ნივთები, რომელიც მოსწონს და რომლის დაუფლებაც სურს. კეთილი ვენერა სიმპათიების და სიყვარულის დაუბრკოლებლად შემოდინების გარანტიაა, რაც ხელს უწყობს ადამიანს, მყარი და ხანგრძლივი კავშირების დამყარებაში.

ვენერას სექსტილი ნატივს სოციალური და ესთეტური თვისებების ჰარმონიულ განვითარებას ჰპირდება, პლანეტით მართულ სფეროში.

ვენერას ტრიგონი ადამიანს საშუალებას აძლევს ხალისიანად, შემოქმედებითად და რომანტიულად გამოხატოს საკუთარი გრძნობები სასიყვარულო და ინტიმურ ურთიერთობებში. როგორი გარეგნობისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ჰარმონიული ვენერას წყალობით, მას ყოველთვის  ძალიან ძლიერი შარმი აქვს, რაშიც თავაზიანობას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. ეს მეტად გულისხმიერი და მიმზიდველი ხალხი ყველას უყვარს და ყველა სიამოვნებით ეხმარება. ამასთან, წამყვან ფაქტორს სწორედ ის პლანეტა ასრულებს, რომელიც ვენერას ტრინით უკავშირდება. ისინი დამაშვიდებლად ზემოქმედებენ სხვებზე. საკმაოდ ხშირად გამორჩეული მუსიკალური და მხატვრული უნარები აქვთ. ბუნებრივია, ამ ასპექტის კონკრეტული ზემოქმედება, მოვლენების დონეზე, ყველაზე ნათლად  ვენერით და პლანეტით მართულ სფეროებში ვლინდება.

ვენერას დაძაბული ასპექტები პლანეტებთან

დაზიანებული ვენერას შემთხვევაში, ესთეტური და მგრძნობიარე ხასიათის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის პრობლემებს ვაწყდებით. ადამიანს დაბრკოლებები ექმნება სოციუმშიც, სადაც ხშირად ეჩეხება არაადეკვატური უკუკავშირის პრობლემას.

ვენერას კვადრატი გამოწვევას უცხადებს ადამიანის სიმპათიებსა და გრძნობებს, რითაც მნიშვნელოვნად ართულებს მის საზოგადოებრივ და ემოციურ ცხოვრებას. ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში აუცილებლად შეხვდებით, როგორც მინიმუმ, ერთ უბედურ ან/და დაუკმაყოფილებელ სასიყვარულო ისტორიას მაინც. ესთეტური და მხატვრული ფორმებით თვითგამოხატვაში ადამიანს არც გემოვნება ჰყოფნის და არც განათლება. ხშირად დამახასიათებელი უზომო სიზარმაცე, ზედმეტი მგრძნობიარობა ან პირიქით, გრძნობების დამუხრუჭება. მისი ცხოვრება სავსეა გრძნობითი და სოციალური სირთულეებით.

ვენერას ოპოზიცია იმის მაუწყებელია, რომ ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა. ეს ასპექტი სერიოზულ საფრთხეს უქადის მის ემოციურ და სასიყვარულო სფეროებს, რადგან ის იძლევა ზემგრძნობიარობას და ზედმეტად მომთხოვნ დამოკიდებულებას გარშემომყოფების მიმართ. ამასთან, თვითონ ნატივი სხვების გრძნობითი მდგომარეობისადმი შესამჩნევ გულგრილობას ავლენს. მას არ შეუძლია და თავში აზრადაც არ მოსდის, სხვის მდგომარეობაში ჩააყენოს თავი და ისეთივე პატივისცემა გამოიჩინოს მათ მიმართ, როგორსაც მათგან ითხოვს და როგორც საკუთარი თავი უყვარს.

• „პლანეტით მართული სფეროები“ _ ა) იგულისხმება სახლი, რომელსაც მართავს პლანეტა. პლანეტა მართავს სახლს, რომლის კუსპიდიც (საწყისი საზღვარი) მდებარეობს მის სატახტო ნიშანზე. მაგალითად, მზე მართავს სახლს, რომელიც იწყება ლომზე. მთვარე მართავს სახლს, რომელიც იწყება კირჩხიბზე, მერკური _ ტყუპების კუსპიდს და ა.შ. ბ) ის სახლი, რომელშიც ვლინდება პლანეტის ენერგია. (მაგ.: პლანეტა III სახლში).

დამხმარე სტატიები

ვენერა  ვენერას პრინციპები  ვენერას დამუშავება

About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top