შემდეგ ორივემ წამოიყვირა:
-მოკეტე რა!
-მოკეტე რა!
რა ხდება, როდესაც ორი საკმაოდ შეთავსებადი, მაგრამ მსგავსად გაუწონასწორებელი ხასიათის ვერძი, ერთმანეთის მეგობრები, მეზობლები, საქმიანი პარტნიორები, საყვარლები, მეუღლეები ან ნათესავები ხდებიან? შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ვერძებს, გავაანალიზოთ მზის ნიშნების 1-1 რთული ფორმულა, რომ დავახასიათოთ ეს ურთიერთობა? ერთი წამით, ვიფიქრო… მორჩა, პასუხი მზადაა! რა თქმა უნდა, შეგვიძლია და ვერძებს ყველაზე უკეთესად. პრინციპში, გასარჩევიც არაფერია. მაშ ასე, სასწრაფოდ გავარკვიოთ, რაშია საქმე. პირადად მე ვერ ვიტან ლოდინს, თქვენ?
უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ იმ შეცდომებზე, რომლებიც შეიძლება ახლო ურთიერთობაში მყოფმა ვერძებმა დაუშვან. ასეთი კი იმდენია… თუმცა იღბალიც არანაკლებ გვწყალობს. ვერძისთვის თავი პირველ ადგილზეა, ამიტომ, თუ იმპულსური ყოჩი სადმე თავით გადაეშვა, ჭანჭრობში მონათესავე სულთან ერთად აყირავება, ასე თუ ისე, დამამაშვიდებელია _ ხმის გამცემი მაინც გეყოლება.
როდესაც ამ ორი ძლიერი „ეგოს“ პირადი აურები ერთმანეთს ერწყმის, გაანთავისუფლეთ სივრცე სარაკეტო სტარტისთვის. მართლაც, რა სასიამოვნოა სიცოცხლით სავსე, ენერგიულ, ხალისიან და გახსნილ ადამიანთან შეხვედრა, ამდენი მოსაწყენი პედანტის, მეწვრილმანე ძუნწისა თუ უცოდველი წმინდანის შემდეგ. რა კარგი იქნებოდა ვინმესთან დამეგობრება! და რა გასაკვირია, რომ ვერძები აღფრთოვანებულნი არიან ერთმანეთით?! ყოველი მათგანი ბედნიერებად აღიქვამს იმ სასიამოვნო “დამთხვევას”, რომ მის ახალ ნაცნობს არ აწუხებს არც მისი ექსტრავაგანტულობა, არც იმპულსურობა, არც შეუსვენებელი ლაქლაქი, არც შეხვედრაზე დაგვიანება. ამას გარდა, ახლა შეძლებენ, ერთად იარონ სტომატოლოგთან და არავის აუხსნან, რაში სჭირდებათ თანხმლები.
ვერძთა უმეტესობა თანაბრად ვერ იტანს ორ რამეს: სტომატოლოგთან ვიზიტსა და სურათების გადაღებას. დიახ, დიახ, ცუდად გამოსული სურათი ისევე აშინებთ ამაყ ყოჩებს, როგორც კბილის ამოღება ან დაბჟენა. სასაცილო ან უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენის პერსპექტივა საკუთარი გარეგნობით შეპყრობილი ვერძის თავმოყვარეობას მტკივნეულად ურტყამს. თუმცა ის ფაქტი, რომ ვერძს სტომატოლოგების ეშინია, სულაც არ მეტყველებს მის სიმხდალეზე. მარსი უხვად აჯილდოვებს თავის შვილებს სიმამაცით, საკმარისია სულ ოდნავი მინიშნებაც კი და ომის პლანეტა ყოველთვის მზადაა „ცოტაც“ დაუმატოს. უბრალოდ ვერძებს არ უყვართ წამლები; არ მოსწონთ, როდესაც მათ თავს, სახეს, თვალებს, ცხვირს, ყურებსა და პირს უშნოდ ეხებიან. ცხადია, კატეგორიულად ვერ იტანენ, როდესაც ვინმე ცდილობს შეხედულებები შეაცვლევინოს და გავლენა მოახდინოს მათ შეხედულებებზე.
მაგალითად, ვერძი ქალბატონები უკიდურესად იშვიათად აკითხავენ დალაქს,რადგან სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ მაღალი კლასის პროფესიონალიც კი ვერ შეჭრის თმას ისე, როგორც მათ სურთ. ბოლოს და ბოლოს, ვის ძვირფას თავზე იზრდება ძვირფასი თმები? სამაგიეროდ, შეიძლება უცებ წამოუფრინოთ თავში „იდეამ“ და თავისით, მოკლედ და უთანასწოროდ შეიჭრან თმა, იმ შემთხვევაშიც, თუ მოგვინებით ინანებენ. მაგრამ თუ ეს სხვამ გაუკეთა, დაბადების საათს დააწყევლინებენ. თუმცა თავის თავზეც არანაკლებ ბრაზობენ. გაბრაზებული ვერძი სრულიად კარგავს გარჩევის უნარს და საკუთარ ძვირფას თავსაც კი უბრაზდება.
ვერძი, რომელიც მთრთოლვარედ ეკიდება ყველაფერს, რაც მის თავს ხდება, ჭეშმარიტად მკვეთრად გამოხატული ვერძია. აბა, როგორ არ გაუფრთხილდეს, ადამიანებსა თუ ნივთებთან შეტაკების შედეგად, არაერთი იარით დამშვენებულ თავს? უფრო მარტივი და საიმედოა, თავად გააკეთოს ყველაფერი. ვერძს არ ეშინია სირთულეების. თავისთვის აკეთებს თუ სხვისთვის, სულ ერთი არ არის?! მარსი მხოლოდ აძლიერებს მის დიდსულოვან სწრაფვას, გასცეს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა და მნიშვნელობა არ აქვს ეს დრო იქნება, ფული, სიყვარული თუ ერთგულება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკუთარ ინტერესებში მოქმედებს, ვერძი მიდრეკილია დამატებითი სირთულეების შექმნისკენ. ამიტომ, ტიპური ვერძი უხვად ქმნის პრობლემებს ისეთ სიტუაციებშიც კი, სადაც ყველაფერი თავისითაც მშვენივრად მოგვარდებოდა.
ნუ ურჩევთ ვერძს „ნორმალური ცხოვრება მოიწყოს“. ის დარწმუნებულია, რომ ღირს მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინო და ნორმა გააუმჯობესო. გაუარესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. „ნორმალური” და „დამაკმაყოფილებელი” ვერძისთვის საკმარისი არ არის.
ვერძებს თავისუფლად შეუძლიათ ფული ისესხონ ერთმანეთისგან და არ მოითხოვონ დაბრუნება განსაზღვრულ ვადებში (თუ რომელიმე მათგანზე თხის რქა, კირჩხიბი და კურო მთვარე ან ასცედენტი არ ახდენს გავლენას), რაც ასევე ამყარებს მათ ურთიერთსიმპათიას. ორივე პირდაპირ და მარტივად წყვეტს ნებისმიერ საკითხს, მათ შორის ფინანსურსაც. ისინი არასოდეს ატყუებენ ერთმანეთს. მეტიც, საერთოდ არც კი იციან როგორ კეთდება ეს. თუმცა დროდადრო ვერძები გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ გადახდისუნარიანობას და შეიძლება საერთოდაც დაივიწყონ ვალი, თუ სხვა რამით არიან გატაცებულნი. ვერძი გიჟდება სიახლეებზე. ნებისმიერი ახალი რამ მთლიანად იპყრობს მის ყურადღებას, არსებას და მეხსიერებასაც . შესაბამისად, თუ მას ვალის დაბრუნება გადაავიწყდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსინდისო ადამიანია. არაფერი ისე არ სწყინს ვერძს, როგორც უსაფუძვლო უნდობლობა. ტიპური ვერძისთვის, ქალი იქნება თუ მამაკაცი, სიტყვის გატეხვა, მათ შორის საკრედიტო პირობისაც, ღირსების შელახვის ტოლფასია. იმავდროულად, მათ შეუძლიათ ყველაფერი გადმოგილაგონ, რაც აქვთ და იმაზე მეტიც. ვერძის დადანაშაულება სიფრთხილესა და გაუბედაობაში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით, არაფრით შეიძლება. ლოგიკურად, მათი გატყავება ძალიან ადვილია. ფული გაგითავდა? რატომ უნდა იდარდო? ხვალ ისევ გექნება, შეიძლება იმაზე მეტიც, ვიდრე გქონდა. განა ჩვილი ნერვიულობს, სად იშოვოს რძე? რა თქმა უნდა, არა. ყველაფერი თავისით ჩნდება, როგორც კი მოისურვებს და ყვირილს ატეხავს.
ყველა ვერძი ერთმანეთის მადლიერი იქნება ნდობისათვის. ვერძები არამხოლოდ სრულ ნდობას უცხადებენ „ნათესავებს“, არც ანგარებიანი მიზნებით გამოიყენებენ ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს ყველაზე თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ვერძებისთვის თავიდან მთელი სამყარო ბედნიერების კარუსელია. მაგრამ, ვარდისფერი შაქარყინულის გალღვობის შემდეგ, შეიძლება იმედგაცრუება დაეუფლოთ. როდესაც ცეცხლი ცეცხლს ხვდება, მხურვალე კოცონის ალი ცას სწვდება, მაგრამ შეიძლება ყველაფერი სხვაგვარადაც აეწყოს, თუ ისინი არ ეცდებიან გატეხონ ერთმანეთის ფაქიზი, მაგრამ მოუთვინიერებელი სულები.
დაბადებით ექსტრავერტ ვერძებს შორის ისეთებსაც შეხვდებით, ვინც ბუნებრივი გახსნილობით არ გამოირჩევა. ვისი „ეგოც“, საუბედუროდ, ბავშვობაში დაითრგუნა. ასეთი ადამიანები ჭარბ ენერგიას შიგნით მიმართავენ და კონცენტრირებულნი არიან საკუთად თავზე, რაც სრულიად არაბუნებრივია მათთვის. თუ ახლო ურთიერთობაში მყოფი ორი ვერძი, ამ კატეგორიას განეკუთვნება, გარედან დამკვირვებელს თავში აზრადაც არ მოუვა, რომ მათ ერთმანეთის განრისხება შეუძლიათ, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. ადრე თუ გვიან, შეტაკება აუცილებლად მოხდება. როდესაც მარსი მარსს ეჯახება, გრანდიოზული ომი გარდაუვალია. ძალიან ახლო ურთიერთობა, რომელიც თუნდაც მცირე განშორებებით არ წყდება, უდაოდ წარმოშობს მრისხანე ჭექა-ქუხილს. თუმცა მათი ველური შერკინებები უმეტესად ურთიერთსიმპათიებში გადაიზრდება.
იმისათვის, რომ ორი ვერძის თანაცხოვრება მეტნაკლებად ჰარმონიული იყოს, შეიძლება შევთავაზოთ შემდეგი ტიპის ქცევა: დაე, ერთმა თავისი „ეგო“ გამოავლინოს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს; მეორემ წამყვანი პოზიცია დაიკავოს სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას. შაბათი კი დატოვონ მათი საყვარელი შეჯიბრისთვის, რომელიც უძლიერესს გამოავლენს. მერწმუნეთ, დამარცხებულს ჭრილობებს გამარჯვებული გადაუხვევს, მისთვის დამახასიათებელი სინანულითა და სულგრძელობით. ვფიქრობ, ამ გეგმამ უნდა იმუშავოს, რადგან არც ერთი ვერძი არ იტყვის უარს დროებით დათმოს ლიდერობა, როდესაც დარწმუნებულია, რომ მეორე დღესვე დაიბრუნებს პოზიციას.
ყველა ვერძმა შესანიშნავად იცის საკუთარი თავის ფასი, მაგრამ მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გარშემომყოფები ღიად აფასებდნენ და უყვარდეთ. ცხადია, ვერძი არასოდეს შეწყვეტს ლიდერობისთვის ბრძოლას, მაგრამ ის მშვენივრად სწავლობს საკუთარ გამოცდილებაზე. თავის მსგავსს _ უეშმაკო, თავმოყვარე და აგრესიულ ნატურასთან ურთიერთობამ შეუძლებელია არ შეარბილოს ნებისმიერი ჯიუტი ვაცი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მსგავსი გამოცდილება არაერთ მწვავე ჭრილობას მიაყენებს მათ სენსიტიურ სულებს. ვერძის გულზე ყოველთვის იმაზე მეტი იარაა, ვიდრე ის აჩვენებს და მით უმეტეს, ხმამაღლა ამბობს.
ვერძს აუცილებლად უნდა ესმოდეს, რომ მისი ზოდიაქოს ნიშანი პიროვნული ცნობიერების, აისის, აღმოსავლეთის, დღის ძალების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ებრძვის ვერძთა უმეტესობა ასე მგზნებარედ ძილიანობას, სიმშვიდეს, უმოქმედობას და არასოდეს ემორჩილება ბედისწერას. კრიტიკის უმცირესი დოზა ან სულ ხანმოკლე პესიმიზმი დამთრგუნველად მოქმედებს მის შემართებაზე. განსაკუთრებით, თუ დარტყმა სხვა ვერძმა მიაყენა. თუმცა ღრმა წყენაც კი არასოდეს გრძლედება დიდხანს და მით უმეტეს, ბოღმად არ იქცევა, რადგან ვერძს ბავშვივით სწამს, რომ ნებისმიერი ჩხუბის შეჩერება და მეგობრობის აღდგენა შესაძლებელია. ვერძი აზრადაც არ უშვებს, რომ შეიძლება არასწორად აფასებდეს სიტუაციას და მიუხედავად ამისა, ტყუპებისა და მშვილდოსნის გარდა, არავის შეუძლია ისე სწრაფად თქვას უარი მცდარ შეხედულებაზე, როგორც ვერძს, რომელსაც თავაზიანად მოექცნენ. ორივე სქესისა და ნებისმიერი ასაკის ვერძი (პესიმისტური მთვარის ან/და ასცედენტის გამოკლებით), ყოველ მზის ამოსვლაზე თავიდან აწებებს გატეხილ ოცნებებს, იდეებს, მიზნებსა თუ მეგობრობას. რატომ უნდა მიიხედო უკან და ინერვიულო იმაზე, რაც უკვე მოხდა, როდესაც ახალი დღე იმედებით არის სავსე?
მიაქციეთ ყურადღება ფრაზას „რომელსაც თავაზიანად მოექცნენ“? საქმე ის არის, რომ მართალია, თავად ვერძს სჭირდება თავაზიანად მოპყრობა, მაგრამ მის უდაო პიროვნულ ღირსებებში თავაზიანობა ნამდვილად არ შედის. მას შეუძლია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანიც, მაგრამ ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს მოექცე სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ გექცეოდნენ.
ვერძს ვერაფერს აიძულებტ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოწინააღმდეგე აშკარად უფრო ძლიერია. ორი ვერძის შერკინებაზე გაფიქრებაც კი საშიშია. ტიპური ვერძი რევოლვერის ლულის წინაშეც უშიშრად შეგეწინააღმდეგებათ. ვერძები ელიან, რომ მათი სურვილები დაუყოვლებლივ უნდა განხორციელდეს; რომ მათ ბრძანებებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ (თუ მათ ჰოროსკოპში ვერძის გავლენას კირჩხიბის ან სასწორის ნიშანი არ არბილებს). ეს მარსის ინსტინქტური სწრაფვაა ამბოხებისკენ. ერთპიროვნული ინიციტორობისა და წინამძღოლობისკენ მიდრეკილება იმდენად დიდია, რომ ხშირად მეგობრული რჩევაც კი მათ საქმეებში მიუღებელ ჩარევად,ხანაც პირდაპირ ზეწოლად აღიქმება.
თუ ერთ-ერთი ვერძი პლანეტათა განლაგებით უფრო ძლიერია (არა ბრძენი და მომთმენი, რაც ბედნიერება იქნებოდა, არამედ ძლიერი),ამ წყვილში შედარებით სუსტი თანდათან ნერვულ არსებად გადაიქცევა, რომელსაც თითქმის ყოველთვის მოუწევს, დაიცვას საკუთარი უფლება არსებობაზე; რომელიც თითქმის ყოველ წამს თითოეულ საქციელსა და სიტყვას წონის, იმის შიშით, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს ან მას არასწორად გაუგებენ. ეს მართლაც საბრალო სანახაობაა, რადგან სულიერად ძლიერი ასტროლოგიური „ცხოველის“ ასეთი საწყალი განსახიერება ეწინააღმდეგება ასტროლოგიის პირველ კანონს: „უერთგულე შენი მზის ნიშნის არსს, თორემ დაკარგავ ძლიერ ინდივიდუალურ პოტენციალს, რომელიც დაბადებიდან შენ გეკუთვნის“.
მშვიდი ჰარმონიის მიღწევა ორი ვერძისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა ნამდვილად შესანიშნავი იქნებოდა. მე უკვე გითხარით, რომ ვერძები ადვილად პატიობენ და ივიწყებენ, მაგრამ ემოციური ტრავმები არასოდეს ავიწყებდათ იმავე მიზეზით, რომლითაც ბავშვი მარტივად ივიწყებს ფიზიკურ ტკივილს, მაგრამ ქვენობიერი შიშით იმახსოვრებს მტკივნეული წყენის უფრო ღრმა გამოცდილებას… ხანდახან მთელი ცხოვრებაც.
ვერძებს მოუწევთ მუდმივად მოთოკონ სურვილი, ერთმანეთს ტლინკები უთავაზონ, სანამ ვნებები არ დაცხრება. ისინი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ ერთმანეთს, მაგრამ მალევე ეუფლებათ დანაშაულის გრძნობა და ცდილობენ, დათრგუნონ მრისხანება. დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლებას ვერძი უჩვეულო საჩუქრებითა და მეგობრული ჟესტებით ცდილობს. სხვათა შორის, ვერძისთვის საჩუქარი მიჯაჭვულობის, სიყვარულისა და მობოდიშების გამოხატვის საშუალებაა. მაგრამ ის არასოდეს გამოიყენებს საჩუქარს იმისათვის, რომ მეგობრობა იყიდოს. მარსის შვილებს ეზიზღებათ სასურველის „ყიდვა“ (უფრო მოთხოვნას არიან მიჩვეულნი). ამიტომ, ასეთი ეჭვი და ბრალდება ღრმა ჭრილობას აყენებს მათ თავმოყვარეობას. ვერძი საჩუქარს მთელი გულით უძღვნის, თუმცა ასეთი გულუხვობა ხშირად არ ესმით მათ, ვინც საჩუქრებს ფარული ანგარებით გასცემენ. საბედნიეროდ, ორი ვერძი ერთმანეთს ასეთ ტკივილს არ მიაყენებს. ყოველი მათგანი საჩუქარს მარსიანული ბუნების ნორმად თვლის. მათ თანაბრად უყვართ გაცემაც და მიღებაც. ეს ვერძის სიბრძნის ერთერთი გამოვლინებაა: ის დარწმუნებულია, რომ თუ საჩუქარს სიხარული არ მოაქვს, ჩუქების ხალისიც უფერულდება. ტიპურ ვერძს, როგორც პატარა ბავშვს, ნებისმიერი ძღვენი ახარებს. აღელვებული და ბედნიერებისგან სახეგაბადრული ყოჩი ტყავიდან ამოძვრება, რომ მადლიერება გამოხატოს.
ვერძი ყოველთვის გულწრფელია თავის განზრახვებში. მაგრამ მის ტიტანურ ძალისხმევას ხშირად ვერ ამჩნევენ ზუსტად ისინი, ვის დახმარებასაც ცდილობს ის. მეტიც, სირთულეები, რომელსაც ის ქმნის, ნეგატიურ დამოკიდებულებას ბადებს მის მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, ვერძის პირდაპირობა შედარებით ცინიკური ადამიანებისთვის უბრალოდ გაუგებარია. თუმცა ვერძებს შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს, არ იქცნენ საყოველთაო დაცინვის ობიექტებად ან ისეთი ხალხის მსხვერპლად, ვისაც მათი „გაპარსვა“ სწადია. ისინი იცავენ ერთმანეთს მათგან, ვინც ცდილობს სარგებელი მიიღოს ვერძთა ალტრუისტული ზრახვებისგან. ასეთი დაცვა აუცილებელია, რადგან ისინი ძალიან გულუბრყვილო და მყიფე ბუნების ხალხია და სრულიად მოკლებულნი არიან ცბიერებას.
ორი ვერძის ნებისმიერ კავშირში, იქნება ეს ოჯახურ წრეში, სამსახურში, სიყვარულსა თუ მეგობრობაში, ერთი რამ სრულიად ცხადია: ვნებთაღელვა პერიოდულად დუღილის ტემპერატურას მიაღწევს. ძველი რომაელი პოეტი გაიუს კატულუსი მშვენივრად აღწერდა მზის ამ ნიშნის გავლენას საკუთარ ემოციურ უმწიფრობაზე: „მე მძულს და მე მიყვარს… თქვენ შეიძლება იკითხოთ:რატომ? არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვგრძნობ და ეს მტანჯავს“.
ვერძებს შორის გამორიცხულია ტყუილი, თვალთმაქცობა და პირმოთნეობა, მაგრამ ასევე ვერ ვისაუბრებთ სიფრთხილეზე, საღ აზროვნებასა და პრაქტიკულობაზე. აქ ცოტაა ნეიტრალური ეპიზოდები _ მათ შეუძლიათ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ფრენაც და ერთმნეთის დალურჯებაც ,მრისხანების შემოტევებისა და ნატკენი თავმოყვარეობის ჟამს.
და მაინც, მათ შორის ძლიერი ურთიერთგაგებაა, ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის ყველაზე დაუჯერებელ და ვარდისფერ ოცნებებს. შესაძლოა ყველაფერი თავიდან დაიწყონ. შესაძლოა მათი ოცნებებიც ახდეს.
ვერძი მამაკაცი და ვერძი ქალი
რა ხმაურიან მხიარულებად გადაიქცა ეს ცეკვა,
როდესაც ერთმანეთს უბრახუნებდნენ ლოგინზე!
ეს უფრო შებრძოლებას ჰგავდა, ვიდრე ცეკვას.
…და როდესაც ყველაფერი დასრულდა,
ბალიშები დამატებით რაუნდს მოითხოვდნენ.
ვერძი გოგონა დამოუკიდებელი, ეფექტური და ჭკვიანია. თუმცა, მისი აზრით, ვერძი მამაკაციც არანაკლებ გამოირჩევა ამ არაჩვეულებრივი თვისებებით. ის ყველა ხელმისაწვდომი მეთოდით მოითხოვს საკუთარი ღირსებების აღიარებას, რომ მიჯნურსა და საკუთარ თავს დაუმტკიცოს, როგორი შესანიშნავია. თუ ქალი მასზე აღმატებას შეეცდება, ძლიერ აღელევებული ვერძი დაარწმუნებს, რომ გამარჯვება მამაკაცს უნდა დარჩეს. საერთოდ, ვერძი ყმაწვილი ხშირად დგება დილემის წინაშე: თავიდანვე დაიმორჩილოს გოგონა ან სამუდამოდ გამოემშვიდობოს მას. მათ არაერთი შერკინება ელით წინ, სანამ ქალი შეწინააღმდეგებას შეწყვეტს. მაგრამ თუ ის საკუთარი ნებით და არა იძულებით გახდება ქალი, მაშინ მშვენიერი ყვავილივით გაიფურჩქნება.
არც კი სცადოთ ვერძ ქალს სამსახურის დატოვება და საყვარელი მამაკაცის კაპრიზების ასრულება მოსთხოვოთ. მისი ფემინური საწყისის გასახსნელად სხვა მეთოდები არსებობს. თუ მას აიძულებთ (და არა თვითონ მივა ამ გადაწყვეტილებამდე) საყვარელი საქმიანობა იმისთვის მიატოვოს, რომ მამაკაცს სახლის ჩუსტები მიურბენინოს, პირადი მიზნების განხორციელებაში დაეხმაროს და საკუთარი ამბიციები დაივიწყოს,სჯობს თავიდანვე დაშორდეთ.
ვერძების წყვილისთვის ბრძნული გადაწყვეტილება იქნება ფინანასური ხარჯების გაყოფა. მაგალითად, მამაკაცის ბიუჯეტი ყოველდღიურ ხარჯებსა და გადასახადებზე ხარჯონ, ქალის _ იმ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, როდესაც ორივე საერთო ექსტრავაგანტული სურვილების ასრულებას მოისურვებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მამაკაცმა თავი ღირსეულად იგრძნოს. ვერძისთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რომ ეს თავიდანვე პირდაპირ და მკაფიოდ უთხრათ.
მარსის გავლენის ქვეშ მყოფი გოგონა თავის რჩეულს ყველა ცხოვრებისეული გადატრიალებისას თან ახლავს. შესაძლოა მის ხელმძღვანელობასაც მიჰყოს ხელი ტელეფონის, ფაქსისა თუ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. რადგან ვერძმა მამაკაცმა კარგად იცის, რომ მისი ხელმძღვანელობა მას შემდეგ არავის გაუბედავს, რაც ჩვენს მშობლიურ პლანეტას ფიზიკურად მოევლინა, პირველივე საომარი სიმპტომების აღმოჩენისას,ის ანგარიშის გათანაბრებას შეეცდება. თუმცა ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, საკუთარ გაღიზიანება დაეთრგუნა და ამ ცეცხლოვანი ქალის მოთვინიერებით დაკავებულიყო.
ყოველ ვერძ ქალს გულის სიღრმეში სურს, თავის მამაკაცში დამცველს ხედავდეს. საკუთარ ოცნებებში ის ყოველთვის ნაზი და რბილია, მისი მამაკაცი კი კეთილი, ალერსიანი და ძლიერი. მამაკაცი, რომელიც ცდილობს მუდმივად აამოს, ვერძს არ აინტერესებს; ის კი, ვინც, მისი მორჯულების მცდელობაში, ჯოხს გადატეხავს, მას არ სჭირდება. მამაკაცი არ უნდა იჭრებოდეს მის პირად სივრცესა და ცხოვრებაში.
ვერძი მამაკაცის ძლიერი მასკულინური ენერგია, რასაც მარსის გავლენა განაპირობებს, ვერძ ქალს აიძულებს საკუთარ რჩეულს ფართოდ გახელილი თვალებითა და განცვიფრებული აღტაცებით უცქიროს, ჩვეულებრივი გასეირნებისა თუ საძინებელში განმარტოების დროს. თუმცა ეს მთრთოლვარე გრძნობა მხოლოდ სასიყვარულო რომანტიკაზე ვრცელდება. ვერძი ქალი მკაცრად მიჯნავს გრძნობით სფეროსა და ყოველდღიურობას. მამაკაცს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს ეს, თუ მისი შენარჩუნება სურს და არავითარ შემთხვევაში არ იმედოვნოს, რომ ვერძი მის სიგნალებს დაელოდება ან მის მითითებებს შეასრულებს _ ეს უბრალოდ სისულელეა, ვერძის სურვილების იგნორირება კი ძალიან საშიში. ვერძმა მამაკაცმა შეიძლება დაუშვას მსგავსი შეცდომები, სანამ არ მიხვდება, რომ ვერძი ქალი, მართალია, არასოდეს გადალახავს გარკვეულ ზღვარს მასთან ურთიერთობაში, მაგრამ არც მის დიქტატორულ მოთხოვნებს დაემორჩილება. ამ ყველაფერს სრულიად მარტივი და ლოგიკური ახსნა აქვს: ორივე ერთ, ვერძის, ყალიბშია ჩამოსხმული, რომელიც, რა საკვირველია, მზის ამ ნიშნის შექმნისთანავე განადგურდა.
ვერძმა გოგონამ არაერთი ტკბილი ცრემლი დაღვარა მამაც უფლისწულზე კითხვისას, რომელიც უღრან ტყეში მეფის ასულის საძიებლად გაემართა და ჭეშმარიტად წრფელი სიყვარულის კოცნით გამოსტაცა ხელიდან ლეთარგიულ ძილს. ზოგადად, ვერძი ქალის გული „ჭეშმარიტ სიყვარულზე“ გაფიქრებისგანაც კი თრთის. მისი სასიყვარულო იდეალიზმი გაზაფხულივით მარადიულია. მაგრამ, ძვირფასო ვერძებო, საკუთარ თავს მაინც გამოუტყდით, როგორ აგითრთოლდებოდათ გული, რომ წაგეკითხათ, როგორ უშიშრად გაჰქუსლა ველურ ბედაურზე ამხედრებულმა მეფის ასულმა უსიერ ტყეში, რომ მშვენიერი უფლისწული ბოროტი ჯადოქრის ტყვეობიდან დაეხსნა. და საერთოდ, რა ვუყოთ სხვა ზღაპრებსაც, რომლებისაც ისევ გჯერათ? აი, წარმოიდგინეთ ნაზი და სიფრიფანა კონკია, ვარდისფრად შეფაკლული ლოყებით, რომელიც მალიმალ სულის შებერვით ცდილობს შუბლიდან მოიშოროს ოქროს დალალი. გაოფლიანებული და დატანჯული ქერა ლამაზმანი, როდესაც უფლისწულს ფეხზე ბროლის ფეხსაცმელს არგებს, რომ შეამოწმოს ჩაეტევა თუ არა! ნუ დაუპირისპირდებით ყველაფერს, დედაბუნებამ უკეთესად იცის, რასაც აკეთებს!
ვერძებს შორის ურთიერთობა გაცილებით წარმატებულად აეწყობა, თუ ვერძი ქალი რჩეულს მარსის ქუხილების მოპარვის საშუალებას მისცემს. დაე, ინიციატივაც მისგან მოდიოდეს. ამას გარდა, საკუთარი სიჯიუტის გადალახვით, ის, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება, რომ ვერძის აგრესიული სახების მიღმა, იმალება საოცარი იდეალიზმი და სურვილი, იყოს საჭირო და შემჩნეული. კარგი იქნებოდა, ვერძ გოგონას ისიც შეემჩნია, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს შიშიც ამოძრავებს; ფარული შიში, რომ ვერავინ შეიყვარებს ისე, როგორც მას სურს (და ვერძის სურვილები ძალიან მნიშვნელოვანია!), თუ თვითონ არ მიაღწია ამას. ასეთ მამაკაცს, მთელი თავისი დემონსტრაციული დამოუკიდებლობის თანხლებით, ნამდვილად შეუძლია იყოს ძალიან ნაზი და მზრუნველი. თუმცა მას, როგორც სხვას არავის, შეუძლია ყველაზე ძლიერი სულიერი ტკივილების დამალვა და ვერძმა ქალმა ეს კარგად იცის.
რადგან ორივე ერთი ცომისგან არის მოზელილი, თითქოს საერთო ენის გამონახვა მარტივზე მარტივი უნდა იყოს. თუმცა არაერთი მტკივნეული გაკვეთილი იქნება საჭირო, სანამ მიხვდებიან, რამხელა უაზრობაა ერთმანეთის დაუსრულებლად გამოწვევა. სამწუხაროდ, ბოლო გაკვეთილი ის მწარე გამოცდილება აღმოჩნდება ხოლმე, როდესაც გაკვეთილგათავისებული ვერძები იძულებულნი არიან, ერთმანეთს დაშორდნენ.
თუ ვერძი ქალი მთელ თავის აგრესიას მისი საყვარელი მამაკაცის მოწინააღმდეგეების და არა თავისი რჩეულისკენ მიმართავს, ის „ერთადერთი“ ნამდვილად გააღმერთებს და უხვად დააჯილდოებს ყოველი მსგავსი ჟესტისთვის.
ვერძები თითქოს არაჩვეულებრივი სექსუალური პარტნიორები უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის, რადგან სიყვარულისგან ორივე სხეულთა და სულთა ერთობას ელოდება, რაზეც დაუსრულებლად წერენ პოეტები და რისიც თითქმის ყველა ვერძს მტკიცედ სწამს, როგორც აბსოლუტური რომანტიკული დოგმის. სულთა დანათესავების ინსტინქტური წადილი შეყვარებულ ვერძებს ურყევ რწმენას ანიჭებს, რომ მათი კავშირი ზეცაში გადაწყდა, არასოდეს დასრულდება, კუბოს კარამდე და იმის იქით, საიქიოშიც გასტანს. თუმცა ასეთი ჰარმონიის მისაღწევად მათ ერთი საერთო და სერიოზული პრობლემის გადალახვა მოუწევთ: ეს არის ამ ნიშნის მკვეთრად გამოხატული, თუმცა არც თუ ყოველთვის გაცნობიერებული, ეგოცენტრიზმი. სექსთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინტერესი, ცოდნა თუ სურვილი ვერძისთვის სექსუალური პარტნიორის საკუთარი სიამოვნებისთვის მოხმარებას ეფუძნება. ის ისწრაფვის საკუთარი და არა პარტნიორის დაკმაყოფილებისა და სიამოვნებისკენ. ფროიდმა, იუნგმა, კინჩმა, რუბინმა და დანარჩენებმა ეს ყველაფერი ახსნეს, შეამოწმეს, გადაამოწმეს, გამოიკვლიეს, გააანალიზეს, გადაიღეს, ჩაწერეს… ერთი აუდიტორიის წინაშე არ უჩვენებიათ(ამაში აქტიურად ქიშპობენ სცენა, კინო და ჟურნალები), მაგრამ მამაკაცებისა და ქალების უმრავლესობამ დღემდე ვერ მიიღო პასუხები საკუთარ კითხვებზე.
კარგი იქნებოდა თუ ეს საყვარლები უზარმაზარ პლაკატს შეიძნებდნენ რომელზეც გამოსახული იქნებოდა ნეტარებისგან გასხივოსნებული ღიმილიანი სახეები და სლოგანი: “სიყვარული იწყება იქ, სადაც სხვისი სურვილი საკუთარ სურვილზე მნიშნველოვანი ხდება“. ასეთი აბრა უნდა ჩამოკიდონ საწოლის თავზე, იმ ხალიჩასთან ერთად, სადაც რომეოსა და ჯულიეტას ჯვრისწერაა გამოსახული.
როდესაც ამ ბავშვური თავმოყვარეობის გადალახვას მოახერხებენ, სინაზისა და ურთიერთგაგების მეშვეობით, ორი ვერძის სექსუალური ურთიერთობა შეიძლება ექსტაზური იყოს. მათთვის სექსუალური სიყვარული უცნაური წინააღმდეგობებისგან შედგება, რომელიც მათ პარტნიორობას პირდაპირ და გამჭოლ, მხურვალე და გაუკონტროლებელ, ფეთქებად სურვილად აქცევს… და ფერად ყვავილებად, წვიმის ქვეშ.. და ალერსიან ტალღებად თეთრი ქვიშის პლაჟზე. სიმბოლური ვერძი-ჩვილის გულუბრყვილობითა და განცვიფრებით შერბილებული მარსის ძლიერი გავლენა, საოცარ და იშვიათ ემოციებს ბადებს… აშკარაა, რომ ორ ვერძს შორის კავშირი თითოეულისთვის კარგ ცხოვრებისეულ სკოლად შეიძლება იქცეს, რომელიც მათ სხვა ადამიანებთან ნაზად მოპყრობას ასწავლიდა. ასე რომ, ძნელბედობის ჟამსაც კი, ეს საინტერესო კავშირი იქნება.
რა მოუვა ვერძ ქალს, თუ მისი რჩეული სხვა გოგონებთან ფლირტს წამოიწყებს? ან თუ თავად გაუღიმებს მაცდურად სხვა მამაკაცს? ატომური ბომბის მსგავსი ემოციური აფეთქება, რომლის შედეგებიც ისეთივე საზარელი იქნება მათი სიყვარულისთვის, როგორც ბომბის აფეთქება მთელი პლანეტისთვის. ყველა ვერძი აუცილებლად აგრძნობინებს მეორეს, რომ არავის მისცემს მის თავისუფლებაზე ხელყოფის უფლებას. მაგრამ იმისათვის რომ პარტნიორიც თანასწორად აღიაროს იმავე უფლებაში, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მათ მოუწევთ გაითავისონ, რომ სიყვარული შეჯიბრი არ არის, სადაც უნდა გაიმარჯვო; ბრძოლა, რომელიც უნდა მოიგო; პრიზი, რომელიც უნდა მოიპოვო. სიყვარული ბედის საჩუქარია და სიხარულით უნდა გასცე და მიიღო. ვერძები ბევრს ითხოვენ ცხოვრებისგან და ბევრსაც აღწევენ. მაგრამ სიყვარულის მოთხოვნა უაზრობაა.
ვერძი მამაკაცი მკაფიოდ აგრძნობინებს თავის ქალბატონს, რომ მას არც ეჭვიანობის უფლება აქვს და არც სხვისკენ გახედვის. ვერც ქალი ეგუება ეჭვიანობას, მაგრამ თუ შეამჩნია, რომ მისმა რჩეულმა თვალი სხვა ქალისკენ გააპარა, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელობას იხსნის. იცით ეს რას ნიშანავს? ეს ეგოიზმია. თვითონ ვერძები ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ აჯობებს კარგად დაფიქრდნენ. ვერძს ეჭვიანობა იპყრობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მძინარე რჩეულის სახეზე ღიმილს ხედავს. დამიჯერეთ, არაერთი ვერძი ეკითხება დილით საყვარელ ადამიანს: „ალბათ კარგ სიზმრებს ხედავდი ღამით… საინტერესოა ვინ დაგესიზმრა ასეთი?“ და თითქმის ყოველთვის მეორე ვერძისგან საპასუხო აგრესიას იღებს: „ჩემი სიზმრები შენ არ გეხება! გარდა ამისა, დღეს რაღაც არ ჩქარობდი ლოგინიდან წამოხტომას. ალბათ, იმ გოგოზე ოცნებებმა გაგიტაცა, გასულ კვირას მაღაზიაში რომ ეფლირტავებოდი“.
დიალოგები შეიძლება სხვადასხვნაირი იყოს, მაგრამ ასეთი შეხლა-შემოხლა გარდაუვალია. ვერძებმა ერთმანეთს სიყვარულისა და პატივისცემის აღთქმა დაუდეს და არა მორჩილების! ამ ორმა სუპერეჭვიანმა ადამიანმა მუდმივად უნდა უმტკიცოს ერთმანეთს უბერებელი აღტაცება, რადგან ყველა ვერძის ეჭვიანობას საფუძვლად უდევს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ქვეცნობიერი შიში. ასეთი შიში თითქოს შეუთავსებელია ვერძის ცნობიერ მიდრეკილებასთან, იყოს დამოუკიდებელი. ვერძი ისე, როგორც არავინ, ემორჩილება უეცარ აღტყინებებს და ყველაფერს ივიწყებს დედამიწის ზურგზე. ვერძი მამაკაცი, რომელიც ახლად აღმოჩენილ ლამაზ ოცნებას დაედევნა, სინამდვილეში საკუთარი თავის ერთგულია. ვერძმა ქალმა კი კარგად იცის, რომ მას ვერ ეყვარება ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს უღალატა. სულაც არ არის აუცილებელი ახალი აღტყინება მაინცდამაინც სიყვარული იყოს. თუ ქალი მას მიენდობა, ნამდვილად არ ინანებს, რადგან ვერძი მამაკაცი, ყველა სხვა ნიშნის მამაკაცებზე მეტად, მიდრეკილია გააკეთოს ის, რასაც მისგან ელიან და გაამართლოს თქვენი ნდობა და მოლოდინები.
რამდენიმე წლის წინ წერილი მივიღე ვერძი ქალისგან, რომელიც თავისივე ნიშნის მამაკაცს გაჰყვა ცოლად. მათ სამი შვილი ეყოლათ: ერთი ტყუპები და ორი კურო. ისინი იმდენად ბედნიერები არიან, მსურს გაგიზიაროთ იმ წერილის ნაწილი: „ …ჩემს ქმარს კარგად ესმის ჩემი და ჩვენ არასოდეს დავშორდებით, თუმცა ხანდახან, როდესაც რქებით მეჯახება, მიტოვებით ვემუქრები. რადგან, როგორც თქვენს წიგნშია ასახული, როდესაც ბნელ სამყაროს მის მკლავებში ვაფარებ თავს, მამშვიდებს და არასდროს მსაყვედურებს: ეს რა გააკეთე?!. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ადრე, რა მნიშვნელოვანი იყოს ეს ჩემთვის“.
როგორც ხედავთ, ორი ვერძის კავშირი სავსებით დასაშვებია და ამასთან, სულაც არ არის საჭირო მარსისგან ბოძებული მამაკაცურობის, ინიციატივისა და დამოუკიდებლობის მსხვერპლად გაწირვა.
როგორიც არ უნდა იყოს ვერძის ბუნებრივი არსი, თუ ეს გოგონა საკუთარი ნატურის მართვას ისწავლის და შეძლებს, უარყოფისა და სირცხვილის ნაცვლად, იუმორით მიუდგეს ამ საკითხს, ის გაითავისებს გაკვეთილს. იმისათვის რომ სხვამ შეგიყვაროთ, თქვენ თავად უნდა შეიყვაროთ თავი, რაც აუცილებლად მოითხოვს გულწრფელობასა და იუმორს.
თუ ორი ვერძი ოქროს წესს დაიცავს და ისე მოექცევა მეორეს, როგორც სურს, თავად მას ექცეოდნენ, მათი კავშირი ჭეშმარიტად ბედის საჩუქრად იქცევა _ თავისუფლება იყო ისეთი, როგორიც ხარ და არ გეშინოდეს საყვარელი ადამიანის დაკარგვის.
კამათის დროს გაცეცხლებულმა მამაკაცმა შეიძლება განაცხადოს, რომ მიატოვებს მას, მაგრამ ასე არასოდეს მოიქცევა. თუ მან ერთხელ უკვე შეიყვარა ვერძი, ყველა სხვა ქალი მას მოსაწყენად მოეჩვენება. ვერძთან ურთიერთობა მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა. და რაც არ უნდა წამოაყრანტალოს გაცეცხლებულმა ვერძმა ქალმა, არც ის მიატოვებს თავის რჩეულს.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.
სტატიის ავტორი: Qet Adastra