ვერძი და მორიელი

ვერძი და მორიელი

                                        

მეკობრეებს შეიძლება გაემარჯვათ კიდეც, მეგობრულად რომ ებრძოლათ,

მაგრამ  თავდასხმის დროს სხვადასხვა ადგილზე აღმოჩნდნენ.

ისინი აქეთ-იქით აწყდებოდნენ გემბანს და ყოველი მათგანი თვლიდა,

რომ მხოლოდ ის გადარჩა ცოცხალი.

თავიანთ ფარულ ოცნებებში ვერძები თავს მეკობრეებად წარმოიდგენენ. ისინი ხომ ისეთი  მამაცები, რომანტიულები და თავზეხელაღებულნი არიან. მაგრამ პიტერ პენის მეკობრული ჯგუფის მსგავსად, ვერძი ხშირად ხარჯავს თავის ენერგიას, როდესაც წინასწარ ავლენს თავდაცვით ემოციურ რეაქციას. ვერძი არასდროს გადადის იერიშზე, სანამ თავში არ ჩაარტყამენ. გახსოვდეთ, ვერძი ზოდიაქოს ჩვილია  _ ბავშვები კი არ ტირიან, თუ მათ უყურადღებოდ არ ტოვებენ ან არ აწყენინებენ. მაგრამ როდესაც ვერძს უფრო სერიოზული საფრთხე ემუქრება, დასახმარებლად მისი მფარველი მარსი მოდის.

აი, მორიელი თავდასხმის დიდოსტატია. მისთვის დამახასიათებელია ცივსისხლიანი და მკაფიოდ გათვლილი სტრატეგია, გამორჩეული მოთმინება და სასწაულებრივი გუმანი, რომლის მეშვეობითაც ზუსტად გრძნობს ადამიანთა სისუსტეებს. თქვენ ვერ ნახავთ მოდუნებულ და ქაოსურად მოქმედ მორიელს, რომელიც უაზროდ იქნევს კუდს. ისინი პირდაპირ მიზანში გესლავენ, თანაც საოცარი სიზუსტით. არასოდეს გაეხუმროთ პლუტონის ძალას და მით უმეტეს, არ დაელოდოთ მეორე გაფრთხილებას. ერთიც კი საკმარისზე მეტია.

უცნაურია, მაგრამ მორიელთან ურთიერთობაში ვერძი არ არის ჩვეულად პირდაპირი და მიმწოლი,როგორც სხვა ნიშნების ადამიანებთან. არის რაღაც ამ დამაჰიპნოზებელ პლუტონიურ თვალებში, სადაც მშვიდი წონასწორობა და ფარული ძალა ირეკლება, რომელიც თითქოს აფრთხილებს ვერძს : “ფრთხილად, ეს წყალი მხოლოდ ჩანს,რომ მშვიდია. შენ კი ერთი ქაღალდის ბეკეკა ხარ. რას იზამ ზვიგენებით, წყალმცენარეებით, საშინელი ღამეული ქმნილებებით, რიფებითა და საიდუმლოებებით სავსე დიდ ოკეანეში რომ აღმოჩნდე?“ მორიელები სწორედ ასეთი წყლებიდან და უდაბნოებიდან მოდიან. ვერძი ინსტინქტურად იჭერს საფრთხის სიგნალს. ოჰ, საფრთხე! ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ვერძს ენერგიით აღავსებს და მოქმედებისკენ უბიძგებს. ამიტომ თავდაპირველი სიფრთხილე მალე მარსიანული თავდასხმით იცვლება და თითქმის ყოველთვის ეს შეცდომაა! ვერძი მორიელზე უფრო  მტკიცეა, ხმამაღალი და დაჟინებული. მაგრამ როდესაც ბანქოების გახსნის დრო დგება, ტიპური მორიელი უბრალოდ ქრება ან გაუცხოების დუმილით იმოსება და ვერძს გაუგებრობაში ტოვებს: ბოლოს და ბოლოს ვინ მოიგო? სხვა სიტყვებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მორიელი მართლა დაამარცხეთ, თქვენ ვერასოდეს ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნებით ამაში და ყოველთვის შეგაწუხებთ უსიამოვნო ეჭვი, რომ თქვენ წააგეთ. ვერძს დიდი გამოცდილება არ სჭირდება იმის მისახვედრად, რომ მორიელთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება მასთან თანამშრომლობაა, მხოლოდ უსაფრთხო დისტანციის დაცვით. ახლო ურთიერთობა  -ეს ცოტა სხვა თემაა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს 6-8 მოდელის ვიბრაციასთან.

ამ სტროფების დაწერამდე რამდენიმე ხნით ადრე შევნიშნე, რომ ჩემი ათი წლის მორიელი შვილი სულ უფრო სუქდებოდა და ზარმაცდებოდა, რადგან მთელ თავის ჯიბის ფულს ნაყინებზე, ნამცხვრებზე,  გაზიან სასმელებზე, შაქარყინულებსა და სხვა სასუსნავებზე ხარჯავდა.

„მაიკლ,  – ვუბრძანე მარსინული პირდაპირობით  -დაუყოვნებლივ შეწყვიტე ამ საზიზღრობების ჭამა! არ დავინახო ტკბილეული შენ ოთახში შეიტანო და კარადაში დამალო! შენ აღარ იყიდი ღვეზელებს,  ესკიმოებსა და კანფეტებს! გესმის ჩემი?“ პასუხად  სრული სიჩუმე. მომდევნო ორ კვირაში კიდევ ათი ფუნტი მოიმატა. მაშინ ჯიბის ფულის მიცემა შევწყვიტე, რომ დამესაჯა: “აბა ვნახოთ, ახლა რას მოიფიქრებს“. მოიფიქრა: შემდეგ კვირაში არაერთხელ დამირეკეს მისმა სკოლის მასწავლებლებმა და შემატყობინეს, რომ მაიკი საშინლად იქცეოდა და გადაჭრით უარს აცხადებდა საშინაო დავალებების შესრულებაზე. საბედნიეროდ, მაშინ გამახსენდა, რომ ასტროლოგი ვარ. ტკბილეულზე აკრძალვა იმ წამსვე მოიხსნა. ჯიბის ფული არა თუ დავუბრუნე, გაზრდილი რაოდენობითაც. „მაიკ,  -ვუთხარი მშვიდად  – მე მჯერა, რომ შენ უკეთესად იცი, რა არის შენთვის კარგი და ცუდი, შენ ხომ პლუტონი გმართავს, მზის სისტემის ყველაზე ბრძენი პლანეტა. მაპატიე, რომ დაგიყვირე. უბრალოდ ძალიან მტკივა გული, სკოლაში ბავშვები ვეშაპს რომ გეძახიან. ეს არც ისე შესაფერისი სახელია მორიელისთვის“. მან მხოლოდ გამიღიმა, მორიელებისთვის დამახასიათებელი ოდნავ შესამჩნევი იდუმალი ღიმილით.

მე არ ველი, რომ მკითხველი დამიჯერებს, რა მოხდა ამის შემდეგ. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არც მე დავიჯერებდი. მას შემდეგ, რაც მორიელის შინაგანი ძალა და პიროვნული ხელშეუხებლობა აღიარებულ იქნა, მაიკმა თვითონ დაიწყო მწვანე სალათების მომზადება, უარი თქვა ყველა დესერტზე და ისეთი რკინის ნებისყოფით შეუდგა დიეტის დაცვას, თავიდან შემეშინდა. მალე სერიოზულად მოჰკიდა ხელი კარატეს. მას არ უნდოდა შავი ქამარი,მისთვის თავად ვარჯიში იყო მნიშნველოვანი,რომ სკოლაში სხვებზე ძლიერი ყოფილიყო. სხვათა შორის, კარატე მშვენიერი ტრენინგია პატარა მორიელებისთვის, რადგან ის ასწავლის ავტორიტეტების პატივისცემას და აქცენტირებს თავდაცვაზე, თავდასხმის ნაცვლად.

ორი თვის შემდეგ მას აღარავინ ეძახდა ვეშაპს. მან თავისით მოიფიქრა ზედმეტსახელი: მო -მარადიულობის ოსტატი, რასაც სიმბოლურად განასახიერებს პლუტონი. შემდეგ თავის უახლოეს მეგობრებთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა, სახელწოდებით „მარგალიტი“ (მნიშვნელობა საიდუმლოდ ინახება და არც მაქვს იმედი, რომ ოდესმე გამიმხელს), რომლის მისიაც სკოლის უმცროსკლასელების დაცვა იყო. აი, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც იმპულსური ვერძი სათანადო პატივს მიაგებს ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის მორიელს.

მორიელი საიმედოა და ის არ მიდის კომპრომისზე, რაც სასიამოვნოდ ეხმაურება ვერძის  გულს, რომელიც ასევე მართალია საკუთარ თავთან და არასოდეს ღალატობს თავის იდეალებს. მორიელი არასდროს ნებდება და არ უშვებს დამარცხებას, ასევეა ვერძიც. მხოლოდ სათუთი და ნაზი არსებები ნებდებიან, ამ ორს კი ეს ყველაზე ნაკლებად ეხება.

მორიელს ვერძისთვის გაუგებარი კიდევ ერთი იდუმალი თვისება აქვს  – ნებისყოფის ძალა?  თუ უბრალოდ ნება? ეს ემოციურად ძლიერ დაძაბულ აურას ქმნის, რომელიც ყოველთვის გარს აკრავს გარეგნულად უწყინარ მორიელებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მორიელი თავს დრაკულასავით დაგესხმებათ. მათი უმეტესობა უდაოდ სასიამოვნო ადამიანია  – საინტერესოები, ჭკვიანები და თავაზიანები. მაგრამ მათ შორის ვერ შეხვდებით მორიდებულ, არასაიმედო და უმწეო არსებებს. ასე რომ, ვერძი არ უნდა მოტყუევდეს მათი რბილი ხმით, მშვიდი ქცევებითა და აშკარად გამოხატული აგრესიის არარსებობით.

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ცეცხლი და წყალი შეთავსებადია, მაგრამ მათ ერთმანეთის განადგურება შეუძლიათ. ჩემი ერთი ნაცნობი მორიელი მამაკაცი, ხანგრძლივი და მართლა საიდუმლო ტრფობის შემდეგ თავისივე ნიშნის ქალზე დაქორწინდა. როდესაც აპრილში შვილი შეეძინათ, კინაღამ შევთავაზე, ბავშვი ჩემთვის მოეცათ. პატარა ვერძი ორი ძლევამოსილი მორიელის ხელში? ეს სრულიად გაანადგურებდა მის „ეგოს“! მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერძმა უზარმაზარი სარგებელი მიიღო მშობლების მშვიდი დისციპლინისა და ინტუიციური სიბრძნისგან.

განვითარებული და განათლებული მორიელების წყვილი მორალური სიმამაცისა და პირადი პატიოსნების ბრწყინვალე მაგალითია პატარა ვერძისთვის. ისინი შესანიშნავად ასწავლიან ნებისყოფასა და სტაბილურობას იმპულსურ ვერძს, რომელიც ყოველი ახალი ენთუზიაზმის აფეთქებისას, სწრაფად კარგავს ინტერესს საკუთარი ჩანაფიქრების მიმართაც კი. თუმცა ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე, რომ პლუტონის ძალა შეიძლება ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდეს მარსისთვის. მორიელისებური სიფრთხილით ნებისმიერი ასაკის ვერძი შეიძლება ჩაქრეს და გახდეს ცხვრის ტიპის არაბუნებრივი ინტროვერტი, რომელიც ცდილობს ყოველთვის ჩრდილში იყოს, რაც სასტიკად ეწინააღმდეგება მარსის ბუნებას. თუმცა უფრო იღბლიან კავშირებში ვერძი გულისხმიერად ეხმაურება მეგობარი, მეზობელი, საქმიანი პარტნიორი, შეყვარებული თუ მეუღლე მორიელის ძალას და შეეცდება მიიღოს პლუტონის ამტანობა, რაც დანამდვილებით წაადგება მის სულსწრაფ ხასიათს. ტანდემის მეორე ნახევარიც, მორიელი, ბევრს ისწავლის უფრო გახსნილი ბუნების ვერძთან ურთიერთობაში, მისი თავისუფალი და კეთილგანწყობილი მიდგომით ცხოვრებისადმი. თუმცა მორიელის ემოციურ სიცივეს ხანდახან შეუძლია ვერძის მგზნებარე გული გააციოს და მისი თავდაჯერებაც შეარყიოს.

იქნება შემთხვევითი მომენტები, როდესაც ვერძი მორიელის  გამჭოლ მზერას შეეჩეხება. იმ წამს ვერძს ეგონება, რომ ბოროტი მოჩვენება უყურებს და მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელია, შინაგანი კანკალი აიტანს. მე ვიცნობ ერთ მორიელ მამას, რომელიც თავის ვაჟიშვილებს (ერთერთი ვერძი) ხშირად მიჰყავთ სასოწარკვეთილებამდე. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ის გაბოროტებული ხმით ამბობს: “მე ამას დავიმახსოვრებ!“ მორიელი არასდროს ივიწყებს ცუდს, არასდროს! მაგრამ არც მამაკაცი, არც ქალი და არც ბავშვი მორიელი არასდროს დაგივიწყებენ სიყვარულსა და სიკეთეს.

ზოგიერთი მორიელი საკუთარი სურვილების მონა ხდება. ისინი ყოველთვის თავისი მიზნებისკენ მიიწევენ, იმ შემთხვევაშიც, თუ სრულიად თვალსაჩინოა, რომ ამ გზას თვითგანადგურებამდე მიჰყავს. ვერძს კარგად ესმის ეს, მაგრამ ვერძი ცეცხლის პოზიტიური ნიშანია _ უდარდელი, ემოციებით სავსე,  მარსის ჯვაროსანი შვილი. მორიელი _ წყლის უარყოფითი, რეალობის ღრმა შეგრძნებითა და ძალით დაჯილდოებული გამობრძმედილი ვეტერანი, რომელსაც მედგრად გადააქვს ყველა სიმძიმე. მას არც აღლუმებისა და ჩინ-მედლების ბრწყინვალება აბრმავებს. მათი სტრატეგიებიც განსხვავებულია: ვერძი მძვინვარედ იბრძვის წინა ხაზზე; მორიელი მოულოდნელად ესხმის თავს არიერგარდიდან. ბრძოლის ველზე ეს ორი მზის ნიშანი იხსენებს, რომ დაბადებიდან ერთმანეთის მტრები არიან…

მაგრამ მშვიდობა უკეთესია და ის სიყვარულით იწყება.

 

 

ვერძი მამაკაცი და მორიელი ქალი

სანდრო ნიჟარაძე და რუსკა მაყაშვილი

 

_მე რომ სუსტი პიროვნება ვყოფილიყავი,  – თქვა მან.

_ ოჰ, ღმერთო, მე რომ სუსტი ვყოფილიყავი!..

შეიძლება ასტროლოგიური რჩევა მივცე ვერძს, რომელიც საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას  მორიელ ქალთან აპირებს?.. იშოვეთ წიგნი „ჰედა გაბლერი“ და იკითხეთ სტროფებს მიღმა. ჰედა დანამდვილებით ამ ნიშანს მიეკუთვნებოდა და მისი ხანდახან აუხსნელი ქცევების აღწერა, ვერძს მოულოდნელობებისთვის შეამზადებს. შესაძლოა მისი რჩეული ტიპურ მორიელს არ განეკუთვნება, მაგრამ სჯობს უარესისთვის მოემზადოს, იმ შემთხვევაშიც, თუ უკეთესის იმედი აქვს. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მორიელთან კი ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად. ის ყოველთვის მოულოდნელად მოქმედებს; არასდროს გაგაფრთხილებთ, რა უდევს გულში და რას აპირებს. მაგალითად, ბორბლებს დაუშვებს, როდესაც ვერძი მანქანის ტარებას აუკრძალავს ან ტელეფონის შნურს გადაჭრის, როდესაც ის სხვა გოგონას დაურეკავს. ვერძს, რომელიც წინასწარ შემზადებულია და კარგად ესმის მორიელის შინაგანი მიდრეკილება ამბოხის მიმართ, უცაბედი შურისძიების აქტების თანხლებით, ამ ქალთან თანაცხოვრება არც ისეთ კოშმარად მოეჩვენება.

ზუსტად ეს თვისებები  წარმოშობს დაძაბულობას მათ სასიყვარულო ურთიერთობაში. ვერძისთვისაც კარგად ნაცნობია ბრაზიანი გამოხტომები, რომელსაც ის მარტივად აპატიებდა, ეს ქცევა რომ წინასწარ კარგად გათვლილი არ ყოფილიყო. ვერძებს არ უყვართ უსიამოვნო სიურპრიზები და უბრალოდ წყობიდან გამოდიან, როდესაც ინტრიგებს აღმოაჩენენ. გაღიზიანების რიგით შემოტევებს კიდევ აიტანს, მაგრამ საიდუმლოებები?.. ამას დაუმატეთ მორიელის მშვიდად ზურგშექცევის თვისება, სანამ ოპონენტი თავის დაცვას დაიწყებს და მარტივად მიხვდებით, რატომ ხდება ვერძი სულ უფრო აგრესიული. ის იმ შეშლილ მებრძოლს ემსგავსება, რომელიც მთელი ძალით უქნევს მუშტებს ჩრდილს და კმაყოფილებას ვერ განიცდის, რადგან ბრაზი არ ტოვებს. მოულოდნელი დარტყმა, შემდეგ უკან დახევა და ჩხუბის გაგრძელებაზე არათუ უარის გამოცხადება, არამედ ოპონენტის სრული იგნორირება, რაც მორიელის ერთერთ ტაქტიკას წარმოადგენს, ვერძს ჭკუიდან შლის.

თუმცა თუ ვერძი მას გამარჯვების საშუალებას მისცემს, უკეთესად დაიცავს საკუთარ ეგოს უაზრო კონფლიქტებისგან. ეს მორიელ ქალთან ურთიერთობის აწყობის ერთადერთი საშუალებაა _ უბრალოდ მიირთვათ შურისძიების ცივი ულუფა და შემდეგ აღარასოდეს გაიხსენოთ ამის შესახებ. გამოვლენილი ზრდასრულობის სანაცვლოდ, ვერძი მისგან ღრმა პატივისცემას დაიმსახურებს.

ვერძს შეუძლია მშვიდად იყოს და ხშირად შეახსენოს საკუთარ თავს, რომ ეს ქალი ისევე ერთგულობს საყვარელი მამაკაცს, როგორი მონდომებითაც ცდილობს თავის მშვიდობიან კუდზე არავის დააბიჯებინოს.  როდესაც მზით, მთვარით ან ასცედენტით მორიელ ქალს ვინმე უყვარდება, ის მზადაა ყველაფერი დათმოს: მეგობრები, ოჯახი, კარიერა,რეპუტაცია. ერთი წამითაც არ იყოყმანებს. ყველას ღიად დაუპირისპირდება, ვინც გაბედავს და მათ ბედნიერებას წინ აღუდგება, ჩრდილს მიაყენებს ან შეეცდება, მის მამაკაცს რამე დაუშავოს. ვერძებისთვის დამახასიათებელია აბსოლუტური სიყვარული ან აბსოლუტური სიძულვილი. ზუსტად ასე უყვარს მორიელს.

ვერძმა, რომელმაც არც ისე დიდი ხანია, რაც მორიელთან ემოციური კავშირი დაამყარა, შეიძლება იფიქრობს, რომ ზემოთ თქმული მის ძვირფასს რჩეულს არ ეხება. ეს იმიტომ, რომ მან წამსვე რევანშისტული აქტები წარმოიდგინა, რომელსაც მყისიერი უკუსვლა მოჰყვება, თითქოს „შავ ქვრივ“ ობობასთან ცხოვრობს. აი,როგორ შეიძლება ასეთი ფემინური და რბილი ქალი, ჩუმი ხმით, “შავ ქვრივს“ ჰგავდეს? რა თქმა უნდა, არაფრით. მაგრამ მისი არსი პლუტონისეულ ტაქტიკაშია, რომელიც სულაც არ მოგაგონებთ ვამპირული ფილმების სიუჟეტს. მორიელი ქალი არ არის ფრანკეშტეინის საცოლე. ის მშვიდი და მგრძნობიარე, საკმაოდ საყვარელი და ხშირად მორიდებული არსებაა. მაგრამ ქორწინების შემდეგ ვერძი ყველაფერს მიხვდება, როდესაც მორიელი მას თვალსაჩინო ასტროლოგიურ გაკვეთილს ჩაუტარებს. მაგალითად, ერთ მშვენიერ და უღრუბლო დღეს ვერძი ეტყვის: “მე მინდა დალაქთან წახვიდე და ვარცხნილობა შეიცვალო. ხვალ ჩემი საქმიანი პარტნიორი გვეწვევა სადილად, მეუღლესთან ერთად. შენი ვარცხნილობა კი ბებიას კომოდივით ძველმოდურია“. (ვერძი პირველ სახლს მართავს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებს გარეგნობა, როგორც საკუთარი, ისე უახლოესი გარემოცვის. თითქმის ისევე თავგადაკლულად ზრუნავს ამ მხარეზე, როგორც ლომი). მორიელი არ დაიწყებს განრისხებულ კივილს, ის უბრალოდ გაიღიმებს და ნამდვილი ანგელოზივით უპასუხებს: “რა თქმა უნდა,საყვარელო“. როდესაც საღამოს მისი რჩეული თავის ძვირფას პარტნიორსა და მის ორმაგად ძვირფას მეუღლესთან ერთად შინ დაბრუნდება, საძინებელში განმარტოებული მორიელი ხავერდოვან-თბილი ხმით ჩასჩურჩულებს: “საყვარელო, ბოდიშს ხომ მოიხდი ჩემს მაგივრად? საშინლად მტკივა თავი და ახლა არავის მასპინძლობა არ შემიძლია“. ვერძს შეუძლია რამდენიც უნდა იმდენი იღრიალოს, რომ მან მისი კარიერა დაასამარა, მაგრამ რა აზრი აქვს? მორიელმა თვალები უკვე მილულა და თავზე ყინულის ტომარაც დაიდო, მის სახეს კვლავ სათნო ღიმილი დასთამაშებს. ვერძი კი პირისპირ აღმოჩნდება მშიერ სტუმრებთან. ხედავთ? სულ არ ჰგავს ვამპირულ კინოფილმს. ერთი უბრალო ქალბატონი,რომელსაც თავი ტკივა და საშინლად სწუხს,რომ ყველაფერი ასე გამოვიდა.

ვერძი მამაკაცი  თავდაჯერებულად და გაბედულად მოქმედებს, როდესაც სიტუაცია ესმის, მაგრამ მას არ შეუძლია წარმატებით დაუპირისპირდეს მისთვის გაუგებარ აზროვნების ტიპს. თუმცა დროთა განმავლობაში ემოციურად უფრო გაიზრდება. მართალია, მორიელის სიყვარული საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს გამოცდილება მას თვალებს აუხელს საკუთარ ეგოიზმზე, სულსწრაფობასა და იმპულსურ ლაპარაკზე. თუ მას მართლა უყვარს მორიელი, მისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია და პირიქით.

ამ ორ ნიშანს შორის მყისიერად წარმოიშვება მაგნიტური სექსუალური მიზიდულობა. მათი სექსუალური კავშირი არასდროს იქნება გულგრილი და ზედაპირული. სექსი სიყვარულით _ის არის, რაც მორიელს სჭირდება და რასაც ვერძი ყოველთვის ეძებს, თავისი ბუნდოვანი იდეალების მიღწევის მცდელობაში. ვერძი ყოველთვის გამარჯვებული უნდა იყოს და მორიელიც მისცემს ამის საშუალებას, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მორიელი არასდროს იკავებს პასიურ პოზიციას.

ძლიერი ემოციური ინტერაქცია, ფიზიკური დაკმაყოფილებისა და საკუთარი თავის გაცემის წადილთან ერთად, ვერძი მამაკაცის უზენაესი მიზანია სექსუალურ კავშირში. ის ხომ ნამდვილ ქალს ეძებს და არა პლასტმასის თოჯინას… მაგრამ არც ლიდერს. დიახ, ის უაღრესად მამაკაცურია, მაგრამ გულის სიღრსეში ადამივით სუფთა და უბიწოა, მორიელი კი _ მისი მაცდუნებელი იდუმალი ევა. თუ რომელიმე მათგანი მარსის ან ვენერას გამოკვეთილ გავლენას არ განიცდის (რაც ამ ორის შემთხვევაში, მაზოხიზმისა და სადიზმის სხვადასხვა ფორმას ბადებს), მაშინ ლოგინში არ წარმოიქნება ეჭვი, რომელია ქალი და რომელი მამაკაცი. თუ ვერძმა ძლიერი ჭრილობა მიაყენა, მორიელმა ქალმა, შურისძიების მიზნით, შეიძლება უარი უთხრას სიახლოვეზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა უნდა იცოდეს, რომ ეს სახიფათო გზაა, რომელიც ვერძს „მარცხნივ“ გადახვევისკენ უბიძგებს.

მორიელი შეუცნობელში ეფლობა, რომ შეიცნოს და შემდეგ საიდუმლოდ შეინახოს. ვერძი დაუფიქრებლად ჩაყვინთავს მორევში, რომ ჭეშმარიტება აღმოაჩინოს და ბედნიერებას ეწიოს, შემდეგ კი ყველას ღიად და გულუხვად გაუზიაროს. ეს არსებითი განსხვავებაა მათ შორის, რომლის გადალახვაც მხოლოდ ურთიერთნდობითა და მიტევებით არის შესაძლებელი. როდესაც ვერძი დაუდევრად აფრქვევს თავის ემოციებს, ეს მორიელს ტკივილს აყენებს. მორიელი კი ძალიან რთულად ივიწყებს ტკივილს, თუმცა გარეგნულად შეიძლება საერთოდ არც გამოამჟღავნოს. და მაინც,უკეთესია ვერძი ისეთი იყოს, როგორიც არის, რადგან მორიელს სურს, მისი საყვარელი მამაკაცი საკუთარი თავის ერთგული დარჩეს, თუმცა ამას ხმამაღლა არასდროს აღიარებს.

 

 

ვერძი ქალი  და  მორიელი მამაკაცი

Fergie & Josh Duhamel

 

 

 

 

კოცნა,რომელიც არავის ღირსებია,პიტერს მარტივად ერგო.

სასაცილოა, მაგრამ ვენდი ისეთი კმაყოფილი ჩანდა.

მამაკაცი მორიელი ცხოვრებას მისი არსის დანახვით შეიცნობს. ის თითქმის ზეადამიანურ უნარს ფლობს, თვალებში ჩახედოს ნებისმიერ ფაქტს. ასე რომ, როდესაც მორიელი ვინმეს კულისებში უშვებს , იმისათვის რომ აჩვენოს, რა იმალება მისი ურყევი თავდაჯერებულობის მიღმა, ამან შეიძლება რამდენადმე დააფრთხოს სტუმარი. რას აკეთებს ქალი, რომელსაც მსგავსი საიდუმლო გაუმხილეს? თუ ის ვერძია, წარმოუდგენელი ძალით უყვარდება ეს მამაკაცი.

მორიელმა შეიძლება ვერძს ისეთი რამ გაანდოს, რაც ჯერ არავისთვის უთქვამს. ეს იმიტომ, რომ ის აღფრთოვანებულია ვერძის გულწრფელი და პირდაპირი ნატურით, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ქალურ ცბიერებას. მორიელის გულს ნაზად ეხება ვერძის ერთგულება, ბავშვური უმანკოება და რწმენა. მორიელი მამაკაცი როგორღაც გრძნობს, რომ ეს ქალი არ გამოიყენებს განდობილ საიდუმლოებებს მის წინააღმდეგ. შურისძიებას ვერასდროს შეხვდებით ვერძის არსენალში. მიუხედავად იმისა, რომ მორიელი კარგად ფლობს და ხშირად იყენებს ამ იარაღს, რაღაც უცნაური მიზეზით, ის პატივს სცემს ვერძს ამ თვისების არარსებობის გამო. ამ ორის სიყვარული ძალიან ღრმაა, რადგან ორივე ნიშანს სურს სიყვარულის ფიალა მთლიანად, სიამოვნების ბოლო წვეთამდე შესვან. ემოციურადაც ასევე საკმაოდ კარგად ეწყობიან, მაგრამ ინტელექტუალურად აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ადამიანები არიან.

მორიელი ეჭვიანია, უნდობი, კრიტიკული, ფრთხილი და სკეპტიკური. ვერძი უდარდელია, პირდაპირი,  იმპულსური და მარტივი. ასეთმა განსხვავებამ მათი ურთიერთობა შეიძლება ორი სავარაუდო სცენარით წარმართოს _ კავშირს ინტრიგა და ბრწყინვალება შემატოს (როგორც ცნობილია,უკიდურესობები ერთმანეთს იზიდავენ) ან მათ შორის იმხელა უფრსკული წარმოიშვას, რაც ორივეს ერთ დასკვნამდე მიიყვანს, რომ ურთიერთობა საერთოდ შეუძლებელია. ყველაფერი მეტწილად დამოკიდებულია მზე-მთვარეების ასპექტებზე.

მორიელი მამაკაცი, შემოწმების მიზნით, რამდენიმე კითხვას დაუსვამს თავის რჩეულს. არავის შეუძლია ისე ზუსტად დასვას კითხვა, როგორც მორიელს, მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ თვალებით ეკითხება. მიიღებს ვერძი სასტიკ სიმართლეს, რომელსაც მორიელი ხშირად მიართმევს, საკმარისად რბილად?  -“რბილად?” ალბათ, ხუმრობს. არ შეეშინდება მორიელის უმცირესი დაგესლვის?  – არა, მას არაფრის ეშინია. წყობიდან გამოვა, როდესაც მორიელი სიმპათიურ გოგონასთან განმარტოვდება ასტრალურ სხეულებსა და ალქაჯთა ძველებურ რიტუალებზე სასაუბროდ?  -არა. ის არ გაბრაზდება და არ იეჭვიანებს. საკუთარი საქმეებით დაკავდება.

მიუხედავად დაკითხვაზე მიღებული პასუხებისა, მორიელ მამაკაცს სჯერა, რომ შეუძლია ამ გოგონას სიმშვიდე ასწავლოს. ამას გარდა, მარსიანელის სასიცოცხლო ენერგია და დამოუკიდებლობა ძლიერ ხიბლავს მას. სირთულეები მაშინ დაიწყება, როდესაც მორიელი მიხვდება, რომ ვერასდროს მოახერხებს,  აიძულოს ვერძი ემოციები სრულად აკონტროლოს და ის ვერასდროს მიაღწევს მორიელის ცივ წონასწორობას. მაშინ ვერძის სიცოცხლისუნარიანობა და დამოუკიდებლობა, რომელიც დასაწყისში მას ასეთ ღირსებებად მოეჩვენა, დაკარგავს მიმზიდველობას. თუმცა თუ ამან ხელი არ შეუშალა, შეიძლება მისი აგრესიულობითაც მოიხიბლოს _ მორიელს მოსწონს ძლიერი ქალები. მაგრამ თუ ვერძმა თავისი აგრესიული ძალა საყვარელი მამაკაცის წინააღმდეგ მიმართა, ის იმ მორიელივით მოტრიალდება, რომელსაც კუდზე დააბიჯეს და დაარტყამს. მორიელები ცნობილები არიან შურისძიებით, მაშინაც კი, თუ მათ შემთხვევით აწყენინეს. სხვა რომ არაფერი,ვინ დააბიჯებდა მორიელს კუდზე გამიზნულად? მხოლოდ ვერძი!

როდესაც მორიელი რთულ სიტუაციას აწყდება, ის არ კარგავს დროს წინააღმდეგობის ჩამოშორებაზე, როგორც კურო; არ აწყობს გეგმებს, თავი როგორ აარიდოს, როგორც სასწორი; და არ აღიქვამს მას ფატალურად, როგორც თევზები. მისთვის აუცილებელია ეს წინააღმდეგობები სრულიად გაანადგუროს. მაგალითად, თუ ეს რელიგიური დოგმაა, რომელსაც ვიღაც თავში უნერგავს, ის არ შეუვარდება საეკლესიო პირებს _ ეს იაფფასიანი საქციელია და მის პლუტონიურ ძლევამოსილებას არ ეკადრება. ის „პრობლემის“ ფესვებს დაეტაკება და ძალიან აგრესიული ათეისტი გახდება. თუ საშიში ბოროტმოქმედი სახლში შეუვარდა, კანონდამცველთა გამოძახება ზედმეტად რბილი გამოსავალია. ბოროტმოქმედი პირადად მას ემუქრებოდა და ამიტომაც უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. ხოლო თუ ეს სასიყვარულო ტრავმაა, რომლისგანაც დაზარალდა, ურთიერთობის გაწყვეტა საკმარისი არ არის. მთელ თავის წარმოუდგენელ ნებისყოფას ყველა ინტიმური ურთიერთობისა და ქორწინების ინსტიტუტის წყევლა-კრულვისკენ მიმართავს. მორიელი არ აღიარებს ნახევარზომებს! პლუტონიელები ან ზემოთ, სამოთხის კარზე აკაკუნებენ ან ქვემოთ, პირდაპირ ჯოჯოხეთში ეშვებიან. აი, რატომ არიან ასეთი საინტერესოები.

შეიძლება „საინტერესოები“ არც ისე სწორი სიტყვაა, მაგრამ ნებისმიერი მარსიანელი ქალი გამიგებს, რა ვიგულისხმე. არის ამაში რაღაც მამაკაცური, მოწიფული და ძლევამოსილი. და მაინც, ვერძი გოგონა, რომელსაც მორიელი კაცი მოეწონა, კარგად უნდა დაფიქრდეს მის პლუტონიურ ბუნებაზე, სანამ თავის ცეცხლს გავეშებულ წყლის დინებას შეუშვერს.

მორიელის მაგნიტური მიზიდულობა ყოველთვის უზრუნველყოფს წარმატებას, რისკენაც არ უნდა ისწრაფვოდეს. მის რომანტიულ თავდასხმას რომ გაუძლოთ, საჭიროა ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, რომელიც ვერძთა აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს. ამას გარდა, ეს 6-8 ფორმულაა, სადაც ვერძი მორიელისთვის VI ასტროლოგიური (მსახურების) სახლის ბინადარია,მორიელი კი ვერძისთვის VIII (სექსის) სახლის. ვერძი მორიელს სხვადასხვაგვარად და საოცარი გაგებით ემსახურება. მორიელი კი, თავის მხრივ, სექსუალურ კმაყოფილებას ანიჭებს. სინამდვილეში ეს ინტერაქცია არც ისე მარტივი და უღრუბლოა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვერძის მხრიდან იქნება ცნობისმოყვარე ლტოლვა, დაემორჩილოს ამ კაცს, როდესაც მორიელი მის სრულ და მარადიულ, მაგრამ სავსებით მიწიერი სიყვარულის უღრმესს სურვილებს აკმაყოფილებს, რომელსაც ასე საჭიროებს ვერძი. მათი სექსუალური ურთიერთმიზიდულობა მოხუცებულობამდე ვლინდება და არც თავდაპირველი ვნება ხუნდება. სავარაუდოდ, ეს წყვილი არ უყურებს პორნოფილმებს ღია სექსუალური სცენებით. არ დაუჯეროთ იმას, რასაც მორიელებზე ბულვარული პრესა წერს. ინტიმური ურთიერთობის ასეთი საჯარო ჩვენება, ისევე შეურაცხჰყოფს მორიელის პატივისცემას ამ საკრალური აქტის მიმართ, როგორც ვერძის იდეალიზმს.

ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება მათი სექსუალური ურთიერთობა გაართულოს, არის ვერძის უზომო ეჭვიანობა. ის ზედემტად მტკივნეულად რეაგირებს მორიელის ქალებისადმი ტრფობაზე; იმდენად, რომ შესაძლოა ღალატშიც კი დაადანაშაულოს. ასევე მორიელის ტიპური უნდობლობა, როდესაც ვერძის თავისუფალ და მეგობრულ კონტაქტებში დახვეწილ ფლირტს ხედავს. ის უნდა მიხვდეს, რომ ვერძი იმდენად გულწრფელი და იდეალებით აღსავსეა, თავის სიყვარულს არ უღალატებს. და პირიქით, ვერძი უნდა ხვდებოდეს, რომ სიყვარულის პლუტონისეული კონცეფცია სისუფთავესა და გულწრფელობას ეფუძნება. როდესაც მორიელის მოთხოვნები (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია) სახლში კმაყოფილდება, ის არ წამოეგება სხვა ქალების ხრიკებზე. იმ შემთხვევაშიც, თუ მის შეცდენას პირდაპირ ქუჩაში შეეცდებიან, რაც ხშირი შემთხვევაა მორიელებთან. ე.ი. მორიელი ერთგული იქნება თუ არა, მთლიანად მის ქალზეა დამოკიდებული.

თუ ვერძი შეძლებს მოითმინებით მოეკიდოს მორიელის საკუთარი აღმატებულობის რწმენას, გამაღიზიანებელ სიჩუმეს, ჩაკეტილობას, ფულისადმი მეტად ხელმომჭირნე დამოკიდებულებას, მის რკინაბეტონისეული წარმოდგენებს სწორსა და არასწორზე, მაშინაც, როდესაც ვერძის შეხედულებისგან მკვეთრად განსხვავდება, ის ხანგრძლივ ბედნიერებას იპოვის ამ ადამიანთან. მაგრამ მას დიდი მოთმინება დასჭირდება, რაც ვერძებისთვის ბუნებას არ უბოძებია. ვერძს შეიძლება დაეხმაროს იმის გააზრება, რომ ის მყარი შეხედულებები, რომელთაც მორიელი სამკვდროდ ებღაუჭება, მისი წინამობედი ნიშნის, სასწორის, აწონ-დაწონვის მარცვლიდან არის აღმოცენებული. ეს მისი სულიერი ზრდის კარმული პროცესია და სხვაგვარად მოქცევა მას უბრალოდ არ შეუძლია.

თავის მხრივ, მორიელს რომ შეეძლოს უფრო ზერელედ აღიქვას ვერძის ეჭვიანობის შემოტევები, ფინანსური თავშეუკავებლობა, ყურადღების მუდმივი მოთხოვნა და ემოციურად ბავშვური დამოკიდებულება პრობლემების მიმართ, მასში ყველა იმ ქალს აღმოაჩენდა, რომელსაც ოდესმე ეძებდა. მაგრამ მორიელები არასდროს და არაფერს უყურებენ ზერელედ. მართალია, თუ ვერძის მთვარე ან ასცედენტი წყლის ან მიწის ნიშანშია (კუროს გამოკლებით), მორიელის კი ცეცხლის ან ჰაერის ნიშანში (სასწორის გამოკლებით), მათი ურთიერთობა უფრო წარმატებით აეწყობა.

პლანეტების დახმარების გარეშეც, ამ ორს ჰარმონიული ურთიერთობის აწყობა შეუძლია. როდესაც პლუტონის და მარსის ძალები ერთიანდებიან, შესაძლებელია ყველაფერი…და ბედნიერებაც.

როდესაც ეს ქალი და მამაკაცი თავიანთ ვარსკვლავებს სურვილს ჩაუთქვამენ, ციური კამარა თრთოლვას იწყებს და ერთგუნდად შეკრული ტრილიონი ვარსკვლავი მორჩილად პასუხობს: “დიახ“.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top