ყველაზე დიდი თავგადასავალი ის იყო,რომ დაძინების დრო გამოტოვეს.
ამან ისე გაახალისა, სხვადასხვა ცბიერი ხრიკის მოფიქრება დაიწყეს,
რომ კიდევ უფრო დიდხანს ეფხიზლათ. მაგალითად, მიქსტურა მოითხოვეს…
ამ ნიშნით დაბადებულები გვიან იძინებენ. ეშინიათ, რაიმე არ გამორჩეთ. ამავე მიზეზით გვიან გადიან პენსიაში და ბოლოები ტოვებენ წვეულებებს… ისინი დაუყოვნებლივ ჩაუხტებიან შუაში ქუჩაში მოჩხუბართ. აზრი არ აქვს ურჩიოთ: “არ ჩაერიო! შენ გზაზე გაიარე. შენ ეს არ გეხება. ეს უხეირო საქმეა!“ ათას მილს დაფარავენ ნებისმიერი საქმისთვის და არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ მას უხეიროდ. უბრალოდ დგომა და შორიდან ცქერა? არა, ეს მათთვის არ არის. თქვენ ამბობთ, სხვისი საქმეა? მით უფრო საინტერესოა! ისინი უზომოდ ცნობისმოყვარენი არიან და მყარად სწამთ, რომ ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.
ჰო,მიქსტურაზე… არავინ ზარალდება უბედურ შემთხვევებისგან ისე ხშირად, როგორც ეს ორი ნიშანი (მესამე ადგილზე მერწყულები არიან). არაფერია გასაკვირი, არა? ვერძი და მშვილდოსანი ყველგან ცხვირს ყოფენ, ყოველთვის პირდაპირ მიდიან და მოვლენების ეპიცენტრისკენ ისწრაფვიან. ამასთან, მშვილდოსნები დაბადებიდან მოუქნელები არიან. კენტავრს უჭირს ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხენის სხეულის ერთ მთლიანობაში ფლობა. ასევე უჭირს პიროვნული წონასწორობის შენარჩუნება,როდესაც ფილოსოფიისა და კლოუნადის ვიწრო ზღვარზე დააბიჯებს.
უმეტეს შემთხვევაში ისინი მშვენივრად აწყობენ ურთიერთობას, რადგან ბევრი საერთო აქვთ. მაგალითად, ზედოზირებული იდეალიზმი. ვინ შეიძლება იყოს ვერძზე გულუბრყვილო, სასურველისა და შესაძლებელის ერთმანეთში არევის თვისებით? ალბათ, მხოლოდ მშვილდოსანი, რომელიც მუდამ მოკვდავთათვის უხილავ გალაქტიკაში დაჰქრის, რადგან დღეს, როდესაც მეტად პრაქტიკული ადამიანები დედამიწასა და მის ატმოსფეროს წამლავენ, იუპიტერის ისრები შხამიან ნისლში სწრაფად ჟანგდება.
ბუნებრივია, კეთილი ზრახვები მარტო ვერძებსა და მშვილდოსნებს არ აწუხებთ, მაგრამ მხოლოდ მათ ძალუძთ ასეთი შეუპოვრობით ისწრაფვონ უტოპიური პროექტებისკენ, თუნდაც მიზნის მისაღწევად წრეზე დაუსრულებლად მოძრაობდნენ. ვერც ანგარება და ვერც პოლიტიკური ამბიციები ვერ შეაჩერებს მათ.
ვერძებსაც და მშვილდოსნებსაც საშინლად უყვართ კამათი. მხოლოდ სასწორი თუ წამოიწყებს დისკუსიას უფრო მეტი აზარტით, მაგრამ ლოგიკურ სასწორებს სამართლიანობის აღდგენის წადილი ამოძრავებთ. აი, ვერძს და მშვილდოსანს, საკუთარი ხასიათის დამსახურებით, უბრალოდ არ შეუძლიათ უკუაგდონ სიტყვიერი გამოწვევა. ვერძი იმიტომ კამათობს, რომ ვიღაცამ გაბედა და მის სიმართლეში ეჭვი შეიტანა. მშვილდოსანი ჭეშმარიტებას იცავს, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.
გახსოვთ ზღაპარი მეფის ახალ სამოსზე? ნიძლავს ვდებ, ბავში, რომელმაც წამოიყვირა:“მეფე შიშველია!“ ან ქალწული გოგონა იყო, მთვარით მშვილდოსანში ან მშვილდოსანი ბიჭი, მთვარით ქალწულში. ნებისმიერი, ვინც მშვილდოსანს დაუმეგობრდება, საფრთხის ქვეშ აყენებს თავის თავმოყვარეობას. ასე, მაგალითად, ლეკვივით მხიარული და მეგობრული მშვილდოსანი შუა ქუჩაში დაგაცხრებათ თავს, ზურგზე ხელის თათუნით და დაიწყებს: “გამარჯობა! როგორ ხარ? ღმერთო, როგორ გამიხარდა შენი ნახვა, მაგრამ ძლივს გიცანი, როგორ გასუქებულხარ. ალბათ, კარში ძლივს ეტევი…“ თუმცა როგორც კი თქვენს დამჟავებულ გამომეტყველებას შენიშნავს, ბოდიშებად დაიღვრება. მშვილდოსნები, როგორც წესი, კეთილი ხალხია და იშვიათად, რომ ვინმეს განზრახ აწყენონ. „ოჰ, ღმერთო, ისევ რაღაც დავაბრეხვე, არა? რატომ ენა არ მომტყდა?! ალბათ, შენთვის მტკივნეული თემაა, ჰო?“
სხვა სცენაც შეაფასეთ: “როგორ ხარ,მეგობარო? გავიგე, სასმელისთვის გამოგაგდეს სამსახურიდან. კარგი რა! რა არის აქ სასირცხვილო? აი, პრეზიდენტი ჯონსონიც ლოთი იყო, კინაღამ გამოისტუმრეს თეთრი სახლიდან. მისმინე, დეგუსტატორობა რომ გეცადა? ზედგამოჭრილი სამუშაოა შენთვის… შემომიარე ამ საღამოს და ის ქალბატონიც წამოიყვანე. რომელი? აი, ეჭვიანი ქმარი რომ ჰყავს ის. რას გაცხარდი? სამარე ვარ!.. დავსხდეთ უბრალოდ. არ ინერვიულო, ცოლს ვეტყვი, ალკოჰოლი გადამალოს. იცი, როგორც წმინდა პატრიკი ამბობდა, ღმერთმა ვისკი იმისთვის გამოიგონა, რომ ირლანდიელები მსოფლიოზე არ გაბატონებულიყვნენ!“
ტელეწამყვანმა დევიდ სასკინდმა (ორმაგი მშვილდოსანი, ასცედენტითა და მზის ნიშნით) ერთხელ თავის გადაცემაში ნიკიტა ხრუშოვი (ვერძი) მიიწვია. სასკინდი ასხივებდა მეგობრულ კეთილგანწყობას და ყველაფერი დაუჯერებლად კარგად მიდიოდა, სანამ წამყვანი უცებ ხრუშოვს მიაშტერდა, თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა: “რატომ არის თქვენი ქვეყანა ასეთი ცრუ და რატომ იტყუებიან ამდენს თქვენი ოფიციალური წარმომადგენლები?“ ფასეული წვლილი გაქანებული „ცივი ომის“ დაძაბულობის განმუხტვაში! როგორც მეორე დღეს ყველა ამერიკული გაზეთი წერდა, შავ-თეთრი ტელევიზორების მაყურებლებმაც დაინახეს, როგორ აივსო ხრუშოვის სახე სისხლით.
თუმცა, ზოგადად, ვერძი აღტაცებულია მშვილდოსნის პირდაპირობით, რადგან თავადაც ამაყობს იმით, რომ ყოველთვის შეულამაზებელ სიმართლეს ამბობს. მაგრამ მისი აღფრთოვანება ქრება, როდესაც ამ სიმართლეს საკუთარ თავზე ისმენს. სწორედ ეს არის სერიოზული განსხვავება მათ შორის: მშვილდოსანი საკუთარ თავსაც ისეთივე პირდაპირობითა და გულწრფელობით კიცხავს,როგორც სხვა ადამიანებს. აი,ვერძი სხვის თვალში ბეწვს ეძებს.
მართალია, მშვილდოსანთა უმეტესობას საუკეთესო განზრახვები ამოძრავებს, როდესაც ადამიანებს ჭეშმარიტების გზაზე აყენებს, მაგრამ იშვიათად ისეც ხდება, რომ უტაქტო კენტავრი სასტიკი და უსამართლო შენიშვნებით გულს ტკენს ვერძს მარტო იმიტომ, რომ ნერვები მოუშალოს (თორმეტივე ნიშნის თვისებები ხანდახან მხოლოდ უარყოფითი პოლარობით ვლინდება). მაგრამ ფრთხილად იყოს. შეიძლება ვინმემ გადაყლაპოს კიდეც წყენა, მაგრამ ეს „ვინმე“ ვერძი არ იქნება! მარსიანული რისხვით წამახული ისარი დაუყოვნებლივ უკან მოუბრუნდება და თუ მაშინვე არ მოხვდა მიზანს (ვერძი ვერ არის მშვილდოსანივით ზუსტი), ადრე თუ გვიან, მაინც მიაღწევს მაწყენარს. ჩვენი მზის სისტემის ყველაზე დიდი და ძლევამოსილი პლანეტა იუპიტერი საკმარისად არის დაშორებული მეომარი მარსისგან. უშიშარ მარსს შეუძლია თავის დაცვა. ის არ დანებდება უბრძოლველად _ ეს მთელს ასტროლოგიურ სისტემას დაანგრევდა.
თუმცა ვერძი მშვილდოსნის ურთიერთობა 5-9 ფორმულით მიმდინარეობს და ნებისმიერ დაპირპისპირებას სწრაფად ცვლის მონანიება და გულწრფელი პატიება, რაც ორივე ნიშანს დადებითად ახასიათებს. არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა ბოროტი მახსოვრობით და არ უყვართ ზურგსუკან ხელების ქვებით დამძიმება. ცხადია, თუ ერთერთს მთვარე მორიელის ნიშანში არ ჰყავს და მაშინაც წყენა მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს. დღის მნათობი აღემატება მთვარის უფრო სუსტ გავლენას და ჰარმონიაც აღსდგება.
რომელ სარბიელზე არ ცდის საკუთარ თავს მაწანწალა მშვილდოსანი. მათ ყველგან შეხვდებით: საფარას უდაბნოდან დაწყებული, კაზინოებითა და საფონდო ბირჟებით დასრულებული. ხანაც ცხენების ფერმას უვლის და თან ფილოსოფოსობს. მას ნებისმიერი რამ იტაცებს, სადაც შეიძლება თავისუფლად გადაადგილება, საუბარი, რისკის გაწევა და მძაფრი შეგრძნებების მიღება. ოღონდ უფერული რუტინა არა!
ვერძსაც ასევე იზიდავს სხვადასხვა ტიპის საქმიანობა. აირჩიეთ ნებისმიერი პროფესია და ვერძი სიხარულით დაგთანხმდებათ. ის არ დაიწყებს საქმიანობების არჩევა-გარჩევას, თუ ბრძანებების გაცემა შეუძლია. ვერძი ლიდერობის კარდინალური ჯვრის ნიშანია. მშვილდოსანი მუტაბელური კვადრატის და არც ისე მიდრეკილია ხელმძღვანელობისკენ. მშვილდოსანი ინტუციურად გრძნობს, რომ ძალაუფლება ის ტვირთია, რომელსაც ვერ მოიცილებ, როდესაც მოგბეზრდება. მას კი ძალიან უყვარს ცვლილებები. საერთოდ, ვერძიც და მშვილდოსანიც უპირატესობას ანიჭებენ დამოუკიდებლობას და ისეთი ტიპის საქმიანობას, სადაც მითითებებს არავინ მისცემს.
ორივე ექსტრავერტია, დღის მასკულინური, პოზიტიური ენერგიის მატარებლები. თუმცა მშვიდ და უსიტყვო მშვილდოსანს უფრო ხშირად წააწყდებით, ვიდრე მდუმარე ვერძს. შეიძლება ფილოსოფიისკენ მიდრეკილმა მშვილდოსნებმა ჭეშმარიტება აღმოაჩინეს, რომ მსმენელი მთხრობელზე მდიდარია? ბოლოს და ბოლოს, იუპიტერი შემეცნებას მფარველობს (ყველა სხვა სიკეთესთან ერთად) და სრულიად ბუნებრივია, რომ მის ქვეშევრდომებს აქვთ თვითგანათლების უნარი. ისინი დაბადებიდან კარგი ინტუიციით არიან დაჯილდოებულნი, ინტუიციის მნიშვნელობა კი ზუსტად ის არის, რომ „შიგნიდან“ ისწავლო.
იუპიტერი მეტად ექსპანსიურ ხასიათს ანიჭებს მშვილდოსანს, რომელიც მიდრეკილია გადააჭარბოს საკუთარი გრძნობები და გამოცდილება (ხანდახან ფაქტებიც). იუპიტერის ენერგია მასში მოგზაურობის დაუოკებელ წადილს აჩაღებს და ნათელხილვის გაელვებებით აჯილდოებს. ეს კენტავრი ბევრად უფრო ენდობა საკუთარ თავს, ვიდრე გარეგნულად თავდაჯერებული ვერძი, რადგან ის ადამიანისა და ცხოველის ყოვლისმომცველ გამოცდილებას ფლობს.
მარსის გავლენა ვერძს ანიჭებს ძალას, ყველა ურთიერთობაში გახსნილ ხასიათს და უზომო სიმამაცეს სახიფათო და კრიზისულ სიტუაციებში. ვერძისთვის აუცილებელია ასეთი მხარდაჭერა, რადგან ახალდაბადებული ჩვილის მსგავსად, ის სრულიად უმწეო და განწირული იქნებოდა, მარსის პროტექციის გარეშე. მართალია, ის არ ფლობს მშვილდოსნის წინასწარმეტყველურ სიბრძნეს, მაგრამ ვერძი კარგად ხედავს ყველაფრის არსს. ამაშიც მარსი ეხმარება,რომელიც საშუალებას აძლევს შეაღწიოს სიღრმეებში, ახალდაბადებულის უმანკო გულუბრყვილობის წყალობით, რაც რეალურად წარმოადგენს ჭეშმარიტ სიბრძნეს.
მთავარი განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ვერძი გაცილებით მოწყველადი და მგრძნობიარეა სისასტიკისა და გულგრილობის მიმართ. ამასთან, ვერძის განზრახვები ყოველთვის სუფთაა და მასში არ არის ბოროტება. მშვილდოსანმა უკვე საკმარისად იცხოვრა (სულიერი თვალსაზრისით), რომ თავი ცინიზმით შეიბღალოს ყოფით საქმეებში. დიახ, მშვილდოსანში უხვადაა იდეალიზმი, მაგრამ უმანკოება მას ნაკლებად ახასიათებს. მან ისწავლა გაანალიზება, წინასწარმეტყველება და ფილოსოფოსობა. ვერძისთვის ერთადერთი გზა ბედნიერებისკენ სიყვარულსა და სიკეთეზე ინსტინქტური რეაქციაა, ისევ და ისევ ახალშობილივით. ვერძი აბსოლუტურად უმწეო აღმოჩნდებოდა მასზე ძლიერი ადამიანების წინაშე, რომ არა მარსის მრისხანე თავდაცვის უნარი. განა ბრძნული გადაწყვეტილება არ იყოს ჩვენი შემქმნელების მხრიდან, როდესაც ზოდიაქოს ჩვილი მეომარ მარსს მიაბარეს?
ვერძი და მშვილდოსანი მარტივად თანაცხოვრობენ. ერთიც და მეორეც ბედნიერებას ჰპოვებს ფიზიკურ და გონებრვ მოძრაობასა და შემეცნებაში. მშვილდოსანი უცხო მიწაზე თავს ყოველთვის უკეთ გრძნობს და სიხარულით იწყებს ყოველ ახალ მოგზაურობას და მართალია,ვერძი კი გულისტკილივის გარეშე ვერ იხსენებს უკან მოტოვებულ „უსაფრთხოებას“,ის უშიშრად ურთდება კენტავრს და ცდილობს მის ჭენებას აუწყოს ფეხი. მათი მოგზაურობა შეიძლება ხიფათით იყოს აღსავსე,მაგრამ მოსაწყენი არასდროს გახდება. ისინი მხარდამხარ უპირისპირდებიან ნებისმიერ საფრთხეს და მიუხედავად ხშირი კინკლაობისა,მშვილდოსნის ულევი იდეალიზმი მყისიერ თანაგრძნობას იწვევს ვერძში,მშვილდოსანს კი ყოველთვის გულს უთბობს ვერძის მიამიტობა და გულწრფელობა.
ვერძი მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი
პიტერი მაშინვე სწვდა და ფანჯრისკენ წაიყვანა.
_ახლავე გამიშვი!_ უბრძანა მან.
თუმცა, ცხადია, ეამა.
მშვილდოსანი გოგო გატაცებულია ვერძი მამაკაცით. რა შეიძლება იყო ამაზე ბუნებრივი? მას სიმამაცე აღაფრთოვანებს, ამაღელვებელი შეგრძნებები სწადია და გართობა უყვარს. ვერძი კი, ცხადია, დოყლაპია არ არის. მართალია, მბრძანებლობა და თავისი სიტყვების დაჟინება უყვარს, მაგრამ იმავდროულად სენტიმენტალური რომანტიკოსია და ეს ზუსტად ის არის, რასაც მშვილდოსანი ქალი ეძებს, თუნდაც გაუცნობიერებლად. ეძებს იქ, სადაც რომანტიკის სურნელიც კი არსად ტრიალებს, თავზე უამრავ კოპს ისვამს და საკუთრ მოლოდინსა და იმედებს ირონიით ნიღბავს. მშვილდოსანი თავის იუპიტერიანულ იდეალიზმს ყოველთვის მასხარას ნიღბის ქვეშ მალავს. ამ ქალს სასოწარკვეთილად სჭირდება რომანტიული სიყვარული, რადგან მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განკურნოს თანდაყოლილი ცინიზმისგან. ის თავიდანვე სკეპსისით არის დამუხტული და სასიყვარულო ქცევები მხოლოდ კვებავს და უფრო ამახვილებს მის ირონიას.
როგორც წესი, ვერძი მამაკაცი (თუ მთვარე წყლის ნიშანში არ ჰყავს და ნათალური ნეპტუნიც სუსტია) ცუდად ერკვევა ადამიანებში. ჩვეულებრივ, ისინი მხოლოდ გარეგნულ მხარეს ხედავენ. ამიტომ მას გაუჭირდება რომანტიული სიყვარულის მოთხოვნის ამოცნობა ამ ცინიკურ მასხარაში, რომელსაც იღლიის ქვეშ ქეით მილეთის „სექსუალური რევოლუცია“ ამოუჩრია და გამომწვევად სთავაზობს მის დაუფლებას. მას სხვა თეატრალური ნიღბის მორგებაც შეუძლია _ ნევროსტენული მოზარდის ან მორცხვი შინაბერასი.
გულის სიღრმეში მშვილდოსან ქალს ძალიან ენატრება ჭკვიანი და წესიერი მამაკაცი, რომელიც მკლავებში მოიმწყვდევს და საკუთარი თავისგან დაიცავს. მაგრამ ამ მისიის შესასრულებლად, ვერძს მოუწევს ფრთხილად მოაშოროს გრიმი და მტკიცედ უთხრას, რომ კომედია დამთავრებულია. ცხადია, მშვილდოსანი შეეწინააღმდეგება, რადგან აღმერთებს თეატრს. ამას გარდა, მასაც კონკიასავით ძალიან ეშინია შუაღამის დადგომის _ იმ საბედისწერო საათის, როდესაც მისი ფაიტონი კვახად გადაიქცევა. მაგრამ საათი აუცილებლად ჩამოჰკრავს თორმეტს და როდესაც საათის ბოლოს დარტყმისას, ზღაპრული კაბა კონკებად იქცევა, ის დაცხრება და ყველაზე მომხიბვლელი ქალი გახდება დედამიწის ზურგზე.
ვისაც, ამ ველური ფაშატის მორჯულება გადაუწყვეტია, უნდა იცოდეს, რომ ის ცოტა ტლანქია. ამას არა მხოლოდ მისი სხეულის მოძრაობებზე დალანდავთ, შინაგან ქაოსზეც კარგად შეატყობთ. ადრე თუ გვიან, მშვილდოსანი აუცილებლად ფეხს წამოკრავს. მაშინ ვერძმა ხელებში უნდა აიტაცოს და საბოლოოდ აუხსნას, რომ ის ქალია (იცით, მშვილდოსანი მაინც მამაკაცური ნიშანია).
თავიდან ვერძი უბრალოდ გაშმაგებმადე მიჰყავს მშვილდოსნის პირდაპირ გულღიაობას და ფამილიარულ დამოკიდებულებას მისი მგრძნობიარე მამაკაცური „მეს“ მიმართ. ნაკლებ სავარაუდოა, ვერძი ნასიამოვნები დარჩეს, როდესაც მშვილდოსანი მუდმივად უგებს „მონოპოლიაში“ და სულელად გამოჰყავს მეგობრების თვალწინ, როდესაც ყველაფერს ტლიკინებს, რაც ენაზე მოადგება. ვერძი მამაკაცი ნებისმიერ ფასად ცდილობს შეინარჩუნოს სამი რამ: მამაკაცური აღმატებულება, დამოუკიდებლობა და პირადი თავისუფლება.
ვერ ვიტყოდი, რომ უკლებლივ ყველა, მაგრამ მშვილდოსან ქალთა უმეტესობა მამაკაცებთან უკეთესად მეგობრობს, ვიდრე ქალებთან. ეჭვიან ვერძს ხშირად მოუწევს ავტოტრენინგის ჩატარება, რომ მისი საყვარელი ქალი უბრალოდ მეგობრული, მხიარული და კომუნიკაბელურია და ეს ღალატი არ არის! მით უფრო, რომ მშვილდოსანს თავადაც არანაკლებ ახასიათებს ეჭვიანობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამისკენ უბიძგებენ. მაგრამ ვერძი უპირატესობას მამაკაცურ კომპანიას ანიჭებს. კარგი დამთხვევა,არა?
ეს გოგონა ძალიან იღბლიანია. რაღაც სასწაულით, მისი ყველაზე წარმოუდგენელი სისულელეები წარმატებად უტრიალდება, კეთილგანწყობილი იუპიტერის გავლენის წყალობით, რომელმაც დაბადებიდან რწმენა და ოპტიმიზმი დაანათლა, რასაც მისთვის ე.წ. იღბალი მოაქვს. თუმცა უფრო უპრიანი იქნებოდა ამისთვის იღბალი კი არა, მიზიდულობის კანონი გვეწოდებინა: თქვენ იზიდავთ იმას, რასაც შიგნიდან ასხივებთ. მშვილდოსანი კი ყოველთვის ბედნიერებითა და ოპტიმიზმით არის გამსჭვალული.
ნუ მოტყუვდებით მისი თავისუფალი და გამომწვევი ქცევებით საზოგადოებაში. კარგად გახსოვდეთ, რომ იუპიტერი სულიერ გამჭრიახობას მართავს. მშვილდოსანი ქალი შინაგანი უმანკოებითა და ადამიანებისადმი გულისამაჩუყებელი ნდობით არის დაჯილდოებული (ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდა ასაკში მაინც) და ეს ხშირად აგდებს უხერხულ სიტუაციებში.
ვერძი: ე.ი. მთელი საღამო ქალაქში, ბატონი ქრომველის სახლში გაატარე, რადგან ის შენი უფროსია და მას დასჭირდი? ჰო, აბა რა! შენ დასჭირდი, იმ გაიძვერა მოხუც თხას. შენც მაგარი ხარ რა! მარტის კატაზე მეტი ზნეობა არ გაქვს.
(ვერძი არ არჩევს გამოთქმებს, როდესაც მარსიანული ტემპერამენტი იფეთქებს)
მშვილდოსანი: მის ძაღლს ლეკვები უნდა დაეყარა, მან კი გადაწყვიტა მარტო დაეტოვებინა. ვიღაც ხომ უნდა დახმარებოდა საბრალოს?
ვერძი: ბუნძურ ტიპს, რომელმაც თავისი მდივანი შეაცდინა, საბრალოს ნამდვილად ვერ უწოდებ.
მშვილდოსანი: მე ძაღლი ვიგულისხმე. ბატონი კრომველი კი საზიზღარი ადამიანია, დასაძინებლად დაწვა და მე მარტოს მომიწია მშობიარობის მიღება… ერთი ლეკვი მკვდარი დაიბადა, ისეთი საშინელება იყო… მთელი გზა ვტიროდი.
ვერძი: შენ ლეკვის გამო ტიროდი?..ამიტომ გაქვს გათხაპნილი მაკიაჟი?.. მაპატიე, ძვირფასო, მე არასწორად გავიგე…
მშვილდოსანი: შენ არ მენდობი. და არც ეცადო ბოდიშის მოხდას! მარტის კატა მიწოდე. ფსიქოპატი ხარ… ცხოველებს ვერ იტან.. საბრალო კატა შენთვის მეძავის სიმბოლოა… გაეთრიე! შენი დანახვაც აღარ მინდა!
კიდევ რამდენიმე ასეთი სცენა და ვერძი მიხვდება (ვიმედოვნოთ, რომ იმაზე ადრე, სანამ მას დაკარგავს), რომ უმიზეზო ეჭვიანობას მშვილდოსანი ვერ აიტანს. საქმე ის არის, რომ ამით ჩრდილი ადგება მის პატიოსნებას. მშვილდოსნები კი დარეხვილები არიან თავიანთ პატიოსნებასა და სიმართლეზე. ზოგიერთისთვის ეს ნერვოზების გამომწვევი მიზეზიც ხდება (შეგიძლიათ ფსიქიატრებს ჰკითხოთ). ასე რომ, მშვილდოსანი ცდუნებას რომც აჰყოლოდა, თავისით გადმოულაგებდა სიმართლეს, ყველა დრამატული დეტალის ჩათვლით.
თუ ვერძს არ სურს, რომ ერთხელაც აი,ასეთი გულწრფელი აღიარება დაატყდეს თავს, მაშინ უნდა ენდოს. ისე მართალია, რომ მშვილდოსანი ქალები, ტყუპებისა და თევზების მსგავსად, უფრო მარტივად ეხვევიან სასიყვარულო ავანტიურებში, ვიდრე დანარჩენი მზის ნიშნები. ისინი ცვალებადი და დუალისტური ბუნების არიან. მაგრამ მშვილდოსანი არ არის ქვეშქვეშა. ვერძმა შეიძლება ყველაფერში დაადანაშაულოს ის, გარდა იმისა, რომ მატყუარაა. ეს ქალი ერთგულია საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანის იქამდე, სანამ მისი გრძნობები გაცივდება ან მის ერთგულებაში ეჭვს შეიტანენ. ასეთ შემთხვევაშიც, ის უფრო გაცეცხლდება და ურთიერთობას გაწყვეტს, ვიდრე ჯიბრის გამო უღალატებს (თუ ასცედენტი ან მთვარე მორიელში არ ჰყავს). ის მშვილდოსანი ქალებიც კი, ვინც ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად გადაფურცლონ მათი ცხოვრებისეული რომანის წარუმატებელი გვერდი, იშვიათად აბამენ ერთდროულად ორ ურთიერთობას. ცხადია, თუ იმედგაცრუებების გრძელმა ჯაჭვმა უსაშველოდ ცინიკური არ გახადა.
მშვილდოსანიც და ვერძიც ხშირად ზარალდებიან თვითკმაყოფილების შემოტევებისგან. მბრძანებლობის სურვილსა და უდარდელობას კი ორივე თითქმის ღირსებად თვლის და არა ნაკლად. მათ სძულთ სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინება, რასაც ცოდვებად აღიქვამენ.
სამაგიეროდ, მას შემდეგ რაც კომპრომისის ხელოვნებას დაეუფლებიან, აზრებისა და გრძნობების ისეთ ჰარმონიას მიაღწევენ, რომელზეც სხვა წყვილები მხოლოდ ოცნებობენ. მათი სიახლოვე ერთდროულად ამაღელვებელი და დამამშვიდებელია, ვარსკვლავთცვენასავით მომაჯადოებელი და მათრობელი. ცხადია, თუ მშვილდოსანს კარგად ემახსოვრება, რომ არსებობს ისეთი წუთები, როდესაც დუმილი ოქროა და უშნოდ არ ხუმრობს ვერძის ექსპრესიულ ვნებებზე. ასეთ დროს მხიარული ლაყაფიცა და ფხიზელი მსჯელობაც თანაბრად შეურაცხმყოფელია ვერძისთვის.
არც ვერძი და არც მშვილდოსანი ბუნებით ძუნწები არ არიან. ამიტომ ფული ვერასდროს გახდება განხეთქილების მიზეზი. მათი ერთადერთი განსახილველი თემა არის, სად იშოვონ ფული, როდესაც საფულე ცარიელდება? თუ საქმე ექსტრავაგანტულობაში შეჯიბრებამდე მივიდა, თამამად შეგიძლიათ ფსონი ვერძზე გააკეთოთ _ აქ ის პირწმინდად მოუგებს მშვილდოსანს. თუმცა როგორც ყოველთვის, კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია. მშვილდოსანიც არანაკლებ სცოდავს მატერიალურ ფასეულობებთან და მე არ გირჩევდით დაუჯეროთ მის ბოდიალს,როგორ მიჰყავს საოჯახო მეურნეობა (ეს საშუალო მშვილდოსნის აქილევსის ქუსლია).
ყველაზე მთავარი რამ, რაც ვერძმა უნდა შეიგნოს ის არის, რომ მისი მეგობარი თხემით ტერფამდე იდეალისტია. მისი კომუნიკაბელურობა და მეგობრულობა მამაკაცებთან აბსოლუტურად უბოროტოა. განა თავად არ უყვარს ქალების აღტაცების სხივებში ნებივრობა? და ეს ორგულობაა? რა თქმა უნდა, არა! მშვილდოსანიც ასევე არასდროს უღალატებს სიყვარულს, სანამ ეს სიყვარული არსებობს და დამიჯერეთ თუ ასეთი რამ მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაიწყებს ამის დამალვას. ის შეიძლება აფეთქდეს და ისეთი რაღაცეები თქვას, რისიც თავადაც არ სჯერა, მაგრამ როგორც კი მიხვდება, რომ საყვარელ ადამიანს ტკივილი მიაყენა, მაშინვე ჭრილობების მოსაშუშებლად ეცემა.
მაშ ასე, მათ სამი საერთო მტერი ჰყავთ: ტყუილი, მოწყენილობა და რისხვა. ეს ორი ისე ჰგავს! ამაყები, გაბედულები, გულუხვები, იმპულსურები, ვნებიანები, დამოუკიდებლები და… მოწყველადები, მტკივნეულად მგრძნობიარენი სიცივისა და გულგრილობის მიმართ. როდესაც ისინი ეგოიზმს დაამარცხებენ, მათ ვერაფერი დააშორებს. მარსი და იუპიტერი ძლევამოსილი კავშირია!
ვერძი ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი
ნეტი მყისვე მიუხვდა ჩანაფიქრს
და თავისი აღტაცება გამოხატა…
სიმართლეს რომ თვალებში ჩავხედოთ, როგორც მშვილდოსნებს უყვართ, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ისე,როგორც არავინ (ტყუპებს თუ არ ჩავთვლით) მიდრეკილნი არიან ღალატისკენ, ფიზიკური თუ არა, დაუსრულებელი ფლირტისკენ მაინც.
რა თქმა უნდა, ეს განზოგადებული მახასიათებელია, რომელიც ყველა კენტავრზე არ უნდა გაავრცელოთ. და მაინც, ვერძი გოგონასა და ქარაფშუტა მშვილდოსანი მამაკაცის სასიყვარულო კავშირი ხშირად ემსგავსება „რუსული რულეტკის“ თამაშს. ეს, ცხადია, საშინლად საინტერესო და ამაღელვებელია,მაგრამ ისეთივე სახიფათოა,როგორც საეკლესიო მსახურების დროს გაშიშვლების მცდელობა.
თუ მარსიანელი ქალბატონი ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ ახასიათებს ეჭვიანობა, ის ან იტყუება ან საკუთარი დაბადების დრო არასწორად იცის. გამონაკლისია მისი აუღელვებლობა (გულგრილობის საპირისპირო მხარე). თუ ის არ ეჭვიანობს, ე.ი. არ უყვარს. ეჭვიანობა ხომ უარყოფის შიშია. უფრო კონკრეტულად, ვერძის ასეთი სიცივე სახიფათო განგაშის სიგნალია. თუ ვერძი გაცივდა, შეიძლება იმ დღესვე არა, მაგრამ უახლოეს მომავალში თავად მიატოვებს რჩეულს.
ვერძიც და მშვილდოსანიც ცეცხლის ნიშნები არიან, ორი ნაპერწკალი კი დიდ კოცონს აჩაღებს. მათ პირველივე შეხვედრიდან ძლიერი სურვილი უჩნდებათ რომანი ან მეგობრობა წამოიწყონ. ამ კავშირზე 5-9 სქემა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მზეები ყველაზე კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. შეიძლება უკეთესიც არის, როდესაც მშვილდოსან მამაკაცს, რომელიც არ არის მზად ერთი ქალით დაკმაყოფილდეს, სიყვარული კი არა, მეგობრობა სჭირდება. მაგალითად, მშვილდოსანი მთელი გულით ხალისობს, როდესაც კინოეკრანზე ერთ ლოგინში მოფართხალე ოთხ ადამიანს შესცქერის. ვერძი კი რატომღაც წამოხტება, პოპკორნს ზედ გადააყრის, დარბაზიდან გაიქცევა და ნაკუწებად ქცეულ ბილეთს პირდაპირ სახეში მიაყრის კინოთეატრის ადმინისტრაციას.
მშვილდოსნის დასაცავად ერთი რამ შეიძლება ითქვას: თუ ის ახალი სიყვარულის ხიბლს დანებდა, ამას უცებ არ აღიარებს. იუპიტერით მართული მამაკაცებს ყველაზე მეტად და ყველაზე გულწრფელად უმძიმთ ტყუილის თქმა. თუმცა ნამდვილად სულელური იქნებოდა, ვერძისთვის მოეყოლა, როგორ უღიმოდა ქერა ლამაზმანი ბარის დახლთან. მარსიანელი ქალის მდიდარი და სწრაფვი წარმოსახვა, ერთ წამში ღალატის იმდენ სურათს დახატავს, მის ფანტაზიას საერთოდ აღარ აინტერესებს,რა მოჰყვა იმ ღიმილს.
თითქოს უცნაურია არა, რომ ვერძივით დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გოგონა ასეთი მოწყველადია? მას ღალატისგან დამცირების შიში წამლავს. ვერძი მამაკაცური ნიშანია და ეს ქალი არც ისე დარწმუნებულია საკუთარ ქალურობაში. გულის სიღრმეში მას მიაჩნია, რომ მასზე ნაკლებად ჭკვიანი და ლამაზი ქალები მეტად სასურველნი არიან მისი შეყვარებულისთვის მარტო იმიტომ,რომ მოხერხებულად სარგებლობენ სუსტი სქესის ცბიერი ხრიკებით. ამაზე ფიქრი ვერძს ენითაუწერელ ტანჯვას ანიჭებს, რაც სახიფათო ხდება ორივესთვის, რადგან ეჭვიანობის სცენები კიდევ უფრო გააბრაზებს თავისუფლების მოყვარე მშვილდოსანს, რომელიც საყვარელი ქალისგან სრულ ნდობას მოითხოვს.
ნდობა, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თუ მშვილდოსანი მეტ შემწყნარებლობას არ გამოიჩენს ეჭვიანი ვერძის მიმართ, მის შიშებს სინაზითა და თანაგრძნობით არ გააქარწყლებს და ხანდახან გამოთქმის საშუალებას არ მისცემს, იმაზე სწრაფად დაკარგავს მას, ვიდრე იპოვა. სიცარიელე კი, რომელიც მის გულში დაისადგურებს, არც ისე მარტივი შესავსებია. მაშინ შეიცნობენ მარტოობის საშინელ გრძობას, რაც გარდაუვლად მოჰყვება ორი ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანის განცალკევებას. თუმცა თუ გრძნობა, რომელიც სიყვარული ეგონათ, მხოლოდ მიჯაჭვულობა აღმოჩნდა, განშორება ნაკლებად მტკივნეული იქნება და შესაძლოა მეგობრობაც კი მოახერხონ.
მათ კავშირში ურთიერთნდობა ემოციური ჰარმონიის გასაღები ხდება. ბევრი მშვილდოსანი მუდმივი და საიმედოა სიყვარულში და მასთან კავშირი ვერძისთვის დაუსრულებლად ამაღელვებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ცეცხლოვანი ნიშნების გულში სიმშვიდე და კმაყოფილება მოაქვს.
ისინი ოპტმისტები, გახსნილები, გულითადები და მეგობრულები არიან. ორივე მეოცნებეა. თუმცა მშვილდოსნის ოცნებები გაცილებით ახლოა რეალობასთან, რადგან ვერძისგან განსხვავებით, მას კარგად განვითარებული წინასწარმეტყველური უნარი აქვს _ დაინახოს სულ ახლად ჩასახული ოცნების განვითარება და ფინალი. ამასთან, შინაგანი სიმართლის წყალობით კარგად ახერხებს ოცნებისა და ცარიელი ილუზიების ერთმანეთისგან გარჩევას. მართალია, ორივეს უყვარს საჰაერო კოშკების აგება, მაგრამ მშვილდოსნის ფანტომები მაინც უფრო მატერიალურია.
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მშვილდოსანი მამაკაცი არ ცდილობს თავი ოჯახის მძიმე უღელში გაჰყოს (ასეთივე მძაფრ ანტიპატიას განიცდიან ქორწინების მიმართ ქალწული და მერწყული). სამაგიეროდ,ეს იმპულსური ნატურის მამაკაცები ძალიან მარტივად ხტებიან სასიყვარულო მორევში. ვერძმა,თავისი მარსიანული ზეწოლით,შეიძლება ძალით ამოგლიჯოს ისეთი დაპირება,რომლის შესასრულებლად მშვილდოსანი ჯერ მზად არ არის. თუმცა მშვილდოსანთა უმეტესობა არ იტყუება ეკლესიაში. ამიტომ ჩაშლილი ქორწილები თუ ნიშნობები არც ისე იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქმე ამ ნიშნის მამაკაცს ეხება. ისინი არ არინ სასტიკები, უბრალოდ ძალიან გულმართალი ხალხია.
ერთი ჩემი კარგი ნაცნობი უკვე თავადაც აღარ ახსოვს რამდენი ხანია ელოდება თავის მეგობარ მშვილდოსანს, რომელიც უსაშველოდ წელავს დაქორწინებას. მაგრამ ის კვლავ ელოდება კირჩხიბის დაჟინებულობით. ეს ქალი რომ ვერძი იყოს, დიდი ხნის წინ მიუყრიდა კბილის ჯაგრისს და გოლფის ყვანჯებს, გამოცვლიდა საკეტს და ტელეფონის ნომერს. ასეთ ცივ შხაპს ხშირად მოჰყავს მშვილდოსანი გრძნობაზე, თუ ის მართლა შეყვარებულია. მაგრამ თუ არა,ვინ დავადანაშაულოთ? რა თქმა უნდა, ქალი, რადგან მშვილდოსანი მამაკაცი კრინტსაც არ დაძრავს სიყვარულზე, თუ მას მართლა არ უყვარს. თუმცა გაფრთხილდით, მშვილდოსან მამაკაცებს კარგად ეხერხებათ მათთვის საჩოთირო კითხვების თავიდან აცილება. აი, მაგალითად:
ვერძი: ძვირფასო,შენ ხომ გიყვარვარ?
მშვილდოსანი (ნაწყენი და გაბრაზებული): რა სასაცილო კითხვებს მისვამ? ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი, რას ვგრძნობ შენს მიმართ?
ან ასე:
ვერძი: მართლა გიყვარვარ, ჰო?
მშვილდოსანი: შენ როგორ ფიქრობ, საყვარელო? უბრალოდ არ მესმის, როგორ შეგიძლია ამაში დაეჭვდე (და ვნებიანი კოცნებით ავსებს).
მოგვიანებით ვერძი ორპირობაში დაადანაშაულებს და სულ ტყუილად, თავისი ბრალია _ უყურადღებოდ უსმენდა. მან არ მოიტყუა. მშვილდოსნები საერთოდ არ იტყუებიან! რა,არ იცოდით?!
მშვილდოსნები არ არიან შინაყუდები. მათთვის უცხოა ოჯახის კულტი, ნათესავებიც კი დისტანციურად უყვართ. თუმცა არც ვერძს სურს ხელფეხშეკრული იჯდეს, ამიტომ მშვიდად ეკიდება გულის სწორის ხშირ გადაადგილებებს. ცხადია ეს იმ შემთხვევაში, თუ მშვილდოსანი თან გაიყოლებს. თუ ვერძი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის,რომ რჩეულს აღვირი არ ამოსდოს,მშვილდოსანს შეუძლია ძალიან გულუხვი და ამაღელვებელი პარტნიორი იყოს.
ჰო, კიდევ ვერძს მოუწევს ცხოველების შეყვარება, რადგან მშვილდოსანი მალე მოუყვანს სახლში ძაღლს ან ცხენს. თუ ისინი პატარა ბინაში ცხოვრობენ, კარგი იქნება, თუ მშვილდოსანი შინაურ ნებიერად ძაღლს (და არა ცხენს) შეარჩევს. მას ასევე მოუწევს შეეგუოს მშვილდოსნის დაკარგვებს სტადიონსა თუ თავლაში. ტყეებში ხეტიალისა და კარვებში ღამის გასათევადაც უნდა მოემზადოს და მთქნარების შეკავებაც უნდა ისწავლოს,კიდევ ერთი ექსპერიმენტული დადგმის მორიგი პრემიერისას. მშვილდოსან-ინტელექტუალს წიგნები და ფილოსოფია ბუნების, სპორტისა თუ სცენის სიყვარულს უცვლის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ინტერესები სახლის გარეთ იქნება.
ბუნებრივია, რომ მათი ფიზიკური კავშირი წარმატებით დაგვირგვინდება. ორივე ხომ ცეცხლის ნიშანია, მაშასადამე ნაზი და ვნებიანი. მშვილდოსანი უფრო მშვიდია, სამაგიეროდ უფრო თავისუფალი, მაგრამ გულწრფელი და რომანტიულიც. მიუხედავად იმისა, რომ ეგოიზმი (სექსუალური დისჰარმონიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი) ორივესთვის ძალიან ახლობელი თვისებაა, მათ შეუძლიათ იყვნენ ყურადღებიანი და გულუხვი პარტნიორები. შეიძლება იმასაც მიხვდნენ, რომ ნამდვილი ბედნიერება, ადამიანის აუცილებელი შინაგანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა _ თავად უყვარდეს და არა პირიქით. ეს არც ისე რთულად ასათვისებელი გაკვეთილია, რადგან მათ შეუძლიათ გაცემა. ინტელექტუალური და ემოციური ჰარმონია (თუ ეჭვიანობასა და ღალატს გამოვრიცხავთ) მათ სიახლოვეს იდეალურად აქცევენ.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.