ზოდიაქოს ნიშნების ყოველდღიური პროგნოზები

ზოდიაქოს ნიშნების ყოველდღიური პროგნოზები

არაერთ საიტზე შეხვდებით ყოველდღიურ პროგნოზებს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. მოკლე, რამდენიმე წინადადებიან „დღის მიმოხილვას“, მაგალითად: „ვერძი – დღეს გელით მნიშვნელოვანი შეხვედრა, საღამო მეგობრების წრეში გაატარეთ“, „კურო – შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. საყვარელი ადამიანისგან საღამოს სიურპრიზს ელოდეთ“  და ა.შ.

ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა და აღმოაჩენენ ხოლმე, რომ „ხდება“, შედეგად  პროგნოზების საიტს ხშირად სტუმრობენ…. მაინც რა მნიშვნელობა ენიჭება ყოველდღიურ პროგნოზებსასტროლოგიაში?

არანაირი. ძალიან ხშირად ის, რასაც ვკითხულობთ, სინამდვილეში ტყუილია და ამავე დროს, კარგად არის გათვლილი ადამიანის ფსიქოლოგიაზე.

ყოველდღიური პროგნოზის გაკეთება  შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი დღის ტენდენციების დაწერით, რომელიც ძირითადად მთვარის მიხედვით  დგება და საერთო არაფერი აქვს ზოდიაქოს ნიშნებთან, როგორც ჩვენს ნიშანთან.

ასტროლოგიაში პროგნოზირება ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც შესაძლო მოვლენებს თვლის, აღნიშნავს, წინასწარ გვაფრთხილებენ, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, რაც ფართო მასებშია მიღებული. 

რატომ „ემთხვევა“ ზოდიაქოს ნიშანთა ყოველდღიური პროგნოზები?

პირველი მიზეზი- განწყობაა. ფსიქოლოგიაში დიდი ხანია ცნობილია ტერმინი „განწყობა“, რომელიც ადამიანის ქცევას მნიშვნელოვნად განაპირობებს. ხშირად განწყობის მიხედვით ქვეცნობიერად ვმოქმედებთ. ის თუ რა განწყობას იქმნი ან გიქმნიან, მომავალში  შენს ქცევას განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით და „გვიხდება“.

საიტზე წაკითხული ინფორმაცია განწყობას გვიქმნის, ჩვენს ქვეცნობიერში ილექება და ქცევაზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ საჭიროა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სულიერ სფეროს ოდნავ მაინც ეხება (ფსიქოლოგი, ასტროლოგი), როდესაც ადამიანებს ინფორმაციას აწვდის, სიფრთხილე უნდაგამოიჩინოს – განწყობის შექმნით შეიძლება მოუტანოს როგორც დადებითი, ასევე მის ცხოვრებას დაღი დაასვას და დაუნგრიოს.

სწორედ განწყობაა მიზეზი, რომ ჩვენი სურვილები ხდებიან – ვიზიდავთ მას, რაზეც ვფიქრობთ, უფრო სწორად კი – შეიძლება ითქვას, გაუცნობიერებლად ჩვენ ვმოქმედებთ მისკენ.

მოკლედ, ნებისმიერი  „პროგნოზი“ ახდება თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. 

მეორე მიზეზი – ზოგადი წინადადებებია. დღის განმავლობაში სხვადასხვანაირად ვიქცევით, ერთ ადგილზე გაჩერებული არ ვართ. არსებობს ზოგადი ქცევა, მოქმედება, სიტუაცია, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. “პროგნოზებში” სწორედ ასეთი მოქმედებები “შეაქვთ”. ზემოთ დაწერილი მაგალითებიდან გამომდინარე: დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იმიტომ კი არ გელით, რომ ვერძი ხართ, არამედ იმიტომ რომ ორშაბათია და სამსახურში შეხვედრაა დანიშნული….ან იმიტომ, რომ მეგობართან სტუმრად მიდიხართ. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სურპრიზი კუროობის გამო კი არ გელით, არამედ იმიტომ, რომ საყვარელი ადამიანი გყავთ, რომელიც ყურადღებას და სიყვარულს გამოხატავს.

რატომ არის ზოდიაქოს ნიშნებისთვის შედგენილი ყოველდღიური პროგნოზები სიყალბე?

1.თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ როცა პროგნოზირებას ვიყენებთ, უნდა შევადგინოთ  დაბადების დროის მიხედვით და არა ზოგადად. საიტებზე კი ჩვენი დაბადების დრო არ იციან.

2.  ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზებს ავტორი ან საიტი იგონებს – რამდენიმე ადამიანმა აღიარა, რომ  საიტისთვის მოკლე, ყოველდღიურ პროგნოზებს წერდნენ და ხშირად ერთიდაიგივე წინადადებები მეორდებოდა.

ყოველდღიური პროგნოზის გარდა, კვირის და თვის პროგნოზებიც არსებობს, რომლებიც წესით, მზის მდებარეობაზე გათვლით დგება. იმედი მაქვს, პლანეტების განლაგებას და ასტროლოგიას ამ შემთხვევაში მაინც აქცევენ ყურადღებას. 

პ.ს. თუმცა, მზის გათვალისწინებით გაკეთებული პროგნოზები ზოგადია და არა ინდივიდუალური და თქვენზე მორგებული. ზოგადად, ასტროლოგიის გათვალისწინებით შედგენილ პროგნოზირებსა და მის მნიშვნელობა-გავლენაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბროთ.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top