ზოდიაქოს ნიშნები და მითოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მითოლოგია

ძველ დროში, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ცა ერთი მთლიანი „ქსოვილი“ იყო, რომელიც გარს ერტყა დედამიწას. მზეც და სხვა პლანეტებიც დედამიწის გარშემო მოძრაობდნენ…ეკლიპტიკაზე (ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომელზეც მიმდინარეობს მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავებს შორის).

ეკლიპტიკაზე განთავსებულია ზოდიაქოს ნიშნები. თავად სიტყვა „ზოდიაქო“ ბერძნული სიტყვიდან მოდის და „ცხოველთა წრეს“ ნიშნავს, რადგან უმეტესად ცხოველთა ნიშნებით შედგება. უძველეს დროში ვარსკვლავთმრიცხველებმა მათი მეშვეობით დაიწყეს ცის დაყოფა და ასე შეიქმნა 12 ზოდიაქოს ნიშანი. თუმცა, ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას უფრო მეტად საზღვაოსნოდ, ორიენტაციისთვის იყენებდნენ.

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი ისტორია გააჩნია და მითოლოგიასთან მჭიდრო კავშირი აქვს.

ვერძი

ვერძი, იგივე ცხვარი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. მითებში ცხვარი ხშირად გვევლინება მამაცობის, ენერგიულობის, აქტიურობის სიმბოლოდ. ვერძის მითი უკავშირდება ძველ საბერძნეთს. კონკრეტულად ბეოტიის მეფისა და ნეფელეს, ღრუბელთა ქალღმერთის, მათი შვილების ჰელესა და ფრიქსეს მითს.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აფამანტი ნეფელეს გაშორდა და ცოლად ინო შეირთო, რომელმაც ასევე ორი შვილი უშვა მეფეს. ინოს არ მოსწონდა ჰელე და ფრიქსე. რადგან ისინი მეფის უფროსი შვილები იყვნენ და მემკვიდრეობაც მათი იყო, ამიტომ მოკვლა განიზრახა. ერთხელ, ინომ ყველა ქალი, რომელიც მათ ქვეყანაში ცხოვრობდა, დაიბარა და უთხრა რომ თუ დათესვის წინ ხორბლის თესლს მოხალავდნენ, დიდ მოსავალს მიიღებდნენ (მეორე ვერსიით, ქალები მოისყიდა). რა თქმა უნდა, ასე დათესილმა ხორბალმა ნაყოფი არ გამოიღო და ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო.

აფამანტმა რჩევისთვის მისანს მიმართა, რომელიც ასევე ინოს მოსყიდული იყო და მეფეს მცდარი წინასწარმეტყველება მიაწოდეს – „სანამ ფრიქსეს და ჰელეს ღმერთებს არ შესწირავდნენ, მანამდე მოსავალს ვერ მიიღებდნენ“. მსხვერპლშეწირვის დროს ვერძი გამოჩნდა, რომლის ზურგზეც და-ძმა შემოსხდნენ და გაიქცნენ (ერთ-ერთი ვერსიით, ვერძი ჰერას ან ზევსის ბრძანებით ჰერმესმა (იგივე მერკური) გამოუშვა ნეფელეს შვილების გადასარჩენად).

ფრენის დროს ჰელემ თავი ვერ შეიმაგრა და ზღვაში ჩავარდა, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ჰელესპონტი (ახლანდელი დარდანელის სრუტე) ეწოდა. ვერძმა ფრიქსე ჰელიოსის, მზის ღმერთის შვილთან – აიეტთან მიიყვანა. ვერძის ნებით, ის ზევსს შესწირეს და მისი საწმისი ყველაზე მაღალ მუხაზე დაკიდეს (ოქროს საწმისის მითი). ღმერთებმა ნეფელეს შვილების მხსნელი ვერძი ვარსკვლავად აქციეს და ცაზე სამუდამოდ დამკვიდრდა.

ვერძი ძველ ინდურ მითოსშიც გვხვდება ცეცხლის ღმერთის – აგნის სიმბოლოდ.

კურო

რიგით მეორე ნიშანი, კურო, იგივე ხარი სიძლიერესა და სიმტკიცეს გამოხატავს. კუროს ლეგენდა ზევსს უკავშირდება, რომელსაც მოკვდავ ქალებთან არაერთი სასიყვარულო გატაცება ჰქონდა.

მისი ერთ-ერთი გატაცება ფინიკიის მეფის აგენორის ქალიშვილი ევროპა იყო. როგორც ამბობენ, ევროპა მშვენიერი ქალი იყო, რომელსაც სილამაზით ქალღმერთებსაც კი ადარებდნენ. ერთხელ, სეირნობისას ზევსმა თვალი მოკრა და მისი მოტაცება გადაწყვიტა. ზევსი მიხვდა, რომ ახალგაზრდა გოგონას ნამდვილი სახით რომ გამოცხადებოდა, შეაშინებდა, ამიტომ თეთრი, ლამაზი ხარის სახით გამოეცხადა. ევროპა მოიხიბლა ხარით და მოფერება დაუწყო, ხარმა დაიჩოქა, ევროპა ზურგზე მოისვა და ცისკენ აფრინდა. კრეტას შორეულ კუნძულზე ზევსი მთელი სიცხადით გამოეცხადა ევროპას.

მათი სიყვარულის შედეგად, კრეტა მომავალი მეფე მინოსი მოევლინა (და კიდევ რამდენიმე შვილი). ლეგენდის მიხედვით, ევროპას აფროდიტე გამოეცხადა და აუწყა, რომ კონტინენტი, რომელზეც ის და ზევსი შეუღლდნენ, მალე მის სახელს უწოდებდნენ და მართლაც ასე მოხდა. ასე შემორჩა ევროპა კონტინენტის სახელად, ხოლო ხარად ქცეული ზევსის სახე – ზოდიაქოს ნიშნებს.

კუროს ნიშანთან დაკავშირებით სხვა ვერსიებიც არსებობს: ერთ-ერთი ვერსიით, კუროს სახელი დიონისეს უკავშირდება, რომელიც ღვინის, ტკბობისა და თრობის ღმერთად გვევლინება. შესაძლოა კუროს ნიშანში ჩადებული იყოს ის, რომ ამ ნიშანს მატერიალურ ტკბობასა და ინსტინქტებთან ბრძოლა უწევს. მეორე ვერსიით, კურო იგივე მინოტავრის სიმბოლოა, რომელიც კრეტას მეფის ლაბინირთში ცხოვრობდა.

ტყუპები

ტყუპები ზოდიაქოს მესამე ნიშანია და პირველი მათგან, რომლებიც ცხოველის სახით არ გამოისახებიან. ტყუპების მითი უკავშირდება დიოსკურების, ორი ძმის ისტორიას, რომელთაგან ერთი უკვდავი იყო, ხოლო მეორე მოკვდავი.

ზევსს სპარტის მეფე ტინდარევსის მეუღლე, ლედა შეუყვარდა. ზევსმა იგივე ხერხს მიმართა, რაც ევროპასთან გამოიყენა – ოღონდ მცირე განსხვავებით – გედად იქცა. სწორედ გედად გადაქცევით მიაღწია ლედემდე. ლეგენდის მიხედვით, ლედეს შვილები გაჩნდა, რომელთაგან ერთი სპარტის მეფისგან ჰყავდა, მეორე – ზევსისგან. ასე იშვა ორი ძმა: მოკვდავი კასტორი და უკვდავი პოლიდევკე; მშვენიერი ელენე და კლიტემნესტრა.

ძმები მუდმივად ერთად იყვნენ, ერთად გაიზარდნენ, ერთად წავიდნენ ოქროს საწმისის მოსაძებნად. ერთხელ, ჩხუბის დროს კასტორი სასიკვდილოდ დაიჭრა, პოლიდევკემ მამა ზევსს მიმართა თხოვნით მისი ძმა დაებრუნებინა, თუმცა თავად არჩევანის გაკეთება მოუწია:ეცხოვრა ოლიმპოზე ღმერთების გვერდით ან ერთი დღე ცაზე გაეტარებინა, მეორე დღე კი მიწისქვეშა სამეფოში – ძმასთან. ასე იქცნენ განუყრელ ძმებად და ზევსმა ისინი ვარსკვლავების სახით ცაზე განათავსა.

ტყუპების ლეგენდას უკავშირდება, უძველესი წარმოდგენა ადამიანის ორსქესიანად შექმნაზე, უფრო სწორად კი, ადრეულ დროში ადამიანი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. მოგვიანებით, ღმერთებმა „გაყვეს“ ორ სქესად, რის შემდეგაც ადამიანები სრულყოფისკენ მიისწრაფვიან.

კირჩხიბი

კირჩხიბი ზოდიაქოს მეოთხე ნიშანია. ითვლება, რომ ეს ნიშანი ძვ. წ.-აღ-ით ხუთასი წლის წინ გაჩნდა. ქალდეაში თანავარსკვლავედს კირჩხიბი უწოდეს, რადგან კირჩხიბი უკან-უკან დადის ან ზიგზაგურად. 21 ივნისს მზე ამ თანავარსკვლავედში გადადის, რამდენიმე დღე თითქოს „ერთ ადგილზე იყინება“.

ეგვიპტელები თანავარსკვლავედს „წყლიან ვარსკვლავებს“ უწოდებდნენ და კუს მოიაზრებდნენ, რადგან ამ პერიოდში მდინარე ნილოსი მინიმალურ ზღვარს აღწევდა და ნაპირზე კუები მრავლდებოდნენ. ასტროლოგთა ნაწილის აზრით, კირჩხიბი წარმოადგენს ეგვიპტური კუს ანალოგიას, რადგან მათ შორის გარკვეული მსგავსებაცაა – ნელა მოძრაობენ და ჯავშანი აქვთ.

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კირჩხიბი დაკავშირებულია ჰერაკლეს გმირობებთან. ერთ-ერთი გმირობის – ჰიდრის მოკვლის დროს, კირჩხიბი წყლიდან ამოიზიდა და ჰერაკლეს თავს დაესხა. ზევსის ცოლი ჰერა კირჩხიბის მადლიერი იყო, რადგან ჰერაკლეს თავს დაესხა (ერთ-ერთი ვერსიით, მისი ბრძანებით ჰიდრას დასაცავად მოქმედებდა). რადგან კირჩხიბი ბრძანებას შეეწირა, ჰერამ სხვა გმირებთან ერთად ცაზე განათავსა.

ლომი

ბერძნულ მითოლოგიაში ლომის ლეგენდა ჰერაკლეს ერთ-ერთ გმირობას უკავშირდება – ნემეის ლომისა და ჰერაკლეს ბრძოლას.

ჰერაკლე ზევსის შვილი იყო, რომელსაც თორმეტი დავალების შესრულება მოუწია. ნემეის ლომის დამარცხება კი მისი პირველი დავალება იყო. ლომი პენოპონესში, ნემეის ტყეს აფარებდა თავს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ტიფონისა და ექიდნას (ექიდნა – ქალ-გველი, რომელმაც უამრავი არსება შვა: სფინქსი, ქიმერა, ლერნეს ჰიდრა, ნემეის ლომი…) შვილი იყო.

ჰერაკლე ლომს შიშველი ხელებით შეება და სიძლიერით აჯობა. ლომის მოკვლის შემდეგ მისივე ბრჭყალებით გაატყავა, რადგან მის ტყავს ვერაფერი ხევდა. ტყავისგან დამცავი მოსასხამი გაიკეთა, თავისგან – მუზარადი და დავალებაც პირნათლად შეასრულა. ლომის თანავარსკვლავედებში შეტანა ჰერაკლეს გმირობას და სიძლიერეს გვახსენებს. ზოგიერთი ვერსიით, ლომის ზოდიაქო აპოლონს ან ჰელიოსს (მზის ღმერთს, ყველაფრის განმათებელს) უკავშირდება.

ქალწული

ქალწული ზოდიაქოს სისტემის მეექვსე ნიშანია და მეორე მათგან, რომლებიც ცხოველს არ წარმოადგენენ. ქალწული წარმოდგენილია ახალგაზრდა ქალის სახით, რომელსაც ხელში ხორბალი უჭირავს. ქალწულის ლეგენდას ორი მითი უკავშირდება – ტიტანებისა და დემეტრას მითი.

ლეგენდის თანახმად, ადამიანებამდე ტიტანები ცხოვრობდნენ, რომლებიც სამყაროს მართავდნენ. ორ ტიტან ძმას – პრომეთესა და ეპიმეთეს დაევალათ ადამიანებისა და ცხოველების შექმნა. როდესაც ძმებმა დავალება შეასრულეს, ეპიმეთემ ცხოველებისთვის სხვადასხვა უნარის ბოძება დაიწყო. იმდენად გაერთო, რომ ბოლოს, ადამიანებისთვის არაფერი დარჩა. ამიტომ ძმას – პრომეთეს („წინდახედული“, ‘შორსმჭვრეტელი“) მიმართა.

პრომეთე ცაზე დაბრუნდა და ადამიანებს ცეცხლი ჩამოუტანათ. ცეცხლმა ადამიანები ყველა სხვა არსებაზე მაღლა დააყენა. ზევსმა გაიგო, რომ ადამიანებს ღმერთების საიდუმლო – ცეცხლი ჰქონდათ და განრისხდა. მან დედამიწაზე გამოაგზავნა პანდორა („ყველასგან დასაჩუქრებული“), რომელსაც თან ყუთი ჰქონდა. არსებობს ვერსია, რომ პანდორა წყლისა და მიწისგან ჰეფესტომ შექმნა. შემდეგ კი ღმერთებმა „საჩუქრები“ – ხმა, სილამაზე, მომხიბვლელობა, ლამაზად მეტყველება უბოძეს. პრომეთეს ძმა მოიხიბლა და პანდორა ცოლად შეირთო.

ერთ დღესაც პანდორამ აკრძალული ყუთი გახსნა, რომლიდანაც „ყველა ადამიანური უბედურება“ გამოფრინდა და დედამიწას მოედო. პანდორამ ყუთს ისევ დაახურა და შიგნით მხოლოდ იმედი ჩარჩა (ერთ-ერთი ვერსიით, დახურვის შემდეგ ხმა შემოესმათ „ამომიშვით, რომ უბედურებაში ნუგეში გცეთ“ და ქალწული იმედი ამოფრინდა). ყუთის გახსნის შემდეგ ღმერთები იძულებული გახდნენ დედამიწა დაეტოვებინათ და ზეცაზე გადაინაცვლეს. უკანასკნელი სიწმინდისა და სამართლიანობის ქალღმერთი ასტრეა (დიკე) იყო, რომელმაც ბოლომ დატოვა დედამიწა და ლეგენდის თანახმად დედამიწაზე ისევ დაბრუნდება. მანამდე კი ბერძნებმა თანავარსკვლავედის სახით შემოგვინახეს.

მეორე მითი დაკავშირებულია დემეტრას სახელთან, რომელმაც ხალხს მიწათმოქმედება ასწავლა და ნაყოფიერების ქალღმერთად მოიხსენიებოდა. როდესაც მისი შვილი პერსეფონე (პროზერპინა) მიწისქვეშეთისა და “მკვდართა სამეფოს” ღმერთმა ჰადესმა (პლუტონი) მოიტაცა, მოსიყვარულე დედა იმდენად დაღონდა, რომ დედამიწას ყურადღებას აღარ აქცევდა, უნაყოფობამ და სიცივემ დაისადგურა დედამიწაზე. სწორედ ამ მითს უკავშირებენ სეზონების (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) ცვლილებებს. მითი უფრო ვრცლად იხილეთ – პროზერპინა.

ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქალწულს უკაშირდება ისიდას სახელი.

სასწორი

სასწორი არის ნიშანი, რომელიც ზოდიაქოს სისტემაში წარმოადგენს არც ადამიანს და არც ცხოველს. სასწორს უკავშირდება სამართლიანობა, მართლმსაჯულება, ჰარმონია. ეგვიპტურ მითოლოგიაში სასწორს შეესაბამება ღმერთი ანუბისი, რომელიც სულების გამცილებელი და მსაჯული იყო. გამოსახავდნენ ტურის ან ძაღლის თავით და ქვესკნელში სულების მეუფედ ითვლებოდა, რათა დამსახურებულად მიეღოთ.

ანუბისს ხშირად გამოსახავენ დიდი სასწორით ხელში, რომლის ერთ მხარეს ადამიანის გული ან სული (მისი ცხოვრებისეული ემოციები, საქმეები, მოქმედებების აღმნიშვნელი) და მეორე მხარეს ბუმბული (სამართლიანობის აღმნიშვნელი) იდო. ადამიანი მეორედ ცხოვრების შანსს მოიპოვებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გული და ბუმბული ერთმანეთს გაუთანაბრდებოდა.

ბერძნულ მითოლოგიაში სასწორს სამართლიანობის ქალღმერთი თემიდა (ზოგი ვერსიით დიკე) შეესაბამება, ასტრეას დედა. ასტრეა და თემიდა ქალწულსა და სასწორს შეესაბამებიან და ზოდიაქოს სისტემაშიც გვერდიგვერთ განთავსდნენ. ლეგენდის თანახმად, როდესაც დედამიწაზე ოქროს ხანა დადგება, თემიდა (სამართლიანობის სიმბოლო) და მისი შვილი ასტრეა (უდანაშაულობის, სისპეტაკის სიმბოლო) დაბრუნდებიან.

მორიელი

მორიელებს სასიკვდილო შხამის გამო ყოველთვის არ ერიდებოდნენ. ძველ ეგვიპტეში მას განასახიერებდა მორიელთავიანი ქალღმერთი სელკეტი, რომელიც გარდაცვლილთა მფარველად ითვლებოდა. მისი სიმბოლოს ნახვა სამარხების ახლოს შეგვიძლია. კლასიკური მითი მორიელზე იწყება ორიონის (ახალგაზრდა, ლამაზი გიგანტი და მონადირე; პოსეიდონის შვილი) სიკვდილიდან. სიკვდილის რამდენიმე ვერსიაა.

ერთ-ერთი ვერსიით, მისით გარიჟრაჟის ქალღმერთი ეოსი მოიხიბლა და თავისთან წაიყვანა. ქალღმერთმა არტემიდამ კი იეჭვიანა და ორიონი მორიელის ნაკბენით მოკლა. მეორე ვერსიით, ორიონი შეეცადა არტემიდაზე ძალა ეხმარა, რის გამოც ქალღმერთმა მორიელის ნაკბენით დასაჯა. მოგვიანებით ზევსმა ორიონი და მორიელი ცაზე განათავსა.

მესოპოტამიაში მორიელს გილგამეშს უკავშირებენ. ანტიკურ დროში მორიელს არწივთან აიგივებენ. მორიელის სიმბოლო მორიელიც და არწივიც ითვლება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი არის ნიშანი, რომელიც ერთდროულად გამოხატავს როგორც ადამიანს, ასევე ცხოველს (ცხენი).

მშვილდოსანზე არსებული მითი ბრძენ კენტავრს – ქირონს უკავშირდება. ქირონს ენდობოდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები. ის მითიური გმირების აქილევსის, იასონის, დიოსკურების, ჰერაკლეს მასწავლებელი იყო. ღმერთებმა მკურნალობა, ნადირობა, მუსიკალურ ისნტრუმენტებზე დაკვრა ასწავლეს. ერთხელ, როდესაც ჰერაკლე ნადირობდა, შემთხვევით, მოწამლული ისრით ქირონი დაჭრა. უკვდავი ქირონი ტკივილით იტანჯებოდა, თუმცა საკუთარ თავს ვერაფრით შველოდა.

მოგვიანებით, ჰერაკლემ პრომეთე აღმოაჩინა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებოდა, თუ უკვდავი არსება მის ნაცვლად ქვესკნელში ჩავიდოდა, ანუ უკვდავებაზე უარს იტყოდა. ქირონს იმდენად აწუხებდა ტკივილები, რომ…ორივე გმირმა მიიღო ის, რაც უნდოდა: ქირონმა პრომეთეს უკვდავება დაუთმო. ზევსმა ბრძენი კენტავრი ცაზე განათავსა და ასე უკვდავყო მისი სახელი.

თხის რქა

ძველ დროში თხას გამოსახავდნენ თხის ტანითა და თევზის კუდით. ზოგიერთ ასტროლოგიურ აღწერაში ზღვის თხად გვხვდება. ძველი ბაბილონის კულტურაში მის სახელს სიბრძნის ღმერთ ეას სახელი უკავშირდება.

ბერძნულ მითოლოგიაში, ერთი ვერსიით პანს, რომელსაც მუსიკა და ნიმფები უყვარდა. მეორე ვერსიით, თხის რქის თქმულება ამალთეას – ზევსის მკვებავი თხის სახელს უკავშირდება, რომელმაც ზევსი საკუთარი რძით კვება, გაზარდა. მითის თანახმად ამალთეას რქას ჰქონდა ჯადოსნური ძალა, ყველაფერი სასურველი მიეცა მისი მფლობელისთვის. ამიტომ მას სიუხვის რქასაც უწოდებდნენ. მოგვიანებით, ზევსმა არ დაივიწყა „ძიძა თხის“ ზრუნვა და თანავარსკვლავედის სახით ისტორიას შემორჩა.

მერწყული

მერწყულის სიმბოლოა ადამიანი, რომლის დოქიდანაც წყალი იღვრება.

ამ სიმბოლოს პირველად ეგვიპტესა (ნილოსის ღმერთი) და ბაბილონში ვხვდებით.

ზოგიერთი ვერსიით, ზევსი დედამიწაზე წყალს ღვრის, რათა სიცოცხლე შენარჩუნდეს;

მეორე ვერსიით კი მერწყულის ნიშნით გამოისახება დევკალიონი, რომელიც წარღვნის დროს გადარჩა. ზევსმა ძმის – პოსეიდონის დახმარებით დედამიწაზე წარღვნა მოაწყო, რომლის დროსაც დევკალიონი და მისი ცოლი პირა გადარჩნენ. მათ ზევსის შემონათვალი მიიღეს „უკან გადაისროლეთ დედის ძვლები და სიცოცხლე გაჩნდება“. დიდი ფიქრის შემდეგ დევკალიონი მიხვდა, რომ დედა – დედამიწა იყო, ძვლები კი – ქვები. ასე გაჩნდა ახალი სიცოცხლე და ზოდიაქოს ნიშანი დედამიწაზე.

თევზები

თევზების სიმბოლო ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში შეინიშნებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ტიგრისა და ევფრატის შეერთება-კავშირს წარმოადგენენ.

ბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტესა და მის ვაჟს – ეროსს უკავშირდება. ევფრატის სანაპიროზე მოსეირნე დედა-შვილი ტიფონს – ცეცხლისმფრქვეველ მრავალთავიან გველეშაპს გადააწყდნენ. შესინებულმა აფროდიტემ მამას (ზევსს) მოუხმო, რომელმაც აფროდიტე და ეროსი თევზებად აქცია და მდინარის დახმარებით გაცურეს (მეორე ვერსიით, მდინარიდან ორი გიგანტური თევზი ამოხტა, რომლემაც დედა-შვილი ტიფონს გაარიდეს. მადლიერმა ათენამ თევზებს უკვდავი სახელი მიანიჭა და თანავარსკვლავედად აქცია.

მეორე ვერსიით, თევზები შეყვარებული წყვილის – გალათეასა და აკიდის სიმბოლოა, რომლებიც ციკლოპისგან თავის დასაღწევად ზღვაში გადაეშვნენ, თევზებად იქცნენ და ერთმანეთზე გადაბმულები წყალში დაცურავენ.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top