ძველ ახლო აღმოსავლეთში, სპარსული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გავლენის გათვალისწინებით, გავრცელებული იყო ზოროასტრიზმი (მაზდეანობა), იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა. დღეს ამ რელიგიის მიმდევართა რიცხვი მცირეა, განსახლებულნი არიან ძირითადად ირანისა და ინდოეთის ტერიტორიებზე.
ამ რელიგიის დაფუძნებას მიაწერენ ნახევრადლეგენდარულ ზარათუშტრას, რომელსაც ბერძნები თავიანთ ენაზე ზოროასტერს უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, ზარათუშტრამ მიიღო გამოცხადება ღმერთ აჰურა მაზდასგან, რის შემდეგეც გამოცხადების არსი იქადაგა ხალხში და ამ სწავლებამ აქტიური გავრცელება ჰპოვა ძველ სპარსეთში. ბიოგრაფიული ცნობები ზარათუშტრას შესახებ საკმაოდ დიდ დავებს იწვევს, ისტორიული წყაროების ბუნდოვანების გამო. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მისი დაბადების თარიღის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც ზარათუშტრას ცხოვრებაზე, ობიექტური თვალსაზრისით, ვერ ქმნის გარკვეულ, ერთიან და ჩამოყალიბებულ აზრს. ჰიპოთეზები ზარათუშტრას ცხოვრების წლების შესახებ მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის სხვადასხვა პერიოდებს.
ზოროასტრიზმა გაიარა განვითარების სხვადასხვა ეტაპები. ითვლება, რომ ძვ. წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნემდე, სანამ შეიქმნებოდა მძლავრი სპარსული იმპერია, ზარათუშტრას მოძღვრება შენარჩუნებული იყო ზეპირი გადმოცემის სახით, ხოლო აქემენიდთა დინასტიის სპარსეთის სამეფოს სათავეში მოსვლის შემდეგ უნდა გაჩენილიყო პირველი წერილობითი წყაროები ზარათუშტრას და მისი მოძღვრების შესახებ. ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის დაპყრობიდან მოყოლებული, ამ რელიგიის პოზიციები ერთგვარად შესუსტდა, რადგან ზოროასტრიზმის გავლენა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული თავად სპარსეთის სახელმწიფოს სიძლიერეზე. ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, სასანიდთა დინასტიის გამეფებამ ირანში გამოიწვია ზოროასტრიზმის ხელახალი გაძლიერება. ეს მოძღვრება აქტიურად გამოიყენებოდა ასევე სპარსეთის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზნებისთვის. ხოლო მეშვიდე საუკუნეში, არაბთა მიერ ირანში ისლამის გავრცელების გამო, დაიწყო ცეცხლთაყვანისმცემელთა დევნა, რამაც გამოიწვია ზოროასტრიზმის მიმდევართა რიცხვის საგრძნობი კლება. რელიგიისთვის დევნილების დიდი ნაწილი ინდოეთში გადავიდა, სადაც დღემდე არსებობს ფარსთა სათვისტომო, რომელიც ინარჩუნებს ძველ სპარსულ რელიგიას.
ზოროასტრიული სწავლების შემცველი ტექსტების კრებული იწოდება ავესტად. ავესტა შედგება სხვადასხვა დროს შექმნილი ტექსტებისგან, რომლებიც შეიცავს მოძღვრებას უზენაესი ღმერთის, აჰურა მაზდას შესახებ, ლოცვებსა და ჰიმნებს.
ზოროასტრიული რელიგიის მიხედვით სამყაროში არსებობს ორი ურთიერთდაპირისპირებული, ორი საწყისი, ორი მთავარი ღმერთი – კეთილი აჰურა მაზდა (ბერძ.ორმუზდი) და ბოროტი ანჰრა-მაინიუ (იგივე არიმანი). ყოველი არსი ორად იყოფა: ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი ჩაბმულან მარადიულ ბრძოლაში. კეთილი აჰურა მაზდა ებრძვის ბოროტ ანჰრა-მაინიუს, დაპირისპირება აისახება ბუნების ძალებში.
ზოროასტრიზმისთვის დამახასიათებელია სტიქიათა სიწმინდის რწმენა, რაც, პირველ რიგში გამოიხატება ცეცხლის თაყვანისცემაში. უქრობ ცეცხლს თავად ქურუმები დარაჯობდნენ. მაზდეანიზმში მნიშვნელოვანია განმწმენდელი ცეცხლის თაყვანისცემა. სინათლე ხილული გამოხატულებაა უფლის, რის გამოც განსაკუთრებით მიაგებდნენ პატივს ცეხცლს, როგორც საშუალებას სინათლის მისაღებად. მაზდეანიზმის მიმდევრებს სწამთ აჰურა მაზდასი, როგორც კეთილი შემოქმედისა და ბრძენი უფლის, სწამთ, რომ ზარათუშტრა უფლის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველია, რომელიც ასწავლის სწორი და წმინდა გზის შესახებ. მტკიცეა რწმენა თავდაპირველი სიწმინდისა და სიკეთის შესახებ, რომლისგანაც მომდინარეობს ყოველი არსი და ამ კეთილი პრინციპის შენარჩუნებისკენ უნდა ისწრაფვოდეს ადამიანი. ამისთვის ადამიანმა უნდა ისწავლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა, განუდგეს ანჰრა-მაინიუს დამანგრეველ გავლენას, დრუჯს(სიცრუის, ნგრევის, ბოროტების პრინციპი) და დაემორჩილოს აჰურა მაზდას, საკუთარ თავში განახორციელოს აშა(ჭეშმარიტების, სიკეთის პრინციპი). ცეცხლთაყვანისმცემლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თავიანთი სწავლების ეთიკურ მხარეს. ჭეშმარიტი მორწმუნე აქ მტკიცედ იცავს ეთიკურ ნორმებს: ისწრაფვის სიკეთისკენ, ემიჯნება ძალადობას და სურს მშვიდობა, იგი მოძმეა ყოველი ქმნილებისა, მისთვის უცხოა შუღლი და კავშირი ბოროტ ძალებთან.
ყოველი სული პასუხისმგებელია თავისი ქმედებებისთვის და შესაბამისად იღებს კიდეც საზღაურს. განვლილი ცხოვრებისა და ქმედებების მიხედვით ადამიანი იღებს ან სამოთხის ნეტარებას ან ჯოჯოხეთურ ტანჯვას. ზოროასტრიზმს ჩამოყალიბებული აქვს ასევე თავისი ესქატოლოგიური სწავლებაც, რომლის მიხედვით, ზარათუშტრას მოსვლის შემდეგ, მისი სწავლება კიდევ უნდა განახლდეს ორი მხსნელის მიერ, ხოლო მესამე მხსნელი მოვა სამყაროს აღსასრულამდე, რასაც მოჰყვება გადამწყვეტი ბრძოლა კეთილ და ბოროტ საწყისებს შორის, ანჰრა-მაინიუ და ბოროტი ძალები საბოლოოდ დამარცხდებიან და განადგურდებიან. ყველა მიცვალებული აღდგება საბოლოო განკითხვისთვის და გაივლიან გამოცდას ცეცხლში. ის, ვინც მართალი იქნება, გაუძლებს ცეცხლით გამოცდას, ხოლო უკეთურნი განადგურდებიან. უკანასკნელი სამსჯავროს შემდეგ სამყარო დაუბრუნდება და სრულად აღივსება თავდაპირველი, კეთილი საწყისით.
სტატიის ავტორი: გიორგი