თასების მასტი

თასების მასტი

 

სტანდარტული მასტი: გული

ელემენტი: წყალი

ასტროლოგიური ნიშნები: კირჩხიბი,მორიელი და თევზები

სოციალური კლასი: სამღვდელოება,ქურუმები

თემა: ემოციები

 

უმცროს არკანებში მეორე ძალის მასტი,თასები,მახვილებთან ახლო ნათესაობის მიუხედავად,სრულიად საპირისპირო შინაარსის მატარებელია. სიყვარულისა და ბედნიერების მასტი,თასი,განასახიერებს სიყვარულის არამხოლოდ რომანტიულ,არამედ ყველა ფორმას. წინასწარმეტყველებაში ეს ბანქოები ასევე მიუთითებენ გულწრფელ მზრუნველობაზე,სიკეთესა და განკურნებაზე(როგორც ემოციური,ისე ფიზიკური თვალსაზრისით),მეგობრობასა და ძლიერ მიჯაჭვულობაზე.

თასის სიმბოლო შუასაკუნეებში თავდაპირველად სულიერებას განასახიერებდა,რადგან მასში წმინდა ღვინოს ასხამდნენ. რელიგიათა უმეტესობა თავის რიტუალებში დღესაც ფართოდ იყენებს თასს ან ფიალას. სამღვდელოება შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერ კონფესიას თანამედროვე საზოგადოებაში. თუ მახვილები დიდგვაროვანთა კლასის ყველაზე უარეს თვისებებზე მეტყველებენ,თასები სულიერი კლასის საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენენ. ალეგორია სრულიად თვალსაჩინოა_უანგარო და თავგანწირული მსახურება. ზოგიერთ შემთხვევაში,ზებუნებრივი პროტექციაც.

შუა საუკუნეებში ეკლესიის უმაღლესი პოსტები დიდგვაროვნებს ეკუთვნოდათ. საეკლესიო ხელისუფლება შეიძლება ისეთივე ეგოისტური და სახიფათო ყოფილიყო,როგორც საერო ხელისუფლება,რომლისგანაც მომდინარეობდა ის. თუმცა არ შეცდეთ და არ იფიქროთ,რომ თასების მასტი ასეთ დიდგვაროვან მღვდელმთავრებს წარმოადგენენ. ისინი განასახიერებენ ადგილობრივი სამწყსოების მღვდლებს,რომლებიც თავადაც დაბალ ფენებს განეკუთვნებოდნენ. ასეთი მღვდელი კარგად იყო გათვითცნობიერებული თავისი მრევლის ყოფაში. ის იყო მათი შუმავალი არამხოლოდ ღმერთთან,არამედ დიდგვაროვნებთანაც. ამას გარდა,ის თავადაც იძულებული იყო დამორჩილებოდა როგორც სულიერ,ისე დიდგვაროვან ზემდგომებს. ამიტომაც არის ფიალა ძალით მეორე და არა პირველი მასტი. მაგრამ როდესაც მათ შეეძლოთ,მართლა ეხმარებოდნენ მრევლს,ვინც საკუთარ თავზე მზრუნველობა მათ მიანდო. ეკლესია,მთელი თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად,მოწყალების ინტიტუტი იყო და ყოველთვის აძლევდა თავშესაფარს ყველა სხვა კლასის წარმომადგენლებს,როდესაც მათ სხვა არჩევანი აღარ რჩებოდათ.

თასების მასტი დაკავშირებულია ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და ურთიერთობებთან,სულიერ საკითხებთან. ის ფარდას ხდის ჩვენს ნამდვილ გრძნობებს და გარშემომყოფების რეალურ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. ასევე გვაჩვენებს,როგორ მივაღწიოთ ემოციურ კეთილდღეობას.

თასები პოზიტიური მოვლენების მაჩვენებელია. განსაკუთრებით თუ ინტერესი სასიყვარულო მოვლენებსა და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს  ეხება.

თანამედროვე გაგებით,ფიალები განასახიერებენ მოსიყვარულე ადამიანს ან ადამიანთა კლასს,რომელსაც ახლობლების მიმართ სიყვარული ამოძრავებს. როგორც კლასს ან დაჯგუფებას,თასები გამოხატავენ ფილანტროპებს,ქველმოქმედ და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს თუ სხვა დაწესებულებებს. მხოლოდ იმ პირობით,რომ ისინი გულწრფელი მოტივებით მოქმედებენ და არა ანგარებიანი მიზნებით. პიროვნულ დონეზე თასები აღწერენ ახლობლებს,ნათესავებს,ნამდვილ მეგობრებს ან მიჯნურებს_ყველას,ვინც წრფელი გულით ზრუნავს კითხვის დამსმელზე. მთლიანობაში,ეს მასტი ადამიანებისა და იდეალებისადმი უანგარო მსახურების სიმბოლოა.

თუ თასები კონკრეტულ ადამიანს განასახიერებენ,ის მოსიყვარულე,ღირსეული და დიდსულოვანი პიროვნებაა. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მასზე დაყრდნობა კრიზისულ მომენტში. ის მზადაა ემოციური მხარდაჭერის თუ სხვა დახმარების აღმოსაჩენად,საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს,რომ საქმე სუსტ პიროვნებასთან გაქვთ. უკეთილშობილეს არსებასაც კი შეუძლია განრისხება,სათანადო მიზეზის შემთხვევაში. მათი რისხვა,უმეტეს შემთხვევაში,მიმართულია რეალური და მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ,რომელიც მათი სიყვარულის ობიექტს ემუქრება. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ,რომ გულწრფელი მზრუნველობა თქვენზე სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ამ ადამიანის რჩევა აუცილებლად სასარგებლო იქნება თქვენთვის. გვერდით მდებარე ბანქოები მიგითითებენ,რამდენად ბრძნული და გულწრფელია მათი სიყვარული.

თასების მიერ აღწერილი სიტუაციები და მოვლენები,მთლიანობაში,სასიკეთოა: სიყვარული,ბედნიერება,ჯანმრთელობა,გულწრფელი მეგობრობა,მოსიყვარულე და სასიამოვნო გარემოცვა,კეთილისმყოფელი გარემოებები. წინასწარმეტყველებაში ამ ბანქოების ამოსვლა ბედნიერებას თუ არ მოასწავებს,როგორც მინიმუმ,უსიამოვნო მოვლენების შემსუბუქებაზე მეტყველებს.

ეს მასტი იმაზეც მიუთითებს,რომ კითხვის დამსმელი ძლიერ დადებით გრძნობებს განიცდის იმ ადამიანის ან მოვლენის მიმართ,რომელზეც კითხვა დასვა. გარშემო მდებარე ბანქოები ცხადყოფენ რამდენად ბრძნულია მისი აღტაცებული დამოკიდებულება და სუბიექტური აღქმა.

საინტერესოა,რამდენად ძლიერ ზემოქმედებს ეს მასტი კითხვის დამსმელზე. მიუხედავად იმისა,რომ თასები  ემოციური ცხოვრების ყველა მხარეს ეხება,ადამიანთა უმეტესობას,რომლებიც ტაროს მიმართავენ,აინტერესებს,როგორია მათი შანსები სასიყვარულო ფრონტზე. აღსანიშნავია,რომ არაერთი განმარტების თანახმად,ადამიანები,რომლებსაც წყობაში ხშირად ამოსდით თასის ბანქო,რეალურად არც ისე მონდომებულად მიილტვიან სიყვარულისკენ. თქვენ აღმოაჩენთ,რომ კითხვის დამსმელი ბედნიერი იქნება,მხოლოდ მაშინ,როდესაც გააცნობიერებს,დაეთანხმება და მიიღებს ბედნიერებას.

თასების მასტი,უპირველეს ყოვლისა,ყოფითი ცხოვრების ემოციურ მხარეს უკავშირდება,ასევე ხელოვნებას.  ამ მასტის განზოგადებული დახასიათება მოიაზრებს მომატებულ მგრძნობიარობას,თვითშეცნობასა და მოწყველადობას. ტაროთი მედიტაციაში თასები ყოველთვის სიყვარულზე არ მიუთითებენ. სიყვარული მხოლოდ ერთერთი გრძნობათაგანია,რომელსაც ადამიანი განიცდის,სიძულვილთან,სიხარულთან,სევდასთან,შიშებსა თუ წადილთან ერთად. ეს იმას გულისხმობს,რომ ყველა ადამიანური გრძნობა ტაროში თასებით გამოისახება. თუ წყობაში ბევრი თასი ამოვიდა,გასაგებია,რომ საუბარია ცხოვრების მონაკვეთის ემოციურ მხარეზე. კარგად გახსოვდეთ,რომ თასები ადამიანის სუბიექტურ გრძნობებს უკავშირდება და არა ობიექტურ ფაქტებს.

 

თასების სიმბოლიზმის აღწერა

დასტების უმრავლესობაში თასები გამოისახებიან,ოსტატურად და მდიდრულად მოხვეწილი,ოქროს დიდი სასმისებით_ფართო ფიალა,მაღალ ფეხსა და მყარ სადგომზე.

ისინი ქმნიან სიმდიდრისა და სილამაზის ასოციაციას და სიმბოლურად ხაზს უსვამენ,რომ სწორედ სიყვარულით ხდება ჭეშმარიტი ღირებულებების შენარჩუნება.

 

„თასების სამეფო კარი“

რომანტიული ან ოჯახური,თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჭეშმარიტი სიყვარულის ალეგორია. უანგარო მსახურების სიმბოლო.

 

 

სტატიის ავტორი Qet Adastra

 


About Qet

Scroll To Top