თევზები და თევზები

თევზები და თევზები

მეკობრეებმა ალყაში მოაქციეს კაუჭა და უყურადღებოდ დატოვეს ის ადგილი,

საიდანაც ნიანგი შეიძლებოდა გამოჩენილიყო.

ისინი არ აპირებდნენ მასთან შებრძოლებას. ეს თვით ბედისწერა იყო.

 ოთხმა თევზმა, რადგან  თევზების ნიშნის თითოეული ადამიანი ორ საპირისპიროდ მცურავ თევზს განასახიარებს, რამდენიმე ქცევის მოდელი შეიძლება გამოავლინოს. მათ შეუძლიათ მშვენივრად ითანამშრომლონ შემოქმედებით პროცესებში, ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაწყებული, არქიტექტურით დამთავრებული, ან ერთად გადაეშვან ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით თრობის ეიფორიაში, ისეთი ადგილების გამოსაკვლევად, როგორიც ოზის ჯადოსნური სამყარო ან საოცრებათა ქვეყანაა. ისინი შეიძლება წყვილად დაკავდნენ პედაგოგიკით ლიფსიტების სკოლაში ან უბრალოდ ერთად იცურავონ და გაერთონ, ზვიგენები გაიცნონ, დელფინებს  გამოელაპარაკონ, თავზე მოფარფატე თოლიებს მიესალმონ ან უბრალოდ ტალღებში იკოტრიალონ. ვარიანტები იმდენია, რამდენიც ამ სქემის სხვა წყლის ნიშნებში, თუმცა ეს კავშირი იშვიათად მიდის ისეთ დაძაბულობამდე, როგორც ორი მორიელის შემთხვევაში ან ისეთ მესაკუთრეობამდე, როგორც ორი კირჩხიბის შემთხვევაშია.

თევზების ნიშანში იმდენი სირბილე და სიმშვიდეა მოცემული, ამან შეიძლება სხვადასხვა ფორმით შეასუსტოს მოტივაციის ძალა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უნარი. თევზები, როგორც წესი, უზომოდ მგძნობიარენი არიან. თითქმის ყოველი მათგანი მეტნაკლებად ექტრასენსია, თუმცა ხანდახან ეს თვისება პასიურად ვლინდება. თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში თევზები დიდად არიან დამოკიდებულნი წინა ღამით ნანახ სიზმარზე, ინტუიციურ შემეცნებასა და იმწამიერ შთაბეჭდილებებზე.

ორი თევზები ფრთხილად უნდა იყოს ნეპტუნისეული ფსიქიკური აღქმის ნეგატიურ გავლენასთან, რაც  ცხადი სიზმრების, გაურკვევლობების, ცრუ ილუზიებისა თუ თვითმოტყუების სახით ვლინდება. ზუსტად ასევე უნდა ერიდონ სხვების მოტყუებისა და გაუგებრობაში შეყვანის მიდრეკილებას.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მათ მთვარის ნიშნებზე. თუ მზეებსა და მთვარეებს შორის დადებითი ასპექტებია, მათ გაუადვილდებათ ჰარმონიის მიღწევა. თუ არა, მაშინ დიდი სიფრთხილეა საჭიროა, რომ საკუთარი ინიციატივა პარტნიორის პატივმოყვარეობაში არ ჩაიძიროს.

მათ ურთიერთობაში დროდადრო იქნება ურთიერთბრალდებები წვრილმანების გამო, წყენა  და გაღიზიანებაც. მაგრამ მათ არ შეაწუხებთ გაუგებრობა, რომელსაც სხვა ნიშნებისგან აწყდებიან, განსაკუთრებით ტყუპებისა და მშვილდოსნის მხრიდან. ნეპტუნიელებს არამხოლოდ კარგად ესმით ერთმანეთის იდუმალებით მოცული ხასიათი და გასხლტომის თვისება, ისინი ინსტინქტური თანაგრძნობის უნარითაც დაიბადნენ, პარტნიორის გასაჭირისა და დარდის მიმართ.

თევზები მარტივად და ბუნებრივად იზიდავენ ერთმანეთს. ისინი ხშირად ხვდებიან სანაპიროზე ან დასალევად (მინერალური წყლის ან რაიმე, უფრო ძლიერმოქმედის). შეიძლება სულაც საკონცერტო დარბაზში, პარკში, საავადმყოფოში, გამომცემლობაში, თეატრში, მონასტერში ან სამეცნიერო ლაბორატორიაში შეხვდნენ.

თევზებს, როგორც წესი, რბილი გარეგნობა და ჩუმი ხმა აქვთ, ყველაფერს მარტივად ერგებიან და ეგუებიან. არა, ისინი სულაც  არ არიან სრულყოფილები, მაგრამ, როგორც წესი, მათ არ სჩვევიათ უმნიშვნელო წყენის გაბუქება. ისინი საკმაოდ მარტივად და მშვიდად იტანენ უსიამოვნებებს. თუ ტვირთი აუტანლად დამძიმდა, თევზები  შორს უფრო გასცურავენ, ვიდრე ფუჭ ბრძოლას წამოიწყებენ  ბედისწერასთან  ან იმასთან, რაც მათ გადაულახავ წინააღმდეგობად ეჩვენებათ.

თევზებს, კაცი იქნება, ქალი თუ ბავშვი, არასოდეს აქცევენ სათანადო ყურადღებას მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, საქმიანი პარტნიორები, მშობლები… ხანდახან მეუღლეები და საყვარლებიც კი. თუმცა არ ღირს ამის გამო მათი შეცოდება. სიმართლე რომ გითხრათ, თავად თევზებსაც კულისებიდან დაკვირვება უფრო მოსწონთ. ისინი განზრახ არიდებენ თავს დაჟინებულობასა და მომაბეზრებლობას. მათ არ ახასიათებთ უზარმაზარი პლაკატით სიარული, წარწერით: „ესეც მე!“ თევზები კატეგორიულად ვერ იტანენ ოფიციალურ შეხვედრებზე ბეიჯების ტარებას. ამიტომ, ასეთი წყვილი შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი დარჩეს ოთახში, თუ, რა თქმა უნდა, ერთერთმა ზედმეტი არ დალია და შემთხვევით აკვარიუმი არ გადააყირავა. საბრალო თევზები საშინლდ გაწითლებდა და სახეზე სირცხვილის ალმური მოედება. არა იმიტომ, რომ ასეთი მოუხერხებელი და მთვრალია. უბრალოდ მან ამდენი არასასურველი ყურადღება მიიპყრო, რაც ნეპტუნიელებს ძალიან არ სიამოვნებთ. ცხადია, არსებობენ თევზები, ვისაც აუდიტორიის წინაშე გამოსვლა უწევთ, პროფესიული საქმიანობის გამო, მაგრამ ისინი ვერასოდეს იღებენ ამისგან ნამდვილ სიამოვნებას.

ნეპტუნის მისტიური მემკვიდრეობის წყალობით, ისინი არ ილტვიან დიდებისკენ. თუ დიდებამ თავად მიაკითხა, თევზები მორჩილად ატარებენ მის მანტიას, ხშირად უხერხულობის შეგრძნებით. ტიპური თევზები დიდებას ტვირთად განიხილავს.

თევზების ასეთი თავმდაბლობა მათი თვინიერი ხასიათის არაჩვეულებრივი შტრიხია, მაგრამ, რადგან მზის ნიშნის თვისებები ერთი ორად ძლიერდება, ხანდახან კი უტრირდება 1-1 სქემაში, თევზების წყვილი ფრთხილად უნდა იყოს, რომ მათმა ჩვეულებრივ დადებითმა თვისებამ ყველა სტიმული და აქტიურობა არ დააკარგვინოს. მათი შემოქმედებითი სიმდიდრე ხომ ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ყოფიერებით გაღატაკებულ სამყაროს.

როგორიც არ უნდა იყოს სხვა პლანეტარული პოზიციები მათ ჰოროსკოპებში, ნებისმიერი თევზები, ვინც მჭიდრო კონტაქტში შედიან ერთმანეთთან, ყოველთვის აღმოაჩენენ უჩვეულო ექსტრასენსორულ კავშირს. თევზებთა მისტიური კავშირის საილუსტრაციოდ, ჩემი ერთი მეზობლისა და უახლოესი მეგობრის ისტორიას მოგიყვებით.

როდესაც რუთის ვაჟი, მაიქლი(ასევე თევზები), მოზარდობის დროს სახლში მისვლას აგვიანებდა, რუთი შფოთავდა. არც ისე ძალიან, რადგან ის ტიპური, მშვიდი თევზები იყო, მაგრამ მაინც შფოთავდა. რადგან იმ დროს ტელეფონი არ ჰქონდათ, მაიქლს არ შეეძლო დაერეკა. მაშინ რუთმა თავისებურ ხერხს მიმართა. „თავისებურს“  სხვა მზის ნიშნებისთვის, თორემ თევზებისთვის ასეთი ქცევა საკმაოდ ტიპურია.

რუთი უბრალოდ ჰოლში მდგარ სავარძელში ჩაჯდებოდა, თვალებს დახუჭავდა და მშვიდად მედიტირებდა. ის თავისი შვილის სახეს წარმოიდგენდა და ტელეპატიურ გზავნილს გადასცემდა: „მაიქლ, უკვე ძალიან გვიანია სკოლის წვეულებისთვის და მე შენზე ვნერვიულობ. ახლავე დაბრუნდი სახლში“.

სადაც არ უნდა ყოფილიყო მაიქლი, უცებ ჩუმდებოდა და მეგობრებს ეუბნებოდა: „მისმინეთ… მმმ… მგონი, დედაჩემს რაღაცაში ვჭირდები. დროებით!“ ის სწრაფად მოჰქროდა სახლისკენ, კარს გააღებდა და დედას უსიტყვოდ უღიმოდა. მაშინ რუთი რბილად ეტყოდა: „შენ ზუსტად დროულად დაბრუნდი“.

აღსანიშნავია, რომ ორი ნეპტუნიელის ურთიერთობაში ყველაფერი მშვიდად და წყნარად არ მიმდინარეობს. თუ რომელიმეს მთვარე კონფლიქტურ ნიშანში მოხვდა, მაგალითად ტყუპებში ან მშვილდოსანში, მათ შორის ისეთი უფსკრული გაჩნდება, რომლის გადალახვაც საკმაოდ რთული იქნება. მათ მნათობებს შორის დისჰარმონიამ შეიძლება იქამდეც მიიყვანოს, რომ ისინი ურთიერთსაპირისპირო დინებებში მოხვდებიან და დროდადრო ერთმანეთს წყობიდან გამოიყვანენ პერიოდული მდუმარე ბრალდებებით, დაღვრემილი გულგრილობითა და ცრუ პასუხებით (თევზების ყველაზე ცუდი თვისებები). მაგრამ თუ რომელიმეს მთვარე წყლის ან მიწის ნიშანშია, მათ შორის იშვიათი ჰარმონია დაისადგურებს.

ორივე თევზებმა კარგად იცის, რომ განსხვავებული მოტივების მქონე ადამიანებმა შეიძლება ტყუილებსა და ორაზროვნებაში დაადანაშაულონ. ხანდახან ეს განპირობებულია  უზომოდ ალტრუისტული და იდეალისტური მოტივებითა და უკიდურესად შემოვლითი გზებით, რომლის საშუალებითაც  სანუკვარი მიზნებისკენ მიიწევენ. უკლებლივ ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ თევზებთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის დამახასიათებელია  სიმართლისთვის თავის არიდების თვისება. თუმცა ასეთი ქცევის ღრმა მიზეზი ზუსტად ის არის, რაც საფუძვლად უდევს თევზების ყველა სხვა ქმედებასა და შეხედულებას _ ჯობია თავი აარიდო პირდაპირ კონფრონტაციას, რომელსაც აზრი არ აქვს და მხოლოდ დამატებითი ჭრილობები მოაქვს.

თევზები ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ბობოქარ ემოციურ სცენებს და მახინჯ პირად ვენდეტებს. ისინი უმალ მოიტყუებიან, ვიდრე სხვას ტკივილს მიაყენებენ ან დაუშვებენ, რომ მათ მიაყენონ ტკივილი. და მაინც, თევზები უფრო გახსნილია მეორე თევზებთან, ვიდრე სხვა ნიშნებთან, შეიძლება იმიტომ, რომ მათ ესმით: ერთმანეთის გასულელებას აზრი არ აქვს. შესაბამისად, ორი თევზები უფრო მეტ სიმართლეს ეტყვის ერთმანეთს, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, რადგან ამ შემთხვევაში დარწმუნებულები არიან, რომ სიმართლის გაცხადებას შედეგად არ მოჰყვება ხმამაღალი, უხეში და უსახური სცენები.

როგორი ღირსეული თვინიერებით, მოთმინებითა და უანგარობით არ უნდა იყვნენ დაჯილდოებულნი თევზები, მათ არ უყვართ საკუთარი პატივისცემის, მზრუნველობისა და მიჯაჭვულობის ერთმანეთისთვის ღიად დემონსტრირება. მათ შორის ადვილად წარმოიქმნება ურთიერთგაგება და თანაგრძნობა, მაგრამ ეს ყოველთვის თვალსაჩინოდ არ გამოიხატება. ასე რომ, ორივემ უნდა იმუშაოს „ცივი თევზების“ სახებაზე, რომელსაც ადვილად ამჩნევენ ერთმანეთში, მაგრამ იშვიათად საკუთარ თავში.

აქვთ თევზებს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება, რომლის გაორმაგებაც შეუძლიათ, თავის  საბედნიეროდ. ჩვენ ყველას ხომ ასე ძალიან გვჭირდება სიმშვიდე და ემპათიური ყურადღება. თევზები იშვიათად უნარს ფლობენ _ ადამიანებისა თუ სიტუაციების უარყოფითი და გამაღიზიანებელი თვისებები, საკუთარის ჩათვლით, სულგრძელი მორჩილებითა და შემწყნარებლობით აღიქვან. მათ კარგად ესმით, რომ ადამიანური სისუსტეები უმეტესად კეთილი ზრახვებით არის განპირობებული. ნეპტუნი ჩუმად ჩასჩურჩულებს თავის შვილებს, რომ ბოროტებასთან ბოროტებით დაპირისპირება კიდევ უფრო აძლიერებს მას. თევზების უნარი, მშვიდად აიჩეჩოს მხრები, როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საჭიროა და თავი აარიდოს  ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას, მხოლოდ აღტაცებას იმსახურებს.

თევზებთა სასიყვარულო მაგიის ფორმულა: გულმოწყალება და სიყვარულია. ის ყოველთვის მუშაობს, განსაკუთრებული ძალით მაშინ, როდესაც ორი თევზები ტალღებში ნავარდობს და გარშემო არაჩვეულებრივ იუმორს აშხეფებენ. იუმორი ტიპურ თევზებს საშუალებას აძლევს საკუთარ თავს დასცინონ, რადგან ისინი არ არიან ცრუ სიამაყით დამძიმებულნი. ეს  საოცარი ნიჭია, რომელიც არც ისე ბევრ მზის ნიშანს ახასიათებს და ის ნამდვილი ოქროს განძია მათთვის, ვინც ყველაზე უკანასკნელად  და  უპოვრად, მაგრამ  სულიერი სიბრძნით ყველაზე უხვად დაჯილდოებული დაიბადა.

 

 

 

 

თევზები მამაკაცი და თევზები ქალი

Daniel Craig & Rachel Weisz

 

_ უი, არა. ის არ იზრდება _ გაუზიარა ვენდიმ.

_ ის ასეთია… ჩემნაირი.

 

 

თევზები გოგონა უამრავ შესანიშნავ თვისებას, შტრიხსა და ნიჭს ფლობს. ამიტომ, არც ისე საოცარია, რატომ ეუფლება თევზებ მამაკაცს ისეთი განცდა, რომ, როგორც იქნა, სიყვარულის იმ კამკამა წყალში მოხვდა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. მანამდე ეს ქალი მის ქვეცნობიერებაში ცხოვრობდა და როგორც კი დაინახა, ის მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება ზუსტად მისკენ ილტვოდა.

თევზები გოგონაც, სასწაულის მოლოდინში, სავსე იყო ბუნდოვანი მოგონებებით სევდასა და სიხარულზე.  საკმარისი იყო  მას ამ მამაკაცის გაბრწყინებული თვალები დაენახა და უკვე იცოდა, რომ ის „ის“ იყო.

რა კარგი იქნებოდა, აქ რომ წერტილის დასმა შეგვეძლოს, ჯადოსნური ზღაპრის დასასრულის მსგავსად, „და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“. მაგრამ ასე არ შეიძლება. ჯერ უღრანი ტყე უნდა გავიაროთ. დრაკონებს, ჯადოქრებს, მახინჯ გომბეშოებსა და საშინელ გოლიათებს უნდა შევებრძოლოთ, რომლებიც ჩვენს მიჯნურებს შესაპყრობად, დასაშორებლად და მარტოობის საშიშ ჭაში ჩასაგდებად ელოდებიან.

მე ძალიან არ მინდა პოეზიიდან პროზაზე გადავერთო, მაგრამ მოგვიწევს ამ მისტიურად ამაღლებული შეთავსების ყოფითი პრობლემების განხილვაც.

ორი, ერთი პლანეტით მართული, ადამიანის ურთიერთობაში ყოველთვის დამახასიათებელია პლანეტის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ვიბრაციების გაძლიერება. თევზების შემთხევაში, დადებითი თვისებები, რომლებიც მარტივად ორმაგდება, არის სირბილე, მგრძნობიარობა, წარმოსახვა, შემოქმედებითი საწყისი, თანაგძნობა, არაორდინალობა და მახვილგონიერება.

არანაკლებია უარყოფითი თვისებებიც, რასთანაც სასოწარკვეთილი ბრძოლა მოუწევთ, თუ სიყვარულის გადარჩენა სურთ _ უზომო მეოცნებეობა, უსაქმურობა, სიზარმაცე, გაუგებრობა, არააკურატულობა, ქაოსი, სიზანტე, შიშები, ფობიები, ნერვოზები და ტყუილები. ასევე მათი უცნაური თვისება, ხანდახან ერთმანეთისთვის ფეხსაწმენდი ხალიჩები განასახიერონ.

მათ ურთიერთობაში თევზების შინაგანი შფოთიანობაც ორმაგდება, უფრო სწორად ოთხმაგდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ წყვილში ოთხი თევზია. თუ ერთერთის ასცედენტი ან მთვარე მტკიცე მიწის ნიშანშია, მას შეუძლია სტაბილურობის ღუზად იქცეს. წყლის მთვარე ან ასცედენტიც კარგია ჰარმონიისთვის, მაგრამ ჩვენ სტაბილურობის დამცველ გავლენაზე ვსაუბრობთ და მაშასადამე, მიწის ელემენტის აქტივაციაა საჭირო. ასეთი დაცვის გარეშე, ისინი არაერთ საფრთხეს შეეჯახებიან, ერთმანეთს  ფანტაზიებსა და შიშებში გახვევენ ან გულგრილად გაცურავენ ქორწინების ბადიდან.

არიან ისეთი თევზები, ვისაც საკუთარი აჩრდილისაც კი ეშინიათ. არიან სხვა ტიპის თევზებიც (ჩვენ მათ ვეშაპებს ვეძახით), რომელთაც არათუ ადამიანები, მხეცებიც კი არ აშინებთ. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამტკიცებენ. ასეა თუ ისე, თქვენთვისვე სასარგებლო იქნება, თუ ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თევზები უმეტესად არ ამბობენ იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ. ზოგიერთ თევზებს საკუთარი თავის უფრო ეშინია, ვიდრე ადამიანებისა თუ გარემოებების. ისინი არასდროს ცდილობენ წინსვლას და ხშირად უშვებენ ხელიდან შესაძლებლობებს. და კიდევ არსებობენ ანცი, გამჭრიახი და ბრწყინვალე გონებით დაჯილდოებული დელფინები.

განსაკუთრებულად ემპათიური ბუნების გამო, თევზები იმდენად ზემგრძნობიარედ რეაგირებენ მიღებულ შთაბეჭდილებებზე, რომ  ხშირად ეხვევიან გაუგებრობების ბურუსში. თუ ერთერთის ჰოროსკოპში  მიწის გავლენა მეტია, ვიდრე მეორესთან, მეტად მიწიერი თევზები ხშირად  დაადანაშაულებს ნაკლებად პრაქტიკულს იმაში, რომ ამ უკანასკნელს ფაქტების აღიარება არ უყვარს, სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებს და ილუზიებში ცხოვრობს. ამაში იმალება მთელი ნეპტუნური შიშებისა და ფობიების ფესვებიც. და მაინც, თევზები თავიანთ ილუზიებს ებღაუჭებიან და გულწრფელად სწამთ, რომ ის უფრო რეალურია, ვიდრე ის, რაც სინამდვილედ გამოყურება. საოცრად ხშირად, თუმცა მხოლოდ დაჟინებულობით, ამის დამტკიცებაც შეუძლიათ და როდესაც ეს ხდება, ადამიანები ამას სასწაულს უწოდებენ. არც ისე გასაკვირია, რატომ იბადება წმინდანთა უმეტესობა ამ ნიშნით.

როგორც გითხარით, თქვენ შეიძლება ხმაურიან, უცერემონიო და აგრესიულ ვეშაპსაც შეხვდეთ, რომელიც აგდებულად იცინის საიდუმლოებებზე და სრულიად აიგნორებს ჭეშმარიტებას. ან ზვიგენს _ აგრესიული და გასასტიკებული თევზები ის ხალხია, ვისაც ძალიან ბევრი სიმახინჯე უნახავს ცხოვრებაში. ისინი გულმოდგინედ მალავენ გატეხილ გულებს უწესრიგო კავშირებითა და ენამწარეობით. ასეთ შემთხვევაში, უფრო ძლიერმა თევზებმა მეტი თანაგრძნობა უნდა გამოავლინოს მის მიმართ. იმედგაცრუების ბინძურ წყალში მოცურავე თევზების გადასარჩენად  უსასრულო მოთმინებაა საჭირო.

თევზებ გოგონას მარტივად შეუძლია თევზები მამაკაცი  სასიყვარულო ბადეში გაახვიოს და დიდხანს შეინარჩუნოს. ის ინტუიციურად გრძნობს, რა მოსწონს მას, როდესაც ცდილობს მის შინაგან სამყაროში შეაღწიოს. ბრძანებებისკენ მიდრეკილი პარტნიორი ვერასოდეს შეძლებდა ამ ადამიანის შენარჩუნებას. ტიპური თევზები გოგონა კი თვინიერი და ჭკვიანია, შეიძლება ითქვას, ბრძენიც. თუმცა იმავდროულად, ის იმდენად მოწყვლადი და სათუთია, რომ მამაკაცურ პროტექციასაც საჭიროებს. და პირიქით, მასაც სჭირდება პარტნიორი, რომელიც საკმარისად ნაზია, რომ ფრთხილად მოექცეს მის ზემგრძნობიარე სულს. ამის გაკეთება კი თევზებ მამაკაცზე უკეთესად არავის შეუძლია.

თევზებთა ფიზიკური კავშირი იშვიათად იქნება უზომოდ ვნებიანი და მომთხოვნი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველას ხომ არ სჭირდება ყოველ ღამე მძაფრი შეგრძნებები?! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცივები და გულგრილები არიან. მათი სექსუალური განცდები შეიძლება ძალიან ღრმა იყოს. სიყვარული თევზებისთვის ნამდვილი თავშესაფარი ხდება, როდესაც მატერიალური სამყაროს რუხ ერთფეროვნებას  გაურბიან. ზუსტად ისევე, როგორც მათი ბუნებრივი სიმბოლოები ცდილობენ  დამდგარი წყალსაცავებიდან  გააღწიონ  და მზეზე ლამაზად მოციმციმე გრილ ოკეანეში აღმოჩდნენ. სექსი, ამ ორ ადამიანს შორის, შეიძლება ზუსტად ასეთივე სუფთა და თავისუფალი იყოს, მისტიური პოეზიითა და რომანტიული სიყვარულით გაჯერებული. შუა საუკუნეების რაინდებმა და მშვენიერმა ბანოვნებმა, ალბათ, იცოდნენ ამის შესახებ.

თუ თევზებმა ქალმა შეამჩნია,რომ მისი რჩეული  თავისი სამსახურით უკმაყოფილოა, სახლში დათრგუნული ბრუნდება და სულ უფრო გულჩაკეტილი, დისტანციური და გულგრილი ხდება, მან მეტი გულისყურით უნდა მოუსმინოს მის დუმილს. მხოლოდ ასე შესძლებს მის დახმარებას. მიუხედავად ინტუიციური ყნოსვისა, სხვა ადამიანების გრძნობებისა და განცდების მიმართ, თევზები იშვიათად არის თვითანალიზისკენ მიდრეკილი. ის ნეპტუნის მმართველობის ქვეშ დაიბადა და ინსტინქტურად ესმის, რომ ადამიანი სულია და ეს სწორედ ის არის, რისი დაბრუნებაც მას უნდა _ თავისი სულის. თევზები მამაკაცი გულის სიღრმეში ამაღლებული მდაბიოა, ნეტარი და მეოცნებე, რომელსაც ცქრიალა ტოროლას დადევნება სწადია, საითაც არ უნდა იხმოს მისმა ჟღურტულმა. სამწუხაროდ, თანამედროვე მატერიალისტური სამყარო საშუალებას არ აძლევს, საკუთარ თავს ამ სურვილში გამოუტყდეს. თუ თევზებმა მამაკაცმა თავისი ნამდვილი მიზნების აქტიურად დადევნების გზები ვერ იპოვა, ის შეიძლება სასოწორაკვეთაში ჩაიძიროს. სამწუხაროდ, ხანდახან ისინი თავიანთ დარდის ჩახრჩობას უაზრო ბოდიალში, ალკოჰოლში ან ნარკოტიკებში ცდილობენ. მას ისეთი ქალი სჭირდება, ვინც გაუგებს და არ განსჯის.

რაც შეეხება თევზებ გოგონას, მისი გუნება-განწყობის ცვლა, პერიოდული ცრემლები და ხანგრძლივი დუმილი თითქმის ყოველთვის იმის მანიშნებელია, რომ მასაც სურს აკვარიუმი მიატოვოს და სასწაულებრივი თავგადასავლების ფართო სივრცეებში გასცუროს. როგორი მომთმენიც არ უნდა იყოს თევზები, მას ბეზრდება მხოლოდ სხვა ადამიანებისა  თუ პერსონაჟების თავგადასავლებზე  კითხვა, რომლებმაც პასუხისმგებლობის გვერდზე გადადება გაბედეს და ქარს დაედევნნენ. ერთადერთი, რაც მას ამ დროს სჭირდება, ხელზე ნაზი შეხება ან საყვარელი ადამიანის საპასუხო მზერაა, სადაც თანაგრძნობასა და გაგებას ამოიკითხავს _ რომ მას ესმის, როგორ სწადია უსაფრთხოების გადაცვლა თავგადასავლებზე. მაშინ მათ შეუძლიათ ერთად წავიდნენ, იმის მიუხედავად, არის ახლა შვებულების დრო თუ არა. ნეპტუნის დაჟინებული მაღვიძარა ორივეს კარნახობს, რომ ახლა ოცნებების დადევნების დროა. ახლა ან არასდროს!

აი, მაშინ სასწრაფოდ უნდა გაიქცნენ და სამოგზაურო ბილეთები შეიძინონ ირლანდიაში, შოტლანდიაში, უელსში, შვეიცარიაში ან ტიბეტში. ფული? მხოლოდ გზისთვის. საკვებსა და ჭერს მისტიური საშუალებით შესთავაზებს განგება. თევზებმა ეს ყველა სხვა ნიშანზე კარგად იციან, თუმცა დროდადრო ივიწყებენ, როდესაც ხვალინდელ დღეზე საზრუნავი  სრულიად იპყრობთ და საკუთარ ინტუციას თრგუნავენ.

როდესაც თევზები საკუთარ თავს თავისუფლად სიყვარულისა და ცხოვრების საშუალებას აძლევენ, ისინი დელფინებად იქცევიან, რომლებიც მხიარულად დაცურავენ მთელი მსოფლიოს წყლებში და დროულად აფრთხილებენ ერთმანეთს მოსალოდნელ საფრთხეზე. მაგრამ თუ მათ ვერ შეძლეს გათელილი ბილიკიდან გადახვევა და თავიანთ ოქროს იმედებს შორს გაფრენის საშუალება მისცეს, გარკვეული დროის შემდეგ, ისინი ერთმანეთის მოტყუებას დაიწყებენ, ემოციური კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად . მაშინ თევზები სულ უფრო ღრმად ჩაეფლობიან საკუთარ თავში. იცით ამას რა ჰქვია? სიზარმაცე და ის ძალიან ცუდი დასასრულია ამ ჯადოსნური ისტორიისთვის.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top