თხის რქა და თხის რქა

თხის რქა და თხის რქა

სევდიანი იყო იმის აღიარება, რომ ფრენის უნარი თანდათან ტოვებდა მათ.

თავიანთ ქუდებზე მაღლა აფრენაც აღარ შეეძლოთ.

მათ სურდათ ყველაფერი დაებრუნებინათ და ოდნავ მაინც ამაღლებულიყვნენ,

მაგრამ სულ უფრო ნაკლებად სწამდათ, რომ ეს შესაძლებელი იყო.

 ბავშვებთა უმეტესობას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს ფრენა (ასტრალური მოგზაურობა) და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი რამ. ახსოვთ მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამ მოწყენილ სამყაროში ეშვებიან. თხის რქა ბავშვებს ყველაფერი გაცილებით სწრაფად ავიწყდებათ. მათ უმეტესობას რამდენიმე თვეც ჰყოფნის იმის დასავიწყებლად, საიდან მოვიდნენ და რა ჯადოსნურ თვისებებს ფლობდნენ.

არა, არ გინდათ თანაგრძნობით სავსე თავის კატუნი და ოხვრა. როგორც უკვე გითხარით, თხის რქა თავად არის ქრონოლოგიური სასწაული. მაგალითად, ხომ იცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ისინი ახალგაზრდავდებიან?! როდესაც ნორმალური ბავშვები მოსაწყენ უფროსებად იქცევიან, რომელთაც სამსახურისკენ მიეჩქარებათ, თხის რქები, რომლებიც დაბადებისას თავიანთი წინაპრებივით გამოიყურებოდნენ და იქცეოდნენ, მოწიფულ ასაკში შესვლის შემდეგ დროის მექანიზმს უკუმიმართულებით ატრიალებენ და უდარდელ ბავშვობაში ბრუნდებიან.

ეს დედაბუნების ჯადოსნური ძღვენია. მათი მფარველი, დროის მბრძანებელი სატურნი თავის პირმშოებს საშუალებას აძლევს, ნელა და თანდათან  დაიბრუნონ დაკარგულ ყრმობასთან ერთად გამქრალი სასწაულების რწმენა. ეს მაშინ ხდება, როდესაც პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების მძიმე წლებს უკან მოიტოვებენ. ხომ გაგიგიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ახალგაზრდა თხის რქებმა  შეიძლება ერთმანეთი დათრგუნონ, მაგრამ ასაკოვანი სატურნიელები ჟამთასვლასთან ერთად სულ უფრო ხალისდებიან. ახალგაზრდობაში, ასაკისთვის შეუსაბამო მოწიფულობასა და სიფთხილეს ისინი მომხიბვლელი სიმორცხვითა და მყუდრო საიმედოობით აკომპენსირებენ. ზოგიერთი თხის რქის შემთხვევაში (ყველასი არა, ცხადია), ამ თვისებებს სიუხეშე და სიჯიუტეც ახლავს თან. თუმცა მათ მიმზიდველობას, სიმყუდროვესა და საიმედოობას ნამდვილად შეუძლია იმ გაღიზიანების ჩაცხრობა, რომელსაც ხშირად იწვევენ გარშემომყოფებში.

როდესაც ორი თხის რქა ფრთხილად შედის ოფისში, სახლში, საკლასო ოთახსა თუ ბანკში, ერთმანეთს  მუშა ჭიანჭველებივით ესალმებიან: მათი ულვაშები მდუმარედ ირხევა, რადგან ორივემ იცის, რომ სადღაც მიეჩქარებათ. სრული თანხმობა და ურთიერთგაგება. მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ საუბრობენ, გულმოდგინედ ცდილობენ რამე მნიშვნელოვანი და ღირებული თქვან და  მხოლოდ ზედაპირული ფრაზების გაცვლით არ შემოიფარგლონ.

ასტროლოგია საიმედო მეცნიერებაა, განსაკუთრებით თხის რქების შემთხვევაში. სხვა ნიშნები ხანდახან შეიძლება აცდნენ მათ კლასიკურ დახასიათებებს, მაგრამ თხის რქა თითქმის არასდროს იხრება თავისი ნიშნის ძირითადი არსისგან. მას ღრმად აქვთ ფესვები გადგმული მიწაში და ყოველთვის მოსალოდნელად იქცევა. ახირებული იქნება თუ გრაციოზული, თხის რქის ქცევები ყოველთვის მარტივად პროგნოზირებადია.

ახლა გესმით, რატომ უყვართ თხის რქებს ერთად ყოფნა? მათ იციან, რომ ერთმანეთის ნდობა შეუძლიათ. თუმცა ნდობის შემთხევაშიც, ცალი თვალით ამოწმებენ ყველაფერს. მე ვთქვი ერთად არიან თქო? ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. თხის რქათა უმეტესობა მარტოსულია ან მხოლოდ რამდენიმე  უახლოესი მეგობარი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, სამზე მეტი ნამდვილად არა. როდესაც საქმე ადამიანის შერჩევას ეხება, მათი არჩევანი ხშირად ისევ თხის რქაზე ჩერდება, შემდეგ კუროზე ან ქალწულზე, შემდეგ _ წყლის ნიშნებზე. თხის რქათა უმეტესობა ძალიან ფრთხილად და უნდობლად ეკიდება ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებს.

თხის რქა იშვიათად წუწუნებს თანამოძმის ხინჯებზე, რაც სავსებით კეთილგონივრულია, რადგან თავადაც ასეთივე მანკიერებები აქვს. სამაგიეროდ, ისინი ფართოდ იღიმიან ერთმანეთის ღირსებებზე და ესეც ბუნებრივია. თითქმის ყველა თხის რქა თავდადებულად ერთგულობს თავის ოჯახს, თუმცა ხანდახან იძულებითი მორჩილების ოხვრის თანხლებით.

ახალგაზრდობასა თუ მოწიფულობაში, სანამ დროის უკუსვლის  სინდრომი ჩაირთვება, ყველა თხის რქა გამოუსწორებელი რეალისტია. ისინი ცხოვრებას პირდაპირ თვალებში უყურებენ და თუ მან ძირს დაანარცხა, სატურნიელები არ ოხრავენ, არ წუწუნებენ, არ სლუკუნებენ და არც მარცხის ვინმეზე გადაბრალებას ცდილობენ. თხის რქები უხმოდ წამოდგებიან, მტვერს ჩამოიფერთხავენ და იმაზე ფიქრს იწყებენ, როგორ აქციონ წარუმატებლობა თუნდაც მოჩვენებით წარმატებად.

როდესაც აღვნიშნე, რომ თხის რქები საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს არ ადანაშაულებენ, ისიც უნდა დავამატო, რომ არც თავად სურთ ბრალის მძიმე ტვირთის ტარება.  თხის რქები თითქმის არასდროს ცდებიან და თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ძალიან უხალისოდ აღიარებენ  თავიანთ ბრალს. ბუნებრივია, საკუთარ თავთან მართლები არიან, მაგრამ  ხმამაღალი აღიარება და პატიების თხოვნა ამ ხალხისგან ნაკლებად მოსალოდნელია. თხის რქებს შეცდომების გამოსწორების საკუთარი სქემა აქვთ:  ჯერ კარგად  მარხავენ; შემდეგ საკუთარ თავს ჩააგონებენ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს და ბოლოს, მაქსიმალურად ცდილობენ, მათი შეცდომა ვერავინ შენიშნოს. ეს ადამიანები ბრწყინვალე მაგალითს აძლევენ დანარჩენ ნიშნებს, რომ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი.

თხის რქები დროის უმეტეს ნაწილს დაჟანგებული ნატეხების, ლურმნებისა და გატეხილი შუშების შეგროვებას უთმობენ, რომ შემდეგ მწებავი ლენტითა და წებოთი რაიმე სასარგებლო შექმნან. მართალია, იღბალი მათი მუდმივი თანამგზავრი არ არის, მაგრამ ისინი გაბედულები არიან და არასდროს იხევენ უკან, თუ მათ წინააღმდეგ მართლა გადაულახავი ძალა არ არის მიმართული. აი, მაშინ ჩერდებიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თხის რქები ძალიან პრაქტიკულები არიან. ისინი საოცარი გამჭრიახობით გამოირჩევიან არსებული მოცემულობის, სირთულეებისა და მათ გამომწვევი მიზეზების შეფასებაში. ისინი არასდროს მკითხაობენ და არც მიახლოებით ვარაუდობენ. თხის რქები ყველაფერს ზუსტად და რეალურად აფასებენ.

აი, როგორ ახერხებენ გაერთიანებული თხის რქები, ძალიან მცირე შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, გიგანტური შედეგების მიღწევას. ისინი მხარდამხარ შრომობენ, მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტებით. თხის რქები არასდროს ხარჯავენ დროს ფუჭ ლაყბობაზე. ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს და ეს წარმატება პატიოსანი შრომის სამართლიანი შედეგია. რთულია არ მოიხიბლოთ მათი მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით და მათი წარმატების შეგშურდეთ, რადგან ეს ადამიანები ყველაფრისთვის მთლიან ღირებულებას იხდიან (და არც ერთი ცენტით მეტს!). არც ძუნწობენ, პირიქით, ძალიან ხელგაშლილები არიან თავიანთ ოჯახის წევრებსა და ნამდვილ მეგობრებთან… სამივესთან.

ცხადია, ორი თხის რქის ურთიერთობა მხოლოდ სერიოზულობასა და მსხვერპლის გაღებას არ უკავშირდება. მათ ცხოვრებით ტკბობაც შეუძლიათ. თხის რქა უზარმაზარ სიამოვნებას იღებს ბუნების, ხელოვნების, მუსიკისა და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფისგან. ისინი ყველაფერში პოულობენ ბედნიერებას, რაც გონივრულია. ავტომობილებისა და ძრავების შეკეთება, მშენებლობა და კონსტრუქცია, მებაღეობა და კითხვა, სილამაზის შექმნა უხამსობისა და სიმახინჯისგან, ინვესტიციების პროცენტული ზრდის პროცესზე დაკვირვება _ ეს ყველაფერი დიდად აინტერესებთ და შთაგონებით აღავსებთ  თხის რქებს.  ძველი პერანგის განახლება და სარეცხი მანქანის გარემონტებაც არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებს ამ მიწიერ ადამიანებს. ქალები წინდებსა და სამზარეულოს ტილოებს კემსავენ, მამაკაცები ბზარებს ავსებენ და ძველ ბოთლებს ნათურებად აქცევენ. ასე რომ, ასტროლოგიური ჭორების მიუხედავად, თხის რქებს მოსაწყენად არ სცალიათ, ყოველთვის აქვთ საქმე და იმიტომ!

თხის რქათა უმეტესობა უჩვეულოდ კეთილია ცხოველებთან. ეს იმას არ გულისხმობს, რომ  ოთხფეხა მეგობრებს უაზროდ ანებივრებენ, თავზე  დაჰფოფინებენ და ყველა ახირებას უსრულებენ. მათ უბრალოდ კეთილი დამოკიდებულება აქვთ ფაუნის წარმომადგენლებთან.  ასევე ძალიან უყვართ ბავშვები, თუმცა არც მათ კაპრიზებს ემონებიან და არც ენის მოჩლექით ეტიტინებიან. თუ თქვენ გინდათ ნახოთ, როგორ დნება თხის რქის გული, აჩვენეთ მათ ბავშვების, ლეკვებისა და კნუტების სურათები. თუმცა თხის რქა სწრაფად აიყვანს თავს ხელში, მკაცრ გამომეტყველებას მიიღებს და ჩაიკეტება _ ასე დაისჯის თავს იმისთვის, რომ სისუსტე გამოავლინა და ემოციებს თავისუფლება მისცა.

თხის რქები კირჩხიბებზე და მორიელებზე  უფრო გულმოდგინედ უფრთხილდებიან თავიანთ საიდუმლოებს. ყველაზე დიდი საიდუმლო კი, რომელსაც ყველასგან მალავენ, მათი სენტიმენტალობაა _  სატურნის ცივსისხლიანობასა და თვითკონტროლში ღრმად ჩაფლული და ამისგან  კიდევ უფრო გაძლიერებული. მათი გარეგნული სიმტკიცისა და მიზანდასახულობის მიღმა ალერსიანობა და სინაზე იმალება, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იციან.

თხის რქებს საოცრად დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვთ და ერთად კარგად მხიარულობენ. დიახ, ასეც ხდება! ბავშვობაშიც საკმაოდ უპრობლემოდ თანაცხოვრობენ, თამაშობენ, ცარცით ხატავენ, რიგ-რიგობით ავსებენ გოჭის ყულაბას და საერთოდ, მშვენივრად ერთობიან. როდესაც წამოიზრდებიან, მათ შორის შეიძლება უთანხმოება წამოიშვას და რადგან თხის რქა კარდინალური კვადრატის ლიდერული ნიშანია, ისინი ხშირად იკამათებენ იმის გასარკვევად, ვინ არის მათ შორის მთავარი. თუმცა ერთმანეთის ნერვებზე გაცილებით ნაკლებად მოქმედებენ, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნები. ისინი ერთმანეთთან ბევრად უფრო გახსნილი და ლაღებიც არიან.

ტიპურ თხის რქებს ორი უნივერსალური წესი აქვთ:

1. „თუ რამეში ეჭვი გეპარება, არ გააკეთო ეს, რადგან მოგვიანებით აუცილებლად ინანებ“.

2.  „არასდროს დააჩქარო მოვლენები. დრო ყოველთვის შენს მხარეზეა“.

თხის რქები სატურნის პასუხისმგებლობასა და სერიოზულობას  განასახიერებენ. ისინი ძლიერ პატივმოყვარენიც არიან, თუმცა არასდროს საუბრობენ ამაზე ხმამაღლა და ყველა გეგმას  საიდუმლოდ ინახავენ. თხის რქები დღეგრძლნიც არიან და კარგად გადააქვთ ყინვა, რადგან მათი მმართველი სატურნი ასტროლოგიაში სიცივის სიმბოლოა. მისივე  გავლენით, თხის რქები საოცრად ზუსტად გრძნობენ დროს.

 

 

 

თხის რქა მამაკაცი და თხის რქა ქალი

Jude Law & Sienna Miller

 

_ ვენდი გაიზარდა. ნუ გეცოდება.

ის ერთერთი იმათთაგანია,

ვისაც მოსწონს გაზრდა.

 

 

 

როდესაც თხის რქა მამაკაცი საჩუქარს იღებს, მართალია, გულის სიღრმეში კმაყოფილად იშმუშნება, მაგრამ მაინც იჭვნეულად და ფრთხილად ათვალიერებს მას. სიყვარულის ძღვენი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ამიტომ, თუ თხის რქა ქალმა იგრძნო, რომ მისი რჩეული ეჭვითა და სიფრთხილით ეკიდება მის სიყვარულს, ამან არ უნდა გაანაწყენოს. მით უმეტეს, რომ თვითონაც  ასეთია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელი გადადგამს პირველ ნაბიჯს და გულს გადაუშლის მეორეს.  რომელიც არ უნდა იყოს, ინიციატორს  რჩეულის უნდობლობისგან განცდილი ტანჯვა არ აცდება.

თხის რქებს უკიდურესად იშვიათად უყვარდებათ პირველი შეხედვით. რა თქმა უნდა, ხანდახან ასეთებიც ხდება, მაგრამ  თხის რქა, როგორც წესი, ბევრ დროს ხარჯავს, რომ  საფუძვლიანად დარწმუნდეს სხვა ადამიანისადმი სიყვარულისა და ნდობის აუცილებლობაში. ის დიდხანს არ დანებდება და არავითარ შემთხვევაში უბრძოლველად. მას ისიც კი არ მოსწონს, რომ სხვაზე  უნდა გახდეს დამოკიდებული. თხის რქისთვის ეს სისუსტის მაჩვენებელია. ესეც რომ არა, უარი რომ მიიღონ?

მთელი თავიანთი სიბრძნისა და საღი აზრის გამოყენებით, თხის რქებმა, ქალებმა და მამაკაცებმაც, რამდენიმე გაკვეთილი უნდა აითვისონ ადამიანური გრძნობების სფეროდან: მათ უნდა ისწავლონ იმის აღიარება, რომ სხვა ადამიანს საჭიროებენ და ეს სისუსტე კი არა, სიყვარულის ერთერთი სიმპტომია.

შეყვარებულობის მდგომარეობა, როდესაც გიყვარს და უყვარხარ, წარმოუდგენელ სიმაღლეებზე აღგვამაღლებს. „გიყვარდეს და უყვარდე“, თხის რქების შემთხვევაში,  შეიძლება სხვა სიტყვებითაც გამოვხატოთ: „გჭირდებოდეს და სჭირდებოდე“.

თქვენ, თხის რქებო, უნდა გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანი მოწყვლადი უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს სუსტი ადგილები, რომ მხოლოდ თქვენი სიყვარულისა და თანაგრძნობის ძალა აძლევდეს იმდენ თავდაჯერებას, რომ მშვიდად უყუროს თავის სისუსტეებს. მოკლედ, ის უნდა გრძნობდეს თქვენს საჭიროებას. ხოლო იმისთვის, რომ შეგიყვარონ, თქვენ თვითონ უნდა იყოთ მოწყვლადი და გახსნილად აჩვენოთ თქვენი სისუსტეები. მაშინ თქვენც დაგჭირდებათ მისი მხარდაჭერა და თანაგრძნობა. მხოლოდ ასე ცოცხლობს სიყვარულის გრძნობა, თუ ის ნამდვილია.

აი, ესეც დავადგინეთ. იმედი მაქვს, საჭიროების მოთხოვნა გასაგებად ავხსენი და ასე გადავაგორეთ დიდი ლოდი ამ მამაკაცისა და ქალის გულებიდან, რომლებიც მართლა გულწრფელად ზრუნავენ ერთმანეთზე. როგორც კი  იგრძნობენ, რომ ურთიერთსაჭიროების მოთხოვნა შესაძლებელი და სასურველიც არის, ისინი მზად იქნებიან იმისთვის, რომ ერთმანეთს გრძნობებში გამოუტყდნენ.

მათ  საერთო გზაზე შემდეგი სირთულე  შეიძლება გახდეს ოჯახთაშორისი ურთიერთობა. სერიოზული კონფლიქტები ნათესავებს შორის არც ისე უმნიშვნელო დაძაბულობას ქმნის  და შეიძლება  ურთიერთობა საერთოდ არც შედგეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ თავიანთ ოჯახებს რაც შეიძლება ადრე გააცნობენ ერთმანეთს, მათი თავსებადობის შესამოწმებლად.

ძალიან იშვიათად, რომ შეყვარებულმა თხის რქებმა უხერხულად იგრძნონ თავი ფინანსური საკითხების განხილვისას. თუ ისინი ნიშნის ტიპური წარმომადგენლები არიან, უთანხმოება მხოლოდ იმაზე კამათის გამო წარმოიქმნება, რომელი ბანკი უფრო საიმედოა და რომელი უფრო უკეთეს სარგებელს სთავაზობს.

მიზეზი, რის გამოც თხის რქები საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს მხოლოდ ის არ არის, რომ ისინი ერთნაირად პატივმოყვარეები არიან. ეს მამაკაცი შეიძლება ერთადერთია, რომელიც მზად არის ამ ქალის სიჯიუტეს სრული მზადყოფნით შეხვდეს და იმავდროულად სრულად აცნობიერებდეს მის ფარულ სინაზეს. თხის რქა გოგონა ძალიან დამოუკიდებელია, ეს კი ბევრ მამაკაცს აფრთხობს, მაგრამ არა თხის რქას. ის აღფრთოვანებულია მისი სიჯიუტით, შინაგანი ძალითა და კეთილგონიერებით.  განსაკუთრებით ის ხიბლავს, რომ ეს ქალიც იქ ეძებს ბედნიერებას, სადაც თვითონ _ მყარ მიწის ნიადაგზე.

სატურნიელი მამაკაცი საოცრად დახელოვნებულია საკუთარი ემოციების მართვაში.  ის უჩვეულო მოთმინებით ელოდება, როდის შეუშვებს რჩეული თავის ცხოვრებაში.  როდესაც თხის რქა ქალი ნელ-ნელა აცნობიერებს არსებულ ვითარებას, ამ დროს მამაკაცი მას უკვე თავისი შვილების დედად და ოჯახის კერის მცველად ირჩევს (ცხადია, თავისთვის და ჩუმად). თხის რქა მამაკაცი  იქამდე დაიცდის, სანამ ქალი არ მიხვდება, რომ უყვარს ის. თვითონ კი ამას მის გაბრწყინებულ თვალებში ამოიკითხავს. ამ დროისთვის მას ზუსტად ეცოდინება, როგორ წარმართოს მოვლენები, რადგან სანამ ელოდა, ყველაფრისთვის საფუძვლიანად მოემზდა. მისი თითოეული სიტყვა, ქცევა თუ ჟესტი აბსოლუტურად სწორი და მართალი იქნება.

მათი ურთიერთობის ერთერთი „სწორი განვითარება“, ცხადია, ფიზიკური სიყვარულია. თხის რქების ღრმა გრძნობათა განსხეულება ხშირად ემსგავსება მიწისძვრას. ისინი ხომ წლების განმავლობაში მკაცრი კონტროლით დათრგუნულ  განცდებს ათავისუფლებენ. ვერაფერი შეედრება იმ ბედნიერ წამს,როდესაც თხის რქები აღმოაჩენენ, რომ ფიზიკური სიახლოვის დროს, მათ შეუძლიათ თავიანთ გრძნობებს სრული თავისუფლება მისცენ. საყვარელ და სანდო ადამიანთან წლობით ჩამარხული და კონტროლირებადი გრძნობების განთავისუფლებას  კმაყოფილებისა და სიმსუბუქის თანაბარი განცდა მოაქვს, როგორც გულის, ისე გონებისთვის. სავარაუდოდ, ასეთ აღტაცებას მყისვე  არ განიცდიან. სხვა ნიშნებს შეიძლება გაუკვირდეთ, მაგრამ მოთმინება და სინაზე საკმაოდ მყარი საშენი მასალაა ვნებისთვის.

თხის რქას იშვიათად ახასიათებს ეჭვიანობა, თუმცა მათი აბსოლუტური უმეტესობა მესაკუთრეა. ეჭვიანობასა და მესაკუთრეობას შორის კი დიდი განსხვავებაა. თუ ისინი მოსალოდნელი საფრთხისთვის მზადებას არ გადაყვნენ, თანდანთან ისწავლიან ერთმანეთის სრულად ფლობას, პირადი თავისუფლების შენარჩუნებით. სწორად გამიგეთ: პირადი თავისუფლება სხვადასხვა პარტნიორთან მრავარიცხოვან ექსპერიმენტს არ გულისხმობს. პირად თავისუფლებაში მე ის სიბრძნე მოვიაზრე, რომელიც თითოეულ პარტნიორს საშუალებას აძლევს, საკუთარ თავს არ უღალატოს და ისეთი დარჩეს, როგორც არის. ეს ერთადერთი საშუალებაა ერთმანეთში მღელვარება და ინტერესი გამოიწვიონ წლების მანძილზე. შეუძლიათ ბუხრის თავზე წინაპართა სიბრძნის მარგალიტიანი წარწერაც  ჩამოკიდონ: „თუ ვინმე გიყვარს, გაანთავისუფლე და გაუშვი. თუ ის არ დაბრუნდა, ესე იგი არც არასდროს ყოფილა შენი. მაგრამ თუ დაბრუნდა, სამუდამოდ შეიყვარე!“

თხის რქებმა უნდა გაიაზრონ, რომ ბევრი დადებითი თვისება შეიძლება ცუდად შემოუტრიალდეთ. მათი სიფრთხილე და წინდახედულება, ამ შემთხვევაში გაორმაგებულ, საშიშ შეზღუდვად იქცეს, რომელიც ნელა, მაგრამ მტკიცედ მოკლავს მათ ოცნებებს. თუ საერთო თავდაჭერილობაში გადააჭარბეს, პოტენციური მეგობრები მათ ცივ ადამიანებად ჩათვლიან. სატურნის ხელმომჭირნეობისკენ მიდრეკილებამ კი შესაძლოა ფინანსური მწვერვალების დაპყრობის ყველა შანსი მოსპოს.

თხის რქები ხშირად აღიარებენ, რომ  მომავლის ეშინიათ და ყოველთვის დროულად იხდიან დაზღვევას. აზრი არ აქვს  ურჩიოთ, სხვა გზით ეწიონ ბედნიერებას ცხოვრებაში. თქვენ იშვიათად შეხვდებით ისეთ თხის რქას, რომელსაც დაზღვეული არ აქვს საკუთარი, მეუღლისა და შვილების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სახლი, ავტომობილი, საკერავი მანქანა თუ მოლბერტი _  ყველაფერი, რასაც მატერიალური ფასი აქვს და რაც შეიძლება დაიკარგოს ან მოიპარონ. მაგრამ, სავარაუდოდ, თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, თუ მათ გადარწმუნებას მოჰყვებით, რომ ცუდის მოლოდინში ზუსტად  ცუდი ხდება.

ამიტომაც შევახსენებ მათ, რომ ვერც ერთი სადაზღვეო კომპანია ვერ გამოუწერს სიყვარულის პოლისს. ნიძლავს ვდებ, თქვენ არასდროს დაფიქრებულხართ ამაზე, ასე არ არის, თხის რქებო? აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გაგაჩნიათ, დაზღვეული არ არის.  ალბათ, თქვენთვის ნამდვილი ტრაგედიაა. სინამდვილეში სიყვარულის დაზღვევაც შესაძლებელია. თქვენვე შექმენით სასიყვარულო დაზღვევის პოლისი. უბრალოდ აიღეთ ფურცელი და დაუწერეთ თქვენს საყვარელი თხის რქას: „მე შენ მიყვარხარ, მე შენ გენდობი და მე შენ მჭირდები“.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top