იუპიტერის შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

იუპიტერის შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის მზესთან

ეს კეთილისმყოფელი ასპექტი ურთიერთობას იმედითა და ოპტიმიზმით აღავსებს. ორივე ინდივიდი თავს თავისუფლად გრძნობს და დიდ სიამოვნებას განიცდიან ერთმანეთთან გაზიარების შესაძლებლობით. სიბრძნე და ურთიერთპატივისცემა შერწყმულია ჯანსაღი შეჯიბრის აღტკინებასთან, რაც ურთიერთობას სიცოცხლეს სძენს.  ეს ძალიან ძლიერი ასპექტია პიროვნული ზრდისთვის, რაც ორივეს  სულიერ და მატერიალურ სიმდიდრეს მოუტანს. მონეტა ორივე მხრიდან ბრწყინავს.

 

ქალის  იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის მზესთან

ამ ასპექტის შედეგი შეიძლება იყოს ენერგიის გადაჭარბება ან გამოშხეფება, რადგან ის აძლიერებს და აფართოვებს ორივე ინდივიდის განცდებს. მამაკაცი მეტად კონცენტრირებულია, ქალი კი თავისუფლებისკენ ილტვის. პოზიტიურ ენერგიასთან  ერთად, მოსალოდნელია იმეგაცრუება მამაკაცის მხრიდან. მას მიაჩნია, რომ მტკიცედ უნდა ჩაებღაუჭოს თავის სივრცეს. ქალი კი ერთდროულად განიცდის როგორც მისგან გაქცევის სურვილს, ისე ძლიერ მიზიდულობას. ასეთი ასპექტი ხშირად უბიძგებს წყვილს დიდი სიმდიდრის დევნისკენ. არანაკლებ ენერგიას ხარჯავენ სულიერი განვითარებისა თუ  უმაღლესი განათლების მისაღებად.

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის მთვარესთან

ეს ასპექტი ათავისუფლებს ქალს წარსულის შეზღუდვებისა და თავშეკავებისგან, რასაც ხელს უწყობს მისი პარტნიორი, რომელიც მასთან ურთიერთობაში უსაზღვრო თავისუფლებით გამოირჩევა. ამ ურთიერთობას ბევრი დადებითი შესაძლებლობა და იღბალი მოაქვს ქალის ცხოვრებაში. საინტერესო ის არის, რომ მამაკაცს მასში სწორედ მისი ბუნებრივი გაუბედავობა და მოწყვლადობა იზიდავს. ამ ასპექტში სექსუალობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ქალის ემოციურობისა და მამაკაცის ექსპანსიურობის შერწყმით, მეტად მყარი და ხანგრძლივი პარტნიორობა ყალიბდება.

 

ქალის იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის მთვარესთან

აქ ქალი აღამაღლებს მამაკაცს უმაღლეს  ცნობიერებამდე. მისი თანდასწრებით, მამაკაცი თითქმის ვერასდროს განიცდის დარდს ან უიმედობას. მისი ემოციების სფერო საგრძნობლად ფართოვდება, რადგან ქალი კარგად ხვდება, როგორ რეაგირებს მამაკაცი მის იდეებზე  და თავის მხრივ, ეხმარება მას, დაინახოს უმაღლესი ჭეშმარიტება ყველაფერში, რასაც  გრძნობს. ეს ასპექტი რამდენადმე აქვეითებს სექსუალობას, რადგან ხაზს უსვამს ქალის უმაღლეს გონებას. თუმცა ამაღლებული ცნობიერება, ოპტიმიზმი და სიხარული, რის სიმბოლოსაც წარმოადგენს  ასპექტი, ბედნიერების უხვად და თავისუფლად გამოხატვის საშუალებას იძლევა.

 

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის მერკურისთან

ამ ასპექტით ქალი თავის უმაღლეს გონებას აღწევს მამაკაცის მეშვეობით, რომელიც მარტივად უხსნის მისი სუბიექტური არსებობის უნივერსალურ აზრს და ეხმარება  ცხოვრების უფრო ამაღლებული პოზიციების გაგებაში. ეს პარტნიორობა გამსჭვალულია ჰუმანური თვისებებით, რადგან ქალის მხრიდან ცოდნის წყურვილი და გაგების უნარი ხელს უწყობს მამაკაცის მხრიდან საკუთარი სიბრძნის გამოვლენას.

 

ქალის იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის მერკურისთან

ეს ასპექტი გონიერების უმდაბლესი და უმაღლესი დონეების შეხვედრაზე მეტყველებს. მამაკაცი ეხმარება ქალს თავისი იდეების პრაქტულ დონემდე მიყვანაში. ქალს კი მისი მენტალური უნარების უმაღლეს ცნობიერებამდე ამაღლება შეუძლია. ამრიგად, მამაკაცი იმ სადინარ არხს წარმოადგენს, საიდანაც ქალის უზენაესი ცნობიერება იღვრება. მამაკაცს მშვენივრად შეუძლია ლოგიკურად გაიგოს და კატეგორიებად დაახარისხოს ქალის, როგორც კოსმიური არსების, ფასეულობათა სისტემა.

 

 

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის ვენერასთან

აქ ქალი მამაკაცის წინასწარმეტყველური სიბრძნისკენ ისწრაფვის. მისი ცოდნა და თავისუფლების გრძნობა შეიძლება დაეხმაროს ქალს როგორც საკუთარი ცნობიერების გაფართოებაში , ისე ცხოვრებაზე შეხედულებების გაუმჯობესებაშიც. მამაკაცი ჩირაღდანს ანთებს და ქალს ჭეშმარიტების მუდმივ ძიებას შთააგონებს. თუ ორივე პარტნიორი პრაქტიკული ბუნებისაც აღმოჩნდა, ეს დიდი იღბლიანობის ასპექტია.

 

ქალის  იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის ვენერასთან

ეს ძალიან ჰარმონიული ასპექტია. მამაკაცის სასიყვარულო ბუნება ქალის უმაღლესი გონების მეშვეობით ღვივდება და ვითარდება. იმავდროულად, ქალი ქვეცნობიერად ხედავს მასში საკუთარ ინდივიდუალობას. ეს ურთიერთობა გამსჭვალულია ოპტიმიზმით, გულუხვობითა და ღიად გამოხატული უსაზღვრო სიყვარულით. ამიტომ, ურთიერთობის სექსუალური ასპექტი უკანა პლანზე ინაცვლებს. თუ ორივე პარტნიორი კეთილგონიერებას გამოავლენს, ეს ასპექტი საერთო ძალებით გამდიდრების სიგნიფიკატორიც არის.

 

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის მარსთან

აქ ქალი მიდრეკილია თავი გააიგივოს საკუთარ ანიმუსის ფიგურასთან, რითაც პარტნიორს მისი უმაღლესი გონებისკენ უბიძგებს. მას შეუძლია დაეხმაროს მამაკაცს ათენას ღვთაებრივი თვისებების გაცნობიერებაში, რისკენაც თავად ისწრაფვის. ის შეიძლება ძალიან აგრესიულიც იყოს, თუმცა მამაკაცს მშვენივრად ესმის მისი ინსტინქტები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქალის აქტიურობას და აქიდან გამომდინარე, ნაპერწკლებს და დინამიკას ამ ურთიერთობაში.  ეს პარტნიორობა დაკავშირებულია გაკვეთილების ათვისებასთან: ქალი მამაკაცის ფილოსოფიურ პოზიციებს ისრუტავს, მამაკაცი კი ნათლად ხედავს, როგორ ააქტიურებს ქალი მის იდეებს. ამ ასპექტმა  შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური ხასიათის სირთულეებიც, რაც უკონტროლო ენერგიითა და ენთუზიაზმით არის განპირობებული. თუმცა თუ მათ ბალანსის შენარჩუნება მოახერხეს, ეს დინამიურად მზარდი ურთიერთობა სავსე იქნება არაერთი მღელვარებითა და აღტკინებით.

 

ქალის იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის მარსთან 

ეს ასპექტი ძლიერ ექსპანსიას ანიჭებს ურთიერთობას. მამაკაცს ქალი თავისი შთაგონების წყაროდ მიაჩნია, თუმცა ქალმა კეთილგონივრული განსჯის უნარი და თავშეკავებული სიბრძნე უნდა გამოავლინოს, რომ ურთიერთობაში ზომიერება შეინარჩუნოს.  ორივე ძალიან აქტიურია, მაგრამ თავიანთი მიზნები მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ. სპორტის, თამაშების და მოგზაურობისადმი ინტერესი ამ ასპექტის ინტეგრალური სფეროებია. როდესაც ისინი ერთმანეთს ააქტიურებენ, მამაკაცი ინსტინქტის მეშვეობით მოქმედებს, ქალი _ გაგების. თუ ორივე საკმარისად ბრძენი აღმოჩნდა, პრიმიტიული და ბავშვური იმპულსების გადასალახად, რასაც ასპექტის გადაჭარბებული ენთუზიაზმი იწვევს, საერთო ძალებით მატერიალური კეთილდღეობის მიღწევას და სულიერ ზრდასაც მოახერხებენ.

 

იუპიტერების შეერთება

ამ ასპექტს ოპტიმიზმი, სიმკვეთრე და იღბალი შეაქვს ურთიერთობაში. მართალია, ყველაფრის უზომოდ გადაჭარბების ტენდენციაც ძლიერია, მაგრამ ეს დაბალანსებულია პარტნიორების უნარით, ყველაფერს მსუბუქად შეხედონ. ვინაიდან ისინი მსგავს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას იზიარებენ, ეს ასპექტი მშვენიერ პერსპექტივას ქმნის საინტერესო, ექსპანსიური და დინამიური ურთიერთობისთვის. უმეტეს შემთხვევაში, პარტნიორები ერთი ასაკის არიან და ლოგიკურად, მათი თაობისთვის დამახასიათებელ, მსგავს შეხედულებებს იზიარებენ.

 

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის სატურნთან

ეს დამაბალანსებელი ასპექტია, სადაც მამაკაცის უსაზღვრო ოპტიმიზმს ქალის კეთილგონიერი და პასუხისმგებელი პოზიცია აწონასწორებს. საკუთარი თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, მამაკაცს რაც შეიძლება მეტი გამოცდილების მიღება სურს. ქალი კი ამისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის, რაც მის რჩეულს დამატებით ძალას ანიჭებს. თუ მამაკაცი მოწყენილობის გადალახვას ისწავლის, ქალი კი მშვიდად მოეკიდება მის დაუდეგარ ხასიათს, ეს დიდი შინაგანი სიბრძნის ასპექტია. იუპიტერის სიმართლე და პატივი  სატურნის ღირსებასა და მიზანდასახულობასთან ერთიანდებიან. ქალი ქვეცნობიერად აიგივებს თავს საკუთარ მამასთან და ცდილობს ის საიმედო თვისებები შეინარჩუნოს, რაც მას მამაკაცში აღაფრთოვანებს. ამ კარმულ ასპექტში, მან დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ პარტნიორი ენერგიის ფუჭი და უაზრო ფლანგვისგან დაიცვას. ამიტომ, მან დინჯად და მოთმინებით უნდა ასწავლოს მას  ცხოვრების აზრი და მთავარი მიზნების თანმიმდევრულად მიღწევის მეთოდები.

 

ქალის იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის სატურნთან

მამაკაცი აწონასწორებს ქალს, როდესაც მას მოთმინების მნიშვნელობას და პასუხისმგელობას ასწავლის. ის ცდილობს გააგებინოს მას იმ ფასეულობათა აზრი, რაც მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. თუ ქალს მოთმინება ეყოფა, მის გაკვეთილებს ყურადღებით უსმინოს, ეს ურთიერთობა დინჯად ჩამოყალიბდება ჭეშმარიტებისა და სიბრძნის პრინციპებზე. საერთი ძალისხმევით, მათ შეუძლიათ პატივსა და დიდებასაც მიაღწიონ.

 

 

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის ურანთან

ეს მკაფიოდ გამოხატული მენტალური ასპექტია, რომელსაც, ინტელექტის გასხივოსნების წყალობით, ახლებური გაგება მოაქვს ორივე პარტნიორისთვის. დამახასიათებელია ტელეპათიური ურთიერთგაგება. მამაკაცის ექსპანსიური ბუნება ქალის თავნება ხასიათსა და გამჭრიახ ინტელექტს უერთდება.  ამრიგად, მენტალურ სტიმულაციას დიდი გამომგონებლობა ემატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ასპექტით გართულებულია ურთიერთობის სექსუალური მხარე, რადგან იუპიტერისა და ურანის ამაღლებული თვისებები, როგორც ჩანს, ასუსტებს ინტერესს ფიზიკური მოთხოვნილებების მიმართ.

 

ქალის იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის ურანთან

ქალის უმაღლესი გონება მამაკაცის ინტელექტს აფართოებს, ეხმარება რა ცნობიერების შეცვლასა და ზრდაში. ამ ურთიერთობაში გამორიცხულია მესაკუთრული მომენტები, რადგან ორივე ინდივიდი ძლიერ თავისუფლებას გრძნობს საკუთარი აზროვნებითი პროცესებისთვის. ეს პარტნიორობა გამოირჩევა სწრაფი დინამიკით, აქტიურობითა და ინტერესით. სწორედ ამიტომ, მათ ფრთხილად და მოზომილად უნდა ხარჯონ ენერგია. ასპექტის ასექსუალური ხასიათი ურთიერთობას პლატონურ შტრიხს შესძენს, სადაც პარტნიორები ერთმანეთისგან სწავლობენ და სწრაფად იზრდებიან.

 

 

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის ნეპტუნთან

მამაკაცის უმაღლესი გონება ქალის ინტუიციურ უნარებს უერთდება, რაც ტელეპატიურ ურთიერთგაგებას აყალიბებს. ქალი, ჭეშმარიტების შეცნობის თვალსაზრისით, მამაკაცს ეყრდნობა. მისი რწმენის ძალა კი მამაკაცის ოპტიმიზმს აძლიერებს. აქ არსებობს ასტრალური პროექციის ძლიერი ტენდენცია, რადგან ორივე პარტნიორი, როგორც ჩანს, ძლიერ უკმაყოფილებას განიცდის აწმყოთი და იმისკენ ილტვიან, რაც მათი  ჰორიზონტის მიღმა იმყოფება.

ქალის იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის ნეპტუნთან

აქ  ქალი მამაკაცის სულის მხარდამჭერია. ის მარტივად აღწევს ჭეშმარიტებას და მამაკაცს ასწავლის, როგორ უნდა განთავისუფლდეს  ზედმეტი შთაბეჭდილებების  ბარგისგან, რაც საკუთარი მგრძნობიარობის შედეგად შეისრუტა. მამაკაცი, თავის მხრივ, ინტუიციას სთავაზობს ქალს, რომელიც სიღრმეს და გაგებას მატებს მის ცნობიერებას.

 

 

მამაკაცის იუპიტერი შეერთებაში ქალის პლუტონთან

მამაკაცის მსუბუქი, ოპტიმისტური პოზიციები ქალის ღრმა წვდომის უნარებს უერთდება, მეტად ინტენსიური ურთიერთობის შესაქმნელად. მამაკაცს ძალიან ფართო თვალსაწიერი აქვს, ქალი კი მშვენივრად გრძნობს მატერიალური სამყაროს „წყალქვეშა დინებებს“. მაშინ როდესაც ქალი პარტნიორს მისი ჭეშმარიტებების სისრულეს უჩვენებს, მამაკაცს მისი გაგების გაფართოება შეუძლია, რომელზეც მას მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა ექნებოდა. ეს ძალიან ძლევამოსილი ამაღორძინებელი ასპექტია, რომელიც ორივე პარტნიორში პროგრესული მომავლისკენ სწრაფვის სურვილს აღვიძებს.

 

ქალის იუპიტერი შეერთებაში მამაკაცის პლუტონთან

უმაღლესი გონების მეშვეობით, ქალი პარტნიორს ცნობიერების გაფართოებაში ეხმარება. მამაკაცის ღრმა გაგების უნარი და ქალი გონებაგახსნილობის კავშირი დიდი სიბრძნით გამოირჩევა. ქალს სინათლე შეაქვს პარტნიორის ქვეცნობიერში, რაც მის სულიერ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.


About Qet

Scroll To Top