იუპიტერი V სახლში

იუპიტერი V სახლში

თავდაჯერება

ასეთ ადამიანს ყველაფერი გრანდიოზული და შემოქმედებითი უყვარს. მისი ინტერესები გადაჭარბებულად მრავალმხრივი და განსხვავებულია. აღმერთებს სპორტსა და ბავშვებს, ამყარებს მრავალ სასიყვარულო კავშირს, წარმატებულია საფინანსო ოპერაციებში, იღბლიანია აზარტულ თამაშებში. შესაძლოა ჰქონდეს დიდი ოჯახი და ჰყავდეს ბევრი შვილი, რომლებიც მას უეჭველ აღფრთოვანებას მოჰგვრიან. იღბლიანია როგორც მასწავლებელი, გამომცემელი და საესტრადო მსახიობი. ენერგიის უარყოფითად გამოყენებისას ადამიანი ხდება ზედმეტად მამაცი, გადაჭარბებულად მგრძნობიარე და ზედმეტად მოუსვენარი. აღმერთებს ხელოვნებაში შემოქმედითობას და ნოვატორობას აღმზდელობით საქმიანობაში.

ახალგაზრდობისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენს, ამიტომაც ხშირად სკოლის მასწავლებელი ანდა არასრულწლოვანების კურატორი ხდება. მის შვილებს უმართლებთ, მათ შეუძლიათ დაიმსახურონ პატივი და აღიარება. ადამიანი საკუთარ თავს სკოლაშივე კარგ რეკომენდაციას უწევს და იღებს კარგ უმაღლეს განათლებას. არაა გამორიცხული შეძლებულად და ბრწყინვალედ მოწყობილ პარტნიორთან თანაცხოვრება. სიყვარულს უფრო ხშირად მოაქვს ბედნიერება, ვიდრე იმედგაცრუება. აღმერთებს გართობებს, უყვარს ხელოვნების საგნები, სიამოვნებით აქვს საქმე ბირჟებსა და დაბანდებებში.

პლანეტის დაზიანება საფრთხეს უქმის სპეკულაციებსა და ინვესტიციებს, რომელსაც შესაძლოა გაკოტრება მოჰყვეს. ხანდახან ასეთი ადამიანი საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებს და შედეგად უკაპიკოდ რჩება. კეთილზნიანი და დამჯერი შვილები ეხმარებიან და ყველანაირად ამშვიდებენ მას. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები წარმატებული ინვესტორები და აზარტული ფინანსისტები ხდებიან. მათ იზიდავთ პროფესიონალებთან შეხვედრები და ბითუმად მოვაჭრეებთან ურთიერთობის დამყარება. მათი ხასიათი გამოირჩევა კარგი ამხანაგობით (კომპანიონობით), ქცევის მანერები გარშემომყოფთა სიმპატიებს იწვევს.

დაბადებიდან საქმოსნები არიან, რომლებსაც ავანტიურიზმისკენ მიდრეკილება აქვთ. აზარტულობა _ ასეთი ადამიანის ყოველი ნაბიჯის თანმდევია. წარმატებას მუდამ მოულოდნელად აღწევს. შესაძლებელია აღიარება მაღალ თანამდებობაზე, არაა გამორიცხული წარმატება ადმინისტრაციულ და დიპლომატიურ საქმეში. ასეთი ადამიანი თითქმის აუცილებლად იძენს რაიმე ჰობბის. მხოლოდ სიყვარულით დაქორწინებისკენაა მიდრეკილი. მიუხედავად ავანტიურისტული ხასიათისა და ზოგიერთი მასშტაბურობისა, გარშემო ყველა მოვლენას ზუსტად აკონტროლებს, რადგანაც მისი ყურადღების არეალი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს.

პაველ  გლობა

დადებითი ასპექტებისას (+) იძლევა დამოუკიდებლობას, ალტრუიზმს, თავისუფალი ცხოვრების წესს; შემოქმედებაში, საქმეში ავტორიტეტს, სულიერ და მატერიალურ სიუხვეს. ენერგია, სიცოცხლისა და შემოქმედებითი სიხარულები, ოპტიმიზმი, სამუშაო, რომელიც მოსწონს, ადამიანი ცხოვრებით კმაყოფილია, მაშინაც კი, თუ ცოტა ფული აქვს. გარშემომყოფების სიყვარულით სარგებლობს _ ის უყვართ ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, უფროსებს, ხელმძღვანელებს. სიყვარულის სიუხვე აძლევს ძალაუფლებას, პრესტიჟს, ავტორიტეტს. კარგად აღზრდილი შვილები _ მისი სიამაყეა. კარგი პედაგოგიური უნარები. იძლევა შვილიერებას, ბავშვების მფარველობას.

უარყოფითი ასპექტებისას (-)  ბავშვების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, მშობლებს ბავშვები ასწავლიან, ისინი მათ პროფესიულ და სოციალურ განვითარებაში მუხრუჭის როლს ასრულებენ. ცხოვრების ბოჰემური წესი, დონ-ჟუანობა, ამბიცია, ძალიან ბევრის სურვილი _ მათ შორის სიყვარულისაც. სიყვარულს ყველას სჩუქნის, დანაკლისის ასანაზღურებლად კი იგივეს სხვებისგანაც ითხოვს. შეუძლია თამაში, ფსონის ჩამოსვლა, აფერებში თავით გადაშვება.

იუპიტერი მეხუთე სახლში ჰქონდათ: ეკატერინე II-ს, გოიას, პაგანინის, შტრაუსს, გრეტა გარბოს, ჯ. ნერუს, მარია ანტუანეტას.

ფრენსის საკოიანი

ხელოვნებაში, აღმზრდელობით საქმიანობაში, სპორტში _ და ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ბავშვებთან, შემოქმედითობა აღინიშება. როგორც წესი, მათ შვილებს უმართლებთ, ისინი იღებენ პატივსა და აღიარებას. ფილოსოფიისა და რელიგის ინტერესი, საკუთარ თავს სკოლაშივე უწევენ რეკომენდაციას და უმაღლეს განათლებას იღებენ. ხშირად ასეთი ადამიანების საქმეები დაკავშირებულია ბირჟასთან, დაბანდებებთან, აღზრდასთან, ხელოვნებასთან, გართობის სფეროსთან. ეს ადამიანი არის მოთამაშე და გამამხიარულებელი, თამაშში თავდავიწყებით ერთვება. მოცემულ წამს რაც არ უნდა იწვევდეს მის სიყვარულს ანდა ენთუზიაზმს, ამის გამო მზადაა ყველაფერი მიაგდოს. უყვარს სპორტი, დასვენება, აზარტული თამაშები და შეუძლია ცხოვრებას როგორც გართობას ისე მოეკიდოს. მის შვილებს ანდა შემოქმედებით საქმიანობას მოაქვს მრავალი ბედნიერება და სიამოვნება.

ავესალომ პოდვოდნი: მეცენატი”

ეს ადამიანი უფრო დიდი და სქელი ჩანს. ის ტოვებს თოვლის ბაბუის შთაბეჭდილებას, რომელსაც ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს. და მის ცხოვრებაში მრავალი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ იყოს გულუხვი და სხვები გააბედნიეროს; კითხვა იმაშია, ისურვებს კი მსგავსი როლის შესრულებას? ელემენტარულ შურთან ერთად (რატომ მას და არა მე), მას (განსაკუთრებით დაზიანებული იუპიტერის შეთხვევაში), შესაძლოა ღრნიდეს ქედმაღლობაც: “ვინ არიან ისინი, რომ მე მათ საჩუქრები ვჩუქნო?”

იუპიტერის ეს მდებარეობა, პიროვნებასთან შედარებით, როლების სიდიდეს (და სიუხვესაც) იძლევა, რაც დაბალ დონეზე იწვევს იმას, რომ ამის ასატანად ადამიანი სრულიად მოუმზადებელია და პირადად საკუთარ თავთან აიგივებს იმ “გამოსახულებებს” (ანუ იმ მოქცევის წესებს), რომელიც გარშემომყოფებისთვისაა განკუთვნილი. იუპიტერი იძლევა თანამონაწილეობის შეგრძნებას და, თითქოსდა, ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლის სათამაშოდ მუდმივ მოწვევას, მაგალითად, საქორწინო გენერლის. მაგრამ საჭიროა ამ როლზე მუშაობა და როლში შესვლისას _ გაცემა და არა მიღება, რაშიც ზუსტად ამ მდებარეობის იუპიტერის აზრია ჩადებული.

ჰარმონიული ასპექტებისას ეს ადამიანი უყვართ, მაგრამ შეუძლია (თუ მოინდომებს) ნებისმიერი საზოგადოების გალამაზება და ნებისმიერი ადამიანისთვის თავის შეყვარება, რისი ბოროტად გამოყენებისკენაცაა მიდრეკილი. იუპიტერის დაძაბული ასპექტებისას, ეს მდებარეობა იძლევა გარშემომყოფებისადმი წაყენებულ ამაღლებულ მოთხოვნებს: საზოგადოება მის მიმართ ყურადღებიანი და პატივისცემის გამომხატველი უნდა იყოს და მთელი დრო იცეკვოს ანდა გულყრაში ჩავარდეს აღფთოვანების გამო.

დამუშავების აზრი იმაშია, რომ ადამიანმა სხვების მიმართ წაყენებული მოთხოვნები უნდა გადაიტანოს საკუთარი “მე”-ს გამოსახულებაზე და დეტალურად უნდა დაამუშაოს და მოამზადოს თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის. იუპტიერის ეს მდებარეობა პოტენციურად იძლევა მრავალ ამაღლებულ გრძნობას, აზრს, ღვთაებრივ სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელიც ადამიანმა საკუთრივ, თავის სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენოს (ვალდებულიც კია, რომ არ გამოიყენოს), მაგრამ შესაძლებლობისამებრ უნდა შეეცადოს, რომ სამყაროში მისი ტრანსლირება მოახდინოს.

ბორის იზრაიტელი

თუ ჰყავს შვილები, მათთან ურთიერთობა მყარი ექნება. სარეკლამო და ხელოვნების სფეროში ადამიანს თვითრეალიზაციისთვის დიდი შესაძლებლობები აქვს.

ეს არის დიდი გულის მქონე ადამიანი. გრანდიოზული გართობების, ფეერიების*, მისტერიების ვნებები აქვს. უყვარს მსხვილი დადგმები, მსხვილი ფორმები (მაგალითად, ოპერა და ბალეტი, და არა კამერული ხელოვნება). სიყვარულში თავაწყვეტილობისკენაა მიდრეკილი. მამაკაცებისთვის ასეთი მდებარეობა _ დონჟუანობის მანიშნებელია (თუ რუკის დანარჩენი ასპექტები არ ეწინააღმდეგება).

* ფეერია [ფრანგ. féerie] – 1. თეატრალური ან საცირკო სანახაობა ზღაპრული შინაარსისა, დადგმული სხვადასხვა სცენური ეფექტის გამოყენებით. 2. (გადატ.). მომხიბლავი, მომაჯადოებელი სანახაობა. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

ბილ ჰერბსთი

შეგნებული (ცნობიერი) ადამიანი. იუპიტერის მეხუთე სახლში მდებარეობა მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ისწრაფვის გარეთ მოახდინოს ცხოველმყოფელი დიდსულოვნების, გულკეთილი ოპტიმიზმის, სოციალური აპლომბის** და ყველაზე მეტად, თანდაყოლილი “ბრძენი” გონების პროეცირება. ისევე როგორც მერკურის შემთხვევაში, აქ აქცენტი კეთდება აზროვნებაზე, მაგრამ ეს უფრო ნაკლებ პედანტური, უფრო ნაკლებ ვერბალურია და უფრო მეტად განზოგადოებული, სახეობრივ გაგებაზე ორიენტირებულია. როგორც ვენერას შემთხვევაში, აქაც აღინიშნება სოციალური გრაცია და ბუნებრივი ტაქტი, მაგრამ ეს თვისებები ნაკლებ მშვიდობიანია, ხოლო აღფრთოვანება უფრო ექსპრესიულია. ეს ადამიანი ფაქიზად გრძნობს იმას, თუ როგორი უნდა იყოს შესაფერისი სოციალური ქცევა; ასევე, მას მოსწონს დიდებული სოციალური რიტუალები. ხაფანგი იმაშია, რომ ადამიანს აქვს გადაჭარბებული თავდაჯერებულობა _ არ კავდება საკუთარი ქმედების სტილის დეტალური შესწავლით, არამედ საკუთარ ნიჭს ეყრდნობა. ამოცანა _ ყოველმხრივად გამოიყენოს საკუთარი ქარიზმა, რომელიც, თითქოსდა, დაბადებიდანვე თანდაყოლილი აქვს.

რომანტიზმი, სიყვარულის გაცემა. სიყვარულის დასაწყისში სასიყვარულო ურთიერთობის რიტუალები იმაზე უფრო მეტად თანაბარი და მოწესრიგებულია, ვიდრე ეს სხვა ადამიანებს ახასიათებთ. უარყოფის რისკს არც ისე გარკვევით აღიქვამს, თითქოსდა, მისი დარწმუნებულობა ბეტონის კედელივით მყარია. მისი სიყვარული ექსტრავაგანტულია, ის უბრალოდ რომანტიკაში დაცურავს. სიყვარული _ ეს მრავალი რამის გამოცდილებაა, ეს არის “ჩვენი” გამოცდილება. ხაფანგი _ რეალობისა და სპექტაკლის გაყოფა; თუმცა გარეგნული სასიყვარულო ურთიერთობა ძალიან ადვილად ეწყობა, ხანდახან უფრო მეტს ჰპირდება, ვიდრე რეალურად ასრულებს. ამოცანა _ სიყვარულს შიგნიდან გარეთ გადმოღვრის უფლება მისცეს, დაე, იგი გაიფურჩქნოს გარე სამყაროში, საუკეთესო ურთიერთქმედებაში.

სექსუალური სპექტაკლი. სიყვარულის შემოქმედება _ ეს თვითგამოხატვის ბუნებრივი, თავისუფალი აქტია, საკუთარი თავის გარეთ გამოვლინების შესაძლებლობაა. ნებისმიერი თამაში ახარებს, მას მოუთმენლად ელის და ტკბება იმ ფიზიკური შეგრძნებებით, რომელსაც ეს აქტი აძლევს. პარტნიორის შერჩევისას რამდენადმე გაურკვეველია, რამეთუ უფრო მეტად აინტერესებს სიამოვნება, _ რომელსაც პარტნიორის მიმართ თაყვანისცემით გამოხატავს (სიყვარულის ახსნა, დამტკიცება, სერენადები და სხვა), _ ვიდრე მოსიყვარულე ადამიანის რეაქცია. ხაფანგი მსგავს გულთბილ და უწყინარ ურთიერთობებში _ ადამიანის მიერ შეთავაზებული სიყვარულის მიღების შესაძლებლობაში მრავალი რამ თავისთავად მოიაზრება, მაშინ, როდესაც ამოცანაა _ საკუთარი სექსუალური შემოქმედითობის ექსპრესიის, დადგმული მხიარული წარმოდგენის, თითოეული შესაძლებლობის ყოველმხრივი “ექსპლუატაცია”.

პირადი შემოქმედება. იუპიტერი _ეს ექსპანსიურობის სიმბოლოა და აქ ის გაფართოებული ექსპრესიულობის სიმბოლიზებას ახდენს, რომელიც ზომაში ადიდებს და ყველაფერს, თითოეულ შემოქმედებით ქმედებას უფრო მეტ დრამატიზებას უკეთებს. ალბათობაა, ძალიანაც ვერ დაკმაყოფილდეს ერთი ანდა ორი შემოქმედებითი აქციით. მოცემულ შემთხვევაში, ძველი ფორმების სინთეზის ვარიანტები ორიგინალურობაში იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ, შესაძლოა, მას “ფეხი დაუცდეს”, “მოუცურდეს”, სამოყვარულო დონეზე, ზედაპირულად დაინტერესდეს შემოქმედების ყველაზე განსხვავებული სფეროებით, მოეჭიდოს ხან იქიდან, ხან აქედან; ხანდახან, მხატვრული გამოხატვის სრულიად ახალი კატეგორია იქმება. ხაფანგი _ უსარგებლო ექსტრავაგანტულობა, მაშინ როდესაც ამოცანაა _ წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული დრამა.

შეჯიბრითობა. ის _ დაბადებიდან გუნდური მოთამაშეა, ადამიანი, რომელსაც გუნდზე სრული გავლენის მოხდენა და, შედეგად, _ გუნდის კაპიტნად გახდომა შეუძლია. ის აფასებს ნებისმიერ სოციალურად გამოყენებად ესთეტიკურ ფორმებს, მხოლოდ ერთია, ხელოვნების სამყაროში უფრო კომენტატორია, ვიდრე მონაწილე. წარმატების მძლავრი წინათგრძნობა გამსჭვალავს მოცემული მდებარეობის სიმბოლიკას. ის გამარჯვებაში დარწმუნებულია და, უფაქიზესი ინტუიციური ფაქტორის წყალობით, ეს რწმენა ხშირად ნაყოფისმომტანია _ ის ხვდება საჭირო ადგილას და საჭირო დროს, მხოლოდ ერთია, _ თუ ადამიანი ძალიან ხშირად ღვთის წყალობას დაეყრდნობა, ყურადღებას არ მიაქცევს დეტალებს და მათთან არ იმუშავებს, _ ამან შეიძლება დაცემამდე (კრახამდე) მიიყვანოს. ამოცანა _ ადამიანმა გამარჯვების მოსაპოვებლად საკუთარი ბუნებრივი ნიჭი გრაციოზულად გამოიყენოს, სხვა ადამიანებს აღუწეროს ის, თუ რამდენად გასაოცარი შეიძლება იყოს ცხოვრების აზარტული გასართობები და ამ პროცესისას საკუთარი თავის რწმენა და სოციალური პოზიცია გაამყაროს.

 **აპლომბი Fr. aplombსაკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, რიხი, რაც ჩანს ლაპარაკში ან ქცევაში. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

ნეტ მონსტერი

შრომა და ხელოვნების, სწავლების და სპორტის უნარები. ახალგაზრდებთან მუშაობისკენ მიდრეკილება. წყნარი იუპიტერისას _ ბედნიერება სიყვარულში; ცუდი იუპიტერისას _ აზარტული მოთამაშის ბუნება, დანაკარგები სიყვარულში, თამაშობებში, ფინანსურ საქმიანობაში.

ინდუბალა

ეს კეთილგანწყობილი და წარმატებული პოზიციაა. ასეთი ადამიანებისგან კარგი მასწავლებლები და მრჩევლები დგებიან. ლოცვისკენ მიდრეკილება. შეუძლიათ კარგი კაპიტალდაბანდებების გაკეთება. მოსალოდნელია მრავალშვილიანობა. ამ ადამიანებს კარგი სახელი მუდამ თან სდევთ; ფლობენ დიდ პირად ხიბლს.

ფელიკს ველიჩკო

შემოქმედებითი ადამიანია, რომელსაც შეუძლია საზოგადოების ცხოვრებაზე კვალის დატოვება. მაგრამ ცხოვრებაში ხშირად დამკვირვებლის პოზიციას იკავებს. განიცდის ძლიერ სულიერ აღგზნებას, თუმცა გარეგნულად ამას არ აჩვენებს, ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს გარშემო განვითარებული მოვლენები მისი ყურადღების ღირსი არაა.

ამ ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნება და სიყვარული მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შემოქმედებითი ჭკუა-გონება მრავალმხრივად ვლინდება, რაც აუმჯობესებს ადამიანის სოციალურ მდგომარეობას; საზოგადოების მხარდაჭერისას იღებს მაღალი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას. საკუთარ ენერგიას ხელგაშლილად ფლანგავს, ერთდროულად რამდენიმე საქმეს ჰკიდებს ხელს. სიღრმისეული, გაცხოველებული დისკუსიების მოყვარულია, რაც ხშირად პოლიტიკოსად აქცევს, კარგად ესმის, თუ რა სჭირდება საზოგადოებას მთლიანობაში.

გულკეთილი, ყურადღებიანი მსმენელია, დახმარებისთვის მუდამ მზადაა. იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, სჭირდება ხილული, შუალედური შედეგები. მუდმივად ეჩვენება, რომ ძალიან ცოტაა გაკეთებული, ამიტომ კარიერაში ბევრ ძალისხმევას დებს. სიამოვნებით თამაშობს ბირჟაზე და ხშირად არტისტული ნიჭი აქვს. გრძნობების სფეროში აყალიბებს გონივრულ, კანონიერ და უეჭველად კეთილსასურველ მიჯაჭვულობას. ასეთი იუპიტერი, ადამიანს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლის წყალობით მიღებულ შემოსავალს პრიდება.

განსხვავდება შვილების გონივრული აღზრდით. ახალგაზრდობისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს. ის კარგი მასწავლებელი, არასრულწლოვანების საქმეთა ინსპექტორი ანდა იურისტია. ჩვეულებრივ, მის შვილებს უმართლებთ, ისინი მსახურობენ სახელმწიფო სამსახურში და აღიარებამდე და პატივამდე ადიან. ფილოსოფიისადმი, რელიგიისა და სპორტისადმი ინტერსს ავლენენ. მრავალი მათგანი უმაღლეს განათლებას იღებს.

 

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top