კარმული ასტროლოგია – არის ასტროლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, თუმცა ამავე დროს დაკავშირებულია სხვა სფეროებთან და მეცნიერებებთან, რადგან რელიგიურ-ფილოსოფიური საწყისები აქვს და უკავშირდება რეინკარნაციის იდეას, ანუ სულის რამდენჯერმე მოსვლას. „კარმა“ ვიწრო გაგებით ბედს ნიშნავს, მაგრამ არა ადამიანის, არამედ მისი სულის ბედს.
ეს მიმართულება სწავლობს სულის განვითარების პროცესს, მისიებს, რომელთა შესრულება ადამიანს ცხოვრებაში ეკისრება. კარმული ასტროლოგია ადამიანებს ეხმარება მისიის დადგენაში, ცხოვრების მიმართულებების გამოვლენაში, სწორი მიმართულებით სიარულში. მისი მიხედვით, ყოველ ცხოვრებაში გარკვეული მისიით ვიბადებით, რომელიც ჩვენი სულის ევოლუციური განვითარებისთვისაა საჭირო.
კარმული ასტროლოგია ემყარება იდეას, რომ მრავალი შესაძლებლობიდან სული ირჩევს მისი კარმული მისიის, ამოცანის შესაბამის მდებარეობას და ისე იბადება. შესაბამისად, პირად რუკაში კარგად ჩანს კარმული ამოცანები. გავრცელებული იდეით, კარმულ ამოცანაზე უთითებს მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძები, ლილიტი (შავი მთვარე) და სელენა (თეთრი მთვარე). სინამდვილეში ეს შეხედულება არასწორია.
მთლიანად პირადი რუკაა (რომელიც პიროვნების სრულ სურათს წარმოადგენს) კარმული პროგრამის შემცველი – მზე, მთვარე, მარსი, სატურნი…. მთვარის კვანძები… ასპექტები… დაზიანებული და ჰარმონიული პლანეტები…. რუკის სახლები, მე-4 სახლი ითვლება წარსულ ცხოვრებაზე ინფორმაციის შემცველად – რამდენი ხანი იცხოვრა, როგორ დაასრულა სიცოცხლე და ა.შ. მოკლედ, ყვე-ლა-ფე-რი.
შესტოპალოვის მიხედვით, ერთ ციკლში 12 ამოცანა არსებობს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებში მთვარის კვანძების მოძრაობით განისაზღვრება (რაც მთლიანობაში, ერთ რასაში 144 განსხეულებას ქმნის (12X12)). ახალი კარმული ციკლის დასაწყისად აღმავალი კვანძის თევზებში მდებარეობა ითვლება, ძველის დამთავრებად – აღმავალი კვანძი ვერძში.
ერთ-ერთი ვერსიით, კარმას უკავშირდება: პროფესიის არჩევა, პირადი ცხოვრების პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები, სულიერი პრობლემები და ა.შ.
კარმა შეიძლება იყოს:
- „მზა“ კარმა, რომელიც მოვლენების სახით გვხვდება და ადამიანი „გამოისყიდის“.
- დაუსრულებელი კარმა, რომელიც ჩვენი აზრების, მიდრეკილებების, მეხსიერების სახითაა შემორჩენილი. მაგ: აგრესიული ქცევა, უარყოფითი აზრები და ა.შ.). მისი გამოსწორება შესაძლებელია საკუთარ თავზე მუშაობით. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს აზრებს, ფიქრებს.
- დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური.
ასევე, კარმა შეიძლება იყოს: კოლექტიური (მაგ: ქვეყნის), ჯგუფური (მაგ: ოჯახი) და ინდივიდუალური. ეს უკანასკნელი ანალიზდება ორნაირად (ე.წ. კარმულ და ნატალური რუკის მიხედვით).
საყურადღებოა:
- მე-4 სახლი რა ნიშნით იწყება – მიანიშნებს წინა ცხოვრებაზე, ქვეყანაზე, კულტურაზე, რომელშიც ცხოვრობდა. მე-4 სახლში ერთ-ერთი მნათობი (მზე ან მთვარე) – წინა განსხეულების გარემოებებსა და მოღვაწეობაზე.
- მთვარის აღმავალი კვანძი ზოდიაქოს ნიშანსა და სახლში – კარმის რეალიზების წერტილად ითვლება. მისი მდებარეობა სახლში მიანიშნებს სფეროებზე, რომლებშიც რეალიზება ხდება. ასევე მნიშვნელოვანია სხვა პლანეტების ასპექტები აღმავალ კვანძთან.
- ლილიტის ასპექტები პლანეტებთან. შესტოპალოვის მიხედვით, მიანიშნებს ადამიანს ვისთან უწევს კონტაქტი, რა სიძლიერის მქონე სულებთან, რა სულიერი გამოცდილება გააჩნია.
კარმული ასტროლოგიის მიხედვით, შესაძლებელია გავიგოთ წინა ცხოვრებაში სად ვცხოვრობდით ან როგორ დავასრულეთ სიცოცხლე. მაგ: თუ აღმავალი კვანძი დაზიანებულია მთვარით – შეიძლება ნიშნავდეს უბედური შემთხვევით დაღუპვას, მარსით – ძალადობრივი სიკვდილი, ურანით – შესაძლოა ნაადრევად დაიღუპა ან თვითმკვლელობაა. თუ აღმავალ კვანძთან დადებითი ასპექტი აქვს მზეს – ეს შესაძლოა ნიშნავდეს მაღალ თანამდებობასა და ძალაუფლებას და ა.შ.
- ვერძი: აღმოსავლეთი: ალიასკა, კორეა, იაპონია, ინგლისი, გერმანია.
- კურო: უკრაინა, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, საბერძნეთი, სპარსეთი, კვიპროსი, შოტლანდია, არგენტინა, გერმანიის ნაწილი.
- ტყუპები: ბელგია, ავსტრალია, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა, ა.შ.შ.
- კირჩხიბი: ჩინეთი, ტუნისი, ბავარია, საფრანგეთი, ა.შ.შ. (პროვინციული რაიონები).
- ლომი: საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, პერუ, კალიფორნია (შტატი), პალესტინა.
- ქალწული: შვეიცარია, საბერძნეთი, იაპონია
- სასწორი: ავსტრალია, კანადა, ეგვიპტე, ინგლისი
- მორიელი: ინდოჩინეთი, მალაიზია, ამაზონია, კორსიკა, საჰარა.
- მშვილდოსანი: მადაგასკარი, სამხრეთ იტალია, უნგრეთი, ესპანეთი, მალტა.
- თხის რქა: სამხრეთ ჩინეთი, ინდოეთი, ტიბეტი, ალბანეთი, კავკასია.
- მერწყული: რუსეთი, ანტარქტიდა, ინდოეთი.
- თევზები პორტუგალია, პანამა, ტაიტი… და ყველა ის ადგილი, რომელიც ზღვისპირასაა.
უფრო ვრცლად იხ. – ქვეყნები და ზოდიაქოს ნიშნები
კარმული ასტროლოგიისადმი დამოკიდებულება ორგვარია: ასტროლოგების ნაწილი მას აღიარებს და აქტიურად იყენებს, ხოლო ნაწილისთვის – მიუღებელია.
ძირითადად გამოყენებულია შესტოპალოვის წიგნი “კარმული ასტროლოგია”.
სტატიის ავტორი: თამთა