კვერთხის მასტი

კვერთხის მასტი

სტანდარტული მასტი: ჯვარი

ელემენტი: ცეცხლი

ასტროლოგიური ნიშნები: ვერძი,ლომი და მშვილდოსანი

სოციალური კლასი: გლეხები

თემები: ამბიციები. კარიერა. წარმატება.

მოემზადე,მოემართე,დაიწყე!

კვერთხის მასტი  განასახიარებს აქტიურ მოქმედებას. თუ დასტიდან ამ მასტის ბანქო ამოიღეთ,ეს  აქტიური მოქმედების სიგნალია,თუმცა იმისთვისაც უნდა იყოთ მზად,რომ მიზნის მიღწევა თქვენგან დამატებით ენერგიას მოითხოვს. ეს არის მოძრაობის,ზრდისა და ახალი წამოწყებების ილუსტრაცია,რადგან კვერთხი გამოსახავს კარიერასა და მიზნებთან დაკავშირებულ იდეებსა და ინოვაციებს. ის მეტყვლებს მოქმედების საჭიროებაზე ან სიახლის აუცილებლობაზე. ასევე შეიძლება ძლიერ სასიყვარულო გზავნილსაც შეიცავდეს.

კვერთხი ძლევამოსილი და ვნებების გამომსახველი მასტია,რომელიც გიბიძგებთ უშიშარი,ბრმა მოქმედებებისკენ,კარიერულ და სასიყვარულო სფეროებში; ან პირიქით,გაფრთხილებთ,სად მოძრაობთ ზედმეტად სწრაფი დინამიკით და მცირეოდენი დამუხრუჭება გჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში,თუ დასტიდან კვერთხის ბანქო ამოიღეთ,ადგილზე ჯდომა კარგს არაფერს მოგიტანთ.

უმცროსი არკანების მეოთხე,კვერთხის,მასტი დიდების მომასწავებელია. წინასწარმეტყველებაში,მას, როგორც წესი,ბიზნესსა და ფინანსურ საკითხებს უკავშირებენ. მაგრამ პენტაკლებისგან განსხვავებით,კვერთხი ასახავს კითხვის ავტორის პოტენციალს,მისწრაფებებს,ამბიციებსა და პირად ძალისხმევას,რამაც წარმატება უნდა მოუტანოს.

შუა საუკუნეებში კვერთხები განასახიერებდნენ გლეხობას_ყველაზე უუფლებო კლასს. იმ დროს არსებული მკაფიო სოციალური განსხვავებები არამხოლოდ უმაღლესი კლასებისგან იყო დადგენილი,უმდაბლესი კლასებიც აღიარებდნენ. გლეხები თითქმის მონურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ,იმ მიწას მიჯაჭვული,სადაც დაიბადნენ. არცერთ გლეხს არ შეეძლო პატრონის უნებართვოდ ფეხი გადაეცილებინა მამულის იქით. გლეხები ვალდებულნი იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი სამუშაო,ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

თუმცა გლეხებს მცირე,მაგრამ გარკვეული უფლებები მაინც ჰქონდათ. მაგალითად,მათ შეეძლოთ ბატონისთვის მიემართათ ფინანსური,სამედიცინო ან სხვა დახმარების მისაღებად,თუ გარკვეული გარემოებები ამას მოითხოვდა. უმრავლეს შემთხვევაში გლეხს მცირე საკუთრების კანონიერი უფლება ჰქონდა_ის პატარა მიწის ნაკვეთს ამუშავებდა,რომელსაც უკანონოდ ვერავინ ჩამოართმევდა. გლეხები პატრონის მეურვეობის ქვეშ რჩებოდნენ,თუ ასაკის ან ავადმყოფობის გამო,მუშაობა აღარ შეეძლოთ. ფაქტობრივად, გლეხი, თავისუფლების არარსებობის პირობებში,გარკვეულწილად პირადი გარანტიებით სარგებლობდა.

თანამედროვეობაში,კვერთხი აღწერს ადამიანს,რომელიც თავდაპირველად  მიეკუთვნებოდა ღარიბთა კლასს ან დისკრიმინირებულ სოციალურ ჯგუფებს,რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა,წინააღმდეგობები დაძლია და თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია.

პერსონალურ დონეზე,ჩვენი დროის ტერმინოლოგიით,კვერთხი არის „თვითშემოქმედი“ პიროვნება_ადამიანი,რომელმაც,უამრავი წინააღმდეგობის დაძლევის შედეგად,ყოველგვარი დახმარებისა და პროტექციის გარეშე,თვითონ შექმნა საკუთარი სტატუსი. შესაბამისად,ისინი დიდი სიმპათიით არიან განწყობილნი მიზანდასახული ადამიანების მიმართ,რადგან კარგად ესმით,რისი გადალახვა მიუწევს ამბიციურ ადამიანს და ყოველთვის მზად არიან,რჩევებით დაეხმარონ მათ.

კვერთხი ინიციატივიან და ამბიციურ პერსონაზე მიუთითებს,რომელიც უმდაბლესი მდგომარეობიდან მწვერვალებზე აღზევდა,ვინც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, წარმატებას მაინც მიაღწია და დიდება მოიპოვა. ის განათლებული, გონიერი, ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითია. წამითაც არ დაეჭვდეთ,რომ ეს ადამიანი თავისი სიტყვის პატრონია_ის აუცილებლად გააკეთებს იმას,რასაც ამბობს,კარგსაც და ცუდსაც,სხვების სასარგებლოდ თუ საზიანოდ. აქვე უნდა აღვნიშნოთ,რომ კვერთხი არამხოლოდ მიიწევს თავისი მიზნებისკენ,იცის კიდეც,როგორ მიაღწიოს.

სხვა განმარტებით,ზოგიერთი(ყველა არა!) კვერთხი შეიძლება განასახიერებდეს „ახლადგამომცხვარ მდიდარს“ _ ტრაბახა და მკვეხარა მამლაყინწას,მყვირალა და თვალშისაცემი ტანსაცმლით; ფუფუნებისადმი დემონსტრაციული სიყვარულით. მსგავს განმარტებებში დამატებით აღნიშნულია,რომ მათდამი ყოველგვარ კრიტიკას ისინი გამოხატავენ,ვინც საკუთარი სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობა მემკვიდრეობით(და არა საკუთარი შრომით) მიიღო. ასეა თუ ისე,კვერთხის მასტით გამოხატული ადამიანი ბევრს შრომობს,შეუპოვრად მიიწევს თავისი მიზნისკენ და სამართლიანად იმსახურებს წარმატებას. პრინციპში,ისინი თავს უფლებას აძლევენ დემონსტრაციულად დატკბნენ საკუთარი მიღწევებით და უხვად აჯილდოებენ არამხოლოდ საკუთარ თავს,სხვებსაც.

კვერთხით აღწერილი მოვლენები და სიტუაციები პოტენციური წარმატების მაჩვენებელია. ისინი მიუთითებენ,მიაღწევს თუ არა კითხვის ავტორი თავის მიზანს,მიუხედავად წინააღმდეგობებისა. ასევე აღწერენ ისეთ ადამიანს ან გარემოებას,რაც კითხვის ავტორს კონკრეტული მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

ყველ სიკეთესთან ერთად,კვერთხი იღბლის სიგნიფიკატორიც არის. როდესაც წყობაში კვერთხის მასტის ბანქო ამოდის,ეს იმის მანიშნებელია,რომ მიმდინარე გარემოებები და მოვლენები თქვენს სასარგებლოდ მუშაობენ. შესაძლებლობები ჩნდება მაშინ,როდესაც თქვენ მზად ხართ და შეგიძლიათ ამოიცნოთ ისინი. აქვე უნდა აღვნიშნოთ,რომ მართალია,ამ ბანქოთა უმეტესობა საქმიან და ფინანსურ საკითხებს ეხება,მაგრამ „საქმე“ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ,რაშიც ცდილობთ წარმატებას მიაღწიოთ,მიუხედავად ფულადი კომპენსაციისა.

როგორც მახვილები და თასები,პენტაკლები და კვერთხები ნათესაური მასტებია. პენტაკლი_სიმდიდრის,კვერთხი_პირადი მიღწევების მაჩვენებელი. ეს მასტი აღწერს ადამიანის მოხერხებულობას და ამქვეყნიურ დიდებას,რასაც თან სდევს ფინანსური წარმატება. მაგრამ კვერთხი ატარებს პირადი პოტენციალის რეალიზების იდეას,მოიტანს თუ არა ეს დამატებით ფინანსურ წარმატებასაც,დამოკიდებულია გარემოებებზე,მაგრამ ჭეშმარიტი ჯილდო,რომელსაც ეს მასტი გპირდებათ,პირადი წარმატებაა.

ერთი სიტყვით,კვერთხის მასტი დაკავშირებულია საქმიან პროექტებთან და ზოგადად, კარიერასთან. ასტროლოგიურად ის უკავშირდება ცეცხლის სტიქიას და მის სამ წარმომადგენელს: ვერძს,ლომსა და მშვილდოსანს. თემებიც ნათელია: შემოქმედებითი უნარები, შთაგონება, ენერგია, ენთუზიაზმი, პატივმოყვარეობა.

თუ წყობაში კვერთხის მასტი ჭარბობს,ეს კარიერასა და სამსახურთან დაკავშირებული მოვლენების მანიშნებელია. დამწყები მეწარმისთვის ეს მდიდარი ინფორმაციაა. კარგია,თუ კვერთხის ბანქოს სიახლოვეს პენტაკლის ბანქოც ამოვა,რაც საკითხის ფინანსურ მხარეს მოჰფენს ნათელს. ბუნებრივია,პენტაკლის არ არსებობა აუცილებლად საქმის კრახს არ გულისხმობს. ეს შეიძლება მიუთითებდეს ქველმოქმედებაზე ან კითხვის ავტორის შემოქმედებითი მიზნების რეალიზებაზე ან იმას გულისხმობდეს,რომ დახარჯული ენერგიისთვის ფინანსური კომპენსაცია მოგვიანებით მოხდება. ერთი რამ სრულიად ნათელია: როდესაც წყობაში კვერთხის ბევრი ბანქოა,მოვლენები არ იქნება მშვიდი და დუნე,ყველაფერი ენერგიით აღივსება.

 

კვერთხების სიმბოლიზმის აღწერა

კვერთხის მასტი,დასტიდან გამომდინარე,სხვადასხვაგვარად გამოისახება. მეტიც,ის შეიძლება განსხვავებული იყოს ერთ დასტაშიც. ზოგიერთ შემთხვევაში,ეს ნამდვილად კვერთხია,ნატიფად გამოთლილი,დეკორატიულად დამუშავებული ან მოხრილი თავით,სხვა ვარიაციებში _ ფოთლებიანი ან ყვავილებიანი ხის ჯოხი. ვხვდებით,ბეისბოლის ხელკეტის მსგავს,უხეშად გამოთლილ ხის კეტებსაც,მომრგვალებული სქელი თავითა და წვრილი სახელურით.

იმ დასტებში,სადაც ეს მასტი კეტის მსგავსია,კვერთხები განასახიერებენ პიროვნულ ზრდას. დამუშავებული კვერთხი_მიღწეული წარმატების სიმბოლოა. მძიმე ხელკეტები,სავარაუდოდ, განასახიერბენ მოცემული პიროვნების უხეშ ძალასა და ბრძოლისუნარიანობას. ნებისმიერ ვარიანტში აზრი ერთია: საკუთარი შრომით დამსახურებული პირადი მიღწევები.

 

„კვერთხების სამეფო კარი“

საქმიანი და პირადი ინიციატივების,წარმატების,ხანდახან უბრალოდ იღბლის ალეგორია.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top