წყლის ზედაპირზე სინათლის მკრთალი სხივები ლივლივებდნენ.
მალე მიდამო ყველაზე მელოდიური და სევდიანი ხმით უნდა აჟღერებულიყო.
სირინოზები მთვარეს უხმობდნენ.
როდესაც კირჩხიბი და თევზები ერთად არიან,მათ კავშირს ჰარმონიული მელოდიის ვიბრაცია ახლავს თან. იმ შემთხვევათა გამოკლებით,როდესაც მათი პირადი მნათობები ან პლანეტები დაძაბულ ასპექტებში იმყოფებიან. დანარჩენ შემთხვევებში,ამ ორი ნიშნის ურთიერთობა ფრიად სასიკეთოდ ეწყობა. კირჩხიბიცა და თევზებიც ერთნაირად ჩაკეტილი,ჩუმი,მგრძნობიარე და ცვალებადები არიან. თუმცა მათ საუკეთესოდ ესმით ერთმანეთის.
თევზების განწყობა,ოკეანის მსგავსად,გრძნობების მიქცევა-მოქცევის პირდაპირპროპორციულად იცვლება. კირჩხიბის განწყობის ზუსტად განსაზღვრის მცდელობა იგივეა,რაც პერლამუტრისთვის ერთი კონკრეტული ფერის დარქმევა. როგორც კი გაიფიქრებთ,რომ განსაზღვრება იპოვეთ,მასში რაღაც გაკრთება და წამსვე შეიცვლება. თუმცა კირჩხიბებზე მთვარე ისე ირიბად არ მოქმედებს,როგორც ნეპტუნი თევზებზე, ამიტომ მთვარეულები უფრო პროგნოზირებადები არიან. თევზებს მარტივად შეუძლიათ მათი განწყობების წინასწარმეტყველება უბრალო მთვარის კალენდით. გაცილებით რთულად არის საქმე,როდესაც კირჩხიბს სურს თევზების განწყობის გრაფიკი შედგინოს. მათი ურთიერთობა საიდუმლოებებით მოცული ამაღელვებელი თამაშია.
მართალია,ეს პოზიტიური ტიპის შეთავსებაა,მაგრამ,მონაწილეთა ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე,სტაბილური შეწყობის არავითარი გარანტია არ არსებობს. დროდადრო შეიძლება კონფლიქტებიც წარმოიქმნას,რაც გარკვეულ კომპრომისებს მოითხოვს და ეს არამხოლოდ მათ ჰოროსკოპებს შორის ნეგატიურ ასპექტებზე,მათი (მაინც) განსხვავებული ნატურების ინდივიდუალურ თვისებებზეც არის დამოკიდებული.
როდესაც წყლის ეს ნიშნები ფულის თემას ეხებიან,მათ ურთიერთობაში უზარმაზარი ტალღები ზვირთდება. თევზებთა აბსოლუტური უმეტესობა ფულს განიხილავს,როგორც გარდაუვალ აუცილებლობას ან ბოროტებას,რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიმართო და შემდეგ სასწრაფოდ დაივიწყო,მომდევნო აუცილებლობამდე. ნეპტუნიელები,ჩვეულებრივ,დაუდევარნი არიან ფულთან მიმართებაში,იშვიათად ზოგავენ და საერთოდ არ არიან დაინტერესებულნი მისი დაგროვებით,გადათვლით და გადამალვით,ფულის ბრუნვაზე და დივინდებზე აღარაფერს ვამბობ. თევზებისთვის ეს საშინლად არაშემოქმედებითი,პროზაული და მოსაწყენი საქმიანობაა.
კირჩხიბები,პირიქით,ფინანსურ საკითხებს უაღრესი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობიან. ტიპური კირჩხიბისთვის მონეტების ჩხრიალი სასიამოვნო მუსიკაა,ტკიცინა კუპიურების ან ფასიანი აქციების შრაშუნი კი ტკბილი სიმფონია. კირჩხიბებს ძალიან კარგად ესმით ფულის ბრუნვის იდეა და ერთხელაც შეიძლება მისი თევზების მეოცნებე ცნობიერებაში ჩანერგვაც განიზრახონ,თუმცა,დიდი ალბათობით,წარუმატებლად. სიფრთხილე და ყაირათიანობა კირჩხიბთა ლოზუნგია. ეს დევიზი სიღარიბის გაუცნობიერებელი შიშით არის განპირობებული და კირჩხიბებში ბევრ სახალისო და უცნაურ თვისებას ბადებს.
ჩემმა ნაცნობმა თევზებმა ერთი ისტორია მიამბო მამამისზე,რომელიც მრავალი წლის წინათ გარდაიცვალა. თევზებს ბავშვურად ფერადი მოგონებები შემორჩა მამასთან ერთად საყიდლებზე სიარულის ტრადიციაზე. ისინი ამას ყოველთვის იანვარში,შობის შემდგომ ფასდაკლებაზე აკეთებდნენ.
კირჩხიბი მამიკო საქმიანად უხსნიდა გაოგნებულ გამყიდველს,რომ ორი ზომით დიდი პიჯაკისა და შარვლის ყიდვა სურდა. შეთანხმება ტრადიციულად მოკლე და კონკრეტული იყო,რადგან კირჩხიბი არსდროს ღალატობდა მოდელს,ფერსა და ქსოვილს. ახალ შენაძენში გამოწყობილი კირჩხიბი,შვილთან ერთად,ბავშვივით გულგახარებული გამოდიოდა მაღაზიიდან,იღლიის ქვეშ გაზეთში აკურატულად გახვეული ძველი სამოსით.
ერთხელაც შვილმა გამბედაობა მოიკრიბა და ჰკითხა,რატომ ყიდულობდა ორი ზომით დიდ ტანსაცმელს,ის ხომ აღარ გაიზრდებოდა?.. კირჩხიბ მამიკოს ამაზე ძალიან ლოგიკური და გონივრული პასუხი ჰქონდა: „იცი,შვილო,ეს ძალიან ძვირფასი ქსოვილია და ასე უფრო მეტ მატერიალს ვიღებ იგივე ფასად“.
თუ სიფრთხილე და ყაირათიანობა კირჩხიბის ლოზუნგია,დაუდევრობა და უზომო ხელგაშლილობა თევზების დევიზია(იმ იშვიათი ნეპტუნიელების გამოკლებით,ვის ჰოროსკოპშიც კირჩხიბის ან მიწის ნიშნების გავლენას ვაწყდებით). თევზები სიფრთხილეზე მხოლოდ მაშინ ფიქრობენ,როდესაც საქმე მათ პირად უსაფრთხოებას ეხება ან ისე ცხოვრება სურთ,რომ არავინ შეაწუხოს. თუმცა ისინი არც თვითონ აპირებენ ვინმეს შეწუხებას. „იცხოვრე და სხვის ცხოვრებასაც ნუ შეუშლი ხელს“_ისე ჰგავს მერწყულის შეხედულებას,თუმცა თევზებთან შეიძლება უფრო მკვეთრად გამოვლინდეს. თევზები არავის ასწავლიან ჭკუას,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ სხვების ცხოვრება არ აინტერესებთ. ისინი საკმაოდ ცნობისმოყვარენი არიან. რა თქმა უნდა,ჯაშუშობას და რამის სპეციალურად გარკვევას არ დაიწყებენ,მაგრამ ყურების შორიახლოს მოლივლივე ნებისმიერ ჭორს დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ისრუტავენ.
კირჩხიბები ძალიან მესაკუთრეები არიან სხვა ადამიანების მიმართ და მათგან ყოველთვის იმის გამოძერწვას ცდილობენ,რაც თვითონ მოსწონთ. ისინი დიდ სიამოვნებას განიცდიან სხვა ადამიანების საიდუმლოებებში ცხვირის ჩაყოფით,საკუთარს კი ცხრაკლიტულის ქვეშ ინახავენ. მთვარეულები რაღაც მოუხელთებელი მექანიზმებით ახერხებენ იმის გაგებას,რაზე ფიქრობთ და რას გრძნობთ. სამაგიეროდ,თუ თქვენ დააპირებთ იგივეს გაკეთებას,ცხვირწინ მოგიჯახუნებენ ჯავშანს. ასე რომ,თქვენ კრინტსაც ვერ დააცდენინებთ კირჩხიბს. თუმცა თევზებს და მორიელებს ხანდახან გამოსდით ეს რთული ამოაცანა. თევზები საოცრად თანამგრძნობი და ყურადღებიანი მსმენელია. მეორეს მხრივ,არავის აქვს იმდენი შიში,სევდიანი მოგონებები,მთრთოლვარე ოცნებები და იმედები,რამდენიც კირჩხიბს. უბრალოდ გულის გადაშლის ეშინია. მაგრამ რა სასიხარულოა ისეთი მსმენელისთვის დარდის გაზიარება,რომელმაც ნამდვილად იცის,რას ნიშნავს,როდესაც მძაფრად განიცდი,რომ შენ არავის უყვარხარ და თავს საშინლად მარტოსულად და არასაიმედოდ გრძნობ. მართლაც,რა ტკბილი განცდაა! თევზების მორჩილება და კეთილშობილებაც უხვად იღვრება,სანამ ნეპტუნის ენერგია(სუსტი და უმნიშვნელო) ჩაქვრება. როგორც წესი,თევზები არ თვალთმაქცობს,რომ კირჩხიბის საიდუმლოებები აინტერესებს. მისი ემპათია მხოლოდ თავაზიანობის გამოვლენა არ გეგონოთ,ეს გულწრფელი ინტერესი და ნამდვილი თანამონაწილეობაა და ვერავინ შეაფასებს ამას ისე,როგორც ყურადღებითა და თანაგრძნობით გულაჩუყებული კირჩხიბი.
ამ,ერთი შეხედვით,დადებითი შეთავსების ერთერთი საფრთხე,ფულთან დაკავშირებული კონფლიქტების გარდა,ალკოჰოლი და ნარკოტიკებია. სავსებით მოსალოდნელი საფრთხეა რეალობისგან ოცნებეში, ირეალურ სამყაროსა და თვითმოტყუებაში გაქცევაც. მაცდურმა სიამოვნებამ კირჩხიბი და თევზები შეიძლება ისე ღრმად შეითრიოს,რომ მათი ცნობიერება ილუზიების ტალღებში შთაინთქმება. ამიტომ,ისინი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ. კარგი იქნება,თუ ჯანსაღ დისტანციას შეინარჩუნებენ შავ მაგიასთან,ჰიპნოზთან,სპირიტულ სეანსებსა თუ სხვა ოკულტურ ექსპერიმენტებთან,რადგან წყლის ნიშნების ერთობლივი ვიბრაცია მძლავრად უხმობს მათ ფაქიზ მატერიებში,რაც არც ისე იშვითად ტრაგიკულად სრულდება.
კირჩხიბს უყვარს სახლი და შინაური კერა,თევზებს_წანწალი ურჩევნია. მაგრამ ისეც ხდება,რომ კირჩხიბიც იხიბლება შორეული ციალით. მაშინ წინდახედული მარწუხა ჯავშნიდან ძვრება და ქვიშის დიუნებს შორის იკარგება. ხანდახან სახლისკენ მიმავალ გზასაც ვეღარ პოულობს. ასეთ დროს თითქოს მთვარეც ემალება და უარს აცხადებს გზის განათებაზე,სანამ მარტოდ მოხეტიალე კიბორჩხალა სასოწარკვეთილ სინანულამდე არ მიდის: რაში სჭირდება ეს მომთაბარე ცხოვრება,როდესაც არსებობს მყუდრო სახლი,გუშინდელი დღის ნაცნობი სურნელები,ძველი მეგობრები და მეზობლები? დედა ხომ,თავისთავად!
ხანდახან კირჩხიბი პატივმოყვარეობის კაუჭზე ებმება. უზარმაზარი ქონების დაგროვების პერსპექტივა ბევრ კირჩხიბს აცდუნებს დატოვონ მშობლიური ბუხარი და ეზოს ვაშლის ხეები. მაგრამ კირჩხიბის გული ყოველთვის უარზეა,გაჰყვეს სხეულს,ხანგრძლივი სახიფათო სიზრმრები კი ჯიუტად უხმობენ მშობლიური სახლისკენ. თევზებს არ ახასიათებთ ასეთი სენტიმენტალური მიჯაჭვულობა სახლზე. სახლი მყუდრო უსაფრთხოების შეგრძნებას იძლევა და ეს მართლაც სასიამოვნოა! მაგრამ უმცირესი შესაძლებლობისთანავე,თევზები მზადაა სხვა ტბის ან თუნდაც ოკეანისკენ გაცუროს. მათი შემოქმედებითი წარმოსახვისთვის ეს ბევრად უკეთესია,ვიდრე ერთფეროვანი მოწყენილობა და მონოტონური ცხოვრება.
კირჩხიბს და თევზებს შეუძლიათ ერთად გაემგზავრონ და ეს ორივეს დიდი სიამოვნებას მიანიჭებს. შემდეგ კირჩხიბის გული მთვარეულ ადამიანს ისევ სახლისკენ გაქაჩავს. თევზები შეიძლება დაბრუნდეს კიდეც,მიჯნურის ხათრით,მაგრამ არც ისე დიდი სიამოვნებით. ნეპტუნის ადამიანებისთვის ცვლილებები ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. თევზები სავსენი არიან წარმოსახვით,მაგრამ სხვების პრობლემები და მიწიერი ვალდებულებები ხშირად აიძულებთ,თავიანთი ოცნებების რეალიზება გადადონ და დროდადრო მტვრები წმინდონ,იმ ჯადოსნური დილის მოლოდინში,როდესაც,ბოლოს და ბოლოს,ყველაფრის განხორციელებას შეძლებენ! მაგრამ როდესაც სანუკვარი წამი დგება,თევზები ყოყმანს იწყებს. ის არც ისე დარწმუნებულია,რომ მისი ოცნებები თვალუწვდენელ სიღრმეებში შეცურვის რისკად ღირს. თუ მერყეობა დიდხანს გაგრძელდა,თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა წყალს გაჰყვება და იქამდე გაქრება,ვიდრე თევზები პირველ მოძრაობას გააკეთებს. თევზები გატეხილ ვარცლთან რჩება და იძულებულია მომდევნო თვალისმომჭრელ დილას ელოდოს. ხანდახან ის დგება,ხან_არა. მაგრამ თევზები არასდროს კარგავს იმედს.
კირჩხიბი მამაკაცი და თევზები ქალი
მას ისე მოეწონა პიტერის ტირილი,
თავისი მშვენიერი თითი შეუშვირა,
რომ ცრემლი მასზე ჩამოგორებულიყო.
ყველა შეყვარებულ წყვილს შორის ყოველთვის ძალიან ძლიერი ტელეპატიური კავშირია,მაგრამ თუ ჩვენ კირჩხიბისა და თევზების წყვილზე ვისაუბრებთ,ის ბუნებრივი მოვლენა გახდება. როდესაც ისინი ბედნიერები არიან,განუმეორებელ ნეტარებას განიცდიან. თუმცა შავბნელ პერიოდებში,როდესაც დროებით შორდებიან,მათი დისტანციური კონტაქტი წყევლას უფრო ჰგავს,ვიდრე ნეტარებას.
მათ სტანჯავთ მოგონებები და რაც ყველაზე ცუდია,თითოეულმა იცის ან როგორც მინიმუმ გრძნობს,რას განიცდის მეორე. როდესაც ისინი ჩხუბობენ,ორივე ცდილობს,რაღაც დაუმტკიცოს(ხანდახან ჩააგონოს) მეორე ნახევარს. რადგან კირჩხიბსაც და თევზებსაც კარგად ეხერხებათ თვალთმაქცობა,მათი ერთმანეთისთვის გამართული წარმოდგენები ჭეშმარიტად დრამატულია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით,რომ საოცარი წარმოსახვით არიან დაჯილდოებულნი. ერთის მთვარეული და მეორეს ნეპტუნიური ფანტაზიები ხანდახან იქამდეც მიდის,რომ სიმართლე ტყუილის შეფერილობებით იღებება და ყველაფერი კიდევ უფრო იხლართება.
ყველა კირჩხიბ მამაკაცს უყვარს,როდესაც ქალი ელოლიავება და ანებივრებს. ეს მართლა ძალიან ადვილია. თუ ის ისე აღზარდეს,რომ თვითონ ყიდულობს წინდებს,თვითონ ახერხებს კრიტიკული სიტუაციებიდან ღირსეულად გამოსვლას,თვითონ რეცხავს ჭურჭელს და საერთოდ,დამოუკიდებელია ემოციურ და სხვა ურთიერთობებში,როდესაც მის ცხოვრებაში „საცოლე“ ქალი ჩნდება,კირჩხიბი მისგან უსაზღვრო სინაზესა და ერთგულებას ელის. თავის მხრივ,ის პასუხისმგებლობით ზიდავს ვალდებულებების ტვირთს სახლის საქმეებში და თავის წილ ბრალეულობაზეც აგებს პასუხს. ისინი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ,როგორც ჰანს ქრისტიან ანდერსენი გვპირდებოდა.
თუმცა თუ კირჩხიბი ბავშვობაში დედისგან უზომოდ განებივრებული იყო,ის სრულიად დარწმუნებულია,რომ ქალი,რომელსაც ის უყვარს,ასევე ვალდებულია გაანებივროს. კირჩხიბი მამაკაცი რომ ერთგულად და ნაზად უნდა გიყვარდეთ,ეს გასაგებია. მაგრამ კირჩხიბის განებივრება სულ სხვა თემაა! ეს გულისხმობს მისთვის წინდების ყიდვას,საკვების მომზადებას,შინაური საქმეებისგან განთავისუფლებას,მის მონობას და გაღმერთებას,ყოველთვის მართლად აღიარებას(იმ შემთხვევაშიც,თუ ცდება),მტრებისგან დაცვას,მორალურ მხარდაჭერას,ბრალეულობის და პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას,იმ კონფლიქტებისთვისაც კი,რომელიც მისი მიზეზით მწვავდება.
საბედნიეროდ,თევზებ გოგონას ყველა თვისება აქვს კირჩხიბის კაპრიზებზე მოსარგებად,თუმცა ეს გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს,რაც იმას გულისხმობს,რომ ის საკუთარ არსს და ცხოვრების წესს იმაზე მეტად საჭიროზე მეტად უნდა განუდგეს. მისი პირადი სურვილები მეორე პლანზე გადაინაცვლებს და სწორედ ის დაიწყებს შესარიგებელი გზების ძიებას ჩხუბის შემდეგ. თევზები,საოცარი თვინიერების, თანამგრძნობი გულისა და სხვების გაბედნიერების დაუოკებელი მოთხოვნის წყალობით,არათუ კირჩხიბის ახირებებს გაუმკლავდება,დროთა განმავლობაში იმასაც შთააგონებს,რომ კირჩხიბი მას ისე უნდა მოეპყრას,როგორც ადამიანს,რომელსაც თვითონაც აქვს გრძნობები და ასევე საჭიროებს გაგებასა და თანაგრძნობას. თევზებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს,წინააღმდეგ შემთხვევაში,ის ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება და თვითონაც ვერ შეამჩნევს,როგორც გადააბიჯებს უმცირესს ზღვარს თვინიერებასა და მაზოხიზმს,მორჩილებასა და წამებულობას შორის.
არსებობენ სხვა ტიპის კირჩხიბებიც. მაგალითად,შეიძლება ის ობლად გაიზარდა ან მისი მშობლები ზედმეტად დაკავებულები იყვნენ,რომ შვილისთვის ყურადღება მიექციათ(რა აბსოლუტური აუცილებლობაა უკლებლივ ყველა კირჩხიბი ბავშვისთვის). ან შეიძლება მისი დედა ცივი და თავშეკავებული ქალი იყო და მას თვალსაჩინო სიყვარული აკლდა,ძილის წინ ზღაპრების მოყოლის,კოცნისა და ჩახუტების სახით. შეიძლება სიღარიბეში გაიზარდა და ყოველ ღამე უფროსების ხმამაღალი კამათი არ აძინებდა ფულზე. ასეთი სცენები დანაშაულის გრძნობას ავითარებს პატარა კირჩხიბთა ქვეცნობიერებაში,რადგან ფიქრობენ,რომ მათი არსებობა მშობლებისთვის მძიმე ტვირთია და ნანობენ,რომ საერთოდ დაიბადნენ.
თუ ეს თევზების რჩეული კირჩხიბის ბავშვობის ისტორიებია,მას,მთელი მისი მომთმენი ხასიათის მიუხედავად,ძალიან გაუჭირდება. ის უნდა გახდეს მისი ფსიქოლოგი,ფსიქიატრი,დედა და მამა ერთიანობაში,აღარაფერს ვამბობთ ცოლის,საყვარლის და დედობის კვარცხლბეკზე აღზევებულ ცოცხალ განსახიერებაზე. უბიწო ანგელოზი,რომელიც ზურგს არ შეაქცევს მას იმ შემთხვევაშიც,თუ კირჩხიბი ჭეშმარიტ დემონად გადაიქცევა. ერთი სიტყვით,თევზებს მოუწევს ულევი მოთმინებითა და თანაგრძნობით მოუშუშოს იარები,სანამ ერთ მშვენიერ დღეს კირჩხიბი აღმოაჩენს,რომ,როგორც იქნა,საკუთარი თავის რწმენა მოიპოვა. მხოლოდ მაშინ შეძლებს ისეთივე უანგარო სიყვარულით შეიყვაროს რჩეული,როგორც თევზებს უყვარს ის. ეს ადამიანის ბუნების დაუწერელი კანონია: იმისათვის რომ მართლა შეძლოთ სხვისი შეყვარება,ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ.
თუმცა თევზები გოგონა არ შეშინდება,როგორი ტიპის კირჩხიბ მამაკაცსაც არ უნდა გადააწყდეს. ადამიანური ურთიერთობების საიდუმლოებების გამომჟღავნება ის ნიჭია,რაც მას დაბადებიდან იმაზე მარტივად ეძლევა,ვიდრე სხვა ნიშნის ადამიანებს. პრობლემების მოთმინებითა და მშვიდად გადაჭრის თვისება_ნეპტუნის მეორე ტალანტია. თევზები არ მისცემს პრობლემებს საკუთარი თავის გაბრაზების უფლებას. მას კარგად ესმის,რომ მხოლოდ შინაგანი სიმშვიდე აძლევს საკმარის ძალას დაბრკოლებების მარტივად გადასალახად. ის ყველაფერს გააკეთებს,რომ წინააღმდეგობები ჩამოიშოროს გზიდან. მეტი რა ქნას? იმაზე ნერვიულობა,რაზეც ძალები და ენერგია უკვე დახარჯულია_ენერგიის ფუჭად ფლანგვაა,თევზებს კი არ უყვარს წრეზე ცურვა.
თევზები ხანდახან დეპრესიაში ვარდება,მაგრამ თითქმის ყოველთვის უბრუნდება პოზიტიური ფატალისტის მდგომარეობას და კვლავ მხიარული და აუღელვებელი ხდება. „პოზიტიური ფატალიზმი“ მცირედ ალოგიკურად ჟღერს,მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ნიშნავს,რომ თქვენ ეგუებით იმას,რაც გარდაუვალია და ენდობით ბედს,რომელიც თქვენზე ბრძენია.
ნეპტუნის ინსტინქტების გარდა,თევზებს შესანიშნავი ინტუიციაც აქვს: ის მშვენივრად ხედავს დაუმუშავებელი ალმასის პოტენციურ ბრწყინვალებას,რაშიც,ცხადია,წარმოსახვა ეხმარება. სწორედ ამ თვისების წყალობით ხედავს თევზები საყვარელ კირჩხიბში მის ყველა შესაძლებლობას. თევზები მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს,რადგან კირჩხიბი არ არის აგრესიული და საშიში(მისი „შავი ორშაბათებისა და პარასკევების“ გამოკლებით,რაც მთვარის ფაზებთან ერთად მოდის და მიდის). კირჩხიბის სირბილე ამაღელვებლად ეხება თევზების გულს,თუმცა მას საკმარისი სიმტკიცე და მისწრაფებაც აქვს,დასახული მიზნების მისაღწევად. ყველა ეს სიკეთე თევზებში ხვალინდელი დღისა და საკუთარი თავისადმი რწმენას აღვიძებს. კირჩხიბი მას არაჩვეულებრივ ისტორიებს უყვება,აცინებს და ატირებს… ის გონებამახვილი და ნიჭიერია,სწორედ იმ საიმედოობისა და სპონტანურობის ზუსტი ნაერთია,რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის და არც სიყვარულს მისცემს ჯერ ჩვევის,შემდეგ კი ბანალობად გადაქცევის საშუალებას. ამას გარდა,კირჩხიბი კარგი საყვარელია,თითქოს ყოველთვის იცის,ყველაზე მეტად როდის სურს თევზებს მასთან ერთად გაქცევა,უცხოებისთვის აკრძალულ,ვნებათა სამყაროსა და საერთო ინტიმურ საიდუმლოებებში.
ფიზიკური შეთავსების პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება,თუ კირჩხიბი თევზებს საკუთარი თავისგან გაქცევას აიძულებს. ასეთ დროს თევზები ძალიან ცივად და ინდეფერენტულად იქცევა. ასეთი რამ კი მაშინ ხდება,როდესაც კირჩხიბი ზედმეტად იციკლება საკუთარ შიშებზე და ავიწყდება,რამდენად სჭირდება ის. მაგრამ თევზების გულისხმიერება კვლავ გაიღვიძებს,როდესაც კირჩხიბის სინაზე დაბრუნდება. ხანაც კირჩხიბი იყუჟება თავის ჯავშანში,განსაკუთრებით ჩხუბის შემდეგ. თევზები ქალი იმდენად იშვიათად არის მკაცრი და ხისტი,კირჩხიბი ნამდვილ შოკში ვარდება და შემდეგ დიდხანს იბღვირება. მაგრამ ეს ისეთი წვრილმანებია ამ წყვილისთვის,მათი ტელეპატიური მიზიდულობა სწრაფად დააბრუნებს ერთმანეთთან.
ორივე თავისებურად მჭიდეა. თუ კირჩხიბს უბრალოდ არ უნდა იმის გაშვება,რაც მას ეკუთვნის,თევზები ქალის სურვილია მთავარი შეინარჩუნოს. წარუმატებლობები ხომ მოდიან და მიდიან,სიყვარული კი რჩება. თევზები საკუთარ თავს ამხნევებს იმით,რომ ნებისმიერი ავდრის შემდეგ კვლავ გამოიდარებს და თუ ახლა შეინარჩუნებს იმას,რაც აქვს,ოდესმე სიყვარული ბედნიერების წყაროც გახდება.
კირჩხიბი ქალი და თევზები მამაკაცი
მან გაიფიქრა,რომ ეს ბიჭი ადრეც ენახა,
ყველა იმ ქალის თვალებში,ვისაც ბავშვები არ ჰყავდა.
სიზმარი თავისთავად სისულელე იყო,
მაგრამ სანამ მას ეძინა,
ფანჯარა გაიღო და იატაკზე ბიჭი დაეცა.
მას თან უცნაური სინათლე ახლდა.
წყლის ორმაგი გავლენა უდაოდ საინტერესო წყვილს ბადებს. აქ კარგად ვლინდება წყლის ელემენტის მისტიური არსი,მისი მრავალფეროვნად არეკლილი სახებები. მათი რომანი ხშირად ზღაპარს ჰგავს. თუ ჩხუბობენ ან დროებით შორდებიან,უზომოდ ენატრებათ ერთმანეთი. ბუნებრივია,მონატრება ყველას ახასიათებს,მაგრამ შინაგანი სიცარიელე კიდევ სხვაა. ასეთ დროს,ერთადერთი,რაც სურთ: ერთმანეთთან დაუბრუნება და ყველაფრის დავიწყებაა; მათ უნდა იცოდნენ,რომ ყოველთვის აქვთ შერიგების შანსი. უბრალოდ კირჩხიბმა გაბუტვა უნდა შეწყვიტოს,თევზებმა_საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობები. შეუძლებელია საკუთარ თავს გაექცე,ისევე როგორც შეუძლებელია მუდმივად თავი აარიდო მეორე ნახევარს. მაგრამ თუ მათ მნათობებს ან ლიბიდო პლანეტებს შორის დაძაბული ასპექტებია,ჯობია საერთოდ დაშორდნენ. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ,რომ მოგონებები მთელი ცხოვრება დარჩება… რა უნდა ქნას თევზებმა ამ სამყაროში,თუ კირჩხიბი დაკარგა? რა იქნება,თუ კირჩხიბის სენტიმენტალური ცრემლები თავსხმა წვიმად გადაიქცევა? როგორ იცხოვრონ უერთმანეთოდ? კირჩხიბი გოგონასა და მისი საყვარელი თევზების გრძნობები იმდენად ძლიერია,ჩვეულ თავშეკვებას ართმევს ამ ჩუმ ნიშნებს. როდესაც დანაკარგის საშინელება,თავისი მწარე რეალობით,ორივეს შეზარავს,კირჩხიბსა და თევზებში ისეთი გრძნობების ტალღები მოზღვავდება,რომლის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. ასე რომ,მთვარეულმა გოგონამ და ნეპტუნიელმა მამაკაცმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ,რომ მათ ურთიერთობაში გაჩენილმა ბზარებმა პირი არ მოაღონ. საბედნიეროდ,მათ შორის განსხვავება არც ისე დიდია. სურვილის შემთხვევაში,ყოველთვის შეიძლება იპოვონ კომპრომისი და რბილად მოაგლუვონ მახვილი კუთხეები.
რადგან ორივე ბედნიერი დასასრულის დიდი მოყვარულია,ჯერ პრობლემებზე ვისაუბროთ. კირჩხიბს უყვარს ფული,მოსწონს მათი დაზოგვა,შეგროვება,გადათვლა,ბანკში შენახვა და გამრავლება. თუ ის ტიპური კირჩხიბია,როგორ წესი,ჩვეულებრივზე მეტად ეკონომიური იქნება და ხშირად უსაყვედურებს თევზებს მფლაგველობისა და ფულისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო. სწორედ ასე ხედავს კირჩხიბი სიტუაციას,როდესაც მისი რჩეული მეგობრებს ეხმარება,უზარმაზარ თანხას ხარჯავს მრავალრიცხოვან ოცნებებსა და პროექტებზე და გაუგონრად ბევრ ჩაის ფულს უტოვებს მიმტანებსა თუ შვეიცარებს. თუ თევზების მთვარე ან ასცედენტი კირჩხიბშია ან კირჩხიბის მთვარე ან ასცედენტი თევზებში,მაშინ თევზები არც ისე მფლაგველი,კირჩხიბი კი არც ისე ხელმომჭირნე იქნება. თუ ვარსკვლავებმა არ გაუმართლათ,მაშინ თევზებმა უნდა გაიგოს,რომ სინამდვილეში კირჩხიბი ძუნწი არ არის,უბრალოდ მას ცოტა აშფოთებს ეს სამყარო,რომელიც,უნდა ვაღიაროთ,რომ სულ უფრო საშიში ხდება. თავის მხრივ,კირჩხიბიც უნდა შეეცადოს გაიგოს,რომ მატერიალურ სამყაროზე ზედმეტად ჩაციკლვა მის შემოქმედებით თავისუფლებას უშლის ხელს და წარმოსახვას ართმევს. და საერთოდ,აჯობებს განცალკევებული ანგარიშები გახსნან ბანკში. დაე,ეს თითოეულის პირადი გადასაწყვეტი იყოს. მაშინ საფრთხობელა,სახელწოდებით „ფული“,არც ისე საშიში გახდება მათთვის.
სამაგიეროდ,მთვარის შუქზე სხვა საფრთხობელა ირეკლება ბუნდოვნად. მას „ცვალებადი განწყობა“ ქვია და დროდადრო ორივე დაადანაშაულებს მეწყვილეს ამაში. ისინი მართლაც სიამოვნებით იძირებიან მდუმარებაში. თევზებს ხანდახან მართლა სჭირდება სიღრმეში ჩაყვინთვა,რომ იფიქროს… კირჩხიბი კი ძალიან ბრაზდება,როდესაც თევზები დუმს. აქეთ კირჩხიბი იყუჟება თავის ჯავშანში,ამოუხსნელ მელანქოლიაში ჩასაძირად. მართალია,ეს ძირითადად მთვარის მეოთხე ფაზაზე ხდება,მაგრამ თევზებს მაინც ძლიერ თრგუნავს საყვარელი ქალის განცალკევება. თევზების ნიშანი „ემოციური ღრუბელია“,ის ყველა განცდასა და გრძნობას შთანთქავს,რაც მის გარშემო სუფევს. კირჩხიბი კი_თავისებური „რეფლექტორი“,რომელიც ფოტოლენტასავით ირეკლავს ყველაფერს. იქნებ ამიტომ უყვარს კირჩხიბთა უმეტესობას ფოტოგრაფია. ასე და ამგვარად,კირჩხიბი თევზების განმარტოებას ირეკლავს,თევზები კირჩხიბის მელანქოლიას შთანთქავს.
როდესაც კირჩხიბი მშვიდად არის,თევზებს სურს იცოდეს,რაზე ფიქრობს ის,თუმცა მისი ცნობისმოყვარეობა უფრო მეტად შენიღბულია, ვიდრე კირჩხიბის. მათ ძალიან უყვართ საიდუმლოებები და გულმოდგინედ ინახავენ საკუთარ ხვაშიადს. სამაგიეროდ,არანაკლებ უყვართ საიდუმლოებების გამომჟღავნებაც და ორივე მათგანი სხვების გულისნადების ამოცნობის დიდოსტატია. ერთხელაც ისინი აღმოაჩენენ,რომ ეს მათი საერთო თვისებაა და ეს მართლაც სახალისო იქნება. თუ ამაზე გაცინებაც ისწავლეს,დაძაბულობა თავისით მოიხსნება.
როგორც წესი,კირჩხიბი და თევზები იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს,ფიზიკური თვალსაზრისითაც. ისინი იშვიათ ბედნიერებს განიცდიან არამხოლოდ მიღებით,გაცემითაც. წყლის ცხოველები საჩუქრებივით ცვლიან საკუთარ სურვილებს და თითოეული იმას იღებს,რაზეც ოცნებობდა.
ისინი არამარტო დაახლოებულნი,ერთმანეთზე ტელეპატიურად განწყობილნიც არიან. როდესაც ვნებების ტალღები ჩაცხრება,ისინი კვლავ ორ სხვადასხვა პიროვნებად განცალკევდებიან. სიყვარულის ციალი კიდევ დიდხანს იბრწყინებს მათ თვალებში,როგორც მოგონება რაღაც ჯადოსნურსა და იმდენად ღრმაზე,რომ ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
თევზები ყოველთვის საოცარი მოთმინებით უსმენს კირჩხიბის ყველა მონათხრობს პერიოდულ შიშებსა და საფრთხეებზე. კირჩხიბი კი მზრუნველად ახვევს მგრძნობიარე თევზებს სინაზესა და მზურნველობაში. მათ ყოველთვის ახსოვთ,რომ ეს მედიტაციური პროცესები მტკიცედ იცავს მათ გარესამყაროს მავნე ზემოქმედებისგან. ორივე ნიშანს ემოციური ურთიერთდამოკიდებულების განსაკუთრებული გრძნობა უწყალობეს ვარსკვლავებმა.
ეს მამაკაცი და ეს ქალი არა უბრალოდ მგრძნობიარენი არიან,ერთმანეთის გრძნობების სიტყვასიტყვით წაკითხვაც შეუძლიათ. კირჩხიბის რეფლექტორული და თევზების მშთანთქმელი ბუნებისთვის სახიფათოა ნებისმიერი სიბინძურე და წყენა,შავი აზრები და ეგოისტური მისწრაფებები. ორივეს სჭირდება ღრმა,სუფთა და ყოველთვის ცოცხალი სიყვარული.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.