კირჩხიბი და თხის რქა

კირჩხიბი და თხის რქა

ეს ყველაზე ჩვეულებრივი კითხვები იყო:

„რა ფერის თვალები ჰქონდა დედას?“  ან „დედა უფრო მაღალი იყო თუ მამა?“

ესსე დაწერე,არანაკლებ ორმოცი სიტყვისა,თემაზე „როგორ გაატარე ბოლო არდადაგები“,

„დედისა და მამის შედარებითი დახასიათება“…

კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნები ზოდიაქოში ერთმანეთის საპირისპიროდ დგანან. ასტროლოგიაში, ისევე როგორ ასტრონომიასა და მათემატიკაში,180°-იანი კუთხე წრის ნახევარს მოიაზრებს ანუ ოპოზიციას. თუმცა,ადამიანური ურთიერთობის კუთხით,ეს სულაც არ გულისხმობს უარყოფით დამოკიდებულებას. ეს აბზაცი კირჩხიბებმაც და თხის რქებმაც რამდენიმეჯერ უნდა წაიკითხონ.სხვათა შორის,ყველა კითხვა წარსულ დროში იყო დასმული.

ოპოზიცია იმას ნიშნავს,რომ ორი განსხვავებული ტიპის ენერგია დაპირისპირებულია ერთმანეთთან. მოცემულ შემთხვევაში,ეს მთვარისა და სატურნის ძალებია,რომლებიც შესაბამის ნიშნებს,კირჩხიბსა და თხის რქას განაგებენ. მთვარე განასახიერებს ოცნებებს, ცვლილებებს, მოძრაობას,მოგონებებს,ანალიზს, დამოკიდებულებასა და სირბილეს. სატურნი კი რეალობის, სტაბილურობის, სიფრთხილის,მოლოდინის, განსაზღვრულობის,თვითდისციპლინისა და შინაგანი სიმტკიცის პლანეტაა. ადრე თუ გვიან,(და რაც უფრო ადრე,მით უკეთესი),კირჩხიბმა და თხის რქამ უნდა აირჩიონ,რომელი ურთიერთსაპირისპირო ენერგია,მთვარეული თუ სატურნული,იქნება დომინანტი მათ ურთიერთობაში. წინააღმდეგ შემთხევაში,მათი თანაცხოვრება მარადიულ ბრძოლის არენად გადაიქცევა.

მეორეს მხრივ,წინააღმდეგობრიობას თავისი სარგებელი აქვს,რადგან სწორედ საპირისპირო მხარეები ავსებენ ერთმანეთს. თითოეულს აქვს ის,რაც მეორეს აკლია და თითოეული ოცნებობს იმაზე,რაც მეორეს აქვს. თუ გსურთ,წარმოიდგინეთ . თუ ეს ორნი ეგოისტები არ აღმოჩნდნენ,საკმარისი გულუხვობა გამოიჩინეს და ყველაფერი თანაბრად გაიყვეს,რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?  რა არჩვეულებრივია ვიღაცისთვის იყო კეთილი გენიოსი,რომელიც,თავის მხრივ,ასეთივე კეთილი გენიოსი იქნება შენთვის. ასე ემართება ყველა უკიდურესობას. აიღეთ ნებისმიერი პოლარობა. აი,მაგალითად,სიცხე და სიცივე. მათი გადაკვეთის შუაწერტილში თქვენ მიიღებთ სითბოს_მარადიული გაზაფხულის ტემპერატურას. შესანიშნავი აზრია! ზუსტად ეს ხდება როდესაც ზაფხულის შუაგული ზამთრის შუაგულს ნახევარგზაზე ხვდება. დიახ,ზაფხულის შუა წერტილი კირჩხიბში ხვდება,ისევე როგორც ზამთრის_თხის რქის ნიშანში. თუმცა რადგან ეს 7-7 სქემაა,მათი სხვაობაც ისეთივე თვალშისაცემია,როგორც მსგავსება.

კირჩხიბიც და თხის რქაც ფემინური ნიშნები არიან,რაც იმას გულისხმობს,რომ ორივე საკმაოდ რბილი და მოქნილია,და თუმცა ორივე მალავს,მათი გრძნობები და ემოციები ძალიან ღრმაა. ამას გარდა,ორივე კარდინალური ნიშანია და ლოგიკურად პრეტენზია აქვთ ლიდერობაზე. ორივე საკმარისად ჭკვიანია,რომ ეს შეუმჩნევლად გააკეთოს,ამიტომ თავიდან მათი ლიდერული მიდრეკილებები არც კი ვლინდება. თუმცა არ იფიქროთ,რომ ეს სულ ასე იქნება. ორი თანაბარი სტატუსის ლიდერის კავშირი საკმაოდ რთულია შემთხვევაა. შესაბამისად,რომელიმემ უნდა დათმოს და სავარაუდოდ,ეს კირჩხიბი იქნება. ასტროლოგიით დაინტერესებულ დაკვირვებულ ადამიანს წინ საინტერესო სანახაობა ელის: თითოეული მათგან შეეცდება შეუმჩნევლად წარუძღვეს მეორეს ისე,რომ ამ უკანასკნელმა არაფერი იეჭვოს. თუმცა თანდათან ორივე მიხვდება,რაც ხდება და მათ შორის ჩუმი,მაგრამ დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდება პირველობისთვის.

ეს მართლაც საინტერესოა! იმაზე საინტერესო,ვიდრე ჰოლივუდის ბოლო ფილმები.

კირჩხიბს კარგად უნდა ახსოვდეს თხის რქის კოლოსალური ამტანობა,როდესაც თავის სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებს. თავის მხრივ,არც თხის რქამ უნდა დაივიწყოს კირჩხიბის უკან დახევის თვისება,გადამწყვეტი ნახტომის წინ. ეს ამაღელვებელი შერკინება იქნება,თუმცა ხმაურიანი ეფექტების გარეშე,როგორც მაგალითად ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებში.  მიწისა და წყლის  ჩუმი და დაჟინებული პაექრობა შენელებული მოქმედების ნაღმია.

თხის რქისა და კირჩხიბის ზოგიერთ თვისებას ვერც მსგავსებას ვუწოდებთ და ვერ ანტაგონიზმს. ისინი უბრალოდ ავსებენ და განამტკიცებენ ერთმანეთს. კირჩხიბებს უყვართ კომფორტი და უსაფრთხოება,თხის რქები პატივმოყვარეები არიან. რადგან სწორედ პატივმოყვარეობას მიჰყავს ადამიანი კომფორტისა და უსაფრთხოებისკენ,ეს თვისებები მტკიცე ხიდი გახდება მათ შორის.

ორივე მიჯაჭვულია გუშინდელ დღეზე. მთვარეულები აღმერთებენ ისტორიას და ასეთივე ძლიერ სევდას განიცდიან საკუთარი წარსულის მიმართ. თხის რქები წარსულს ჩატარებული გაკვეთილებისა და მიღებული გამოცდილების გამო აფასებენ და აღფთოვანებულნი არიან წარსული დროის გმირული ამბებით. ორივე დიდ პატივს სცემს საკუთარ ოჯახს და ნათესაურ კავშირებს. კირჩხიბები დედებზე არიან მიჯაჭვულნი,თხის რქები_ორივე მშობელსა და მთლიანად,გენეოლოგიურ ხეზე,განსაკუთრებით სამხედრო კარიერის მქონე წინაპრებზე. ზოგიერთი თხის რქა გულახდილად სნობია,რეპუტაციისა და პრესტიჟის საკითხებში,თუმცა თავიდან,მორცხვი ღიმილისა და რბილი მანერების მიღმა,შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ ეს თვისება,

კირჩხიბისა და თხის რქის წყვილი შეიძლება ისტორიული გამოკვლევებით თუ სარესტავრაციო საქმიანობით იყოს დაკავებული,ან სულაც  მუზეუმი დაარსონ,მსხვილი ბიზნესი წამოიწყონ, ანტიკვარიატის კოლეციონირებას მიჰყონ ხელი,აქტიურად ჩაერთონ  ადგილობრივ თუ ნაციონალურ პოლიტიკაში. ამ წყვილს ხშირად შეხვდებით წიგნების მაღაზიაში(ცხადია,მფლობელების რანგში) და კიდევ უფრო ხშირად  ბანკებში(რაღა თქმა უნდა,მმართველი პირების კაბინეტებში).

თხის რქა ხშირად პოულობს საკუთარ თავს საიუვილერო საქმეში… ან ნაგავსაყრელზე. იცით,მათ ისეთ ადგილებში შეუძლიათ პრაქტიკული და ფასეული ნივთების აღმოჩენა,სადაც სხვები უბრალოდ ვერ ხედავენ. მაგალითად ბრილიანტი დაჟანგულ ჯართში. უცნაურია,მაგრამ თხის რქები არც ისე გულგრილად სუნთქავენ ხელოვნების მიმართ,თუმცა ესთეტური განცდებს იშვიათად შეხვდებით მათ ხასიათში. მაგრამ თხის რქისთვისაც შეიძლება ხელოვნება რეალური იყოს. მიქელანჯელო,ლეონარდო, რემბრანდტი_აი,ვინ არიან ჭეშმარიტი მხატვრები! პიკასო და დალი კი,ალბათ,ხუმრობდნენ,არა? სატურნით მართული ადამიანებისთვის ხელოვნება,ისევე როგორც ცხოვრება,სერიოზული საქმეა.

ბევრი თხის რქა ცივი და ეჭვიანია,მათში სატურნის მკაცრი გავლენა ირეკლება. ასე რომ,მგრძნობიარე კირჩხიბის სიყვარული და გაგება ზუსტად რომ დროულია. მთვარეულის ოჯახისადმი ერთგულება და თავდადება ძლიერ სიამოვნებს თხის რქას,რომლისთვისაც ოჯახი ასევე ხელუხლებელი სიწმინდეა!

თუ რომელიმე მათგანს ცეცხლის ან ჰაერის ასცედენტი ან მთვარე არ ერგო დაბადებისას,ისინი არასდროს დაწვავენ ერთდოლარიან ბანკნოტსაც კი გასართობად. ძალიან ცოტა კირჩხიბს და თხის რქას შეუძლია მოწყალების თხოვნა. ფინანსურ საკითხებში ისინი არამხოლოდ ჭკვიანები,საკმაოდ მკაცრებიც არიან. ორივეს უყვარს ფულის დაგროვება და ორივე ვერ იტანს მათ ხარჯვას. ისინი იმდენად გვანან ხელმომჭირნებაში,ნამდვილად არ აწყენდათ გაეანალიზებინათ პოეტ ჰალილ ჯირბანის სიტყვები იმის შესახებ,რომ მხოლოდ მატერიალური სარგებლისთვის მუშაობა ვერ გააბედნიერებს ადამიანს,რადგან უსიყვარულოდ გამომცხვარი პური უგემურია და ის ვერ გააძღობს დამშეულ სულს.

თავიდან ეს სიტყვები ორივეს შეაშფოთებს. ადამიანები ფულისთვის მუშაობენ,რა შუაშია აქ სიყვარული? თუ ადამიანს თავისი სამსახური მოსწონს,მით უკეთესი,მაგრამ მთავარი ფულადი კომპენსაციაა,განა ასე არ არის? არა,არ არის. საქმის სიყვარული_აი,რა უნდა იყოს პირველ ადგილზე. აქ იმალება მათი საერთო პრობლემა. განა ის,რომ მთვარეულებსა და სატურნიელებს არ ესმით,რომ შრომაში გული უნდა ჩადონ?! საქმე პრიორიტეტებშია და მათ შემთხვევაში,უმთავრესი პრიორიტეტი ფულია. ამიტომაც,მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ პრიორიტეტების გადასაადგილებლად.

არც ისე ბევრ ზოდიაქოს ნიშანს შესწევს უნარი,მთელი სერიოზულობით გაიგოს,რას ნიშნავს სატურნის უხილავ ჩარჩოებში განმარტოების სურვილი.  კირჩხიბის თანამგრძნობი ღიმილი,რომელმაც კარგად იცის მარტოობის არსი,თხის რქისთვის შეიძლება ღია კარი გახდეს ახალ,ფერად სამყაროში.

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და თხის რქა ქალი


_ძილის წინ არ დამიკრავ?_იკითხა მან და

როდესაც ის ოთახიდან გადიოდა,დაუფიქრებლად დაამატა

_ფანჯარა მიხურე! მიბერავს.

რაც არ უნდა ილაპარაკონ და როგორც არ უნდა  უარყონ,ყველა კირჩხიბ მამაკაცს სურს,ქალმა პატარა ბავშვივით გაანებივროს და ელოლიავოს. თუ მისი მეგობარი ქალი თხის რქაა,მას ისეთი განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს,მარტო ამის გამო ეცდება საყვარელ მამაკაცს აამოს,ყოველგვარი წუწუნისა და დაყვედრების გარეშე. მართალია,ხანდახან კირჩხიბი ზედმეტად შედის ეშხში და თვლის, რომ საყვარელი ქალი მის ყველა განწყობას თანაბარი წარმატებით უნდა მოერგოს. თხის რქა ქალბატონი ამაზე უარს ეტყვის,როგორი შეყვარებულიც არ უნდა იყოს.

სიმართლე რომ გითხრათ,ორივეს შეუძლია ძალიან,ძალიან,ძალიან ეგოისტი იყოს,თუმცა,ერთი შეხედვით, ვერც შეატყობთ. ქალებთან,განსაკუთრებით სატრფოსთან,კირჩხიბი მამაკაცი რბილია,გალანტური და თავაზიანი,ის ძვირად აფასებს თავის საკუთრებას. თუმცა კირჩხიბი გაცილებით მეტს ითხოვს,ვიდრე გაცემა შეუძლია,იმედოვნებს რა,რომ მისი ყოველი ბუზღუნი და ჭირვეულობა პატივისცემით უნდა იყოს მიღებული. თუ ქალი ასე არ ფიქრობს,კირჩხიბი ამას უსიყვარულობად და დაუფასებლობად აღიქვამს.

თუ მისი რჩეული თხის რქაა,ის კირჩხიბის ახირებებს მშვიდად და თავშეკავებულად მოეკიდება. ცხადია,ის ყოველთვის მზადაა დასახმარებლად,მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ,თხის რქა საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას არავის მისცემს,თვით სიყვარულის სახელითაც კი! თხის რქა არ შეგაწმენდინებთ ფეხებს! მთელი მისი გარეგნული მომხიბვლელობისა და რბილი ქცევების მიღმა,საკმარისად ძლიერი პიროვნული ცნობიერება იმალება. ის არ აფახულებს წამწამებს და არ იბოდიშებს მინიშნებებით. თუ თხის რქას რამე მოეწონა,პირდაპირ მიიღებს; თუ არა_სწრაფად მოიშორებს თავისი ცხოვრებიდან. თხის რქა არ წუწუნებს,როდესაც ნაწყენია. ის პირდაპირ უმკლავდება პრობლემას,შემდეგ კი ზრუნავს,რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ამ დამოკიდებულებაში ის ძალიან ჰგავს მორიელ ქალს,იმ განსხვავებით,რომ ყველაფერს მორიელივით ემოციურად არ აღიქვამს.

თხის რქა ქალი არ იტანჯება ზედმეტი მგრძნობიარობისგან. სწორედ ამიტომ,ის ფრთხილად უნდა იყოს კირჩხიბთან,რომელიც ზუსტად ამ თვისებით გამოირჩევა და ლოგიკურად,მისი წყენაც ძალიან ადვილია. თუ თხის რქა მის კრიტიკას დაიწყებს და ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას,კირჩხიბი ვერ მოისვენებს,სანამ თხის რქა „თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს“,სიყვარულში არ გამოუტყდება და თითქმის უნაკლო პიროვნებად  არ აღიარებს. თავიდან კირჩხიბი შეეცდება ხუმრობებით წამოსწიოს ეს თემა. შემდეგ გამჭირვალე და არაორაზროვან მინიშნებებზე გადავა. თუ ამანაც არ გაჭრა,უკანასკენელ მეთოდს მიმართავს_გაიბუტება. თუ თხის რქა კამათს დიდხანს გაწელვის საშუალებას მისცემს,შერიგება გართულდება: კირჩხიბი თავის ჯავშანში შეიყუჟება და ჯიუტად ჩაეჭიდება თავის არგუმენტებს, შეხედულებებსა და წყენებს. ერთადერთი,რაც თხის რქას აქ დაეხმარება,შექება და მოწონებაა. კირჩხიბზე შეყვარებულმა თხის რქამ მუდმივად უნდა უმეოროს მას,როგორი არაჩვეულებრივი პიროვნებაა და როგორ აღფთროვანებულია მისით. დედამისი ზუსტად ასე ექცეოდა. ის ყოველთვის ეუბნებოდა,როგორი კარგი ბიჭია და როგორ ვერ აფასებენ სათანადოდ გარშემომყოფები,განსაკუთრებით მტრები. რთულ წუთებში კირჩხიბი პრეტენზიებსა და საყვედურებს ზუსტად ასე „თარგმნის“_ყველა,ვინც მას არ ეთანხმება,მისი მტერია,საყვარელი ქალიც კი. ზრდასრულ ასაკში  ის ისეთივე გაგებით აღსავსე დამოკიდებულებას ითხოვს,როგორიც დედისგან ახსოვს და ეს სავსებით არგუმენტირებული მოთხოვნაა. განა ყველა ჩვენგანს არ სურს,რომ ჩვენი ესმოდეთ? განსხვავება ის არის,რომ დანარჩენი ნიშნები მარტივად იზრდებიან თავიანთ ბავშვურ ოცნებებზე. მხოლოდ კირჩხიბი ელის ბავშვობის ოცნებების ასრულებას მთელი ცხოვრება.

ტიპური თხის რქა ქალი არ არის მსგავსი სინაზით განებივრებული. ის პრაქტიკული და კეთილგონიერია. კირჩხიბმა ხომ იცის,რომ მას უყვარს და თუ ხანდახან ისინი ჩხუბობენ,განა ეს საკმარისი მიზეზია,რომ მის გრძნობებში ეჭვი შეიტანოს? ზედმეტი მგრძნობიარობა და ძლიერი ემოციები ნერვებს უშლის თხის რქას. საქმე ის კი არ არის,რომ უგულოა_მას უბრალოდ ცუდად წარმოუდგენია,როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს,რა თქვას ან რა გააკეთოს ემოციური სცენების დროს.  სავარაუდოდ,თხის რქა არაფერს მოიმოქმედებს,ვიდრე შემთხვევით აწყენინებს მას. ის ზედმეტად მორიდებულია და საკმარისი ჭკუაც აქვს,იქ მიაგნოს პასუხებს,სადაც სხვები არც კი იჭყიტებიან. თხის რქას შეუძლია პრობლემაზე კონცენტრირება,სანამ ბოლომდე არ მოაგვარებს მას. ამასთან,მისი ანალიზი ყოველთვის საფუძვლიანია. უბრალოდ მან უნდა ისწავლოს ამ ნიჭის სათანადოდ გამოყენება ემოციურ სიტუაციებში_ეს მათ თანაცხოვრებას გაცილებათ გაამარტივებდა.

კირჩხიბისგან მოწონებისა და მაღალი შეფასების მიღების მოთხოვნა მათი ურთიერთობის ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. უბრალოდ მან ცოტა ნაკლები ბუტიაობა უნდა გამოავლინოს,თხის რქამ კი_ცოტა მეტი სინაზე და თანაგრძნობა. გულწრფელები რომ ვიყოთ,თხის რქასაც არანაკლებ სჭირდება მაღალი შეფასება. კირჩხიბს ხომ არასდროს მოსვლია თავში აზრად ,საკუთარი დედაც კი შეექო ან მხარზე ხელი მოეთათუნებინა_უბრალოდ მის საჩუქრებს იღებდა. საუკეთესო საჩუქარი და მადლობა  მეტი კოცნა,ჩახუტება,კეთილი სიტყვები და ხშირი გაღიმებაა. ერთი სიტყვით,ორივე თანაბრად საჭიროებს ყურადღებას. განსხვავება მხოლოდ ის არის,რომ კირჩხიბს არ რცხვენია ამის მოთხოვნა,თხის რქას_აღიარებაც კი უჭირს.

ახალგაზრდობაში თხის რქა ქალი შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი იყოს,მაგრამ,ასაკის მატებასთან ერთად,სულ უფრო ლამაზდება და ეს სატურნის განსაკუთრებული ძღვენია,ისევე როგორც ნათელი მსჯელობა,რაშიც,ასევე ასაკთან ერთად,სულ უფრო ძლიერ ოსტატდება. ამ ქალს,დამატებით,ისეთი სულიერი სიმტკიცე და ძალაც აქვს,ორივეს ეყოფა.

ახალგაზრდობაში კირჩხიბი მორცხვია,მაგრამ,ასაკის მატებასთან ერთად,სულ უფრო თავდაჯერებული ხდება. მისი მთვარეული იუმორიც საგრძნობლად ვითარდება და იხვეწება. ის სავსეა სინაზითა და დელიკატურობით,მაგრამ იმავდროულად სწრაფად და ნათლად აზროვნებს. ნათელი გონებისა და უზადო მეხსიერების კვალობაზე,კირჩხიბს რბილი გული აქვს. თხის რქა ქალი კი არამხოლოდ ფოლადის ნერვებით გამოირჩევა,მისი გული ხშირად მოგაგონებთ ქვას. ნამდვილად ვერ ვიტყვით,რომ ქვის გული ქალის საუკეთესო თვისებაა. ამასთან,სწორედ ქვის გული ტყდება სამუდამოდ  და ვეღარასდროს  მრთელდება. იქნებ ამიტომაც არიან თხის რქები ასეთი თავშეკავებულნი?

ეჭვი არ არის,რომ თხის რქული სიბრძნე,სიფრთხილე და თავდაცვის მექანიზმი სატურნის გავლენაა,მაგრამ,უპირველეს ყოვლისა,ის მაინც ქალია… მთელი ქალური გრძნობებით,სურვილებითა და ოცნებებით. ქალურობა ბრალეულობის სინონიმი არ არის. მისი გრძნობები მორიდებულია,მაგრამ არასდროს  შემთხვევითი და ყალბი,არამედ ყველაზე წრფელი და ამიტომ მუდამ მის გულში ცოცხლობენ.

კირჩხიბისა და თხის რქისთვის სექსი ისეთივე სერიოზულია,როგორ ყველაფრი დანარჩენი და მაინც,მათ უჭირთ ერთმანეთს აჩვენონ,რას ნიშნავს ფიზიკური ერთობა მათთვის სინამდვილეში. მათ არ იციან,როგორ უთხრან ერთმანეთს,რომ მათი სიყვარული საშუალებას აძლევთ,უკეთ დაინახონ და გაიგონ სილამაზე. თხის რქას შეეძლო ეთქვა: „ჩვენი ჩახუტების შემდეგ თავის ისე ვგრძნობ,მთელ სამყაროს ახალ ფერებში ვხედავ!“ მაგრამ ის იტყვის: „შეხედე,როგორ შეეხო მზე ფიჭვის კენწეროს. მგონი გირჩების სურნელს ვგრძნობ,წამოდი,გავისეირნოთ“. კირჩხიბი უპასუხებს:“ჰო,გავისეირნოთ. მშვენიერი დილაა“,რაც სინამდვილეში ნიშნავს: „შენ ისეთი მშვენიერი ხარ და მე ისე ძლიერ მიყვარხარ!“

მათი სექსუალური ურთიერთობა (განსაკუთრებით,თუ მზისა და მთვარის ასპექტები ჰარმონიულია) სავსეა ნაზი გრძნობებით. მასში ის სიღრმისეული გამოცდილებაა,რომელიც მხოლოდ მათი ასტროლოგიური მდებარეობით გამოწვეული უკიდურესი წერტილების მიზიდულობით მიიღწევა.

ხანდახან ორივე დარდობს წარსულზე. მაგრამ თხის რქა ქალი საკმარისად გონიერია იმის მისახვედრად,რომ  წარსული ოცნებებში უფრო მიმზიდველია,ვიდრე სინამდვილეში. ასე რომ,თხის რქას აწმყო რეალობის შექმნა უფრო აინტერესებს,რომელიც ისეთივე მშვენიერი იქნება,როგორიც ახლა წარსულის მოგონებებია. ბოლოს და ბოლოს,ისინი აწმყოში შეხვდნენ და მომავალი უნდა ჰქონდეთ. მაშინ თხის რქა კირჩხიბის მთვარეულ აღქმას წარსულიდან მომავლისკენ შემოაბრუნებს და ისინი სპირალისებურად დაიწყებენ ბრუნვას წრეზე,რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სიყვარულის საიდუმლოს.

 

 

 

კირჩხიბი ქალი და თხის რქა მამაკაცი

_იცი,ბებერო_თქვა ცეცხლის პირას მჯდარმა პიტერმა,რომელიც ჩამუხლულ ვენდის უცქერდა_

საღამოს,როდესაც დღე მთავრდება,არაფერია იმაზე უკეთესი,

ვიდრე ჩვენს ბავშვებთან ერთად ცეცხლის პირას ჯდომა.

_ჰო,მართლა კარგია,არა,პიტერ?_ვენდი საშინლად კმაყოფილი იყო_მგონი,ხუჭუჭას შენი ცხვირი აქვს.

_მაიქლი კი შენ დაგემსგავსა.

როდესაც კირჩხიბი გოგონა მომავალზე ფიქრობს,მის გონებაში წმინდა სამება ისახება. მას სამი ოცნება აქვს და  მათ ასახდენად ჩუთქვამს სურვილებს ყოველ ხელსაყრელ დროს. თანდათან ოცნებები მიზნებად გარდაისახება. თანმიმდევრობა შეიძლება ნებისმიერი იყოს,მაგრამ აზრი ერთიდაიგივე რჩება: სახლი_შვილები_ფული; შვილები_ფული_სახლი; ფული_სახლი_შვილები; სახლი_ფული_შვილები; შვილები_სახლი_ფული; ფული_შვილები_სახლი.  აი,ექვსივე ვარიანტი. თუმცა კირჩხიბის შინაგანი მოთხოვნების წმინდა სამება მცირედ განსხვავდება მისი მიზნებისგან. არც მათ თანმიმდევრობას აქვს გადამწყვეტი მნიშნველობა,რადგან სამივე თანაბრად სანუკვარი სურვილია: თანაგრძნობაც,სიმშვიდეცა და სტაბილურობაც!

იცით რა არის ყველაზე მომხიბვლელი მთვარეულ ასულში? მართალია,ყოველი ახალი ნაცნობობისგან ის „მოთხოვნათა წმინდა სამების“ დაკმაყოფილებას ელის და მართალია,მისი თავი მუდამ „სამი წმინდა მიზნით“ არის გამოჭედილი,მას ყოველთვის გულწრფელად სურს საყვარელი მამაკაცის გაბედნიერება. მას შეუძლია იყოს ყველაზე თანამგრძნობი და ნაზი,ყველაზე ერთგული და საიმედო ქალი. როდესაც ის თავის საუკეთესო თვისებებს ავლენს,როდესაც თავდადებულიც არის და მომთმენიც,თხის რქა მასზე უკეთეს მიჯნურს ვერსად ნახავს. კურო ქალიც მომთმენია,მაგრამ მას ძალიან არ უყვარს სხვებზე მორგება; ტყუპები ქალი ყველას ადვილად ერგება,მაგრამ მომთმენი სულაც არ არის. სამაგიეროდ,მთვარეულ ქალბატონს ორივე თვისება თანაბრად ახასიათებს და ეს ნამდვილად  აღფრთოვანების ღირსია. რაც შეეხება ერთგულებას,ბევრი ქალი ერთგულობს საყვარელ მამაკაცს,მაგრამ არა ისეთი დოზით,როგორც კირჩხიბი. ოჯახური კერის დიდი დამფასებელი თხის რქა ბედნიერი იქნება,როდესაც დაინახავს,რას ნიშნავს ოჯახი კირჩხიბისთვის. რადგან თხის რქა ებრაელ ხალხს მართავს,კირჩხიბში კი ხშირად შეხვდებით „ებრაელი დედის“ თვისებებს (მიუხედავად იმისა,ჰყავთ შვილები თუ არა),ამაშიც შეიძლება აღმოაჩინონ ძლიერი მაგნიტური ძალა,რომლის წყალობითაც ისინი თავიდანვე უზომოდ მიიზიდავენ ერთმანეთს.

კირჩხიბი ყოველთვის ტოვებს უმწეო ქალის შთაბეჭდილებას,განსაკუთრებით თხის რქა მამაკაცზე. ამ ქალს ძლიერი მამაკაცი სჭირდება,რომელზე დაყრდნობაც შეუძლია; ვიღაც,ვინც შეძლებს მთელი მისი შიშები და შფოთები გააქროს და ვინც დროდადრო დიდსულოვნად შესთავაზებს საკუთარ მხარს,როდესაც ის გულამოსკვნილი ქვითინებს. მაგრამ ის არც ისეთი უმწეოა,როგორც გამოიყურება. უკვე მერამდენედ გიმეორებთ,რომ კირჩხიბი ლიდერობის კარდინალური ჯვრის ნიშანია. მთვარეული ქალი შეეცდება რბილად და დაუჟინებლად,უკანა ფლანგიდან,ზეგავლენა მოახდინოს საყვარელ მამაკაცზე. თუ  ის შეყვარებული არ არის,მაშინ მით უფრო მეტ პატივმოყვარეობას გამოავლენს და ყველაფერს მოიმოქმედებს,მწვერვალების მისაღწევად. რა თქმა უნდა,ყველა კირჩხიბი ქალი საიდუმლოდ საიმედოობას ეძებს მამაკაცში და თხის რქა ზუსტად ასეთია. არც თხის რქა უჩივის პატივმოყვარეობის დეფიციტს და არანაკლებ ისწრაფვის წარმატებისკენ. მოკლედ რომ ვთქვათ,თხის რქა მამაკაცი ჭეშმარიტი განსახიერებაა ყველაფერი იმისა,რაზეც კირჩხიბი ოცნებობდა და რასაც თავისით ვერ მიაღწევდა,რადგან ძალიან მოწყველადია. მეორეს მხრივ,თხის რქა მთვარეულ ქალბატონში  ისეთ თვისებებს აღმოაჩენს,რაზეც საიდუმლოდ ოცნებობს თავისთვის,მაგრამ არც მას გამოუვა მარტო ამის მიღწევა,რადგან საკმარისად მგრძნობიარე ვერ არის. აქედან გამომდინარე,მათი შეხვედრის თითქმის  პირველივე წუთიდან,ისინი შეუცდომლად შეაფასებენ ერთმანეთს. ეს კი ერთერთი ყველაზე მყარი ფუნდამენტია სიყვარულისთვის.

თხის რქა მამაკაცი ხშირად კონსერვატულია და თითქმის ყოველთვის ხელმძღვანელობას ცდილობს. კირჩხიბ ქალს არაფერი აქვს მამაკაცის პირველობის საწინააღმდეგო,რადგან თავადაც საკმაოდ კონსერვატულია. შეყვარებული კირჩხიბი თავიდან საშუალებას მისცემს თხის რქას,სასურველი რეალობად აღიქვას. თანდათან შეიძლება დაავიწყდეს კიდეც,რომ როლს ასრულებს და მართლა მორჩილის პოზიცია მიიღოს,რაც არც ისე ცუდია. თუ არსებობს კაცი,რომელსაც ლიდერობა და სინაზე თანაბარი წარმატებით გამოსდის,ეს ზუსტად თხის რქაა. ასე რომ,ჩვეულებრივ,ყველაფერი შესანიშნავად ეწყობა.

როგორც წესი,ეს მამაკაცი არ იზიარებს „თავისუფალი ქორწინებისა“ და „მოდერნისტული ოჯახის“ თეორიებს. ასეთ საკითხებში ის ძალიან კონსერვატულია,თუმცა ხანდახან ისე იქცევა,თითქოს ეს ასე არ არის. ის ღრმად არის დარწმუნებული,რომ ქალის ადგილი სახლშია. იმ შემთხვევაშიც,თუ ცოლს მუშაობის უფლება დართო,მხოლოდ იქამდე,სანამ შვილები ეყოლებათ. ტიპურ თხის რქას სწამს,რომ დედის ადგილი მხოლოდ შვილების გვერდით არის. ყოველ შემთხვევაში,იქამდე მაინც,სანამ პატარები წამოიზრდებიან. მას ასევე არ მოსწონს ფულთან თავისუფალი მოპყრობაც. იმ შემთხვევაშიც,თუ მისი მთვარეული ქალბატონი თვითონ გამოიმუშავებს საარსებო სახსრებს,ის თავად მოისურვებს ფულის განკარგვას,რომ მფლანგველობა არ დაუშვას.

რა თქმა უნდა,კირჩხიბიც ისეთივე ფრთხილია დოლართან,როგორც თხის რქა,თუ მისი ასცედენტი ან მთვარე ცეცხლის ან ჰაერის ნიშნებში არ იმყოფება. მაშინაც კი მას პატარა ნერვული აშლილობები ექნება,ფულის გადახარჯვისგან გამოწვეული დანაშაულის გრძნობის გამო. თხის რქა გასაგებად აუხსნის მას,რამდენი ფული უნდა გადადონ საერთო შემოსავლიდან და რომელი ინვესტიციები მოუტანს მათ ყველაზე მეტ დივიდენდებს. რადგან თხის რქა მიწის სტიქიას მიეკუთვნება,სავარაუდოდ,მიაჩნია,რომ უძრავი ქონება და მიწათმფლობელობა ყველაზე საიმედო და პერსპექტიული ინვესტიციაა.

თხის რქას მოსწონს კირჩხიბის დამოკიდებულება ნივთებთან. მას მტკიცედ სწამს,რომ დედამიწის ზურგზე ყველაფერს შეიძლება მოუძებნო პრაქტიკული დანიშნულება და შესაბამისად,არაფრის გადაგდება არ ღირს,რაც ოდნავ მაინც გამოდგება. თუ ქალი ტიპური კირჩხიბია,სრულიად გაიზიარებს ამ ფილოსოფიას.

კირჩხიბი სხვა ქალებზე გაცილებით უკეთ ერგება თხის რქა მამაკაცის კეთილგონიერებასა და თვითჩაღმავების თვისებას. მაგრამ მისთვის რთული გასაგებია,რატომ არ უყვარს თხის რქას ცვლილებები,მას ხომ ცვალებადი მთვარე მართავს და ძალიან სჭირდება დეკორაციებისა და შთაბეჭდილებების პერიოდული ცვლა. მას ძალიან გაუჭირდება თხის რქის დარწმუნება იმაში,რომ მათი სულიერ ცხოვრება მეტად გამდიდრდება,თუ ერთ ადგილზე დიდხანს არ ისხდებიან და  ყოველთვის ერთიდაიგივე წესებით არ იხელმძღვანელებენ. ეს მამაკაცი,როგორც არ უნდა ეცადოს,ვერასდროს შეძლებს სატურნის შეზღუდვებისგან განთავისუფლებას. ყველაზე ექსტრავერტი და არაორდინალური თხის რქის შიგნითაც კი სერიოზული მოხუცი სატურნი ზის… ზოგიერთი თხის რქის კონსერვატიზმის ჩრდილი შეიძლება პასტელურ შეფერილობამდე გაფერმკრთალდეს,მაგრამ ბოლომდე არასდროს გაქრება. დიახ,ის შეიძლება იყოს მოსიყვარულეც,ნაზიც,რბილიც,დელიკატურიც,კაპრიზული და ხალისიანიც… მაგრამ სატურნი მაინც მთელი ძალით განაგებს მას და ამას ვერსად გაექცევა.

თხის რქა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს ფიზიკური სიყვარულის გამოვლენაში: ღიად ეროტიული და მგრძნობიარე,რბილი და ნაზი. თუ მზე და ვენერა მეხუთე და მერვე სახლების ძლიერ და არაკეთილგანწყობილ გავლენას განიცდის,ის შეიძლება  მრავალრიცხოვან ექპერიმენტებშიც გადაეშვას. მაგრამ ჩვენ ტიპურ თხის რქაზე ვსაუბრობთ,ის კი არ დაიწყებს თავგადასავლების ძიებას სახლის გარეთ და საკმაოდ მუდმივია. კირჩხიბსაც სურს საიმედო და ხანგრძლივი ურთიერთობა,იმ შემთხვევაშიც,თუ მისკენ მიმავალი გზა უსაშველოდ გრძელი და არც ისე მარტივად გასავლელია. ერთი რამ უადოა: ეს ქალი მათ სიყვარულს განსაკუთრებულ მგრძნობიარობას მიანიჭებს.

თხის რქას შეუძლია ვნებების ღრმა და ძლიერი გამოვლენა,მაგრამ ხშირად აკლია ემოციურობა და  წარმოსახვა. მთვარის ასული მათ სიახლოვეს სწორედ ამ ინგრედიენტებს შემატებს და თხის რქაც მადლობელი იქნება ამ გასხივოსნებისთვის. თხის რქის სიყვარულის ძალა და საიმედოობა კირჩხიბში იშვიათ ნდობას აღვიძებს. მას აღარ ეშინია მოსალოდნელი წყენის ან არასტაბილურობის. თხის რქას ნამდვილად შეუძლია მისთვის ასე საჭირო ემოციური საიმედოობის განცდის შექმნა. საპასუხოდ,კირჩხიბი სიფაქიზესა და რომანტიულობას შესთავაზებს.

მე ვიცნობ ერთ კირჩხიბ ქალს,რომელიც თავის თხის რქა ქმარს გაშორდა. მათ ბევრი პრობლემა ჰქონდათ,ძირითადად,უმნიშვნელო. ასევე დიდი ეგოიზმი და ურთიერთგაგების  უმცირესი სურვილი. თხის რქა მამაკაცი ხშირად  დიდი ეგოისტია და არც ადამიანების გამოყენებას ერიდება. მას საერთოდ არ აინტერესებს,რას გრძნობენ სხვები. კირჩხიბისთვის უბრალოდ აუტანელი იყო,როდესაც თხის რქა დიდი ხნით ივიწყებდა  მათ სიყვარულს და ყოველი ჩხუბის შემდეგ ქვის მონუმენტივით ცივი და უდრეკი ხდებოდა. მის გულს არ ეხებოდა არც ერთი ნაზი ჟესტი თუ თბილი სიტყვა. მაშინ კირჩხიბი ზურგს აქცევდა და თავისთვის ჩუმად ტიროდა. ამას წინათ,დარდით აღსავსე ხმით მითხრა: „მე ყოველთვის ისე მეცოდებოდა საკუთარი თავი,მაგრამ რაც დავშორდით,ბევრს ვფიქრობ. ახლა უფრო მესმის მისი და ისე მეცოდება…“

ბევრი ფიქრის შემდეგ,მან იპოვა თხის რქის გულის ჯადოსნური გასაღები და ახლა,თუ  სწორად გამოიყენებს,თუ მასთან მთელი თავისი თანაგრძნობით მივა,ისინი ისე დაახლოვდებიან,როგორც არასდროს. როდესაც მთვარის ასული საკუთარი თავისადმი სიბრალულს შეწყვეტს და საყვარელ მამაკაცზე მეტს იფიქრებს,ის დაინახავს მთელ სიღრმეს და ღირსშესანიშნაობას,მისი ემოციების მთელ ძალას,რისი გამონთავისუფლებაც თხის რქას მარტო უბრალოდ არ შეუძლია. კირჩხიბი უნდა დაემხაროს ამის გაკეთებაში,რადგან არ არსებობს თხის რქის სიყვარულზე უფრო მტკიცე და მშვენიერი გრძნობა,როდესაც ის მწვერვალზე ელოდება იმ ერთადერთს,რომელსაც ამ გზის გასავლელად გამბედაობა და მოთმინება ეყოფა. ეს რთული აღმართია,მაგრამ მხოლოდ იქ,ზემოთ,გაიგებთ,რა არის ნამდვილი ბედნიერება. დიახ,სატურნი ყოველთვის მკაცრ და სასტიკ გამოცდებს აწყობს,მაგრამ არასდროს დაივიწყოთ,რომ ის ყოველთვის დამსახურებულად აჯილდოებს.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top