კირჩხიბი და ლომი

კირჩხიბი და ლომი

_ვიცი,რომ მხოლოდ სიკეთე გინდოდა…

მთვარის ასული და ხვადი. მთვარეული და ძუ. კირჩხიბი და ლომი. ასე უწოდებთ საკუთარ თავს? ცდებით! შეიძლება ეს წვრილმანად მოგეჩვენოთ,მაგრამ ერთი პატარა მზესუმზირისგან სეკვოია იზრდება. მოდით,შევასწოროთ და როგორც წესია,ისე დავიწყოთ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ,როგორ დაგეხმარებათ ეს.

თუ კირჩხიბმა და ლომმა მოინდომეს,ბევრი სასარგებლო რამ შეიძლება ისწავლონ ერთმანეთისგან,მათ შორის მოთმინებაც. მაგრამ თუ არ მოისურვეს,ლომის ცეცხლსა და კირჩხიბის წყალს ერთმანეთის განადგურებაც შეუძლიათ. ისინი ხშირად გაუაზრებლად იყენებენ თავიანთ ძალებს და საკმაოდ გვიან აცნობიერებენ,რას სჩადიან.

მხოლოდ პლანეტებისთვის გასაგები მიზეზების გამო,კირჩხიბისა და ლომის ურთიერთობა ისე არ გამოიყურება,როგორც 12-2 ფორმულის სხვა ნიშნებს შორის. ლომი სულაც არ ამჟღავნებს მოთმინებას კირჩხიბის პიროვნების მიმართ,როგორც უნდა ვივარაუდოთ,რადგან კირჩხიბი მისთვის წარსულ კარმულ განსხეულებას წარმოადგენს. კაცმა რომ თქვას,არც კირჩხიბი იწუხებს თავს დიდად მომდევნო ნიშნისგან  გაკვეთილების ათვისებით. ისედაც დამრიგებლობისა და ჭკუის სწავლების მოყვარული ლომი თავს ორმაგად ვალდებულად თვლის,კირჩხიბი გაანათლოს და ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს. თავის მხრივ,კირჩხიბმა კარგად იცის(თუმცა ყოველთვის არ აღიარებს),რომ სინამდვილეში ბევრი სიბრძნის გაკვეთილი აქვს ასათვისებელი,რაც გარდაუვალია და ამიტომ,გადადება უარესი.

შემიძლია წარმოვიდგინო,როგორი თვითკმაყოფილებით იღიმის ახლა ლომი და როგორ ალმაცერად კითხულობს ამას კირჩხიბი. ეს სიმართლეა,მთვარის პირმშოვ,შენ ბევრი უნდა ისწავლო „დიდი კატისგან“ და როდესაც ამ რჩევის საპირისპიროდ იქცევი,არამხოლოდ საკუთარ კარმულ ბედისწერაში,მეზობლის კარმაშიც ცუდად ერევი,რაც არც ისე უსაფრთხოა.

ლომებსაც შეუძლიათ შეწყვიტონ ხითხითი და საკუთარი პატივმოყვარეობის დაამება,ასტროლოგებს მათთვისაც აქვთ გაფრთხილება! ყოველთვის გყოფნით მოთმინება,გაღიზიანების გარეშე მიიღოთ კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანთა თვისებები? ბრაზდებით,იმის ნაცვლად,რომ თანაგრძნობა გამოავლინოთ? თქვენმა სულმა ხომ სულ ახლო წარსულში თავად გაიარა ეს ყველაფერი. ან შეშინებულ კნუტად ხომ არ იქეცით და კირჩხიბს ჭკუის დარიგების საშუალება მიეცით მაშინ,როდესაც ყველაფერი პირიქით უნდა იყოს? დაე,კირჩხიბებმა სიფრთხილე თავის წინამორბედ ნიშანს,ტყუპებს,ასწავლონ _ორეულებს ეს ნამდვილად არ ავნებთ. თქვენ კი უკვე წარსული გამოცდილებიდან იცით,რა შეგრძნებაა,როდესაც სულში წვიმა დარდს ასველებს და სწორედ თქვენ მოგეთხოვებათ  წინამორბედ ნიშანს მზის სინათლე აჩვენოთ. თუ თქვენ,ამის ნაცვლად,რომელიმე კირჩხიბს იმის საშუალება მიეცით,თქვენში მზის სხივები ჩაექრო და თქვენი ამაყი სული წყლის პესიმიზმით დაეთრგუნა, გრცხვენოდეთ! სად არის თქვენი სამეფო ღრიალი? შეარხიეთ ფაფარი(თუ ხვადი ხართ) ან მოჭუტეთ კატისებრი თვალები(თუ ძუ ხართ) და საკუთარი თავი ისე დაინახეთ,როგორც ბედისწერამ გადაწყვიტა.

ცხადია,არ ღირს უკიდურესობებში გადავარდნა და თქვენი მეგობარი,ნათესავი თუ შეყვარებული კირჩხიბების დათრგუნვა. თქვენც ხომ ისურვებდით,რომ ვინმემ დაგამშვიდოთ, მოგიაროთ, გელოლიავოთ და ცხელი ქათმის ბულიონით გაგათბოთ? სხვა ვინ შეძლებს თქვენთან ერთად ოცნებას და არაჩვეულებრივად სახალისო ისტორიების მოყოლას,თუ არა კირჩხიბი? მხოლოდ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ საშუალება,თქვენი ენთუზიაზმი ჩაახშონ ან თქვენი ადრენალინი გამოფიტონ. დარჩით თქვენი მზის ნიშნის ერთგული! ეს ასტროლოგიის ყველაზე ბრძნული წესია. იყავით ის,ვინც ხართ და თქვენ გაცილებით ბედნიერი იქნებით.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,არსებობს ისეთი კავშირები,სადაც ეს ორი ნიშანი როლებს ცვლის. კირჩხიბები სასიამოვნო და მგრძნობიარე სულის მქონე ადამიანები არიან,მაგრამ ისეც ხდება,რომ წყალი აქრობს ლომის ცეცხლს და მასთან ერთად,მის თავდაჯერებასაც. ეს შეიძლება დაემართოს ისეთ ლომს,რომელიც მორცხვი ფისოების ტიპს განეკუთვნება. ასეთი ბოკვერი გულნატკენი ფიქრობს,რომ მას აღტაცება და პატივისცემა აკლია,საკუთარ თავს კარგავს და მისი კარმა სრულიად იტბორება. ჰოროსკოპში ძლიერი მზისა და მარსის მპყრობელი კირჩხიბი მთელ თავის მოთმინებას, დაჟინებულობასა და სიმჭიდეს იმისთვის გამოიყენებს,რომ ლომი სულიერად გათანგოს,რაც ძალიან სამწუხარო და სერიოზული შეცდომაა. მოქნილი და შეუმჩნეველი სტრატეგიის გამოყენებითა და უჩვეულო ნებისყოფით,კირჩხიბმა შეიძლება ლომის ამაყი ნატურაც გადაიღოს. რთულია ზუსტად განვსაზღვროთ,ვისგან იწყება როლების გაცვლის პროცესი,მაგრამ ცნობიერ დონეზე ვერც ერთი მათგანი ვერ იაზრებს,რა ხდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სიბრაზით ან არაკეთილგანწყობით. უბრალოდ ნუ დაივიწყებთ სიფთხილეს,როდესაც ცეცხლი და წყალი ხანგრძლივი ვადით ირწყმებიან. არაფერია სიამაყეშელახულ და ღირსებააყრილ ლომზე ან აგრესიულ და თავნება კირჩხიბზე სევდიანი სანახავი,რომელმაც გვაროვნული სირბილე და მგრძნობიარობა დაივიწყა.

არც მეორე ვარიანტია გამორიცხული. ლომს შეუძლია კირჩხიბის ღრმა და ბუნებრივად მშვიდი ემოციები ფერფლად აქციოს. ლომის მედიდურ კაპრიზებს დამორჩილებული კირჩხიბი ჩუმად იტანჯება,საკუთარ თავში იკეტება და ღიზიანდება. სერიოზული ზეწოლის დროს,ფსიქოზამდეც კი მიდის. ხანაც ბოლო წუთში გარბის. საერთოდ,კირჩხიბი გაქცევის ოსტატია. თუ მათ მნათობებს შორის ნეგატიური ასპექტებია,ერთმანეთისთვის დიდი ტკივილის მიყენება შეუძლიათ,თუმცა არა პირდაპირი განზრახვით. თუ მათი მზე-მთვარეები ჰარმონიულ ასპექტაციაში იმყოფებიან,მათ შემოქმედებითი აღმაფრენებით,წარმოსახვითა და ურთიერთდაცვით აღსავსე კავშირი ელით. ლომი მამაცად დაიცავს მთვარეულ ქმნილებას უხეში სამყაროს დარტყმებისგან,კირჩხიბი საპასუხოდ სინაზითა და სიყვარულით აავსებს მის გულს. ბოლოს და ბოლოს,ისინი მზისა და მთვარის შვილები არიან და ეს ორი მნათობი მილიონობით წელი ახერხებს ჰარმონიულ თანაარსებობას ცის კაბადონზე.

მზის(მამობრივი) და მთვარის (დედობრივი) კომბინირებული გავლენიდან გამომდინარე,ლომი და კირჩხიბი შესანიშნავი მშობლები ხდებიან. მათ უნდა ახსოვდეთ,რომ კირჩხიბი,როგორი შეუმჩნეველი ტაქტიკითაც არ უნდა მოქმედებდეს,მმართველობისთვის არის დაბადებული და ლომმა უნდა მისცეს ამის საშულება. ვინაიდან ლომი მუდმივი ნიშანია,კირჩხიბმაც,თავის მხრივ,უნდა მისცეს ლომს საკუთარი ცხოვრების ორგანიზების უფლება,რასაც ყველა ფიქსირებული ნიშანი მშვენივრად ახერხებს. ამგვარად,ლომი ყოველთვის მზიურ პიროვნებად დარჩება და არაჩვეულებრივად გამოავლენს კირჩხიბის მთვარეულ სინაზეს. განა ეს არ არის ჭეშმარიტი შეთავსება? კირჩხიბი ლომს სიყარულითა და სინაზით ანებივრებს,ლომი კი თავისი ჩვეული გულუხვობით ჩუქნის მზის სინათლეს წვიმის შემდეგ,რადგან მის ცვალებადობას გაგებით ეკიდება და დიდსულოვნად პატიობს.

ეს ორი ნიშანი აუცილებლად შეეტაკება ერთმანეთს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. კირჩხიბს მიაჩნია,რომ ლომი მოუთვინერებელი და მფლანგველია. ლომმა შეიძლება ხმამაღლა გამოუცხადოს კირჩხიბს,რომ ის ძუნწია.

_ზედმეტი სურვილები და დანახარჯები არაფერს გარგებს!_მაშინვე მარწუხებს აატკაცუნებს წინდახედული და ყაირათიანი  კირჩხიბი.

_თუ ახალ ხალიჩას არ შევიძენთ,მე წავალ!_ღრიალებს ლომი.

სამეფო სისხლი უმაღლესს ხარისხს ითხოვს,რადგან ეს თავის ბუნებრივ უფლებად მიაჩნია. „დიდი კატები“ ძალიან ღიზიანდებიან და ითრგუნებიან,როდესაც გაცვეთილ გარემოში უწევთ ყოფნა ან მათ უარს ეუბნებიან იმაზე,რასაც აუცილებლობად თვლიან(თუმცა სხვები შეიძლება ფუფუნებადაც მიიჩნევდნენ).

ცხადია,არსებობენ ლომები,რომლებიც აკურატულად ხარჯავენ ფულს და შეიძლება ძუნწებიც კი იყვნენ. სწორედ ისინი ახერხებენ კირჩხიბებთან „მეფურ“ თანაცხოვრებას. თუმცა ლომთა უმეტესობა,მამაკაცები იქნებიან თუ ქალები,ბავშვები თუ ზრდასრულები,ვერ ეწინააღდეგებიან საკუთარი თავის (სხვებისაც,ლომი ხომ გულუხვია?!) საჩუქრებით გახარების სურვილს. ლომებს ამის სრული უფლება აქვთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ მსუყე თანხების გამომუშავება ნიჭიერების,გონიერებისა და ორგანიზაციული უნარების წყალობით. მაგრამ როდესაც ლომი კირჩხიბის გამომუშავებული თანხების ხარჯვას იწყებს,ეს უკვე მართლა სახიფათოა!

ტიპურ კირჩხიბს სამკვდროდ ჩაჭიდება ახასიათებს_ძველ ფოტოებზე,ძველ სიყვარულზე, ნახევრად დავიწყებულ მოგონებებზე,ძველ კოშმარებზე,მტრებზე,შიშებზე და ქვითრებზეც,წარწერით „გადახდილია“. ის აღმერთებს ყველაფერ ძველს,თუმცა ფულს ეს არ ეხება. ახალია ფული თუ ძველი,უნდა შეინახო! კირჩხიბები შეიძლება გულისამაჩუყებლად ხელგაშლილები იყვნენ საკუთარ ოჯახის წევრებსა და ბავშვებთან. ისინი არასდროს შეაქცევენ ზურგს გაჭირვებაში მყოფ მეგობარს,მაგრამ კირჩხიბები ვერ იტანენ ფულის ფლანგვას ქარაფშუტულ ახირებებზე. უცნაური ის არის,რომ კირჩხიბი არ ავლენს ასეთ მარწუხმომჭირნეობას საკვებთან დაკავშირებით. რესტორნებსა თუ სხვა კვებით დაწესებულებებში კირჩხიბი ნამდვილი მფლაგველი ხდება,რითაც ფრიად აკვირვებს თავის ნაცნობებს და თითქმის ყველას,მიმტანის გარდა. მომსახურე პერსონალისთვის გამეტებული ხელის ქირა იმდენად „გონივრული“ იქნება,უხერხულობისგან შეშმუშნულმა ლომმა შეიძლება ათი დოლარი დაუმატოს და უმჯობესი იქნება,თუ ამას ჩუმად გააკეთებს,რომ საჯაროდ არ შეარცხვინოს კირჩხიბი. დამიჯერეთ,არაფერი კარგი ამას არ მოჰყვება.

უცნაურია,რომ ორივე ნიშანს საერთო გატაცება აქვს_ფოტოგრაფია. ყველას არა,მაგრამ ამ ნიშნების 90% აქვს ფოტოაპარატი. ლომს სავარაუდოდ ძვიღადღირებული მოდელი ექნება,მაგალითად ნიკონი. უმეტეს შემთხვევაში მისი ფოტოგრაფირებისადმი სიყვარული იმით არის გამოწვეული,რომ თავად ძალიან უყვარს ავტოპორტრეტული სურათების გადაღება და სხვების ობიექტივების წინაშეც სიამოვნებით პოზირებს დრამატულად. კირჩხიბს შეიძლება შედარებით იაფფასიანი „ბრაუნი“ ჰქონდეს,მაგრამ გამორიცხული არ არის,ის გერმანიაში დამზადებული იშვიათი ეგზემპლარი იყოს. კირჩხიბი ყოველთვის სიამოვნებით აბანდებს ფულს გონივრულ და პრაქტიკულ ანტიკვარიატში. მისი აზრით,ფოტოაპარატი,რა თქმა უნდა,გონივრული და პრაქტიკული შენაძენია,რომელსაც დღევანდელი დღის უკვდავყოფა შეუძლია,რათა შეაფასოს ის ხვალ,როდესაც გუშინდელი დღე გახდება. ფოტოაპარატი მეხსიერებას მარადისობას ანიჭებს. თავად კირჩხიბიც არანაკლებ ჰგავს ჰიპერმგრძნობიარე ფოტოფირს,რომელიც ყველა შთაბეჭდილებას აღიბეჭდავს თავის ფაქიზ სულზე.

კარგია,როდესაც ამ ორი ნიშნის წარმომადგენლებს საკმარისი მოთმინება აქვთ. ლომი ყოველთვის წინ მიიწევს,კიდევ უფრო დიადი მიღწევებისკენ. შეიძლება მხოლოდ იმიტომაც,რომ წინდახედულ კირჩხიბს თავისი აღმატებულება დაუმტკიცოს. თუ მათ შორის შემოქმედებითი ჰარმონიაც სუფევს,კირჩხიბის შეუმცდარი ინტინქტები და დაჟინებულობა ლომს დიდად დაეხმარება თავისი გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში.

 

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და ლომი ქალი

_არ წახვიდე პიტერ_ეხვეწებოდა ის_მე იმდენი ზღაპარი ვიცი!

ზუსტად ეს იყო მისი სიტყვები და ამიტომ ვერ უარვყოფთ,

რომ პირველმა სწორედ მან შეაცდინა პიტერი.

 

 

ლომს მიაჩნია,რომ კირჩხიბი მამაკაცი უცნაური,ნაზი და მგრძნობიარეა. ლომი არავის იცნობს,ვინც ასე ყურადღებიანი იქნებოდა მისი,როგორც ქალის,მიმართ. კირჩხიბი მის ხელმძღვანელობასაც ცდილობს და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებასაც აძლევს. ცხადია,ეს მის ცვალებად განწყობებზეა დამოკიდებული… მაგრამ კირჩხიბი ყოველთვის ზრუნავს მასზე და ნამდვილად  უწევს ანგარიშს მის გრძნობებს. ის რბილად,მაგრამ მტკიცედ იცავს ლომს უხეში,ვულგარული და გაუთლელი ხალხისგან. ასეთი სათუთი მოპყრობა კი ლომს მხოლოდ ბავშვობაში ახსოვს. როგორც იქნა,მან ისეთი მამაკაცი იპოვა,ვინც ნამდვილად აფასებს. თუმცა ლომს რაღაც აშფოთებს მათ ურთიერთობაში,რაღაც გაურკვეველი,ჩურჩულით ნათქვამი გაფრთხილებასავით. ნეტავ,რაზე მიანიშნებს ეს გაფრთხილება?

ის,რასაც ლომი გრძნობს,კარდინალური ჯვრის ვიბრაციაა,რომელიც  ასტროლოგიაში ლიდერობას განასახიერებს. ეს კი იმას გულისხმობს,რომ გალანტური და თავაზიანი მანერების,იუმორისა და მხიარულების  მიღმა,კირჩხიბში ისეთი ადამიანი იმალება,რომელსაც სურს და შეუძლია ყველაფერი,და მათ შორის ლომის ცხოვრებაც,მართოს. კირჩხიბი მამაკაცი არასდროს ყვირის და არც რისხვისგან ალდება. ლომ ქალს არ აშინებს ღია და პირდაპირი გამოწვევები,ეს მისთვის ერთგვარი სტიმულიც არის. მაგრამ ის გრძნობს,რომ ეს მამაკაცი უსიტყვოდ და რბილად,ქვეცნობიერი მანიპულაციებით ხელმძღვანელობს მას. პატარა სამეფო ექნებათ თუ დიდი,ის თანამშრომლობით უნდა იმართოს. დაე,ლომმა ყველა მეჯლისზე  იაროს და ერთი-ორი ლალის ქვა შემატოს თავის ტიარას. დაე,ბრძანებებიც გასცეს სახლში და თავად გადაწყვიტოს,რომელი მონოგრამა უფრო ლამაზად გამოიყურება  თეთრეულსა და დანა-ჩანგლის სერვისზე. დღესასწაულებზე შეუძლია ვარდებით მორთულ ტახტზე იჯდეს და იღიმოდეს… მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხს კულისებიდან კირჩხიბი აგვარებს.

ცხადია,ლომის ყველა ახირება პრივილეგირებული სიყვარულით აღსრულდება კირჩხიბის მხრიდან,მაგრამ დაჟინებული მარწუხა მის იმპულსურ გამოხტომებსაც ასეთივე წარმატებით ჩაახშობს. ლომისთვის ეს მცირედ მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდება. ის ხომ თვლიდა,რომ ამ მამაკაცში წყლის სტიქიის ყველა ღირსება იქნებოდა თავმოყრილი_ სიკეთე,თანაგრძნობა,სირბილე და მგრძნობიარობა… დიახ,კირჩხიბი მართლაც ფლობს ყველა ამ ღირსებას,მაგრამ რა ვუყოთ კარდინალური ჯვრის თვისებრივ ლიდერობის სურვილს? თქვენო უდიდებულესობავ,თუ თქვენ ისეთ კაცს ეძებთ,რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილი ღირსების მატარებელია და არც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია,მაშინ ძიება მორიელებსა და თევზებში განაახლეთ. ცვალებადი თევზები საერთოდ არ ეცდება თქვენს მართვას, ყველაზე შეუმჩნეველი მეთოდებითაც კი,მაგრამ ისინი არ არიან კირჩხიბივით საიმედოები. მართალია,თევზები ჭკუითა და მგრძნობიარობითაც გამოირჩევიან,მაგრამ მათ ძალიან არ უყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ყოველთვის ხელიდან დასხლტომას ცდილობენ. რაც შეეხება მორიელს,არც ის დახარჯავს თავის ცხოვრებას თქვენს წინამძღოლობაზე. მორიელი წყლის მუდმივი ნიშანია. ის უბრალოდ თქვენი ცხოვრების მოწესრიგებას შეეცდება,ეს არის და ეს. მაგრამ თუ თქვენ,შემთხვევითაც კი,ცუდად შეეხებით მის სიამაყეს ან განარისხებთ,როგორ ძლიერადაც არ უნდა უყვარდეთ,მორიელი მწარედ დაგგესლავთ,რასაც კირჩხიბი არასდროს გააკეთებს. ის შეიძლება განაწყენდეს და ჩუმად შეიკეტოს თავის ჯავშანში. მაგრამ კირჩხიბი ნამდვილად არასდროს გიჩხვლეტთ მაშინ,როდესაც ყველაზე ნაკლებად ელით ამას მისგან.

კირჩხიბი მთვარით იმართება და ის რბილად ირეკლავს თქვენს მზიურ სხივებს,რომლითაც თქვენვე გინათებთ გზას. თუ ამას გააცნობიერებთ,თქვენ აუცილებლად მიხვდებით ამ ანარეკლის ფასს(აი,ლომი მამაკაცი ვერაფრით ხვდება). თქვენ ორგანიზატორთა მუდმივი ჯვრის ქვეშ დაიბადეთ და რატომ არ უნდა მისცეთ კირჩხიბს რბილად ხელმძღვანელობის საშუალება,რაც ასე მნიშვნლოვანია მისთვის? მით უმეტეს,რომ თქვენ შეგიძლიათ მისი ხელმძღვანელობის ორგანიზებით დაკავდეთ. ის არასდროს დაჩრდილავს თქვენს სხივებს. კირჩხიბი მხოლოდ ირეკლავს,ხომ გახსოვთ? თქვენ მზე ხართ,ის_მთვარე. თქვენ პასუხისმგებელი ხართ დღეზე,ის_ღამეზე. შეიძლება თუ არა ეს იმას ნიშნავდეს,რომ ლომი ქალი ბედნიერი იქნება,თუ თავის რჩეულ კირჩხიბს წინ გაძღოლის საშუალებას მისცემს მთვარით განათებულ სიყვარულის ბილიკებზე? ცხადია შეიძლება. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს,რომ მისი მმართველი მზე გაოცების თბილ შეგრძნებასაც აჩუქებს,დღის მონაკვეთში ფიზიკური სიახლოვისგან. მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენა მათ საშუალებას მისცემს,უარყონ ძველი და გაცვეთილი წესები.  ლომი იმგვარ ორიგინალობასა და სიმამაცეს გააღვიძებს კირჩხიბში,რომელზეც მას მხოლოდ ოცნება შეეძლო.

„ძველი და გაცვეთილი გზების უარყოფაში“ მე სულაც არ მიგულისხმია უწესრიგო სექსუალური ცხოვრება,სოდომური ცოდვები ან მთვრალი ორგიები ბერძნულ აკროპოლისში. მსგავს მცდელობებს არაფერი მოაქვს,იმედგაცრუებებისა და სულიერი გამოფიტვის გარდა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა,რომ ქალისა და მამაკაცის სექსუალური კავშირი შეიძლება ყოველთვის განახლდეს და გადახალისდეს. ამისთვის,სულაც არ არის აუცილებელი,ყოველთვის ქვეცნობიერში ჩაბეჭდილ   ჩვეულ სქემებს მიჰყვეთ. ეროტიული და ხორციელი სიამოვნება ყოველთვის შეიძლება  განსაკუთრებულ შეგრძნებებსა და მოგონებებს შეურწყათ,თივის ზვინებზე,შობის დილის თოვლზე,ვარსკვლავების შუქზე… იმაზეც კი,როგორი სურნელი აქვს გაზაფხულის წვიმით დასველებულ გაზეთს. ასეთ დეტალებს ნამდვილად შეუძლიათ ყოველდღიური განწყობის ამაღლება.

აი,რას ემსგავსება სექსი,როდესაც ის სწორი და ბუნებრივია. კირჩხიბი მამაკაცისა და ლომი ქალის ფიზიკური ერთობა შეიძლება ჯადოსნურ გამოცდილებად იქცეს. კირჩხიბის სექსუალური გრძნობები მეტად პოეტური და შთაბეჭდილებიანი,ჩუმი და ღრმაა. ლომის შეგრძნებები ძლიერი სურვილებით გიზგიზებს,თუმცა ხანდახან აგვისტოს დღესავით უღრუბლო და მშვიდია. კირჩხიბის ემოციური სიღრმე და ლომის ემოციური სითბო მათ კავშირს სრულ ნეტარებას ანიჭებს,მაგრამ ასეა თუ ისე,ეს მაინც წყლისა და ცეცხლის კავშირია და სრული უღრუბლობა შეუძლებელია. თუ ლომის სიამაყე ხელყოფილია,ის ძალიან ცივდება,თითქმის ფრიგიდულობამდე. თუ კირჩხიბი თავს უარყოფილად თვლის,ის იბუტება და ტირის კიდეც,ხანდახან უხეში და უგრძნობიც ხდება. მერე რა,რომ მისი წყენის მიზეზი შეიძლება წარმოსახვითი იყოს. კირჩხიბის წარმოსახვითი წყენები ისევე უშლის ხელს მათ ურთიერთობას,როგორც ლომის ცრუ სიამაყე. საბედნიეროდ,ორივეს უხვად მოეპოვება სხვა ტალანტებიც,რომელთა ამოქმედებაც ბევრად უკეთესი იქნებოდა. მათ ურთიერთობაში მთავარია სინაზე და თუ ის დეფიციტშია,არც მშვიდობაა,არც ბედნიერება და არც ურთიერთფლობის სიხარული.

როგორც ცნობილია,კირჩხიბი განწყობას მთვარის ფაზების შესაბამისად იცვლის. მთვარის გავლენა მყისიერად აისახება მის გონებასა და ემოციებზე. რა თქმა უნდა,ლომს ეს აწუხებს,ხანდახან აღიზინებს და აბრაზებს კიდეც. მაგრამ ლომის უზარმაზარ და მოწყალე გულს ნამდვილად შეუძლია ამის პატიება,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ის შეყვარებულია. ამასთან,ლომი არ მიეკუთვნება ადამიანთა იმ ტიპს,ვინც დიდხანს ბრაზობს,თუ მისი ასცედენტი ან მთვარე კირჩხიბის ნიშანში არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში,ისინი დიდხანს გაებუტებიან ერთმანეთს და ყველას,ვინც მათი სასიყვარულო წრის მიღმა დარჩება. თუმცა,საბედნიეროდ,სინასტრიაში მზე-მთვარის კონიუქცია იშვიათ ურთერთგაგებასა და შეთავსების მაღალ ინდექსსაც გულისხმობს.

თუ ტიპურ ლომს არ ახასიათებს ძველი წყენების გაცოცხლება,კირჩხიბი,პირიქით,საკმაოდ მტკიცედ ებღაუჭება მათ. მას რომ ლომისგან გულმოწყალება ესწავლა,ის გაცილებით ბედნიერი იქნებოდა და ეს ერთერთი იმ გაკვეთილია,რომელიც კირჩხიბმა არ უნდა უგულვებელყოს.

ერთერთ უმნიშვნელოვანესი და საკვანძო მომენტი,როდესაც კირჩხიბის ნიშანს განვიხილავთ,რა თქმა უნდა,დედამისია. კირჩხიბის დედას ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ უნდა შეეხოს  და უმცირესი ყურადღებაც არ უნდა მოაკლდეს. დედამისი იყო,არის და იქნება წმინდანი! მიუხედავად იმისა,ეკლესიის მიერ დაკანონებულია თუ არა. ლომს ეს ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს.

როდესაც ამ ნიშნების წარმომადგენლები ქორწინდებიან (და მათი კავშირი ზუსტად ასეც დასრულდება,რადგან კირჩხიბი მეოჯახე ნიშანია,ლომი კი მხოლოდ დედოფალი-ცოლის როლზეა თანახმა და არა ვიღაც მეგობარი გოგონასი),კირჩხიბმა უნდა იცოდეს,რომ მისმა მზიურად ნათელმა დედოფალმა რაიმე უნდა მართოს. თუ ასე არ ხდება,მაშინ ლომი ვინმეს მართვაზე გადადის და ეს „ვინმე“,ცხადია,კირჩხიბი აღმოჩნდება. ბუნებრივია,მათი შვილებიც,მაგრამ რა მოხდება,როდესაც ისინი სახლიდან წავლენ? თან შეიძლება მშვილდოსანი შვილებიც ეყოლოთ,რომლებიც მშობლიურ ბუდეს ძალიან ადრეულ ასაკში ტოვებენ. ამიტომ აჯობებს,კირჩხიბმა ხელი შეუწყოს ლომის კარიერას,რაც ძალიან ადვილია,რადგან დედამიწას ჯერ არ მოვლენია უნიჭო ლომი! თუ რაღაც მიზეზებით,ლომის კარიერა არ აეწყო,მაშინ კირჩხიბმა მას ოჯახში აბოლუტური(მაგრამ კეთილშობილი) მონარქის როლი უნდა დაუთმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,სასოწარკვეთილი ლომი ძალიან უბედური იქნება და კირჩხიბსაც გააუბედურებს. მთვარეული მამაკაცი უბრალოდ ვერსად დაემალება ძალაუფლებისმოყვარე მზეს. კირჩხიბმა შეიძლება დარდის ღვინოში ჩახრჩობა დაიწყოს და ერთხელაც,სხვა ქალაქში დასალევად გაქცეულმა,გადაწყვიტოს,რომ სახლში აღარ დაბრუნდება,სანამ ლომი არ მოუბოდიშებს. თუ  გავითვალისწინებთ,როგორ არ უყვარს ლომს ბოდიშის მოხდა,საკმაოდ მარტივი გასათვლელია,რომ კირჩხიბის იძულებითი გაქცევა დიდხანს გასტანს.

განა ეს ცხოვრებაა,როდესაც კირჩხიბი იაფფასიანი სასტუმროს ოთახში ბოთლჩახუტებული ზის? ლომი კი სასოწარკვეთილად ცდილობს ტკივილის დამალვას,უზარმაზარ სახლში მარტო დაბოდიალობს და თავს მიტოვებულად გრძნობს? ზუსტად ამ დროს დღის წესრიგში წამოტივტივდება თანასაკუთრების განაწილების თემაც. ვის დარჩება კირჩხიბის დედის ნაჩუქარი შალის საბანი,ავტოგრაფებისა და ღილების კოლექცია,მისი ანკესები და კაუჭები?.. და ლომის ლალის ტიარა,მისი ფენი,აღმოსავლური ძვირფასი ხალიჩები და ფარშევანგის ბუმბულები?.. ან მათი საერთო კატები და ძაღლები,ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ბალახის სათიბი?.. ან სტერეოსისტემა,დიდი ავტომობილი და პლაჟის სახლი,რომელმაც ლომმა კირჩხიბს აჩუქა? ან პატარა,ნახევარ მთვარის ფორმის ოქროს ამულეტი,კირჩხიბის საჩუქარი? დიახ,მათ განსხვავებულ საჩუქრების გაკეთება უყვართ: ლომს_დიდი,გულუხვი და ძვირადღირებული; კირჩხიბს_უფრო მომცრო ზომის,მაგრამ მისი სათუთი გულით შერჩეული. და ბოლოს,რა უყონ ჩეკის წიგნაკებსა და ქვითრებს,დაზღვევის პოლისებს,ყოველწლიურ გადასახადებსა და უძრავ ქონებას? ღმერთმა დაიფაროს ამ შავი დღისგან!

ჯობია ლომმა სიამაყე მოათვინიეროს,კირჩხიბი კი თავისი ჯავშნიდან გამოძვრეს. კარგი იქნება,თუ ჯუნგლებსა და ოკეანეში,მიწიერ წყენებზე ამაღლდებიან,რომ კვლავ იპოვონ საკუთარი თავი ერთმანეთის მკლავებში. როდესაც,ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ,ცეცხლისა და წყლის ელემენტები ირევიან,საოცარი ერთიანობა ისადგურებს,რომელიც არავითარ კანონებს არ ცნობს, საკუთარი წესების გარდა.

 

 

კირჩხიბი ქალი და ლომი მამაკაცი

ის თავზე მადლობისთვის კი არ დაჰფარფატებდა,

თავის ჯერ გამოუჩეკავ ბარტყებზე ნერვიულობდა.

 

ლომ ხვადსა და მთვარეულ გოგონას სურთ,მათი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. მათ რომანს განვითარების სამი შესაძლო სიუჟეტი აქვს:

1. რამდენიმე წლის შემდეგ ლომი კირჩხიბის მედიდური მბრძანებელი გახდება. შედეგად,კირჩხიბი ლომის სამეფო ახირებებზე და აქედან გამომდინარე,თავის განწყობაზე,შიშებსა და ცრემლებზე იქნება დამოკიდებული.

2. რამდენიმე წლის შემდეგ კირჩხიბი რჩეულის თავდაჯერებას თავისი რბილი,მაგრამ დაჟინებული მანევრებით ჩაახშობს და ამაყ ლომს აიძულებს ,სევდიანი დუმილით დაიხიოს უკან.

3. დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთს მოერგებიან,კომპრომისზე წასვლას ისწავლიან და დიდხანს იცხოვრებენ ერთად,სიყვარულით,სიცილით,ცრემლებითა და მტკივნეული გაკვეთილების ჩატარება-ათვისებით.

მესამე ვარიანტის განხორციელება არც ისე მარტივი ამოცანაა. ყოველ შემთხვევაში,ლაჩრებს და ეგოისტებს ნამდვილად არ გამოუვათ. წყლისა და ცეცხლის შესარევად  გაცნობიერებული სიფრთხილეა საჭირო. ლომი კირჩხიბის გამაოგნებელი ცვალებადობისგან დაიტანჯება,მაგრამ უნდა შეეცადოს,მის მესაკუთრულ ინტინქტებს გაგებით მოეკიდოს. თავის მხრივ,კირჩხიბმა მეტად ზერელად უნდა შეხედოს ლომის თავმოყვარეობას,რომელიც ხშირად ეგოიზმში გადასდის და შეეშვას ქრონიკულ თვითშეცოდებას იმის გამო,რომ ლომი მის გრძნობებს ხანდახან უყურადღებოდ ტოვებს.

იცის თუ არა ლომმა,რომ კირჩხიბის მესაკუთრული ჩაჭიდება ერთიორად შემცირდება,როდესაც მათ შვილები ეყოლებათ,რომელთაც სინაზისგან ცრემლებად დაღვენთილი კირჩხიბი იავნანას უმღერებს? და შეიძლება მოგვიანებით საერთოდაც გაქრეს,თუ ლომი მას შიშებს გაუქარწყლებს და უსაფრთხოების შეგრძნებას აჩუქებს. იცის თუ არა კირჩხიბმა,რომ ლომის მედიდურების უდიდესი ნაწილი შინაგანი თავდაუჯერებელობისგან იღებს სათავეს  და ის ვერაფერს მიაღწევს მისი სიამაყის დათრგუნვით? კირჩხიბი გაცილებით მეტს მიიღებდა ლომისგან,მისი ღირსებების გულწრფელი შეფასებითა და აღიარებით. თუმცა ლომისთვის ხოტბის შესხმისას კირჩხიბს მართლა ძალიან დიდი სიფთხილე დასჭირდება,რომ საკუთარი ღირსება და ინდივიდუალობა შეინარჩუნოს.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის წმინდანობისკენ მიმავალ გზასთან ასოცირდება,თქვენ მართალი ხართ, საუბარი ზუსტად ამაზეა! საჭიროა ბევრი წმინდა სიყვარული და მოთმინება,ხანდახან თვინიერებაც,რომ თითოეულმა მათგანმა საყვარელი ადამიანის გულისადმი მინდობა ისწავლოს,რადგან ორივეს განხვავებული ოცნებები აქვს. მაგრამ დაე,ამან არ შეგაშინოთ. არის საიმედო ასტროლოგიური გეგმა ამ კავშირის სამარადისოდ გადასაქცევად,მზით გამთბარი და მთვარის შუქით განათებული ბედნიერების თანხლებით.

კირჩხიბი გოგონა საკუთარ არსებაში თავისი ელემენტისა და მმართველის ორმაგ ფემინურ  გავლენას აერთიანებს. შესაბამისად,ის ქალურობის საიდუმლოების განსახიერებაა,ქალთა სქესის ყველა ჩახლართული სურვილი და თვით ევას ამოუცნობი ქცევაც. ლომი მამაკაცი თავისი ძლევამოსილი ნიშნის და ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრალური ვარკვლავის ორმაგ მასკულინურ გავლენას განიცდის. შესაბამისად,ის დამპყრობელ მამაკაცს,სიბრძნესა და ძალაუფლებას,ადამის თავნებობასა და სიამაყეს განასახიერებს. ახლა ხვდებით,როგორ შეუძლია კირჩხიბს ლომის ცდუნება და რატომ იხიბლება ლომი მისი სახლის ღვეზელებით? თუმცა კირჩხიბი კარდინალურ ჯვარს ეკუთვნის და ის საკმაოდ მბრძანებლური ევაა. ლომი_მუდმივ ჯვრის შვილია,რაც მას ჯიუტ ადამად აქცევს. მათ გაცილებით გაუადვილდებათ ურთიერთობა,თუ კირჩხიბი უარს იტყვის ლომის ძლიერ პიროვნებასთან მუდმივ ჭიდილზე. ამის ნაცვლად,სჯობს თავისი ნაზი და მშვიდი თვისებები გამოავლინოს.

მთვარისთვის  ბუნებრივია მზის თვალისმომჭრელი სხივების შთანთქმა და შემდეგ უფრო რბილ,მთვარის შუქად გარდაქმნა. დედაბუნების კანონებისთვის მიბაძვა არასდროს წაგიყვანთ მცდარი მიმართულებით. თუმცა არ ღირს მზისა და მთვარის როლების უტრირება,რითაც მხოლოდ გადამლაშების სახიფათო მახეში გაებმებით. სამწუხაროდ,კირჩხიბი-ლომის არაერთი წყვილი გაუცნობიერებლად მიიწევს ამ საფრთხისკენ.

ენერგიების მუდმივი ურთიერთგაცვლა მნიშვნწელოვნად დაეხმარება კირჩხიბსა და ლომს თავი აარიდონ როგორც ზედმეტ ბატონობას,ლომის მხრიდან,ისე გადაჭარბებულ თვინიერებას,კირჩხიბის მხრიდან. ამ წონასწორობის შენარჩუნებას დიდად შეუწყობდა ხელს ერთერთის მთვარე ან ასცედენტი ტყუპების ან სასწორის ნიშანში.

ბუნებრივი სასიყვარული მიზიდულობა,რომელსაც ისინი ერთმანეთის მიმართ განიცდიან,დროთა განმავლობაში შეიძლება შესუსტდეს. მათი ფიზიკური მიზიდულობა ძლიერია,მაგრამ აუცილებელია ხელოვნური ხელშეწყობაც. ხანდახან ლომი ძალიან იმპულსური,მომთხოვნი და უხეშია. კირჩხიბი კი კაპრიზული და პასიური. თუმცა როდესაც მათი ფიზიკური სიახლოვე ჰარმონიულია,ეს შესანიშნავია,რადგან კირჩხიბს შეუძლია საოცრად გულისხმიერი,ლომს კი საოცრად ნაზი და ალერსიანი იყოს. სექსუალურ ურთიერთობაში კირჩხიბის სირბილე ლომის ძალითა და ენერგიით ივსება,რაც მათ ვნებას განსაკუთრებულ სიღრმეს მატებს. თუმცა კირჩხიბის განწყობათა ცვლილებას და შინაგან შფოთიანობას ლომი ხშირად ურთიერთგაგების დეფიციტად აღიქვამს. ლომის დისტანციურობა კი,როდესაც გული დამძიმებული აქვს,კირჩხიბს გულგრილობად ეჩვენება.

ამდენად,ცრემლები მათი თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილია,მაგრამ ცრემლებს ხომ განკურნებაც შეუძლიათ. ლომისა და კირჩხიბის შემთხვევაში,შეიძლება სიხარულის  ცრემლებადაც იქცნენ,როდესაც ეს მიჯნურები ყველა შიშს უკან მოიტოვებენ,რადგან,ბოლოს და ბოლოს,მიხვდებიან,რომ დედამიწის ზურგზე  სიყვარულზე  მნიშნველოვანი არაფერია. ლომის მკლავებში ჩაძინებული კირჩხიბის სიზმრები ყოველთვის ფერადი და მშვენიერია,რადგან  მისი გული,თუნდაც მცირე ხნით,მაგრამ მაინც სრულიად თავისუფლდება ბავშვობის დროინდელი მარტოობის ქვეცნობიერი  შიშებისგან. ასეთ წუთებში ლომს ყველაზე კარგად ესმის,როგორ სჭირდება კირჩხიბი მას და მაშინ ლომი ტირის… მაგრამ კირჩხიბს სძინავს და ვერ ხედავს. ლომიც არასდროს მოუყვება ამაზე. კირჩხიბს უამრავი საიდუმლო აქვს,ლომს ერთადერთი _თავისი გულჩვილობა.

ლომი,რომელიც ზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს მთვარეულმა გოგონამ მოაჯადოვა,მუდამ განცვიფრებული იქნება მისით. კირჩხიბი ხომ ისეთი უმწეო და მორცხვი ჩანდა და ისე საჭიროებდა მის ძალასა და ხელმძღვანელობას. ლომი სითბოს მოზღვავებას იგრძნობს. მოგვიანებით ის აღმოაჩენს,რომ კირჩხიბი არამხოლოდ მდედრობითი სქესის არის,ის თავად ქალურობის განსახიერებაა. სუსტი სქესისადმი კუთვნილება მაცდურია,მაგრამ ქალურობა უფრო დასაფასებელი თვისებაა. კირჩხიბი მყუდროა და დედობრივად მზრუნველი. ის ყოველთვის შეუცდომლად იცნობს მის აზრებსა და გრძნობებს და ყოველთვის ლავანდის სურნელოვან უსაფრთხოების საბანში ახვევს.

გაცილებით გვიან ლომი კიდევ ერთ სიურპრიზს აღმოაჩენს,რაღაც ისეთ გაურკვეველს,რაც ზუსტ დეფინიციას არ ექვემდებარება. ეს მას ძლიერ აღაშფოთებს,რადგან ყოველთვის თვლიდა,რომ თავად იყო სიტუაციის ბატონ-პატრონი. ახლა კირჩხიბი მოულოდნელად გაურბის ხოლმე და ამით აგრძნობინებს,რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის,როგორც მას ჰგონია.

მთვარეული გოგონა არასდროს ავლენს ღია დაუმორჩილებლობას,თუმცა ნეონს ეჭვი უჩნდება,რომ კირჩხიბის გულში შეიძლება საიდუმლო ადგილებია,სადაც ნაწყენი მთვარეული ემალება. ლომს სურს თან გაჰყვეს და მოუბოდიშოს,მაგრამ გზა არ იცის. კირჩხიბის  დაჩქარებას ან იძულებას აზრი არ აქვს. ამიტომ,ლომს სხვა არაფერი დარჩენია,გარდა იმისა,რომ ელოდოს,როდის დაბრუნდება თავშესაფრიდან.  ლომი ისეთი ბედნიერია,როდესაც გამოცოცხლებული და გახალისებული კირჩხიბი კვლავ მათ რეალობაში ბრუნდება. ის კვლავ ბედნიერად ღიღინებს ვაშლის ღვეზელის ცხობისას და თრთოლვით აძგერებს   ლომის გულს თავისი თმების სურნელით,როდესაც ლოყაზე კოცნის. ახლა ზუსტად სადმე გამგზავრების დროა. კირჩხიბში მოგზაურობის წადილი იღვიძებს და თვალებანთებული ამბობს:“წავედით!“ ლომი მგზავრობის გეგმის შედგენას შეუდგება. ხვალვე გაემგზავრონ? რატომაც არა.

ერთად მოგზაურობა გამაცოცხლებელი სიოსავით მოქმედებს მათ სიყვარულზე. მაშინ კირჩხიბი მთლიანად მისი იქნება და იმავდროულად,თვითონაც  სამაგალითო მოწაფე გახდება. ლომი მას ყველა შესაძლო გაკვეთილს ჩაუტარებს. მნიშვნელობა არ აქვს,სად წავლენ_ლომი ყველა ადამიანის,ენის,მაღაზიისა თუ გეოგრაფიის საოცარ ცოდნას გამოვლენს. კირჩხიბი გოგონა დიდი ყურადღებით მოუსმენს. და სანამ ლომს უსმენს,მას სულ უფრო ცხადად ახსენდება,რატომ შეუყვარდა ეს მამაკაცი. ის ისეთი ამაღელევებლი გატაცებით უყვებოდა სხვადასხვა ისტორიას,თანაც ისეთი თავდაჯერებით,როგორიც თავად მას არასდროს ჰქონია. მაგრამ კირჩხიბს ერთი ალოგიკური დეტალი აღელვებს,ლომის თავდაჯერებასთან დაკავშირებით.  ის დიდხანს ვერ ხვდება: „თუ ლომი ასეთი თავდაჯერებულია,ამდენი იცის და მიაჩნია,რომ ყოველთვის მართალია,მაშინ რაში სჭირდება ჩემი თანხმობა ყველაფერზე?“

და მოულოდნელად კირჩხიბი მიხვდება: „ის მხოლოდ თამაშობს,რომ მამაცი,ძლიერი და ბრძენია. იმ შემთხვევების გარდა,როდესაც იცის,რომ მე მჯერა და მაშინ თვითონაც იჯერებს ამას!“

მაშინ მთვარეული ქმნილება იმ ცრემლებით ატირდება,რომლითაც თვით ევა ტიროდა,როდესაც პირველად იგემა შემეცნების ხის ნაყოფი.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top