კირჩხიბი და მორიელი

კირჩხიბი და მორიელი

უცნაურია,რომ ერთმანეთს წყალში არ შეხვდნენ.

კირჩხიბმა და მორიელმა ერთმანეთი შეიძლება მთაში გაიცნონ,როდესაც ზაფხულის ზარმაცი მზის ქვეშ ირუჯებიან ან სულაც  ზღვის ფსკერზე. თუ მათ შეხვედრა უწერიათ,ადრე თუ გვიან,ეს მოხდება და შეხვედრის ადგილთა შესაძლო ვარიანტები  უამრავია. ეს შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინა,რესტორანი ან ისტორიის ლექცია,რომელიც ასე ძალიან უყვარს კირჩხიბს. ასევე არქეოლოგიური გათხრები,ეკლესია ან  ტიბეტის მონასტერი. ან თუნდაც ბიბლიოთეკის რომელიმე განყოფილება,წარწერით „სექსი და ადამიანის სული“_ეს უკვე მორიელის წმინდა სავანეა.

აქ ჩვენ ტრინის კეთილისმყოფელი გავლენით დალოცვილ 9-5 მოდელის ვიბრაციაზე  ვსაუბრობთ,რაც იმას გულისხმობს,რომ ამ კავშირის ნიშნებს უპრობლემოდ ესმით ერთმანეთის. ცხადია,ასტროლოგია ვერ მოგცემთ გარანტიებს და საერთოდ,რომელ გარანტიებზეა საუბარი, როდესაც საქმე ადამიანურ ქცევებს ეხება? ასტროლოგია  წარმატებული ურთიერთობის ძალიან მაღალ შანსზე მიგანიშნებთ. საერთოდ,გარანტიები ძალიან მოსაწყენია,თქვენ ასე არ ფიქრობთ? არა,კიბორჩხალა და არწივი ასე არ ფიქრობენ. ამ ფორმულის სხვა ნიშნები,მაგალითად ვერძი და ლომი,ტყუპები და მერწყული,მხიარულად დაგვეთანხმებიან ამაში,მაგრამ არა ეს  წყვილი! მორიელები აღმერთებენ ყველაფერ საიმედოს,კირჩხიბებს კი სიტყვა „გარანტია“ ისეთივე ბრწყინვალედ და სასურველად ეჩვენებათ,როგორც მშობლიური სუფთა მდინარის დინება. ნამდვილად კარგი ალეგორიაა,რადგან ჩვენს დაბინძურებულ სამყაროში სუფთა დინების პოვნა ისეთივე რთულია,როგორ ასპროცენტიანი გარანტიის.

კირჩხიბსა და არწივს შორის ინსტინქტური და თითქმის ზებუნებრივი ურთერთგაგება სუფევს,რომელსაც ხშირად თავადაც გრძნობენ. ერთის ღირსებები და ნიჭიერება სასიამოვნოდ აღაფრთოვანებს მეორეს,თუ თვითონ მოკლებულია ამგვარ წყალობას. ამას ემპატია ანუ თანაგანცდა ეწოდება და უაღრესად დადებითად აისახება მათ ურთიერთობაზე,ბავშვები არიან თუ ზრდასრულები,საქმიანი პარტნიორები თუ მეგობრები,საყვარლები თუ მეუღლეები.

როგორც წესი,ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათ ცხოვრებაში_საგანგაშო და ტრაგიკულს ან ჯადოსნურსა და ბედნიერს. ორივეს ძალიან უნდა შვილები,მაგრამ თუ გარკვეული მიზეზების გამო,მათი ყოლა არ შეუძლიათ,მაშინ  მათ ბავშვობის მოგონებები აერთიანებთ. რაღაც უცნაური მეთოდებით,საკუთარი ბავშვობა მათი ურთიერთსიმპატიისა და მიზიდულობის მყარი საფუძველი ხდება. ისინი უდიდესი თანაგრძნობით ანუგეშებენ ერთმანეთს სევდიანი წარსულის გახსენებისას ან ერთად იცინიან,როდესაც ბედნიერ დღეებს იგონებენ. წარსული ყოველთვის სათუთად ინახება ორივე ნიშნის მეხსიერებაში.

კირჩხიბებიცა და არწივებიც კარგად იმახსოვრებენ სიკეთეს,მაგრამ ასევე არასდროს ივიწყებენ წყენას,განსაკუთრებით უსამართლოდ მიყენებულს. ისინი შეიძლება მთელი ცხოვრება უბრუნდებოდნენ ამ უსიამოვნო ემოციას,რომელიც ზუსტად ამ მიზეზით არასდროს გაფერმკრთალდება. მაგრამ ამ ეტაპზე მათი მსგავსება წყდება. კირჩხიბი თავისთვის სლუკუნებს და მარტოობაში ელოლიავება ნატკენ გრძნობებს,თვითშეცოდების თანხლებით. აი,მორიელი კი უთუოდ იზრუნებს „თვალი თვალის წილ,კბილი კბილის წილ“ პრინციპის აღსრულებაზე. დიახაც,ჭრილობა ჭრილობის,იარა იარის, დაჭეჭყილი ბამპერი დაჭეჭყილი ბამპერის,შეურაცხყოფა შეურაცხყოფის წილ! ანგარიშის გათანაბრება მორიელისთვის სამართლიანობის გაკვეთილია,თუმცა მცირედ საეჭვო. მართალია,მან ეს გაკვეთილი თავისი წინამორბედი ნიშნის,სასწორისგან მიიღო,მაგრამ თუ სასწორი სამართლიანობის აღსადგენად  გონების ძალითა და ლოგიკით მოქმედებს,მორიელი,ასე ვთქვათ,უფრო ხილულ და პირდაპირ მეთოდებს ამჯობინებს.

წყენა იშვიათად უბიძგებს კირჩხიბს თავდასხმისკენ. მისი საპასუხო რეაქცია შეიძლება იყოს მიმალვა და მაწყენარისთვის სრული უნდობლობის გამოცხადება მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ხანდახან ის უბრალოდ ჩამოწერს ადამიანს თავისი ცხოვრებიდან_ეს არის და ეს. არწივისთვის  კი სიტყვა „მიმალვა“ საერთოდ უცნობია. მან შეიძლება თავი მოგაჩვენოთ,თითქოს დაგნებდათ და უკან იხევს. მაგრამ დამიჯერეთ,ის აუცილებლად მოტრიალდება და კუდს მოიქნევს. ამ ადამიანებს გულის სიღრმეში მტკიცედ სწამთ,რომ დამარცხებას სიკვდილი ჯობია. ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს,საქმიან კავშირებს და ფეხბურთსაც_ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული მორიელის ასაკზე,სქესსა და ინტერესებზე. ისე არ იფიქროთ,რომ  რევანშიზმისკენ მიდრეკილება მორიელს ყოველთვის გაცნობიერებეული აქვს. მათ ამის გაკეთება უბრალოდ გაფიქრებითაც შეუძლიათ. ამ ნიშანს ძლევამოსილი პლუტონი მართავს და მერწმუნეთ,არ ღირს მათი გაბრაზება.

არის მორიელის აურაში რაღაც საოცრად მიმზიდველი და თუ ამას მის სამართლიანობის განცდას დაუმატებთ,მარტივად მიხვდებით,რატომ ენდობა ზეფრთხილი კირჩხიბი მას თვალდახუჭული.

რადგან ორივე წყლის სტიქიას მიეკუთვნება,თუ მათი ნათალური  მზეები დაზიანებულია,ისინი შეიძლება ალკოჰოლში,ნარკოტიკებში ან რეალობიდან გაქცევის სხვა ფორმებში ჩაიძირონ,უწესრიგო სქესობრივი კავშირების ჩათვლით. და მათ ნამდვილად შეუძლიათ ერთმანეთი ფსკერისკენ გაიყოლონ. ამოყვინთვა კი ძალიან გაუჭირდებათ. ასე რომ,უჩვეულო მიზიდულობა და ერთობის განცდა ამ წყვილისთვის შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. ამ შეთავსების ზოგიერთი წყვილი ბნელი ხელოვნების მსხვეპრლიც ხდება_ფსიქოლოგიური თავდასხმის,ვუდუს ან შავი მაგიის. მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი,ემოციური და სულიერად განვითარებული კირჩხიბი და არწივი შეიძლება ბავშვებივით უბიწონი იყვნენ და მთელი გულით სწამდეთ მაგიური აღმოჩენების. მაგრამ ორივემ,განსაკუთრებით როდესაც ერთად არიან,თავი უნდა აარიდოს ტრანსულ,ჰიპნოტურ და სპირიტულ სეანსებს საეჭვო მედიუმებთან.

ეს შეიძლება იყოს ყოვლისგამგები და ყოვლისმიმტევებელი ურთიერთობა. თქვენ,ალბათ,უკვე იცით,რომ კირჩხიბი და მორიელი იშვიათად  პატიობენ სხვებს,მაგრამ ერთმანეთის მიმართ საოცრად შემწყნარებლები არიან. თუ მათ მნათობებს შორის ჰარმონიული ასპექტებია,ისინი არამხოლოდ მიუტევებენ ერთმანეთს,ოდესმე წყენის დავიწყებასაც შეძლებენ,რაც ორივე ნიშნისთვის,დამეთანხმეთ,რომ სასწაულია.

საერთოდ,კირჩხიბსა და მორიელს უმცირესი  ძალისხმევაც ჰყოფნით ერთმანეთის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად.  მორიელი მარტივად მოიპოვებს კირჩხიბის ნდობას,რაც სხვებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ. კირჩხიბი კი მორიელისგან ისეთ საჩუქარს მიიღებს,რაც  ჯერ არავის ღირსებია_პატიებას. ეს ორი ჰიპერმგრძნობიარე ნიშანი უშიშრად გამოუტყდება ერთმანეთს საკუთარ მოწყველადობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან აქამდე ორივე  გულმოდგინედ მალავდა ამას ყველასგან. მათ ეშინოდათ,რომ ზემგრძნობიარობას ეს მკაცრი სამყარო სისუსტედ  ჩაუთვლიდა და მათსავე საწინააღმდეგოდ შეატრიალებდა.

ისინი უშიშრად ანდობენ ერთმანეთს თავიანთ საიდუმლოებებს,რომელსაც არც ერთ სულიერს არ გაუზიარებდნენ დედამიწის ზურგზე. არწივის გარდა,არავის შეუძლია კირჩხიბს ისეთი საიდუმლოებები ათქმევინოს,რისი მოყოლაც მას არ უნდა. თავის მხრივ,მთვარის ადამიანებიც შეუცდომლად გრძნობენ,რომ მორიელის გულგრილი გამომტყველება მხოლოდ ნიღაბია. ორივე ისედაც კარგი ტელეპატია,მით უფრო ერთმანეთთან მიმართებაში.

ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით,მათი ინტერესები მაინც ეჯახება და ერთერთი ასეთი საკითხი ფულია. მორიელს მხოლოდ სხვისი ფული აინტერესებს,კირჩხიბს…ზოგადად,ფული,მნიშვნელობა არ აქვს,ვისი_მთავარია,მწვანე იყოს! მორიელი ორიენტირებულია იმაზე,როგორ იშოვოს ფული,კირჩხიბი_როგორ არ დაკარგოს.

რადგან ყველა კირჩხიბი,ასაკისა და სქესის მიუხედავად,არანორმალურ სიამოვნებას განიცდის სხვებზე ზრუნვისა და მეურვეობისგან,მორიელი კი ყოველთვის ვინმეს დაცვას ცდილობს,ისინი ერთმანეთს ისეთი მზრუნველობითა და პროტექციით უზრუნველყოფენ,შეიძლება მალე ჩაიხუთონ კიდეც,თუ პერიოდულად სუფთა ჰაერზე არ განიავდნენ. მაგრამ ეს ურყევი საიმედოობის შეგრძნებაა.

კირჩხიბს დროდადრო შეიძლება მოეჩვენოს,რომ მორიელი ძალიან თავშეკავებულია. მორიელი ხანდახან ბრაზდება  და უცხოვდება,მაგრამ ეს ყველაფერი  უმნიშვნელო წვრილმანებია,მათი საოცარი ურთიერთგაგების ფონზე. განსაკუთრებით მაშინ,როდესაც  მრავალწლიანი ცხოვრებისეული გაურკვევლობების შემდეგ,როგორც იქნა,იმას შეხვდებით,ვინც ზუსტად გრძნობს თქვენს გულისცემას.

 

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და მორიელი ქალი

მისი სიზმრები უფრო მტკივნეული იყო,ვიდრე დანარჩენი ბიჭების.

ის საათობით ვერ ახერხებდა მათგან თავის დაღწევას,თუმცა საბრალოდ ტიროდა ძილში.

მგონი,თავისი არსებობის საიდუმლო ესიზმრებოდა. ვენდი კალთაში იწვენდა და თავზე ეფერებოდა.

როდესაც ის წყნარდებოდა,ვენდი ისევ თავის ლოგინში აწვენდა,სანამ გაეღვიძებოდა.

ასე რომ,მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმ დამცირებაზე,რომელსაც ვენდი უწყობდა.

 

ეს უკეთესი კომბინაციაა,ვიდრე პირიქით,როდესაც ქალი კირჩხიბია და მამაკაცი მორიელი, თუმცა მთლიანობაში ამ კავშირის ჰარმონიას სქესთა გადანაცვლების ფაქტორი ვერაფერს დააკლებს. მორიელის მფარველ პლუტონს უფრო დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვს,ვიდრე კირჩხიბის მფარველ მთვარეს. იმადროულად,ჩვენ საქმე გვაქვს კარდინალური და ფიქსირებული კვადრატების განსხვავებულ გავლენასთან. კარდინალური ჯვრის ნიშნების ფუნქცია „ხელმძღვანელობაა“, ფიქსირებული ნიშნების_ „დაუმორჩილებლობა“.  ვგონებ,გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ,რა გახდება ამ წყვილის მთავარი პრობლემა.

ორივესთვის დამახასიათებელია ერთგულება,ძლიერი ემოციურობა და მდიდარი წარმოსახვა. ერთად მათ ბევრი შესანიშნავი რამის შექმნა შეუძლიათ_დიდებული სიყვარულის,მშვენიერი ბავშვებისა და წარმატებული კარიერის. როდესაც კირჩხიბისა და მორიელის აურები ერთმანეთს ერწყმიან,ეს შეიძლება ამაღორძინებელ ძალად იქცეს. ისინი,კუროებისა და თხის რქების მსგავსად,დღეგრძელობით  არიან დაჯილდოებულნი. სინამდვილეში,ყველა მზის ნიშნის ადამიანს ფარული რეზერვი აქვს მრავალჟამიერი მიწიერი ცხოვრებისთვის,მაგრამ ოდესმე ზუსტად ეს ნიშნები დაამტკიცებენ  ამას.

მაგალითად,თხის რქები ასაკის უკუქრონოლოგიის დემონსტრაციას გვიწყობენ და რაც უფრო ხანში შედიან,მით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. კუროები გვიჩვენებენ,რომ სიმშვიდე და მოთმინება უკეთ ინახავს სხეულს ჯანსაღ მდგომარეობაში. ისინი მაშინაც არ კარგავენ ძალას,როდესაც სხვები ნებდებიან. კირჩხიბები სიმჭიდის მშვენიერი მაგალითები არიან. მორიელმა კი იცის,რომ უჯრედების მაგიური განახლების წყალობით,თვით უკვდავებაც  შესაძლებელია. მართალია ჯერ მხოლოდ ქვეცნობიერ დონეზე იცის,მაგრამ ეგ არაფერი,არაჩვეულებრივი აღმოჩენების  წლები ჯერ კიდევ წინ აქვს.

ვინაიდან კირჩხიბ მამაკაცსა და მორიელ ქალს მშვენიერი შანსი აქვთ ჩვენს პლანეტაზე ბევრი წელი იცხოვრონ,მათ ნამდვილად გაუმართლათ,რადგან ვარსკვლავები  ბედნიერ თანაცხოვრებას ჰპირდებიან. სავარაუდოდ,ისინი არ მოაბეზრებენ ერთმანეთს თავს  პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მაინც.

საერთო ღირსებათა და ნაკლთა პარალელურად,მათ განსხვავებული თვისებებიც აქვთ. ამიტომ,პრობლემებს მთლიანად ვერ გამოვრიცხავთ. კირჩხიბს არ აქვს მორიელის პლუტონისეული ძალის ემოციები და არც მისი თითქმის იძულებითი მოთხოვნა,ხურდა დაუბრუნოს ყველას,ვინც აწყენინებს. ეს თვისება შეიძლება სერიოზული საფრთხე გახდეს მათი საერთო ბედნიერებისთვის,რადგან მორიელის გესლიანი კუდის ხშირი ჩხვლეტები კირჩხიბს აიძულებს სიმკაცრის ჯავშანში გამოიკეტოს. ამას გარდა,მორიელს ყოველთვის არ ესმის კირჩხიბის უმიზეზო სიფრთხილე და პერიოდული სიმორცხვე. მორიელისთვის გაუგებარია,რას ნიშნავს სიმამაცის ნაკლებობა,ისევე როგორც არ ესმის,რატომ აყოვნებს მისი რჩეული  წინააღმდეგობების გადალახვას,როდესაც პირდაპირი მოქმედებაა საჭირო. მას უბრალოდ უნდა ახსოვდეს,რომ კირჩხიბი რამდენიმე ნაბიჯით უკან(ან გვერდზე) იხევს,დარტყმის წინ,რადგან გარკვეული დრო სჭირდება,რომ დეტალურად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები. იქნებ სწორედ ამ თვისების წყალობით აღმოჩნდება კირჩხიბი იმაზე უკეთესი სტრატეგი,ვიდრე მორიელი ვარაუდობდა?

მიუხედავად  ქალურობისა და თავშეკავებისა,მორიელს არაფრის ეშინია დედამიწის ზურგზე… არც ცის კამარაზე,თუ მისი ნათალური მზე სხვა პლანეტების რთულ გარემოცვაში არ აღმოჩნდა. ამიტომ კირჩხიბის თავდაუჯერებლობა  მცირედ აწუხებს და აღიზიანებს მას. ისევე როგორც კირჩხიბს აშინებს და აღიზიანებს მორიელის მუდმივი მზაობა,თავით გადაეშვას სახიფათო გრძნობების ორომტრიალსა და უცნობ სიტუაციებში. თუმცა მათი კონფლიქტები,როგორც წესი,კირჩხიბის გულიანი სიცილის ტალღებით ირეცხება. მორიელს ძალიან სჭირდება მისი სიცილი,რადგან თავად იმდენად არის ცხოვრების საიდუმლოებებით შეპყრობილი,სასაცილოდ არ სცალია. დიახ,იუმორი ყველას კურნავს! ეს ის ხიდია,რომელსაც  ნებისმიერი გაუგებრობის გადალახვა შეუძლია. მაგრამ იუმორს ორმაგი ეფექტი აქვს_ხანდახან სიტყვა ტყვიაზე უკეთ კლავს. კირჩხიბმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი,რომ  ცხოვრების შეცნობის „ღვთაებრივ კომედიას“  შეყოლილმა,შემთხვევით რჩეულს არ გაჰკრას მარწუხი. მორიელის უზომო თავმოყვარეობა და არსებითად სერიოზული ხასიათი ამას უმტკივნეულოდ ვერ გადაიტანს. ის შეიძლება განაწყენდეს და თქვენ ხომ იცით,რასაც აკეთებენ ნაწყენი მორიელები? მართალია,ანგარიშს ათანაბრებენ! აი,მაშინ მართლა ჯობია კირჩხიბი თავის ჯავშანში დაიმალოს,სანამ ცუნამი ჩაწყნარდება.

ასევე დაუშვებელია კირჩხიბის ტემპერამენტის უგულვებელყოფაც. თუ მისი სათუთი გრძნობები შებღალულია,მას შეუძლია რამდენიმე დღით,კვირით და თვითაც კი(განსაკუთრებულ შემთხვევაში,წლით) გაიბუტოს. თვით პლუტონის განუზომელ ძალასაც კი არ ძალუძს ნაწყენი კიბორჩხალას ჯავშნიდან გამოტყუება,როდესაც განმარტოებული მარწუხა თავის ემოციურ  ჭრილობებს ელოლიავება.

და აი,აქ მივადექით ამ წყვილის მთავარ პრობლემას. მიუხედავად იმისა,რომ ეს შეთავსება,როგორც წესი,ჰარმონიულია,არის ერთი დაბრკოლების ლოდი,რომელსაც ან აკურატულად უნდა აუქციონ გვერდი  ან თავიდანვე უნდა ააფეთქონ. ეს ნაღმი საიდუმლოებებია. ორივე ნიშანი რაღაც გარყვნილ სიამოვნებას იღებს საკუთარი საიდუმლოებებისგან,მაგრამ ვერც ერთი ვერ იტანს,როდესაც რამეს უმალავენ. შეგიძლიათ მიახლოებით მაინც წარმოიდგინოთ,რაზე ვსაუბრობ?

ცხადია,ისინი ერთმანეთს უფრო გაანდობენ გულისნადებს,ვიდრე სხვებს,მაგრამ თითოეული ბოლომდე საიდუმლოდ ინახავს ყველაფერს,სანამ მეორე ცნობისმოყვარეობისგან კვდება. კირჩხიბს შეიძლება უძილობაც დასჩემდეს,მხოლოდ იმაზე ფიქრისგან,რომ მისი მეგობარი რაღაცას უმალავს,სულ რომ წვრილმანი იყოს და მას საერთოდ არ ეხებოდეს. მორიელსაც არანაკლები ინტერესი კლავს,მაგრამ,თქვენ წარმოიდგინეთ,ამასაც კი მალავენ: კირჩხიბი მთქნარებით,მორიელი გარეგნული გულგრილობის ცივი პოზით. თუმცა პლუტონიელს უკეთესად ეხერხება მთვარეულისგან  საიდუმლოებების დაცინცვლა,რადგან შესანიშნავად ფლობს შეუმჩნევლად დაკითხვის ხელოვნებას. ის ჩუმად აბრუებს მსხვერპლს ორაზროვანი კითხვებით,სანამ საბრალო არ აღმოაჩენს,რომ თვითონ გაყიდა საკუთარი თავი. რა თქმა უნდა,კირჩხიბს,რომელიც ამაყობს თავისი იდუმალებით,ეს ძალიან აღიზიანებს.

რა შეიძლება ვურჩიო აქ,როგორც ასტროლოგმა? სამწუხაროდ,ვერაფერი. ცხადია,შემიძლია დავარიგო,რომ მეტად გულახდილები იყვნენ ერთმანეთთან,მაგრამ ვინ დაგიჯერებს… ასე რომ,მათ ისღა დარჩენიათ იჩხუბონ,შემდეგ კი საძინებლეში განმარტოვდნენ და შერიგდნენ.

ეს ხუმრობა არ არის,რადგან სექსში ამ წყვილს თვალუწვდენელი სიმაღლეების მიღწევა შეუძლია. ამ კავშირისგან მოვლენილი ბავშვები ჭეშმარიტად „სიყვარულის პირმშოები“ არიან. როდესაც ქალი და მამაკაცი ფიზიკური სიყვარულით კავდებიან,ასტრალში მათი საერთო აურის სინათლე იგზავნება. ასე პოულობს  სული დაბადების არხს. ნამდვილი სიყვარულის აურის სინათლე,თავისი მაგიური დინებით,უფრო მაღალგანვითარებულ და კეთილშობილ სულს იზიდავს და პირიქით,მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად წარმოქმნილი აურა,ნაკლებად განვითარებული სულის განსხეულების არხი ხდება. რადგან ერთმაც და მეორემაც თავიანთი ადგილი უნდა იპოვონ კარმულ ბორბალზე,ამაშიც არის უზენაესი წესრიგის გარკვეული დანიშნულება. თუმცა როდესაც სხეულის ყივილს სინაზე და ნამდვილი სიყვარული ახლავს თან,ეს მხოლოდ აკეთილშობილებს შედეგებს.

კირჩხიბსა და მორიელს ასეთი კოსმიური პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდებათ. მათ სრულიად გაცნობიერებული აქვთ თავიანთი სიყვარული. ისინი ინსტინქტურად აერთიანებენ თავიანთ გონებრივ,ემოციურ და ფიზიკურ ენერგიებს და სწორედ ეს არის ექსტაზის საიდუმლო გასაღები,რომელსაც ვერასდროს განიცდიან ისინი,ვინც სექსუალურ სურვილს სხვა სურვილებისგან გამოყოფენ და მხოლოდ გრძნობით განცდებს ეძებენ. ემოციური სინაზე და მენტალური ლტოლვა,რაც კირჩხიბსა და მორიელს აერთიანებთ,ისეთი ხარისხის სიყვარულს იძლევა,რომელსაც ბევრი წყვილი ვერც აცნობიერებს.

მორიელი ქალი თავის სასიყვარულო ვალდებულებებს ძალიან სერიოზულად ეპყრობა,თითქმის რელიგიური აღტყინებით. მაგრამ თუ მან აღმოაჩინა,რომ მას ისეთივე მხურვალებით არ პასუხობენ,დაუნანებლად მოუღებს ბოლოს საკუთარ გრძნობებს. დაე,ეს გაფრთხილება იყოს მათთვის,ვისაც ამ ქალთან ურთიერთობის შენარჩუნება უნდა.

კირჩხიბი მამაკაცი გაუწონასწორებელია,ხშირად მღელვარე და მომთხოვნი. იმისთვის,რომ ბუნებრივად საყვარელი და დელიკატური გახდეს,მას დახმარება სჭირდება,საკუთარ ცნობიერ თუ ქვეცნობიერ შიშებთან გასამკლავებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში,მისი გაღიზიანება დღითიდღე იმატებს და სულ მალე ის უკუსვლით გაბობღდება კვლავ სახლში,დედასთან_ ერთადერთ ქალთან,რომელსაც მისი ყოველთვის ესმის.

კირჩხიბის ოცნებები,ისევე როგორც მორიელის განსაკუთრებული სამყარო,მკაცრი რეალობისგან სათუთ დაცვას საჭიროებს. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს_ჩვენს დროში ხომ ასე იშვიათად ვაწყდებით ნამდვილ სიყვარულს. არც ერთი სხვა მამაკაცი არ ეპყრობა მორიელ გოგონას ისეთი რიდითა და მოწიწებით,როგორც კირჩხიბი და არც ერთი ქალი ისეთი სისასუთით არ გაუფრთხილდება კირჩხიბის ოცნებებს,როგორც მორიელი. ცხადია,დედამისის გამოკლებით. ჰო,რადგან ვახსენეთ,დედაც მხარს უჭერს მათ კავშირს. დამიჯერეთ,სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მარწუხას ქალის იდეალი_სხვა ქუჩაზე,სხვა ქვეყანაში,სხვა კონტინენტზე თუ ზეცაში_ის თავის უხილავ სიმპატიას უგზავნის შვილის რჩეულს.

ღირსეული კირჩხიბი მიუტევებს მორიელს გაშმაგებულ გამოხტემებს,გესლიან სიტყვებსა და რევანშისტულ ქცევებს,რადგან მას არასდროს ავიწყდება ის ჭეშმარიტება,რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიტყო. კირჩხიბმა კარგად იცის,რომ სიყვარულის ანტიპოდი სიძულვილი კი არა,გულგრილობაა. მას შეუძლია ნებისმიერ რამეს ელოდოს მორიელისგან,გულგრილობის გარდა. სიმართლე რომ გითხრათ,მორიელს ახასიათებს მათი სრული იგნორირება,ვინც ეზიზღება,თითქოს  ისინი საერთოდ არც არსებობენ და მისთვის ეს მართლაც ასეა. მაგრამ  როდესაც საქმე იმ მამაკაცს ეხება,რომელიც მორიელს ოდესღაც მაინც უყვარდა,თუნდაც ძალიან ადრე,ის მისთვის ყოველთვის იარსებებს.

არასდროს მოტყუვდეთ მორიელის გარეგნული სიმშვიდით,რითაც ის თავის ტკივილებს და ტანჯვას მალავს. ის შეიძლება სიყვარულისგან კვდებოდეს ან სიძულვილით გიზგიზებდეს,მაგრამ მთელ მის გრძნობათა კასკადში არ იქნება გულგრილობა. კირჩხიბს შეუძლია არასდროს შეეშინდეს ამის.

 

 

კირჩხიბი ქალი და მორიელი მამაკაცი

 

მან იცოდა,რომ ეს ღამე არ იყო,

მაგრამ ის ღამესავით ბნელი და წყვდიადი იყო.

რა იყო ეს?

 

კირჩხიბი გოგონა ნადვილად საინტერესოა,თუმცა რამდენადმე ამოუცნობი. გარეგნული თავშეკავებისა და სიმორცხვის მიღმა,თქვენ საოცრად თბილ იუმორის გრძნობასა და მხიარულებას აღმოაჩენთ. მასში ძალიან მცირეა ეგოიზმი და პატივმოყვარეობა,თუმცა მისი ხშირად არასწორად ესმით,როდესაც თავმოწონებასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. მას მართლაც აინტერესებს საიდუმლოებები,მაგრამ ღრმა და იდუმალი წყლები ძლიერ აშინებს… თუმცა მორიელი მამაკაცი სულ სხვა საქმეა _ამ საიდუმლოს ამოხსნის დაუოკებელ წყურვილს კირჩხიბი წინ ვერ აღუდგება და მზადაა,ამისთვის ყველა თავისი შიში დაძლიოს. ხუთიანი დაუწერეთ. მთვარეულ გოგონა ყოველთვის შიშებით არის გარემოცული. ნუ დაადანაშაულებთ მას სიმხდალეში. მის შიშებს იმდენად ღრმად აქვს ქვეცნობიერში ფესვები გადგმული,მათი გადალახვის ყოველი მცდელობა სათანადოდ უნდა დააფასოთ და აპლოდისმენტებით დააჯილდოვოთ.

და საერთოდ,გახსოვდეთ,რომ სათანადოდ დაფასება კირჩხიბის ყველაზე სანუკვარი სურვილია,თუმცა ამაში არ გამოტყდება. მას არათუ სათანადოდ არ აფასებენ,არც კი ცდილობენ,რომ გაუგონ. საბედნიეროდ,მორიელ მამაკაცს ორივე შესანიშნავად შეუძლია. იქნებ ამიტომ აღმოაჩენს მთვარეული გოგონა საკუთარ თავში საკმარის ძალას,რომ მის მზერას თვალი გაუსწოროს. კირჩხიბი გრძნობს,რომ მორიელი მამაკაცი ერთადერთი ადამიანია დედამიწის ზურგზე,ვისაც მისი ესმის… და ის მართალია.

ნებისმიერი  მამაკაცს,რომელიც კირჩხიბ გოგონას დაჟინებულად აშტერდება და მის საიდუმლო „მეში“ შეღწევას ცდილობს,ის მალე გამოაფხიზლებს ცივი შხაპით. მას ძალიან აღიზიანებს,როდესაც ვინმე,ვისაც არ ენდობა,მისი ნიჟარის დაუკითხავად გახსნას ცდილობს. მართალია,სტიქიურ ნათესავებთან ის იშვიათად მიდის ასეთ უკიდურესობებზე,საკმაოდ მომთმენია კუროებსა და ქალწულებთანაც,თხის რქასაც უჩვეულო მოთმინებით იტანს,მაგრამ ვერძსა და სასწორს  აგრესიული რეაქცია არ ასცდებათ.

კირჩხიბი არამხოლოდ გაუძლებს,მიიღებს კიდეც მორიელი მზერას,საკუთარი მიმნდობლობით გაოცებული. მაგრამ აქ უფრო საოცარი ის არის,რომ ჩვეულებრივ უკიდურესად  ეჭვიანი მორიელი მამაკაციც პირველივე მზერიდან ასეთივე ნდობას განიცდის ამ იდუმალი ქალის მიმართ.

აქამდე ორივეს სიცივეში ადანაშაულებდნენ და არც ისე უმიზეზოდ. ბოლოს და ბოლოს,ისინი წყლის სტიქიას მიეკუთვნებიან და ასტროლოგისთვის მარტივი გასაგებია,რომ მათ არ უყვართ თავიანთი გრძნობების ღიად დემონსტრირება. მაგრამ ტემპერამენტი არაერთგვაროვანი  ცნებაა და ის,რაც სხვებისთვის ცივია,მთვარეული გოგონა და არწივი ფრიად თბილად და მხურვალედ თვლიან. სამაგიეროდ,ორივე სენტიმენტალურია,შეიძლება კუროსა და ლომზე მეტადაც კი. მაგრამ არავის შეუძლია საკუთარი ემოციების შეკავება ისე,როგორც მორიელ მამაკაცს. ის წლების განმავლობაში ვარჯიშობს ამაში და თითქმის ყოველთვის ახერხებს ნეიტრალური გამომეტყველების „სახის“ აფარებას ყველაზე ძლიერი განცდების დროსაც _გაკვირვებისა თუ სიხარულის,წყენისა თუ ბრაზის. თუ ზრდასრულმა მორიელმა ეს ვერ მოახერხა,ე.ი. მის წინააღმდეგ მართლა ზებუნებრივი ძალაა მიმართული,რომელიც კონტროლს უბრალოდ არ ექვემდებარება. სხვები შეიძლება წლობით ვერ ამჩნევდნენ,მაგრამ კირჩიხიბ ქალს მშვენივრად ესმის და გულს უჩუყებს მისი ეს თავისებურება.

ახლა ხედავთ,რომ ისინი არც ისე ცივები არიან? უბრალოდ მათ უჭირთ შინაგანი განცდების გამონთავისუფლება. ძლიერი გრძნობებიც  გაჭირვებით ახერხებენ ჯავშნის გარღვევას. კირჩხიბსაც და მორიელსაც კი საკმაოდ მყარი ჯავშანი აქვთ_ბუნებრივი დაზღვევის პოლისი ყველაფრისგან,რასაც მათი ზემგრძნობიარე სულების დაზიანება შეუძლია. და მაინც,კირჩხიბს ხანდახან მოუწევს საკუთარ თავს  შეახსენოს,რომ ის,რაც მას სიცივედ და სისასტიკედ ეჩვენება,შესაძლოა ჩაკეტილობისა და გამოუთქმელი გრძნობების ნაზავი იყოს,რაშიც მორიელი ჯერ ვერ გარკვეულა. მორიელმაც უნდა შეახსენოს თავს,რომ მისი რჩეულის იდუმალება ხშირად მოსალოდნელი იმედგაცრუებისგან თავდაცვის მეთოდია,სანამ კირჩხიბი არ დარწმუნდება,რომ ის ნამდვილად უყვართ. არავინ ეძებს სიყვარულს ისე სასოწარკვეთილად,როგორც კირჩხიბი და არწივი. ამასთან, ეს არა ჩვეულებრივი,არამედ ყოვლისმომცველი სიყვარული უნდა იყოს,სინაზისა და ერთგულების ძაფებით გადაბმული კარმული ინიციაცია.

ეს მამაკაცი მაქსიმალისტია.მაგრამ თქვენ ვერასდროს შეატყობთ ამას და ჯობია,სიტყვაზე მენდოთ. მას რბილი ხმა და მოხერხებული სტრატეგია აქვს; შეუძლია დეპრესიის ფსკერზე ჩაეშვას და ექსტაზის მათრობელ სიმაღლეებზე აფრინდეს. მაგრამ მისი შემხედვარე,თქვენ ვერასდროს წარმოიდგინეთ,რომ მის ერთფეროვან ცხოვრებაში ასეთი აღმაფრენა და დაცემა იყო. არ მოტყუვდეთ. ცხადია,ეს რჩევა სხვა მზის ნიშნებისთვის არის,კირჩხიბს ის არ სჭირდება,მან ისედაც ყველაფერი მშვენივრად იცის. რა თქმა უნდა,მორიელის განდეგილის პოზა წლების განმავლობაში დაჟინებული ვარჯიშის შედეგია. მოზარდულ ასაკში,სანამ მორიელი სრულ თვითკონტროლს დაეუფლებოდა,ის ხშირად აძლევდა საკუთარ თავს ემოციური აფეთქების უფლებას.

მისი ოცნების მთვარეული ქალი სწრაფად აღმოჩენს მის მანკიერებებს: უნდობ ხასიათს,ეჭვიანობასა და დომინირებისკენ მიდრეკილებას,განსაკუთრებით საყვარელ ქალზე. მიუხედავას იმისა,რომ მორიელი შენიღბვის დიდოსტატია. მორიელიც სწრაფად გაერკვევა კირჩხიბის სუსტ მხარეებში_იდუმალება,მესაკუთრეობა და ჰიპერმგრძნობიარობა,რეალური თუ წარმოსახვითი წყენის მიმართ. ბოლოს და ბოლოს,წარმოსახვით წყენასაც ისეთივე ტკივილის მიყენება შეუძლია ზემგრძნობიარე კირჩხიბისთვის,როგორც რეალურს. ნებისმიერი ექიმი დაგიდასტურებთ,რომ ადამიანი,ამპუტაციის შემდეგ,საკმაოდ ცოცხლად გრძნობს ფანტომურ ტკივილს.

ნებისმიერი ტკივილი,ე.წ. ფიზიკურიც,ფსიქიკიდან იწყება და არა სხეულიდან. ასე რომ,როდესაც არწივი თავისი მთვარეული რჩეულის დაჭრილ გრძნობებს წააწყდება,პირველ რიგში,ის უნდა გააცნობიეროს,რომ მის საყვარელ ქალს გული საშინლად ტკივა და მნიშვნელობა არ აქვს,წყენის მიზეზი რეალურია თუ მისივე წარმოსახვის ნაყოფი. მაშინ მორიელმა რბილად უნდა აუხსნას,რომ მტკივნეული განცდები ტვინიდან იწყება. შესაბამისად მათი ლიკვიდაცია მხოლოდ პირველწყაროდან შეიძლება_ფსიქიკის ან წარმოსახვის. კირჩხიბის ქვეცნობიერი,სადაც მისი ღამეული კოშმარები და ბავშვობის შიშები ბუდობენ,აბსოლუტურად აკონტროლებს მის  სხეულს,ემოციებსა და ყველა რეაქციას. მაინც არ გჯერათ? უთხრით დაჰიპნოზებულ ადამიანს,რომ მის ხელისგულზე მოთავსებული საფოსტო მარკა იწვის და მას ხელი მართლა აეწვება. მიუტანეთ ყურთან ცეცხლი და უთხარით,რომ ეს ყინულია და დამწვრობა არ წარმოიქმნება. სწორედ ეს არის კირჩხიბთა შიშებისა და შფოთების გასაღები_მათი ყველა პრობლემის სათავე ემოციური ტკივილია.

სექსუალურ ურთიერთობაში მორიელი  სხვა მამაკაცებზე მეტი ძალითა და სურვილებით არის დაჯილდოებული. მისი მთვარეული მეგობარი კი სხვა ნიშნის ქალებზე  მეტად  რომანტიული და მგრძნობიარეა. კირჩხიბს ისე სჭირდება მორიელის სინაზის აშკარა ნიშნები: მოულოდნელი ვარდი,იების თაიგული მაგიდაზე ან ბალიშზე,პატარა კნუტი,ყელზე ბაფთით. ასეთი წვრილმანები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ლიბიდოზე.

მორიელმა უნდა იცოდეს,რომ კირჩხიბის მისთან ყოფნის მიზეზი,გულწრფელი სურვილია და არა თვალთმაქცობა ან მოწყენილობისგან გაქცევის მცდელობა. საერთოდ,ძალიან რთულია მორიელისგან რამის დამალვა და რატომ უნდა დახარჯოთ დრო და ნერვები ფუჭად? თუ მათ ყოველთვის ეხსომებათ ერთმანეთის გამოუთქმელი მოთხოვნები,მათი სიახლოვის წუთები შესაძლოა ჭეშმარიტად ჯადოსნური გახდეს. კირჩხიბსაც და მორიელსაც კარგად ესმით,რომ შეკავებული ვნება ნამდვილი ვნება არ არის. თუმცა ბოლომდე გახსნა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ,როდესაც  აბსოლუტურად ენდობიან ერთმანეთს. ის სინაზე,რომელსაც მთელი დღე ერთმანეთის თვალებში კითხულობენ_ასევე გრძნობების გამოვლენაა,რომელიც მათთვის აუცილებელია. დიახ,წყლის ნიშნების გრძნობები გულმოდგინედ არის დამალული და მათ არ უყვართ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ ესეც ბედნიერებაა,რომელსაც ისინი ფიზიკურ სიყვარულში აღმოაჩენენ.

ვიმედოვნებ,ისინი  გაუმკლავდებიან იმ ნეგატივს,რომელიც მათშია:კირჩხიბის ირაციონალურ შიშებსა და ხანდახან აუტანელ მესაკუთრეობას; მორიელის ეჭვიანობასა და რევანშიზმს და ორივეს ფინანსურ ზესიფრთხილეს. ახლა კვლა იმის გამეორება მინდა,რაც უკვე ვთქვი: როდესაც ისინი ნაწყენები არიან,ორივე საკუთარ თავში იკეტება და დუმს,ეს კი ყველაზე უარესი გადაწყვეტილებაა ამ ნიშნებისთვის(მაგალითად,ცეცხლის ნიშნებს,პირიქით,დუმილი დიდად არგებდათ). მათ შეიძლება წინასწარ მოილაპარაკონ,რომ ხმამაღლა განიხილონ თავიანთი პრობლემები და მშვიდად,წყენის გარეშე მოისმინონ ერთმანეთის შენიშნვნები. დამალვით და მიჩქმალვით წყენა არსად გაქრება,მაგრამ შეიძლება მახინჯ ურჩხულად გადაიქცეს,რომელიც მათ სიყვარულს გაანადგურებით ემუქრება. მართლა ძალიან  სამწუხაროა,როდესაც ასეთი კავშირი წყდება,რადგან ორივე ძალიან ბევრს კარგავს…

მორიელი მამაკაცი მოჩვენებით გულგრილობას გამოხატავს დღესასწაულების მიმართ,მაგრამ კარგად დააკვირდით მის,ერთი შეხედვით,აუღელვებელ სახეს,როდესაც საყვარელი ქალი საჩუქარს ჩუქნის. თქვენ აუცილებლად დაინახავთ წუთიერ ბედნიერებას,რომელიც მის სახეზე გაიბრწყინებს. თქვენ დაინახავთ მის ბავშვობის მზერას,სანამ ეს ვირტუოზული მოთამაშე თვითკონტროლს ისწავლიდა.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top