კირჩხიბი და მშვილდოსანი

კირჩხიბი და მშვილდოსანი

_ოჰ,ღმერთო!_თქვა ვიღაცამ.

ვიღაცამ დაამატა:

_რა სევდიანი დღეა!

მაშ ასე,აი,ჩვენი კიბორჩხალა_გარედან მაგარი,შიგნიდან რბილი და ნაზი. ბუნებრივია,ძალიან მგრძნობიარე. ის მძაფრად განიცდის შენიშვნის ყოველ ნიუანსს და ცხადია,ძალიან სათუთი და მოწყველადია.

აი,ჩვენი მეისრეც_მხიარული და გულითადი,არსებითად კეთილშობილი,მაგრამ ზოგჯერ სასტიკად გულწრფელი. თუმცა მისი სიმართლე ხანდახან ტაქტის მწიკვით არის შერბილებული… ან მისი ნახევრით.

მართლაც,საინტერესოა,რა ხდება,როდესაც ზემგრძნობიარე და ფრთხილი კირჩხიბი უდარდელ და არაპროგნოზირებად მშვილდოსანს გადაეყრება,რომლის დანიშნულებაც სიმართლის ისრების სროლაა? ეს დამოკიდებულია მთვარის ფაზაზე და მის ცვალებად ვიბრაციებზე. ამიტომ კირჩხიბები განსხვავებულად რეაგირებენ  მწარე ისრებზე: შეიძლება გაღიზიანდნენ და ბრწკენა დაიწყონ(კირჩხიბებს ბასრი მარწუხები აქვთ); ან ჯავშანში შეიყუჟონ,რომ ყველაფერი თავიდან განიცადონ,ისევ და ისევ და ისევ; შეიძლება ძლიერი წყენისგან ადგილზეც გახევდნენ და წამწამებზე სპეტაკი ცრემლი გაუკრთეთ.

უდარდელი დარდიმანდის წყალობით,შავ მელანქოლიაში ჩაძირული კიბორჩხალა,რომლის გრძნობებს ასე დაუდევრად მოექცა ეს თავქარიანი კენტავრი,ერთერთი ყველაზე საცოდავი სანახაობაა. ამ საყვარელი,მგრძნობიარე,აცრემლებული ქმნილების შემხედვარე,სული შეგეძვრებათ. მაშინაც კი,როდესაც კირჩხიბი გულმოდგინედ ცდილობს წყენა დამალოს,ნიკაპი საცოდავად უცახცახებს და ისეთი თვალებით გიყურებთ,სადაცაა თქვენც აგატირებთ.

ზუსტად ასე გრძნობს თავს მეისრე,რომელმაც ეს წუთია გაიაზრა,რომ უნებურად ისეთი რამ თქვა ან გააკეთა,რითაც მეგობარ,ნათესავ,საყვარელ თუ მეუღლე მთვარეულს ძლიერი ტკივილი მიაყენა. მშვილდოსანი მყისვე მოინანიებს და შეეცდება ჭრილობა მოუშოშოს(რომელიც თავად მიაყენა),სანუგეშებელი სიტყვებით:“ჰო,კარგი,მაპატიე. არ მინდოდა შენი წყენა,როდესაც გითხარი,რომ გონებაჩლუნგი ხარ. არ იტირო რა. მართლა დიდი მოაზროვნეც ხომ არ ხარ?!. და საერთოდ,გონება ყველაზე მნიშნველოვანი არ არის ადამიანში… აბა,როგორ ხარ? დაწყნარდი?“

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ,მაგრამ ხშირად სწორედ შემეცნებითი კირჩხიბი ხვდება,რომ შეუძლებელია მშვილდოსანს მისი უტაქტობა აუხსნა. მაშინ ეს ყველაფერი სასაცილოდ ეჩვენება და ისტერიულ ხარხარს იწყებს. სიმართლე რომ გითხრათ,მშვილდოსანთან კონტაქტი კირჩხიბისთვის სასარგებლოც არის. თავიდან მათი ურთიერთობა შეიძლება მტკივნეული იყოს. თუმცა დროთა განმავლობაში კირჩხიბი იმ დასკვნამდე მივა,რომ არ ღირს ასე მძაფრად რეაგირება. რადგან სამყაროში ყველაფერი ფარდობითია,ამ კავშირის მეორე უპირატესობა ის არის,რომ მშვილდოსანთან ურთიერთობის შემდეგ,სხვების დაუფიქრებელ შენიშვნები კირჩხიბს ქათინაურებად მოეჩვენება და შედეგად,ცხოვრებაც მნიშვნელოვნად გაუმარტივდება.

ეს დაახლოებით ტკივილის გადატანითი ეფექტით მოქმედებს. აი,წარმოიდგინეთ,კბილი რომ გტკიოდეთ და უცებ ფეხი მოიტეხოთ. კბილის ტკივილი ხომ მყისვე დაგავიწყდებათ?! ან კოღოს ნაკბენზე წუწუნებდეთ,უცებ მშვილდოსანი გამოჩნდეს და ვერბალური ბეისბოლის კეტი პირდაპირ თავში გთხლიშოთ. ერთადერთი,რაც დაგრჩენიათ,თავაზიანი მადლიერების გამოხატვაა,რომ კეთილშობილმა იუპიტერელმა წვრილმან სისულელეებზე წუწუნს გადაგაჩვიათ. რამდენიმე ნაკერი და თქვენი თავი და თავდაჯერებაც ახალივით იქნება. აქ მშვილდოსნები თავს მიქნევენ,რადგან ეს დაკვირვება ძალიან ლოგიკურად და ფილოსოფიურად ეჩვენებათ. ზოგმა შეიძლება დაამატოს კიდეც:“სრული ჭეშმარიტებაა!  ყველა უბედურებაში შეიძლება დაინახო პოზიტივი“.  მშვილდოსნები და სასწორები გიჟდებიან ამ ოპტიმისტურ დევიზზე. ცხადია,რთულია აქილევსის ქუსლში მოხვედრილი იუპიტერის ბასრი ისარი პოზიტივად ჩათვალოთ,მაგრამ ის,რომ მშვილდოსნები ოპტიმისტები არიან,ამას წყალი არ გაუვა.

ხანდახან კირჩხიბის მგრძნობიარობა და თანაგრძნობა,მშვილდოსნის გულწრფელობასთან ერთად,მშვენიერ ნაზავს იძლევა_მაგალითად,ნათელ აზროვნებას. ეს შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მათ ურთიერთობაში,ისე  ერთ ადამიანში,ვისი მზეც კირჩხიბშია,მთვარე ან ასცედენტი კი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში.

კირჩხიბი და მშვილდოსანი ხშირად შეეტაკებიან ერთმანეთს ფულის გამო,რომელიც მშვილდოსანს მუდამ ჯიბეს უწვავს. სამაგიეროდ,ფული არათუ კირჩხიბის ჯიბეს არ ერჩის,შეიძლება სიმძიმისგან ჩამოუხიოს კიდეც,რადგან მთვარეულები გიჟდებიან მის შეგროვებაზე,თან სხეულთან,რაც შეიძლება,ახლოს. ასე რომ,ფინანსურ უთანხმოებას თავიდან ვერ აიცილებენ,თუმცა თუ მოინდომეს,საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია. აი,მხოლოდ წარმოიდგინეთ,ასტროლოგიური თვალსაზრისით,როგორი ლოგიკური იქნება,კირჩხიბმა  დედობრივი(ან მამობრივი) მზრუნველობით ამოუკემსოს მშვილდოსანს გახვრეტილი ჯიბეები და მოთმინებით ასწავლოს ყაირათიანობა. თავის მხრივ,მშვილდოსანიც მზრუნველად დაიცავს კირჩხიბის ჯიბეებს ჩამოხევისგან,როდესაც ჩვეული უდარდელობით  შესთავაზებს ფულის ერთად დახარჯვას.

მშვილდოსნებს არანორმალურად უმართლებთ აზარტულ თამაშებში,ისეთშიც კი,როგორიც საფონდო ბირჟაა_ყველაზე მასშტაბური აზარტული თამაში თამაშებს შორის. ამაში ორმაგი სარგებელია: ეს ასწავლის კირჩხიბს უფრო ხელგაშლილი იყოს,როდესაც გააცნობიერებს,რომ მშვილდოსანს,მართალია ყოველთვის არა,მაგრამ მაინც შეუძლია ფულის მოულოდნელად გაორმაგება. ცხადია,დროდადრო ყველა მარცხდება,მაგრამ ტიპური მშვილდოსნებისადმი იუპიტერი მეტისმეტად კეთილგაწნყობილია,რომ მისი ხშირი დამარცხება დაუშვას. თუ მაინც ასე ხდება,კირჩხიბმა თავი უნდა შეიკავოს უკმაყოფილების,გაღიზიანებისა და ბუზღუნისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში,მშვილდოსანი უბრალოდ წავა და აცრემლებულ კირჩხიბს მარტო დატოვებს. რამდენიმე შენიშვნასაც არ დაიშურებს მისი კრიჟანგობის მისამართით და ამიერიდან კატეგორიულ უარს განაცხადებს  დახმარების აღმოჩენაზე,რადგან ეს უმადური მაინც არაფერს უფასებს.

კირჩხიბი,ქალი იქნება თუ მამაკაცი,ამ კავშირის ლიდერია. ის ხომ კარდინალური ჯვრის ნიშანია,მშვილდოსანი კი მუტაბელურის. კარდინალური კვადრატის გავლენა ყოველთვის უბიძგებს ადამიანს,ხელმძღვანელის როლი დაიკავოს. თუმცა ამ შემთხვევაში მაინც შეიძლება  წარმოიშვას გარკვეული სირთულეები. მართალია,მშვილდოსანს დიდად არ აინტერესებს  ლიდერის როლი და გაცილებით უკეთ გრძნობს თავს თავისუფალ მოძრაობაში,მაგრამ მას ძალიან არ უყვარს სხვისი ბრძანებების შესრულება. მის ადამიანურ ნაწილს კიდევ შეუძლია ფილოსოფიურად მიუდგეს ამ საკითხს,მაგრამ ცხოველური ნახევარი მთელი ძალით  ტლინკებს ყრის.  მშვილდოსანი ზოდიაქოს ერთერთი დუალისტური ნიშანია_ნახევრად ადამიანი,ნახევრად ცხენი. შესაბამისად,მისი ერთი ნაწილი სავსებით გონიერი,ხშირად განათლებული და ოპტიმისტურად ფილოსოფიურია, მეორე_ჯიუტი,შეუვალი და არაპროგნოზირებადი… საოცრად მარდიც,როდესაც პრობლემებს უნდა გაექცეს. მითიური კენტავრი ასევე თავაწყვეტილი ტლინკაობს,როდესაც მის თავისუფლებას რამე ან ვინმე ემუქრება.

სამწუხაროდ,კირჩხიბები მართლა ვერაფერს გააწყობენ თანდაყოლილ მესაკუთრეობასთან,თუმცა ყოველთვის  შეუძლიათ გონივრულად გამოიყენონ და ღირსებად აქციონ. მაგრამ როდესაც მათი ზღვარგადასული მზრუნველობა მშვილდოსნებისკენ იმართება,აქ დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მშვილდოსნებს  ბევრი თავისუფლება სჭირდებათ,რომ საკუთარ თავს არ უღალატონ. თუ კირჩხიბს ეს გამოუვიდა და მშვილდოსნის პიროვნულ თვითექსპრესიას ხელი არ შეუშალა,მშვილდოსანი კი კარგად დაფიქრდება,სანამ პირს გააღებს და კირჩხიბის სათუთ გრძნობებს თავის დაუნდობელ დაკვირვევებს დაუმიზნებს,ყველაფრის გადარჩენა შეიძლება.

დროთა განმავლობაში მშვილდოსანი მოხარული იქნება იმით,რომ კირჩხიბისთვის სარგებლობა მოაქვს. მშვილდოსანი ყოველთვის გრძნობს კირჩხიბში რაღაც საიდუმლოს,რომელიც მისთვის მიუწვდომელია. მთელი თავისი ცნობისმოყვარეობის მიუხედავად,ერთადერთი,რასაც მშვილდოსნის ერთ წერტილში დიდხანს შეყოვნება შეუძლია,ეს საიდუმლოა. ის დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალყურს ოკეანის მიქცევ-მოქცევას სავსე მთვარეზე. მაგრამ არის პერიოდები,როდესაც მშვილდოსანი ძალიან შფოთიანი ხდება და ასეთ დროს მან მარტო უნდა იქროლოს ქართან ერთად. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,ეს ძლიერ ხიბლავს კირჩხიბს.

იუპიტერის კეთილგანწყობილი იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ადამიანთა გაშაყირება,მაგრამ კირჩხიბმა შეიძლება ვერ შეაფასოს ხუმრობა. მაშინ მშვილდოსანი რბილად გაჰკრავს მუჯლუგუნს და კირჩხიბს გაეცინება. აქ საქმე მარტო ხუმრობას არ ეხება. უბრალოდ მშვილდოსნის იდეალიზმი,გულუბრყვილობა,სიმამაცე და ოპტიმიზმი სასიამოვნოდ აძგერებს კირჩხიბის გულს. იუმორის გრძნობას რომ თავი დავანებოთ,მშვილდოსნები თავადაც სასაცილოები არიან. ისინი მოუხერხებლად ეცემიან,მაგრამ ყოველთვის ღიმილიანი სახით დგებიან,რომ კიდევ ერთხელ სცადონ გამარჯვება. გამარჯვებულმა მშვილდოსანმა შეიძლება მოგების ნახევარი კირჩხიბს უწილადოს და ბავშვური აღტაცებით აუვსოს ჯიბეები. ვინ იცის,იქნებ ოდესმე გაჩუქებისგან მიღებული სიხარულის განცდაც ასწავლოს და მხიარულად გაუზიაროს  თავისი ჭეშმარიტებები.

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი

 

მათ კიდევ ცოტა ხანი ისაუბრეს კონკიაზე.

ყბედი დარწმუნებული იყო იმაში,

 რომ დედამისი ძალიან ჰგავდა კონკიას.

_სულელი ხარ შენ! _უთხრა ლინმა და გაფრინდა.

 

მართალია,მშვილდოსანი ასტროლოგიაში სიმბოლურად რელიგიას მართავს(თევზებსა და მორიელთან ერთად.რელიგია ხომ ცოდნის არაერთ შრეს შეიცავს.) და მართალია,ყველა მშვილდოსანი,ასე თუ ისე,უფიქრდება ამ საკითხს,მაგრამ კიბორჩხალაზე შეყვარებულმა მშვილდოსანმა გოგონამ შეიძლება დაივიწყოს უმთავრესი სულიერი რჩევა:“თავი ბედნიერად ჩათვალე და იქნები“.

რა თქმა უნდა, სრულიად დასაშვებია,რომ მისი იუპიტერული რწმენა და იდეალიზმი მცირედ გაუფერულდა იმ მამაკაცებთან ურთიერთობის წყალობით,ვინც მის სიყვარულს არ უფრთხილდებოდნენ და მას დაუდევრად,შეიძლება სასტიკადაც მოექცნენ. თუმცა მას მაინც ახსოვს იმ ბიჭის ნაზი თვალები,ვინც ყოველთვის უწვდიდა ფანქარს და მის გამო სკოლის ხულიგნებს ეჩხუბა. ეს მეექვსე კლასში იყო.  მას შემდეგ მშვილდოსანი არავის შეხვედრია,ვინც ოდნავ მაინც ემგვანებოდა მისი საიდუმლო ოცნებების უფლისწულს; ვინც მას ისე მოეპყრობოდა,როგორც თავის გულის სწორს; ვინც ეტყოდა,რომ ის ერთადერთია და მათი სიყვარული მარადიულია. მშვილდოსანმა ლამის უარი თქვა თავის ოცნებაზე და გადაწყვიტა,არასოდეს გათხოვილიყო… ან მდიდარი არაბი ეპოვა,რომელიც შეიძლება მისი იდეალისგან შორს იყოს,მაგრამ საკუთარი თვითმფრინავით გააქროლებს ნავთობის ფანტანების ქვეყანაში,სადაც აქლემებს აჭმევს თავისი ხელიდან…

და უცებ გამოჩნდა ეს გიჟური სასწაული. მას არც მუზარადი ეხურა და არც ჩალმა,არც თეთრ ბედაურზე იყო ამხედრებული და არც გრძელი ხალათი ემოსა(კონსერვატორი კირჩხიბი არასდროს გამოჩნდება ხალხში ასე უმსგავსოდ). დიახ,გარეგნულად ის არ იყო მშვილდოსნის იდეალის განსახიერება,მაგრამ მას ისეთივე ნაზი თვალები ჰქონდა,როგორც იმ განსაკუთრებულ ბიჭს მეექვსე კლასიდან. მშვილდოსანი ცხადად მიხვდა,რომ ეს მამაკაცი ყველაფრისა და ყველასგან დაიცავდა. რაც შეეხება გარეგნობას,განა ასეთი წვრილმანები მნიშვნელოვანია,როდესაც საქმე იდეალს ეხება? ზეცამ იცის,რომ მარწუხას მორცხვი ღიმილისა და მშვიდი ქცევების მიღმა,წარმოუდგენელი ოცნებები იმალება. და აი,მშვილდოსანმა დაივიწყა მწარე გამოცდილება და სიფრთხილე და მაშინვე თავი დაკარგა _ დიახ, მშვილდოსნებს ყოველთვის ასე უყვარდებათ!..

პირველი,რასაც ეს ქალი მიხვდება,მას შემდეგ რაც საკუთარ თავს გააკვირვებს,ის არის,რომ  არ შეცდა. ამ მამაკაცს მართლაც საკმარისი რეზერვი აქვს არამხოლოდ მშვილდოსნის,ბრიტანული თანამეგობრობის მხარდასაჭერადაც. თუმცა მშვილდოსანი მალე იმასაც აღმოაჩენს,რომ ის უფრო ბედნიერი იქნებოდა,კირჩხიბმა რომ ჩვეული სიფრთხილე დაივიწყოს. ცხადია,მთლიანად არა_მშვილდოსანს მოსწონს კიდეც,როდესაც კირჩხიბი თავისი სიფრთხილით ზედმეტი უდარდელობისგან აკავებს. ეს მართლაც შესანიშნავია,როდესაც ვიღაც საკუთარი თავისგან გიცავს. როდესაც ისეთ ადამიანს ხვდები,ვინც მართლა ზრუნავს შენზე. მაგრამ ზედმეტმა სიფრთხილემ შეიძლება გვარიანად ააღელვოს მშვილდოსანი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,რა მდგომარეობაშია კენტავრის ცხოველური ნაწილი,როდესაც აღკვეთილი თავისუფლების გამო ნერვიულობს?

ეს მზის ნიშნების 8-6 ფორმულის ურთიერთობაა და მშვილდოსანი ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას განიცდის თავისი VIII ნიშნის მიმართ. ის ცნობისმოყვარეა,მაგრამ კირჩხიბის იდუმალი და ცვალებადი გაწნყობები უფრო აინტერესებს,ვიდრე აღიზიანებს.  მთვარეული მამაკაცის შარმი მშვილდოსან გოგონას უჩვეულოდ თვინიერს ხდის. მაგრამ ხანდახან,როდესაც კირჩხიბი,მაგალითად,თავის დედას ადარებს,მფლანგველობაში ან იმაში ადანაშაულებს,რომ ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს და არასდროს უსმენს,მშვილდოსანი მოთმინებას კარგავს. რადგან იუპიტერი ყველაფერს  აზვიადებს,მშვილდოსანი გოგონა,მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მომთმენია,წყობიდან გამოდის და პირს აღებს. როგორც მოგეხსენებათ,მშვილდოსანი არ გამოირჩევა ტაქტითა და თავშეკავებით. ასე რომ,მისი საინფორმაციო ღრუ რაღაც იმდენად მწარეს და მჭახეს ამოუშვებს,კირჩხიბის ჰიპერსენსიტიური სული მძიმედ დაიჭრება. განაწყენებული კიბორჩხალა აბუზღუნდება. მშვილდოსანი საპასუხოდ კიდევ ერთ უტაქტო ისარს ისვრის.  მაშინ კირჩხიბი საკუთარ თავში ჩაიკეტება და ერთერთი ხანგრძლივი დუმილის პერიოდი დაეწყება,როდესაც მშვილდოსნის ბასრ სიტყვებსაც კი ყურებს მიღმა ატარებს.

იცით მაშინ რა უნდა გააკეთოს კენტავრმა? ტყეში წავიდეს(ბუნება ყოველთვის დადებითად მოქმედებს მშვილდოსნების ცხელ თავზე) და გონებრივად დაიბრუნოს თავისი ასტრალური „მე“_იმდროინდელი,სანამ კირჩხიბი გამოჩნდებოდა და მისი სული მარტოობითა და ბუნდოვანი სურვილებით იყო სავსე… მაგრამ,მგონი ყველაფერი შეიცვალა იმ მომენტში,როდესაც კირჩხიბმა პირველად გაუღიმა მისი მეექვსე კლასელი გმირის თვალებით და იმ  უდარდელი დროის მოგონება აღუდგინა,როდესაც ყველაფერი მარტივი და მშვენიერი იყო. დიახ,კირჩხიბსაც აქვს თავისი ნაკლი,მაგრამ მასში იმდენი სინაზე და მგრძნობიარობაა. თანაც ის უფრო მხიარულია,ვიდრე ბუზღუნა. და ის ნამდვილად ერთგული და პატიოსანია. კირჩხიბი არასდროს აწყენინებს მას განზრახ და ყოველთვის თავისი სიტყვის ერთგული იქნება. მთვარეული შეიძლება მეტად ხელგაშლილიც გახდეს,რადგან ძალიან უნდა,თავის რჩეულს ასიამოვნოს. მას ხომ სიტყვაც არ დასცდენია,როდესაც გასულ კვირას მშვილდოსანმა წმინდა ჯიშის კოლი იყიდა 900 დოლარად. ეს კი იმას ნიშნავს,რომ კირჩხიბი თავისთვის ფოტოაპარატს ვეღარ შეიძენს,რომელზეც  უკვე წელიწადზე მეტია ოცნებობს. და რაც ყველაზე მთავარია,კირჩხიბი არ არის თვალთმაქცი,რასაც მშვილდოსანი კატეგორიულად ვერ იტანს.

როდესაც მშვილდოსანი კირჩხიბის ყველა ღირსებას გადათვლის,სახლისკენ გაჭენდება პატიების სათხოვნელად. რისი გაკეთება შეუძლია მისთვის? შეიძლება მას სოკოს მარინადი უნდა_ზუსტად ისეთის,როგორსაც დედა უმზადებდა. მაშინ მარწუხა ნამდვილად გამოძვრება თავისი  ჯავშნიდან და კვლავ გაიღიმებს თავისი შესანიშნავი ღიმილით.

ბუნებრივია,მშვილდოსანში უფრო მეტი ცეცხლი და ვნებაა,მაგრამ ეს მხოლოდ სასიამოვნოდ აღიზიანებს მთვარეულს. კირჩხიბი  კარდინალური ნიშანია და ურთიერთობას ის მიუძღვის. და კიდევ,მისი მშობლიური სტიქიის მარადიული საიდუმლო,რომლის სიღრმეებშიც მშვილდოსანი სულ უფრო უკეთ ხვდება,რამდენად ცოტა იცის საკუთარ თავზე. წყალი შეუცნობელი,უსასრულო და მშვენიერი სტიქიაა და მშვილდოსანს ესმის,რომ აქ არ ღირს აჩქარება. კირჩხიბს ის იქ მიჰყავს,სადაც გრძნობები სასწაულს ჰპირდება და სადაც მთრთოლვარე ჯადოსნობა გაცილებით დიდხანს გრძელდება,ვიდრე ცხოველური ვნება,რომელიც მყისვე გაკმაყოფილებთ,მაგრამ აბსოლუტურად მოკლებულია სენტიმენტალურ მოგონებებს. ცეცხლი ამაღელვებელია, წყალი_ალერსიანი და დამამშვიდებელი. ერთად ისინი ღრმა და ძლიერი განცდებში ითრევენ ორივეს.

მაგრამ ფიზიკური სიყვარული ადამიანური ურთიერთობის მხოლოდ ერთი მხარეა. ასე რომ, კირჩხიბმა და მშვილდოსანმა უნდა ისწავლონ თავიანთი სტიქიების ფრთხილად შერწყმა სხვა სფეროებში. დროთა განმავლობაში,კირჩხიბი სულ უფრო დააფასებს მშვილდოსნის სიმამაცესა და სიმართლეს. მას სწამს,რომ მისი რჩეული მხოლოდ იმას გულისხმობს,რასაც ამბობს და მასთან არ უნდა ეშინოდეს ხრიკების. დროთა განმავლობაში მშვილდოსანი მიხვდება,რომ მადლიერია მისი ფრთხილი და წინდახედული მიჯნურის,რომელიც ყოველთვის იცავს შეცდომებისგან. ისინი ისეთი განსხვავებულები არიან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

კირჩხიბი ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი

_მე დედა არ მყავს_თქვა მან.

მას არამხოლოდ არ ჰყავდა დედა,არც უნდოდა,ჰყოლოდა.

საერთოდ,მიაჩნდა,რომ ადამიანს დედა არ სჭირდება.

_ოჰ,პიტერ,ახლა მესმის,რატომ ტიროდი!_

ვენდი ლოგინიდან წამოხტა და მისკენ გაექანა.

_სულაც არ ვტიროდი_აღშფოთდა ის_

ჩემს ჩრდილს ჩემზე მოწებება არ უნდა. და კიდევ,მე საერთოდ არ ვტირი!

 

ყველაზე მთავარი სხვაობა მთვარის ასულსა და მშვილდოსანს შორის(ცხადია,ფულთან განსხვავებული დამოკიდეუბლების გარდა)_მათი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებია, ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. კირჩხიბისთვის სავსებით დამახასიათებელია ოჯახის კულტი,სადაც მშობლებს პირველი ადგილი უკავიათ,და-ძმებს_მეორედა,ოჯახის სხვა წევრებს_მესამე და ა.შ. ის ისეთი წმინდა მთრთოლვარებით ანთებს სანთლებს საოჯახე საკურთხეველზე,როგორც მათი ოპოზიციურ დები,თხის რქები აჩაღებენ ოჯახურ კერას.

მშვილდოსანი მამაკაცები სულაც არ თვლიან,რომ თავი ნათესავებს უნდა მიუძღვნან. რა თქმა უნდა,კენტავრი შეიძლება ნაზ გრძნობებს ინახავდეს ნათესავების მიმართ იუპიტერის დიდ გულში და რამდენიმე წელიწადში ერთხელ მხიარულად ჩნდებოდეს მათ ზღურბლზე,პირზე ღიმილითა და ამოიღლიავებული საჩუქრებით. მშვილდოსანი ძალიან ხელგაშლილია და პირველი დაეხმარება მშობლებს,დედმამისშვილებსა თუ სხვა ნათესავებს,როდესაც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ის დაუფიქრებლად გასცემს უკანასკნელ ცენტს,მაგრამ მას არ მიაჩნია,რომ სისხლით ნათესაობამ მისი პირადი თავისუფლება უნდა შეზღუდოს. ოჯახური ბორკილები და ნათესაური კავშირები მას კისერზე შემოხვეულ მაყუჟს აგონებს,რომელიც მის ინდივიდუალობას ხუთავს. მშვილდოსანი მამაკაცი სულმოუთქმელად ელის იმ წუთს,როდესაც გორდიუსის კვანძს გადაჭრის და იუპიტერის ძახილს მინდობილი თავის გზას დაადგება. პრობლემური კვანძების გადაჭრასაც საოცრად  სწრაფად და გონივრულად ახერხებს. მართალია,ხანდახან ცდება,მაგრამ  საკმარისად ჭკვიანია,რომ ერთიდაიგივე შეცდომა რამდენიმეჯერ არ გაიმეოროს.

სამაგიეროდ,მთვარეული გოგონა ამაღელვებელი სიმპათიებით არის განწყობილი „შემზუღდველი კავშირების“ მიმართ. საერთოდაც,კავშირები კომფორტია. კავშირები ეს მშობლიური და მყუდროა. კავშირის გაწყვეტა მეგობრებსა თუ ნათესავებთან,საყვარლებსა თუ ქმართან და მით უმეტეს მშობლებთან_მისთვის ნამდვილი ტრაგედიაა. ამიტომ,იქამდე წელავს,სადამდეც ეს საერთოდ შესაძლებელია. ზუსტად ამიტომ კირჩხიბებს ხშირად თვლიან მესაკუთრეებად. სინამდვილეში საქმე სხვა რამეშია_მას უბრალოდ ძალიან,ძალიან,ძალიან არ უყვარს კავშირების გაწყვეტა! მერე რომ ღუზის გარეშე ცურვამ არ მოუწიოს. ეს ისეთივე შემზარავი სახებაა კირჩხიბისთვის,როგორც ოკეანის შუაგულში მოხვედრა. კირჩხიბებს არ უყვართ ღრმა წყლები. ისინი გაცილებით უსაფთხოდ გრძნობენ თავს სანაპიროსთან ახლოს.

ასტროლოგია ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას მათ მაგივრად. კირჩხიბმა და კენტავრმა თვითონ უნდა მიიყვანონ ეს კამათი ბოლომდე,არ დაკარგონ ოპტიმზმი და ნელ-ნელა მიუახლოვდნენ კომპრომისს. ზოგადად,ისინი ხშირად კამათობენ: მშვილდოსანი ამტკიცებს,ნაწყენი კირჩხიბი იბუტება. კირჩხიბი ისევ და ისევ გაიმეორებს,რომ მშვილდოსანი უყურადღებოა მშობლების მიმართ და ეს მისი ნაკლია. მშვილდოსანი ისევ განაცხადებს,რომ მათი ურთიერთობა სადაც არის ჩამოიშლება იმის გამო,რომ კირჩხიბი გადაჭარბებულად დიდ დროს ატარებს მშობლებთან. გარკვეული დროის შემდეგ ისინი მიაღწევენ ურთერთშეთანხმებას… ან ერთერთი კარს გაიჯახუნებს. მაგრამ ნუ ჩათვლით,რომ ეს განშორება საბოლოოა.

დავიწყოთ იმით,რომ მეისრე პირველი აფეთქდება. გაიხსენეთ,მშვილდოსნისთვის გაცილებით მარტივია ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა სასიყვარულო კვანძის გადაჭრა ეს სულ სხვა თემაა. სიყვარულს შეუძლია თვით უდარდელი კენტავრიც  დაანაღვლიანოს. სევდას კი,როგორც მოგეხსენებათ,მშვილდოსანი  დიდხანს  ვერ იტანს. გარდა ამისა,კირჩხიბის მთვარეული ჯადოსნობა დამაჰიპნოზებელია და ის კენტავრის სიზმრებში მობობღდება. მთვარეული ქალბატონი მშვილდოსნისთვის VIII ასტროლოგიური სახლის ბინადარია,რაც ასტროლოგიაში საიდუმლოებებს(სექსუალურ და არამარტო) განასახიერებს. არავინ არის მშვილდოსანზე ცნობისმოყვარე(ტყუპებს თუ არ ჩავთვლით) და ის მალე აღმოაჩენს,რომ ძალიან აინტერესებს,რას აკეთებს კირჩხიბი მის გარეშე. ამას გარდა,ის ძალიან შეწუხდება,როდესაც გააცნობიერებს,რომ  მოთმინება დაკარგა, მრისხანებას აჰყვა და წამოვიდა. კირჩხიბის ცვალებადი განწყობა,მისი  ამოუხსნელი ზეგავლენა და კიდევ ათასი პასუხგაუცემელი კითხვა… და აი,მშვილდოსანი ბრუნდება,რადგან მიხვდა,რომ იმაზე მეტად მოენატრა მიჯნური,ვიდრე ელოდა.

ეს ქალი ყოველთვის უამრავ საიდუმლოს ინახავს.  არის რაღაც მის მთვარეულ ნატურაში,რაც აიძულებს ჩაიკეტოს,როდესაც გრძნობს,რომ ვიღაც მისი საიდუმლო „მეს“ გაშიშვლებას ცდილობს,იმ შემთხვევაშიც,თუ ეს „ვიღაც“ ის მამაკაცია,რომელსაც თავად აღმერთებს. კირჩხიბი გოგონა მყისვე მდუმარების ჯავშნისკენ მიძვრება,როდესაც მშვილდოსანი თუნდაც ყველაზე უეშმაკო კითხვებს უსვამს: მაგალითად,რას ფიქრობს მეზობლებზე ან როგორი იყო მისი პირველი ბიჭი. ცხადია,ბოლო არც ისე უეშმაკო კითხვაა. მშვილდოსან მამაკაცს განსაკუთრებული ხასიათი აქვს და მართალია,მშვილდოსანი მესაკუთრე არ არის,მაგრამ  უდაოდ ეჭვიანია. მესაკუთრეობასა და ეჭვიანობას შორის კი დიდი სხვაობაა. თუ კირჩხიბი ხასიათზეა,ის თვითონ ყვება საინტერესო ისტორიებს თავისი ცხოვრებიდან. მაგრამ თუ არ უნდა,ვერანაირი საშულებით ვერ აიძულებთ,მით უმეტეს,პირდაპირი გამოკითხვებით. სამაგიეროდ,თავად შეუძლია საიდუმლოებების შეუმჩნევლად დაცინცვლა. თუმცა ეს ნდობა არ არის. მაგალითად,თევზების ნიშნის ადამიანებს ენდობით,რადგან გსურთ ენდოთ. თევზები ყოველთვის მზად არიან უბრალოდ მოგისმინონ,თუ თქვენ თვითონ გსურთ საუბარი და ხვდებით,რომ თანაგიგრძნობენ. კირჩხიბ გოგონასთან ყველაფერი სხვანაირად არის. მას უყვარს სხვისი საიდუმლოებები და შეგნებულად იყენებს შეუმჩნეველ სტრატეგიას მათი გამომჟღავნებისათვის. მთვარეული მაგნიტიზმის,იმ ძალის წყალობით,რომელსაც ოკეანის ტალღებიც ვერ ეწინააღმდეგებიან,მისი თანამოუსაბრე თავისთვის მოულოდნელად აღმოაჩენს,რომ ისეთ საკითხებზე საუბრობს,რაც აქამდე არავისთვის მოუყოლია.

კირჩხიბის მთვარეულ სტრატეგიას მშვილდოსანთან  წარმატების კიდევ უფრო დიდი შანსი აქვს. კირჩხიბს უყვარს  საკუთარ თავზე საუბარი,თავისი ოცნებებისა და გრძნობების,შეხედულებებისა და აზრების გაზიარება. მშვილდოსანმა შეიძლება ძალიან ღრმად შეტოპოს კირჩხიბთან საუბარში და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინოს,რომ იმ ემოციურ ტალღაში აღმოჩნდა,რომელსაც გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს. თავისთვის მოულოდნელად,მეისრე იმაზე მეტს ილაპარაკებს,ვიდრე აპირებდა. ეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური გაფრთხილებაა მშვილდოსნისთვის,რადგან ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა,რომ ამ მგრძნობიარე და შთაბეჭდილებიანმა ქალბატონმა ყველაფერი ერთიორად გააბუქოს და თავისი მთვარეული წარმოსახვით დაამახინჯოს. არასდროს უგულვებელყოთ კირჩხიბის ეჭვიანობა და მოწყველადობა. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა,რადგან მშვილდოსანი მიჩვეულია ყველაფერზე ღიად და თავისუფლად ლაპარაკს,მისი გულწრფელობა ხანდახან ზედმეტია. მშვილდოსნის ბუნებრივი გახსნილობის გარეშეც,მთვარეულ ქალბატონს შეუძლია ძალიან დაჟინებული იყოს. თუ მან გადაწყვიტა,რომ მშვილდოსანმა რამე დაუმალა,მცდელობას არ დააკლებს,სანამ ყველაფერს გაარკვევს. საქმე ის კი არ არის,რომ კენტავრი რამეში დამნაშავეა,უბრალოდ არსებობს საკითხები,რომელიც კირჩხიბმა შეიძლება საკუთარი  შიშებითა და ნეგატიური წინათგრძნობებით დაამახინჯოს და არასწორად გაიგოს. და მართალია,მისი მთვარეული წარმოსახვით დამახინჯებულ სურათს რეალურად მომხდართან საერთო აღარაფერი აქვს,მაგრამ ის სერიოზულად ემუქურება მის შინაგან სიმშვიდეს.

ფიზიკური სიახლოვის წუთები ზუსტად ის სიტუაციაა,როდესაც მშვილდოსანს ყველაზე კარგად უნდა ახსოვდეს,რომ მან გრძნოებებით უნდა ისაუბროს და არა ენა ატლიკინოს. სწორედ გრძნობების ენით გამოხატავს თავს მთვარეული ქალი_მგრძნობიარედ და მდუმარედ. ასეთ დროს მას სურს ყველას გაექცეს და მთვარის შუქზე შეცუროს ვნებების ოკეანეში,რომლის სიღრმეც მშვილდოსნის სინაზისა და სიმშვიდის პირდაპირი შედეგია. ზედმეტად მომთხოვნი და აგრესიული სურვილები კირჩხიბს აშინებს. სამაგიეროდ,მას შეუძლია  მთლიანად ენდოს გრძნობებს,თუ,რა თქმა უნდა,მათი ურთიერთმიზიდულობა რბილად და ნაზად ვლინდება და პოეზიით არის გაჟღენთილი(და არა ცეცხლოვანი ვნებებით). თუ კირჩხიბს მოეჩვენა,რომ მისი პარტნიორი უკმაყოფილოა ან რამე არ მოსწონს,ხმამაღლაც რომ არ გამოთქვას,ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება მათ ურთიერთობაზე. თუმცა,ცხადია,სიყვარულთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ის თამაშია,სადაც რთულია წინასწარ გათვალოთ სვლები,ამიტომ მშვილდოსან მამაკაცს არ აწყენდა ღამით მთვარის კალენდრის გადაფურცვლა. კირჩხიბის გუნება-განწყობა ხომ არამხოლოდ სიმბოლურად,რეალურადაც დამოკიდებულია მთვარის ფაზაზე. მშვილდოსანს შეიძლება გაუჭირდეს მისი სექსუალური ბუნების ბოლომდე გაგება. ის ხომ ცეცხლის სტიქიას ეკუთვნის და მისი სექსუალური სურვილები ძლიერი და იმპულსურია. მან მართლა უნდა ისწავლოს სინაზე,განსაკუთრებით მთვარეულ ქალბატონთან.

უცნაურია,ხანდახან მხოლოდ კირჩხიბის განათებული თვალები მეტყველებს მის სურვილებზე. ეს სიყვარულის პირობას ჰგავს,როგორც სავსე მთვარის ციალი. როდესაც მშვილდოსანი მთვარის შუქს ხედავს მის თვალებში,მან იცის,რომ ახლა მშვიდი და წყნარი უნდა იყოს და მაგრად ჩაიხუტოს,რომ მთვარეულმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და მასთან ერთად ჩაიძიროს საიდუმლოებათა ზღვაში,მისთვის ასე ნაცნობ და შეუცნობელ შუაღამის მუსიკაში.

მოდით,მარტო დავტოვოთ. მაგრამ წასვლამდე,კირჩხიბს შევახსენოთ,რომ თუ მისი მთვარეული ცრემლები ზაფხულის წვიმასავით მარტივად იღვრება,იუპიტერის ცრემლები საიმედოდ არის დამალული,მაგრამ განა ამის გამო ნაკლებია? სიბნელეში გზააბნეული პატარა ბიჭივით,მშვილდოსანი ძალიან მამაცია იმისთვის,რომ საკუთარ თავს ტირილის უფლება მისცეს,მაგრამ მასაც არანაკლებ სჭირდება სინათლის სხივი.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხდვით.

ავტორი Qet Adastra


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top