კირჩხიბი და სასწორი

კირჩხიბი და სასწორი

არ ვიცი,რომელიმე ბავშვი ტიროდა თუ არა,მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო,

ტირილს სიმღერის ხმა ფარავდა.

კირჩხიბისა და სასწორის ნიშნებს შორის კვადრატურის ასპექტია. იმავდროულად,ეს წყლისა და ჰაერის ელემენტების კავშირია. ურთიერთობა ყოველთვის რთულია და ყოველთვის საინტერესო. აქ ჰარმონიის მიღწევა მარტივი არ არის და ზუსტად ეს ხდის ამ ურთიერთობას მრავლისმომცემს,იმ გრძნობათა წყალობით,რომლითაც ორივე მათგანი დაჯილდოვდება,თუ გამარჯვებას მიაღწევენ თავიანთ აშკარა და ურიცხვ განსხვავებაზე.

ამ ორ ნიშანს თავად ცხოვრება აიძულებს კომპრომისის რთული გზა ეძიონ. მხოლოდ ამ გაკვეთილის გათავისების შემდეგ მიაღწევენ ბედნიერების უმაღლეს მწვერვალებს. მარტივი გზა ვერასდროს მიიყვანს კვადრატულ ნიშნებს ბედნიერებამდე. ის კი ნამდვილად ღირებული მიზანია. ჰო,ეს რთული ამოცანაა,მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა მახვილი კუთხე გლუვდება,თუ ორივე მხარე საკმარის გულწრფელ ძალისხმევას გამოიჩენს. იცით,რა იქნება მთავარი ჯილდო? კმაყოფილება,იმის გაცნობიერებისგან,რომ საკუთარ ბუნებასთან ჭიდილში,თავს აჯობეს და მცირედ მიუახლოვდნენ ანგელოზებს.

მე ვერ მოგცემთ ფრთების და მისთანების გარანტიებს,მაგრამ შარავანდედი შეიძლება აინთოს კიდეც. უფრო სწორად,ორი სიყვარულით გასხივოსნებული აურა. თუმცა ისიც შეიძლება ერთმანეთის თავებზე,შარავანდედის მაგივრად,წარმოსახვითი რქები შენიშნონ. ასეთია ადამიანის ბუნება და არ არის საჭირო ანგელოზების იმიტირება. პირველი გაკვეთილი ამ წყვილისთვის: შეწყვიტონ თანაგრძნობის სასოწარკვეთილი მოთხოვნა და შეეცადონ,თვითონ გაუგონ პარტნიორს. მხოლოდ ეს გასაღები გახსნის ჩაკეტილ კარს,რომლის იქითაც   მშვიდობისა და სიკეთისკენ მიმავალი გზა იწყება.

მთვარე სრულად მართავს კირჩხიბთა ემოციებს. თუ თვით ოკეანე ვერ უპირისპირდება ღამის მნათობის მაგნიტიზმს,ჩვეულებრივი მოკვდავების უმწეობა რა სალაპარაკოა?! კირჩხიბები ვერაფერს გააწყობენ შიშებსა და დეპრესიული განწყობის შემოტევებთან.  ისინი ხან  ჩუმი და ჩაფიქრებულები არიან,ხანაც საოცარი იუმორით გაკვირვებენ. იუმორი ხშირად ეხმარება მათ შიშების დავიწყებასა და გარშემომყოფთა გახალისებაში. მთვარეული ადამიანები იმდენს გრძნობენ,ხანდახან საკუთარი განცდების სიტყვებით გადმოცემა უჭირთ.

როდესაც მთვარის პირმშო  სასწორს ხვდება,თავიდან ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება. სასწორები გიჟდებიან მხიარულებაზე და მათი სიცილი ხანდახან რითმულ ლირიულ ლექსს მოგაგონებთ. კირჩხიბის ფრაზები  შესანიშნავად ჟღერს სასწორის მელოდიური სიცილის ფონზე. ეს სუფთა გართობაა და მათი შეხვედრის შემთხვევითი მოწმეები დიდ სიამოვნებას მიიღებენ ამ მუსიკალურ წყვილზე დაკვირვებით. მათი გაცნობა უმეტესად  სახლში(IV სახლი) ან ოფისში(X სახლი) ხდება. 10-4 კომბინაციის ნიშნები სწორედ სახლსა და ოჯახთან ან კარიერასთან დაკავშირებულ ვითარებებში ხვდებიან.  მათთვის გაცილებით ადვილია ჰარმონიის მიღწევა ოჯახურ წრეში ან საქმიანი პარტნიორობის რანგში,ვიდრე მეგობრების, საყვარლებისა თუ მეუღლეების როლში. თუმცა არასდროს დაივიწყოთ ოქროს ჯილდო,რომელიც წილად ერგებათ კვადრატულ ნიშნებს,ურთერთგაგების მიღწევის შემთხვევაში.

კირჩხიბსა და სასწორს წარმატების გაცილებით მეტი შანსი აქვთ,ვიდრე 10-4 კომბინაციის სხვა წყვილებს. მათი მმართველები,მთვარე და ვენერა,ჰარმონიულად ურთიერთობენ და რადგან ორივე ინტრო-პლანეტაა,მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ ურთიერთგაგება ემოციებით. პრობლემა ის არის,რომ მთვარეული ადამიანის ჯავშანში შეღწევა და მისი ჭეშმარიტი არსის ამოცნობა და გაგება არც ისე მარტივი ამოცანაა.

სასწორი მომთმენია და უპრობლემოდ ახერხებს კირჩხიბის კეთილგანწყობის მოპოვებას რბილი დამოკიდებულებითა და მოთმინებით. თუმცა მხოლოდ სირბილე და მოთმინება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. მთვარეული ადამიანები ჰიპერმგრძნობიარეები არიან. სასწორი კი,მიუხედავად თანდაყოლილი კეთილშობილებისა,ჰაერის ნიშანია_ცივი გონება და ლოგიკა ხშირად უშლის მათ ხელს,ბოლომდე გაიგონ,რა მოტივები ამოძრავებთ სხვა ნიშნებს. სასწორები ბრწყინვალე ვექილები და ბრძენი მსაჯულები გამოდიან,მაგრამ ისინი ძალიან ცუდი ფსიქოლოგები არიან. ზედაპირული ხილვადობის მენტალური ანალიზით გართული სასწორები არასდროს ეძებენ ადამიანთა სიტყვებისა თუ ქცევების ღრმა მიზეზებს. ასეთი მეთოდებით მათ  ძალიან გაუჭირდებათ კირჩხიბის ჯავშანში შეღწევა,რომელიც მას უხეში  გარესამყაროსგან იცავს. თუ სასწორს  სურს გაიგოს,რატომ დაბობღავს კიბორჩხალა გარდი-გარდმო და არა პირდაპირ,მოუწევს სიღრმისეული ემოციური თანაგრძნობის სწავლა და არა უმოკლესი  გზების ძიება.

მათი ერთერთი უმთავრესი განსხვავება ის არის,რომ სასწორი ორიენტირებულია სხვა ადამიანებზე,კირჩხიბი_საკუთარ თავზე. თუ ეს წინადადება ისე გაიგეთ,რომ კირჩხიბი უფრო ეგოისტია,არც ისე შორს ხართ ჭეშმარიტებისგან. სასწორს მეტად აწუხებს მეგობრების და საერთოდ,მთელი მსოფლიოს პრობლემები და საქმეები,ვიდრე საკუთარი თავი. ვენერიელები ექსტრავერტები არიან,მთვარეულები_ ინტროვერტები. დიახ,კირჩხიბთა უმეტესობა რბილი, შთაბეჭდილებიანი და მგრძნობიარეა,ძალიან მოსიყვარულე და ნაზიც,თუმცა ისინი მეტ ყურადღებას მაინც საკუთარ თავს უთმობენ,ვიდრე სხვებს.

რადგან საკუთარ თავზე კონცენტრირება,საბოლოო ჯამში,ჯანმრთელობაზე არც ისე პოზიტიურად აისახება,კირჩხიბები უფრო ხშირად ავადმყოფობენ,ვიდრე სასწორები. სასწორთა ავადმყოფობის მიზეზები ხშირად არაჯანსაღი ცხოვრების წესია: წვეულებების გადაჭარბებული სიყვარული, ღორმუცელობა,გადატვირთვა. ამის შემხედვარე კირჩხიბები ძალიან ნერვიულობენ და ცდილობენ სასწორები დაარწმუნონ,რომ არ ღირს სანთელივით დაიწვან,თანაც ორივე მხრიდან. მაგრამ სხვანაირად სასწორებს ბალანსი დაერღვევათ,ხომ იცით?!

ფული კიდევ ერთი საკითხია,რომელსაც ორივე სხვადასხვა მხრიდან უყურებს. ფინანსური და ემოციური საიმედოობა კირჩხიბისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ მათ რომელიმე აკლიათ,ძალიან გაღიზიანებული და უბედურები ხდებიან. თუ არც ერთი აქვთ და არც მეორე,ისე აუტანლად იკბინებიან,მშობელი დედებიც ძლივს იტანენ. მაგრამ თუ ორივე აქვთ,ისინი ჯადოსნური მეთოდებით ყველაზე გამგონე,ყველაზე საყვარელი და ყველაზე ნაზი არსებები ხდებიან დედამიწის ზურგზე. სასწორების აზრითაც კი,რომლებიც ადამიანებისგან ხშირად გადამეტებულად ბევრს ელიან,თითქოს ყველა ადამიანს პლუსებისა და მინუსების ზუსტი წონასწორობა მოეთხოვება.

მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფიზიკური ძალების უკმარისობისა,საბოლოო ჯამში,კირჩხიბი უფრო ამტანი აღმოჩნდება თვითგადარჩენის ხელოვნებაში,ვიდრე სასწორი. სასწორი უფრო მარტივად ნებდება ფსიქოლოგიურ წნეხს. ნერვული აშლილობა სასტიკად არღვევს მისი ფაქიზი ნატურის წონასწორობას,ემოციური იმედგაცრუება კი შეიძლება სერიოზული დაავადებების მიზეზიც გახდეს. კირჩხიბის ავადმყოფობაც  შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს,მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ,რომ  მარწუხა თვითონ ებღაუჭება ნეგატიურ განცდებს.  სასწორი ხშირად ახსენებს კირჩხიბს,რომ დროდადრო საჭიროა ძველმანების გადაყრა. მაგრამ განა ასე ადვილია გაშვება ისწავლო? სასწორს არაერთი უსიამოვნო წუთის გადატანა მოუწევს,რომ კირჩხიბს მარწუხებიდან მავნე ჩვევები,მცდარი იდეები და ირაციონალური შიშები გააგდებინოს.

თუ კანატის გადაწევა დიდხანს გაიწელა,სასწორის ნერვული სისტემის ფაქიზი ქსოვილები ნადგურდება. ის შეიძლება სულიერ გამოფიტვამდეც მივიდეს. ამას აპათია მოჰყვება,რაც ნამდვილად ტრაგიკული მდგომარეობაა ბუნებით მხიარული სასწორისთვის.  ადამიანებში,ისევე როგორც ბუნებაში,ჭარბი ოდენობის წყალი ჰაერს ნოტიოს,ნისლიანსა და ცივს ხდის. მაგრამ როდესაც წყალი ზუსტად იმდენია,რამდენიც საჭიროა,ჰაერი მაცოცხლებელი ძალებით ივსება.

თუ სასწორი კირჩხიბისგან რაიმეს საიდუმლოდ შენახვას ცდილობს,ის ტყუილად კარგავს დროს. კირჩხიბი ყველა შესაძლო ხრიკს გამოიყენებს,მისთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. მაგალითად,კირჩხიბი იკითხავს: „რას ფიქრობს ის ჩემზე? ოღონდ სიმართლე მითხარი.“

სასწორი უპასუხებს:“მგონი,არ ღირს ჩავერიო.“

კირჩხიბი დაიჟინებს:“ შენი მხრიდან უსამართლობაა! მე ხომ დაგეხმარე ინფორმაციით,როდესაც შენ გჭირდებოდა?“

სასწორი კიდევ ცოტას იყოყმანებს,მერე ამოიოხრავს და ყველაფერს მოუყვება,რაც აინტერესებს. ცხადია,ობიექტურობის დაცვით. როდესაც კირჩხიბი სიმართლეს მოისმენს,შეიძლება გაბრაზებულმა განაცხადოს:“ასეც ვფიქრობდი! ხმას აღარ გავცემ!“  ის გაღიზიანებული გავა ოთახიდან და აცრემლებულ სასწორს მარტო დატოვებს. აი,ხომ უნდა მოახერხო,რომ ეს საბრალო მშვიდოსმყოფელი წამქეზებლად აქციო?!. კირჩხიბი ფრიად დახელოვნებულია სიმართლის გამომჟღვნების მეთოდოლოგიებში. მერე სხედან ნაწყენები,დარდისგან ტირიან და ბრაზისგან იბრწკინებიან.

საუკეთესო რამ,რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ,ერთმანეთის ღირსებებზე კონცენტრაციაა. სპეციალურად სასწორებს მინდა ვამცნო,რომ მთვარეულმა ოცნებებმა და ინტუიციამ,უჩვეულო დაჟინებულობასა და სიმჭიდესთან ერთად,მისცა ჰელენ კეპლერს საკუთარ უბედურებაზე ტრიუმფალური გამარჯვების ძალა. მას ცხრამეტი თვის ასაკში,ტვინის ანთების შედეგად,აბსოლუტურად წაერთვა სმენა და მხედველობა და მიუხედავად ამისა,წარჩინებით დაამთავრა კოლეჯი,ისწავლა ქსოვა და ქარგვა,მანქანაზე ბეჭდვა,ცურვა და ველოსიპედის ტარება, და ის არაერთი შთამაგონებელი წიგნის ავტორია. ზუსტად იგივე ინტუიცია და დაჟინებულობა დაეხმარე ნიკოლა თესლას ელექტრონიკის საოცრებების აღმოჩენაში. მის სახელზე 140 მდე პრაქტიკული მნიშვნელობის გამოგონებაა დაპატენტებული. გარშემომყოფთა გულგრილობისა და უყურადღებობის მიუხედავად,ის ყოველთვის თავის ოცნებებს მისდევდა და მთელი ცხოვრება მუშაობდა,აღიარება კი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიიღო. კარგად დაიხსომეთ,მთვარის ყველა შვილი იმავე ენერგეტიკის მატარებელია,რომლითაც ჰელენ ქეფლერმა და ნიკოლა თესლამ საკუთარ თავთან ჭიდილში გაიმარჯვეს.

თავის მხრივ,კირჩხიბებს მინდა შევახსენო,როგორი იქნებოდა დღევანდელი სამყარო, სასწორების  სამართლიანობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის გარეშე. ზუსტად მშვიდობისმყოფელმა სასწორმა,მაჰათმა განდიმ გააერთიანა ინდუიზმი იესოს „მთაზე ქადაგებასთან“,სიბრძნისა და სიყვარულის სრულყოფილ ჰარმონიაში.

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და სასწორი ქალი

Bodhi & Jenna Elfman

 

საძინებლები მარჯნის გამოქვაბულებში იყო განლაგებული

ყოველ კარზე პატარა ეჟვანი ეკიდა.

ისინი მაშინ ჟღარუნებდნენ,

როდესაც კარი იღებოდა და იხურებოდა.

ეჟვნებმა გაიჟღარუნეს და ყველაფერი დადუმდა.

სასწორ ქალებში იმდენი სიყვარული და ხიბლია,ხანდახან გეჩვენებათ,რომ ეჟვნების ჟღარუნი გესმით. რაც ახლა ჩაგესმით,სააღდგომო კვირა დღის მელოდიურ ზართა რეკვას ჰგავს. ეს ვენერას სიმფონიაა და თქვენ მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,როგორ მოქმედებს ის  ზემგრძნობიარე კირჩხიბი მამაკაცის სენტიმენტალურ გულსა და ფაქიზ ცნობიერებაზე.

ამ ზღაპრული თვისების გარდა,სასწორი გოგონა თავად ჰგავს ანგელოზს. ვენერა თავის შვილებს დასამახსოვრებელი სილამაზით თუ არა,როგორც მინიმუმ,დამატყვევებელი ღიმილით აჯილდოებს,რაც ასე ათბობს კირჩხიბის გადაღლილი სულს. ხანდახან სასწორ გოგონას უმართლებს და დაბადებისას,ვენერას ორივე მადლს ერთად იღებს. მაშინ კირჩხიბს გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს. სასწორის სილამაზით განცვიფრებული და მომხიბვლელი ღიმილით დატყვევებული,მას პირდაპირ გულში ესმის ვენერას ზართა რეკვა… დამეთანხმეთ,რომ ამისგან შეიძლება თავიც დაკარგო!

ბუნებრივია,რომ კირჩხიბი მასზე შთაბეჭდილების მოხდენას მოისურვებს. სავარაუდოდ,რომელიმე სახალისო ისტორიას მოუყვება. კირჩხიბებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ. მაშინ სასწორი გაიცინებს,მაგრამ განა ჩვეულებრივი სიცილით. ოჰ,ეს ფერიების კისკისია,რომელზეც პიტერი უამბოდა ვენდის. კირჩხიბი აღმოაჩენს,რომ სასწორს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს,არამხოლოდ ესთეტური,მენტალურიც,რადგან კარგად ესმის მისი იუმორი. შემდეგ იმასაც მიხვდება,რომ სასწორი გოგონა არამარტო ლამაზი და გონებამახვილია,ის ასევე საოცრად რბილი,ტაქტიანი, სათუთი და ქალურია… და ეს საიდუმლოც_ქალის მარადიული საიდუმლო. სასწორი გოგონა ჭკვიანიც არის და ყველაფერში შეუძლია კომპანიის გაწევა,ჭადრაკით დაწყებული, შარადებით დასრულებული. ის კირჩხიბის ყველა წამოწყებაში  მონაწილეობს და თუ საჭიროა,ნამდვილ პარტნიორობასაც უწევს. დიახ,სასწორი ბევრად საზრიანია,ვიდრე ის შტერი ქალები,ვინც კირჩხიბის ხუმრობებზე არ იცინიან და ვისაც ათჯერ უნდა გაუმეორო ერთიდაიგივე,რომ მიხვდნენ.

არანაკლებ მოხიბლულია თავად სასწორიც. მას დიდად აღიზიანებდნენ ის მამაკაცები,რომელთაც აქამდე შეხვედრია. ისინი ხომ ისეთი უგრძნობი,ხანდახან უხეშები და ყოველთვის მომთხოვნები იყვნენ. არც რჩევას ეკითხებოდნენ,რადგან თვლიდნენ,რომ ის მხოლოდ  ქალია,ქალებს კი რა გაეგებათ საქმეების? ასეთ სექსიზმს ნებისმიერი სასწორი ქალი გამოჰყვას წყობიდან,რადგან მათთვის სქესთა თანასწორობა თითქმის რელიგიაა. არა,ის არ აპირებს დემონსტრაციების მოწყობას ქალთა უფლებების დასაცავად(თუმცა შეუძლია),უბრალოდ სასწორისთვის გენდერული თანასწორობა უცილობელი ჭეშმარიტებაა.

და აი,მის წინ ჩაფიქრებული,მგრძნობიარე და მომხიბვლელი მამაკაცი დგას,იუმორითა და ინტელექტით აღსავსე მზერით. მასთან თავს საოცრად ქალურად,მშვიდად და საიმედოდ გრძნობს,რადგან ესმის,რომ კირჩხიბი არასდროს დაუშვებს მის ცხოვრებაში უგვანო და ვულგარულ მოვლენებს. კირჩხიბი იმასაც აგრძნობინებს,რომ აღტაცებულია მისი ინტელექტით.  არის მასში,რაღაც ძველმოდურად გალანტური,რომელიც უსაფრთხოების შეგრძნებას იძლევა. კირჩხიბს მისი პინების მკვეთი დისბალანსიც კარგად ესმის_კაცობრიობისადმი სიყვარულიდან სიძულვილამდე,სიხარულიდან სევდამდე_და მთელი გულით თანაუგრძნობს მას,რადგან თვითონაც  ძალიან დამოკიდებულია მიმდინარე განწყობაზე. რაც ყველაზე მთავარია,კირჩხიბი საოცრად მშვიდი და მომთმენია,ეს თვისებები კი ბევრს ნიშნავს სასწორისთვის,რომელიც ყოველთვის სიმშვიდისკენ ისწრაფვის.

რატომ არ უნდა დაქორწინდნენ? პირველი ამაზე სასწორი გაიფიქრებს. საინტერესოა,რა აჩერებს კირჩხიბს? იქნებ  დედამისმა დაიწუნა ან თვითონ დარწმუნებული არ არის,რომ სასწორს მისთვის დედის შეცვლა შეუძლია იმ ქალის რანგში,რომელიც მას გააღმერთებს? იქნებ კირჩხიბს მიაჩნია,რომ ჯერ ფინანსურ კეთილდღეობას უნდა მიაღწიოს? მაინც რატომ იკავებს თავს?  საქმე ის კი არ არის,უყვარს თუ არა. ცხადია,უყვარს,მაგრამ…

კირჩხიბის სიფრთხილისა და უკუსვლის საპასუხოდ,სასწორმა შეიძლება გულგრილობა აირჩიოს. ის თავს აარიდებს მასთან განმარტოებას ან განზრახ აეჭვიანებს,იმედოვნებს რა,რომ ეჭვიანობა და მისი დაკარგვის შიში კირჩხიბს დაქორწინების გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. სასწორი ცდილობს კირჩხიბს სემუელ ჯონსონის დაკვირვების ჭეშმარიტება შეაგნებინოს:“ქორწინებაში შეიძლება ბევრი სუსტი რგოლია,მაგრამ მარტოხელობაში არანაირი სიამოვნება არ დევს“. თუ მათ მნათობებს შორის ჰარმონიული ასპექტებია,ამ ტაქტიკამ შეიძლება გაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში,ეს ხრიკები მხოლოდ გააღიზიანებს და გააბოროტებს კირჩხიბს და ის დიდი ხნით შეიკეტება თავის მყარ ჯავშანში. სწორედ ეს ჩაკეტილობა ტკენს გულს სასწორს ყველაზე მეტად,თუმცა ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. მაშინ ის თავის მშვენიერ ვენერას გაიხსენებს და რბილ მანიპულირებას მოჰყვება,ხავერდოვანი ხმითა და კეთილგანწყობილი ღიმილით. საქმეში ლოგიკასა და შარმსაც ჩართავს. თუმცა არ იფიქროთ,რომ კირჩხიბის გაბრიყვება ადვილი საქმეა. ის,თავისი მძაფრი ინტუიციით,მყისვე იგრძნობს სასწორის მანიპულაციებს და უფრო ძლიერად შეეწინაღმდეგება. საქმე ის არის,რომ კირჩხიბს ბავშვობაში დედამ ასწავლა: „პრევენცია მკურნალობაზე უკეთესია“ და მასაც ურჩევნია წინასწარ იფრთხილოს,ვიდრე მოგვიანებით ინანოს. ამიტომაც არის ყოველთვის კეთილგონიერი. ახლა კი ეს ლამაზი და ჭკვიანი ქალი უდარდელობისკენ უბიძგებს,რაც მას უფრო აფთხობს,შეშინებული კირჩხიბი კი უფრო ძლიერ ებღაუჭება ძველს.

კირჩხიბი ჩუმად იტანჯება სასწორის  ხელგაშლილობისგან. სასწორს კი მისი ეჭვიანობა აღიზიანებს,თუმცა კარგი იქნება,თუ ხანდახან მაინც გამოუტყდება საკუთარ თავს,რომ უმეტესად გამიზნულად აეჭვიანებს. მათ შეიძლება იჩხუბონ,მაგრამ როგორც კი სასწორი მიხვდება,რომ შეიძლება თავისი მგრძნობიარე რჩეული დაკარგოს,დაუყოვნებლივ შეეცდება მის ნახვას ისევ  და ისევ. როდესაც ისინი ჩხუბობენ,კირჩხიბი ცოტა პანიკაშია,რადგან მას მუდამ თან სდევს  მოგონებები იმ თბილ დღეებზე,როდესაც ისინი ერთად იცინოდნენ,ერთმანეთი უყვარდათ და ცხოვრება უხაროდათ. განა სხვასთან ასეთივე ბედნიერი იქნება? ნაკლებ სავარაუდოა,მაგრამ გამოუტყდება სასწორს ამაში? კირჩხიბს ხანდახან თვითონაც არ ესმის,რომ მათი სიყვარულის მთავარი მტერი მისი ჩაკეტილობაა. მას არ სურს ღიად და გახსნილად გაუზიაროს სასწორს საკუთარი განცდები და აზრები. ასე რომ იქცეოდეს,რომ შეეძლოს… მაგრამ სასწორს კვლავ ისღა დარჩენია,ივარაუდოს,რაზე ფიქრობს მისი საყვარელი ჩუმჩუმელა. სიმართლე და გახსნილობა,რაც ასე დამახასიათებელია სასწორისთვის,რთულად ეძლევა კირჩხიბს.

„არ ვიფიქროთ არაფერზე. მხოლოდ ვიგრძნოთ“_ამბობენ ისინი,როდესაც შეყვარებულები არიან. ამან შეიძლება გარკვეული ხნით შეარიგოს. მაშინ კირჩხიბი მამაკაცი თავის გრძნობებში იძირება,შიშებისა და მღელვარებისგან თავისუფლდება და ბუნებრივი ხდება.  სასწორს კი ეჩვენება,რომ მსუბუქი ფოთოლივით მიჰყვება სუფთა მდინარის ძლიერ დინებას. მისი წარმოსახვა და სინაზე ამშვიდებს კირჩხიბს,ის დუნდება და მთლიანად სიყვარულით ივსება. მის ჩვეულად მღელვარე ნატურაში აღარაფრის ადგილი რჩება,წმინდა სიამოვნების გარდა. ის არავითარ შემთხვევაში არ ისურვებდა ამ წუთებზე უარის თქმას. მაგრამ ვნება მოდის და მიდის,პრობლემები კი რჩება.

რადგან ეს კავშირი 10-4 ურთიერთობის რთული მოდელია,მათ ძლიან უშლით ხელს ჩიხური გაუგებრობები და მსოფლმხედველობრივი უთანხმოებები. მაგრამ თუ კირჩხიბი თავის სიმჭიდეს იმის შესანარჩუნებლად გამოიყენებს,რაც აქვთ(და არა პირიქით) და სასწორი თავის სამართლიანობის გრძნობას იმისკენ მიმართავს,რომ გაგებით მოეკიდოს მის სიფრთხილეს და მეტად თანაუგრძნოს მის ემოციურობას(და არა თავისას),ისინი შეძლებდნენ ყველაფრის თავიდან დაწყებას… განა კირჩხიბს არ უნდა ვენერას სიმფონიის კვლავ გაგონება? და განა სასწორს არ სურს,რომ საყვარელი მამაკაცი არამხოლოდ სილამაზისა და ქალურობის,ჭკუის გამოც აფასებდეს? სასწორს ისე აკლია მისი აღტაცება და სიყვარული… ეს ძალიან რთულია,მაგრამ თუ მათ ერთმანეთი მართლა სჭირდებათ და საკმარისი მოთმინება გამოიჩინეს,შეიძლება კომპრომისს მიაღწიონ. სასწორმა ეს კირჩხიბზე უკეთ იცის,რადგან კარმულ ბორბალზე მას უკვე გავლილი აქვთ კირჩხიბის გზა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც,თუ მათი სიმღერა დასრულდება,მათთან ყოველთვის დარჩება ის,რაც ერთად იპოვეს.

მთვარემ თავისი შვილები ფოტოგრაფიული სიცხადის ცოცხალი მეხსიერებით დააჯილდოვა. ეს მათთვის ერთდროულად წყალობაც არის და წყევლაც. მთვარეული მეხსიერება მას ისევ და ისევ დააბრუნებს თავისი ცხოვრების საუკეთესო დღეებთან და ის უთუოდ ინანებს,რომ სატრფოს ყველაზე მთავარი არ გაუმხილა. კირჩხიბი გამუდმებით ფიქრობს ამაზე და იმედი აქვს,რომ სასწორს ესმის მისი ფიქრები,სადაც არ უნდა იმყოფებოდეს…

 

 

 

კირჩხიბი ქალი და სასწორი მამაკაცი

Pamela Anderson & Tommy Lee

მან მისი გადარჩენა გადაწყვიტა და ბუდე დაუთმო,

მიუხედავად იმისა,რომ შიგნით კვერცხებს ინახავდა.

 ძალიან გამაკვირვა ამ ჩიტმა,რადგან მართალია,

ზოგჯერ ის კეთილად ეპყრობოდა,

მაგრამ ხანდახან ძალიან აწვალებდა.

 

სიყვარულმა იცის როგორ გადააქციოს ჩუმჩუმელა,ჩაკეტილი,სევდიანი და ხანაც გაღიზიანებული კირჩხიბი ქალი საყვარელ, მომხიბვლელ,ნაზ და რბილ მთვარეულ ასულად. თუ ის სასწორ მამაკაცზეა შეყვარებული,ოხვრის მიზეზები არ ელევა. სასწორი ძალიან ბევრს მუშაობს,ძალიან ბევრს თამაშობს,არასწორად იკვებება,ბევრს სვამს,ცოტას ისვენებს და სხვებს თავისი კეთილი ხასიათით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ის ძალიან უდარდელია და უთუოდ გაცივდება,თუ წვიმაში ფეხშიშველი ირბენს. კიდევ  ყურადღებით უნდა იყოს,რომ ქოლგები აღარ დაკარგოს. ქოლგა ფული ღირს და თუ კირჩხიბი ერთი წლის განმავლობაში ყველა დაკარგული ქოლგის ღირებულებას დათვლის,გამოიანგარიშებს,რომ ამ ფულით ახალი წვენსაწურის ყიდვას შეძლებდნენ და ყოველ დილით ბოსტნეულისა და ხილის წვენს მიირთმევდნენ. სასწორი კი ისეთ საზიზღრობებს ჭამს და სვამს!.. ეს გოგონა სავსეა მზრუნველობით. შეიძლება დაბადების დღეზე ელექტროპლედიც აჩუქოს,რაც სინამდვილეში მინიშნებაა ერთად ჩახუტებული ძილის პრივილეგიებზე_მაშინ ხომ აღარ გაეყინებოდა ფეხები?!

რადგან სასწორი მასკულინური ნიშანია,ის მალე მიახვედრებს კირჩხიბს,რომ საკუთარ მერყევ თავზე ზეწოლის საშუალებას არ მისცემს. მაგრამ სასწორი ასევე ფემინური ენერგიის პლანეტით,ვენერით იმართება,რომელიც ძალიან ჰარმონიულ ურთიერთობაშია მისი რჩეულის მმართველ მთვარესთან. მისი გავლენით,კირჩხიბი ერთგული,მომთმენი და მიჯაჭვულია. გარკვეული დროის განმავლობაში ყველაფერი მშვიდად და წყნარად იქნება.

მიუხედავად  ძალიან განსხვავებული ხასიათებისა და შეხედულებებისა,მათი რომანის დასაწყისიდან საკმაოდ მცირე დრო იქნება გასული,როდესაც სასწორის თავში დაქორწინების მაცდური იდეა გამოიჩეკება. როდესაც ვენერით მართული მამაკაცი ძლიერ ცდუნებას განიცდის,ქალის სახით,ის ათას რაციონალურ ახსნას მოძებნის,როგორ უნდა მოიქცეს და ბოლოს დაასკვნის,რომ ცდუნების თავიდან მოცილების ერთადერთი სწორი საშუალება დანებებაა. ეს სასწორის რომანტიული სურვილებითა და სხეულის ყივილით დამახინჯებული ლოგიკის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია.

თუ ის სასწორის ნიშნის გამოკვეთილი წარმომადგენელია და თუ მათ მნათობებს შორის ჰარმონიული ასპექტებია,ცხადია,სასწორმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო,როდესაც გული და ხელი შესთავაზა ამ მთვარეულ ქმნილებას,ნოტიო თვალებითა და მყარი ჯავშნით. ეს სათუთი,მგრძნობიარე და შემეცნებითი გოგონა ხომ უზომოდ შეპყრობილია მის კეთილდღეობაზე ზრუნვით. მაგრამ როდესაც ყველაფერს გულდასმით გააანალიზებთ,თქვენ არ დაადანაშაულებთ სასწორს იმაში,რომ ცდუნებას აჰყვა და დანებდა. თუ მათ მზე-მთვარეებს შორის კვადრატურის ან ოპოზიციის ასპექტია(ვერძი ან თხის რქა),ეს მაინც შეიძლება ბრძნული გადაწყვეტილება გახდეს სასწორის მარადიული სულისთვის,თუმცა რეალური ურთიერთობა ხშირად საკმაოდ მძიმე და მტანჯველი ხდება. ახლა ის დროა,კვადრატული ურთიერთობის უმთავრესი პირობა გავიხსენოთ: თუ ისინი დისჰარმონიის აღმოფხვრას და თანხმობის მიღწევას მოახერხებენ,მათ სიყვარულს ანგელოზები უმღერებენ. ეს სიამოვნება კი ძვირად ფასობს.

არც ერთ მზის ნიშანს არ ახასიათებს ისეთი ძლიერი,თუმცა გაუცნობიერებელი,პესიმიზმი,როგორც კირჩხიბს. ამ საკითხში კირჩხიბი სამივე მიწის ნიშანს,ერთად აღებულს,აჭარბებს. და ვერც ერთ სხვა ნიშანში ვერ შეხვდებით იმდენ მხიარულ და ოპტიმიზმით აღსავსე ადამიანს,როგორც სასწორში,თქვენ წარმოიდგინეთ ვერძებს და მშვილდოსნებსაც უსწრებენ. თუ მათ ამ თვისებებს ყოველდღე(და ყოველ ღამეც) გავაერთიანებთ,კირჩხიბის პესიმიზმს თანდათან იმედის ნოტები შეემატება,სასწორი კი ნაკლებად ქარაფშუტა და მეტად მგრძნობიარე გახდება. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს,რომ ოპტიმიზმი,თავისი არსით,არ შეიძლბა გახდეს ნაკლებად გულუბრყვილო და მეტად მგრძნობიარე,მაშინ ის ოპტიმიზმი აღარ იქნება. ისევე,როგორც ბუნებაში არ არსებობს იმედით სავსე პესიმიზმი_ეს უკვე პესიმიზმი აღარ არის.

მე ვისურვებდი,კირჩხიბმა და სასწორმა  თავიანთი ბუნებრივი თვისებების გაცვლით უბრალოდ პრობლემები მოაგვარონ. პესიმისტი სასწორი მამაკაცი საშინლად უბედური ადამიანი იქნებოდა. აბსოლუტურად ოპტიმისტი კირჩხიბი ქალი კი,თავისი წინდახედულებისა და სიფრთხილის გარეშე,საკუთარ თავს უღალატებდა. კირჩხიბს შეუძლია გააფრთხილოს სასწორი,რომ ზედმეტად ოპტიმისტია_ეს ის ბურუსია,სადაც შეიძლება ოცნებები დაეკარგოს. მას კი მთელი გულით უნდა,რომ მის საყვარელ მამაკაცს ყველა ოცნება აუხდეს.

კირჩხიბი ქალი,ცხადია,მესაკუთრეა. სასწორს,ბუნებრივია,თავისუფლება უყვარს. ეს თითქოს გადაულახავი წინააღმდეგობაა და მაინც,არც ისე რთულია,როგორც თითოეულს შეიძლება მოეჩვენოს.

თუ სასწორს ნამდვილად უყვარს კირჩხიბი,ის მიხვდება,რომ ეს მესაკუთრეობა კი არა,ყურადღებით შემკობის სურვილია. ეს უბრალოდ კირჩხიბის ბავშვობის შიშებია. მას ეშინია,რომ მისი სიყვარული მხოლოდ მირაჟია,რომელიც ერთ დღეს გაქრება და მას მარტო დატოვებს,უსიყვარულოდ და დაუცველად. სრულიად გასაგებია,რომ როდესაც სასწორი მასთან არ იმყოფება,კირჩიხის შიშები ერთი ათად იზრდება,რადგან ბავშვობიდან დაშინებულია ცრუ ჭეშმარიტებით: „თვალი თვალს რომ მოშორდება,გული გადასხვაფერდებაო“. მან უნდა შეიგნოს,რომ სასწორს დროდადრო თავისუფლება იმისთვის კი არ სჭირდება,რომ მიატოვოს და არც იმისთვის,რომ სხვა უყვარს. არა,მისი მშობლიური ელემენტი ჰაერია და ის უბრალოდ ვერ ჩერდება ერთ ადგილზე. იგივე ეხება ცრუ შეხედულებას,რომ საყვარელი ადამიანისთვის თავისუფლების მინიჭებით მას დაკარგავთ. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მილიონჯერ არის დამტკიცებული,რომ განშორება გულს უფრო ძლიერ აძგერებს,თუ გრძნობა ნამდვილია. ეს ჭეშმარიტი სიყვარულის შეუცვლელი კანონია.

სასწორი მამაკაცი,რომელსაც ნამდვილად უყვარს და ესმის თავისი მთვარეული რჩეულის,თან წაიყვანს მას,როგორი მოსაწყენი საქმიანი მივლინებაც არ უნდა იყოს. იმიტომ კი არა,რომ საქმეებში დაეხმარება,უბრალოდ მას ახსოვს,რომ ადამიანებს ერთმანეთი იმიტომ უყვარდებათ,რომ ერთად იყვნენ და ყველაფერი,რაც მათ აშორებთ და სიხარულს ართმევთ,მათ საერთო ბედნიერებას უშლის ხელს. და ამ შემთხვევაში სასწორს მიუფურთხებია საზოგადოების წესებისთვის!

როგორ შეიძლება ერთად რაიმე ახალი აღმოაჩინონ,როდესაც ერთმანეთს მხოლოდ სახლში ხედავენ და ერთადერთი ამაღელვებელი შთაბეჭდილება ბავშვის ახალი კბილი და გაფუჭებული სახურავის შეკეთებაა? თუ ის გულწრფელად ეპატიჟება კირჩხიბს,სასწორს გულისამაჩუყებელი სიურპრიზი ელის. როდესაც კირჩხიბი მიხვდება,რომ სასწორს მართლა უნდა ეს,ის შეწყვეტს  ყოველგვარ პრეტენზიებს,რადგან სასწორის  მიწვევა მის ყველა მთვარეული შიშს გააქრობს. როდესაც კირჩხიბი მშვიდდება, მაშინ სასწორი იწყებს ნერვიულობას_შეყვარებული ადამიანები ისეთი უცნაურები არიან…

შემდეგი პრობლემა ფულს ეხება და მე კატეგორიულ უარს ვაცხადებ,მათი მსაჯული ვიყო. უბრალოდ სასწორს ვეტყვი: დაე,კირჩხიბმა ფული შეინახოს,რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. კირჩხიბს კი ვურჩევ: შეწყვიტეთ სასწორის დაშინება ჰიპოთეტური ბანკროტობით. ნუ გეშინიათ წარმოსახვითი სიღარიბის,თორემ ერთხელაც ის თქვენს რეალობად იქცევა. როდესაც ფული გაქვთ,ხარჯეთ და გაეცით,მაშინ მოგიბრუნდებათ და იმაზე სწრაფად,ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ. მთელი თქვენი კიბორჩხალასეული სიფრთხილით,თქვენ ვერ შეცვლით სამყაროს მიზიდულობის კანონს. და როგორ დამიმტკიცებთ,რომ ვცდები,როდესაც არასდროს გიცდიათ ეს?

რაც შეეხება,მათი ურთიერთობის სექსუალურ მხარეს,რაც სიყვარულის დასაწყისში სასწაულებს ჰპირდებათ,მოგვიანებით შეიძლება აღმოაჩინონ,რომ მათი გულები ცარიელია. ეს ტრაგედია პიესის პირველივე აქტში უნდა აღიკვეთოს და ჯობია იქამდე,სანამ ფარდა გაიხსნება. კირჩხიბის მუდმივმა უნდობლობამ  სასწორში შეიძლება უსარგებლობის გრძნობა წარმოშვას,რაც იმპოტენციის პრელუდია გახდება. არც სასწორს ესმის,რომ კირჩხიბს ძალიან სჭირდება ხაზგასმული სინაზე და რომანტიული ჟესტები და თუ ეს ვერ მიიღო,ემოციური თავდაცვის ნიჟარაში ჩაიკეტება და მაშინ არც ფრიგიდულობაა შორს. თუ ისინი ერთმანეთის გრძნობებს დააფასებენ და ყოველთვის ეხსომებათ ნიუტონის მიზეზ-შედეგობრივი კანონი,მათი სიყვარული შეიძლება მშვენიერი განცდა გახდეს,ისეთი სიახლოვის წყალობით,რომელსაც ორივესთვის მშვიდობა და თანხმობა მოაქვს. მაშინ სასწორი მამაკაცი,კირჩხიბის მაგიის მეშვეობით,ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ახლიდან აღმოჩენს.

ქალისა და მამაკაცის სექსუალური ერთობა გამოუთქმელი სურვილებით აღსავსე მარადიულ მელოდიას ჰგავს. როდესაც ის კარგად სრულდება,განკურნების ძალა აქვს. მუსიკისა და პოეზიის ენაც შეიძლება გახდეს სიყვარულის ანბანი. ტიპური სასწორი მამაკაცისა და კირჩხიბი ქალისთვის ხანდახან გაცილებით მარტივია გრძნობების ასეთი ფორმით გამოხატვა და მათ ხშირად უნდა გაიხსენონ ამის შესახებ. განსაკუთრებით მაშინ,როდესაც მობოდიშება და უმარტივესი სიტყვების წარმოთქმა უჭირთ: „არ მინდოდა შენი წყენა“.

შემდეგ ჯერზე,როდესაც სასწორს კვლავ მოუწევს წასვლა,ის მას  «Je reviens» ფლაკონსა და ლექსიკონს აჩუქებს,რომ კირჩხიბმა  „მე დავბუნდები“ ფრაზა ისწავლოს ფრანგულად… ან თოჯინას,იმის სადემონსტრაციოდ,რომ მას ესმის მისი გრძნობები და აფასებს მის წარსულს,რადგან,როგორც ჩანს,კირჩხიბისთვის ის გაცილებით რეალური და საიმედოა,ვიდრე დღევანდელი და ხვალინდელი დღე. კირჩხიბის საპასუხო ძღვენი სრული ნდობა იქნება… ჰო,ორივე ძალიან სენტიმენტალურია. ორივე არაჩვეულებრივი წარმოსახვით არის დაჯილდოებული და ორივეს სწამს ოცნებების. ორივე განწყობის ადამიანია და მათ იციან სინაზის ფასი.

სხვა რომ არაფერი,კირჩხიბს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს,სასწორს_არანაკლებ შესანიშნავი ღიმილი.

 

 

მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top