კირჩხიბი და ქალწული

კირჩხიბი და ქალწული

მათ პატარა გასაბერი ნავი იპოვეს და სახლისკენ გაემართნენ.

თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ,რა ესაქმება კირჩხიბს ქალწულთან? სანაპიროზე შემთხვევით თუ გაჰკრავს მარწუხს მომხიბვლელ ფეხის თითზე… ან იქნებ უფრო მჭიდედაც ჩაუბღაუჭოს?

ზუსტად ასევე შეიძლება იკითხოთ,რა უნდა ქალწულს კირჩხიბთან? სწრაფად თუ გაიქცევა მისგან… ან იქნებ სახლში წაიყვანოს,როგორც შინაური ნებიერა?

რთული წარმოსადგენია,რომ კირჩხიბსა და ქალწულს შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეთ. ზოგ გოგონაზე ამბობენ,რომ ისინი ნერვიული და ეჭვიანები არიან,მაგრამ ნამდვილი კირჩხიბები მორიდებით გამოირჩევიან,რაც,როგორც წესი,ქალწულობასთან ასოცირდება და სწორედ ეს გვაახლოებს იმ მიზანთან,როგორღაც დავაკავშიროთ ეს ორი ნიშანი. ერთი მათგანი  ზღვის ღამეული ქმნილებაა. მეორესაც აქვს კავშირი ღამის ძალებთან,თუმცა არა წყლის სტიქიასთან,პატარა გუბეებს თუ არ ჩავთვლით,სადაც  ასტროლოგიური ქალწულები ხშირად იხედებიან საკუთარი ანარეკლის დასანახად. ნარცისული სახებები ხანდახან წყლის რაკრაკით იფარება,მაგრამ,მთლიანობაში, მკაფიოდ გამოსახულია. მიწა თავისთავად შეიცავს წყალს,მაგრამ თუ წყალი საკმარისი არ არის,მიწა გამომშრალია და ნაყოფს არ იძლევა. ამიტომ,წყლის ნიშანთან ურთიერთობა დიდად ამდიდრებს ქალწული მამაკაცის,ქალისა თუ ბავშვის პიროვნებას.

ქალწულთა უმეტესობას არც ისე დიდი სურვილი აქვს  საკუთარი სქემატურად მოწესრიგებული ცხოვრება სხვა,იმპულსური და უცნაური,ადამიანების გაუგებარ ცხოვრებას დაუკავშიროს. ამის აუცილებლობა ქალწულს ანერვიულებს და უხერხულობაში აგდებს. მაგრამ კირჩხიბის მშობლიურ სტიქიაში არის რაღაც ისეთი,რაც მას ამშვიდებს. ამიტომ მასთან ურთიერთობაში ის არ განიცდის  ჩვეულ დისკომფორტს. კირჩხიბის სინაზე და სირბილე მშვიდი ტბის განცდას იძლევა. დროდადრო შეგიძლიათ ხელი გაიწვდინოთ და შროშანი მოწყვიტოთ. ქალწული თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობს. მას უკვე აღარ ეშინია,რომ შეზღუდავენ ან კიდევ უარესი,უხელმძღვანელებენ და უბრძანებენ (საწყალი,მიამიტი ქალწული). ის აღტაცებული იქნება კირჩხიბის მთვარეული იუმორით_ჭკვიანური,არა მასხარული,არც ძალიან რთული და არც  ვულგარული. კირჩხიბის იუმორი ყოფით სიტუაციებში სახალისო ნიუანსების აღმოჩენის ხელოვნებაა. ქალწულს,თავისი სატირითა და კრიტიკით,ძალიან მოსწონს ეს და მზადაა,საკუთარი სახალისო დაკვირვებებით,კირჩხიბს შეუერთდეს. განა ეს არაჩვეულებრივი არ არის?

და აი,ეს ორნი ხასხასა მწვანე გასაბერ ნავში ჩახტნენ და ერთად გაუყვნენ ბედნიერების მდინარეს. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ,რომ თან წაიღეს თაფლი და თაფლკვერები კირჩხიბისთვის და გიტარა ქალწულისთვის,რომელზეც ის კირჩხიბს გაუწევს აკომპანირებას,როდესაც დანაყრებული მარწუხა სულელური შაირების სიმღერას მოჰყვება(ძირითადად,გარდასულ დღეებზე). რა თქმა უნდა,მათ თან წაიღეს ბევრი ფულიც. ორივე ნიშნისთვის ფული აბსოლუტურად აუცილებელი ბარგია.

ქალწულს არაფერი აქვს მუსიკის საწინააღმდეგო,მაგრამ რაც შეეხება იმ თაფლკვერებს,რომელიც კირჩხიბს საგზლად მიაქვს,ქალწულმა შეიძლება განუცხადოს,რომ მისი ნივთები ადგილს აღარ ტოვებს წამლებისა და ვიტამინებისთვის. საერთოდ,თაფლკვერები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის,როგორც ფუტკრის სუფთა ცვილი,რომელიც თანაბრად სასარგებლოა აბსოლუტურად ყველაფრისთვის,ნაკაწრების მოშუშებით დაწყებული,გამელოტების პროფილაქტიკით დამთავრებული; ის ხელს უწყობს წონის დაკლებას და მატებასაც… და საერთოდ,ჯანსაღ სულს ინარჩუნებს ჯანსაღ სხეულში. შესაბამისად,ჯობია კირჩხიბმა უარი თქვას თაფლკვერებზე,სასწაულმოქმედი ცვილის სასარგებლოდ.

საინტერესოა,რომ ჩვეულებრივ ძუნწი ქალწულები არასდროს ზოგავენ ფულს მედიკამენტებსა და სხვა სამკურნალო საშუალებებზე.  საქმე ის არის,რომ თუ ისინი დაავადდებიან,შეიძლება სამსახურში ვეღარ გავიდნენ და ამ უპატიებელი საქციელის გამო,თავს დაისჯიან,თვეობით განმარტოების სახით. ქალწულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უაღრესად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს,პირველ რიგში,სამსახურთან დაკავშირებით. ხანდახან ეს მათი აკვიატებული იდეაც ხდება,თუმცა კირჩხიბებს კარგად ესმით,რომ ეს უდაო ღირსებაა. თუმცა,მოდით,გიტარას მივუბრუნდეთ,რომელიც ასე ჰარმონიულად ერწყმის კირჩხიბის სოლო შესრულებას სავსე მთვარის შუქზე.

მას შემდეგ,რაც თაფლკვერებისა და ცვილის დილემას გადაწყვეტენ,დღის წესრიგში ფინანსური საკითხი დადგება. თავიდან ქალწული შეიძლება წინააღმდეგიც იყოს,რომ კირჩხიბმა თან ატაროს ამდენი ფული,მაგრამ სავსებით დასაშვებია,თვითონ რამდენიმე ჩანთა გაიყოლოს. ორივე ნიშანი თანაბრად იზიარებს ფინანსური კრახისა და სიღარიბის შიშს. ისიც გასარკვევია,რომელი უფრო მეტად აფასებს ფულს. უფრო სწორად,რომელს უფრო სჭირდება იმის შეგრძნება,რომ ყოველთვის საკმარისი რაოდენობის ფული აქვს.

საინტერესოა,რომ კირჩხიბი და ქალწული,ერთობლიობაში,ძლიერ მკურნალ ვიბრაციას ქმნიან. როდესაც ამ ადამიანების აურები,ხელები და გულები ერთიანდება,აუცილებლობის შემთხვევაში,მაგიური ენერგიით კურნავენ გონებრივ,ემოციურ თუ ფიზიკურ დაავადებებს. თუმცა აქ სხვების დაავადებები იგულისხმება. რაც შეეხება თავად მათ,კირჩხიბსა და ქალწულს შეუძლიათ  თავი მძიმე დეპრესიებამდე ან ქრონიკულ დავაადებებამდე მიიყვანონ. მაგრამ ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად და ერთმანეთის პრეტენზიების მოსასმენად.

ეს 11-3 ფორმულაა და ჩვენ აქ ზოდიაქოს ნიშნების მეგობრულ კავშირს ვაწყდებით. როგორი უცნაური და სასაცილოებიც არ უნდა ჩანდნენ გარშემომყოფებისთვის,სწორედ მეგობრობა აგრძნობინებს თავს ბუნებრივად,როდესაც ზღვის ნაპირზე მისეირონობენ  ან ტყის გავლით ბებიასთან მიდიან. რა თქმა უნდა,აქ ქალწულის ბებია იგულისხმება,წინააღდეგ შემთხვევაში,ეს აუცილებლად კირჩხიბის დედა იქნებოდა.

როდესაც კლებადი მთვარე თავის შვილებს  წარსულის მოგონებებსა თუ მომავლის შიშებზე ასლუკუნებს,ქალწული თანაგრძნობით ამშვიდებს მას. სავარაუდოდ,ქალწულს თან სუფთა და ლამაზი ცხვირსახოციც აღმოაჩნდება,რომელსაც მთვარეულ მეგობარს გაუწვდის და ისიც გულისამაჩუყებელი მადლიერებით მიიღებს თანაგრძნობას.

ორივე ნიშანი საიმედო და პასუხისმგებლობით აღსავსე მუშაკია. ორივე დიდ სიამოვნებას იღებს სამუშაოსგან და არასდროს აღიქვამენ სამსახურს ტვირთად. ქალწულს სამსახური განსაკუთრებულად სიამოვნებს,რადგან კარგად შესრულებული სამუშაო მისთვის თავისთავად ჯილდოა. კირჩხიბსაც არანაკლებ მოსწონს,თუმცა უფრო ანაზღაურების გამო. ის ნელ-ნელა აგროვებს ფულს,რაც საშუალებას აძლევს მტკიცედ დააზღვიოს თავისი მომავალი ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან _ წყალდიდობისა თუ ხანძრის,მიწისძვრისა თუ ომის,სოციალიზმისა და კაპიტალიზმის,შიმშილობისა თუ ვანდალიზმის, ინდური ნიანგების თავდასხმებისა და საფონდო ბირჟის კრახისგან.

ქალწულიც არანაკლებ ყოჩაღია დანაზოგის საკითხებში. ორივე ნიშანს ყველაზე მეტად ეშინია,ოდესმე ვინმეზე დამოკიდებულები გახდნენ. კირჩხიბის გვერდით და მისი დაცვის ქვეშ ქალწული თავს მშვიდად გრძნობს. ის ხომ ისეთივე გულწრფელობით ზრუნავს მის კეთილდღეობაზე,როგორც თავად მასზე. კირჩხიბიც სიამოვნებით ეფლობა ქალწულის ცივ სიმშვიდეში,სადაც შეუძლია ხმაურიანი ადამიანებისგან გაიქცეს. მაგრამ კეთილსურნელოვან ტყეში,წყნარი ტბისკენ მიმავალ გზაზე,არის ერთი წინააღმდეგობა,რომელიც მათ უნდა გალახონ. საქმე ის არის,რომ ქალწული ვერ იტანს მესაკუთრეობას და შეზღუდვებს. კირჩხიბი კი ძლივს არჩევს ერთმანეთისგან მესაკუთრეობასა  და ალერსიან მზრუნველობას. გარდა ამისა,თავიანთი იდუმალებისა და ჩაკეტილობის კვალობაზე,კირჩხიბებს ძალიან უყვართ სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. თითქოს ყველა  კასრის საცობები არიან. ქალწული სულაც არ არის კასრი და ძალიან არ უნდა,მასში ვინმემ თავისი ცხვირი ჩაჰყოს! როდესაც ქალწული გრძნობს,რომ სამი(ან ოთხივე) მხრიდან ავიწროებენ,მის მზის წნულში დაბუდებული შფოთების მასშტაბები გვარიანად იზრდება და მთელს სხეულს მოიცავს. გარკვეული დროის შემდეგ,ქალწული კირჩხიბის მზრუნველობას საპყრობილედ აღიქვამს. მაშინ მარწუხამ გვერდზე უკან გაიწიოს და უკანაც დაიხიოს,თუ არ სურს,რომ ქალწულს გული შეუღონდეს.

საბოლოოდ ქალწული დაბრუნდება,მაგრამ წამოძახებებს არ დაიშლის და მისი კრიტიკა კირჩხიბს ბასრი მარწუხების ატკაცუნებისკენ უბიძგებს. ქალწული ერთ ობოლ ცრემლს გადმოაგდებს,სამაგიეროდ კირჩხიბი ჩანჩქერად იტირებს და გულამოსკვნილი ითხოვს პატიებას. ქალწულიც ასე მოიქცევა,რადგან მიწის ნიშანს კარგად ესმის,რომ ნამდვილ მეგობრობას მოფრთხილება სჭირდება.

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და ქალწული ქალი

 მაშინ პიტერმა,რომელიც ყოველთვის თანაუგრძნობდა სუსტებს,ტაში შემოჰკრა.

„რა მამაცი ქაღალდის ნაგლეჯია!“_გაიფიქრა პიტერმა.

ის არ იყოს ქაღალდის ნაგლეჯი.

ის ჩიტი ნეტი იყო,რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობდა,პიტერამდე მიეღწია…

 

კირჩხიბს თითქმის სძულს ისინი!..  ისინი სასტიკები და უგრძნობები არიან!.. ეს ასტრონავტები,თავიანთი  საგამოძიებო კოსმიური პროგრამებით. კირჩხიბს მათ გამო საზარელი კანკალი იტანს,თუმცა კრინტიც არ დაუძრავს ამაზე. როგორ აუხსნას სხვებს,რისგან იგრძნო თავი ასე მარტოსულად და დაკარგულად,როდესაც ადამიანი პირველად გადაჯდა მთვარეზე. მისი თავდაჯერება იმედგაცრუების სიღრმეებში ჩაიკარგა. მეორედ უფრო უარესად იგრძნო თავი. ის ტიროდა. ცხადია,მარტოობაში,როდესაც ვერავინ ხედავდა. მან თავისი მდუმარე ტვირთი მთელი თვეები და წლები ატარა და ვერავის გაუზიარა,რადგან იმედიც კი არ ჰქონდა,რომ ვინმე გაუგებდა და თანაუგრძნობდა… სანამ მას არ შეუყვარდა და „ის“ ქალწული ქალი იყო.

თანდათან კირჩხიბი იმ აზრამდე მივა,რომ ქალწული არ დასცინებს. შეიძლება შიშებისგან განთავისუფლებაშიც დაეხმაროს და ბედნიერი დასასრულიც დაუდოს მის ღამეულ კოშმარებს ამ კოსმიურ თემასთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს,ქალწული ისეთი მშვიდი და წყნარია,თვითონ ჰგავს საიდუმლოს. თან ისეთი ჭკვიანია… ქალის კვალობაზე. კირჩხიბი მამაკაცი სექსისტია და ნუ ელით მისგან,რომ ეს როდესმე მთლიანად გაქრება,სანამ დედის სახება მეტამორფოზათა მთელ ციკლს არ გაივლის,რასაც ათწლეულები სჭირდება.

„გონიერების გარდა _ ფიქრობს კირჩხიბი _ ის ნაზი და რბილია. თან თანაგრძნობის გამოვლენაც ეხერხება“. თუმცა ხანდახან კირჩხიბი ამჩნევს,რომ ის… ცოტა ჭირვეულად იქცევა,გაღიზიანებულია, გაუცხოებული და გულგრილი. მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათი მომენტებია და ბოლოს და ბოლოს,განა თვითონაც ასეთი არ არის? ვის ესმის კირჩხიბზე უკეთესად,რომ ადამიანი ყოველთვის იმას არ გულისხმობს,რასაც ამბობს?

და აი,კირჩხიბმა მთელი თავისი გამბედაობა მოიკრიბა,ქალწულის დახვეწილად გამოთლილ ყურებს თავისი საიდუმლო კოშმარი გაანდო და ნუგეშს ელის… ჰოი,საოცრებავ! ქალწული მართლა თანაუგრძნობს! მას მართლა ესმის! და არათუ  არ დასცინის,პასუხიც კი აქვს! ამასთან,ძალიან ლოგიკური,გონივრული და სრულიად რეალური პასუხი,სადაც უცნაურად არის შერწყმული ეზოთერული და მისტიური ჭეშმარიტებების ძაფები.

იცით რა არის,კირჩხიბს ეს მთვარეზე გადაჯდომები ძალიან რაციონალური მიზეზების გამო აშფოთებს. ის კირჩხიბის ნიშნით დაიბადა და მთვარე მისი კოსმიური მშობელია. საუკუნეების განმავლობაში მწერლები,პოეტები და წინასწარმეტყველები,ასტროლოგებსა და მეტაფიზიკობზე რომ არაფერი ვთქვათ,მთვარეს გამოსახავდნენ,როგორც საიდუმლოებათა სავანეს,ყველა მაგნიტური და ჰიპნოტური მოვლენის წყაროს. კირჩხიბის სული ნეტარებისგან თრთოდა,როდესაც უმზერდა,როგორ ივსებოდა ღამის მბრძანებელი მოუხელთებელი დაპირიბებით და შემდეგ კვლავ ილეოდა. კირჩხიბი ახალ მთვარეს ყოველთვის  სანუკვარ სურვილებს ჩაუთქვამდა… შემდეგ ეს საძაგელი ასტრონავტები გამოჩნდნენ და მისი იდუმალებით მოცული,მშვენიერი მმართველის შესწავლა გადაწყვიტეს. ჟურნალები სავსე იყო მისი გამოსახულების ფოტომკრეხელობებით!!! იქ ისეთი მოწყველადი ჩანდა,ჯვარედინი კრატერებით,ფხვიერი ქვიშით და მოსაწყენი კლდეებით დაფარული. ყოველგვარი ბრწყინვალებისა და ციალის გარეშე!  არავითარი მაგია! არავითარი საიდუმლო!  მხოლოდ ცივი სიცარიელის კილომეტრები. ყველაფერი წაართვეს! რას ერჩოდნენ?!. მისი მბრძანებლის ასე უხამსად  გაშიშვლებამ კირჩხიბის თავდაჯერება საფუძვლიანად შეარყია,თუმცა მას არ შეეძლო  აეხსნა,როგორ.

ქალწულმა მას მშვიდად მოუსმინა და არც ერთხელ არ შეაწყვეტინა,როგორც სხვა სულელი ქალი მოიქცეოდა მის ადგილზე. კირჩხიბი შეპარვით გახედავს იმის შესამოწმებლად,ხომ არ დასცინის ქალწული. არა,მან  ყველაფერი შესანიშნავად გაიგო. მისი მშვიდი მზერა გულწრფელი ინტერესით აღივსო. მან უთხრა,რომ მისი ნიშნის ადამიანისთვის სრულიად ლოგიკურია მსგავსი რეაქცია,მის საიდუმლო სამყაროში ასეთ დაუპატიჟებელ შეჭრასა და მისი პოეტურად ხატოვანი მმართველის ასე პროზაულად და მშრალად გადმოცემაზე. ქალწული ქალი იმასაც ხვდება,რომ ადამიანებისთვის ბუნებრივია თავიანთ მმართველ პლანეტებთან თავის გაიგივება. ვერძი მამაკაციც მძიმედ განიცდიდა ასეთ დარტყმას,ასტრონავტები რომ მარსზე გადამსხდარიყვნენ და განეცხადებინათ,რომ წითელი ცეცხლის პლანეტა პატარა,მწვანე კაცუნებით არის დასახლებული და მედუზებითა და გვიმრებით არის დაფარული. მარსი! დიადი,მამაცი,უშიშარი და მებრძოლი მარსი!.. მედუზებსა და გვიმრებში?!.   კირჩხიბს გაეცინება და გულიდან დარდი მოეშვება.

შემდეგ ქალწული მოუყვება,რომ მერკური მხოლოდ მისი აღმზრდელია და ის სულმოუთქმელად ელოდება მისი ნამდვილი მმართველის, ვულკანის აღმოჩენას! დიხ,დიახ,ქალწულიც იყურება ცაში და ათასი არამიწიერი აზრი იტაცებს.

ქალწული ქალი მტკიცედ ეტყვის მას,რომ მისი აზრით,მთვარის მაგიური და იდუმალი ისტორიები,სრული სიმართლეა. ხოლო ის ნიადაგი,რომელზეც ასტრონავტები დააბიჯებდნენ_არასრული სიმართლე. განა კლდეებმა და კრატერებმა ახსნეს მთვარის ზემოქმედების მიზეზები,მისი ოკეანის ტალღების მაგნიტურად მიზიდვის უნარი და საერთოდ,მისი ხილული ზემოქმედება დედამიწაზე? არა. და თვითონ დედამიწა? კოსმოსიდან დაკვირვებით ის ულამაზეს  ცისფერ ბურთს ჰგავს. მაგრამ ახლო ხედით,როგორ შეიძლება იმედი არ გაგიცრუვდეს მთელი ამ ომების,სისასტიკის,ჰოთ-დოგების კიოსკების,სიბინძურის,სპეკულანტების,ღატაკებისა და მოშიმშილეების,ამ ანგარებიანი პოლიტიკოსების შემხედვარეს? კირჩხიბი დაღვრემილი უქნევს თავს.

ქალწული ეტყვის,რომ მთვარე მზის სხივებს ირეკლავს. ის სარკეა და არც ერთ სხვა ვარსკვლავსა თუ პლანეტას არ ჰგავს ჩვენს პლანეტარულ სისტემაში. მთვარე უნიკალურია. ის კვლავინდებურად იდუმალია და ისეთივე ძალაუფლება აქვს,როგორც ადრე. ხამანწკებიც კი მთვარის ფაზების ზუსტ შესაბამისობაში იხსნებიან და იხურებიან. „მთვარის ჭეშმარიტება_ეუბნება ქალწული_მის ზედაპირზე არ დევს. მისი დანახვა მხოლოდ მესამე თვალით ან გულით შეიძლება. მთვარე უნდა განიხილო,როგორც გარკვეული ეფექტების აბსოლუტური მიზეზი და სრული ჭეშმარიტება. მხოლოდ  მაშინ,ისიც მოგვიანებით, შეიძლება ნათელიც გახდეს“.

შემდეგ ქალწული ჰკითხავს კირჩხიბს,ხომ არ მოსჩვენებია როდესმე,რომ დედამიწა,რომელიც ხანდახან სრულ ფარსს ჰგავს,თავად შეიძლება ფლობდეს უცნაურ ძალაუფლებას,რომელზეც ჩვენ ვერც კი ვეჭვობთ. მაგალითად,მთელი გალაქტიკის ბედისწერის შეცვლის ძალაუფლებას. მერე  დეიდა ესთერის სიტყვებს დაუციტირებს: „ენდე მხოლოდ იმის ნახევარს,რასაც ხედავ და არასდროს მხოლოდ ყურმოკრულს“. ბოლოს შეპირდება,რომ ხვალვე ათხოვებს  „პატარა უფლისწულს“,რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ქალწულთა უმეტესობას წაკითხული აქვს და აღმერთებს ამ წიგნს. საერთოდ,მათ ყველაფერი არანორმალურად იზიდავთ,სადაც  სიტყვა „პატარა“ არის გარეული.

ქალწულ ქალს თითქმის ყოველთვის გამოსდის კირჩხიბისთვის საიმედოობის განცდის დაბრუნება. ყველაფერი კვლავ ისე მიდის,როგორც საჭიროა. სამყაროში ყველაფერი თავის ორბიტაზე მოძრაობს. ასეთივე განცდა ჰქონდა  კირჩხიბს,როდესაც პატარაობაში  დედამ უთხრა,რომ მისი შიშები სულელური და არარეალური იყო და უბრძანა,სასწრაფოდ დამშვიდებულიყო.  ქალწული ქალი მას თავს ისევე მყუდროდ  აგრძნობინებს,როგორც თავის ფუმფულა ხალათში(დიდი ჯიბეებით),რომელიც ყველგან თან დააქვს. კირჩხიბისთვის  ქალწულის პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა საოცრად ნაცნობია.  მართალია,ზოგჯერ ვულკანი მის წესრიგს თავდაყირა აყენებს და ქალწულს აიძულებს,შორს მოისროლოს სიფრთხილე და რადიკალურად შეცვალოს ყველაფერი. აი,მაშინ კირჩხიბს ნამდვილად აქვს ნერვიულობის საბაბი. თუმცა ტიპური ქალწული ქალი ნაკლებად გააკეთებს ისეთ რამეს,რითაც კირჩხიბს გულს ატკენს. ის იმდენად დამამშვიდებლად პროგნოზირებადია(ვულკანის იშვიათი ამოფრქვევების გამოკლებით),კირჩხიბს არ აწყენდა მისთვის მიებაძა. მაგრამ რომელ პროგნოზირებაზე შეიძლება საუბარი,როდესაც ამ მამაკაცის ხასიათს, სიცილს,ცრემლებს,დათრგუნულობას,ხალისს,ხუმრობებს, თანაგრძნობას,სირბილეს თუ გაღიზიანებას(როდესაც მარწუხა ყველაფერს ჯიბრზე აკეთებს) მთელი ეს სალი კლდეები და კრატერები მართავენ. მას ხან მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი იპყრობს,ხანაც სევდიანი განმარტოების; ხან შეშინებული იყუჟება თავის ჯავშანში,ხანაც მზრუნველი ყურადღებით დასდევს ყველას. საბედნიეროდ,ქალწულ ქალს საკმარისზე მეტი პრაქტიკული და საღი აზრი აქვს,რაც ამ ყველაფერთან უპრობლემოდ გამკლავების უნარსაც გულისხმობს.

ქალწულს არაფერი აქვს კირჩხიბის სიფრთხილის საწინააღმდეგო,რადგან თვითონაც ფრთხილია. მის მფლანგველობისადმი ანტიპატიას,პასუხიმგებლობის გრძნობასა და ოჯახური ცხოვრებისგან მიღებულ ნეტარებასაც სრული გაგებით იზიარებს. ქალწული სიამოვნებით მოუმზადებს მას გემრიელ კერძებს,როდესაც აღმოაჩენს,რომ სახლის საკვები მისთვის საიმედოობის გრძნობასთან ასოცირდება( და არა იმიტომ,რომ ქალწულს ძალიან მოსწონს მზარეულობა,თუ ასცედენტი ან მთვარე კუროს ან კირჩხიბის ნიშანში არ ჰყავს).

რაც შეეხება კირჩხიბის მესაკუთრეობას,აქ  მოსალოდნელია მცირედი უთანხმოებები. კირჩხიბს შეიძლება არ მოეწონოს ქალწულის სამსახურისადმი თავდადება,თუ მისი სამუშაო მაგიდა,კირჩხიბის მაგიდის გვერდით არ იდგება და ისინი ერთად არ დაკავდებიან საერთო საქმით.  კირჩხიბი კარდინალური ნიშანია,ქალწული_მუტაბელური. ასე რომ,ქალწული სავსებით მშვიდად ეკიდება კირჩხიბის საჭეთმპყობრობის სურვილს. კირჩხიბი ლიდერია(მართალია,არაფორმალური),ქალწულს კი მისადაგება უფრო უმარტივდება და ის სულაც არ ცდილობს დემონსტრაციულად დამოუკიდებელი იყოს,მაგრამ თავისუფლების შეზღუდვასაც არ დაუშვებს. თუ კირჩხიბი მას გალანტურად და თავაზიანად უხელმძღვანელებს(და ის ხელმძღვანელობის ზუსტად ამ სტილს ამჯობინებს),ეს არ იქნება ქალწულისთვის შეურაცხმყოფელი და ის არ აღშფოთდება. თუმცა ის მხოლოდ იმაზე დათანხმდება,რაც მოსწონს. თუ ქალწულს რაიმე არ მოეწონა,გულწრფელად ეტყვის ამას და საქმეს თავისებურად გააგრძელებს_თავაზიანად,როგორც კირჩხიბი,მაგრამ საკმაოდ მტკიცედ,როგორც მიწის სტიქიის ჭეშმარიტი პირმშო.

ისინი კარგად ეწყობიან ერთმანეთს. მათი მიზიდულობა ბუნებრივი და მშვიდია,მაგრამ საკმარისად ძლიერიც,როგორც წყლისა და მიწის ნიშნებში ხდება. ქალწული ქალი შეიძლება გულგრილი მოგეჩვენოთ,მაგრამ კირჩხიბის სენტიმენტალობა და მგრძნობიარობა ხელს უწყობს მისი ვნებების მარაგის გახსნას. კირჩხიბს შეუძლია ისეთი განსაკუთრებული,სუფთა და ნაზი გრძნობებით გაფურჩქნოს მისი სული,როგორც თავად ქალწულია. მასში არ არის ჭარბი ემოციურობა და მიწის ჩვეული სიმძიმე. თუმცა მან შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი ღრმა მგრძნობიარობით,რომელზეც თვითონაც არ ჰქონდა წარმოდგენა. ხანდახან ის მართლაც  ცივი და თავშეკავებულია (განსაკუთრებით უცხოებთან),მაგრამ როდესაც მასში ვულკანი იღვიძებს,ეს ქალი გაგაოცებთ სიყვარულის,მგრძნობიარობისა და სინაზის სინთეზით. კირჩხიბსაც და ქალწულსაც ვნების განსაკუთრებულად სიღრმისეული გაგება აქვთ და ისინი არ განიხილავენ სექსუალურ კავშირს,როგორც შემთხვევით და უმნიშვნელო მოვლენას.

მთვარეული ქმნილება დიდი გამჭრიახობითა და ინტუიციური აზროვნებით არის დაჯილდოებული. ის დახელოვნებული სტრატეგია,როდესაც საქმით არის დაკავებული და ბრწყინვალე ტაქტიკოსი ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში. ქალწული აღფრთოვანებულია ამ თვისებებით. საერთოდ, ქალწულს არ შეუძლია ისეთი კაცი შეუყვარდეს,რომელსაც პატივს არ სცემს. მაგრამ ბუნებაში ვაწყდებით,საკუთარ ირაციონალურ შიშებში ჩაკარგულ, არასაიმედო მთვარეულ ყმაწვილებსაც,რომლებიც თავს ალკოჰოლით,ნარკოტიკებით,ფანტაზიებითა და გადაწყვეტილებების გადადებით იტყუებენ. თუ ქალწული ამ ტიპის კიბორჩხალას გადაეყარა,ის ძალიან ნაწყენი და გაღიზინებული დარჩება და არც უკმაყოფილების გამოთქმის მოერიდება. მხოლოდ წვრილმანებზე შედავებით,პატარა შეხსენებებით, შეკრული წარბებით,დემონსტრაციული მეწამეობრივი თვინიერებით… ან უბრალოდ ადგება და მაშინ წავა,როდესაც კირჩხიბი ყველაზე ნაკლებად ელის ამას. წავა უგუნური და არაპრაქტიკული ემოციების გარეშე და ახალ ცხოვრებას დაიწყებს მარტო.

კირჩხიბის მძაფრმა მგრძნობიარობამ წყენის მიმართ,ქალწულის თვისებრივ კრიტიკულობასთან რეაქციაში,შეიძლება დასასრულამდე მიიყვანოს მათი ურთიერთობა,თუ დროულად არ მიხვდნენ,რომ ჩიხში შედიან. კირჩხიბი ყოველთვის კარგად გრძნობს მიმდინარე სიტუაციას,ქალწული_დაბადებით ანალიტიკოსია. ასე რომ,მათ ვერავინ გაამართლებს,თუ ურთიერთობის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქალწულს საოცრად ნათელი და ჭკვიანი თვალები აქვს(მერკურის წყალობა ტყუპებსა და ქალწულებს). მის სახეზე იმდენი სინაზე და სისპეტაკეა… როდესაც კირჩხიბი მას მთვარის შუქზე შესცქერის,ხანდახან  ეჩვენება,რომ სწორედ ქალწული ქალი არის მისი დაკარგული ჯადოქარი,მისი ქალღმერთი მთვარე…

ოდესმე ქალწული თავისი რჩეულის სინაზესა და საიმედოობას ირწმუნებს და ის ქალურობის განსახიერებად იქცევა. ბოლოს და ბოლოს,ის ფემინური ნიშანია. რაც შეეხება მის თავდაჭერილობასა და  ერთგვარ დისტანციურობას,ესეც დროებითია… სანამ „ის“ გამოჩნდება,მისი ერთგული და ზემგრძნობიარე კირჩხიბი.

კირჩხიბი ქალი და ქალწული მამაკაცი

_რას ჩხავი მანდ?_ჰკითხა პიტერმა._

და შენს ბუდეში რატომ არ მიცურავ,როგორც ყოველთვის?

_მე მინდა… შენ ჩემს ბუდეში გადმოხვიდე,_

უპასუხა ჩიტმა და და ყველაფერი თავიდან გაიმეორა.

 

კირჩხიბისა და ქალწულის გრძნობები შეიძლება ძლიერ ამაღელვებელი იყოს,მაგრამ არ იფიქროთ,რომ მათი ურთიერთობა,ამ ფორმულისთვის დამახასიათებლად,უპრობლემოდ და ბედნიერად წარიმართება.

აი,თქვენ ერთი მაგალითი. ეს რეალური სიტუაციაა,რადგან თითქმის ყოველთვის,ცხოვრება ადამიანთა შეზღუდულ წარმოსახვაზე ბევრად საოცარია. მარტო სახელები და მისამართი შევცვალოთ. ჩვენ ხომ მხოლოდ ჭეშმარიტება გვჭირდება.  ქალწულ მამაკაცს ჯერალდი ერქვას,მის მთვარეულ სატრფოს კი ჰოუფი. დავუშვათ,ისინი სადმე ილინოისში შეხვდნენ ათი წლის წინ. მათ ხუთი შვილი ჰყავთ,რომელთაც ორივე აღმერთებს. დაქორწინებულები არ არიან. როგორღაც ვერც ერთად ცხოვრებას ახერხებენ და უერთმანეთოდაც ვერ ძლებენ. ისინი კარმის გათელილ გზას მისდევენ და თვეობით ხელჩაკიდებულნი დადიან. მალე ჯერალდს ბეზრდება,ჰოუფი კი წუწუნს იწყებს. შემდეგ იმ მტკივნეულად ნაცნობ წერტილს აღწევენ,როდესაც ხვდებიან,რომ უნდა დაშორდნენ.

დრო გადის,მაგრამ ბედი აგვიანებს. ადრე თუ გვიან,ჯერალდს თავისი რჩეულის სიცილი,მისი მომზადებული გემრიელი სოკოს სუპი ახსენდება და გული სინაზით ევსება. მისი მარტოობის განცდა პიკს ზუსტად მაშინ აღწევს,როდესაც ჰოუფი ახალ მთვარეზე სურვილს ჩაიფიქრებს.  მონატრებული მამაკაცი უკვე მერამდენედ ბრუნდება მთვარეული ქალბატონის კარის ზღურბლთან  და ისინი კვლავ ერთი ოჯახი ხდებიან. შემდეგ ყველაფერი მეორდება და ქალწული მიდის. ცხრა თვის შემდეგ  დედამიწას ახალი დამამტკიცებელი საბუთი მოევლინება,როგორ სჭირდებათ მათ ერთმანეთი. მთელი ამ დროის მანძილზე ხუთჯერ ხუთი ანგელოზი აცილებდა ჯერალდს მოგონებათა უსიერი ტყის ჯადოსნურ ბილიკზე. ახლა მეექვსეც დაემატათ. ექვსი კი ვენერას ციფრია და ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად შეიძლება განვითარდეს. მართლაც,ვის შეუძლია შეყვარებულების შერიგება,თუ არა ვენერას?

დიახ,ხშირად ასეთი სცენარით ვითარდება ეს ურთიერთობა,განსაკუთრებით თუ მამაკაცი მათი რიცხვიდანაა,ვისაც საკუთარი პიროვნებისა და ინდივიდუალობის დაკარგვა ძლიერ აშინებს და განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ქალი იმ კირჩხიბთა კატეგორიას მიეკუთვნება,ვინც უმცირესი წინააღმდეგობის გზას ირჩევს_დედობას და მოლოდინს. ზოგიერთი კირჩხიბი ქალი თვლის,რომ შვილებს(და ფულს) ნებისმიერი უსიამოვნების შემსუბუქება შეუძლია. ის იმედოვნებს,რომ ახალმთვარეობის ჯადოსნობა დაეხმარება დამფრთხალი მიჯნურის დაბრუნებაში და როგორც წესი,ქალწული მართლაც გრძნობს მთვარის მიზიდულობის ძალას.

ბუნებრივია,არსებობენ სხვა ტიპის ქალწულებიც,ვინც მარტივად ახერხებს ქორწინების ინსტიტუტისადმი ანტიპატიის დაძლევას. ასეთი ანალიზის მოყვარული ქალწული სწრაფად ითვლის და ადარებს განმარტოებისგან მიღებულ ზარალსა და პარტნიორობის სარგებელს და ასკვნის,რომ ქორწინება არც ისე ცუდია. მას მხოლოდ გარკვეული პერიოდები სჭირდება მარტოობისთვის,რომ მშვიდად ისეირნოს და აზრები სუფთა ჰაერზე გაანიავოს. როგორც მღვდლებსა და მონაზვნებს სჭირდებათ განმარტოება,ქალწულთა ბუნებაც ხშირად ითხოვს ხანდახან ეულად მედიტაციას. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ის გაცოცხლებული ბრუნდება ყოფიერებაში და მზადაა,კვლავ ირწმუნოს ხვალინდელი დღის.

კირჩხიბი გოგონა,რომელსაც კარგად ესმის ქალწულის ეს მოთხოვნა,ოთახიდან ფეხაკრეფით გავა,სანამ მას ძინავს,რომ გარკვეული დროით რომელიმე ძველ ფიჭვის ხესთან განმარტოვდეს. იქნებ ეს ხე ასი წელიწადი ელოდა მეგობარს,რომელიც უხმოდ ჩამოჯდებოდა მასთან? ხეებმა ბევრი იციან და თანაგრძნობით უსმენენ ყველას დუმილს,რადგან ძალიან კეთილები არიან. მათ რომ ჩვენთვის ადგილები გაეცვალათ,ისინი არასდროს ამოჭრიდნენ საკუთარ სახელებს ან გულებს ვინმეს სხეულზე,მინდოდა მეთქვა,ქერქზე. ხეებს ჩვენთვის პატიების სწავლებაც შეუძლიათ.

თუ კირჩხიბი გოგონა იმ პერიოდების მშვიდად გადატანას ისწავლის,როდესაც მისი ქალწული  საკუთარ თავში იკარგება,რომ გარკვეული გეგმები თუ აზრები გააანალიზოს(ან ჭრილობები მოიშუშოს),ის მისგან არასდროს წავა. არსებობენ ისეთი კირჩხიბი ქალებიც,რომლებიც ბუნდოვნად აცნობიერებენ კარდინალური ჯვრის ნიჭს. ასეთი მთვარეულები მოთმინებით აკოწიწებენ მთელ თავიანთ შემართებას კარიერაზე. მაშინ მისი პრეტენზიები ახალი ფერებით იღებება და ქორწინება,რომელიც ცაში თუ არ გადაწყდა,ვარსკვლავებთან საკმაოდ ახლოს იქნა ჩაფიქრებული,პრაქტიკულ პასტელურ ტონებში იფერება მის ცხოვრებაში. ეს მეთოდი მუშაობს. ეს მათ სიყვარულს ახალ ძალას ანიჭებს. დილაობით ისინი სხვადასხვა გზაზე იყრებიან,რომ უქმეებზე თავიდან შეიყვარონ ერთმანეთი. ასეთი ურთიერთობის მოდელი სრულიად აკმაყოფილებს კირჩხიბის ცვლილებებისა და ქალწულის განმარტოების მოთხოვნებს. ეს საშუალებას აძლევს საკუთარ თავსა და ერთმანეთთან თანხმობაში იცხოვრონ.

ის,რაც კირჩხიბ ქალსა და ქალწულ მამაკაცს შორის ხდება,უბრალო სიახლოვე არ არის. ეს ღრმა და ამაღლევებელი კავშირია,სადაც ისინი ისეთივე მშვიდები და ბუნებრივები არიან,როგორც მიწა და წყალი ბუნებაში. როდესაც ცვალებადი მთვარე თავის პირმშოზე დადებითად მოქმედებს და როდესაც ქალწული მისთვის ჩვეულ მდგომარეობაში იმყოფება,მათი სიყვარული საოცრად კეთილშობილია. მაგრამ როდესაც მთვარეული შიშები და მღელვარება იმარჯვებს და კირჩხიბი ზედმეტად ემოციური და მომთხოვნი ხდება,ქალწულის ყველაზე ნაზი ზრახვებიც კი ფუჭი აღმოჩნდება. ზუსტად ასევე შეიძლება კირჩიხიბს გრძნობებს მოექცეს ქალწული,როდესაც ვერც გონებრივად და ვერც სხეულით ვერ დუნდება. მღელვარება გადამდებია და მათ ნამდვილად შეუძლიათ საკუთარი ნეგატიური განცდების ტრანსლირება ისე,რომ თავადაც ვერ ხვდებიან. პასუხად,კირჩხიბი ჯავშანში იყუჟება,ქალწული კი მას გულცივობაში დაადანაშაულებს. აი,მაშინ ორივეს ძალიან სჭირდება ქალწულის ანალიტიკური ნიჭი და კირჩხიბის ჰიპერსენსორული აღქმის უნარი. სამწუხაროა,რომ სექსუალური დაძაბულობის ეს პერიოდები ზუსტად მაშინ დგება,როდესაც ორივე ივიწყებს თავის საუკეთესო თვისებებს,რაც ურთიერთობის გარკვევაში დაეხმარებოდათ.

და მაინც,მათთვის სიყვარულის სეზონური ცვლილებები ყველაზე მთავარი არ არის. წვიმის ქვეშაც შეიძლება ერთად სეირნობა. მათ შეუძლიათ მოიფიქრონ მილოცვები,გამოაცხონ ნამგალა მთვარის ფორმის ორცხობილები,ითამაშონ ანაგრამები და შარადები… რადგან ქალწულს უყვარს სიტყვების შინაარსის გააზრება,კირჩხიბს კი უყვარს წარმოსახვა,რომ ახლა უბრალო ქალი კი არა,ნაიადაა,რომელიც თავის ნამდვილ პერლამუტრისფერ „მეს“ სრული დუმილითა და შუადღის სიცილით მალავს. თუ ისინი კარგად მოძებნიან,ყოველთვის იპოვიან თავისთვის ახალ შესაძლებლობებს,მათ ხომ მარაგში მეგობრობის გრძნობაც აქვთ შემონახული…

თუ კირჩხიბი ქალი ღიზიანდება,ქალწული მამაკაცი ღვარძლიანად კრიტიკული ხდება. ისინი ტყეში უნდა გაიქცნენ და მთვარის აბაზანა მიიღონ. მზეზე შეიძლება დაიწვათ. მაგრამ მთვარის შუქისგან,განსაკუთრებით მზარდი ფაზის დროს,თქვენ ვერცხლის ნათებით შეიმოსებით და ვინ იცის,ფრენაც შეძლოთ!

არის კიდევ ერთი რამ,რისი სწავლაც ქალწულს თავისი მთვარეული მეგობრისგან შეუძლია. თუ მზის პირდაპირ უყურებ,შეიძლება დაბრმავდება. მაგრამ როდესაც მოციმციმე მთვარეს თვალს უსწორებ,ისვენებ და მაშინ სასწაული ხდება _ მესამე თვალით,დღის სინათლისგან დამალულ,შუაღამის საიდუმლოებებს ხედავთ.

 

მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორემტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top