კურო და თევზები

კურო და თევზები

ასე,საკუთარ მწარე გამოცდილებაზე გაიგო ამ სამეულმა განსხვავება

წარმოსახვით კუნძულსა და იმას შორის,რაც სინამდვილეში აღმოჩნდა.

დიახ,სამეულმა,რადგან თევზები დუალისტური ნიშანია,რომლის სიმბოლოც ორი საპირისპირო მიმართულებით მცურავი თევზია. ერთის მხრივ,ეს განასახიერებს მისი სულიერი და ადამიანური თვისებების ანტაგონისტურ პოლარულობას. მეორეს მხრივ,ის მიუთითებს თევზების მიდრეკილებაზე დაღმა დინების მიმართულებას მდორედ გაჰყვეს,ვიდრე მისი წინააღმდეგობა დაძლიოს და აღმა,გამჭრიახობის მწვერვალებისკენ იცუროს.

თევზები ცდილობს გაარღვიოს მიწიერი ცოდნის საზღვრები,რადგან ეს ნიშანი წყლის სტიქიას განეკუთვნება. მფარველი პლანეტა ნეპტუნი კი მათ შინაგან სამყაროს სულიერ ნათელს ჰფენს. ამ საკითხში ყველა თევზები მსგავსია_გენიოსები და წმინდანები,ნარკომანები და ალკოჰოლდამოკიდებულები. განსხვავება მხოლოდ იმ გამოცდილებაშია,რომელსაც თითოეული მათგანი ცხოვრებისგან იღებს.

კურომ შეიძლება უზარმაზარი დახმარება აღმოუჩინოს  თევზებს პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში რეალობის შეგრძნებით,თუმცა სანამ კარგად არ გაიცნობს,კურო შეიძლება თვლიდეს,რომ თევზები მხოლოდ ილუზიური ოცნებებით ცხოვრობს.

თავის მხრივ თევზებს ხარი საშიშ ცხოველად ეჩვენება,რომელსაც თავი ჯიუტი აზრებით აქვს გამოტენილი,მძიმედ დააბოტებს მიწაზე და მხოლოდ საძულველ მეტალზე ფიქრობს. „საძულველ“ იმიტომ,რომ თევზებთა უმეტესობისთვის ფული და ოქროულობა,ქვეცნობიერ დონეზე,ბინძური სიტყვებია. მათთვის შეურაცხმყოფელია იმაზე ფიქრი,როგორ იშოვონ,დახარჯონ ან დაზოგონ „ხელის ჭუჭყი“. ისინი გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენ,ვინმე სხვას აეღო საკუთარ თავზე ეს საზრუნავი. თევზებს კი პურის,სასმელის,ოცნებების,შოუ-კონცერტების ბილეთებისა და რამდენიმე ეგზოტიკური სამოსის ფულიც მშვენივრად ჰყოფნის. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფილი თევზები თეთრი აფრების ქვეშ ბედნიერად დალივლივებს ცისფერ წყალზე. ერთი სიტყვით,მათ ისეთი ცხოვრება იზიდავთ,სადაც უამრავი თავისუფალი დრო  და საკმარისი სახსრები ექნებოდათ გამოგონებების,მხატვრული შემოქმედების, მეცნიერული გამოკვლევების,ფიქრისა და ოცნებებისთვის. დანარჩენს დაუნანებლად შესწირავენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს,უპატრონო ცხოველთა თავშესაფარს და ა.შ. ტიპური თევზები ვერაფრით ხვდება,რატომ უნდა მოეკიდოს ბანკებსა თუ მუთაქებში ჩალაგებულ ფულს ობი.

ჩვეულებრივ,თევზები ფულზე ფიქრს მაშინ იწყებს,როდესაც არ აქვს და საარსებოდ სჭირდება. სხვა ყველა შემთხვევაში,ფული აღიზიანებს. ქვეცნობიერად ის გრძნობს,რომ მდიდარი ადამიანის მდგომარეობა საბოლოო ჯამში მხოლოდ ქაღალდია და მეტი არაფერი… თვით ფულის ბრუნვის იდეა აბსოლუტურად გაუგებარია თევზებისთვის. ამიტომ მისი საუბარი კუროსთან,რომელსაც,პირიქით,კარგად ესმის ფულის იდეა,სენტ ეგზიუპერის პატარა უფლისწულის(რომელიც უდაოდ ნეპტუნის გავლენის ქვეშ იყო)და საქმოსნის დიალოგს ემსგავსება:

_ხუთასერთი მილიონ ექვსასოცდაორიათას შვიდასოცდათერთმეტი… მე სერიოზული ადამიანი ვარ,მე სიზუსტე მიყვარს.

_და რას უშვები ამდენ ვარკვლავს?

_არაფერს. მე მათი მფლობელი ვარ.

_მერე რაში გჭირდება მათი ფლობა?

_მდიდარი რომ ვიყო.

_რას აკეთებ?

_განვკარგავ,_უპასუხა საქმოსანმა_ვთვლი და გადავთვლი. ეს ძალიან რთულია. მაგრამ მე სერიოზული ადამიანი ვარ.

_მაგრამ შენ ხომ არ შეგიძლია ვარსკვლავებით ისარგებლო?

_არა,მაგრამ შემიძლია ბანკში შევინახო.

_ ეგ როგორ?

_ როგორ და ასე: ვწერ ქაღალდზე,რამდენი ვარსკვლავი მაქვს. შემდეგ ყუთში ვდებ და გასაღებით ვკეტავ.

_სულ ეს არის?

_ესეც საკმარისია.

„საინტერესოა!_გაიფიქრა პატარა უფლისწულმა._პოეტურიც კი. მაგრამ არც ისე სერიოზულია.“

სერიოზულ საკითხებზე თევზებსა და კუროებს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. თევზები,პატარა უფლისწულის მსგავსად,შორეული პლანეტიდან ჩამოვიდა,სადაც ყველაზე მშვენიერი ვარდი ხარობს,რომელსაც სინაზით იხსენებს და რომელთან დაბრუნებაც მთელი გულით სწადია. თევზების შემთხვევაში,ეს შეიძლება იყოს ადამიანი,იდეა ან ოცნება.

მე ვიცნობ ბანკირ თევზებს,ასცედენტით თხის რქასა და მთვარით კუროში,რომელიც ყოველდღე მჭვუნვარე სახით,მაგრამ გულმოდგინედ წონის ვერცხლსა და სპილენძს და საკუთარ თავს ეკითხება,რატომ აწუხებს ასთმა და ფეხის ტკივილი. თევზებს ფსიქოსომატური ალერგია აქვს მატერიალურ ფასეულობებზე,მაგრამ მიწის სტიქიის გავლენა საშუალებას არ აძლევს ყველაფერს მიაფურთხოს და შორს გასცუროს.

ასევე ვიცნობ მუსიკოს კუროს,ასცედენტითა და მთვარით თევზებში,რომელიც გულუხვად ტოვებს „ჩაის ფულს“ ბარის დახლზე და დოღზეც დიდი გატაცებით თამაშობს. მაგრამ,ყოველ ჯერზე,როდესაც თანხას აგებს,ის ნებაყოფლობით უარს ამბობს კიდევ ერთ ჭიქა ჯინზე ტონიკით,რომ დანაშაულის გრძნობა გამოისყიდოს,რაც ასე ნაცნობია კუროებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია,ჰოროსკოპში სხვა ნიშნების ნებისმიერი დოზით გავლენისას,ადამიანი საკუთარი მზის ნიშნის ერთგული დარჩეს,რადგან თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თავისი უნიკალური დატვირთვა აქვს კაცობრიობისა და ინდივიდის განვითარებაში. ზარმაცი და ექსტრავაგანტული ხარი ყოველთვის უბედური ადამიანია,ისევე როგორც სერიოზული და ანგარიშიანი თევზები სევდიანი და ნევროსტენული არსება.

თუ კურო და თევზები საკუთარ ძალებს გააერთიანებენ,თითოეული უფრო მარტივად შეძლებს საკუთარი ინდივიდუალური ცხოვრებისეული პროგრამის შესრულებას. თევზებს შეუძლია ფულის შოვნის უფრო დახვეწილი მეთოდები უკარნახოს კუროს და იქნებ ოდესმე გამომუშავებული ფულის სხვასთან განაწილების სიხარულიც აგრძნობინოს. თავის მხრივ,კურო თევზებს რეალობის ელემენტარულ პატივისცემას ასწავლის და ყოველთვის უმეორებს,რომ გონივრული იქნება დანაზოგში რამდენიმე დოლარი მაინც დაიტოვოს,როდესაც ასეულებს სხვებს აძლევს.

ბუნებრივია,ვხვდებით გარემოებებით შევიწროებულ ან ღარიბი ბავშვობის მოგონებებით სულდამძიმებულ თევზებსაც,რომელსაც ყოველი ცენტი გათვლილი აქვს,მაგრამ მას ეზიზღება საკუთარი თავი ასეთი უსახური არსებობისთვის.

კიდევ ერთი ძალზედ უცნაური და საინტერესო განსხვავება კუროებსა და თევზებს შორის არის მათი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ზედმეტსახელების მიმართ. ძალიან ცოტა კუროს თუ შეხვდებით შერქმეული ზედმეტსახელით და თუ ეს ხდება,როგორც წესი,მათ არ მოსწონთ. რაც შეეხება  შეუფერებელ საკუთარ სახელს,კუროები დიდხანს იტანჯებიან ამის გამო,მაგრამ როგორც კი წამოიზრდებიან,საკუთარ თავს დაარწმუნებენ,რომ მათი სახელი ძალიანაც მშვენივრად  ჟღერს და ნებისმიერს,ვინც ამაში არ ეთანხმება,შორეულ მოუსავლეთში გაგზავნიან.

სამაგიეროდ,თითქმის ყველა თევზებს ან უკვე აქვს ზედმეტსახელი ან ფარულად ოცნებობს მასზე. თუ ბავშვობაში მეგობრებმა ამაზე არ იზრუნეს,თევზები თავად მიისაკუთრებენ რაიმე ზედმეტსახელს. რაც არ უნდა იყოს,ოღონდ ცხოვრება მეტად ეგზოტიკური გახდეს და საკუთარი ინდივიდულობა კარგად მიჩქმალონ მათგან,ვინც გრძელ ცხვირს ჰყოფს სხვის საქმეებში.

თევზები ვერ იტანენ,როდესაც მათ პირდაპირ კითხვებს უსვამენ ან რომელიმე „სწორი საქციელისკენ“ ერეკებიან. მათი ბუნება ის არის_აქეთ-იქეთ გასხლტნენ,სიტუაცია ყველა მხრიდან შეათვალიერონ და მისი მრავალმხრივობა შეისრუტონ… ან უბრალოდ შორს გასცურონ იმ წინააღმდეგობებისგან,რაც მათ წონასწორობას ხელს უშლის.

კურო,პირიქით,მამაცად უყურებს წინააღმდეგობრივ გარემოებებს თვალებში და ადგილიდან არ დაიძვრება,სანამ თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. თუ საკმარისი ძალისხმევის შედეგად,ეს არ გამოუვიდა,მშვიდად გატრიალდება და წავა,მაგრამ  თევზებივით არასდროს გაშპება. როდესაც ეს ორნი კამათობენ,იშვითად აღწევენ თანხმობას,მაგრამ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას მარტივად განმუხტავენ სიცილის მეშვეობით და კომპრომისიც როგორღაც თავისით გამოიძებნება.

შეგახსენებთ,რომ მიწის და წყლის სტიქიები ჰარმონიულად შეთავსებადია როგორც ასტროლოგიაში,ისე ბუნებაში. წყალი ამდიდრებს მიწას,მიწა კი ხარბად ისრუტავს წყალს,მაგრამ თუ ზომიერების დოზას გადააჭარბეს,ტალახი ან  ქვიშა გამოვა.

ხარისა და თევზების შეხვედრა იშვიათად არის შემთხვევითი და თითქმის არასოდეს წარმოადგენს პირველ „ინკარნაციული გადაკვეთას“. ყველა სხვა მზის ნიშნების მსგავსად,რომელთაც 3-11 ფორმულა აკავშირებთ,მათ ურთიერთობას ბედისწერა წარმართავს,რომელიც კვლავდაკვლად აბრუნებს  ერთმანეთთან. რაც „ახლა“ ხდება,ეს უკვე იყო წინა განსხეულებებში. ამ ორმა უნდა გააცნობიეროს,რომ მათი შეხვედრა და ერთად ყოფნის სურვილი მათზე არ არის დამოკიდებული.

ისინი ბედნიერნი იქნებიან,თუ,რა თქმა უნდა,დათანხმდებიან პასუხიმგებლობა აიღონ ერთმანეთის კარმულ ვალდებულებებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,თუ მორჩილად გადაიტანენ ცხოვრებისეულ დარტყმებს და  რთულ სიტუაციებში ერთმანეთს დაეხმარებიან პრობლემების დაძლევაში. მართალია,მსგავსი პერსპექტივა,ორივე ნიშანში პროტესტის გრძნობას იწვევს,მაგრამ მათ კარგად ესმით,რომ ეს კავშირი არამხოლოდ ურთიერთაღტაცების,არამედ ორმხრივი მსხვერპლგაღების შედეგია.

კუროებს არასოდეს აშინებთ სინამდვილე და მათ შეუძლიათ გვასწავლონ ეს ყველას,დაგვანახონ რეალური გზა ადამიანური განვითარების მწვერვალებისკენ. თევზები ჩვენს სამყაროში სრულიად განსხვავებული მისიით მოდიან. მათ არ უყვართ რეალობის დანახვა,რადგან ის ახსენებთ,რომ დედამიწაზე იმყოფებიან. თევზებს ძალიან ბრძენი სული აქვთ. მათ ესმით,რომ სიფხიზლე შეიძლება ცოდვაც იყოს,რადგან სევდასა და სიმახინჯეებს გვაჩვენებს,სამყარო კი მხოლოდ სილამაზითა და ჰარმონიით უნდა იყოს სავსე. მაგრამ თევზებთა ქვეცნობიერებაში ღრმად არის გამჯდარი ტიბეტელი ბერების ლოცვის ფრაგმენტი,რომელიც ექოდ ვრცელდება მონასტერთა მრგვალ თაღებში: “ეს ილუზიების სამყაროა… ეს ილუზიების სამყაროა… ეს ილუზიების სამყაროა…“

კუროს სურს აიძულოს თევზები რეალობას თვალებში ჩახედოს და აღიაროს,რომ ცდებოდა. „ისევ ფანტაზიორობ,“ _ წარმოსთქვამს კურო და ვერ კი ეჭვობს,რომ დასჯილი თევზების თვალებიდან ცრემლები იმიტომ კი არ იღვრება,რომ თავს დამნაშავედ გრძნობს… არა,ის „ილუზიების სამყაროში“ დაკარგულ მარტოდ დარჩენილ სულებს გლოვობს.

კურო მამაკაცი და თევზები ქალი

მამაკაცი ღამის სიჩუმეში,გემბანზე განმარტოებული,ფიქრობდა…

ის არ იყო პატარა გულგატეხილი გოგონა;

ზრდასრული ქალი სამყაროს ღიმილით უცქერდა,

მაგრამ მისი მზერა ცრემლებით იყო დაბურული.

 

გაიხსენეთ ბავშვობაში,რა განცვიფრებული შესცქეროდით ილუზიონისტს და გულწრფელად გიკვირდათ,როგორ ქრებოდნენ პირდაპირ თქვენს თვალწინ თეთრი ბაჭიები,აბრეშუმის ვარდები და ფერადი ლენტები. კურო მამაკაცს,რომელსაც არც ისე აინტერესებს ასტროლოგიის მაგიური ხელოვნება,შესაძლებლობა ეძლევა მსგავსი რამ განიცადოს საკუთარ სქელ კანზე,თუ თევზები გოგონა შეუყვარდება. მართალია,იმის საფრთხეც არსებობს,რომ ერთხელ თავად მისი სათუთი რჩეული გაქრება სამუდამოდ,ამიტომ ხარმა ამაზე წინასწარ უნდა იფიქროს. მას ხომ ამხელა გამოცდილება აქვს საფრთხეების პრევენციულად აღკვეთის საკითხში. ეს გაფრთხილებაა იმ კუროსა და თევზებისთვის,ვისი მზე-მთვარეებიც ნეგატიურად არიან ასპექტირებული სინასტრიულ ჰოროსკოპში. მეორეს მხრივ,თუ მათი მნათობები ჰარმონიულად ერწყმიან,მათ შორის ისეთი სიყვარული შეიძლება წარმოიშვას,რასაც ძალიან იშვიათად ვხვდებით ჩვენს მატერიალურ და ცინიკურ სამყაროში.

ისინი ბევრ რამეში გვანან და გულწრფელად მიაჩნიათ,რომ კუროს გაუმართლა_თევზები ხომ ყურადღებიანიც არის და მზრუნველიც. მაგრამ ადამიანთა ბუნება ისეთია,რომ ყოველი მამაკაცი აუცილებლად შეეცდება თავი დააღწიოს ისეთ ქალს,რომელიც ზედმეტად მომთმენი და  შეგნებულია. კურო მამაკაცი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ამიტომ თევზებმა ყველა ღონე უნდა იხმაროს,რომ სქელკანიანი კუროს ხელის ხბოდ გადაქცევის მაგიური ფოკუსი აითვისოს. მისი რბილი მანერებისა და სასიამოვნო თვინიერების მიღმა უკიდურესად ცოცხალი და ზეშემეცნებითი გონება იმალება და ის კუროს მაშინ გამოიჭერს,როდესაც ეს უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად ელოდება. თუ კუროს მხოლოდ ფარულად სხვა გოგონებთან ფლირტაობა უნდა,თევზები აპატიებს,ყოველ შემთხვევაში საწყისს ეტაპზე გაგებით მოეკიდება. მაგრამ თუ უხეში ხარი ულმობლად დაუმსხვრევს ოცნებებს და შეეცდება მისი ცვალებადი ბუნება თავის ურყევ ზნეს დაუმორჩილოს,აღმოჩნდება,რომ თევზებს სასტიკი ქცევებიც ახასიათებს.

ვერ ვიტყვით,რომ ყველა პრობლემის საფუძველი კუროს მხრიდან საკუთარი ბუნებრივი ძალის დემონტრირების სიყვარულია. ზოგიერთის მიზეზი შეიძლება თევზების სიზანტე და მოუხელთებლობა გახდეს. არანაკლებ ნეგატიურ როლს ასრულებს წყლის ცხოველის იდუმალება და თავდაჯერების დეფიციტი,ცრემლების ოკეანის თანხლებით. კურო მამაკაცი უფრო მარტივად გაუგებს თევზებს,თუ მას ემახსოვრება,რომ მისი რჩეული მხოლოდ საკუთარი ემოციებით არ ცხოვრობს,რაც ნეპტუნის გავლენით არის განპირობებული. საინტერესოა,როგორ იგრძნობდა თავს კურო,ახლობლების ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანების ცრემლების შეშრობა,მათი შიშების,მოგონებებისა და ყველა გრძნობის გაზიარება რომ უწევდეს? ასეთი ცხოვრება ნებისმიერს წაართმევს თავდაჯერებას.

ის,რაც კუროს მართლა ძალიან აღიზიანებს თევზებში_არის მისი დამოკიდებულება სიმართლისადმი. თევზებისთვის სიმართლე იმისგან არის განპირობებული,რას გრძნობს მოცემულ მომენტში. ამიტომ სიმართლე მისთვის არც ისე სტატიკურია,ის მუდმივად იცვლება მრავალმხრივი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე. ადამიანები,სიტუაციები თუ განსხვავებული ხედვის წერტილი სულ უფრო ბუნდოვანს ან პირიქით,კონკრეტულს ხდის სიმართლეს.

კურო სიმართლეს განიხილავს,როგორც ფაქტს,მუდმივს და უცვლელს. სწორედ ამაში ვლინდება მათი შეხედულებების პოლარულობა. და ვინ იტყვის გადაჭრით,რომელი ამბობს სიმართლეს? სინამდვილეში,არც ერთი მათგანი არ შეიძლება იყოს მართალი,რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,რომელ სიმართლეს გულისხმობენ ისინი. არსებობს მუდმივი და უცილობელი ჭეშმარიტებები. არსებობს ისიც,რაც მუდმივად იცვლება,რადგან ადამიანთა გრძნობებისა და ემოციების სფეროს განეკუთვნება ან საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენას ექვემდებარება. მაგრამ როდესაც არსებობს ქალისა და მამაკაცის სიყვარული,ეს მათი ერთადერთი ჭეშმარიტებაა.

კურო მამაკაცისა და ქალთევზას სიყვარული ჭეშმარიტად ლამაზი და გულუხვია,ეს ხომ მიწისა და წყლის კავშირია. მათ შეუძლიათ მათსავე შექმნილ სამყაროში გადასახლდნენ. მათი ურთიერთობა არ გამოირჩევა ფეთქებადი ვნებებით,მაგრამ ის სავსეა იშვიათი სინაზითა და სითბოთი. კუროსა და თევზების  ურთიერთობას ყოველთვის გარს აკრავს საიდუმლოების შარავანდედი,რაც მათ ძლიერ ახარებს. ალბათ,გრძნობენ,რომ ეს მათ საერთო აღტაცებას ჩაქრობის საშუალებას არ მისცემს.

 

 

 

 

 

 

კურო ქალი და თევზები მამაკაცი

მაიკლისთვის მარტოობა მტანჯველი გახდა.

_ვინმე მაინც გამოჩნდეს!_წამოიყვირა მან.

თითქოს მისი სიტყვების პასუხად,ჰაერი შეირხა და

გამაყრუებელი გრგვინვა გაისმა.

ხმაური ექოდ გავრცელდა შემოგარენ მთებში…

რას ნიშნავს ხარის სიჩუმე და გრგვინვა,ადრე თუ გვიან,ნებისმიერი მაიკლი საკუთარ ქერცლზე გამოცდის,თუ ის თევზებია და მისი რჩეული კურო.

იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც კუროს რომანტიული გოგონას როლი აქვს მორგებული,ის განწყობილია ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და გაიმარჯვოს. მაგრამ არ არის გამორიცხული,ყველაფერი დახუჭობანას თამაშში გადაიზარდოს და თუ კურომ ცოტა არ იეშმაკა და დროდადრო არ გამოიჭყიტა,შესაძლოა დამარცხდეს. ის ხომ თევზებს ეთამაშება.

თევზებს ძალიან არ სურს საკუთარი მიჯაჭვულობის ანკესზე გამოებას და ამიტომ იქამდე შეეცდება გასხლტომას,სანამ ლაყუჩებით დაიჭერენ. მაგრამ ეს მხოლოდ მისი ნეპტუნიანური თავდაცვითი რეაქციაა და ის მალევე დაბრუნდება. მისთვის დამახასიათებელია დაბრუნების ინტინქტი და სწორედ ეს დაეხმარება კუროს გამარჯვებაში,რადგან ამ ქალისა და მამაკაცის სიყვარული ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორიაა.

ორივეს უყვარს სიჩუმე. ორივე დარწმუნებულია,რომ არ ღირს მძინარე ძაღლის გაღვიძება. რატომ უნდა აიტკიო თავი,როდესაც ცხოვრება ყოველდღიურად ისედაც თავზესაყრელად გთავაზობს პრობლემებს? და არა მხოლოდ საკუთარს. თევზები ხშირად ეხვევა სხვა ადამიანების გაუგებრობებში იმის გამო,რომ ვარსკვლავებმა მოსმენისა და თანაგრძნობის ნიჭით დააჯილდოვეს.

ამ ნიშნებს კიდევ ერთი გადაკვეთის წერტილი აქვთ:საერთო მიდრეკილება  სევდიანობისა და პესიმიზმის მიმართ. მართალია,კურო უფრო მომთმენია და მეტად დარწმუნებულია უკეთეს ხვალინდელ დღეში,ვიდრე შინაგანად ყოველთვის აფორიაქებული თევზები. ხარს შეუძლია ლოდინი,სიამოვნებასაც კი ანიჭებს,როდესაც ვინმეს ელოდება. ეს მას საკუთარი  მოთმინების გამოცდის საშუალებას აძლევს სტრესულ სიტუაციებში.

თევზებთა უმეტესობა მთელი თავისი ცხოვრება ვერაფერს აკეთებს დროულად(თუ ქალწულის გავლენა არ აქვთ ჰოროსკოპში). ისინი ყოველთვის აგვიანებენ სამსახურში,პაემანზე,კინოში,სტომატოლოგთან,შობის დღესასწაულზე(ძირითადად იმიტომ,რომ მის აღნიშვნას უკვე ნოემბერში იწყებენ) თუ საკუთარ ქორწილში. ამ უკანასკნელ ღონისძიებას ხანდახან საერთოდ არ ესწრებიან. რას ფიქრობს კურო ამაზე?  თევზებს შეიძლება აინტერესებდეს კიდეც,მაგრამ დიდად არ ადარდებს. რა არის სანერვიულო? მათ ხომ ერთმანეთი უყვართ!

თევზებ მამაკაცს შეიძლება მცირედ აწუხებდეს ფინანსური საკითხები,ცხოვრების აზრი,მომავალი,მაგრამ მისი ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა არის რომანტიული გატაცება. ის ჯერ კიდევ მცირეწლოვან ასაკში გეგმავს პირველ ცდუნებას. ტიპურ კუროსთან ნამდვილი სიყვარული გაცილებით გვიან მოდის და იქნებ სწორედ ამიტომ აფასებს  ამ გრძნობას ყველა სხვა ნიშნის ქალებზე მეტად. კუროსთვის მოლოდინი ნამდვილ სასწაულად აქცევს ისეთ ბუნებრივ მოვლენებს,როგორიც არის შობა ან პირველი კოცნა. მისი მეგობარი თევზები იმდენად განსხვავდება სხვა მამაკაცებისგან,შეუძლებელია კურო მისი მოუხელთებელი და იდუმალი თვისებებით არ მოიხიბლოს. მერე რა,რომ,ჩვეულებრივ,ის არ ენდობა ასეთ ცვალებად ნატურებს?!

მათი ურთიერთობა უფრო მეტია,ვიდრე ურთიერთმიზიდულობა_ეს კარმული კავშირია,რომელიც 3-11 ფორმულის წყალობით იკვრება. კურო ქალი ასევე ძლიერ მიზიდულობას განიცდის მორიელი მამაკაცის მიმართ,მაგრამ ეს უფრო ფიზიკური გრძნობაა. თევზებ მამაკაცთან ყველაფერი ბევრად სერიოზული და ღრმაა; იმდენად,რომ ამის სიტყვებით ახსნა შეუძლებელია. ამას გარდა,თევზებს ისე სჭირდება,რომ ვინმე უმზადებდეს და კვებავდეს,მისი ოცნებების სწამდეს,უყვარდეს და თანაუგრძნობდეს. სწორედ ამ ტალანტებით გამოირჩევა კურო ქალი.

დროდადრო კუროს საკუთარი თავისადმი სიბრალული და ცუდი წინათგრძნობებიც აწუხებს,მაგრამ როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე განთავსდება,ვენერას მინდობილი,კვლავ ჩვეულ,ნაცნობ გზას დაადგება. კურო ქალი,თუ საკუთარი თავის ერთგული დარჩა,სრულიად დარწმუნებულია,რომ ნებისმიერი უბედურების გამოსწორება შეიძლება ცხელი სუპის,თბილი აბაზანის,საღი აზრისა და რამდენიმე ხუმრობის მეშვეობით. ეს ეხება ყველაფერს,წვრილმანი უსიამოვნებებით დაწყებული,სერიოზული ცხოვრებისეული დრამების ჩათვლით. თევზები მამაკაცის მძიმე დეპრესიები გაცილებით  ინტენსიურ და ნაკლებ პროზაულ თერაპიას მოითხოვს. თუმცა მხოლოდ მზრუნველობა და თანადგომაც დიდად სიამოვნებს.

სექსუალურ ურთიერთობაში ეს ორი ნიშანი ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს. თევზები მგრძნობიარე და რომანტიულია. იგივეს თქმა შეიძლება კუროზეც. ორივეს შესწევს უნარი ეროტიული გამოცდილების ყველა შეფერილობა მთელი სიმძაფრით აღიქვას. ამიტომ ამ საკითხში სრული იდილია აქვთ.

მაგრამ მათი საერთო ბედნიერება დიდად არის დამოკიდებული იმაზე,რომელი ტიპის თევზებთან აქვს კუროს საქმე…თუ ის ოკეანის ფსკერზე ნიჟარებს შორის იმალება,დაკარგული ატლანტიდის აღმოჩენის იმედით ან უბრალოდ აბსტრაქტულ-მეცნიერული თეორიებით არის გართული,ის მიუწვდომელი იქნება ყველა ქალთევზასთვის. თუმცა ეს იქამდე,სანამ იმ ერთადერთს არ შეხვდება,რომელიც მყარად დგას მიწაზე და მისი პრობლემების მოგვარებაც შეუძლია. ოღონდ თევზები ნუ ჩათვლის,რომ ეს სულ ასე უნდა იყოს_ეს უკვე ზომიერების უხეში დარღვევა და თავქარიანი უდარდელობის გამოვლენაა მათი საერთო მომავლის მიმართ! ხომ გახსოვთ,რაც მოჰყვება კუროს მრისხანებას?..მაგრამ,ამ შემთხვევაში,როდესაც ცუნამი ჩაწყნარდება და ხილვადობა აღსდგება,თევზების კვალიც კი არსად ჩანს…

იმ შემთხვევაშიც,თუ ის თევზებთა ძლიერ ტიპს განეკუთვნება,ღონიერი ფარფლებით,კუროს მაინც არ ესმის,როგორ ახერხებს მისი რჩეული სხვა ადამიანების ცრემლებთან,ტანჯვასთან,სირთულეებსა და პრობლემებთან ერთად თანაცხოვრებას. სუფთა წყალში თევზები შეიძლება საოცრად ჭკვიანი და შემოქმედებითი ინდივიდი იყოს. მაგრამ თუ ის მუდმივად ამღვრევს წყალს, სხვების მეშვეობით,რომლებიც მისი სისუსტით სარგებლობენ,სავსებით რეალურია,რომ ამ ინდივიდმა შვება ბარის დახლთან იპოვოს და ეს დასასრულის დასაწყისი გახდება.

არსებობს სამი მეთოდი კუროს გულის დასაპყრობად:გულწრფელობა,ერთგულება და საიმედოობა. თუ თევზებს ეს ემახსოვრება,ხოლო კურო გაგებით მოეკიდება მისი რჩეულის განმარტოებისადმი მოთხოვნას,რომ მორყეული ნერვები დაიმშვიდოს,ის ყოველთვის უკან მოსცურავს მის გულთან,მის ხუმრობებთან,თბილ აბაზანასა და ცხელ სუპთან…და ნამდვილ მეგობრობასთან,რომელიც ყოველთვის მეტია,ვიდრე უბრალოდ სიყვარული.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top