კურო და მორიელი

კურო და მორიელი

რაც მალე გაიფანტება შიში, მით უკეთესია…

აუცილებლად შიში არა,მაგრამ რაღაც სიფრთხილე ყოველთვის ფიგურირებს მათ ურთიერთობაში. თუმცა თუ კურომ და მორიელმა მართლა მოინდომეს,ყველაფერი კარგად იქნება,შესანიშნავადაც კი. თუ ერთერთის მთვარის ნიშანი, მეორეს მზესთან შეერთებაშია, ამ წყვილის თვალწინ სრულიად ახალი, ჯერ შეუცნობელი ჰორიზონტები იშლება,არამხოლოდ მიწიერი,სულიერი გაგებითაც. მათ შეუძლიათ ბრწყინვალე და ხანგრძლივი კავშირი დაამყარონ მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში ან უბრალოდ მიწიერ რეალობაში. თუ მათ მზე-მთვარეებს შორის ნეგატიური ასპექტებია,მაშინ ერთმანეთისთვის საშიში და შეურიგებელი მტრები ხდებიან, სანამ ერთერთი არ გაიზრდება თანაგრძნობისა და პატიების შეგნებამდე და თავისით უარს არ იტყვის ეგოიზმზე.

კუროც და მორიელიც კარგად გრძნობენ საკუთარ ხასიათში იმ თვისებათა დანაკლისს,რასაც საპირისპირო ნიშანში ხედავენ და რაც მათ პიროვნულ არსს მთლიანობას შესძენდა. მათი წინააღდეგობრიობის მაგნიტურ პოლარულობას ეს ადამიანები  სრული ბედნიერების ან დიდი ბოროტებისკენ მიჰყავს. მორიელში არის ყველაფერი ის,რასაც კურო ისურვებდა საკუთარი თავისთვის და პირიქით, კურო ფლობს ყველა იმ თვისებას,რასაც მორიელი ისურვებდა,რომ ჰქონოდა. მაგრამ ორივე ნიშანი მოკვდება და ამას არ აღიარებს.

მართალია,მორიელი არ არის დუალისტური ნიშანი,მაგრამ ის ორ სამყაროში ცხოვრობს: ერთში,რომელშიც მოულოდნელი სულიერი აღტყინებები ითრევს და მეორე მატერიალურში,რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ხედავენ და სწამთ მისი რეალობის. მორიელი სადღაც ამ ორ სამყაროს შორის არის გამოკიდებული და იმისათვის,რომ ამაში არ გამოიჭირონ,ხშირად ატარებს ნიღაბს. ეს შეიძლება იყოს რბილი თავაზიანობის ან ცივი პრაქტიკულობის ნიღაბი. მაგრამ მის მიღმა ყოველთვის,ცეცხლი გიზგიზებს და ემოციები დუღს.

კუროს საერთოდ არ აქვს ყალბი სახეები. როგორც მიწის სხვა ნიშნებს,მასაც არ უყვარს გამოპრანჭვა ადამიანების გასასულელებლად და შესაშინებლად. ისინი მყარად და ხელშესახებად არიან დაკავშირებული ერთ სამყაროსთან_მიწასთან. ჩვენს მოხუც, ნაცნობ, კეთილ და მყარ დედამიწასთან. კურო ისეთია,როგორიც არის და ვერავინ შეძლებს იმ გზიდან გადააცდინოს,რომლის გასავლელადაც დაიბადა. ის პასუხისმგებლობის,გამბედაობის,მოთმინებისა და განსაზღვრულობის მყარი ნაერთია. მას არ აქვს მორიელის გამჭრიახობა და რკინის ნება ან მისი საოცარი რეგენერაციის უნარი,მაგრამ სამაგიეროდ,კურო დედამიწისეულად ბუნებრივ და უშუალო სითბოს ასხივებს,რომელზეც ასე ოცნებობს მორიელი. პლუტონიელები ხომ მხოლოდ თვალთმაქცობენ,რომ ფლობენ ამ თვისებას. ზუსტად ამის გამო მორიელმა შეიძლება შეიძულოს კურო. მაგრამ თუ თქვენ სადმე ასცედენტით ან მთვარით მორიელ კუროს გადააწყდით,გაფრთხილდით: ეს ადამიანები უკიდურესად ძლიერები და საშიშები არიან.

რაც შეეხებათ ტიპურ კუროებს,ისინი ბევრს გაიღებდნენ,რომ ინტუიციურად ესმოდეთ ყველაფერი,როგორც ესმის მორიელს_ყოველგვარი გათვლების გარეშე,უბრალოდ იცოდნენ. კუროები მთელ თავის ოქროს დათმობდნენ მორიელის უნარის სანაცვლოდ,გამჭოლი მზერით შეძვრეს ადამიანის სულში და ყველა მისი საიდუმლო ამოიკითხოს. თავის მხრივ,მორიელს რომ შეეძლოს კუროსავით მიუკერძოებელი და მშვიდი იყოს და ემოციების გარეშე მიუდგეს ცხოვრებისეულ დარტყმებს,თავის ფარულ მისიას მისი სულისათვის გაცილებით ნაკლები დანაკარგით შეასრულებდა.

რა თქმა უნდა,როდესაც ეს ორი ნიშანი ერთიანდება,საქმიანი ხელშეკრულებით თუ ქორწინებით,როდესაც ერთამენთის მეგობრები თუ საყვარლები ხდებიან,მათ არათუ ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ,ერთმანეთის ბედსაც ცვლიან.

ერთერთი თვისება,რაც ასე დადებითად ახასიათებს კუროს და რაც ასე აკლია მორიელს,არის იუმორის გრძნობა. იუმორი_ეს ბუნებრივი საპირწონეა. ის კუროებს ცხოვრების ჯანსაღ პერსპექტივებს  ამცნობს და ეხმარება თავი აარიდონ თვითშეცოდების დამანგრეველ ზემოქმედებასა და ეგოცენტრიზმს. როდესაც თქვენ იცინით,გარშემო კეთილგანწყობილ,ბედნიერ ადამიანებს იკრეფთ. ხოლო როდესაც საკუთარ თავს დასცინით,თქვენ უბრალოდ გაგაღმერთებენ,რადგან ეს იმის მანიშნებელია,რომ არაფერი ადამიანური თქვენთვის უცხო არ არის და ისეთივე მოწყველადი ხართ,როგორც თქვენი გარშემომყოფები_ასე მათ საშუალებას აძლევთ,ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ საკუთარი ტკივილები და პრობლემები. შესაძლოა სწორედ ეს სპონტანური იუმორის დეფიციტი ხსნის მორიელთა მარტო და ინკოგნიტოდ მოგზაურობის თვისებას. პლუტონის შვილებისთვის არც ისე მარტივია,საკუთარი ჭრილობების ჩვენება. ამას გარდა,მორიელს საერთოდ არ  აქვს იმის მოთხოვნა,რომ ბევრ ადამიანს უყვარდეს.

ვიმედოვნებ მკითხველს ჩიხში არ შევიყვან,თუ მორიელების დახასიათებისას,მათ ორ ტიპს დავაკონკრეტებ:მორიელი და არწივი. არწივი ეს თვითშეგნების უმაღლეს საფეხურზე მდგარი მორიელია,რომელიც თავისი მზის ნიშნის მხოლოდ საუკეთესო თვისებებით ხასიათდება. ყველა მორიელი ცხოვრების განმავლობაში აღწევს ასეთ მდგომარეობას და თუ საკმარის ძალისხმევას გამოიჩენენ,მუდმივად შეძლებენ მის შენარჩუნებას. საოცარი სანახავია უდაბნოს ქვიშიდან ცად აჭრილი არწივი_მორიელი,რომელმაც უარი თქვა შურისძიებაზე და ცხოვრება დაუცველი ადამიანების მფარველობას მიუძღვნა.

ბევრი მორიელი დიდად აფასებს იუმორს,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როდესაც პიროვნული მომენტები გათიშულია და დამკვირვებლის პოზიცია უკავიათ. იშვიათად,რომ მორიელმა მისი მისამართით ნათქვამ ხუმრობაზე გაიცინოს. ტიპური მორიელი გულით მხოლოდ ძველი,კეთილი მეგობრების საზოგადოებაში იცინის. ნიჭიერ კომედიურ დრამატურგსა და რეჟისორ მაიკლ ნიკოლსს(მორიელი) სულაც არ აქვს ხუმარას რეპუტაცია პირად ცხოვრებაში,როდესაც ხუმრობები პირადად მას ეხება.

ბუნებრივია,კუროს და მორიელს გადაკვეთის წერტილებიც ბევრი აქვთ. ორივე უაღრესად თავშეკავებულია უცნობ ადამიანებთან. არც ერთი და არც მეორე არ არის ყბედი და ჭორიკანა. მათ არ უყვართ ბევრი ლაპარაკი,თუ რამე მნიშნვნელოვანი არ აქვთ სათქმელი. კატეგორიულად ვერ იტანენ ცნობისმოყვარეთა მოურიდებელ კითხვებს. თუმცა პირად ცხოვრებაში ასე დაუკითხვად შეჭრაზე,სხვადასხვანაირად რეაგირებენ. მორიელი შეუმჩნეველ სტრატეგიას იყენებს,რაც საშუალებას მისცემს ყველა საიდუმლო საიმედოდ შეინახოს. თუ ეს არ დაეხმარა,ის უბრალოდ მოიტყუება. თუმცა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში,ანუ როდესაც მის სულში ჩაძვრომას არ ცდილობენ,მორიელის სული კრისტალივით სუფთაა. ადამიანი,რომელმაც წინდაუხედავად ზედმეტი ყურადღება გამოავლინა მის მიმართ,მადლობელიც კი უნდა იყოს ტყუილებისთვის_ეს გაცილებით უკეთესია,ვიდრე მორიელის გესლი(თუმცა გაფრთხილებთ,ხანდახან მორიელი ორივეს ერთად იყენებს).

კუროებსაც ასეთივე მკვეთრად გამოხატული მოთხოვნა აქვთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის.  მაგრამ ისინი არ ფლობენ მორიელთა ფარული სტრატეგიების უნარს და იშვიათად მიმართავენ ტყუილებს. ამიტომ კურო,ყოველგვარი მორიდების გარეშე,პირდაპირ მიუჩენს აბეზარას თავი ადგილს: “შენს საქმეებს მიხედე,მეგობარო,ან მოშორდი აქედან!“

არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ისე ცხადად და მკაფიოდ თქვას „არა“,როგორც კუროს და მორიელს. და თუ ეს სიტყვა მათ ერთმანეთს უთხრეს,ეს დასასრულია. მაგრამ თუ მათ თქვეს „დიახ“,კუროსა და მორიელს შორის მყარი და ხანგრძლივი მეგობრობა დაისადგურებს. რადგან ხარებს და არწივებს კიდევ ერთი საერთო თვისება აქვთ:პასუხისმგებლობა. საყვარელი ადამიანებისთვის ისინი მთებს შეძრავენ.

 

 

 

 კურო მამაკაცი  და  მორიელი ქალი

Pierre and Marie Curie

 

 

 

ის მამაცი ადამიანი იყო,

თუმცა წუთით უნდა შეჩერებულიყო,

რომ ოფლით დაცვარული შუბლი მოეწმინდა.

წინ სრულიად შეუცნობელი რამ ელოდა.

 

კურო მამაკაცს,რომელიც სრულიად უძლურია მორიელი ქალის მაგნიტიზმის წინაშე,თავის ცხოვრებაში ყველაზე მტანჯველი ან ყველაზე ბედნიერი განცდები ელის. ყოველ შემთხვევაში,საშუალო არ იქნება! ურთიერთობა შეიძლება წარიმართოს პირველი სცენარით,თუ მათ მთვარეებს შორის დაძაბული ასპექტებია და მეორე ვერსიით,თუ მათი მნათობები ჰარმონიულ ურთიერთობაში იმყოფებიან. კუროს სავსებით შეუძლია თავით გადაეშვას ამ ჭაობში და მორიელის  სიყვარულის განუზომელი სიღრმეების მისტიურ სამყაროში ნებაყოფლობით ჩაიძიროს.

მე არ ვგულისხმობ,რომ ამ ქალს კუროსთვის ზედმეტად მხურვალე ტემპერამენტი აქვს ან მისი სული იმდენად მისტიურია, რომ კურო ვერ შესძლებს მის გაგებას. ბოლოს და ბოლოს,მდუმარე რუდოლფ ვალენტინო,ამერიკული კინოს ლეგენდა,გამოცანა და ვარსკვლავი,კურო იყო. ასე რომ,კუროს ნამდვილად შეუძლია,რომანტიულად დაბერილი ნესტოებით,უკუნ ღამეში მორიელის ქოხში შეიპაროს. რადგან მორიელიც არანაკლებ მიზიდულობას განიცდის ოპოზიციური ნიშნის მიმართ,ის შეიძლება ფეხშიშველიც შეეგებოს შესახვედრად და მთვარის შუქზე თვით დედოფალი ნეფერტიტი ჩაიკრავს გულში  სასიამოვნოდ აღელვებულ მოზვერს. ამაშია მათი ურთიერთობის ხიბლი: როდესაც კურო და მორიელი ერთმანეთს ხვდებიან,ქალი მორიელი თავისი სატრფოსთვის ყველა დროისა და ყველა ხალხის  სიყვარულის ქალღმერთი ხდება. დღისით მორიელის ნიღაბს იხსნის და კვლავ…მორცხვ მდივნად,საყვარელ გოგონად ან დაბნეულ ბავშვად იქცევა.

მიუხედავად  მოჩვენებითი გარეგნული სიმშვიდისა,მორიელი ის ქალი არ არის,რომელთანაც სიყვარული დღესასწაული ხდება. ის მიმზიდველი,ქალური,ამტანი და ვნებიანია. ამასთან,ბრწყინვალე ჭკუითაც არის დაჯილდოებული. მაგრამ ის არ არის უწყინარი, დიდთვალებიანი გოგონა,რომელსაც მხოლოდ ის სურს,რომ შეიყვარონ. მორიელი ემოციებით ცხოვრობს,რომელთაც ხანდახან წლობით შიგნით ინახავს. ამიტომ ჩანს თავიდან მორჩილი და შემდეგ მოულოდნელად,ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,მდუღარე მრისხანებით ფეთქდება ან ყინულოვანი მდუმარების სქელი კედლის მიღმა ქრება,რომელთან გამკლავებაც ბევრად უფრო რთულია და კიდევ უფრო მძიმე გასაგები.

გარკვეული დროის განმავლობაში,თუ კურო ძალიან მომთხოვნი არ გახდა,მორიელი ქალი იმას აკეთებს,რასაც  სატრფო ეუბნება. მაგრამ საკმარისია კურომ ზომიერების ზღვარს გადააბიჯოს და მაშინ მორიელი თავის ფარულ ძალას აღმოაჩენს. ტაქტი და კომპრომისუნარიანობა მისი ხასიათის ყველაზე ძლიერი მხარეები ნამდვილად არ გახლავთ. თუმცა ვერც კურო დაიკვეხნის ამ თვისებებით. არც კუროს და არც მორიელს წარმოდგენაც არ აქვთ,რას ნიშნავს სხვისი შეხედულების მიღება და გაზიარება. მცირედი შესწორებით: კუროს უბრალოდ  არ შეუძლია  სხვისი აზრის გაგება. განუზომელი გამჭრიახობით დაჯილდოებულ მორიელს სხვისი სურვილებისა და ინტერესების არამხოლოდ გაგება,არამედ ამოცნობაც ძალიან კარგად ეხერხება,მაგრამ საკუთარ სურვილებს ყველაზე დიდ უპირატესობას ანიჭებს.  აქ მათ ვერავინ და ვერაფერი დაეხმარებათ,თუ თავად ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. წინააღდეგ შემთხვევაში,მოუწევთ მთელი ცხოვრება ზურგშექცეულებმა გაატარონ. მართალია,ორივე მუდმივი ნიშანია,მაგრამ ორივე ფემინური საწყისის მატარებელი. ამდენად,მათ ნამდვილად  შეუძლიათ სირბილე გამოიჩინონ და დათმობებზე წავიდნენ,თუ მოისურვეს,ცხადია.

კუროს ვენერა მართავს,სიყვარულისა და სიამოვნების ქალღმერთი. მორიელს_პლუტონი,ვნებებისა და საიდუმლოებების პლანეტა. ამიტომ მათი სექსუალურ ურთიერთობებს თან ახლავს ვნებიანი  სიურპრიზები და გრძნობების აფეთქებები.  მორიელი სექსს საკუთარი არსებობის საიდუმლოებას უტოლებს და თაყვანს სცემს,როგორც სიყვარულის წმინდა აქტს. ამას გარდა,მორიელი იხიბლება სექსის იმ უნიკალური თვისებით,რომელიც საშუალებას აძლევს საყვარელი ადამიანის ყველაზე დაფარული მხარეები ამოიცნოს. მისი სურვილების გარშემო ყოველთვის სისუფთავის ატმოსფერო სუფევს. მორიელისთვის სექსი არ არის იაფფასიანი გართობა. ის დაჟინებით მოითხოვს შეიყვარონ არამხოლოდ გარეგნული მიმზიდველობის,არამედ მისი შინაგანი განცდების,ემოციებისა და გრძნობების გამო.

კურო მამაკაცი ვერასოდეს გაიგებს მათ სასიყვარულო ურთიერთობას იმ სიღრმით,რომლითაც მორიელს ესმის. მაგრამ,ბუნებრივია,მთლიანად გაიზირებს სიამოვნების ძღვენს. ხარისთვის,ისევე როგორც მორიელისთვის,სექსუალური სიახლოვე საკრალური აქტია_სულიერი ენერგიის მუდმივი განახლება,ვნებათა ორომტრიალის მეშვეობით. მაგრამ,როგორც ალბათ ყველასთვის ცნობილია,მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა მხოლოდ სექსზე არ დგას.

მათ სიყვარულს სხვა მახვილი კუთხეებიც აქვს,რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ორივეს ძალიან უჭირს შერიგება სერიოზული ჩხუბის შემდეგ. კურო იტყვის :“გაპატიებ,მაგრამ ისე ვერ მოვიქცევი,თითქოს არაფერი მომხდარა“. მორიელი უპასუხებს: „გაპატიებ,მაგრამ ვერ დავივიწყებ“. სინამდვილეში ორივე თავს იტყუებს და მათ სიტყვებში ერთიდაიგივე აზრია დაშიფრული:“ვერასოდეს გაპატიებ!“,რადგან პატიება გულისხმობს დავიწყებას. კუროს და მორიელს კი არასოდეს არაფერი ავიწყდებათ,წყენა განსაკუთრებით. ჭეშმარიტად მიტევების უუნარობა მათი საერთო და მტანჯველი თვისებაა. მისგან შეიძლება აღმოცენდეს გაუცხოება,მარტოობა,ნაადრევი დაბერება,ქრონიკული დეპრესია და ემოციური კრიზისები,სწორად ისე,როგორც ერთი პატარა რკოსგან უზარმაზარი მუხა იზრდება.

გაუცხოების სხვა სერიოზული მიზეზი გაგიკვირდებათ და შეიძლება გახდეს კუროს იუმორის გრძნობა. დროდადრო კურო საჭიროებს სიტუაციების კომედიზაციას. იუმორი კუროთა სერიოზული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მორიელი შეიძლება იცინოდეს მის მახვიგონივრულ შენიშვნებზე,მაგრამ მისი თვალები არასოდეს გაიღიმებენ. ერთხელაც კურო აღმოაჩენს,რომ მორიელი კატეგორიულად ვერ იტანს,როდესაც მასზე ხუმრობენ. ის ვერასოდეს შეძლებს საკუთარ თავზე გულიანად იცინოს,თუმცა სწორედ ეს დაეხმარებოდა ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლებასა და რამდენიმე ტონით გაღიავებაში.

კურო მამაკაცისა და მორიელი ქალის ურთიერთობას მშვენივრად ასახავს რუდოლფ ვალენტინოს იდუმალებით მოცული უცნობი თაყვანისმცემელი ქალის ისტორია. დაუზუსტებელ ჭორებს თუ არ ჩავთვლით,დღემდე არავინ იცის,ვინ იყო ის ქალი. თუმცა რა სახელი და გვარიც არ უნდა ჰქონოდა,ის მხოლოდ მორიელი შეიძლებოდა ყოფილიყო,რომლისთვისაც სიცოცხლე,სიყვარული,სექსი და სიკვდილი განუყოფელია. სხვას ვის შეეძლო კუმირის გარდაცვალების ყოველ წლისთავზე,თავით ფეხებამდე შავებში შემოსილს,სქელი ვუალით სახედაფარულს,ყვავილებით შეემკო მისი საფლავი დაუმსხვრეველი ვნების,ერთგულებისა და ტანჯვის ნიშნად?

ასეთია კუროსა და მორიელის ურთიერთობა. არავითარი მსუბუქი ფლირტი,არავითარი შემთხვევითი კავშირები. ეს იქნება ან სრული განხეთქილება და ყინულოვანი გაუცხოება ან ვნება,რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს და სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდება.

ყველაფერი ან არაფერი!

 

 

 

კურო ქალი და მორიელი მამაკაცი

Uma Thurman & Ethan Hawke

 

 

 

 

არავინ უწყოდა ეძინა ამ ყმაწვილს თუ,

ხელში ხანჯალჩაბღუჯული,

ვიღაცის მოლოდინში გაშეშებულიყო.

 

თავიდან   კურო გოგონა უბრალოდ ვერც ხვდება როგორ მოიქცეს,როდესაც მორიელი თავისი ჰიპნოტური მზერით შესცქერის და მდუმარედ ეპატიჟება. მას უკვე არაერთხელ მოუკრავს ყური სხვადასხვა შემაშფოთებელი ჭორისთვის,როგორი ვნებიანი და სასტიკი კაცია. ბუნებრივია,ამგვარად კომბინირებული თვისებები  ნებისმიერს შეაშფოთებს.

მამაკაცი მორიელი ბევრ ბრწყინვალე ღირსებას ფლობს,რაც მის ბნელ მხარეებს აკომპენსირებს,მაგრამ ის არ არის პატარა ბიჭუნა,რომელსაც გულუბრყვილოდ სჯერა ადამიანთა უბიწო ბუნების. ის საკმარისად ბევრს ხედავს თავისი მაგიური გამჭრიახობის წყალობით,ამდენად,სიმართლის შესაცნობად მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებს ენდობა. ღმერთის სწამს,მაგრამ ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებს. ამიტომაც ჩანს,რომ სასტიკია. თუ ის არწივია,მხოლოდ მათ ეხება ვინც რამეს უშავებს ან მის დაცვას საჭიროებს. მას,ვინც კუდზე შემთხვევით დააბიჯებს,მორიელი მხოლოდ მცირედ დაგესლავს,რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც თავად მასთან,არც მის დაუცველ მეგობართან მიმართებაში. ის დიდსულოვნად მისცემს ადამიანს გარიდების  საშუალებას. ეს გაკვეთილია. უსიტყვო გაფთხილება.

სინამდვილეში მორიელი ყოველთვის გულწრფელად და სამართლიანად იქცევა. ის არასოდეს წვრილმანდება და ყოველთვის საკუთარი მკაცრი ეთიკის ფარგლებში მოქმედებს.მორიელი არასოდეს მოითხოვს სხვისგან იმას,რისი გაცემაც ამ უკანასკნელს ან თავად მას არ შეუძლია. სუსტების,დაუცველებისა და ღარიბთა მფარველობა,სამართლიანი გაკვეთილი მუხთალს და ზედმეტად ცნობისმოყვარეს_განა ასეთი არ იყო რობინ ჰუდის წრფელი განზრახვები? თავად რობინ ჰუდს ბევრი მშვილდოსნად თვლის. უდაოდ,ის უბადლო მსროლელი იყო და შეიძლება,მზის ნიშნით მართლაც მშვილდოსანი ყოფილიყო,მაგრამ მე ყოველთვის მიმაჩნდა,რომ მთვარის ნიშნით მორიელი იყო.

რა თქმა უნდა,თითოეული ცალკეული მორიელი უზადო არ არის. მაგრამ ჩვენ აქ საშუალო მორიელს განვიხილავთ და ჩვენი მიზანი განზოგადებაა. ამიტომ დავუბრუნდეთ ზემოთ ნათქვამს და გავიხსენოთ,რომ მითი მორიელის სისასტიკის შესახებ უკვე აღარ ადარდებს კუროს.

კუროს არ ეშინია იმის,რაც ხელშესახებია. გარდა ამისა,მორიელმა უკვე მოახერხა კუროს თავი მყუდროდ და უსაფრთხოდ ეგრძნო,როდესაც მისი უმცროსი ძმა საზაფხულო ბანაკში გააცილა,დედამისს უზარმაზარი ყვავილების თაიგული მიართვა და მამასაც პატივისცემით ესაუბრა. მაგრამ კუროს გამბედაობა სადღაც ქრება,როდესაც საქმე უხილავ საგნებს ეხება_ მაგალითად,ემოციებს. და ჭორები მორიელის სექსუალობაზე? რისი თქმა შეიძლება? ალბათ იმის,რომ მართალია. მორიელი არ არის საჭურისი ან მორცხვი სტუდენტი,რომელსაც გოგონების დანახვაზე ენა ებმება და წითლდება. ის ნამდვილი მამაკაცია: მამაკაცური,როგორც ვერძი მამაკაცი; სენტიმენტალური,როგორც სასწორი მამაკაცი; ვნებიანი,როგორც ლომი მამაკაცი; მგრძნობიარე,როგორც თევზები მამაკაცი და…როგორც თავად კურო ქალი. ასტროლოგიურად გაუთვითცნობიერებლი ქალი შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს ასეთი ძლიერი ნატურისგან. მაგრამ რა არის საშიში? ეს მამაკაცი არ ნადირობს პატარა,გამოუცდელ გოგონებზე,როგორც ზოგიერთ წიგნებშია აღწერილი.

კურო ქალისთვის საკუთარი ღრმა გრძნობების ფიზიკურად გამოხატვა და განსხეულება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ე.წ. მორიელის არანორმალური სექსუალობა მას სულაც არ აშინებს. თუ მან მორიელთან ცხოვრებისა და სიყვარულის გაზიარება გადაწყვიტა,დარწმუნებული იყავით,ორივეს მთელი სიმძაფრითა და მრავალფეროვნებით გაიზიარებს.

მამაკაცი მორიელი ხარბად ეწაფება და ბოლომდე წურავს იმის შესაძლებლობებს,რაც მას მოსწონს. მაგრამ თუ მას რაიმე ან ვინმე თვალში არ მოუვიდა,ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს და ისე იქცევა,თითქოს „ის“ საერთოდ არარსებობს. ბოლოსდაბოლოს „ის“ მართლაც არ არსებობს,ყოველ შემთხვევაში,მის ცნობიერებასა და უახლოეს გარემოცვაში. ეს ეხება ნივთებსაც და ადამიანებსაც. სრულიად თვალსაჩინოა,რომ ამ წყვილს არავითარი პრობლემები არ შეექმნება,თუ მათ საერთო  გაღიზიანების ობიექტები აღმოაჩნდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში,შესაძლებელია მოულოდნელი შერკინებები,ინტერესთა კონფლიქტისა და გაუგებრობების ნიადაგზე. კურო გოგონა ხშირად არის მიჯაჭვული ამა თუ იმ ნივთსა თუ ადამიანზე და ბუნებრივია,ძალიან გაბრაზდება,როდესაც მისი უახლოესი მეგობარი ან ნათესავი,საყვარელი პლედი თუ შარფი უკვალოდ გაქრება იმის გამო,რომ  საყვარელი მამაკაცი მის გემოვნებასა და აღტაცებას არ იზიარებს.

თუ მათ მზეებსა და მთვარეებს შორის ჰარმონიული ასპექტებია და ორივე ბარიკადების ერთ მხარეს დგას და არა საპირისპიროდ,მათ შეუძლიათ ჰარმონიულად შეურწყან ურთიერთსაპირისპირო თვისებები ერთიან,ძლევამოსილ დინებაში. რადგან კურო და მორიელი 7-7 სქემით ურთიერთობენ,ორივეს აქვს ის,რაც მეორეს აკლია და სჭირდება. როდესაც ეს ორნი ერთმანეთს შეხვდებიან,აუცილებლად ამოქმედდება მაგნიტური მიზიდულობა,რაც ბუნებრივად ახასიათებს ექვსივე ოპოზიციურ წყვილს. რა თქმა უნდა,თუ ორივე თავისუფალია და მზად არიან სერიოზული ურთიერთობისთვის.

კურო არ არის ილუზიების ტყვე. ის პრაქტიკულია და არ ახასიათებს მყისიერი ვნებები. მაგრამ თუ მამაკაცმა მოახერხა და მის გრძნობებს შეეხო,როდესაც კურო საყვარელ კაცს სურნელით ცნობს,მის ხმაზე კრთება და მის დანახვაზე ძალაუნებურად ეღიმება,მისი პრაქტიკულობა შეგიძლიათ დიდი ხნით დაივიწყოთ. სიყვარულში ის უფრო სათუთია,ვიდრე ქალი თევზები და ეს მშვენიერია.

კურო მუდმივი ნიშანია,ამიტომ ის არ შეიცვლის შეხედულებას,თუ ერთხელ დაასკვნა,რომ სასურველი მამაკაცი იპოვა.  თუ ეს მამაკაცი მორიელია,კუროს შეუძლია მშვიდად იყოს და სრული ერთგულების იმედი ჰქონდეს. კურო მესაკუთრეა,სიყვარულში განსაკუთრებით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ეჭვიანია. ეჭვიანობის გრძნობა  ხომ ურთიერთობის არასაიმედოობაზეა დაფუძნებული.  კუროს ძლიერ განვითარებული მესაკუთრული ინსტინქტი კი მის,როგორც მფლობელისა და განმკარგავის,სიამაყეზე მეტყველებს. მამაკაცი მორიელი მალე მიხვდება განსხვავებას ამ ორ სიტყვას შორის და კუროს თითქმის არ ექნება ეჭვიანობის საფუძველი. მისი მესაკუთრული დამოკიდებულება კი მორიელს დიდ სიამოვნებას მოჰგვრის. მთელი თავისი სექს-სიმბოლოს რეპუტაციის მიუხედავად,ეს მამაკაცი არ უყურებს სექსს,როგორც შემთხვევითი  კავშირების გრძელ ჯაჭვს ან უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას. მისი აზრით,მიწიერ,ფიზიკურ სიყვარულში სიცოცხლისა და სიკვდილის აზრია ჩადებული და ეს ერთადერთი საიდუმლოა,რომელსაც მორიელი ბოლომდე ვერ ხსნის. ამიტომ სექსი მორიელში თითქმის რელიგიურ გრძნობებს აღვიძებს.

მორიელის წარმოდგენა სიყვარულზე შეუბღალავია და მართალია,ძლიერი განცდები ახლავს თან,მაგრამ აქ არ არის უწესრიგო ექსპერიმენტების ადგილი. ამიტომ,ასტროლოგიური ჭორების მიუხედავად, მორიელს ყველაზე ნაკლებად შეუძლია მოატყუოს საყვარელი ქალი. მიწიერ ასულს,კარგად ესმის მისი ვნებები. მაგრამ როდესაც მორიელის მხურვალება მათი ორმხრივი გრძნობების ჩარჩოებს სცდება,ურთიერთობა ნაკლებ სასიამოვნო გახდება.

მორიელში უცნაურად არის შერწყმული ცივი გონება და ცხელი ტემპერამენტი,თუმცა ის უპირატესობას მხოლოდ პირველის დემონსტრირებას ანიჭებს. ქალი კურო ამართლებს მის ცივ გონებას,გარეგნულ წონასწორობასა და პრაქტიკულობას_ამაში ისინი ძალიან გვანან. მაგრამ ცხელი ტემპერამენტი კუროს უკმაყოფილებას იწვევს. მორიელი ისე იკარგება საკუთარ გრძნობებში,როგორც მისი მზის ნიშნის სტიქია წყალი მალავს თავის სიღრმეებში  ძლიერ დინებებს. სიღრმე კი გართულებაა,ემოციებთან დაკავშირებული. კურო არც ისე დიდ სიმპატიებს განიცდის სიყვარულისა და სიძულვილის უკიდურესი მეთოდებით გამოვლენის მიმართ. მას მიაჩნია,რომ ეს მხოლოდ დამღლელი და უსარგებლო ნერვების შლაა. სწორედ ეს ძირითადი განსხვავება ხდება დიდი თუ პატარა უთანხმოებების მიზეზი.

მაგრამ იმ კუროთა დასამშვიდებლად,რომლებიც მორიელებს დაშორდნენ ერთ ლექსს შემოგთავაზებთ.

 

„მორიელის გესლი“

შენი ხმა,გაყინული

ჩემი სული_უდაბნო

თუ მიწიერ ყოფაში მერიდები

უარმყოფ

გიშვებ არა იმისთვის

გაპატიო…

ველოდო,რომ ოდესღაც მიხვდები

„ასე როგორ გამიშვა?!“

…დღემდე იხდი ამის ფასს.

მორიელისთვის ძალზედ მტკივნეულია კუროსთან გამოთხოვება,მაგრამ ის ამ ტკივილს ცივი გაუცხოებით მალავს. და ახლა,როდესაც კურომ ეს იცის,იქნებ გაიხსენოს,რომ განრისხებული მართლა  გაყინული ხმით  ლაპარაკობს? და განა შეუძლია სიჯიუტის მუქი სათვალით მისი ჭრილობები დაინახოს?

კურო და მორიელი მართლაც იმსახურებენ  ერთმანეთს მუდმივობით,ამტანობითა და ერთგულებით. მაგრამ ასევე საოცრად გვანან ბოროტი მახსოვრობით,რევანშიზმითა და აუცილებლობით,ისწავლონ პატიება.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით

 


About Qet

Scroll To Top