ლილიტის მნიშვნელობის განსხვავებული, ფსიქოლოგიური ხედვა
ლილიტი – რა ფუნქცია აკისრია ადამიანის განვითარების მხრივ?
როდესაც ჩვენს ცხოვრებაში „სინათლე“ შემოანათებს, ბნელ მხარეს და ქვეცნობიერს აშიშვლებს, ილუზიებს გვანახებს. თვალის გასწორების შემდეგ ხელახლა ვიბადებით, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. – ეს შავი მთვარის გზაა. ასტროლოგიაში არასწორი მნიშვნელობით სიბნელეში დიდხანს მოუწია ყოფნა და ახლა დროა სინათლეზე გამოვიდეს და მისი მნიშვნელობა ბოლომდე გავაცნობიეროთ. მისი გააზრება რთულია, რამდენადაც რეალური პლანეტის სხეული არ გააჩნია, თუმცა, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, წარსულში პლანეტა იყო და Laura Walker-ი მარსსა და იუპიტერს შორის ათავსებს. მისი განადგურების ორი ვერსიაა – ბუნებრივი კოსმოსური კატასტროფა ან ხელოვნური ჩარევით გამოწვეული. Joseph Farrell-ის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ამ პლანეტის ფიზიკური განადგურებით, ის ცნობიერიდან „ამოვარდა“, რის გამოც ცნობიერად აღარ შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე. თუმცა განადგურების შემდეგ გავლენა არ დაუკარგავს, ენერგია არასდროს ნადგურდება, ფიზიკურის სხეულის მოსპობის შემდეგ სხვა დონეზე გადაინაცვლა და ამჟამად მოქმედებს როგორც შავი მთვარე, ლილიტის სახელწოდებით.
მას დედის არქეტიპად მოიხსენიებდნენ, ანუ „დედაა“, რომელსაც ორმაგი ბუნება ჰქონდა – მზრუნველი და დამსჯელი დედა. როდესაც ტრანზიტული ლილიტი (ლილიტის ახლანდელი მდებარეობა) ჩვენს რუკაში რომელიმე პლანეტასთან ასპექტს ქმნის (განსაკუთრებული მნიშვნელობა შეერთებას და ოპოზიციას ენიჭება), თავდაპირველად გვევლინება როგორც დამსჯელი, „დაცემას“ განვიცდით, ჩვენი რაღაც ნაწილი ზრდასა და ევოლუციას წყვეტს – სიღრმისეულად გვტკივა, სულიერ-ფსიქოლოგიური კრიზისი იწყება. ჩვენი მთავარი შიში ან რომელ სახლსაც გადის მისი შესაბამისი შიში აქტიურდება. როგორც კი ქვედა დონეს მივაღწევთ, რომლის იქითაც „დაცემა“ აღარ არსებობს, მზრუნველი დედის ხელს ვგრძნობთ – ეს ხდება მაშინ, როდესაც ზუსტი შეერთება ან ოპოზიცია დგება. ხელახლა დაბადების, განახლების განცდა გვაქვს. ჩვენ არამხოლოდ უფრო ძლიერები და გონიერები ვართ, არამედ სულიერად გასუფთავებულებიც – ფსიქოლოგიურ-ემოციურ დონეზე „გადაწყობა“ ხდება. ისპობა ყველაფერი, რაც ახალ შესაძლებლობებს გვიბლოკავდა.
ჩვენი მიდრეკილება – ორ საპირისპორო მხარედ დაყოფისკენ, მნიშვნელოვან პრობლემას გვიქმნის აზროვნების დონეზე. რამდენადაც სიბნელე „ცუდთან“ გაიგივდა, ლილიტისაც „ცუდის“ მნიშვნელობა მიენიჭა. თუმცა, გვავიწყდება – რომ არა სიბნელე, ვერ გავიგებდით სინათლეს. სიბნელე და სინათლე ერთმანეთს აბალანსებს. სიბნელე ასევე უკავშირდება ღამეს – პერიოდს, რომლის დროსაც გვძინავს, ძილში კი ჩვენი დაფარული მხარე აქტიურდება, ჩვენს საკუთარ ბნელ მხარეს კი ქვეცნობიერში ძლიერად ვკეტავთ. ამ შემთხევაში რა არის ლილიტის ფუნქცია?
- ჩვენი ბნელი მხარის გაცნობიერება-გამოსწორება.
- შიშებისგან გათავისუფლება, რომლებსაც ვბლოკავთ.
- იმ ფუნდამენტური გზის შეცვლა, რითაც საკუთარ თავებსა და სხვებს განვსჯით.
- ჩვენი გაუაზრებელი ან დაფარული ცოდნის ამოტანა.
- და ბოლოს – შავი მთვარე ჩვენი ყველა ნაწილის გაერთიანება-მიღებას გვასწავლის.
ყველა ჩვენგანს სხვადასხვა ტიპის ძირეული (მთავარი) შიში გაგვაჩნია, რომელიც ლილიტის მდებარეობის მიხედვით განსხვავდება. ეს შიში ბედნიერების განცდასა და სულიერ/პიროვნულ ზრდაში ხელს გვიშლის. მაშ, ასე…
- ლილიტი ვერძი – ღირსების დაკარგვის/უღირსობის შიში
- ლილიტი კურო – უკმარისობის, დანაკლისის შიში
- ლილიტი ტყუპები – უარყოფის შიში
- ლილიტი კირჩხიბი – მიტოვების შიში
- ლილიტი ლომი – ცვლილებების შიში
- ლილიტი ქალწული – წარუმატებლობის შიში
- ლილიტი სასწორი – მარტოობის შიში
- ლილიტი მორიელი – დაკარგვის შიში
- ლილიტი მშვილდოსანი – უსარგებლობის, უმნიშვნელობის შიში
- ლილიტი თხის რქა – არაფრად ჩაგდების შიში
- ლილიტი მერწყული – უუნარობის/ძალაუფლების უქონლობის შიში
- ლილიტი თევზები – დაუცველობის/ტკივილის შიში
ჩვენი ძირეული შიში გვაზარალებს არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებსაც. ზოგჯერ მას სხვა ადამიანებს მივაწერთ, თითქოს სხვისი შიშია (პროექცია). მისი უშუალო გავლენით არაერთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რასაც ვერ ვაცნობიერებთ და „შეცდომებიც“ მუდმივად მეორდება.
ლილიტის მეორე მხარის გამოვლენა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენს შიშს ვაცნობიერებთ. პასუხისმგებელია: როგორ ვკურნავთ ბნელ მხარეს და როგორ შევიცნობთ ჭეშმარიტ სიყვარულს. ჩვენი შიშები სიყვარულის, „რაღაც“ დიდის ნაწილობის განცდას გვაშორებს. ერთის მხრივ იმის გაცნობიერება და მიღება, რაც ხელს გვიშლის წინსვლაში (ამ შემთხვევაში შიშები) გვამთლიანებს. მეორეს მხრივ, სიყვარულის განმკურნებელი ძალის გამოყენება საკუთარი თავების განსაკურნებლად ხშირად ყველაზე მეტად ნაცადი ხერხია. რამდენადაც ლილიტი გვაძლევს მას, რაც აუცილებლად გვჭირდება, ის სიყვარულთანაც დაკავშირებულია. არ უნდა გავიგოთ, თითქოს ლილიტი გვასწავლის როგორ გვიყვარდეს, არა, ის უბრალოდ მიგვანიშნებს როგორ ვაცნობიერებთ რომ სხვა ადამიანი ნამდვილად გვიყვარს.
ლილიტი ვერძში
- მთავარი თემა: წარმატების ბნელი მხარე
- მთავარი შიში: უღირსობის, ღირსების დაკარგვის შიში
- თვითგანსჯა: ხდება იმის მიხედვით, რამდენად კარგად მოქმედებს ან რამდენად მოზომილია
- მთავარი საკითხები: წარმატება, იდენტობა, კითხვები ჩვეულ (თანდაყოლილ) ღირებულებებზე, თვითშეფასება და დამსახურება.
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): სხვების წარმატება დამოკიდებულია რა შეასრულეს ან რას მიაღწიეს.
- მიზნები: არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს, პირადი წარმატება სხვისი სტანდარტებით არ გაზომო, საკუთარი თავი რომ სწორად შეაფასო – თვითშეფასების ჩამოყალიბებას მიხედე.
- როგორ ვლინდება: ლილიტ ვერძს სურს თავი დაფასებულად და ღირებულად იგრძნოს. უღირსობის განცდა მის სურვილთან კონფლიქტშია, რის გამოც ხშირად წარმატებას ხელიდან უშვებს. ცხოვრებაში მხოლოდ მას ვიღებთ, რასაც ვფიქრობთ რომ დავიმსახურეთ. თუ თავს უღირსად ვთვლით – უარვყოფთ ყველას და ყველაფერს – ადამიანებს, სამსახურს… რაზეც ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ზედმეტად კარგია. საკუთარი თავისთვის საბოტაჟის მოწყობა ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია. ამასთანავე, უარყოფს მას, რაც იდეალებს არ შეესაბამება.
- განკურნება: დაუმსახურებლობისა და უღირსობის შიშის აღიარებით იწყება. იმის გაცნობიერებით, რომ რადგან დავიბადეთ ე.ი. დავიმსახურეთ ცხოვრება, შანსი და სხვაზე ნაკლები არ ვართ. განკურნება ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს სამყაროს ღირსეულ ნაწილად ჩავთვლით.
გაანალიზე სად იღებდი იმაზე ნაკლებს, ვიდრე იმსახურებდი
ჰკითხე შენს თავს, თუ ღირსეულ ადამიანად იქცევი, რას გააკეთებდი? ორიენტირდი ამ ვარიანტზე.
ჰკითხე შენს თავს,რა როლი უჭირავს წარმატებას შენს ცხოვრებაში
ჰკითხე შენს თავს რას აკეთებ გამარჯვებისთვის. როცა პასუხს მიიღებ, გადაწყვიტე ნამდვილად გინდა კი ეს? გიღირს გამარჯვება იმ ხერხით? გამოიმუშავე ის თვისება, რაც შენს წარმატებულობას ხელს რეალურად შეუწყობს.
ლილიტი კუროში
- მთავარი თემა: დაცულობის ბნელი მხარე
- მთავარი შიში: უკმარისობის, დანაკლისის შიში
- თვითგანსჯა: კომფორტის მხრივ რამდენად უსაფრთხოდ/დაცულადაა
- მთავარი საკითხები: იმდენი ჰქონდეს, რამდენითაც დაცულად იგრძნობს თავს; აკვიატებული მოხმარება; დაუცველობა
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): სხვების კრიტიკა სიზარმაცის, უპასუხისმგებლობის (ფულის საკითხებში) ან არასტანდარტულობის გამო
- მიზნები: უკმარისობა „საგნებით“ არ შეავსო, გაიხედე შენი კომფორტული ზონის იქით.
- როგორ ვლინდება: ლილიტი კუროს შემთხვევაში ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს, კომფორტულადაა, მით უფრო კარგად გრძნობს თავს. კომფორტის ძლიერი სიყვარული ვლინდება, რადგან სამყაროში თავს დაუცველად და საფრთხეში გრძნობს. შედეგად ყველაფერს აგროვებს, ინახავს, იზოგავს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენს იმარაგებს, უკმარისობის განცდა მაინც არ ტოვებს. ეჭვები, წონა, პასუხისმგებლობა- ესაა რასაც „ებრძვის“.
- განკურნება: დაუცველობის შიშის აღიარებით იწყება. ირწმუნე საკუთარი თავის, შენ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბნელ მხარეს გაუმკლავდე. როდესაც ორიენტირდება იმაზე, რაც შიგნით აქვს და რასაც წარმოადგენს, მატერიალური დაგროვების სურვილი ქრება.
ისწავლე როგორ არ უნდა მოიქცე. როდესაც მეტი ჭამის, ყიდვის სურვილი გაგიჩნდება – წადი და დაჯექი მარტო, მუსიკას მოუსმინე, წაიკითხე, იოგას მისდიე.
როცა თავს არაკომფორტულად გრძნობ, მეტად შეიცნობ შინაგან სამყაროს. შეიცანი ის – საყრდენს იქ იპოვნი.
ლილიტი ტყუპებში
- მთავარი თემა: მიღების ბნელი მხარე
- მთავარი შიში: უარყოფის შიში
- თვითგანსჯა: როგორ ადარებს საკუთარ თავს სხვებს.
- საკითხები: სხვებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ.
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): სხვებს ეგოისტებად მოიხსენიებს. თავს შორს იჭერს იმ ადამიანებისგან, ვინც „საქმე სწორად არ შეასრულა“
- მიზნები: ნუ იდარდებთ სხვებს მოსწონხართ თუ არა, თქვენი თავის გამოსახატად სხვებთან შედარება არ გააკეთოთ. იყავით ინდივიდუალური, ისეთი, როგორიც ხართ.
- როგორ ვლინდება: სიამოვნებას განვიცდით, როდესაც ჩვენი გაკეთებული მოსწონთ ან ჩვენ მოვწონვართ. შესაბამისად, ამ ლილიტის მფლობელის მთავარი შიში უარყოფას უკავშირდება. მიდრეკილება ჩნდება იმოქმედოს ისე, როგორც სხვებს მოეწონებათ, რათა შემდგომ შექება დაიმსახუროს. საკუთარ რეალურ მე-ს არ გამოხატავს. სხვების გამო ხშირად გადამეტებულად მოქმედებენ. მოსალოდნელ უარყოფაზე წინასწარ მტკივნეულად რეაგირებენ. იქნებ არ მოეწონოთ? იქნებ დაიწუნონ? ურთიერთობებში მიდრეკილია მანამდე უარყოს, სანამ მას უარყოფენ.
- განკურნება: კარგად უნდა დაფიქრდეს რამდენად სურს სხვების სიამოვნებისთვის მოქცევა? უნდა გაიაზროს, რომ მთავარია არა სხვებისგან მიღება, არამედ – საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც არის. თუ წინასწარ განეწყობით უარყოფისკენ, უარგყოფენ.
გაანალიზეთ სად მოქმედებთ როგორც თქვენ და არა როგორც სხვების საჩვენებლად.
როცა გადაწყვეტილებას იღებთ, თქვენს დროსა და რესურსებს გეგმავთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ – რისთვის აკეთებთ? პასუხი ყოველთვის უნდა იყოს „ჩემთვის – ჩემი წარმატებისთვის და არა სხვების თვალში საუკეთესოდ გამოჩენისთვის“. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სხვები უნდა დაივიწყოთ, არამედ ესაა საკუთარი თავის სხვებთან გათანაბრება. განსაზღვრეთ თქვენი დრო, რესურსები, ენერგია, ფული და ა.შ. როგორ ხარჯავთ მათ? რაში? დაიწყეთ თქვენს სასიკეთოდ პატარა გადაწყვეტილებების მიღება და ადით დიდსა და მნიშვნელოვანზე.
ლილიტი კირჩხიბში
- მთავარი თემა: მხარდაჭერის ბნელი მხარე
- მთავარი შიში: მიტოვების შიში
- თვითგანსჯა: რამდენად უჭერენ მხარს, რამდენს აკეთებენ მისთვის ან აძლევენ.
- მთავარი საკითხი: დამოკიდებულება
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): არ მოსწონს „გაჭირვებულები“
- მიზნები: იმოქმედეთ საკუთარი თავისთვის; არ გახდეთ დამოკიდებული ან არ ჩაებღაუჭოთ ვინმეს/რამეს
- როგორ ვლინდება: ლილიტი კირჩხიბის მქონე ადამიანს შიში აქვს, რომ ვერ იზრუნებს საკუთარ თავზე ან სხვაზე. ეს განცდა სიტუაციებით მანიპულირების სურვილს აღძრავს. სხვაზე დამოკიდებული ხდება. მარტოობას თავს ასე აღწევს. მხარდაჭერის ძლიერი მოთხოვნილება და მიტოვების შიში ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისე, რომ სხვა ადამიანი ზედმეტად იტვირთება ან „იხრჩობა“. შესაძლოა განცდა ჰქონდეს, რომ რასაც სხვებისთვის აკეთებს, არ უფასებენ. ამის ქრონიკული განცდა არამარტო მათ, სხვებსაც ანგრევთ.
- განკურნება: გაიაზრეთ და თვალი გაუსწორეთ თქვენს მთავარ შიშს. თავად იზრუნეთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მხარდაჭერაზე ისე, რომ სხვებისგან არ განცალკევდეთ. თქვენი საჭიროებები განსაზღვრეთ. როცა უსაფრთხოებას გარეთ არ დაუწყებთ ძებნას, მიტოვების შიშიც გაქრება, ურთიერთობებიც მოწესრიგდება.
გაუკეთეთ სხვებს ის, რაც გინდათ რომ თქვენ გაგიკეთონ. თუ რამე გსურთ, სხვას ნუ სთხოვთ, თავად იმოქმედეთ მის მისაღებად. აკეთეთ თუნდაც მცირე საქმე, მაგრამ აკეთეთ თავად.
დაფიქრდით რა არ გაგიკეთებიათ, რისი გაკეთებაც გსურდათ? საკუთარ სურვილებს მეტი ყურადღება მიაქციეთ ისე, რომ სხვებთან ურთიერთობაში ბალანსი განიცადოთ და დამოკიდებულება არ გაგიჩნდეთ.
სხვების სისტემით სარგებლობის ნაცვლად, შეიმუშავეთ თქვენი კეთილდღეობის, დაცულობის, მხარდაჭერის განსხვავებული, ინდივიდუალური სისტემა.
ლილიტი ლომში
- მთავარი თემა: წესრიგის ბნელი მხარე
- მთავარი შიში: ცვლილებების შიში
- თვითგანსჯა: მიღწეულის დონით შეფასება
- მთავარი საკითხები: წესრიგი, მდგომარეობა, ქედმაღლობა, ეჭვიანობა, საკუთარი თავის როგორც ყველაფრის ცენტრის წარმოდგენა.
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): მბრძანებლური, ამაო/უსარგებლო ან ეგოისტი ადამიანების ზიზღი ახასიათებს.
- მიზნები: სხვების ნიჭის, სიძლიერის აღნიშვნა და დაფასება, ცვლილებების შედეგად მოტანილი ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, ეჭვიანობის აღმოფხვრა
- როგორ ვლინდება: „ეგოს“ ძლიერი გამოვლინება აქვს, ეგოისტი და საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანია, რომელიც პოზიციისა და მდგომარეობის გამაგრებაზე ზრუნავს. წინააღმდეგობის ნებისმიერ იდეას აქრობს. ცვლილებების შიში ხშირად იმიჯის ან მდგომარეობის დაკარგვის შიშში გადადის. მათ „დასაძლევად“ წესრიგს და ბრძანებას იყენებს.
- განკურნება: გაანალიზე რა გსურს. გაანალიზე, რომ ყველა ერთი დონისაა და იერარქია არ არსებობს. არაფერია სტატიკური, ცვლილებები სამყაროს ბუნებრივი გზაა და მას ახალი შესაძლებლობები მოაქვს, გვზრდის. შენ შენი უნიკალური ადგილი გაქვს, რომელსაც ვერავინ შეცვლის. შეასრულე შენი როლი ბოლომდე.
გაეცი სხვებისთვის. რა შეგიძლია გასცე?
როცა ახალ სიტუაციებში აღმოჩნდები, ნუ შეგეშინდება, ორიენტირდი რას გრძნობ, რას გაძლევს ახალი სიტუაცია?
როცა სხვებთან ერთად ხარ, შეეცადე მათი უნიკალური მახასიათებელი შეამჩნიო, აღმოაჩინო. შეგიძლია აღნიშნო კიდეც.
სცადე ახალი, განსხვავებული მოქმედება, ახალი საგნები გამოიყენე, გაწერილი გზიდან გადაუხვიე. მსგავსი წვრილმანებით საკუთარ ბნელ მხარეს კურნავ.
ლილიტი ქალწულში
- მთავარი თემა: შესაძლებლობების ბნელი მხარე
- მთავარი შიში: წარუმატებლობის შიში
- თვითგანსჯა: რამდენს და როგორ მუშაობს, პროგრესი, რას იღებს (მატერიალური და არამატერიალური)
- მთავარი საკითხები: თვითკრიტიკულობა, ყალბი არ იყოს.
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): განცდა, რომ სხვები საკმარისად კარგად არ ასრულებენ საქმეს ან არაკომპეტენტურები არიან.
- მიზნები: ნუ ორიენტირდებით ნაკლზე და წარუმატებლობაზე, ყველაფერზე პასუხისმგებლობის განცდა ან მათი გამოსწორების სურვილი ნუ გექნებათ.
- როგორ ვლინდება: ლილიტი ქალწული ნაკლს აუცილებლად პოულობს და აღნიშნავს. ქრონიკულ უკმაყოფილებას განიცდის განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ. დიდხანს თავზე დადებითი შეფასებების შენარჩუნება უჭირს. მიაჩნია, რომ „არასაკმარისად კარგია“, რის გამოც შესაძლოა ყველაფრის კეთების სურვილი გაუჩნდეს. ბევრს მუშაობს, „თითოეული ხის გამო ტყის დანახვა უჭირს“. აკეთებს მეტს, უფრო მეტს და კიდევ მეტს იმისთვის, რომ შრომისმოყვარეობა დაამტკიცოს. ლილიტებს შორის ყველაზე მეტადაა საკუთარი თავის დასჯისკენ მიდრეკილი.
- განკურნება: ნაკლის მოძებნის სურვილი გაიაზრე. გონების დიდი მიღწევა იქნება ის, რომ გაიაზრებთ – არ არსებობს აბსოლიტური კარგი და ცუდი, მაქსიმუმი. ნაკლი და ხინჯი ილუზიაა. შესაძლოა სხვებისგან განცალკევების მიზეზად საკუთარ ნაკლოვანებებს თვლიდეთ, მაგრამ გახსოვდეთ – ანამ საკუთარ თავს და სხვებს არ მიიღებთ როგორიც ხართ,, მანამდე ერთიანობის განცდა არ გექნებათ.
განსაზღვრეთ სად განიცდით წარუმატებლობას. ახლო ურთიერთობებში წარუმატებელი ხართ? რა არის რეალური მიზეზი? შეგეძლოთ გაგეკეთებინათ მეტი თუ გააკეთეთ ის, რაც თქვენ გევალებოდათ? შეგიძლიათ თქვენს თავს და სხვებს მიუტევოთ, რომ „უკეთესად არ გააკეთეთ/გააკეთეს“?
შეგიძლიათ წარუმატებლობაზე ყურადღება არ გაამახვილოთ და თქვენი საქმიანობით დატკბეთ? დრო საუკეტესო მაჩვენებელია რეალური წარუმატებლობისა და წარმატებისაც. ორიენტირდით თქვენს საქმეზე, მისით სიამოვნება მიიღეთ და წარუმატებლობის შიში განიკურნება.
ლილიტი სასწორში
- მთავარი თემა: სრულყოფილების ბნელი მხარე
- მთავარი შიში: მარტოობის/იზოლაციის შიში
- თვითგანსჯა: პირადი ნაკლი მძიმედ კრიტიკდება
- მთავარი საკითხები: სრულყოფილება, არარეალური მოლოდინები, ზღვართან დაკავშირებული საკითხები
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): სხვების კრიტიკა, განსაკუთრებით როგორ ჩანს „საგნები“ (გარეგნული მხარის კრიტიკა).
- მიზნები: ნუ გსურს სრულყოფილად გაკეთება, მარტო დარჩენილმა თავი კომფორტულად იგრძენი, შავისა და თეთრის გარდა ნაცრისფერიც დაინახე (უკიდურესობების გარდა სხვა „ფერებიც“ არსებობს), ნუ გააკრიტიკებთ სხვებს
- როგორ ვლინდება: ლილიტი სასწორი უშეცდომოდ ყოფნას ცდილობს, ყველას და ყველაფერს მაღალ სტანდარტს სთხოვს, განსაკუთრებით საკუთარ თავს. იდეალურობის სურვილი ძლიერად ვლინდება. ძლიერი თვითკრიტიკულობისა და „მე“-ს დანაწევრებისკენ მიდრეკილება ვლინდება, რომლისგანაც ორ დიდ ნაწილს ქმნის – „მისაღებად“ და „მიუღებლად“. საზღვრებს არღვევს და ყველაფრის სრულყოფას ცდილობს. რა თქმა უნდა არ გამოსდის, რის გამოც იმედგაცრუებას განიცდის. საბოლოოდ კი ყველაფერი ურთიერთობებში განხეთქილებით სრულდება. ლილიტის ეს მდებარეობა დროის უკმარისობის, დაღლილობის ძლიერ განცდას იწვევს. თვითშეზღუდვა მისი ერთ-ერთი ბნელი გამოვლინებაა.
- განკურნება: თვალი გაუსწორე სხვების გაკრიტიკების სურვილს, აღიარე. ბნელი მხარე ძლიერადაა დაკავშირებული ქვეცნობიერის გაკრიტიკების სურვილთან, რაც საბოლოოდ ახალი გზის, ხელახლა დაბადების სახით ვლინდება (ლილიტის ტრანზიტების დროს). საკუთარ ქვეცნობიერში მოგზაურობა მოგიწევს იმისთვის, რომ დაადგინო რა არის რეალურად ღირებული და რა – არა. როცა აღმოაჩენ, რომ სიყვარული ერთადერთი ჭეშმარიტი ღირებულებაა, განცალკევების ნაცვლად სხვებთან ძლიერ გაერთიანებას გრძნობ. შეიყვარე შენი ყველა ნაწილი და არა მხოლოდ რომელიმე, რომელიც საუკეთესოდ მიგაჩნია. ნურაფერს განაცალკევებ, მიიღე როგორიცაა. დაინახე შინაგანი სრულყოფილება ნაკლიანად.
ჭეშმარიტი ღირებულებები განსაზღვრე. როცა სხვებს აკრიტიკებ და ამას გააცნობიერებ, შენს თავს ჰკითხე იქნებ რაც მათში არ მოგწონს, შენს თავშიც არ მოგწონს? გაანალიზე სხვებისგან რით ანსხვავებ საკუთარ თავს. არის კი რამე, რაც სხვებისგან უნდა განაცალკევო?
როცა ვინმეს გაკრიტიკების სურვილი გაგიჩნდება, სიტუაციაში აღმოაჩინე რაღაც ღირებული, რაც გასწავლის. როცა ისწავლი ღირებულებისა და ღირსების შემჩნევას, სრულყოფილების აკვიატებული იდეა განიკურნება.
- მთავარი თემა: სიკვდილის ბნელი მხარე
- მთავარი შიში: დაკარგვის შიში
- თვითგანსჯა: დაფუძნებულია იმაზე თუ რა მოიგო
- მთავარი საკითხები: მოგება vs წაგება, სიკვდილთან, დასასრულთან დაკავშირებული საკითხები.
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): სხვების გადარჩენა
- მიზნები: ყოველთვის არ/ვერ გაიმარჯვებ, ისწავლე როგორ „დახურო“ (დაასრულო), ძალიან ნუ იბრძოლებ.
- როგორ ვლინდება: ლილიტი მორიელი მოგების, გადარჩენის, შენარჩუნების ძლიერ სურვილს განიცდის. სიღრმისეულად აფასებს მას, რასაც ძნელად მოიპოვებს. თავისუფლებას ებღაუჭება, ცხოვრების თავისუფლად გატარებისკენ მიისწრაფვის. ყოველდღიურ ცხოვრებას ბრძოლად თვლის იმის შესანარჩუნებლად, რაც აქამდე მოიპოვა. აგრესიისა და ფეთქებადობის გამოვლენაა. ლილიტ მორიელს განსაკუთრებით იზიდავს ის ადამიანები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ ან იდევნებიან. ეს მათთვის სასურველი სიტუაციაა, რითაც არამარტო სხვას, არამედ საკუთარ თავსაც გადაარჩენს.
- განკურნება: ბრძოლის ძლიერი სურვილი გააცნობიერე. რეალურად არაფერს კარგავ, რადგან არ კვდება და არ ნადგურდება – ახალ ფორმას იძენს, იცვლება, ტრანსფორმირდება. სიღრმისეულად ნურაფერს ჩაყვები. ორიენტირდი სიყვარულზე. ნებისმიერი მატერიალური ფორმის მქონე დაიკარგება, სიყვარულს კი მოფრთხილება უნდა.
წაგება აღიარე და მიიღე. ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმის გაცემისკენ, რასაც ებღაუჭებოდი.
გაანალიზე შენი ენერგიის დიდი ნაწილი რაში უნდა დახარჯო. ეს ნამდვილად ბრძოლაა? იმის ნაცვლად რომ დაკარგვაზე არ ორიენტირდე, გაუშვი დანაკარგი და მიღებაზე გადაერთე.
დაიწყე მცირე დანაკარგებთან შეგუება. დაასრულე მცირე საქმეები, გაუშვი სიტუაციები და ურთიერთობები, რომლებსაც ვეღარ შეინარჩუნებ. შეიძლება გაკვირვებულიც დარჩე – სანამ მასზე, როგორც დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფზე იყავი გადართული, ამასობაში ახალი გზა გამოგიჩნდა. შენ კი ვერ ამჩნევდი. ეს დასასრულის მეორე მხარეა – ახალი იწყება…
ლილიტი მშვილდოსანი
- მთავარი თემა: ჭეშმარიტების ბნელი მხარე
- მთავარი შიში: უსარგებლობის, უმნიშვნელობის შიში
- თვითგანსჯა: დამოკიდებულია მოტივაციებსა და განზრახვებზე
- მთავარი საკითხები: ჭეშმარიტებასთან, სამართლიანობასა და პატიოსნებასთან დაკავშირებული საკითხები
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): დისტანციას იჭერს მატყუარა ან მიამიტი ადამიანებისგან.
- მიზნები: ნუ გექნება ყველაფერზე მორგებული (ძირითადი) პასუხები, ჩვეულებრივობის და „ჩვეულებრივი“ ადამიანების მიმართ შემწყნარებელი იყავი, ყველაფრის დამტკიცებას ნუ დაიწყებ (ყველაფერს დამტკიცება არ სჭირდება)
- როგორ ვლინდება: ეს ლილიტი ჭეშმარიტებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება. ყველგან სიმართლის, ნამდვილი სახის დანახვა სურს. ძლიერი სურვილი აქვს, რომ ადამიანებმა მუდმივად სიმართლე ელაპარაკონ. თუმცა ყველაფერს ავტომატურად არ იჯერებენ. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობები რთულდება, თუ პარტნიორებს მუდმივად სიმართლის დამტკიცება უხდებათ. მოტყუება მწარედ განიცდება, აცოფებს. შესაძლოა ტყუილის მსხვერპლი გახდეს. ერთ ადგილზე გაყინვას რთულად იტანს.
- განკურნება: მუდმივი ძიების სურვილს თვალი გაუსწორეთ. ხანდახან უბრალოდ უნდა ირწმუნოთ და არა დადასტურებები ეძებოთ. საბოლოოდ შესაძლოა მიხვიდეთ ერთადერთ ჭეშმარიტებამდე, მაგრამ მანამდე დიდი გზის გავლა მოგიწევთ.
რა არის მნიშვნელოვანი? რას იღებთ მნიშვნელოვნად? სიფრთხილე გამოიჩინეთ ჭეშმარიტების ახსნის დროს.
ცხოვრების აზრის შექმნაში საკუთარი პასუხისმგებლობაც დაინახე. რაც რეალურად მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციე. რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? როცა ამ კითხვაზე პასუხი გექნება, ჭეშმარიტებას დაადგენ, ჭეშმარიტებას შენს თავზე. საკუთარი სიმართლის, სამართლიანობის გამოვლენა და მიყოლა დაგანახებთ, რომ ცხოვრებაში ჭეშმარიტება არსებობს.
ლილიტი თხის რქაში
- მთავარი თემა: კონტროლის ბნელი მხარე
- მთავარი შიში: არაფრად ჩაგდების, უმნიშვნელობის შიში
- თვითგანსჯა: რამდენად გამოირჩევა სხვებისგან
- მთავარი საკითხები: კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, ყურადღების მისაქცევი ქმედებები
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): ხელმძღვანელი, ყურადღების მაძიებელი ადამიანების მიმართ უარყოფითი რეაქცია; უჯანყდება მას, ვინც ეუბნება რა უნდა გააკეთოს
- მიზნები: როცა არ აკონტროლებ, – თავი კომფორტულად იგრძენი, საყრდენად დაუდექი საკუთარ თავს.
- როგორ ვლინდება: ყველაფრის კონტროლის სურვილი აქვს. როცა ეს მხარე აქტიურდება, მოთხოვნებს იწყებს. ყურადღების მისაქცევად შეფარვით თუ ღიად ყველაფერს აკეთებს. მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი აქვს და მიაჩნია, რომ სხვები მისი სურვილის გამო დათმობენ (ან უნდა დათმონ!). მიდრეკილია მანამდე არაფერი გასცეს, სანამ არ დაუფასებენ ან მის საუკეთესო მხარეს არ შეაქებენ. მცირე აღიარებაც კი დიდხანს ჰყოფნით იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ. ურთიერთობაში პრობლემები ექმნება, როცა სხვისი ნების გათვალისწინებაც უწევს და ეს უკანასკნელი მათ სურვილს ეწინააღმდეგება. როგორც წესი, შრომისმოყვარეა, ბევრს მუშაობს, მაგრამ სხვებისგანაც ბევრს ითხოვს.
- განკურნება: გაანალიზე რის გაკონტროლებას ცდილობ; სხვებისთვის გაეცი, ყველაფერში აღიარებას ნუ ეძებ. შედეგად თქვენ მას მიიღებთ, რაც გსურთ და ბნელი მხარის გააქტიურება არ დაგჭირდებათ.
გაანალიზე რა სფეროში და რა მიმართულებით უნდა გქონდეს შენი ინდივიდუალური გზა. საკუთარ თავს სიფრთხილით დააკვირდი. სხვებს ეუბნები რა, როგორ და როდის უნდა გააკეთონ? შეეცადე მათ თავისებურად, როგორც წარმოუდგენიათ ისე გაკეთების საშუალება მისცე.
ჰკითხე სხვებს როგორ გააკეთებდნენ ისინი და გააკეთე. სხვისი აზრი გაითვალისწინე. ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას მოერიდე, დატკბი თავისუფლებით, სპონტანურობით. შედეგად ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
ლილიტი მერწყული
- მთავარი თემა: ძალაუფლების ბნელი მხარე
- მთავარი შიში: უუნარობის/ძალაუფლების უქონლობის შიში
- თვითგანსჯა: დამოკიდებულია რა ძალაუფლებას ფლობს იმის მისაღებად, რაც სურს ან საჭიროებს.
- მთავარი საკითხები: ძალაუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ძალების გადანაწილებასთან დაკავშირებული ბრძოლა/კამათი
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): არადისციპლინებული ან სუსტი ადამიანებისგან დისტანციას იჭერს.
- მიზნები: ისწავლე დახმარების თხოვნა; სხვებს არ გადაამეტო (არ უბრძანო, ზემოდან არ შეხედო)
- როგორ ვლინდება: ძლიერად განიცდის მარტოობას. კარგად აცნობიერებს საკუთარ ძალას, ენერგიას და მისი ეშინია კიდეც. მისი უნარები და ნიჭიერება გენიოსობის ზღვარზე გადის, რაც ხშირად მაცოცხლებელ და ავტორიტეტის მოპოვების ძალას აძლევს. ნიჭსა და უნარებს ზოგჯერ სხვებზე გადასამეტებლად იყენებს (სხვებზე მეტად რომ იგრძნოს თავი, რადგან დომინირების სურვილი აქვს). ამისთვის ძირითადად ემოციურ და ინტელექტუალურ „ამაღლებულობას“ უსვამს ხაზს. როცა თავს ძალაგამოცლილად გრძნობს, განცალკევებით ყოფნას ამჯობინებს, რათა სხვებმა მისი სისუსტე არ დაინახონ. საკუთარ თავს ხშირად აკრიტიკებენ სისუსტის გამო.
- განკურნება: სხვების გადამეტების სურვილს თვალი გაუსწორეთ. როცა გაანალიზებთ, რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულია, ვინმეზე ზემდგომად თავს აღარ იგრძნობთ. ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მიიღეთ თქვენი სუსტი მხარე. ძალაუფლება სხვებთან გაინაწილეთ.
გაანალიზეთ ბოროტად იყენებთ თუ არა თქვენს ენერგიას (ენერგია, დრო, რესურსები…) სხვების კრიტიკასა და უარყოფაში. სხვებს სარგებლობაში ხელს ხომ არ უშლით? საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, უარყოფთ ან მუდმივად აკრიტიკებთ?
ჰკითხეთ თქვენს თავს რას გააკეთებდით ძალაუფლებისთვის? შენთვის მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რისი უფრო გეშინია შენი ძალაუფლების თუ პირიქით? განასხვავეთ და აკონტროლეთ თქვენი ენერგია, ძალაუფლება, ნუ გადაამეტებთ.
ლილიტი თევზებში
- მთავარი თემა: რწმენის ბნელი მხარე
- მთავარი შიში: მოწყვლადობის/ დაუცველობის შიში
- თვითგანსჯა: დამოკიდებულია ემოციურ სტაბილურობაზე (რამდენად სტაბილურია)
- მთავარი საკითხები: რწმენის საკითხები
- პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): თავს შორს იჭერს ადამიანებისგან, რომლებიც „ზედმეტად საყვარლები არიან“, რადგან „აუცილებლად რაღაც ენდომებათ“.
- მიზნები: თქვენთვის მისაღებ ადამიანებთან კედლებს ნუ ქმნით, განსაზღვრეთ ვინ არიან თქვენთვის მისაღები ადამიანები, საკუთარ თავზე ფოკუსირდი (და არა მხოლოდ სხვებზე).
- როგორ ვლინდება: გულმოწყალეა, თუმცა ეშინია რომ ამ თვისებას სხვები სათავისოდ გამოიყენებენ. ადამიანებისა და სიტუაციების განსჯისკენ მიდრეკილება აქვს, განსაკუთრებით როცა საქმე პოტენციურ ტკივილის მიყენებას ეხება. სხვებთან ბოლომდე გახსნილობის ეშინია, ნდობა უჭირს სანამ არ დარწმუნდება სხვებში და თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს. ამის გამო გადაულახავ კედლებს აშენებს. მიზეზი იმედგაცრუებაა. გარეგნულად ზედმეტად გახსნილის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მიახლოებისას მტკიცე კედლებს შეხვდებით. სანამ ვინმეს ენდობა, ვალდებულებებს უყენებს. „აქ და ახლა“ ყოფნას განიცდის, რადგან ჰგონია რომ „მისი ადგილი აქ არაა“, რაც რეალობისგან გაქცევის ალბათობად იქცევა.
- განკურნება: დამცავი კედლის აშენებას თვალი გაუსწორეთ. სიმართლე ისაა, რომ ადამიანებს უნდათ თუ არა შესაძლოა გული გვატკინონ. ისწავლეთ სხვების ნდობა. თქვენ შეგიძლიათ სხვებს ბევრი რამ გაუზიაროთ. ლილიტის ბნელი მხარის გამოვლინება წყდება, როცა გააცნობიერებთ – საკმარისად ძლიერი ხარ ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად.
ჰკითხე შენს თავს როდის ხარ ყველაზე ადვილად მოწყვლადი, დაუცველი და გულნატკენი. როდის იკრებთ გულზე ხელს და სიტუაციას ეგუებით? როგორ და როდის ფარავ რეალურ „მე“-ს?
გაანალიზეთ ვისთან ხართ ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სულიერად და ემოციურად ღია. ეს მნიშვნელოვანია თქვენი ნდობის შესაფასებლად – რა გჭირდებათ ნდობისთვის. ლილიტი თევზების შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა სხვების ნდობა, არამედ სხვებისთვის საშუალების მიცემა – დაგინახონ ისეთი, როგორიც რეალურად ხართ.
მომზადებულია Laura Walker-ის წიგნის მიხედვით
სტატიის ავტორი: თამთა