ლილიტის გავლენა აისახება ჩვენს სურვილებში, მისწრაფებებში. თავად ლილიტი არ იძლევა რაიმე შესაძლებლობას, არ მოქმედებს. შესაძლებლობები და რეალური მოვლენები მხოლოდ ფიზიკური სხეულის მქონე პლანეტებს აქვთ. შავი მთვარე კი ჩვენს სურვილებში (ზოგჯერ გაუცნობიერებელ), შინაგან პრობლემებში ვლინდება. ლილიტის გამოვლენა რამდენიმე სახით ხდება:
ა) რუკაში აღნიშნავს წერტილს, რომლითაც ვლინდება ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემები.
ბ) ფსიქიკაში მორგებულ ნიღბებსა და როლებს უკავშირდება, ამიტომ ადამიანი ძლიერი ლილიტით გარდასახვას ადვილად ახერხებს.
გ) ლილიტი მონაწილეობას იღებს ემოციური ინფორმაციის გადახარშვასა და ანალიზში. თავად ლილიტი არც ბოროტია და არც კეთილი – ადამიანის ნებისმიერ როლს უკავშირდება. ის გაითამაშებს ნებისმიერ სცენას, რომლსი რეჟისორიც ადამიანი იქნება.
თეთრი მთვარე (სელენა) მაქსიმალურად აახლოვებს ინდივიდის პრინციპებს საზოგადოებრივთან, სამყაროსთან, დროისა და ერის პულსის აღქმას უწყობს ხელს; ხოლო შავი მთვარე (ლილიტი) – საზოგადოებრივი პროცესებისგან შორს, ინდივიდუალურ მხარეს უსვამს ხაზს. შავი მთვარის ნიშანი და სახლი არის სფეროები, რომელშიც მასისგან განსხვავებით აღიქვამს ინდივიდი.
ტრანზიტული ლილიტი სასწორში – რას ველოდოთ?
25.08.2015-21.05.2016
სანამ ლილიტი ქალწულში იმყოფებოდა, პრობლემები და სირთულეები ეკონომიასთან, დეტალებთან, მეწვრილმანეობასთან იყო დაკავშირებული. 2015 წლის 25 აგვისტოდან 2016 წლის 21 მაისამდე ლილიტი სასწორში იქნება და გავლენას მოახდენს შემდეგ სფეროებზე:
- პარტნიორობა
- სრულყოფილება
- ჩვენი სოციალური სახე
- არჩევანის გაკეთება
- სამართლიანობა
- ჰარმონია
- მოლაპარაკება
- კონტრაქტი, ოფიციალური დოკუმენტები
ლილიტი სასწორი ურთიერთობების ნებისმიერ ფორმას ეხება: ქორწინებიდან დაწყებული მსხვილი კორპორაციითა და საომარ-პოლიტიკური კავშირებით დასრულებული. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სამართლიანობის ცნება. შესაძლოა სწორედ სამართლიანობის სახელით არაერთი ბრალდება გაჟღერდეს როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ალიანსებში. განსაკუთრებით საყურადღებოა აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისი (სანამ ლილიტი პირველ გრადუსებზე იქნება).
ასევე, ლილიტი სასწორი უკავშირდება ჭორებს, ინტრიგას, სკანდალს, იმიჯს. შესაძლოა ეს უკანასკნელი ჭორებისა და სკანდალის გამო ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ამ პერიოდში ურთიერთობის ნებისმიერი ფორმა გამოცდას გადის. არამყარი ურთიერთობებისა და კავშირების დასრულება მოსალოდნელია. რამდენად მყარი ურთიერთობა გაქვთ? რეალურ მოთხოვნილებებთანაა დაკავშირებული? თქვენი ურთიერთობების ფორმა ისაა, რაც გსურთ? რას იღებთ და გასცემთ ურთიერთობებში? ახლო ურთიერთობებს მარტო დარჩენის შიშის გამო ხომ არ ინარჩუნებთ? იფიქრეთ რეალურ სურვილებსა და ურთიერთ-ობაზე.
შავი მთვარე ჰაერის სტიქიის კარდინალურ ნიშანში იქნება, რაც ურთიერთობების შეფასებაზე, გარემოსა და გარშემომყოფების ობიექტურ შეფასებაზე მოახდენს გავლენას. შესაძლოა ადამიანებმა მეტად გაამახვილონ ყურადღება სოციალურ სტატუსზე, „ჩვენ“ და „ისინი“ ჯგუფებად დაყოფაზე. ლილიტის სასწორში ყოფნის პერიოდი არცთუ სასურველია სერიოზული მოლაპარაკებების, კონტრაქტების დასადებად.
სასურველია:
- მოვერიდოთ დაბრალებებს, ხმების გავრცელებას, სხვების განსჯას, სამართლიანობის სახელით საუბარს.
- შევასრულოთ დაპირებული
- უკმაყოფილების ან გაუგებრობის შემთხვევაში, არ „შევინახოთ“ ჩვენთვის. ამის ნაცვლად ღიად, მშვიდად ვისაუბროთ.
- ჩვენი ქცევა გავაანალიზოთ სოციალური და უზენაესი კანონების შესაბამისად, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ კანონი და სამართლიანობა.
- ყურადღებით გავეცნოთ ოფიციალურ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს და ხელი შემდეგ მოვაწეროთ (განსაკუთრებით აგვისტოს დასაწყისში, სექტემბრის პირველ ნახევარში)
გახსოვდეთ, რომ შავ მთვარეს (ლილიტს) არ გააჩნია ფიზიკური სხეული და მოქმედებს მხოლოდ ჩვენს ემოციურ, მენტალურ სფეროებზე. გადაწყვეტილების მიმღები კი – ინდივიდია.
მათთვის, ვის რუკაშიც ლილიტი სასწორში მდებარეობს – ლილიტის დაბრუნების პერიოდი
ამჟამად „ლილიტის დაბრუნება“ აქვთ დაბადებულებს:
- 19.09.1953 – 14.06.1954 (მე-7 დაბრუნება)
- 26.07.1962 – 20.04.1963 (მე-6 დაბრუნება)
- 01.06.1971 – 24.02.1972 (მე-5 დაბრუნება)
- 05.04.1980 – 30.12.1980 (მე-4 დაბრუნება)
- 08.02.1989 – 04.11.1989 (მე-3 დაბრუნება)
- 15.12.1997 – 10.09.1998 (მე-2 დაბრუნება)
- 20.10.2006 – 17.07.2007 (1-ელი დაბრუნება)
როდესაც ლილიტი ზუსტად იმ მდებარეობას იკავებს, რაც თქვენს რუკაში აქვს – ასტროლოგიაში „ლილიტის დაბრუნებად“ იწოდება. ეს მოვლენა დაახლოებით ყოველ 9 წელში ერთხელ ხდება (9, 17-18, 27, 36-37, 44-45, 54, 63 და ა.შ. წლები). კარმული ასტროლოგიის მიხედვით ითვლება, რომ აღნიშნულ პერიოდში გამოცდა, გამოსყიდვა, ქვეცნობიერ დონეზე ცვლილებები ხდება, რაც დაუმუშავებელ ნაწილს ეხება – ჩვენ ვაწყდებით იმ თვისებებსა და მახასიათებლებს, რაც დასამუშავებელი გვაქვს. მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც ლილიტების შეერთებაა (±1°).
პირველი დაბრუნება (9 წლის ასაკში) შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუ ლილიტის გამოვლენა დატვირთული არაა (თუ ასპექტები ნაკლებად აქვს). ამ ასაკში მხოლოდ მშობლებს მართებთ მეტი ყურადღების გამოჩენა.
17-18 წლის ასაკში, ლილიტის მეორედ დაბრუნების პერიოდში ჯერ ისევ ადრეა ვისაუბროთ რაიმე მნიშვნელოვან სირთულეებზე. თუმცა, დამახასიათებელი იქნება ურთიერთობების გართულება, ჩვევების ცვლილება. როგორც პირველი დაბრუნების დროს, ნაკლებად დატვირთული ლილიტის გამოვლენა თითქმის შეუმჩნევლად გაივლის.
მესამე დაბრუნების დროს (26-27 წელი) გარკვეული მოვლენების შემჩნევა იწყება. ადამიანი უკვე ამჩნევს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს, სირთულეებს აწყდება ან ცხოვრებაში ან/და საკუთარ თავში კორექტივების შეტანა უხდება. ამ დაბრუნების დროს ყველაზე მეტად ცნობიერდება საკუთარი შეცდომები, ნაკლოვანებები, უარყოფითი ჩვევები. ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ ტკივილს გრძნობს, „ცხოვრების დანგრევას“ ხედავს. რა თქმა უნდა, ადვილი არაა შეცდომების, ნაკლოვანებების გამოსწორება, მაგრამ ლილიტის დაბრუნების პერიოდში ყურადღების გამოჩენა ახალი პერსპექტივების, მიმართულებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
ლილიტის გამოვლენა ეხება იმ სფეროებს (ზოდიაქოს ნიშნისა და სახლის შესაბამისს), სადაც ცოდნა ნაკლებია, ხოლო შეცდომები – მეტი. ცხოვრების პირველ ნახევარში ამ შეცდომების დაშვება შესაძლოა ვერ ავირიდოთ. 27 წლის ასაკში კი ადამიანი ახერხებს ძველი შეცდომების დანახვას, გააზრებას. სასურველია უარყოფითი გამოცდილება კი არ დავბლოკოთ, არამედ შევხედოთ როგორც ჩვენი თავის შეცნობის, გაცნობის საშუალებას. ძველი შეცდომების, ნაკლოვანებების აღმოჩენა-დამუშავების საშუალება გვეძლევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შავი მთვარე (ლილიტი) მთვარეს უკავშირდება და ინდივიდი ყველაფერს ემოციურ, ქვეცნობიერ, ჩვევით დონეზე იღებს.
შემდგომი დაბრუნებების დროს (35-36, 44-45…) ქვეცნობიერიდან ახალი ინფორმაცია ამოდის, რაც ჯერ ისევ ვერ დამუშავდა ან ვერ გავიაზრეთ წინა წლების დროს.
პირადად მე ვიზიარებ ლაურა ვოლკერის ხედვას – ლილიტის გამოვლენა მეტად ხდება ქვეცნობიერ დონეზე, ფსიქოლოგიურ მახასიათებლებსა და შიშებს ეხება. ლილიტის დაბრუნების დროს ჩვენი მთავარი შიში ან რომელ სახლსაც გადის მისი შესაბამისი შიში აქტიურდება. კრიზისები სულიერ წმენდას ეხება – ფსიქოლოგიურ-ემოციურ დონეზე „გადაწყობა“ ხდება. ისპობა ყველაფერი, რაც ახალ შესაძლებლობებს გვიბლოკავდა, რაც ხშირად არცთუ დადებითად აღიქმება. რამდენადაც ლილიტს არ გააჩნია ფიზიკური სახე (როგორც პლანეტას), მისი გამოვლენა ეხება მენტალურ და უფრო მაღალ დონეებს. შესაბამისად მისი დამუშავებაც ამ დონეეზე ხდება.
ლილიტის დაბრუნების პერიოდი ცხოვრების შესაცვლელად არცთუ სასურველი დროა. ცვლილებების, ტრანსფორმაციის პერიოდია უკეთესისკენ ან პირიქით. მისი დაბრუნება უმეტესად წინ უსწრებს მთვარის კვანძების „უკუფაზას“ (როდესაც კვანძები საპირისპირო მდებარეობას იკავებს. მაგ: აღმავალი კვანძი სასწორის ნიშანს გადის, დაღმავალი ვერძის. ხოლო თქვენს რუკაში საპირისპირო მდებარეობაა) და სატურნის დაბრუნებას.
აღნიშნული წლები ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდადაა მიჩნეული, თუმცა არა ყველასთვის. სხვადასხვა ფორუმის გადახედვისა და პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლილიტის დაბრუნების პერიოდში დადებითი ცვლილებებიც მომხდარა. მაგ: შვილის დაბადება. ასე, რომ ყველაფერი თქვენს 9 წლიან განვითარებასა და მიღწევებზეა დამოკიდებული. რატომ 9 წლიანი? ლილიტის წინა დაბრუნებიდან 9 წელი გავიდა. ამ პერიოდში რა ისწავლეთ? რა შეცვალეთ? რა დაამუშავეთ?
ზომიერება დაიცავით, უკიდურესობებში ნუ გადავარდებით, ამ პერიოდში მომხდარი ცვლილებები და თქვენს ცხოვრებაში დაბრუნებული მოვლენები/ქმედებები გაანალიზეთ. გახსოვდეთ – აუცილებელი არაა „ცუდი მოვლენები“ მოხდეს… და თუ მაინც მოხდა – ისინი კორექტირებისთვის, შეცვლისთვის გვეძლევა.
ლილიტის დაბრუნების პერიოდში უარყოფითი მოვლენები სასჯელი არაა. ის მიგვითითებს რა გვაქვს შესაცვლელი, დასამუშავებელი, რა გვიშლის ხელს სულიერ განვითარებაში. ნურც სამყაროს დაადანაშაულებთ სირთულეებისთვის, რადგან „ნუ გგონიათ სამყარო ზის და თქვენთვის პრობლემებს ქმნის. ის უბრალოდ თქვენი ფიქრების რეალიზებას ხელს უწყობს“.
როდის, სად, როგორ ვლინდება ლილიტი სასწორი:
- პარტნიორების კონტროლის სურვილი
- კომპრომისებზე ზედმეტად წასვლა ან უკომპრომისობა
- შანტაჟი
- მარტოობის შიშის გამო ურთიერთობების წამოწყება ან შენარჩუნება
- სხვების გაკრიტიკების სურვილი
- ყოყმანი, გადაუწყვეტელობა, თავდაუჯერებლობა, მანერულობა ლილიტსასწორის მახასიათებლებია
ლილიტი სასწორი უშეცდომოდ ყოფნას ცდილობს, ყველას და ყველაფერს მაღალ სტანდარტს სთხოვს, განსაკუთრებით საკუთარ თავს. იდეალურობის სურვილი ძლიერად ვლინდება. ძლიერი თვითკრიტიკულობისა და „მე“-ს დანაწევრებისკენ მიდრეკილება ვლინდება, რომლისგანაც ორ დიდ ნაწილს ქმნის – „მისაღებად“ და „მიუღებლად“.
ყველაფრის სრულყოფას ცდილობს. რა თქმა უნდა არ გამოსდის, რის გამოც იმედგაცრუებას განიცდის. საბოლოოდ კი ყველაფერი ურთიერთობებში განხეთქილებით სრულდება. ლილიტის ეს მდებარეობა დროის უკმარისობის, დაღლილობის ძლიერ განცდას იწვევს.
სიტუაციები, რომლებიც უკეთ აღწერენ ლილიტსასწორის გამოვლენას (სიტუაციები აღებულია ელენა სუშინსკაიას წიგნიდან):
სიტუაცია N1
როცა ინდივიდი, ლილიტით სასწორში, მისთვის მოსაწონ ადამიანს ხედავს, ფიქრობს რომ „გაუმართლა“. ინდივიდი პარტნიორში მხოლოდ იმ თვისებებს ხედავს, რისი დანახვაც სურს, მაგრამ არა რეალურს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ „ოინები“ გამოაშკარავდება, პარტნიორის რეალური თვისებების დანახვით ადამიანი ლილიტით სასწორში იმედგაცრუებას განიცდის.
სიტუაცია N2
ერთდროულად ორი პარტნიორი. ერთ-ერთი მხიარული, რომანტიულია, მეორე – სერიოზული, მდიდარი (ან სხვა რადიკალური მახასიათებლით მაგ: ერთი ასაკით პატარა, მეორე ასაკით ძალიან დიდი). ადამიანს ლილიტით სასწორში, ერთ-ერთი მეტად მოსწონს, ვიდრე მეორე, მაგრამ არჩევანის გაკეთებისას მაინც ყოყმანობს. ლილიტის გამოვლენა სწორედ აქ ხდება – სწორი არჩევანის გაკეთება რთულია. თუ პირველ ვარიანტს აირჩევს – მთელი ცხოვრება შეუძლია ინანოს, რომ „ხელიდან შესანიშნავად ცხოვრების შანსი“ გაუშვა. თუ მეორე ვარიანტს აირჩევს (სერიოზული, მაგრამ მისთვის არცთუ მოსაწონი) – ასევე უკმაყოფილო იქნება ქორწინებით.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა ინდივიდმა იცის როგორ მუშაობს მისი ლილიტი, ყოველი ახალი გამოცდილება სინანულთან, არასწორ არჩევანთან და ცრემლებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა ფიქრობდეს, რომ „არ უნდა შეარჩიო ის, რომელიც უკეთესი ჩანს – ყველაზე ცუდი აღმოჩნდება. სჯობს ნაკლებად მოსაწონი აირჩიო, უკეთესი იქნება“.
სიტუაცია N3
ერთი ნახვით სიყვარული, რაც სწრაფად სრულდება ქორწინებით. ძალიან მალე პარტნიორი ხელშეკრულებას და საქორწინო კონტრაქტს ითხოვს, ღიად აცხადებს, რომ მხოლოდ ბინა სურდა და არ უყვარს ლილიტ სასწორის მქონე ინდივიდი. ამ უკანასკნელს გაყრას და ქონების გაყოფას სთავაზობს. ამის შემდეგ ლილიტსასწორს ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილი პეროდულად უქრება. „მორჩა, მეტჯერ აღარ შევცდები“ და ამ დროს ლილიტი მიმზიდველ პარტნიორს „უგზავნის“…. და ყველაფერი მეორდება. რაც უფრო ახლო ურთიერთობა ყალიბდება, მეტად იმატებს პანიკა, დაკარგვის შიში. აქ პრობლემა სწრაფადგანვითარებულ ურთიერთობაშია. ლილიტ სასწორი ხშირად ჩქარობს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
სიტუაცია N4
ხშირია შემთხვევა, როცა ლილიტსასწორს მოსწონს ადამიანი, რომელიც მას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს და ეს მის მძაფრ ემოციურ განცდებს იწვევს. ზოგჯერ მეგობრის მსგავსი პირადი ურთიერთობა სურს, რადგან ხედავს ეს უკანასკნელი რა ბედნიერია და ურთიერთობა „ააწყო“. საერთოდ, სხვების ჰარმონიული ურთიერთობების ხშირად შურს, მაგრამ ავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ურთიერთობების და იმ ადამიანების საკუთარ თავზე მუშაობის ნაწილია.
ისეც ხდება, რომ მის ცხოვრებაში აქტიური თაყვანისმცემელი ჩნდება, რომელსაც ემოციურ კრიზისამდე მიჰყავს და მის ზრუნვას შევიწროვებად აღიქვამს.
სიტუაცია N5
ლილიტსასწორი ქორწინდება, ერთი შეხედვით ჰარმონიული ურთიერთობა აქვს, მაგრამ რეალურად პარტნიორითა და მისი გრძნობებით მანიპულირებს სასურველი შედეგების მისაღებად.
ნებისმიერ სიტუაციაში, ვარიანტში ლილიტს არა პარტნიორები, არამედ მისი მფლობელის (ლილიტ სასწორიანის) რეაქციები აინტერესებს პარტნიორის მიმართ. „ლილიტური“ სიტუაციები და ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, რათა ინდივიდმა დაფიქრება არ მოახერხოს.
ზემოთაღწერილ სიტუაციებში მოხვედრის შემდეგ, ინდივიდი ლილიტით სასწორში შესაძლოა ოჯახის შექმნის იდეა გადაიფიქროს და პარტნიორობის ნებისმიერ ფორმაზე თქვას უარი. ასე ავიწყდება, რომ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა – ურთიერთობებია. ამ მომენტიდან ლილიტი მუშაობას წყვეტს, რადგან მფლობელისგან ვეღარ იღებს „სამუშაო მასალას“: მძაფრ განცდებს, სწრაფად მოწონებას, ეჭვიანობას, პარტნიორზე დამოკიდებულებას. სწორედ ასეთ დროს ჩნდება რეალური პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა ინდივიდს შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება. ბოლოსდაბოლოს პარტნიორის დადებით თვისებებსა და ნაკლოვანებებს იღებს და ხვდება, რომ ურთიერთობას ასე ააწყობს.
ლილიტი სასწორის „დამუშავება“
- თვალი გაუსწორეთ სხვების გაკრიტიკების სურვილს. ბნელი მხარე ძლიერადაა დაკავშირებული ქვეცნობიერის გაკრიტიკების სურვილთან, რაც საბოლოოდ ახალი გზის, ხელახლა დაბადების სახით ვლინდება (ლილიტის ტრანზიტების დროს).
- ნურაფერს განაცალკევებთ, მიიღეთ როგორიცაა. დაინახეთ შინაგანი სრულყოფილება ნაკლიანად.
- ჭეშმარიტი ღირებულებები განსაზღვრეთ. როცა სხვებს აკრიტიკებთ და ამას გააცნობიერებთ, თქვენს თავს ჰკითხეთ იქნებ რაც მათში არ მოგწონთ, თქვენს თავშიც არ მოგწონთ? გაანალიზეთ სხვებისგან რით ანსხვავებთ საკუთარ თავს. არის კი რამე, რაც სხვებისგან უნდა განაცალკევოთ?
- როცა ვინმეს გაკრიტიკების სურვილი გაგიჩნდებათ, სიტუაციაში აღმოაჩინეთ რაღაც ღირებული, რაც გასწავლით. როცა ისწავლით ღირებულებისა და ღირსების შემჩნევას, სრულყოფილების აკვიატებული იდეა განიკურნება.
- მოერიდეთ ურთიერთობების ყველაფრის ფასად შენარჩუნებას.
- ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობა „გაკვეთილია“; ნებისმიერი პარტნიორი (სასიყვარულო, საქმიანი) თქვენი სარკეა. ამ პერიოდში შექმნილი სირთულეები კარგად გაანალიზეთ: რას გასწავლით თქვენი პარტნიორი? თქვენი დათმობა და კომპრომისი ურთიერთობაში რეალურია თუ ეგოისტური?
- რა არ გაძლევთ საშუალებას თავი კომფორტულად, ჰარმონიულად იგრძნოთ?
- კამათს მუდმივად არიდებთ თავს? კომპრომისზე მიდიხართ, თმობთ კამათის შიშით?
- ლილიტი სასწორში არჩევანის გაკეთების სირთულეს უკავშირდება. ეცადეთ არჩევანი დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც გააკეთოთ.
- ისეთი სიტუაცია შეუქმენით თავს, რომელშიც პარტნიორის გარეშე იქნებით და თავად, დამოუკიდებლად გაუმკლავდით სიტუაციას.
- პარტნიორი მუდმივად არ აკონტროლოთ. მიანიჭეთ მას და თქვენს თავსაც თავისუფლება.
- არ მოუწყოთ პარტნიორს შანტაჟი-შეთავაზებები (შეიცვალე და მეც შევიცვლები..გააკეთე და მეც გავაკეთებ…). თუ რაიმეს სურვილი გაქვთ – თავად შეასრულეთ. არ იპროვოკატოროთ და არ აიძულოთ პარტნიორი იგივე გააკეთოს თუ თავად ამის სურვილი არ აქვს.
- სანამ პარტნიორს დაადანაშაულებთ, მანამდე მის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი და სიტუაციას მისი თვალით შეხედეთ.
- არ გადააჭარბოთ თქვენს უფლებებს, წყნარად მიიღეთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა ყველა დაპირება, უფლება არ შესრულდეს. ქაღალდი ვერაფერს შეცვლის თუ ადამიანს შინაგანად არ მიაჩნია კანონიერად.
- გაითვალისწინეთ, როდესაც რაიმეს სწორად და სამართლიანად თვლით, შესაძლოა სხვები არ იზიარებდნენ.
ტრანზიტული ლილიტის ასპექტები პლანეტებთან