ლომი და თხის რქა

ლომი და თხის რქა

_ თუ ინდიელებმა გაიმარჯვეს, ისინი ტამტამებს დაჰკრავენ  _

ეს მათი გამარჯვების ნიშანია.

სატურნი თხის რქის მმართველია. თხის რქის ნიშანი კი, როგორც სადღაც გაკვრით აღვნიშნე ამ წიგნში, ებრაელი ხალხის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც ასე მდიდარია მონოტონური ტრადიციებით. ამის წყალობით, თხის რქა, რომელიც საკუთარ თავში  ებრაულ არსს მოიცავს, შოტლანდიელი იქნება თუ ირლანდიელი, უდიდეს პატივს სცემს განათლებისა და სწავლების ყველა ფორმას. მათი აბსოლუტური უმეტესობა დაბადებით სტუნდენტია. თხის რქების დამოკიდებულება დიპლომების, აკადემიური ხარისხების და განათლების დამადასტურებელი სხვა სერთიფიკატების მიმართ მოწიწებას უახლოვდება. ისინი პატივს სცემენ ოჯახურ ურთიერთობებსაც… და ფულს! დიახ, ფული თხის რქებისთვის, კუროებისა და კირჩხიბებისთვისაც, თითქმის წმინდა ხატია. თხის რქას ფული ადამიანური ტანჯვისგან ერთადერთ დაზღვევად მიაჩნია, დაგროვებითი ანაბარი  კი მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.

თხის რქებისთვის დამახასიათებელია მკაფიოდ გამოხატული სნობიზმი, საკუთარი წარმომავლობის, საზოგადოებრივი რეპუტაციის, კლასობრივ  სტატუსსა თუ სხვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათ რიგებში ისეთებიც მოიძებნებიან, ვინც ებრაელ ხალხზე გავრცელებულ ცრურწმენებს იზიარებს. მართალია, ბევრნი არ არიან, მაგრამ თუ თქვენ მათ იცნობთ, გთხოვთ, შეახსენოთ, რომ მათი მზის ნიშანი რჩეული ხალხის სიმბოლოა, კარგი? ააფარეთ სახეზე მტკიცე კარმული ფაქტები. მათთვის სასარგებლო იქნება იმის გაცნობიერება, რომ საკადრისი პატივი უნდა მიაგონ ღირსეულ ხალხს. ნებისმიერი თხის რქა ამაყი უნდა იყოს, რომ ასტროლოგიურად დაკავშირებულია იმ ხალხის ხასიათსა და გამბედაობასთან, რომელიც მოსემ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა;  რომ ის იმ ხალხის მილიონობით მამაცი სულის მემკვიდრეობის ზიარია, რომელიც  ნაცისტური სასაკლაოს  დროს საშინელი სისასტიკით გაწყვიტეს. მე ნამდვილად არაერთი მიზეზი მექნებოდა საამაყოდ, თხის რქის ნიშნით რომ დავბადებულიყავი და ზუსტად ასევე ვიამაყებდი ებრაული წარმომავლობით…

მშვიდად, ლომებო. ახლა გალიის გაღებას და თქვენს გამოშვებას ვაპირებ. ხედავთ? როგორც კი სიტყვა „სიამაყე“ გაიჟღერებს, ლომი ბრდღვინვას იწყებს. მაგრამ, მოდით, სათანადო პატივი მივაგოთ ლომებს: ისინი ზუსტად ასევე მძვინვარებენ სისასტიკისა და უსამართლობის ხსენების დროსაც. კეთილშობილი ლომები  გაშმაგებული ღრიალებენ, როდესაც ვინმე იჩაგრება; ყოველთვის მზად არიან, სუსტები დაიცვან; უმწეოებს მედგრად გადაეფარონ  და ადამიანთა დატყვევებული სულები გაანთავისუფლონ. თუმცა ჯერ მოიცადეთ, ლომებო. ახლა თხის რქის მოტივები უნდა ავხსნა. ასე რომ, მალე თქვენ, თხის რქებთან ერთად, უკეთ გაუგებთ ერთმანეთს, რასაც მიზნად ისახავს კიდეც ეს თავი. ამას გარდა, სატურნული მოთმინების ბრძნულ გაკვეთილსაც  ჩაგიტარებთ.

რადგან თხის რქის მანტრა ჟღერს, როგორც „მე ვიყენებ“, რბილად რომ ვთქვათ, ეგოიზმი მათთვის უცხო ხილი არ არის, რასაც თვითონ  თავდაცვას უწოდებენ. თუმცა ლომებიც თავდაცვად ასაღებენ საკუთარ აუტანელ ქედმაღლობას. გაინტერესებთ, ვისგან იცავენ თავს ეს ნიშნები?.. მდაბიო ადამიანებისგან.

მზის ნიშნების ამ შეთავსებაზე 8-6 ტიპის ფორმულის ვიბრაცია ვრცელდება. ლომი თხის რქისთვის VIII ასტროლოგიური სახლის მკვიდრია. თხის რქა ლომისთვის VI  სახლის თემებს ააქტიურებს. ეს ძალიან საინტერესო შეთავსებას ქმნის და თუ ლომი ზოგიერთ მტკივნეულ დაკვირვებას მშვიდად მოუსმენს, მე ავუხსნი.

ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლი იმ ფაქტს, რომ ლომის მზიური ბუნების ენთუზიაზმი და სითბო ვერ განთავისუფლდება სატურნის შემზღუდველი გავლენისგან. ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ „დიდი კატების“ მხრიდან საკუთარი დიადი მიღწევების ამაყი დემონსტრირება თხის რქას  ეამება. ლომი ვერაფრით დადგება  თხის რქაზე მაღლა. თხის რქა წინ უსწრებს მას ასტროლოგიურ კარმულ ბორბალზე. დიახ, ლომი უდავოდ ბრძენია. და მაინც, თხის რქა მასზე  ბრძენია. ლომი მუდმივი ჯვრის ნიშანია და შესაბამისად, საკმაოდ ჯიუტია, თუმცა მიწიერი თხის რქა უფრო ჯიუტია. მაგრამ მთავარი თემა აქ ძალაუფლებაა. თხის რქა ხომ კარდინალური ნიშანია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ის ლომზე ძალაუფლებისმოყვარეც არის, თუმცა მასზე ნაკლებად დემონსტრაციული და დაჟინებული. ლომი კარგი ორგანიზატორია, მაგრამ თხის რქა აქაც სჯობნის…

არა, არ მოიწყინოთ, ფისოებო. მე მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის მძიმე მოსასმენია, მაგრამ ხომ გახსოვთ, მე ვთქვი, რომ ეს ძალიან საინტერესო შეთავსებაა  და აი, რა მქონდა მხედველობაში: მიუხედავად იმისა, რომ თხის რქა უფრო ბრძენი, უფრო ჯიუტი, უფრო პრაქტიკული და უფრო ძალაუფლებისმოყვარეა, ის ლომისთვის  VI ასტროლოგიური სახლის მკვიდრია, რაც ნებისმიერ ახლო  ურთიერთობაში გულისხმობს „მსახურებას“.  შესაბამისად, ვარსკვლავებმა ასე დაადგინეს, რომ თხის რქამ რაიმე „სამსახური“ უნდა გაუწიოს  ლომს, რომელთანაც პირადად  არის დაკავშირებული. აი, ასე! ახლა მოგეშვათ? ეს მშობლებისა და შვილის ურთიერთობას ჰგავს: დედა-მამა ბავშვზე ბრძენია, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან, ემსახურონ ახალშობილს. ახლა ცხადად ვხედავ, როგორი შეურაცხყოფილი სახით კითხულობენ ამას ლომები. ალბათ, იმიტომ რომ ცუდი ალეგორიაა?.. და ნებისმიერი ასაკის თხის რქა  რომ კეთილ, მაგრამ მკაცრ ბებიად ან ბაბუად წარმოიდგინოთ, რომლებიც  გემსახურებიან და სასარგებლო რჩევებს გაძლევენ, რადგან სამყაროს მწვერვალიდან დანახვის შესაძლებლობა აქვთ, იქნებ ასე უფრო გაგიადვილდეთ ამის მიღება?

ლომი და თხის რქა ცხოველ ცნობისმყვარეობას ავლენენ ერთმანეთის მიმართ. „დიდი კატები“ სრულიად ატყვევებენ თხას, რომელსაც სურს გაიგოს, რისი წყალობით არიან ლომები ასეთები. მართალია, თხის რქები არ გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით, მაგრამ ლომი მათთვის თავსატეხი გამოცანაა, რომლის ამოხსნაც მთელი გულით სწადით, მაგრამ იმდენდაც არა, რომ ღამეები თეთრად ათენონ და ძილი მოიკლონ. თავის მხრივ, ლომიც გრძნობს, რომ თხის რქა გონივრულ და კარგად მოფიქრებულ რჩევებს აძლევს, რომელსაც ყური უნდა უგდოს. თუმცა ყოველთვის არა, მხოლოდ ხანდახან.

თხის რქა გაოცებული აკვირდება ლომის ექსტრავანგატულობას, სიტყვებსა თუ ჩაცმის სტილს. გულის სიღრმეში შეიძლება ჩუმად ნატრობდეს კიდეც ლომის თავხედობის მცირე ნაწილს მაინც.  მას გულს უჩუყებს ლომის უკიდეგანო ენთუზიაზმი, აინტრიგებს მისი ხელგაშლილობა და შეიძლება ოდნავ შურს კიდეც მისი გამბედაობის, როდესაც ლომი შეუძლებელზე ოცნებობს და შემდეგ მეფური სიამაყით უბრძანებს ოცნებებს, ახდნენ! როგორ შეიძლება მონარქის ბრძანებას არ დაემორჩილო?! თუ ლომს მეტად ფრთხილი მთვარე ან ასცედენტი არ ჰყავს, ის არასდროს ეცემა სულით შავი დღეებისას, არც გაბანკროტებისა და სიღატაკის შიში წამლავს, როგორც წინდახედულ თხის რქას, რომელიც ყოველთვის ხვალინდელ დღეზე ნერვიულობს.

ლომი და თხის რქა იმდენად განსხვავდებიან ვარცხნილობებსა და ჩაცმულობაში, მოთმინებასა და  ყაირათიანობაში, მეტყველებასა და მანერებში, თვით ტირში სროლაშიც (როდესაც თხის რქა ფრთხილად უმიზნებს, ლომი კი იმპულსურად ისვრის), ხანდახან გეგონებათ, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროდან არიან.

მათ პირად პლანეტებს შორის ოპოზიციური ან კვარატული ასპექტები მნიშვნელოვნად დაამძიმებენ სიტუაციას. ეს აუცილებლად წარმოშობს დაძაბულობას და გაზრდის გაუგებრობას. ლომი შეიძლება ჩუმად თვლიდეს, რომ თხის რქა ცივი, ეგოისტური, უგრძნობი და ჩლუნგია. თხის რქა კი მას მფლაგველის, უდარდელის, ეგოცენტრულისა და ამპარტავნის იარლიყებს მიაწებებს. დაძაბული ასპექტები მათ აიძულებთ ერთმანეთის მხოლოდ უარყოფით მხარეებზე გაამახვილონ ყურადღება.

თუ მათი პირადი პლანეტები ჰარმონიულ ასპექტებში აღმოჩნდნენ, თხის რქა მეწყვილეს მტკიცე გონებრივ და ემოციურ საძირკველს  შესთავაზებს, რომელზეც ლომი, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხანგრძლივ კოცონს გააჩაღებს. უფრო რეალისტური ენით რომ ვილაპარაკოთ, თხის რქა გაცილებით მეტს მიიღებდა, ლომის ურყევი რწმენის იმიტირებით; ისევე როგორც ლომი მოიგებდა, თუ წვიმიან დღეებში თხის რქის მიჯაჭვულობას შეაფარებდა თავს.

თუ მათ ქიშპობა დაიწყეს, მსუბუქი შეჯიბრიც კი მალე გადაიზრდება ღია ან ფარულ მტრობაში. მაგრამ თუ ისინი თავიანთ უნარებს გააერთიანებენ, მათ შორის მყარი ურთიერთობა ჩამოყალიბდება, თხის რქის ჩუმი მოლოდინის ნოყიერ ნიადაგში ნალოლიავები და ლომის  მზიური სასიცოცხლო ძალებით გამთბარი. როდესაც ლომი და თხის რქა პატივს სცემენ ერთმანეთს, ისინი რიგ-რიგობით ცდილობენ, მოთმინება გამოიჩინონ და მეტად ლოალურები იყვნენ ერთმანეთის, თითქოს, შეურიგებელი განსხვავებების მიმართ.

ლომი თხის რქისთვის VIII ასტროლოგიური სახლის მკვიდრია, ეს სახლი კი სექსუალური საიდუმლოს, სიკვდილის, დაბადების, რეინკარნაციის, რეგენერაციისა და „სხვისი ფულის“ სახლია. ასე რომ, მათი კავშირი  ხშირად უჩვეულო ფორმებს იღებს.

თხის რქა გაცილებით ღრმად აღწევს ჭეშმარიტებაში, როდესაც ცხოვრებას  ლომის ძლიერი ბინოკლიდან უყურებს. ლომისთვის ჭეშმარიტება მაშინ უფრო ცხადი გახდება, როდესაც სამყაროს თხის რქის მშვიდი თვალებით შეხედავს. ჭეშმარიტების მოულოდნელი აღმოჩენა, სხვისი აღქმის მეშვეობით, რომელიც სრულიად განსხვავდება თქვენი ინდივიდუალური აღქმისგან, ყოველთვის მოგცემთ  სიახლის დანახვისა და შემეცნების საშუალებას, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ამ ადამიანის უკეთ გაგებასა და მიღებაში. ლომს სასოწარკვეთილად სჭირდება სატურნის მკაცრი გაკვეთილების, მოთმინებისა  და მორჩილების, ათვისება. თხის რქაც არანაკლებ საჭიროებს მზის თბილ სხივებს, რომელიც ეულ სატურნულ სულს გაუნათებდა.

 

 

 

ლომი მამაკაცი და თხის რქა ქალი

Barack & Michelle Obama

ის სავსე იყო სიცოცხლით და არც თვითკმაყოფილებას უჩიოდა:

_არავითარი სასწაული არ ვარ… მაგრამ, ცხადია, საოცრება ვარ.

მართალია, ვენდიც  ასე ფიქრობდა, ის ბედნიერი იყო,

რომ მათი არავის ესმოდა, რადგან მის რეპუტაციაზე ზრუნავდა.

 

 

ლომი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ თვითონ ყველაზე პრაქტიკული ადამიანია მათ შორის, ვისაც იცნობს. როდესაც ლომი სარკეში იყურება მის თვალწინ სრულიად მკაფიოდ ირეკლება ძლიერი, ცივსისხლიანი  და მამაცი გმირის სახება. შემდეგ მას თხის რქა ქალი უყვარდება და მოულოდნელად გრძნობს, რომ საშინლად გამოიყურება და უხეშად, ტლანქად, შეიძლება ოდნავ სასაცილოდაც მოძრაობს. ლომისთვის ეს ყველაფერი ფრიად უსიამოვნო აღმოჩენაა. ბუნებრივია, ის არ შეიმჩნევს, რომ, თხის რქის თანდასწრებით, თავს უხერხულად გრძნობს. ლომი რამეზე აღელდეს? ის ღიმილიანი ბლეფით გააგრძელებს სიმშვიდის შენარჩუნებას და გულგრილი გამომეტყველებით  შეეცდება, სიტუაცია  კონტროლის ქვეშ აიყვანოს. და მაინც, მისი შინაგანი დისკომფორტი მკვეთრად იზრდება, როდესაც  თხის რქის ტონში დამრიგებლურ ნოტებს იჭერს.  ან იქნებ ეჩვენება?

თუმცა ლომში არის საიმედოობა და სიმყუდროვე, რომელიც ჩვეულებრივ ფრთხილ თხის რქას უფრო მიმნდობს ხდის. მისი ჩაკეტილობა სადღაც ქრება და ის თავდაჯერებულად გამოთქვამს საკუთარ აზრებსა და შეხედულებებს. თხის რქის გახსნილობამ  წესით გული უნდა აუჩუყოს ლომს, რადგან ეს ამ მორცხვი გოგონას „საგარანტიო ტალონია“, რომელიც ლომს მის გულს ჰპირდება. ლომს გული უჩუყდება? არა. დიახ, ის ყოველთვის გულჩვილია, მაგრამ ახლა ზედმეტად  გართულია საკუთარი მამაკაცური „ეგოს“ მოთხოვნებით.

ლომი კეთილგანწყობილი სახით, ზომიერი ინტერესითა და მოთმინებით უსმენს მას.  ამ შესაძლებლობას ის თხის რქის  შესასწავლად  და მისი დატყვევების სტრატეგიის შესამუშავებლად იყენებს. ლომი  ზარმაცად ითვლის გონებაში, რამდენ ხანში დაითანხმებს ამ არისტოკრატულ ქალს საკუთარ მკლავებში მოდუნებაზე, და მაშინ…  ერთი წუთით მოიცადეთ! თხის რქა მოულოდნელად ჩუმდება, რომ შეამოწმოს, უსმენს თუ არა ლომი. მაშინ, იმის დასამტკიცებლად, რომ  ერთი სიტყვაც არ გამოუტოვებია, ლომი ნაზად შეუსწორებს რამდენიმე გამოთქმას და რბილად მიუთითებს შეცდომებზე. მზრუნველი კავალერი შეიძლება ეშხში შევიდეს და ენად გაიკრიფოს, როგორი ვარცხნილობა უფრო მოუხდება და როგორი სვიტერები უნდა ჩაიცვას, რომ უკეთესად გამოიყურებოდეს. რადგან ეს საოცრად მშვიდი ქალი  ერთხელაც არ შეაწყვეტინებს, შთაგონებული ლომი გატაცებით გადავა სამომავლო პერსპექტივების გაცნობაზე: როგორ შეძლებს თხის რქა აზროვნების, გარეგნობისა და ჯანმრთელების გაუმჯობესებასაც კი, თუ ლომს საკუთარი ცხოვრების ხელმძღვანელობის საშუალებას მისცემს.

რაღაც ისე ვერ არის. თხის რქა ზედმეტად მშვიდია. აქამდე ლომი ფიქრობდა, რომ მის ნათელ და მშვენიერ თვალებში დახვეწილი იუმორის გრძნობა ირეკლებოდა… მაგრამ ახლა მას ეჩვენება, რომ ორი ფოლადის ტყვია პირდაპირ მას უმიზნებს. თხის რქის დაჟინებული მზერა ისეთივე ცივია, როგორც მისი ხმა, როდესაც მოულოდნელად წარმოთქვამს: „უკვე გვიანია. ხვალ ადრე უნდა ავდგე. მომავალ კვირას შევხვდეთ… ვნახოთ“.

აი, ზუსტად ის მომენტი, როდესაც ლომში უხერხულობისა და მოუქნელობის შეგრძნება იღვიძებს. ის თავს უარყოფილად და დამცირებულად გრძნობს. საქმე ის არის, რომ თხის რქის რეაქციები სატურნის  კონტროლქვეშ იმყოფება. მასში იმდენად განვითარებულია თვითგადარჩენის ინსტინქტი და საღი აზროვნება, რომ თხის რქა ცდილობს იქამდე გაეცალოს კონფლიქტს, სანამ სიყვარული სერიოზულ ჭრილობას მიიღებს ან მოკვდება. თხის რქა პაუზას იღებს მოსაფიქრებლად და ეს იმაზე დიდი სიყვარულის მაჩვენებელია, ვიდრე ლომი ხვდება. ლომს რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ეფიქრა, იქნებ მისი ჩუმი გზავნილიც გაეშიფრა: „მოდი, ცოტა ხნით ერთმანეთისგან მოშორებით ვიფიქროთ. მე არ მინდა შენი გადაყვარება, მაგრამ  შეიძლება ასეც მოხდეს, თუ შენ ასე დაჟინებით მიბიძგებ. მე თითქმის მეშინია, ისევ გენდო. გთხოვ, დაფიქრდი, რას აკეთებ. მე არ მინდა იმ მარტოხელა ცხოვრებას დავუბრუნდე, რომლითაც შენთან შეხვედრამდე ვცხოვრობდი. შეიძლება ჩემგან შორს გატარებულმა ერთმა კვირამ დაგაფიქროს, რა გააკეთე და როგორ მაწყენინე“.

ეჰ, ლომს რომ მის ფანჯარაში შეეჭყიტა, როდესაც თხის რქა მარტო წავიდა, მის გალღობილ თვალებში გაბრწყინებულ ცრემლებს დაინახვდა. ის მთელი ძალით ცდილობს არ იტიროს, რომ ყველაზე სანუკვარი გრძნობები არ გასცეს და როგორც წესი, მას ეს გამოსდის. თუმცა ყოველთვის არა. ლომს რომ იმ საღამოს ენახა, ის იხილავდა, როგორ ტიროდა თხის რქა ქალი მთელი რამდენიმე წუთით. ეს ერთადერთი საშუალებაა ლომისთვის ამ მშვიდი არსების ჭეშმარიტი სახე იხილოს _ ნახოს მაშინ, როდესაც თხის რქას ჰგონია, რომ მარტოა და ვერავინ ხედავს, რა ცუდადაა. მაგრამ ლომი ვერ ხედავს… პატარაობაშიც კი, თხის რქა  ბავშვობის უსახელო შიშებს ღრმად ინახავს და ზრდასრულობის საოცარ მაგალითს აჩვენებს. „რა არაჩვეულებრივი ბავშვია!“_ამბობენ უფროსები და მოწონების ნიშნად თავს აქნევენ. სატურნი ბავშვობიდან ასწავლის თხის რქებს ხალხში მოქცევის წესებს. მათ კი არასდროს ავიწყდებათ გაკვეთილები. თხის რქა გაუცნობიერებლად გრძნობს, რომ თუ რამეს დააშავებს, იმ მიზეზით, რომ ემოციებს თავისუფლება მისცა, მას გაუბრაზდებიან. შესაბამისად, მისი თვითკონტროლის უნარი, წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება და მტკიცდება. მოგვიანებით ეს ხშირად ხდება სხვების განაწყენების და საბრალო თხის რქის მარტოობის საბაბი და ის დაბნეული აანალიზებს, სად დაუშვა შეცდომა.

თუმცა ამ კონკრეტულ მაგალითში, ის მარტო არ არის. ლომიც ასევე წვალობს და ტვინს იჭყლეტს, რა შეეშალა. თუ ის მომხდარს ყურადღებით გააანალიზებს, მიხვდება რამდენად ტიპური შეცდომები დაუშვა თხის რქა გოგონასთან. ჯერ ერთი, ლომმა უსაფუძვლოდ იმედოვნა, რომ თხის რქას მხოლოდ თავისი არსებობით დააბრმავებდა; მეორეც, მან არ გამოიჩინა პატივისცემა თხის რქის საფუძვლიანი და ღრმად გაანალიზებული იდეების მიმართ; და კიდევ, იმის იმედიც ჰქონდა, რომ თხის რქა უნდა აღფთოვანებულიყო, როდესაც ლომმა მისგან საკუთარი ქალის იდეალის გამოძერწვა განიზრახა, თითქოს  თვინიერი თიხა ყოფილიყო.

ეს ქალი თიხა არ არის, რომელიც მხოლოდ იმას ელოდება, როდის გამოაქანდაკებს გენიალური ლომი მისგან საკუთარ ოცნებებს. ის მიწისა და ქვისგან არის გამოთლილი. დინამიტმა შეიძლება მცირედ შეცვალოს მისი აზრები და ჩვევები, მაგრამ შიშველი ხელებით მასთან ნამდვილად ვერაფერს გახდებით. თავისთავად  გასაგებია, რომ თავდაჯერებული ლომის დაუფიქრებლად ქედმაღალი ლექციები ნამდვილად ვერაფერს შეცვლის, როგორც არ უნდა იზიდავდეს  ლომი მას სხვა ასპექტებში. ის სულაც არ აპირებს თავისი გარდერობის, ვარცხნილობის და მით უმეტეს შეხედულებების შეცვლას არც ერთი კაცის გულისთვის!  თვით ამ გულზვიადი მონარქის გამოც, რომლის ღიმილზეც თხის რქა მუხლებში სისუსტეს გრძნობს და რომელიც აიძულებს, მოიწყინოს, როდესაც თვითონ მოწყენილია და გაიღიმოს, როცა თვითონ უხარია. შეიძლება ლომმა შეძლოს მისი თანდათანობით შეცვლა, მხოლოდ ძალიან აკურატული და რბილი ზემოქმედებით. მაგრამ მედიდური ბრძანებებით რამის მიღწევაზე არც იოცნებოს. თხის რქა გოგონა არაფერს აკეთებს დაუყოვნებლივ და ბრძანება, სიყვარულით დაკავებისაც კი, მასში მხოლოდ სიჯიუტეს აღვიძებს და მის ფოლადის ნებას კიდევ უფრო განამტკიცებს.

თუმცა ლომის მზიური სული და თავდაჯერება იმაზე ხშირად ამჩატებს თხის რქას, ვიდრე ლომს წარმოუდგენია და იმაზე მეტად აქარწყლებს სატურნის დარდს და შთააგონებს მას, ვიდრე თავად თხის რქას ჰგონია. თხის რქა  ყურადღებით უსმენს ლომის ხატოვან არაკებს, გრანდიოზულ მიზნებსა და სამომავლო მიღწევებზე. ის ყოველთვის სიმპათიებით არის განწყობილი კეთილშობილი ამბიციების მიმართ და თქმაც არ უნდა, რომ მხარს დაუჭერს ლომის ნებისმიერ წამოწყებას. ასე რომ, რაც უფრო დიადი იქნება ლომის გეგმები, მით უფრო თავდადებულად ამოუდგება მხარში თხის რქა. თუმცა ლომი იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ მისი კეთილგონიერი რჩეული წარბშეუხრელად მიუთითებს გეგმის ყველა სუსტ რგოლსა და მოსალოდნელ რისკზე. ლომს ვურჩევ, მადლიერი იყოს მისი რჩევების და ყური უგდოს მის ინსტინქტურ სიბრძნეს. თხის რქას საოცარი უნარი აქვს, ოცნებებს ხორცი შეასხას და  რეალობად აქციოს.

თავის მხრივ, თხის რქამ უფრო ხშირად უნდა დაუჯეროს მამაც რჩეულს, როდესაც ეს უკანასკნელი მეტი სითამამის გამოვლენას ურჩევს. არის ისეთი სიხარული, რაც მხოლოდ თავისუფალი სულების ხვედრია, ვინც ბულბულის გალობას მისდევს და ესმის, რომ  რისკიანი ნაბიჯებით ცხოვრება უფრო პოეტური ხდება. ლომმა დაბადებიდან იცის, რომ ბედნიერების სამეფო ვერ შემოგთავაზებს დაზღვევის პოლისს შემთხვევითი იმედგაცრუებებისა და გაჭირვებისგან. ის მეფეა და ნამდვილად შეუძლია თხის რქასაც ასწავლოს სამეფო ცნობიერების თავისებურებები, მაგრამ ამისთვის ჯერ დეპრესიის  მიწისქვეშეთიდან  მზის შუქზე უნდა გამოიყვანოს, მხოლოდ  ნაზად და ძალდაუტანებლად.

თხის რქაზე შეყვარებულ ლომს კარგად უნდა ახსოვდეს იგავ-არაკი კურდღელსა და კუზე, იმ შემთხვევაშიც, თუ დასასრული ძალიან აღიზიანებს. ლომს საკმარისი ჯადოსნური ძალა და ჭკუა აქვს, რომ კუს სტილი აითვისოს, თუ ნამდვილად სურს რბოლის მოგება.  თუმცა გადასწრების მცდელობა ვერ შეაჩერებს თხის რქის ნელ და გააზრებულ ნაბიჯებს. სატურნი  დროის მმართველია და დრო თხის რქის საუკეთესო მეგობარია.     ლომს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ დროსთვის ჯერ არავის გაუსწრია!

თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თვეში ერთხელ მაინც დღის წესრიგში ფულის განხილვის თემა დადგება. ჯობია სიყვარულის საათი დადგან. ნეტავ, რატომ კამათობენ? ლომს ხომ საერთოდ არ ეხება, როგორ აგროვებს თავის ფულს თხის რქა, თხის რქას კი საერთოდ არ ეხება, როგორ ხარჯავს თავის ფულს ლომი. ორივესთვის მარტივი გამოსავალი ფინანსური რესურსების გაყოფაა. თხის რქა ქალი თითქმის ყოველთვის თავად გამოიმუშავებს ფულს და ლომი სრული ეგოისტი იქნება, ეს რომ გააპროტესტოს.

როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, თხის რქას უნდა დარჩეს  ფულის „მუთაქაში შენახვის“ უფლება. ლომმა რომ იცოდეს, როგორ სიამოვნებას ანიჭებს მას დანაზოგის გადათვლა, ნამდვილად აღარ დატანჯავდა ლექციებით მის სიძუნწეზე. ზუსტად ასევე, თხის რქამ ლომსაც უნდა დაუტოვოს  დოლარის ბანკნოტებისგან ფრანის გაკეთების, მოწყალების გაღების, საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების ძვირფასი საჩუქრებით განებივრების, ფულის ოცნებებზე დანიავების უფლება. თხის რქამ რომ იცოდეს, რამხელა სიამოვნებას იღებს ლომი ამისგან, არც ის დატანჯავდა რჩეულს  უკმაყოფილო მზერებით. ეს ერთადერთი გზაა. განა საცოდაობა არ იქნება, სიყვარული ფულის გამო დაიღუპოს? ეს ხომ მხოლოდ პრეზიდენტების გამოსახულებიანი ქაღალდებია. ფული მირაჟია, ილუზია. რეალური მხოლოდ სიყვარულია. ერთი სიტყვით, ფული, შეძლებისდაგვარად, თანაბრად უნდა გაიყონ, შემდეგ სამუდამოდ დაივიწყონ და აღარასდროს განიხილონ.

რადგან ისინი ასე განსხვავდებიან ხასიათებით, მათი ფიზიკური ურთიერთობა დამოკიდებულია პირადი პლანეტების კონფიგურაციებზე. თუ ასპექტები ნეგატიურია, ლომი იგრძნობს, რომ თხის რქა სათანადოდ არ პასუხობს მისი უზარმაზარი გულის სინაზესა და სენტიმენტალიზმს. თხის რქა კი უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადასცემს თავის სიყვარულს, როდესაც ლომი მის ტანჯვას დაიწყებს, საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნების გამო.

დედამიწის ზურგზე ძალიან მცირე რაოდენობის თხის რქა ქალი მოიპოვება, რომელთა სექსუალური ზნე ზოგიერთმა ოჯახურმა გარემოებამ დაამახინჯა, რაც ყოველთვის სასტიკ  ფსიქოლოგიურ  ტრავმაში გადაიზრდება. ასეთი უგრძნობი თხის რქა გოგონა სექსს ისევე უღიმღამოდ აღიქვამს, როგორც ხელის ჩამორთმევას ან კბილების გამოხეხვას. ასეთ დამოკიდებულებას სატურნის ნეგატიურ გავლენას უნდა უმადლოდეს, რომელიც თანაბრად ამკაცრებს მის სინდისსაც და ემოციებსაც. ის უბრალოდ ეროტიულ ხასიათის მექანიკურ მოძრაობებს ახორციელებს, რითაც სერიოზულად უცრუებს იმედებს პარტნიორებს, მაგრამ ეს არაფერია იმ სიცივესა და სიცარიელესთან შედარებით, რასაც თვითონ განიცდის. ის ქვეცნობიერად  იყენებს სექსს ანგარებიანი მიზნებით, რამის მისაღებად. მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ამ ტიპის თხის რქამ ამაყი ლომის ყურადღება დაიმსახუროს.

საბედნიეროდ, თხის რქა ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა რომანტიულად მორცხვი და სექსუალურად მიმნდობია, რაც ძლიერ აძგერებს ლომი-დამპყრობლის გულს. თუ მათ პლანეტებს, განსაკუთრებით მთვარეებს შორის, დადებითი ასპექტებია, მათი სექსუალური ურთიერთობა ჯადოსნური იქნება.

თხის რქამ საფულით (ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე ხშირად იხედება) უნდა ატაროს პატარა ბარათი, სიტყვებით: „ნუ თრგუნავ  მის ენთუზიაზმს  ზედმეტი პესიმიზმითა და სიფრთხილით  და არასდროს შეურაცხყო მისი ღირსება და სიამაყე ცივი კრიტიკით“.

ლომმა მანქანის ან რომელიმე სარკეზე უნდა გაიკრას პატარა ბარათი სიტყვებით: „მის ოჯახს პატივისცემით მოეპყარი. შენი ნოტაციები შენთვის შეინახე და მის მიმართ უფრო ნაზი იყავი. შეიგნე, რომ მისი კონსერვატიზმი სიღატაკისა და მარტოობის შინაგანი შიშით არის განპირობებული. არ დაგავიწყდეს: გულწრფელი შექება და მაღალი შეფასება მასაც ისევე სჭირდება, როგორც შენ. და ყოველთვის გახსოვდეს ის მხოლოდ თვალთმაქცობს, რომ ქათინაურები  და ჩახუტება არ უყვარს“.

თუმცა რომ დავფიქრდეთ, ლომს დიდი აბრა დასჭირდება, ოქროს ჩარჩოთი _  საკმარისად წონადი, რომ მის თვალს და გულს ახარებდეს და საკმაოდ ძველებური, რომ თხის რქა გააბედნიეროს. თხის რქა კარგად გრძნობს თავს ცნობილი ოსტატების მიერ დამზადებულ ძველებური ნივთების გარემოცვაში. დიახ, ეს მინიშნებაა საჩუქარზე, მათი გაცნობის თარიღის აღსანიშნავად. თხის რქამ შეიძლება არასდროს აღიაროს, მაგრამ მას ყოველთვის ეხსომება ეს თარიღი, რადგან ის  მის დღიურშია ჩაწერილი, რომელსაც ლეიბის ქვეშ ინახავს პირველ სასიყვარულო წერილებთან ერთად.  ლომს კი ჰგონია, რომ გადაყარა, მაგრამ  ის რომ თხის რქას  უკეთესად  იცნობდეს, ეცოდინებოდა,  ეს ქალი არასდროს ყრის იმას, რაც მისთვის ნამდვილად ძვირფასია.

 

 

 

ლომი ქალი და თხის რქა მამაკაცი

Iman & David Bowie

 

 

ჰო, ისიც უნდა დავამატოთ,

რომ  ყოველთვის საოცრად თავაზიანი იყო,

თავის მსხვერპლთანაც კი,

რომელსაც წუთში საიქიოში გაისტუმრებდა.

 

 

როდესაც თხის რქა მამაკაცი და ლომი ქალი ერთად აღმოჩნდებიან, ეს ყოველთვის მცირედ შოკისმომგვრელია _ იდუმალი სურპრიზი უცხო ადამიანებისთვის და მათი ნათესავებისთვისაც. რამდენი საერთო ფაქტორიც არ უნდა აერთიანებდეთ, რწმენა, ნაციონალობა თუ სოციალური მდგომარეობა, ისინი მაინც ძალიან განსხვავდებიან.

მნიშვნელობა არ აქვს თხის რქა ნაგავსაყრელის მფლობელია თუ ნავთობის ტანკერების, მეორადი ავტომობილების თუ ფეხსაცმელების მაღაზიის, საჯარო მოხელეა თუ კინომაგნატი. ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ლომი კოსმეტიკური საწარმოს შეფია თუ პატარა ჰოსტელის დირექტორი, მოდელთა სახლის ხელმძღვანელია თუ ქოქოსის წვენს ყიდის  წყნარი ოკეანის სანაპიროზე, გარშემომყოფები გაკვირვებული იჩურჩულებენ. მზის ამ ნიშნებს ჭორებზე ყურადღების გამახვილება სიმდაბლედ  მიაჩნიათ.  მიუხედავად ამისა, ხალხი მკითხაობას  აგრძელებს.

როგორ გაიტაცა ეს კონსერვატული მამაკაცი ამ ექსტრავაგანტულმა და იმპულსურმა ქალმა? ის ხომ ისეთი თეატრალურია საუბარში, ქცევებსა და მანერებში; მედიდურად ითხოვს  ბრძანებების დაუყოვნებლივ აღსრულებას და სრულიად გულწრფელად ელის, რომ მის წინაშე მუხლს მოიყრიან  და ქედს მოუხრიან. იმავდროულად, ძუ ლომი კატეგორიულ უარს აცხადებს ასეთივე  მოკრძალება გამოხატოს მამაკაცის წინაშე.

მეორეს მხრივ, რა უნდა ეპოვა  გულთბილ და სულგრძელ ქალბატონს ამ  ჩუმ და მოსაწყენ მამაკაცში? ის ხომ წელიწადში ერთხელ ამბობს ქათინაურს, საშინლად არ უყვარს წვეულებები (პატივსაცემი მიზეზის გარეშე), ცერად უყურებს ფუფუნებას (თუ მას პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს) და უკიდურესად თავშეკავებულია  გრძნობებსა და ემოციებში.

კარგი კითხვებია, რომელსაც ასტროლოგია გასცემს პასუხს. ლომსა და თხის რქას  იმაზე მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე ასტროლოგიურად გაუწაფავი თვალი ამჩნევს. გვერწმუნეთ, მათ საერთოც ძალიან ბევრი აქვთ.

განვიხილოთ  თხის რქის ხასიათი და მოთხოვნები. თხის რქას სურს ქორწინებით სოციალურ საფეხურზე ამაღლდეს (და არა პირიქით!) . ის ეთაყვანება დიდებასა და წარმატებას, მთრთოლვარე კრძალვასაც კი განიცდის „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ წინაშე. ის უზარმაზარ სიამოვნებას იღებს ძვირფასეულობის ფლობით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს უძრავი ქონება იქნება, უსულო საგნები თუ ქალები. მთავარია, ხალხი მისით აღფრთოვანდეს. იმავდროულად, თხის რქა მამაკაცი, როგორ გაბრაზებულმაც არ უნდა უარყოს,  გულისამაჩუყებლად ნატრობს ისეთ  ქალს, ვისაც მის დარდიან გულში მზის სხივების შეტანა და მისი ემოციური ჰორიზონტების გაფართოება შეუძლია.

ახლა განვიხილოთ ლომი ქალის ხასიათი და მოთხოვნები. იმისათვის, რომ მან ბრწყინვალე აურით იკაშკაშოს, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, გვერდით მშრომელი და წარმატებული მამაკაციც სჭირდება. ის შეიძლება ეფლირტაოს მაწანწალას, მაგრამ  ასეთ კაცთან ლომი არასდროს დარჩება. ის გულისამაჩუყებლად მიილტვის ისეთი მამაკაცებისკენ, ვინც მშვიდად და მოთმინებით მოეკიდება მის მედიდურებასა და თეატრალურ მანერებს. ის ეძებს კაცს, რომელიც   არასდროს დაამცირებს ან შეარცხვენს ხალხში  ზრდილობისა და კარგი ტონის უკმარისობით. მას სჭირდება კაცი, რომელიც საკმარის ფულს გამოიმუშავებს იმისთვის, რომ ფუფუნებით უზრუნველყოს და რომელიც, ამ ყველაფერთან ერთად, სრულ თავისუფლებასაც მიანიჭებს.

თხის რქა მამაკაცს სავსებით შეუძლია მსოფლიო აღიარებას და მტკიცე ფინანსურ მდგომარეობას მიაღწიოს, რაც ნებისმიერ ლომ ქალს უზომოდ ხიბლავს. მისი მშვიდი პატივმოყვარეობა და უმაღლესი მწვერვალის დაპყრობის ჯიუტი სურვილი ნამდვილად იმსახურებს სამეფო წახალისებას. დედოფალი დიდად დაუფასებს რჩეულს იმასაც, რომ მისი ცივი თავი მშვენივრად  შეესაბამება ლომის არისტოკრატულ მანერებს. თხის რქა შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულოთ, მაგრამ ის არასდროს ზარმაცობს, რაც ლომს  პერიოდული სიზარმაცის ფუფუნებას აძლევს. იცით, ლომებისთვის უბრალოდ აუცილებელია ბევრი დასვენება, რომ მშვენივრად გამოიყურებოდნენ. სატურნის თავშეკავებული, ღირსეული თავდაჭერის უნარიც სასიამოვნოდ ეხმაურება სამეფო გემოვნებას… და, რა თქმა უნდა, უზომოდ მომხიბვლელი თხის რქული სიმორცხვე ლომს პირდაპირ გულს უჩუყებს. მისი უსაზღვრო მოთმინება კი მშვენიერი ბალანსია ლომის ცეცხლოვანი ტემპერამენტისთვის.

რაც შეეხება ლომს, ის შედარებით ადრე აღწევს პრესტიჟსა და სტატუსს, საზოგადოებრივ ყურადღებასა და  აღიარებას. მაგალითად, ის შეიძლება გამოსაშვები მეჯლისის დედოფალი ყოფილიყო ან სულაც პატარა ქალაქის სახანძრო რაზმის ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი, ცნობილი მსახიობი ან გამოჩენილი მეცნიერი. ნებისმიერ შემთხვევაში, მისით ყოველთვის აღფრთოვანებულნი არიან და  შურთ, თანასწორებსაც და ქვეშევრდომებსაც  (მის ზემოთ საერთოდ არავინ არის!). მას საკმარისზე მეტი მზიური სინათლე აქვს და სიამოვნებით უნათებს გზას მოღუშულ კონსერვატორებს შორეული ჰორიზონტებისკენ.

აქამდე ყველაფერი შესანიშნავად არის. თუმცა თუ მათი მთვარეები დისჰარმონიულ ასპექტებში იმყოფებიან, შეთავსებისთვის მედგრად ბრძოლა მოუწევთ. თხის რქა ლომს ამპარტავნებაში, თვითკმაყოფილებაში, ეგოცენტრიზმსა  და ახირებულობაში დაადანაშაულებს. არც ლომი ჩამორჩება ბრალდებებში და მძვინვარედ მიუთითებს მის თვისებრივ სიცივეზე, სიმკაცრეზე, სიძუნწესა და ეგოიზმზე. (ჰო, ეგოიზმიც საერთო თვისება აქვთ). თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მნათობები ჰარმონიულ ასპექტებშია, სირთულეებს თავიდან მაინც ვერ აიცილებენ. როგორც უკვე გითხარით, ლომს ისეთი მამაკაცი სჭირდება, ვინც მას სრულ თავისუფლებას მიანიჭებს და ეს მოგვიანებით უამრავი კონფლიქტის მიზეზი გახდება.

ეს ქალბატონი ისეთი მგრძნობიარე და გრაციოზულია, დახვეწილი და დიდებული, მზიური და ამაყი, მხიარული და სიცოცხლით სავსე… მისთვის დროდადრო უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია  წვეულებებსა და სადღესასწაულო ვახშმებზე დასწრება, სადაც თავის გვირგვინის ტარებას და ქვეშევრდომებთან გასაუბრებას  შეძლებდა. მას სრული თავისუფლების შინაგანი მოთხოვნა აქვს. მაგალითად,  მოულოდნელად გადაწყვეტს ნათლობაზე, კორონაციაზე, აუქციონზე ან ცხენების გამოფენაზე მარტო წასვლას; ან სულაც, ყოველგვარი თანმხლები პირების და ნებართვის  გარეშე, თხილამურებზე სასრიალოდ  გაემგზავრება. ის ასევე დრამატულად მოითხოვს (ან ჩუმად ოცნებობს), რომ  არავინ გადაეღობოს  დიდების გზაზე  და ხელი არ შეუშალონ შემოქმედებით საქმიანობასა თუ საინტერესო კარიერაში. ლომი ქალების უმეტესობა ქორწინებაში საკუთარ გვარს იტოვებს, თუმცა ამის გამო არაერთი სულიერი ტრავმის გადატანა უწევთ, კერძოდ, რომელი ინიციალები უნდა იყოს ამოტვიფრული აბრეშუმის თეთრეულზე, აბაზანის მოოქროვილ ონკანებზე და ა.შ. მესაკუთრე თხის რქას  ეს ძალიან არ მოეწონება. მეტიც, მას კატეგორიულად არ უყვარს ღია შეჯიბრი, ფარულზე აღარაფერს ვამბობ (ასეთებს ის უბრალოდ არ ენდობა). არც მცირე მასშტაბის სკანდალია გამორიცხული, როდესაც თხის რქა დაიჟინებს, რომ ყოველთვის უნდა იცოდეს, სად იმყოფება და რას აკეთებს მისი ცოლი. თხის რქა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ლომი ისეთს არაფერს ჩაიდენს, რაც მათ ოჯახს ჩირქს მოსცხებდა.

აქ ერთადერთი გამოსავალი კომპრომისია. თუ თხის რქას სურს სახლში ბედნიერება და ჰარმონია შეინარჩუნოს, გარკვეული თავისუფლება უნდა მიანიჭოს ლომს და აღიაროს მისი ღირსება და სიამაყე. დამიჯერეთ, მას ერთიც და მეორეც საკმარისზე მეტი აქვს, რომ არც საკუთარი თავი და არც მეუღლე ღალატით არ შეურაცხყოს. თუ ლომს ტანსაცმლის დიზაინის გაკვეთილებზე დასწრება სურს კვირაში რამდენიმე საღამო, თხის რქამ კეთილგანწყობილი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს და არა ნაძალადევი თანხმობა. თუ ლომს მარტო სურს მეგობრის მონახულება ან კინოში წასვლა, არაფერი მოხდება, თუ თხის რქა ამ საღამოს თავის მეგობრებთან გაატარებს (მხოლოდ მამაკაც მეგობრებთან!).

ლომიც უნდა შეეცადოს კომპრომისზე წასვლას და ეს დახვეწილად უნდა გააკეთოს. განა ასე არ უმკლავდებიან სამეფო დიდებულები სირთულეებს? მაგალითად, თუ სახლიდან მთელი დღით გადის, კარგი იქნება ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს, რითაც თავის პატივისცემას დაუდასტურებდა. ის კი გულწრფელად კეთილშობილი ქალია და სიხარულისგან გიჟდება, როდესაც ვინმეს აბედნიერებს. თუ ლომი მიხვდება, როგორ ახარებს თხის რქას ასეთი ელემენტალური მზრუნველობით, ის უფრო ტაქტიანად მოიქცევა და ბრძნულ რჩევებსც უფრო ხშირად დაეკითხება.

თხის რქა ნაზი საყვარელია, თუმცა მისი ვნებები გაცილებით მძლავრად ბობოქრობს, ვიდრე ამას აჩვენებს. თხის რქა მამაკაცის ემოციებისა და სექსუალობის ჭეშმარიტ სიღრმეს მხოლოდ ის ქალი ხედავს, ვინც მას ახლოს იცნობს. ურთიერთობის პირველი რამდენიმე წელი ლომი შეიძლება მეტად გატაცებული იყოს ფიზიკური სიყვარულის გამოხატვით. მისი სექსულური ქცევები რამდენადმე ზერელე და ეგოისტური იქნება. საბედნიეროდ, თხის რქა მომთმენია და მზადაა ელოდოს, როდის გაიხსნება მისი ქალური პატივმოყვარეობის მიღმა დამალული სიმდიდრე. ოჰ, ეს თხის რქის მშვიდი მოლოდინი და მრავლისმთქმელი დუმილი. ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად შეეხება ლომის გულს. სასიყვარულო აქტისგან ველური აღტაცება ლომის ბუნების ნაწილია. სატურნიელი მამრი კი ისეთ მამაკაცურ თვისებებს ფლობს, რომელსაც ლომის ვნებების  უკიდურესობამდე გამძაფრება შეუძლია. ამის გასაღები თხის რქის თვალსაჩინოა სურვილია, სრულად დაეუფლოს ამ საოცარ ქალს, რადგან ლომი თხის რქისთვის  VIII ასტროლოგიური სახლის (სექსისა და საიდუმლოებების) ბინადარია. ძუ ლომს კი, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის დიდად აღაგზნებს იმაზე ფიქრი, რომ მისით აღტაცებულნი და მოხიბლულნი არიან. თუ მათ სინასტრიულ რუკაში დაძაბული ასპექტებია, შეიძლება დიდი დრო დასჭირდეთ ერთმანეთზე მოსარგებად. საუკეთესო გამოსავალი სატურნული მოთმინება (თხის რქის ნიჭი) და მზიურად ნათელი მომავლის რწმენაა (ლომის ნიჭი).

ლომის კეთილშობილი მანერები აღაფრთოვანებს თხის რქას. მისი დიდსულოვნად მიტევების უნარი და გულუხვობა მარტივად აქარწყლებს ამ მუდამ სერიოზული მამაკაცის მელანქოლიას. თხის რქას სჭირდება მისი სითბო და სიმამაცე, ისევე როგორც ლომს სჭირდება მისი ძალა და წინდახედულება. ჰო, ისინი განსხვავდებიან, მაგრამ როდესაც ადამიანები ძალიან გვანან ერთმანეთს, შეიძლება ერთად მოიწყინონ. დამეთანხმეთ, რომ ერთმანეთისგან სწავლა და ერთად განვითარება ყველაზე საინტერესო თავგადასავალია წყვილის ცხოვრებაში. ათასგვარი სურნელით სავსე ჯუნგლები შეიძლება მეტად მაცდური ნიადაგი გახდეს თხის რქისთვის, რომელიც მიჩვეულია ერთფეროვენ კლდეებს. თუმცა თხის რქის მშობლიური მწვერვალებიც გამომწვევად უხმობენ  ცნობისმოყვარე ძუ ლომს არაჩვეულებრივი ხედების მოლოდინში.

დიახ, ასეთი მიმზიდველია შეუცნობელის ძახილი.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top