ლომი და ლომი

ლომი და ლომი

_რა მაგარია! შემომხედე, მე დავფრინავ!

_მეც!

ლომის ნიშნის წარმომადგენლებს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, შეუძლიათ დაარსონ ურთიერთაღტაცების საზოგადოება. საწევრო გადასახადი? თაყვანისცემა, ცხადია. „დიდი კატებისთვის“ ის ფულზე გაცილებით მნიშნველოვანია.

ბუნებრივია, ყველა ზოდიაქოთი იბადებიან ნიშნის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური წარმომადგენლები. მაგრამ მე არასდროს მინახავს ლომი, რომელსაც ყველას და ყველაფრის საკუთარი თავის გარშემო დატრიალება არ შეუძლია. ლომის ნიშნის ვიბრაცია, რომელსაც მზე მართავს, თითქმის ხილულია, რასაც აუცილებლად იგრძნობთ, თუ თქვენს გარშემო ძუ ან ხვადი ლომი იმყოფება. ამ საოცარ სითბოში მინაზებული, თქვენ სასიამოვნოდ დუნდებით, თითქოს მზის ქვეშ წევხართ ქვიშის პლაჟზე. მართლა არასდროს დაკვირვებიხართ, როგორ ეხვევით  ნაცნობი ლომების სითბოში, მაშინაც კი, როდესაც ისინი აუტანელი მონარქებივით უკმაყოფილოდ გკიცხავენ ან ბრძანებებს გაძლევენ? რთულია წინ აღუდგეთ თბილი, მოსიყვარულე, ნაზი და ცელქი ფისოების შარმს; ისევე როგორც რთულია არ მოიხიბლოთ თბილი, მოსიყვარულე, გრაციოზული და პრანჭია ლომების ქარიზმით.

თითქმის ყველა ლომი ჯადოსნურ მიზიდულობას განიცდის კატების მიმართ. ჩემს ნაცნობ ლომებს შორის, მათი ერთერთი ყველაზე ბრძენი და ღირსეული წარმომადგენელი ხშირად წარმოთქვამს  ჩაფიქრებული: „კატები საუკეთესო ქმნილებები არიან დედამიწაზე“. ჩემი ნახევრად ველური კატებიც  სიამოვნებით კრუტუნებენ მისი გამოჩენისას და საოცარი მორჩილებით რთავენ ბრჭყალების დაჭრის ნებას. ვგონებ, ყველა კატა ინსტინქტურად ენდობა ერთმანეთს, იმის მიუხედავად ჯუნგლებში შეხვდნენ, ნაგავსაყრელზე თუ  „ასტროლოგიურ ზოოპარკში“.

ლომები ერთმანეთს საიმედო დაცვას,ერთგულებასა და თავდადებას  სთავაზობენ. მათ საკმარისზე მეტი თვისებები აქვთ მტკიცე მეგობრობისთვის. მეგობრობა, რომელიც ფართოდ სცდება ამ სიტყვის ტრადიციული გაგების ჩარჩოებს, „დიდი კატების“  ბუნებრივი თვისებაა. მათი სიმბოლური ნათესავები ზუსტად ასახავენ ლომის ერთგულებას, თვითკმარობასა და არისტოკრატულად ცივ ღირსებას. ადამიან და ცხოველ კატებსაც შეუძლიათ არაერთი მსხვერპლი გაიღონ და მძიმე გამოცდები ჩააბარონ მეგობრობის, სიყვარულისა და წმინდა რწმენის სახელით. სწორედ ასეთი თავდადება აქარწყლებს იმ მცდარ მოსაზრებას, რომ ლომებს აღმატებულობის სნობური კომპლექსები აწუხებთ და ყველას დათრგუნვა სწადიათ. ცნობილია, რომ კატებს დიდი რისკის გაწევა, უამრავი შეზღუდვის გადატანა და ათასობით მილის გადალახვა შეუძლიათ მათთან დასაბრუნებლად, ვინც ნამდვილად უყვართ და ვისაც დააშორეს. „დიდი კატებიც“  არანაკლები თავგანწირვითა და დაჟინებულობით გამოირჩევიან, როდესაც საქმე მათ საყვარელ ადამიანებს ეხება. რამდენადმე გამაღიზიანებელი ოფიციალურობისა და დისტანციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, კატები მართლაც  საოცარი არსებები არიან. ნებისმიერი კატა. ჩემი თუ არ გჯერათ,პირდაპირ მათ ჰკითხეთ.

სიმართლე რომ გითხრათ, ლომები სხვა, არც ისე აღსაფრთოვანებელი თვისებებითაც არიან დაჯილდოებულნი. როგორი ძლიერი და გაბედულებიც შეუძლიათ იყვნენ რთულ მომენტებში, ასეთივე აუტანლად ქედმაღლები და ცრუ სიამაყით დაბრმავებულები არიან ხშირად. ლომი იშვიათად არის თავმდაბლობითა და თავდაჭერილობით დამძიმებული. მისი სითბო და ამაღლებული დიდსულოვნება მყისვე ყინულოვან უგულვებელყოფაში გადაიზრდება, როდესაც, მონარქის აზრით, გლეხი მისი სამეფო ღირსებისთვის შეუსაბამოდ ექცევა. ასეთ შემთხვევებში მისი უდიდებულესობა მძვინვარე ღრენას იწყებს, რაც გამაფრთხილებელი სიგნალია ყველასთვის, ვინც მის პატივსა და ღირსებას თავხედური ხელყოფით ემუქრება.

ორი ლომი, რომელმაც ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა, სხვა ნიშნებზე ხშირად იღრიალებს, გაიბუტება და იჩხუბებს (ვერძებს თუ არ ჩავთვლით). ასე აისახება მათ ურთიერთობაზე მუდმივი  ფარული თუ ღია ბრძოლა პირველობისთვის. ისინი თანახმა არიან სასიამოვნო მეგობრობაზე. იმავდროულად, სრულად აცნობიერებენ ერთმანეთის განუზომელ პატივმოყვარეობასა და სიამაყეს. თუმცა ვერაფრის დიდებით იტყვიან უარს  აუდიტორიის სიმპატიების მოპოვებაზე. პირისპირ განმარტოებული ლომები კიდევ მოახერხებენ თანაბარ უფლებებზე შეთანხმებას, მაგრამ საკმარისია მათ ურთიერთობაში მესამე (მეოთხე ან მეხუთე) პერსონაჟიც გამოჩნდეს  და მყისვე გაჩაღდება ბრძოლა გამარჯვებისთვის _ პოტენციური მაყურებლის ყურადღებისთვის, რომელმაც საბოლოოდ ვარსკვლავად მხოლოდ ერთი ლომი უნდა აღიაროს, „დამარცხებული“ კი მეორეხარისხოვან  როლს  დასჯერდეს. უკლებლივ ყველა ლომს სურს თაყვანისმცემლები ქვემოდან ზემოთ შესცქეროდნენ, რაც თვითონ ვერაფრით გამოსდით. ქედის მოხრა მათი დანიშნულება არ არის, ეს სხვებმა უნდა მიაგონ ლომებს  პატივი!

როგორც ერთმანეთის პირისპირ, ისე მათი საყვარელი მაყურებლების წინაშეც, ლომები ყველაფერს სამეფო დიდებულებით აკეთებენ. თუ ლომმა შტატის გუბერნატორობა გადაწყვიტა, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაზე დიდ შტატს აირჩევს; ის აუცილებლად ძვირფასს და მსხვილ საჩუქარს გაჩუქებთ; უპირატესობას დიდ ავტომობილს ანიჭებს და  მხოლოდ  საუკეთესო რესტორნებში ვახშმობს. ლომები ყოველთვის დიდებაზე ოცნებობენ  და „ისიც“  კი, დანამდვილებით, ჩვეულებრივ მოკვდავებზე დიდი აქვთ. თუ  ლომს პატარა ფოლცვაგენის საჭესთან ხედავთ, შეგიძლიათ თამამად დაასკვნათ, რომ მან თავის „ნაპოლეონის კომპლექსს“ აჯობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც, აბა, სცადეთ და მის მანქანაზე გაიხუმრეთ, მყისვე ნახტომისთვის მზადმყოფი მტაცებლის მზერას წააწყდებით.

ლომებთან დამოკიდებულებაში ერთ უცნაურ და საინტერესო თავისებურებას შეამჩნევთ: როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ მათი მედიდურება, ისინი, როგორც წესი, იმსახურებენ იმ პატივისცემასა და აღტაცებას, რომელსაც ითხოვენ.

ლომები უზომოდ პატივმოყვარეები არიან და ეს ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეთ, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობას იწყებენ. ისინი ვერ აარიდებენ თავს ყველაზე ბრდღვიალა ვარკვლავის სტატუსისთვის ბრძოლას. ორივეს ძალიან უყვარს სიტყვა „ჩემის“ გამოყენება, ადამიანებსა და ნივთებთან მიმართებაში. თუ ლომებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს, სამეფო ტახტი ვერ გაიყვეს და სიტყვა „ჩემი“  სიტყვა „ჩვენით“ არ ჩაანაცვლეს, მალე სასწრაფო დახმარება დასჭირდებათ. ამ კუთვნილებით ნაცვალსახელებს აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ და სწორედ ეს განსხვავება  ხდება მათი საერთო წარმატებისა თუ ჩაფლავების გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც ორი ლომი საქმიან, მეგობრულ თუ სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს.

ნაპოლეონ ბონაპარტე ყველაზე ტიპური ლომი იყო, ვინც კი ოდესმე მსოფლიოს პოლიტიკური ჯუნგლების არენაზე გამოჩენილა. დაბადებით მონარქი ყველაფრისა, რაზეც თვალი მიუწვდებოდა. როგორც ბევრ ლომს ახასიათებს, მანაც  გარშემო მლიქვნელები შემოიკრიბა, რომლებიც ყოველთვის ყველაფერზე კვერს უკრავდნენ, რაც კიდევ უფრო ზრდის ლომის პატივმოყვარეობას. თავდაჯერების ირაციონალური წახალისება ლომს შეუმცდარობის ცრუ განცდას უყალიბებს. სწორედ განუზომელმა სიამაყემ და პატივმოყვარეობამ მიიყვანა ნაპოლეონი გარდაუვალ ვატერლოუმდე. მან გადამეტებულად შეაფასა საკუთარი ძალები,რისკენაც  ძლიერი მიდრეკილება აქვს ყველა ლომს.

ეჭვი არ არის, რომ ლომების უმეტესობა აღემატება  გარშემომყოფებს თავისი ნიჭიერებითა თუ პიროვნული თვისებებით. ისინი ჭკვიანები და რომანტიულად ქარიზმატულები, კეთილები და ხელგაშლილები, საიმედო და ღირსეულები, ერთგული და მიმზიდველები არიან, თავი ყოველთვის გრაციოზულად უჭირავთ და მოხდენილად დადიან. მაგრამ თქვენ უთუოდ გაგიჩნდებათ დაუოკებელი სურვილი, რბილი პანჩური უთავაზოთ სამეფო კუდუსუნზე, როდესაც ლომი თავის საყვარელ სიმღერას იწყებს: „მონარქი  არასდროს ცდება!“   ლომმა თავი მცდარად აღიაროს?  აბა, გაბედეთ!  წარმატებას გისურვებთ. შეცდომის აღიარებას თავმდაბლობა და მოკრძალება სჭირდება, ეს თვისებები კი ლომს, რბილად რომ ვთქვათ, მწვავე დეფიციტში აქვს.

მიზეზი, რის გამოც ეს ორი მშვიდობიან თანაცხოვრებას ახერხებს, სინამდვილეში მარტივია. სამეფო წარმომადგენლები  საკუთარი წრის ხალხში უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე მდაბიოებთან (დანარჩენ მზის ნიშნებთან). მათ იციან, როგორ გამოკვებონ ერთმანეთი  ქათინაურების ყოველდღიური მსუყე ულუფით; თანაც სრული გულწრფელობით. ღია მლიქვნელობას ლომებისთვის ყალბ ძვიფასეულობაზე მეტი ფასი არ აქვს. თუ მატერიალური მდგომარეობა ხელს უწყობს, ისინი სიამოვნებით ანებივრებენ ერთმანეთს ბრილიანტებით (და არა უგემოვნო შუშებით), ბესტსელერების პირველი გამოცემებით (და არა იაფფასიანი ქაღალდის გარეკნებით). ზუსტად ასევე, ერთი ლომი არასდროს შეურაცხყოფს მეორეს მლიქვნელობით _ ჭეშმარიტი პატივისცემის შემცვლელით.

მათი საერთო ერთგულება და თავდადება ძალიან ღრმა და ძლიერია. ლომი შექმნილია გამოწვევების მისაღებად. ისინი ყველგან და ყველასგან სათანადო ხარისხის შესაბამისობას მოითხოვონ. სამეფო მიღებებზე, როგორც ყველა ჭეშმარიტი მონარქი, ორი ლომიც თანდაყოლილ  შინაგან პროტოკოლს ავლენს ერთმანეთთან ურთიერთობაში. ისინი შეუცდომლად გრძნობენ, რამდენად შორს შეიძლება შეტოპონ, რომ არ დაარღვიონ სამეფო ეტიკეტის საზღვრები. მაგრამ თუ კონტროლი დაკარგეს და შემთხვევით ამ უხილავ ზღვარს დააბიჯეს, თითოეული მათგანი წამსვე მონახავს ვინმე მესამეს, განტევების ვაცის როლის მისანიჭებლად. თქვენ  რა, არ იცოდით,რომ მონარქები თავად ომს არასდროს  იწყებენ? ყველაფერში დამნაშავე ეს უმართავი ბრბოები არიან! (მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, თანამშრომლები).

აღმატებისთვის შერკინებას ლოგიკურად მოსდევს, შელახული სიამაყით გამოწვეული, ორმხრივი ღრმა ჭრილობები. ლომები ხანდახან  მრისხანედ უღრენენ  ერთმანეთს და  მძვინვარედ იბრძვიან სამეფოს მართვის უფლებისთვის, რაც ორივეს თანაბრად ეკუთვნის. თუმცა  ლომის ყოველ სიტყვასა და ქცევაში მისი ნიშნის ბუნებრივი მზიური სითბო და კეთილგანწყობა იკითხება. ჩვენი სისტემის ცენტრალური მნათობის გავლენა  მინიმუმ იმის მოთხოვნას მაინც აღვიძებს, რომ მისი პირმშოები ყოველთვის დიდსულოვნად და გულმოწყალედ მოიქცნენ, თუნდაც ასეთები არ იყვნენ.

თუ მათი  მთვარის ნიშნები საკმარისად შეთავსებადია, ეს ორი უკიდურესად ამაყი ადამიანი შეძლებს ჰარმონიის მიღწევას ურთიერთობაში, რამდენი მავრთულხლართიც არ უნდა დაუგონ ერთმანეთს. ლომის ნიშანი გულს მართავს, სადაც ყოველთვის შეიძლება დაისადგუროს სამეფო ბედნიერებამ.

 

 

 

ლომი მამაკაცი და ლომი ქალი

Antonio Banderas & Melanie Griffith

_ჯორჯ, _ ევედრებოდა ის _ ხმადაბლა! მოსამსახურეები გაიგონებენ.

სახლში მხოლოდ ერთი შინამოსამსახურე,მინიატურული ლიზა იყო,

თუმცა ისინი მაინც პომპეზურად უწოდებდნენ „მოსამსახურეებს“.

_ გაიგონონ! თუ გინდა მთელი ქვეყანა შემიყარე!

მაგრამ მე ვეღარ დავუშვებ, რომ ამ ძაღლმა საბავშვო ოთახში იბატონოს!

 

საოჯახო მეურნეობა ნამდვილად არ არის ის სარბიელი, სადაც ლომ ქალს გაბრწყინება სურს. შვაბრები და მტვრიანი ჩვრები სულაც არ უხდება ტიარასა და კორონაციის ცერემონიალს. არ დაგავიწყდეთ,რომ ლომის ნიშანში ჩადებულია თავად მონარქიის არსი. ბუნებრივია, არც დაუსრულებელი სარეცხი და გაზქურასთან ტრიალი ერწყმის ჰარმონიულად იმ ასტროლოგიურ წესს, რომ ყველა ლომი თავისუფალი იბადება. ლომები ინსტინქტურად გრძნობენ ამას და ამიტომ, მათი უმეტესობა უმთავრეს ცხოვრებისეულ პრიორიტეტად  კარიერას ირჩევს. რადგან სიტყვა სტატისტიკაზე ჩამოვარდა, დავამატებ, რომ ფემინისტურ ორგანიზაციებში ლომი ქალები  აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან (სულ ოდნავ ჩამორჩებიან ვერძები). ეს ყველაფერი კარგი და მშვენიერი, მე არაფერი მაქვს საწინააღდეგო ლომი ქალების, რომელთაც  მთელი ამ კომერციული ჯუნგლების მტაცებლებთან შებრძოლება გადაუწყვეტიათ. რატომ უნდა ვესროლო ქვა, როდესაც მე თვითონ ვიკეთებ კარიერას და აქტიურად გამოვხატავ უკმაყოფილებას  ქალთა შინაპატიმრობის  წინააღდეგ? ვის ეხალისება მთელი დღე სამზარეულოში დგომა და იმის ცქერა, როგორ იზრდება ფანჯრის რაფაზე შემომდგარ კონსერვის ქილაში იონჯა? ბოლოს და ბოლოს, რა გამოწვევა, რა წინააღმდეგობა უნდა აღმოაჩინოს  ლომმა ამაში?

არა, მე არ ვარ წინააღმდეგი და არც ვკიცხავ. უბრალოდ  თავს უფლებას ვაძლევ, ლომები პოტენციური საფრთხეებისთვის შევამზადო. კარიერა , რა თქმა უნდა, მშვენიერი არჩევანია, თუ ლომ ქალს თავისივე ნიშნის მამაკაცი არ შეუყვარდა. აი, მაშინ შეიძლება წარმოიქმნას დაბრკოლებები.

ძუ ლომი, წარმოდგენაც რომ არ ჰქონდეს მამაკაცის დაბადების თარიღზე, მაშინვე იცნობს ხვად ლომს, ხშირი და მოვლილი ფაფრით. ეს მამაკაცი მისი გულადი დამცველი გახდება. ის ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ უნიკალობაში და ვინც ასე არ ფიქრობს, ისინიც მალე აღიარებენ მის აღმატებულებას! ეს მათთვისაც უკეთესია და ლომი ქალისთვისაც. ამ მამაკაცს საოცრად თბილი ღიმილი და ქათქათა კბილები აქვს. მისი მოდუნებული პოზა  ველურ ზნესა და ძლიერ ნებას მალავს. ის ნამდვილად გულუხვი და თბილი ადამიანია. იმავდროულად, საშინლად ამაყია და უკიდურესად მგრძნობიარედ რეაგირებს წყენაზე.

ახლა კვლავ კარიერას დავუბრუნდეთ. თუ პირველი შეხვედრისთანავე აღმოჩნდა, რომ ქალი უფრო მეტს გამოიმუშავებს, ლომი მამაკაცი ამაზე გულიანად გაიცინებს, აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში მისი შემოსავლები არათუ დაეწევა, გადაუსწრებს კიდეც ქალის სარჩოს. მშვენიერ, გრაციოზულ, მგრძნობიარე და მაცდურ ძუ ლომზე რომანტიულად შეყვარებული ხვადი არ დაუშვებს, რომ ისეთმა წვრილმანმა, როგორიც ფულია, რჩეულის გულის დაპყრობაში ხელი შეუშალოს. არავითარ შემთხვევაში!

სიყვარულის საკმევლის ოდნავ საგრძნობი სურნელიც კი მყისვე  ტრანსში აგდებს ნამდვილ ლომ მამაკაცს. ლომის ნიშნის „მამაკაცის პროვოკაცია“ კი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს წვრილმანი, ანუ ფული, შეიძლება ძლიერი რყევების საფუძველიც გახდეს, როდესაც გიჟური ვნების ალი ჩაქრება და ეიფორია ინტიმური სინაზის მყუდრო  კუთხედ გადაიქცევა (ხანდახან ისევ აალდება, მაგრამ სიყვარულისა და ვნების კოცონი თანაბარზომიერად მხოლოდ მაშინ გიზგიზებს, როდესაც აკურატულად ამატებთ შეშას). ფული წვრილმანად დარჩება, თუ მამაკაცი  მართლა თავბრუდამხვევ კარიერას გაიკეთებს და მისი შემოსავალი რჩეულის შემოსავლებს საგრძნობლად გადააჭარბებს. თუ ეს ასე არ მოხდა,ფული სწრაფად გახდება ჯერ მნიშვნელოვანი, შემდეგ  გრანდიოზული პრობლემა. ბოლოს კი იმ ურჩხულად  გადაიქცევა,რომელიც მართლა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მათ სიყვარულს.

პირდაპირ ვიტყვი: თუ ძუს მეტი ფული (ან ნებისმიერ სხვა რამ) აქვს, მართლა გმირული მსხვერპლის გაღება გახდება საჭირო, რომ ურთიერთობა გადაარჩინონ. ხვდებით ვისი მხრიდან? აბსოლუტურად სწორია _ ქალის. თქვენ ხომ გაინტერესებთ ასტროლოგია, არა? მაშინ ყურადღებით მისმინეთ: ლომ ქალს ნებისმიერი ნიშნის მამაკაცის კონტროლი შეუძლია, მაგრამ ამ წყვილში დომინანტი ხვადია. ასე ხდება ბუნებაში, მასთან ბრძოლას კი აზრი არ აქვს. და სულაც არ არის აუცილებელი ტყუილზე წასვლა. ნებისმიერ ტყუილს, როგორი მოსაწონი განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს, არ შეუძლია ორი ლომის ურთიერთობის გადარჩენა. ის მხოლოდ მოკლავს მათ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას.

გმირული მსხვერპლი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი, იმაში მდგომარეობს, რომ ლომმა ქალმა მათი საერთო ბედნიერება ყველაფერზე წინ უნდა დააყენოს. მან დახმარება უნდა სთხოვოს საქმესთან ან კარიერასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაარწმუნოს, რომ ვერასდროს შეძლებდა ასეთი წარმატების მიღწევას, მისი ხელმძღვანელობის გარეშე (რაც სინამდვილეშიც არც ისე შორს არის სიმართლისგან). ასე რომ, უპრიანი იქნება, თუ გამომუშავებულ ფულს თანაბრად გაყოფს. მათ ურთიერთობაში ყველაფერი ამ ეგიდით უნდა წარიმართოს, სამსახურის მიტოვებაც კი, თუ ქალის კარიერა მათ საერთო ბედნიერებას  ხელს უშლის. თუ ქალს მართლა უყვარს ეს მამაკაცი, ჯობია მის საიმედო, თბილ და დიდ ხელს ჩაჭიდებული, პარკში ისეირნოს და არა მარტოობაში იმკითხაოს, სად არის ახლა მისი მეფე, მარტო იშუშებს ჭრილობებს თუ  რომელიმე თანამგრძნობი ბანოვანი უსვამს მალამოს.

ნაჩხუბარი ლომები საშინლად მძვინვარებენ  წყენისგან, მთელი ძალებით ცდილობენ დაუმტკიცონ ერთმანეთს, რომ უკვე ახალი რომანი აქვთ გაჩაღებული. თუმცა ათიდან ცხრა შემთხვევაში, ისინი მხოლოდ იმუქრებიან ღალატით, რომ  მწარე გაკვეთილი აგემონ მაწყენარს. ასეთები არიან ლომები. მათთვის რთულია სხვა მეფისა და სხვა დედოფლის პოვნა. მათ არ სურთ ურთიერთობა მდაბიოებთან, მაგრამ ზედმეტად ამაყები არიან იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს საკუთარ მარტოობაში გამოუტყდნენ.

ყველა არა, მაგრამ კონფლიქტების უმრავლესობა მამაკაცის ეგოზე თავდასხმის შედეგად წარმოიშვება. ხშირად ეჭვიანობის გამოც, რაც კარიერული კონკურენციით, ფულის გამომუშავებითა თუ სხვა პირადი მიღწევებით არის გამოწვეული.  და მაინც, მთავარი მიზეზი ხვადის სიმაყეა. ლომმა უნდა გაიმარჯვოს. მისთვის სხვა გზა არ არსებობს!  წინააღმდეგ შემთხვევაში, ლომი მამაკაცი მთელ სამყაროზე იბოღმება, პათეტიკურ მელანქოლიაში იძირება და პერმანენტულ წუწუნს იწყებს. რომელი ქალი იქნება ბედნიერი დაღვრემილ ბუზღუნასთან? ძუ ლომი ნამდვილად არა. ლომები, როგოც უკვე გითხარით, თავისუფლებისთვის იბადებიან. მელანქოლიის გალიაში გამოკეტილი ლომი კი, რომელმაც საყვარელ ქალზე კონტროლი  და მასთან ერთად სიამაყე  და თავდაჯერებაც დაკარგა, ჭეშმარიტად საცოდავი სანახაობაა.

სრული ჰარმონიის მიღწევა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეუძლიათ: თუ ერთად მუშაობენ და საერთო ინტერესები აქვთ, თუ მამაკაცი სრულიად დაკმაყოფილებულია თავისი პროფესიით და თუ ქალი გულწრფელად თანახმაა, სახლში დარჩეს და სიმყუდროვე შექმნას, რომ მისი რჩეული ყოველთვის სიამოვნებით დაბრუნდეს პრაიდში.

თუ ორი ლომი თანხმობას მიაღწევს, მათი საერთო ღამეები სინაზით, სითბოთი და ყოვლისმომცველი სიყვარულით აღივსება. მათ ეხერხებათ ალერსისა და სექსის შერწყმა; იციან,როგორ გასცენ და მიიღონ სექსუალური სიამოვნება, რომანტიული მაგიის შენარჩუნებით. ფიზიკური ერთობა, სიყვარულის საბოლოო მიზანი, ლომებისთვის ღრმა სულიერი სიამოვნებაა, როდესაც საკუთარ თავს კვლავ და კვლავ უძღვნიან ერთმანეთს. ლომი მამაკაცი სექსსაც ღირსებითა და მხურვალე გულით უდგება. ლომი ქალი ზუსტად იგრძნობს იმ გაელვებას, როდის რომელი როლი უნდა შეასრულოს და ამაყ მამრს  გამარჯვების საშუალება მისცეს.

თუმცა თუ ლომებმა შეჯიბრზე ფიქრი არ ამოიგდეს თავიდან, თავდაპირველი ექსტაზი ძალიან მალე დაემსგავსება აგონიას. ლომი მამაკაცი, რომელიც თვლის, რომ მას სათანადო პატივს არ მიაგებენ და მისი სიამაყე ხელყოფილია, გარკვეული დროით შეიძლება იმპოტენტი გახდეს. მამაკაცური იმპოტენცია ემოციური ტრავმებისგან იწყება და შეიძლება სერიოზულ ფიზიკურ დაავადებაშიც გადაიზარდოს. მაშინ  მთელი სამყარო რუხი სასოწარკვეთილებით იღებება.  ლომი მამაკაცი ყინულოვანი სარკაზმისა და  გულგრილობის  ნიღაბს ირგებს, რომ  დამცირება დამალოს, რითაც  ძლიერ ატკენს გულს თავის ქალბატონს. ზუსტად ასევეა ლომი ქალიც, რომელსაც საკმარისი მოწიწებით არ ეპყრობიან და იშვიათად აღფრთოვანდებიან მისით. თუ დედოფლის ღირსება შელახულია, გარკვეული დროით შეიძლება ფრიგიდული გახდეს. ქალური ფრიგიდულობაც მტკივნეული ემოციებით იწყება და ისიც შეიძლება სერიოზულ  ფიზიკურ დაავადებაში გადაიზარდოს. მაშინ ლომი ქალი მოირგებს ნიღაბს, მხოლოდ სხვანაირს: ქედმაღალი სიჯიუტის, მოწყენილობის ან მწარე დამცინაობის, რომ თავისი დამცირება დამალოს და საყვარელი მამაკაცის გული დაამსხვრიოს. განა ეს იმ ადამიანების დაცინვა არ არის, ვინც გულით იმართებიან? ერთდაერთი გამოსავალი, ამ ეგოისტური ვარამიდან, იმის გაცნობიერებაა, რომ ცრუ სიამაყე კლავს სიყვარულს, რადგან ატყვევებს ჭეშმარიტებას, რომელიც სიყვარულის განთავისუფლება შეუძლია.  ღირს ამად სიამაყე? რა თქმა უნდა,არა. მაშინ რატომ ებღაუჭებიან ეს ორნი ასე თავგამოდებით? დაე, თავად უპასუხონ… პირისპირ, ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვით და ჭეშმარიტების ამოკითხვით. ბუნებრივია, მე ვითვალისწინებ, რომ გულახდილობაც შეიძლება იყოს დამამცირებელი, განსაკუთრებით ლომებისთვის, მაგრამ როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ  ხანგრძლივი ცხოვრება გელით უსიყვარულო მარტოობაში, სწორი არჩევანი თვალსაჩინო გახდება. ასე რომ, ხანდახან სიყვარულის დასაბრუნებლად უბრალო სიმართლეც კი საკმარისია.

ამ მოსიყვარულე წყილს შორის მძვინვარე შეტაკებამ  შეიძლება ნებისმიერი მიზეზით  იფეთქოს: ქათინაურების უკმარისობიდან დაწყებული, უხეში გამოთქმებით დამთავრებული, რეალურ თუ წარმოსახვით ღალატზე, რაც  მტკივნეულ ეჭვიანობასა და უნდობლობას  იწვევს ამაყ ლომებში. ეს მარადიული კონფლიქტი ქალის კარიერასა და კაცის აღმატებულობის მოთხოვნას შორის…

შესაძლოა ხვადმა, ხელმძღვანელის უფლებებზე, რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტაროს ძუს. და თუ ლომმა მამაკაცმა  ქალს ერთხელ გაკვეთილი ჩაუტარა, ქალი მის დავიწყებას ვეღარასოდეს შეძლებს. გაიხსენეთ „ჭირვეულის მორჯულება“.  ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება, სცენაზე თუ მის მიღმა.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.


About Qet

Scroll To Top