ლომი და მერწყული

ლომი და მერწყული

აი,ახლა იმ საღამოს მივუახლოვდით,

რომელსაც მოგვიანებით  „ღამეთა ღამეს“ უწოდებენ,

მომხდარი მოვლენების გამო.

 1978 წლის ზაფხულში წერილი მივიღე ერთი მერწყული მკითხველისგან,სახელად რიჩარდ ელბერი. თავიდან ვიფიქრე,რომ კონვერტზე რომელიმე შორეული ვარსკვლავის შტამპი უნდა ყოფილიყო, ვთქვათ,არკტურის ან სირიუსის. თუმცა კონვერტი მერილენდის შტატიდან,ქალაქ ფენიქსიდან იყო გამოგზავნილი. მერწყული რიჩარდი მწერდა:

„ძვირფასო ლინდა გუდმან!..

თქვენი დაკვირვებები მერწყულის ნიშანზე,რომელიც „მზის ნიშნებში“ აღწერეთ,არაჩვეულებრივია. ქვეთავში „მერწყული ბავშვი“ თქვენ წერთ: „მათში მეტად სპეციფიური მექანიზმია,კედლის ან მაჯის საათის მექანიზმის მსგავსი. ასე რომ,ისინი თითქმის საკუთარი სხეულით გრძნობენ დროის მანქანას“.

მინდა გკითხოთ,სად ჯანდაბიდან გაიგეთ,რომ დროის მანქანას ვიგონებ? ამაზე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ და ჩემი სამუშაოს ფარგლებში,ვცდილობ მომავლიდან ჩამოსულ ადამიანებთანაც დავამყარო კონტაქტი. ლოგიკა ასეთია: თუ ჩვენ ჯერ ვერ მივდივართ მათთან,ისინი მოვიდნენ ჩვენთან. ჩემი ვარაუდით,მათ უკვე უნდა ჰქონდეთ დროის მანქანა,არ მეთანხმებით? (მართალია,რიჩარდი! ოჰ,ეს უტეხი ურანული ლოგიკა).

ეს იდეა 17 წლის ასაკში დამებადა,დაახლოებით 6 წლის წინათ. მისი განხორციელება კიდევ 4 წელს მოითხოვს. მე მას ქრონონავტების საზოგადოების იდეას ვუწოდებ. ქალბატონო ლინდა, მინდა მოგიწვიოთ 1982 წლის 9 მარტს,თქვენ და თქვენი მეგობრები,ვისაც დააინტერესებს შეხვედრა მომავლიდან ჩამოსულ ადამიანებთან. ეს არ არის ხუმრობა. ჩვენ გავმართავთ ყველაზე ეფექტურ მიღებას,რაც კი ოდესმე მათთვის გამართულა.

ამ თამამ ექსპერიმენტში (თამამ?.. აი,ლომის ყურადღებაც მივიპყარით) კონტაქტის დამყარების ალბათობა  მით უფრო მეტია,რაც უფრო მეტ დოკუმენტაციას შევაგროვებთ (ლიტერატურას, ფოტოებს, აუდიოჩანაწერებს და ა.შ.) ამჟამად შეხვედრის ადგილი უცნობია. თუმცა საქმის კურსში გამყოფებთ. თარიღი,მიხვდებოდით,რომ ცის კაბადონზე ღირსშესანიშნავი მოვლენების გამო შეირჩა,კერძოდ: იუპიტერის გავლენის; მერწყულის ერის დადგომის; ნეპტუნისა და პლუტონის ორბიტების ნაწილობრივი დამთხვევის,ჰალეისა და კოგოუტეკას კომეტებს შორის თორმეტწლიან პერიოდსა და სავსე მთვარეზე დამთხვევით.

ქრონონავტების საზოგადოება ეს არაკომერციული ღია საზოგადოებაა,ფერმწერთა და მეცნიერთათვის, ეზოთერიკოსებისა და სხვა,არამატერიალისტი ადამიანებისთვის… ჩვენ გულითადად მივესალმებით ყოველგვარ კრიტიკასა და შენიშვნებს. ჩვენი მისამართია…“

ღმერთმა დაგლოცოთ,რიჩარდ ელბერი. თქვენ ბრწყინვალე პასუხი ხართ ყველასთვის,ვინც მეკითხება: „მერწყულები მართლა ისეთი მოწინავე იდეებით აღსავსე ხალხია,როგორც აღწერთ?“; ყველასთვის, ვისაც კიდევ ერთხელ ვუპასუხებ: დიახ! (სინამდვილეში ისინი გაცილებით უფრო მოწინავეები არიან).

მე არაჩვეულებრივი მიზეზი მომეცა,თქვენთვის მომეთხრო ამ წერილის შესახებ,რადგან დროის მანქანა საშუალებას გვაძლევს,ვისაუბროთ ლომისა და მერწყულის ურთიერთობაზე.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,რომ ქრონონავტების საზოგადოებას ლომებისა და მერწყულების განაცხადები წალეკავს. იმასაც მტკიცედ გეტყვით,რომ სწორედ ასეთმა სითამამემ მიიზიდა ამ იდეის გარშემო „დიდი კატები“,რომელთაც სიმამაცე ბუნებით მოსდგამთ. რა თქმა უნდა,სრულიად ცხადია,რომ ყველა ლომი,ვისაც საზოგადოებაში გაწევრიანება სწადია,განაცხადში საკუთარ იდეას დაურთავს,როგორ უნდა ორგანიზდეს ეს მიღება.  თვალნათელია ისიც,რომ ამ გამოჩენილი და მასშტაბური მიღების მთავარი ორატორიც ლომი უნდა იყოს. განა შეხვედრის თარიღი იმ ნიშნით არ შეირჩა,რომ ამ დღეს ყველა პლანეტა ერთ მხარეს იდგება? და ვინ მოუხდება მთავარ როლს,თუ არა მზის სისტემის ცენტრალური ვარკვლავის ამაყი შვილი? როგორ შეიძლება ამ გრანდიოზული ღონისძიების ორგანიზება და მით უმეტეს გაძღოლა ვიღაც მობლუკუნე პლებეის ანდოთ? აი,ასეთია ნებისმიერი ლომის გასაშუალოებული დამოკიდებულება მერწყულებისა და მათი პროექტების მიმართ,იქნება ეს საბავშვო მოედანზე ქვიშის დაყრა,ჩიტის ბუდის გაკეთება,ოფისის გარემონტება,სასკოლო პროგრამის შედგენა,განცხადების დაბეჭდვა,პოლიტიკური კამპანიის ჩატარება,ფილმის გადაღება თუ ბიზნეს კონგლომერატების გაერთიანება. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს!

სიმართლე რომ გითხრათ,მერწყულებს ეს დიდად არ ადარდებთ. მათ არ უყვართ პოსტები და ტიტულები და არც ხელმძღვანელობისკენ ილტვიან. მერწყულებისთვის გაცილებით საინტერესოა ახალი ცეკვების გამოგონება წვიმაში ან რაღაც ამის მსგავსი. თუმცა უნდა შეგახსენოთ,რომ მერწყულიც მუდმივი ჯვრის ნიშანია და მაშასადამე,უკიდურესად ჯიუტი და თავისნათქვამა. ამიტომ,შეტაკების შემთხვევაში,იოტის ოდენადაც კი არ დათმობენ საკუთარ პოზიციებს,თუ დარწმუნებულები არიან საკუთარი შეხედულებისა და ქცევის სისწორეში.

ლომებიცა და მერწყულებიც გიჟდებიან სიურპრიზებზე. ისინი პროგრესულად აზროვნებენ, კეთილშობილი და დიდსულოვნები არიან,სუსტებსა და ხელმოცარულებს იცავენ. ორივე უაღრესად მეგობრული და ინტელიგენტურია,ძალიან კომუნიკაბელური და როგორც წესი,ბრწყინვალე ორატორი. ჯერ ყველაფერი შესანიშნავად არის! ყველაფერი მშვიდადაა!.. ჯერ.

ზოდიაქოს წრეში ეს ორი ნიშანი ოპოზიციურად არის განლაგებული. ერთს აქვს ის,რაც მეორეს აკლია და პირიქით. იმავდროულად,ორივე მათგანი ჯიუტად უარყოფს ერთმანეთის საჭიროებას და ეს სრულიად ბუნებრივია,თუ მათ ასცედენტებსა და მთავრის ნიშნებს შორის ჰარმონიული ასპექტები არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში,ძალიან გაუჭირდებათ თანამშრომლობა.

რა აქვს ლომს ისეთი,რაც მერწყულს აკლია? სითბო,საკუთარი ღირსების გამძაფრებული შეგრძნება, სტაბილურობა და საიმედოობა.

მერწყულს რა აქვს ისეთი,რაც ლომს არ აქვს? მე მესმის,რამდენად რთული წარმოსადგენია ლომისთვის,რომ მას საერთოდ რამე აკლია. მან ხომ ყველა ღირსება და სიკეთე უხვად მიიღო თავისი მმართველისგან. მაგრამ,სამწუხაროდ,არსებობს ერთი ნიჭი,რომელსაც ლომი აბსოლუტურად მოკლებულია _ თვინიერება და თავმდაბლობა,რომ საკუთარი შეცდომა აღიაროს და რბილად დაეთანხმოს კრიტიკას. ნამდვილად კარგი იქნებოდა,მერწყულისთვის მიებაძა მიუკერძოებლობასა და კრიტიკის მშვიდად აღქმაში.

უთხარით მერწყულს,რომ გენიოსია. ის გაუგებრად აიჩეჩავს მხრებს,თქვენი სიტყვებისადმი სრულიად გულგრილი. უთხარით მას,რომ გაგიჟდა და ის ჩუმად დაგიქნევთ თავს,თანხმობის ნიშნად, აღტაცებული. მაგრამ აბა,სცადეთ მცირედ მაინც მიანიშნოთ ლომს,რომ ვიღაც აღემატება და რაღაცაში სჯობია. ის ჯერ გიჟად შეგრაცხავთ,შემდეგ მრისხანედ აღრიალდება და ბოლოს დიდი ხნით გაგებუტებათ.

მერწყულიც ბევრს მოიგებს,თუ ლომისგან მის კეთილგანწყობილ მზიურ სითბოს გადაიღებს,რადგან მთელი მისი მეგობრულობისა და კომუნიკაბელურობის მიუხედავად,მერწყული საკმაოდ ცივი ნიშანია პირად ურთიერთობებში. არც საიმედოობაში მიბაძვა აწყენდა (უნდა გაგაფრთხილოთ,რომ მერწყულს ოთხშაბათს უკვე აღარ ახსოვს ის,რაც სამშაბათს შემოგფიცათ და შეიძლება აღთქმის ნიშნად,ხელიც კი გაისერა). რა თქმა უნდა,ლომის თავდაჭერილობა და ღირსების შეგრძნებაც არ აწყენდა. არა,მე იმას არ ვურჩევ,რომ ლომივით გაწონასწორებული და არისტოკრატული უნდა გახდეს,სულაც არა. უბრალოდ მართლა მოუხდება სულ ცოტა ლომური გრაციოზულობა,წამდაუწუმ რომ არ ურახუნოს შუშის კარებს თავისი გენიალური თავი,თავდაყირა რომ არ იდგეს კონცერტებზე, თმა რომ არ გადაიღებოს მწვანედ,ნივთები რომ არ დაკარგოს,საფულე რომ არ დარჩეს სახლში და ა.შ. სულ მცირე თავდაჭერა და მოქნილობა,მცირე! რადგან ზედმეტის შემთხვევაში,ჩვენ შეხედვისთანავე ვეღარ ვიცნობდით ქუჩაში ამ სრულიად უნიკალურ ადამიანებს,რაც,ცხადია,ძალიან არ გვსურს.

რადგან ლომი და მერწყული მუდმივი ჯვარს განეკუთვნებიან,სრულიად ცხადია,რომ ორივე დაჯილდოებულია შესანიშნავი ორგანიზატორული უნარებით,როგორც საქმიან და რომანტიულ ურთიერთობებში,ისე დროში მოგზაურობაშიც. თითოელი მათგანი მცირედ ასუსტებს საკუთარ მუდმივობასა და სიჯიუტეს და მხოლოდ მიზანს ტოვებს შეუცვლელად. მიუხედავად იმისა,რომ ლომი ლიდერობის კარდინალურ ჯვარს არ ეკუთვნის,ის უნდა მართავდეს პროცესს,ორგანიზაციას. ეს როგორღაც ამშვიდებს მის უზარმაზარ ეგოს.  მიეცით ლომს ტიტული. სულ ეს არის! წვიმის მთავარი ორგანიზატორი. ტოტემის ძელის პროექტის მთავარი ავტორი. მთავარი მომლაპარაკებელი მომავლიდან ჩამოსულ ადამიანებთან. მთავარი დალაქი. მთავარი  მოციქული. ცეცხლის დირექტორი. ჰაერის შეფი. მიწის ბოსი. ჯუნგლების მეფე. ფერიების დედოფალი. გალაქტიკური საწარმოს მონარქი. ხალხის მამა. ადგილის დედა… აი,რა არის ლომისთვის მნიშვნელოვანი!

ჰოი,საოცრებავ!.. მაშინ მერწყული აღმოაჩენს,რომ ვერსად დედამიწაზე და ვერც ერთ გალაქტიკაში, ვერც წარსულსა და ვერც მომავალში,ის ვერ იპოვის უფრო კონსტრუქციულ, უფრო ჭკვიან, უფრო მამაც და უფრო ერთგულ მეგობარს, ვიდრე ლომია. მერწმუნეთ, მერწყულებო, ნამდვილად ღირს საკუთარ სიჯიუტეს მცირე ელასტიურობა შემატოთ,რომ ლომის მსგავსი მეგობარი შეიძინოთ.

 

 

ლომი მამაკაცი და მერწყული ქალი

Justin Theroux & Jennifer Aniston

 

_გთხოვ,სათითე მაჩუქე.

_ეგ რა არის?

_აი,რა._თქვა ვენდიმ და ლოყაზე აკოცა.

_შენ გინდა,სათითე გაჩუქო?_კითხა პიტერმა.

_თუ შენ თვითონ მოგინდება…

პიტერმა აკოცა.

 

ეს არ არის შეცდომა. ლომიც ისეთივე შეცბუნებული იქნება მერწყული გოგონას უნიკალური მანერებითა და უცნაური ქცევებით,როგორც „ჩვეულებრივი“ მამაკაცები. თუმცა ის თავს მოიკატუნებს,რომ არაფერი შეუმჩნევია. აბა,შეცბუნება რომ ღიად გამოხატოს,სისუსტეს გამოავლენს. ამიტომ,ისე მოიქცევა,თითქოს მის ექსცენტრულობას ბუნებრივად თვლის_მშვიდად და აუღელვებლად,კეთილგანწყობილადაც კი.

თუ ის კოცნას სათითეს ეძახის,დაე,იყოს ასე! ლომი არასდროს აჩვენებს შეცბუნებას. თუ მერწყულმა უთხრა,რომ ეზოში მცენარის დარგვა უნდა,ის დაამთქნარებს,შეპირდება,რომ ამაზე იფიქრებს და მოგვიანებით ეტყვის თავის აზრს. სამაგიეროდ,მთელ მეორე დღეს მებაღეობაზე ლიტერატურის ძებნასა და კითხვაში გაატარებს. თუ მერწყული სთხოვს,რომ გზად იოგურტი იყიდოს,რადგან  ფოტოგრაფთან მიდის,ლომი ცნობისმოყვარეობისგან მოკვდება,რაში სჭირდება იოგურტი ფოტოგრაფთან ვიზიტისას,მაგრამ არაფერს იკითხავს. მომდევნო დღეს,სანამ ფოტოგრაფთან წაიყვანს,მერწყული ჰკითხავს: „როგორ ფიქრობ,ჯობია იოგურტი მისვლამდე გამოვიყენო?“ ლომი რბილად და ყოველგვარი გაოგნების გარეშე უპასუხებს: „რატომაც არა?“ (იოგურტის გამოყენება???) მოგვიანებით ის შვებით ამოისუნთქავს,როდესაც შეიტყობს,რომ მერწყულს იოგურტი კოსმეტიკური ნიღბისთვის სჭირდებოდა. ლომი წარბსაც არ შეიხრის,როდესაც მაცივარში,ახლად წვერგათლილი ფანქრებით სავსე,აღმოსავლურ ვაზას აღმოაჩენს. ამ დროისთვის ლომი უკვე ნაწილობრივ მიაგნებს რჩეულის აზროვნების რთული პროცესების გასაღებს და მისი საქციელის ახნაც აღარ გაუჭირდება. მერწყული ფიქრობს,რომ ფანქრები უკეთ დაწერენ,თუ წვერებს მოუყინავს. ლომი ამას მიხვდება. ის მის გაცნობას იწყებს და ეს შესაშნავია. ასე მათი ურთიერთობა უფრო მკაფიო და გასაგები ხდება.

ლომი არასდროს მისცემს თავს  გაოცებისგან გაფითრების უფლებას,როდესაც აცრემლებული მერწყული მკლავებში ჩაუვარდება ზლუქუნით: „ის მოკვდა!.. ჯო მოკვდა!“ ლომი შეძლებისდაგვარად ამშვიდებს მას და იმედოვნებს,რომ მის ძლიერ მკერდზე მიკრული მერწყული მის აჩქარებულ გულისცემას ვერ შეამჩნევს. შემდეგ ფრთხილად გამოარკვევს,რომ „ის“ მათი ბაღის ბინადარი ხვლიკია,რომელსაც მერწყულმა ჯო დაარქვა და ძალიან შეიყვარა. მერე რა,თუ ეს უცნაური ქალი ქვედაბოლოს კანტებს წებოთი აწებებს,თმაზე შამპუნის შემდეგ ლუდს ივლებს(ბზინვარებისთვის) და შხაპს ნიჟარაზე დანთებული სანთლების შუქზე იღებს? ან სამზარეულოში ვანილის ქილისთვის შემორბის,ბამბას ამოავლებს და ყურებზე იდებს სტუმრად წასვლის წინ,რადგან ეს მისი საყვარელი სურნელია?.. ლომი ყურადღებას არ აქცევს მის გამოხდომებს. გაოცების დემონსტრირება მის სამეფო ღირსებას არ შვენის! ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა,რომ ლომმა რაღაც არ იცის. ხოლო რადგან ლომმა ყველაფერი იცის,მისი გაკვირვება არავის შეუძლია!

და მაინც,გამოხატავს თუ არა,ეს გოგონა არამხოლოდ აკვირვებს,აბნევს კიდეც მას. ლომს აქამდე არავინ შეხვედრია მისი მსგავსი. ის არავითარ წესებს არ მისდევს და თითქმის ყოველთვის თავს ამტვრევინებს გამოცანებზე. რა თქმა უნდა,ლომის მშვიდი რეაქცია მერწყულს უბიძგებს,დაჟინებით ეძებოს სულ უფრო ახალი მეთოდები მის შოკში ჩასაგდებად,რათა იხილოს,როგორ გამოიყურება წონასწორობადაკარგული ლომი. მერწყული გაოგნებულია ლომის სიმშვიდითა და ზარმაცი თავდაჯერებით. არც ისე გასაკვირია,რატომ უწოდებენ ასტროლოგიაში მას „დიდ კატას“_ფიქრობს მერწყული_ეს მშვენივრად აღწერს მის ხასიათს. ყოველთვის მომართული და ყოველთვის ყურადღებიანი ლომი უმცირეს მინიშნებასაც კი გრძნობს  საფრთხეზე,რომელიც მის კეთილდღეობას ან სიამაყეს ემუქრება და მზადაა,პირველმა თვითონ შეუტიოს,სანამ თავს დაესხმებიან.

სრულიად წარმოუდგენელია,რომ მერწყულს არ აღაფრთოვანებდეს ლომი,მაგრამ ის ცდას არ აკლებს,რომ სიმშვიდე დაურღვიოს,ააღელვოს და სამეფო მანერები დააკარგვინოს. ცხადია,მერწყულს სმენია,რომ ლომი ცეცხლის ნიშანია და მისი გრაციოზული მოძრაობების მიღმა მტკიცედ კონტროლირებადი ალი გიზგიზებს. რა გასაკვირია,რომ მერწყულს ხანძრის გაჩაღება მოუნდეს? მას ეს ფრიად სახალისოდ ეჩვენება,თუმცა,მინდა გავაფრთხილო,რომ ეს შეიძლება მეტად უგუნური საქციელი აღმოჩნდეს. ლომი ლომია და არა ფისო. ეს კი უზარმაზარი განსხვავებაა.

ვინც არ უნდა შეეცადოს მასხრად აიგდოს ლომი,მისგან ჯუნგლების კანონის შთამბეჭდავ გაკვეთილს მიიღებს. ამაყი,დიდსულოვანი და ყოველთვის ღირსეული მეფე არ მოჰყვება საკუთარი ავტორიტეტის მტკიცებას,როდესაც მას ვინმე ემუქრება. ის არასდროს დათანხმება თავდაცვით პოზიციას,მით უმეტეს,წაგებულის როლს. ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ლომს არ ახასიათებს სისასტიკე,მაგრამ რბილი ხასიათითაც არ გამოირჩევა. ის არასდროს დათმობს. ლომი არ ხარჯავს თავისი უზარმაზარი ენერგიის მარაგს უმიზეზოდ,მაგრამ თუ საბაბს მისცემთ,შედეგები გამანადგურებელი იქნება. ლომი არასდროს იხევს უკან,თუმცა შეიძლება კბილების კრაჭუნით იკავებდეს ემოციებს,მისი სამეფო ღირსებისთვის ზედმეტად ტრივიალურ და წვრილმან საკითხებთან დაკავშირებით. ძირითადად,ის ისეთივე წარმატებით ახერხებს საკუთარი ემოციების ორგანიზებას,როგორც სხვა ყველაფრის თავის გარშემო.

ამ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა პოლარულ ვიბრაციას ექვემდებარება. ამიტომ,მათი შეხედულებები ხშირად დიამეტრულად წინააღმდეგობრივია და ისინიც,ემოციური თერმომეტრის სხვადსხვა ბოლოებში აღმოჩნდებიან ხოლმე. თუმცა ზოდიქოს წრეში სწორედ ეს ასპექტი უწყობს ხელს იშვიათი წონასწორობისა და ჰარმონიის მიღწევას,რა საკვვირველია,კოლოსალური მოთმინებისა და თავდადების ხარჯზე. ისინი მუდმივი(ჯიუტი) მასკულინური ნიშნები არიან,ასევე მამაკაცური საწყისის პლანეტების,მზისა და ურანის შვილები,რაც ისედაც დაძაბულ პოლარულ ვიბრაციას აგრესიულობას მატებს. ბუნებრივია,ყველა ეს ფაქტორი ორივე ნიშნისგან ე.წ. ქალური თვისებების გამოვლენას ითხოვს,როგორიც არის დათმობა,თვინიერება და მოთმინება.

მერწყულს ვერაფრით გაუგია,რატომ არის ლომი ასე საკუთარი თავით გატაცებული,როდესაც თავად მას მთელი სამყარო აინტერესებს. მერწყული ჩიხში შეჰყავს ლომის პატივმოყვარეობას და მისი გაბუტვის თვისებას,როდესაც მონარქი იმდენ ყურადღებას ვერ იღებს,რამდენსაც ის,საკუთარი (ყოველთვის სწორი) აზრით,იმსახურებს. მერწყული გაცილებით უდარდელია თავისი გარეგნობის მიმართ. რაც შეეხება გარშემომყოფთა აზრს,მერწყულს ასეთი წვრილმანები საერთოდ არ ანაღვლებს. სამაგიეროდ,პატივისცემა სჭირდება,რადგან საკუთარ თავს დიდ პატივს სცემს. განა ის,რასაც საკუთარ თავზე ფიქრობ,უფრო მნიშვნელოვანი არ არის,ვიდრე სხვების შეფასებები? ეს ერთერთი ყველაზე ბრძნული გაკვეთილია,რაც მერწყულმა შეიძლება ლომს ჩაუტაროს. ბუნებრივია,იმ შემთხვევაში,თუ ლომი,დროებით მაინც,თავის სიამაყეს დაივიწყებს და მიხვდება,რამდენად ბედნიერი გახდება რჩეულის ურანული ფილოსოფიის გაზიარებით.

მერწყულსაც შეუძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ აითვისოს ლომისგან და მათ შორის უმთავრესი თვითკონტროლია. მის მოულოდნელ გამოხდომებს მართლა შეუძლია ლომის ხანძარი გარეთ გამოიტანოს. მაშინ ისინი ვერაფერს განიხილავენ მშვიდად. მე არაერთხელ მითქვამს,რომ ჰაერი ცეცხლს ახელებს,მაგრამ ხანძარი გამანადგურებელია.

გვერდიდან დამკვირვებლები ხშირად თვლიან,რომ ტიპური მერწყული ქალი სიმშვიდეს,სიწყნარესა და სიჩუმეს ეძებს. მართლაც,მათი უმეტესობა საკმაოდ საყვარელი და მშვიდია. შემდეგ,ყოველგვარი გაფრთხილების\ და წინასწარი სიმპტომების გარეშე, სრულიად უმიზეზოდ ფეთქდება და ხმაურიან სცენებს აწყობს:ჭურჭელს ლეწავს,ნივთებს ფანჯრიდან ისვრის და ა.შ. თუ მსგავსი არაფერი მოხდა,მაშინ მერწყული კარს გაიჯახუნებს ან შეიკეტავს და განდეგილის როლს მოირგებს,რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. თუმცა მინდა მერწყული გავაფრთხილო,რომ ამაოდ ცდილობს. ის ვერასდროს აჯობებს ლომს გაბუტვის ხელოვნებაში. ლომი გაბრაზებისა და განაწყენების განუმეორებელი დიდოსტატია.

რადგან ლომი მამაკაცი ქვეცნობიერად ხშირად აკავშირებს ძლიერ ემოციებს სექსუალურ სურვილებთან,კონფლიქტი შეიძლება ყველაზე საოცარი გზით შემოუტრიალდეს ორივეს. ყველაზე მწვავე ჩხუბიც კი ხშირად უბიძგებს მათ ერთმანეთის მკლავებისკენ. არის რაღაც ველური და პირველყოფილი მათ სექსში. რამდენსაც არ უნდა ჩხუბობდნენ თანაცხოვრების სხვა სფეროებში,ფიზიკური სიყვარულის შემდეგ ჰარმონია კვლავ აღდგება. მათი სექსუალური სიახლოვე იმდენად მშვენიერია,როგორც წესი,სწორედ ეს ხდება ურთიერთობის დამანგრეველი ტენდენციების საპირწონე. რა თქმა უნდა,ლომის მამაკაცურ სიამაყეს დროდადრო მერწყულის დამორჩილების უუნარობა ხელყოფს. ლომი მამაკაცი ქალისგან უზარმაზარ სითბოსა და სინაზეს ითხოვს,სექსში განსაკუთრებით. მერწყული ქალი კი ხშირად ცივი,გულგრილი და დისტანციურია. თუმცა ლომს შეუძლია თავი დაიმშვიდოს,რომ მასთან მერწყული გაცილებით ალერსიანია,ვიდრე ნებისმიერ სხვა ნიშანთან,რადგან ოპოზიციური ვიბრაცია მასში იმდენ გულითად სითბოს ავლენს,რამდენიც საერთოდ მოეპოვება.

ისინი საჩუქრებითა და სიურპრიზებით ავსებენ ერთმანეთს. ეს მათ ურთიერთობას მეტად ალამაზებს და ახალისებს. მათ ასევე შეუძლიათ ერთად დაგეგმონ მოგზაურობა. თუმცა მერწყულმა უნდა იფრთხილოს,რომ თავისი ორივე სქესის მეგობრების მკლავებში ჩავარდნის ჩვევით ლომის სიამაყე არ შეურაცხყოს. ლომს უზომო ეჭვიანობის დამალვაც კარგად ეხერხება,მაგრამ ერთხელაც მისი ეს თავისებურება შეიძლება შმაგ მძვინვარებად დაატყდეს თავს მერწყულს. ლომი ვერასდროს მოათვინიერებს მერწყულის სურვილს,მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნოდეს. მერწყული ყოველთვის საკუთარ გულისთქმას მიჰყვება და მე ლომს ვურჩევდი,პირიქით,წაახალისოს მისი ეს მისწრაფება. წინააღმდეგ შემთხვევაში,მერწყულის მხიარული ზნე ჩაქრება. ურანის არაპროგნოზირებადი თავისუფალი სულის დათრგუნვა შეიძლება სერიოზულ ნერვოზში გადაიზარდოს.

ლომსაც შეუძლია ნერვული და მოღუშული გახდეს,თუ იმდენი ყურადღება არ მიიღო,რამდენიც სჭირდება. მერწყულის გონება იმდენი საინტერესო აზრით არის გატაცებული,ხანდახან მას შეიძლება უბრალოდ დაავიწყდეს ლომი. და ჯობია ახსოვდეს! ლომის უყურადღებოდ დატოვება,ძალიან მაღალი ალბათობით,მის დაკარგვას გულისხმობს. მაშინ შეურაცხყოფილი მონარქი ყინულად იქცევა და დამიჯერეთ,ყოველთვის გამოიძებნება ვიღაც,ვინც მისი გულის დადნობას ჭეშმარიტი და მხურვალე მიჯაჭვულობით მოისურვებს.

 

 

 

ლომი ქალი და მერწყული მამაკაცი

Ashton Kutcher & Mila Kunis

მან გადაწყიტა ეჩვენებინა,რომ მისი წასვლა არ ადარდებდა

ამიტომ,მხიარულად დახტოდა ოთახში და

თავის უგულო ფლეიტაზე უკრავდა.

 

 

თავიდან ძუ ლომს ეჩვენება,რომ ეს მამაკაცი მაგნიტივით იზიდავს. მას ჰგონია,რომ სადაცაა ჩაიძირება მერწყულის მეოცნებე თვალებში,თითქოს მსუბუქი ღრუბელია მისი ექსპრესიის ჰაერში. რადგან ის ჭეშმარიტი ლომია,ბუნებრივია,შეეწინააღმდეგება,მაგრამ მისი პროტესტი სრულიად ფუჭი აღმოჩნდება. ის მალე იგრძნობს,როგორ იტაცებს მერწყულის მსუბუქი სურნელი და როგორ ეხვევა მისი გუდასტვირის მუსიკაში. ყველა დანარჩენს სტვირის ბგერები მჭახე მუქარად ეჩვენება,მაგრამ თუ თქვენ ლომი ხართ,ეს საამური,ტკბილი მელოდიაა,რადგან ის ყარაულის შეცვლას,აღლუმებსა და კორონაციებს მოგაგონებთ.

მცირე ხნით ყველაფერი ვარდისფრად იღებება და ზღაპრულად გეჩვენებათ. მერწყული ჭეშმარიტი წმინდანივით იქცევა. ლომი დარწმუნებით გეტყვით,რომ ხანდახან შარავანდედსაც კი ხედავს მის თავზე. მართალია,ცოტა უცნაური ფორმის. ეს მისი აურაა. ურანის აურას კი ყოველთვის გაურკვეველი,პირამიდის მსგავსი სამკუთხედის,ფორმა აქვს. ფერითაც კი უცნაურია: მოქარვისფრო-მოცისფრო,შავ-თეთრი ზოლებით.

უცნაურია,მაგრამ იგივე ემართება თავიდან მერწყულსაც. ის თავს თითქმის ვალდებულად თვლის,ფეხშიშველმა იაროს ლომის ხავერდოვან შლეიფზე და ნაზად დაუკოცნოს ბრილიანტები გვირგვინზე. ის რამდენიმე სანტიმეტრით თითის წვერებზე იწევა,რომ მის ნაზ სუნთქვას ყური უგდოს. ლომის ზანტი გრაციოზულობა და არისტოკრატული თავდაჭერა კი საერთოდ ამუნჯებს და ათრთოლებს. მერწყულიც დარმწმუნებულია,რომ მის მოწითალო-ოქროსფერ შარავანდედს ხედავს. ეს მზის აურაა,ბრწყინვალე და თვალისმომჭრელი,მომხიბვლელი და დამაჰიპნოზებელი. ლომი ანგელოზების დედოფალივით იქცევა, ფისოსავით კრუტუნებს, კოლიბრივით ტიტინებს, ჩეშირელი კატასავით იღიმის. ცათა სუნთქვაა,ვნებით აგიზგიზებული,თუმცა-ღა…

მოულოდნელად ცა იქუფრება, ჰაერი იხუთება და ღრუბლები იყრება. ურანის დოქიდან,ნიაგარის ჩანჩქერის მსგავსი,ისეთი თქეში იღვრება, რომელიც ნოეს კიდობანს ააშენებინებდა. ეს მაშინ ხდება,როდესაც მერწყულის ჰაეროვანი არსება გრიგალს აღვივებს,ლომის ცეცხლოვანი არსება _ ხანძარს. მოკლედ,სიყვარულის სეზონი აღსასრულს მიუახლოვდა. მერწყული კუშტი,სარკასტული და ბუზღუნა გახდა. ლომი _ უხეში,მედიდური და ბუტია. მერწყულმა დაასკვნა,რომ ის მოსაწყენია. ლომმა დაასკვნა,რომ ის უზრდელია. ეს ყველაფერი ძალიან სევდიანია… მაინც რა მოხდა ასეთი?

ის მოხდა,რომ მათი პოლარობები გადაიხლართნენ. დიახ,წინააღმდეგობები ერთმანეთს იზიდავენ,როდესაც საწინააღდეგო სქესის წარმომადგენლები ხვდებიან და ამაში იმალება საქორწინო მარათონის საიდუმლო. ყოველ შემთხვევაში,ასე ფიქრობს ადამიანთა უმეტესობა. სიყვარულის,ქორწინებისა და აურათა დამთხვევის ჭეშმარიტად დიადი მიზანი ის არის,რომ წინააღმდეგობები  ძლიერ და ჰარმონიულ დინებაში  შეურწყას,რომ გააერთიანოს საუკეთესო თვისებები და შეასუსტოს ნეგატიური ფაქტორები. უფრო მარტივად და კონკრეტულად რომ ვთქვათ,ლომს არ უნდა შურდეს მერწყულის იმ თვისებების,რასაც თავად მოკლებულია. ის მხოლოდ მოიგებდა,თუ რჩეულს მიბაძავდა. ისევე,როგორც მერწყულს უნდა ესმოდეს,რომ ლომში არის ისეთი თვისებები,რასაც მისი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. აი,რა არის ასტროლოგიური (და არამარტო) ოპოზიცია. ის წინააღმდეგობას კი არა,გაერთიანებას გულისხმობს,საერთო ბედნიერებისთვის. მაგრამ ყოველთვის არსებობს საფრთხე,რომ ლომი და მერწყული დაკარგავენ ურთიერთაღტაცებასა და შთაგონებას,თუ ოპოზიციურ ქიშპობას არ შეწყვეტენ. შემიძლია ვურჩიო: მიიღეთ და გაეცით. არ გასცეთ ზედმეტად ბევრი და არ მოითხოვოთ ზედმეტად ბევრი. მხოლოდ თანაბარზომიერებით მიაღწევთ იდეალურ წონასწორობას.

ლომ ქალთა უმეტესეობას თავი შორს უჭირავს მერწყულ ქალთა უმეტესობისგან,მაგრამ ძუ ლომს უჩვეულოდ იზიდავს მერწყული მამაკაცი. მერწყული ისევე მარტივად იღებს ახალ ადამიანებს ცხოვრებაში,როგორც ლომი ისურვებდა. ლომი ხომ მხოლოდ თვალთმაქცობს,რომ ასე იქცევა. ის თავისთვის ხვდება,რომ მისი ცრუ სიამაყე ხშირად უშლის ხელს ჭეშმარიტი სითბოს გამოვლენაში. ის ისურვებდა მოდუნებულიყო და არ ედარდა იმაზე,რას ფიქრობენ მასზე. მას სურს თმაგაშლილმა ჩაკიდოს ხელი მერწყულს და მასთან ერთად ირბინოს ვარკვლავების მდელოში. ლომს შურს იმის,რა მარტივად და თავისუფლად ვარდება მერწყული დეპრესიაში და როგორ საოცრად შეუძლია ყველაფრისგან დისტანცირება და გაუცხოება. როგორც არ უნდა აკონტროლებდეს ლომი თავის ვნებებს,ისინი მაინც მართავენ მის ქცევებსა და სიტყვებს,რასაც მოგვიანებით ხშირად ნანობს. როგორ ინარჩუნებს მერწყული გულგრილობას იმედგაცრუებისა და ტრაგედიების დროს? შესაძლოა ლომი მიხვდეს მის ჯადოსნობას,თუ მერწყულის ნაწილი გახდება.

მერწყულს ყოველთვის აწუხებდა ის,რომ ლომ მამაკაცებს საკუთარ მეგობრებად ვერ თვლიდა. თუმცა მას აინტრიგებს ძუ ლომის წინააღმდეგობრიობა,ამ მედიდური და ამაყი კატის გრაციოზულობა, რომელიც განაცვიფრებს იმით,რამდენად ჯადოსნური შეიძლება იყოს პირისპირ ინტელექტუალური ურთიერთობა. ყველაფრის მიუხედავად,ლომი აიძულებს მას,სიყვარული გაიკვირვოს და აღიაროს,რომ შეიძლება ცდებოდა,როდესაც ემოციებსა და  სენტიმენტებს გაურბოდა. აბა,ბავშვური ტიტინი რა ზრდასრული მამაკაცის ყურადღების ღირსია? თუმცა საბოლოო ჯამში,ის დაუოკოებელ სურვილს იგრძნობს,ლომის ნაწილი გახდეს და ეს ჭეშმარიტად ახალი გამოცდილება იქნება მისი გულისთვის,სხეულზე რომ არაფერი ვთქვათ.

მერწყულს ეს არ ესმის. თუმცა რადგან გამოცანები ძალიან უყვარს,რა თქმა უნდა,ამ თავსატეხსაც ავერ დატოვებს ამოუხსნელად. დეტექტივის ინსტინქტი მას გამბედაობას ანიჭებს და დაინტრიგებული წყლის მღვრელიც დიდი გატაცებით იწყებს იმ მიზეზების მოკვლევას,რომლითაც ამ ქალმა მასზე ამხელა ძალაუფლება მოიპოვა. ბოლოს და ბოლოს,ის მიდის დასკვნამდე,რომ პასუხს მხოლოდ მისი დაუფლების შემთხვევაში მიაგნებს. ასეც იქცევა. და მაშინ მერწყული თავისთვის სიხარულს, გაოცებას,აღტაცებასა და იდეალს აღმოაჩენს. თურმე,სენტიმენტალური ადამიანები მართლები ყოფილან! საოცარია!..

რა თქმა უნდა,მერწყულს მისთვის ბრძოლა მოუწევს. ის მაინც ლომია,დედოფალი კი მანამდე არ ნებდება,სანამ მამაკაცი თავის აღტაცებას არ დაუმტკიცებს. თუმცა მას შემდეგ,რაც თავის რაინდად შერაცხავს,მათი სექსუალური სიამოვნება სრულყოფილებას მიაღწევს.

ძალიან ხშირად მერწყული მამაკაცი იმაზე ნაზი და გახსნილია ძუ ლომთან,ვიდრე თავად წარმოიდგენდა. ლომსაც ასეთივე განცდა აქვს,რომ მერწყულთან ყველა მთვლემარე გრძნობისა და ფანტაზიის გაღვიძება შეუძლია.  მან ინტუიციურად იცის,რომ ეს მამაკაცი არ აიგდებს სასაცილოდ და არც ზემოდან დახედავს,თუ ინტიმური სიახლოვის დროს მასთან გულწრფელი იქნება. ამგვარად, ფიზიკური ერთობა მხოლოდ განამტკიცებს მათ ურთიერთობას და აიძულებს,სიმშვიდე ეძიონ ჩხუბის შემდეგ. ორმხრივი ღრმა სურვილი წყენისგან მიღებული ჭრილობების ყველაზე ძლიერი მკურნალია.

ასეა თუ ისე,ჰარმონიული სექსუალური შეთავსება,ნებისმიერ წყვილს ალამაზებს. თუმცა სრულიად ცხადია,რომ მარტო სექსი ხანგრძლივი ბედნიერებისთვის საკმარისი არ არის. მათ მოუწევთ დათმობაზე წასვლა და ერთმანეთზე მორგება,თუ უნდათ,რომ ერთად დიდხანს იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში,ლომის თავდაპირველი ვნება ყინულად იქცევა,მერწყული კი მეოცნებე გულგრილობას შეაფარებს თავს.

ლომს აუცილებლად სჭირდება ქათინაურები. ქება მას თავს სასურველ და დაფასებულ ქალად აგრძნობინებს. თუ ის ყურადღებასა და აღტაცებას მოშიებულია,ისეთივე საშიში ხდება,როგორც ნამდვილი ძუ ლომი. შიმშილი შიმშილია და ის ნებისმიერს უცნაური ქცევებისკენ უბიძგებს. მერწყული რჩეულ ქალს ყოველთვის „აბა,გამოიცანის“ ეთამაშება. ის მიანიშნებს,უკიდურესად ირიბად სთავაზობს,საკუთარ აზრებს უზიარებს(რასაც თითქმის არავისთან არ აკეთებს) და იმედოვნებს,რომ ასე დაარწმუნებს,როგორ სჭირდება ის. მაგრამ ეს არ მუშაობს. ლომს არ უყვარს გამოცანები,რადგან თავად ძალიან პირდაპირი და კადნიერია. აქ მერწყული ვერაფერს გააწყობს და ჯობია გრძნობების გამოხატვა ისწავლოს,თუ მისი შენარჩუნება უნდა. ეს არც ისე მარტივია,რადგან ქათინაურები და თაყვანისცემა მერწყულისთვის საკმაოდ რთული მეცნიერებაა. ის თავს უხერხულად გრძნობს,როდესაც თავისი ღრმა გრძნობებისა და ემოციების სიტყვებით გამოხატვა უწევს და როგორც წესი,ხუმრობით იცილებს თავიდან ამ უხერხულობას. შეიძლება პოემა და ლექსიც დაუწეროს,მაგრამ მხურვალე სიტყვებით გამოსვლები მეტად ეუხერხულება და ტკივილსაც კი აყენებს მას.

ლომმა უნდა შეიგნოს,რომ ეს მამაკაცი,თავისი არაპროგნოზირებადობითა და ექსცენტრულობით, სრულიად უნიკალური ადამიანური არსებაა. ის არ მისცემს თავის გულს ნებისმიერს. მერწყულის თუნდაც ერთხელ ნათქვამი „მე შენ მიყვარხარ“ უკვე იმის სიგნალია,რომ ის სერიოზულად არის განწყობილი. ლომი არ უნდა შეეცადოს,ხშირად გაამეორებინოს სასიყვარულო სიტყვები,ერთგულების დასამტკიცებლად. თუ მერწყულმა ეს ერთხელ თქვა,ის თავის ნათქვამზე იდგება იქამდე,სანამ არ გადათქვამს. ერთიდაიგივეს გამეორება ამ მამაკაცს,ვისი აზრები და გონებაც მუდამ მომავლისკენ არის მიმართული,დროის უაზრო ფლანგვად ეჩვენება. ასეთივე დამოკიდებულება აქვს მას სიტყვებთან „მადლობა“, „გეთაყვა“, „არაფრის“,რომელსაც ბავშვობაში ათასჯერ ამეორებინებდნენ. ის ამაში ვერავითარ აზრს ვერ ხედავს. მისთვის სხვა მეთოდებიც არსებობს საკუთარი კეთილგანწყობის თუ მადლიერების გამოსახატად.

ერთ ნათელ დღეს ან ღამეს(გააჩნია,როდის რეხვავს თავში იდეა) მერწყული შეეცდება ლომსაც შეაგნებინოს ეს. „გესმის_იტყვის ის მშვიდად და რბილად_მნიშვნელობა არ აქვს ,რას ამბობენ ადამიანები. მნიშვნელოვანი ის არის,რას აკეთებენ ისინი“. თუ ლომი ბრძენია,როგორი ბრძენებიც არიან მზის შვილები,ღიმილით უპასუხებს: „მესმის“. და მას არასდროს დაავიწყდება ეს წამი,რადგან, სავარაუდოდ,მერწყული აღარასდროს გაიმეორებს ამას. მერწყული იშვიათად უხსნის სულს ვინმეს,ისიც მხოლოდ წამით. მაგრამ თუ ლომი ძალიან დაკავებულია საკუთარი პერსონით,ამ წამიერ შესაძლებლობასაც სამუდამოდ გაუშვებს ხელიდან.

ადამიანმა შეიძლება  აირჩიოს ძაღლი(ციყვი ან სულაც გველი),ცხოველი მას ემოციურად მიეჯაჭვება და მადლიერი იქნება,რომ ადამიანმა მას თავშესაფარი და სითბო მისცა. მაგრამ თქვენ იცით,რას ამბობენ კატებზე? კატა თვითონ ირჩევს  პატრონს და ამას მას შემდეგ აკეთებს,რაც გადაწყვეტს,რომ თქვენ მისი ღირსი ხართ. თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ,რომ ის მოფერების და ყურებზე მასაჟის ნებას გრთავთ,თუ გსურთ,რომ ის თქვენთან დარჩეს და სახლი გაგილამაზოთ. მერწყულს უნდა ახსოვდეს,რომ ლომი ქალი დაახლოებით ასევე მსჯელობს.

რაც შეეხება ლომის ნებისმიერ ყოყმანს,მერწყულის არაპროგნოზირებადობასთან,ექსცენტრულობასა და უჩვეულობასთან დაკავშირებით,სწორედ ეს არანორმალური მამაკაცი დაეხმარება შეშლილი სამყაროსგან გამიჯვნაში. საკმარისია მისი უდიდებულესობა მცირედ დაფიქრდეს ამაზე და თავადაც მიხვდება. მაშინ მისი მზიური ღიმილიც დროულად დაბრუნდება. საბრალო,მარტოდ დარჩენილი  მერწყული კინაღამ გაიყინა უმისოდ. მაგრამ ამაში არასდროს გამოტყდება. ის უბრალოდ ზურგს შეაქცევდა და წავიდოდა,იმაზე მწარე მოგონებებში,როგორ ეძახდა ლომი დაბნეულს და უსულგულოს,როდესაც მის დაბადების დღეზე ან ქორწინების იუბილეზე საჩუქარი დაავიწყდა…

ტრაგედია კი ის არის,რომ ეს ლომს დაავიწყდა მერწყულის სიტყვები_როგორ გამოუტყდა ოდესღაც,რომ მასსავით არავინ ყვარებია.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top