ლომი და სასწორი

ლომი და სასწორი

_უთხარი,შუქი ჩააქროს_ემუდარებოდა ვენდი.

_ის თავისით ქვრება,როდესაც იძინებს.

_მაშინ უბრძანე,დაიძინოს!..

_ასე არ შეუძლია,სანამ თავისით არ ჩაეძინება.

ლომისა და სასწორისთვის სასაუბრო თემას მნიშვნელობა არ აქვს. რაც არ უნდა იყოს განხილვის საგანი,ეჭვიც არ შეგეპაროთ,ლომი კეთილშობილი ექსპერტივით მოჰყვება რამის მტკიცებას,სასწორი კი შეეკამათება,ყველა დეტალისა და საკითხის ორმხრივად განხილვით. სასწორის ჰაერი ლომის ცეცხლს გაახელებს და საკმაოდ მხურვალე დავაც გაჩაღდება.

ლომის აზრით,მისი შეხედულებები ულაპარაკოდ უნდა იქნას მიღებული,პერიოდული მუხლმოყრის თანხლებით თუ არა,ღია აღტაცების გამოხატვით მაინც. სასწორი გიჟდება კამათზე,რასაც თვითონ დისკუსიას უწოდებს. ლომი საუბრის დაწყებამდე დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. სასწორისთვის ეს გაუგებარია_როგორ უნდა გააკეთო კეთილგონივრული არჩევანი ორ შესაძლებლობას შორის,სანამ ორივე მხარის მომხრე და საწინააღმდეგო საკითხებს არ განიხილავ? პრობლემა ის არის,რომ მგავსი განხილვისთვის სასწორებს არც ისე მცირე დრო სჭირდებათ. ლომი არ უნდა გაბრაზდეს და არ უნდა გამოავლინოს სულსწრაფობა. მთელი ეს მერყეობა თავად სასწორისთვის ბევრად უფრო მტკივნეულია,ვიდრე მისი გარშემომყოფებისთვის.

ლომმა უნდა შეიგნოს,რომ დისკუსიაში სასწორი არ გულისხმოს დრამატულ სცენებს ან გაშმაგებულ აფეთქებებს. ეს მხოლოდ ხელს შეუშლის და განვითარების საშულებას არ მისცემს საოცრად გაწონასწორებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. რადგან ჰარმონია,წონასწორობა და მშვიდობა სასწორის „წმინდა სამებას“ წარმოადგენს,უნდა გააცნობიეროთ,რომ სასწორი დისკუსიას  არა კონფლიქტისთვის,არამედ მის გასანეიტრალებლად იწყებს. გასაგებია? ლომისთვის ყოველთვის არა. თუმცა ლომი სხვა ნიშნებზე უკეთ ხვდება,რომ სასწორისთვის სიმართლე უწმინდეს ფასეულობას წარმოადგენს.

რადგან აქ საქმე გვაქვს ურთიერთობის 11-3 მოდელთან,მათ შორის უამრავი სხვადასხვა დონის კავშირია. ლომისა და სასწორისთვის გაცილებით მარტივია ნამდვილი,გულწრფელი მეგობრობის მიღწევა,ვიდრე სხვა ნიშნებისთვის. ეს სექსტილის ვიბრაციაა. ამიტომ ცხოვრება უამრავ  საერთო შესაძლებლობას მისცემს ყველაზე განსხვავებულ სფეროებში. გამოიყენებენ მათ თუ არა და რა გამოვა აქედან,მათ მთვარის ნიშნებსა და სხვა პლანეტარულ ასპექტებზეა დამოკიდებული.

გაერთიანებული ძალებით ლომსა და სასწორს ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ,კარგი რომანით და ქორწინებით დაწყებული,მტკიცე მეგობრობითა და ბიზნეს-პარტნიორობით დამთავრებული. მათი სტიქიები ცეცხლი და ჰაერია. როდესაც ჰაერი ცეცხლს ახელებს,ნათელი ჩირაღდნისგან ორივე მოგებული რჩება… მხოლოდ თუ ლომი მცირედ მოთოკავს თავის ალს,რომ მთელი ჟანგბადი არ გამოწვას სასწორის მენტალურ პროცესებში. ლომის ტემპერამენტის ნეგატიურად გამოვლენამ სასწორს შეიძლება გაქცევისკენ უბიძგოს. ნებისმიერი დისჰარმონია სასწორს წონასწორობას ურღვევს და დეპრესიაში აგდებს,რაც მხიარული მზიური ნიშნისთვის სრულიად უცხოა. თუმცა უმეტესად თანხმობას აღწევენ,რაც მათ ურთიერთობას იშვიათ ჰარმონიას ანიჭებს.

ორივე ნიშანს საშინლად აღაშფოთებს უსამართლობა. ლომი გულითადი და დიდსულოვანია, სასწორი_სამართლიანი და მიუკერძოებელი. ამ თვისებათა შერწყმით,ისინი ახლებრად ხედავენ ნებისმიერ პრობლემას,თითქოს ყველაზე უიმედო და ჩიხურ სიტუაციებსაც კი. ზოგადად,უიმედო საქმეები და დამარცხეული მხარეები უჩვეულოდ იზიდავს ამ ნიშნებს,თუმცა თავიანთ იდეალიზმში საკმაოდ პრაქტიკულები არიან და შეიძლება ამიტომ,წარმატებულებიც. თუ ვინმეს მარცხის გამარჯვებად გადაქცევა შეუძლია,ეს სწორედ ლომი და სასწორი არიან. თქვენ ნამდვილად გაგიმართლებთ ძნელბედობის ჟამს,თუ ისინი თქვენს გარშემო აღმოჩნდებიან. მზით მართული ლომი თქვენს პროტექციას ითავებს,ვენერიელი სასწორი კი ისეთ მალამოდ დაგედებათ ჭრილობებზე,ყველა იარა საოცარი სისწრაფით მოგიშუშდებათ.

ლომს ისევე უჭირს დათანხმება,როგორც სასწორს უარის თქმა. ეს ერთერთი ის მიზეზია,რომლის გამოც ისინი ასე ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. თუმცა აჯობებს უკეთესად განვმარტო.

ლომის ნიშნის ამაყი წარმომადგენელი,ჩვეულებრივ „არას“ უფრო იტყვის,ვიდრე „დიახს“,თუ რამეს უბრძანებთ. მეფეები და დედოფლები ბრძანებების გასაცემად(და არა დასამორჩილებლად) იბადებიან. თანდაყოლილი ინტინქტების წყალობით,სასწორებმა ზუსტად იციან,როგორ მოეპყრონ ლომის „ეგოს“ და როგორ გადააქციონ მისი ღრიალი კმაყოფილ კრუტუნად. სასწორი უბრალოდ ბრძანების ტონს შეცვლის,რომ ის თხოვნას დაემსგავსოს. ამას პირფერობა ჰქვია. სასწორი არასდროს ბრძანებს. ისინი გთაფლავენ,მლიქვნელობენ,გეპირფერებიან და რჩევებს გაძლევენ ტკბილი სიტყვებით. ლომი ძალიან იშვითად ხვდება,რომ სასწორი იმას აკეთებინებს,რაც მას უნდა. ოჰ,დიახ,ისინი საოცრად სასიამოვნო ადამიანები არიან,ეს სასწორები!

რადგან სასწორი ვერ იტანს დაძაბულობას,რომელიც ძირითადად იმის გამო წარმოიქმნება,რომ ლომის სამეფო ბრძანებებს ვიღაც ეურჩება,ის „დიახს“ თქმას ამჯობინებს და არა დაუმორჩილებლობის ღიად გამოცხადებას. ეს თვისება ძალიან მოსწონთ „დიდ კატებს“. ვენერიელებს კარგად ეხერხებათ ცრუ მორჩილების დემონსტრირება,როდესაც სინამდვილეში თვითონ მართავენ სიტუაციას. ვენერა არ დაირღვევს კომფორტს გაღიზიანებული „არათი“. თუმცა ეს მშვენიერი თვისება სულაც არ უშლის ხელს სასწორს დროდადრო დისკუსიას მიუბრუნდეს. ვიმედოვნებ,უკვე მიხვდით,რომ სიტყვა „დისკუსია“ სასწორისთვის სიტყვა „კამათს“ ცვლის. მაგრამ განა აუცილებელია კამათი ჩხუბში გადაიზარდოს? ეს უბრალოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლის სასიამოვნო პროცესია. ლომი იმაზე მარტივად და ხშირად სულელდება ამ  ხრიკით,ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

სასწორის უკიდეგანო ოპტიმიზმი ხშირად აღიზიანებს მზის სხვა ნიშნებს,მაგრამ ლომებს ეს ძალიან მოსწონთ. ორივე დღის მასკულინური,პოზიტიური ნიშანია და მათ ოპტიმიზმის სინათლით გასხივოსნებულებს უფრო ხშირად ნახავთ,ვიდრე სიბნელეში სასოწარკვეთილად დაღვრემილებს. ლომებს ძალიან უყვართ დაჩაგრული ადამიანების დაცვა და პროტექტორის როლში ყოფნა. თითქმის ყველა სასწორის ნიშნის ადამიანს სამართლიანობის აღდგენის დაუოკებელი შინაგანი მოთხოვნა აქვს. ეს შინაარსობრივად ახლობელი მიზნები მტკიცე საძირკველია მათი კეთილდამოკიდებული ურთიერთობისთვის. ამას გარდა,ორივე იზიარებს შემოქმედებითი თვითგამოხატვის ღრმა მოთხოვნას,უპირატესად ხელოვნების რომელიმე სფეროში,თუმცა ასეთივე ენთუზიაზმით ეხმარებიან ადამიანებს ჰოსპიტალებსა თუ  ტანსაცმლის მაღაზიებში,სიამოვნებით უთმობენ საკუთარ სახლსაც.

დროდადრო მათ შორის გარკვეული პრობლემებიც წარმოიქმნება. სასწორებს უყვართ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება,რადგან კარდინალურ ჯვარს განეკუთვნებიან. ლომსაც არანაკლებ უყვარს ხელმძღვანელობა,რადგან… ნუ,როგორ შეიძლება მეფეს ან დედოფალს მბრძანებლობა არ უყვარდეს? ლომები ფიქსირებული კვადრატის საერთო თვისებებს იზიარებენ და მათ ყველას და ყველაფრის ორგანიზების მოთხოვნა აქვთ. ფიქსირებული ნიშნისთვის რომ მორჩილება კატეგორიულად მიუღებელია,ამაზე აღარაფერს ვამბობ. თუ მათი ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა,ლომი შეიძლება განაწყენედეს ან აღრიალდეს,სასწორი კი დაბნეულობისა და მღელვარების განსახიერებად იქცეს. როდესაც მათი ჰარმონია დაირღვევა,ლომის ღირსება მედიდურობით,სასწორის თავაზიანობა კი ცივი დისკუსიებით შეცვლება.

ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა,რომ სასწორი ლომის სიამაყესა და პატივმოყვარეობას(მისი ნიშნის ძლევამოსილებას ხომ თავისთავად) ვერ გაუმკლავდება. სამაგიეროდ,ლომის სითბო,რომელიც საოცარი ენთუზიაზმისა და შთაგონების წყაროა  მისი გარშემომყოფებისთვის,შეიძლება სრულიად საკმარისია  სასწორის გასაწონასწორებლად.

სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ,რომ ლომს ყოველთვის სათანადო პატივი მიაგონ და აღტაცებულნი იყვნენ მისით. ეს არც ისე მარტივი ამოცანაა,თუმცა სასწორს ბევრად უკეთესად გამოსდის,ვიდრე მზის სხვა ნიშნებს. არავის შეუძლია ქათინაურის თქმა ისე,როგორც სასწორს და არავინ აფასებს ქათინაურს ისე,როგორც ლომი.

სასწორები გიჟდებიან სილამაზესა და მშვენიერებაზე. ლომს საკუთარი თავისთვის მხოლოდ ყველაზე დიდი და ყველაზე კარგი უნდა. ასე რომ,დუეტში შესაძლოა უზომო მფლანგველობა გამოავლინონ,თუ რომელიმეს მთვარე ან ასცედენტი მიწის ან კირჩხიბის ნიშანში არ იმყოფება. თუ მათი მნათობები იმავე სტიქიის ნიშანშია,სადაც მზე,მაშინ ფულს დაუნანებლად ხარჯავენ ფუფუნების საგნებზე. შეიძლება იმაზეც შეკამათდნენ,რაში ფლანგონ ფული.

სასწორები აღფრთოვანებულნი არიან ლომის სიმამაცით და მთების გადადგმის უნარით. ხანდახან თვითონაც კი აღმართავენ მათ,რომ სიამოვნებით უცქირონ,როგორ ანადგურებს არაჩვეულებრივი ფისო წინააღმდეგობებს. ისინი ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს გონებამახვილობაში,თუმცა მცირედი განსხვავებით: ლომის იუმორის გრძნობა ხშირად ქრება,როდესაც ხუმრობა პირადად მას ეხება. სასწორები უფრო მშვიდად ეკიდებიან მათი მისამართით გამოთქმულ ხუმრობებს.

ეჭვი არ არის,რომ ჩვენს სისტემაში მზე და ვენერა ჰარმონიულად თანაარსებობენ. „დიდი კატის“ თითქმის ყველა თვისება აღტაცებას იწვევს სასწორის ნიშნის ადამიანებში. ორივე არტისტული და სენტიმენტალურია და ძალიან უყვართ ქათინაურები. ლომი ცხოვრებისგან სიყვარულსა და ბედნიერებას ითხოვს. სასწორიც მუდამ სიყბარულსა და ბედნიერებას ელის,როგორც რაღაც ბუნებრივ მოვლენებს. მოთხოვნასა და მოლოდინს შორის აშკარა განსხვავებაა. არც ისე დიდი,მაგრამ მაინც. ლომი ძალიან ხშირად იღრინება და ღრიალებს_ის თავის უფლებას იცავს ყველა აპლოდისმენტზე. სასწორს შეიძლება ლომისთვის შეხსენება დასჭირდეს,რომ რეზინა ორივე მხრიდან იჭიმება,რომ აღმასვლას დაღმასვლა მოსდევს,რომ საგზაო შემთხვევების პრევენციისთვის საჭიროა როგორც წითელი,ისე მწვანე შუქი და ა.შ. პრინციპში,თქვენც ხომ იცით,სასწორის მთელი ეს ლოგიკური მსჯელობები. საოცარია,მაგრამ ლომი ნამდვილი თვინიერებით ისმენს ყველაფერს,ბოდიშსაც კი იხდის და ახალ გვერდზე გადადის. მზის არცერთ ნიშანს არ შეუძლია ისე მარტივად ატრიალოს ლომი თავის ჭკუაზე,როგორც სასწორს.

ცხოველების გაწვრთნის საიდუმლო მომთვინიერებლის თვალებსა და შოლტშია. სასწორის ნიშნის ადამიანებს ალერსიანი და კეთილი თვალები აქვთ,მათი შოლტი  უხილავია,დარტყმები_მსუბუქი და შეუმჩნეველი. „მუუუურრრრ“ _ კრუტუნებს ფისო. „რა არაჩვეულებრივი ხარ!“_ეცინება სასწორს და ისინი სამეფო ეტლში სხდებიან. საით გაუწევიათ? ოჰ,არ ვიცი. სადმე,სადაც ლომს წასვლა არ სურდა. რისთვის? იმის გასაკეთებლად,რაზეც ლომი კატეგორიულ უარს აცხადებდა. შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ? მართლაც საოცარია,როგორი სასწაულების მოხდენა შეიძლება რბილი დარწმუნებითა და ხავერდის შოლტით!

 

 

ლომი მამაკაცი და სასწორი ქალი

 

_რა შესანიშნავია!_თქვა ვენდიმ.

_დიახ,მე შესანიშნავი ვარ და ეს ყველასთვის ცნობილია!_

ისევ დაივიწყა თავმდაბლობა პიტერმა.

სასწორი ისე ლამაზად ამბობს ქათინაურებს,თქვენ თითქმის არფების მელოდიად გეყურებათ. ის შეიძლება ძლევამოსილი ხელმძღვანელიც იყოს,მხოლოდ თავისი გრაციოზული მანერით. მართალია, ლომი ისეთივე სიხარულით ლოკავს მის კომპლიმენტებს,როგორც მსუნაგი ფისო რძეს,მაგრამ ის უთუოდ თათს დაუქნევს და გამკიცხავი მზერით გახედავს,თუ სასწორმა მისი ცხოვრების ხელმძღვანელობა განიზრახა და განუცხადა,რომ მან უკეთ იცის,რა სჭირდება,ან სულაც მისგან სამართლიანი და მიუკერძოებელი დამოკიდებულება მოითხოვა.

ლომი ყველაფერს თავისებურად უყურებს. განა შეიძლება სხვა შეხედულება არსებობდეს? კარგი,დავუშვათ არსებობის შესაძლებლობა,მაგრამ ლომისთვის სრულიად ნათელია,რომ მისი შეხედულება ყველაზე გონივრული და სწორია. ლომი ამაში სასწორის დარწმუნებასაც შეეცდება. თავიდან რბილად,შემდეგ უფრო მკაცრად. სასწორი თავს მოაჩვენებს,რომ გაკვეთილი აითვისა,მაგრამ მოკრძალებული ქცევის მიუხედავად,არასდროს დანებდება და დასთანხმდება იმას,რომ ლომმა ყველაფერი იცის დედამიწის ზურგზე. სასწორი ყოველთვის დარწმუნებულია,რომ თვითონ აქვს სწორი პასუხი,როგორც მინიმუმ,ნახევარ შემთხვევებში მაინც. სასწორი ჰაერის კარდინალური ნიშანია,ლომი_ ცეცხლის ფიქსირებული. ასე რომ,საკითხი,ვინ უძღვება აღლუმს,ყოველთვის ღია იქნება. ლომი დარწმუნებულია,რომ დაფდაფებს თვითონ ხელმძღვანელობს,რადგან საერთო რითმს ის იძლევა. თუ ლომმა სათანადო ძალაუფლება ვერ მიიღო,კუთხეში აიტუზება და საერთოდ უარს იტყვის აღლუმზე გამოცხადებაზე. ერთ ალამსაც კი არ დაიჭერს ზრდილობის გულისთვის,რომელიც სასწორმა ასეთი რუდუნებით გაალამაზა სიტყვებით: „სიყვარული კომპრომისის ხელოვნებაა!“

სასწორ გოგონას,როგორც წესი,რბილი მანერები,მელოდიური ხმა და თვალისმომჭრელი ღიმილი აქვს. შემოდგომის ბურუსში ნათლად იკვეთება მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის სული. შესაძლოა,ლომისთვის ეს ისეთი თვალსაჩინო არ არის და თავიდან ვერც კი შეამჩნიოს,ისე გაიტაცებს მისი სილამაზე… თან მთელი ეს არფების აკორდები,როდესაც სასწორი უღიმის… იმისთვის,რომ შეამჩნიოთ,რა იმალება სასწორის ხავერდოვანი მანერების მიღმა,საჭიროა სხვა ქალი. მაგალითად,ვერძი ქალი ძალიან სწრაფად გრძნობს სასწორის ფარულ თვისებებს,რადგან თავადაც ასეთია. ამას გარდა,ოპოზიციური ნიშნები ყველაზე მარტივად შიფრავენ ერთმანეთს. ყველა ადამიანს ძლიერ იზიდავს თავისი ოპოზიციური ნიშნის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი,მაგრამ დაბნეულად იშმუშნება თავისივე სქესის ოპოზიციასთან ურთიერთობაში. კარგად დაფიქრდით ამაზე. ამ წესში უძველესი სიბრძნეა ჩადებული. სწორედ ამიტომ სასწორი ქალს,რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ,უზომოდ იზიდავს ვერძი მამაკაცები,მაგრამ,იმავდროულად,ძალიან უფრთხის ვერძ ქალებს. და ზუსტად ამიტომ ლომს ხშირად უყვარდება  მერწყული ქალები,მაგრამ მაქსიმალურად თავს არიდებს მერწყულ მამაკაცებთან ურთიერთობას. თუმცა თუ ადამიანის მთვარე ჰოროსკოპში მისი მზის ნიშნის ოპოზიციაში იმყოფება,ყველა ოპოზიციური წესი უქმდება. ბუნებრივია,სულ ვერ გავაუქმებთ,მაგრამ მნიშვნელოვნად მოდელირდება.

სასწორი ქალი უხვად იღებს წყალობას ვენერასგან_ლოყებზე ნაჩვრეტებით, ტკბილი ხმით, მომხიბვლელი ფიგურით,ეფექტური გარეგნობითა და სასიამოვნო მანერებით. მისი მზის ნიშნის მასკულინური ენერგია  მშვიდ სიმამაცეს,სასწორის სიმბოლო კი მტანჯველ მერყეობას ანიჭებს. აი,უბრალოდ წარმოიდგინეთ,როგორ გულმოგინედ წონის სასწორი ორმხრივ გადაწყვეტილებას… ამას ნებისმიერი ადამიანის ტრავმირება შეუძლია.

ლომის მმართველის მზე სიამაყისა და ვნებიანობის,დიდსულოვნებისა და გულუხვობის,სითბოსა და კეთილგანწყობის წყაროა. მზე ყველაზე ძლიერი ასტრალური ფაქტორია,მისსავე სახელობის სისტემაში. მისი სიმბოლო ლომია,რომელიც ამ ნიშნის ადამიანების მგრძნობიარობასა და აღმატებულებაზე,მის სამეფო დიდებულებაზე არის პასუხისმგებელი. სწორედ ამ სისუსტის გამო ნებდება ლომი ქათინაურებსა და შექებას. მაგრამ იგივე თვისებების წყალობით ის ძალიან დახელოვნებული საყვარელია. ვენერაც არანაკლებ სწყალობს სასწორებს მიწიერი სიყვარულის ხელოვნებაში. ორივე ძალიან ნაზია და არაჩვეულებრივად დახვეწილად გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს.

ქორწინების შემდეგ ორივე გააგრძელებს მუშაობას. დაოჯახებული სასწორები ვიქტორიანულ ეპოქაშიც კი ახერხებდნენ,ქმარ-შვილისა და ოჯახის მოვლის პარალელურად,პირადი ამბიციების რეალიზებას. მნიშვნელობა არ აქვს იურისპუდენციით დაკავდებიან თუ არქიტექუტრით,თეატრითა თუ კინოთი,წიგნების გამომცემით თუ კომეციული საქმიანობით. ორივე ნიშანი ან დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის ან ძალაუფლებისკენ,თუმცა პირველი ნამდვილად უკეთესი იქნებოდა.

სასწორს არ აკმაყოფილებს სტენოგრაფისტობა ან ვინმე ბობოლა პირის ასისტენტობა დიდი ხნით,თუმცა ამ შემთხვევაშიც სიხარულით შეეცდება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. ლომი არასდროს დათანხმდება დისნეილენდში გიდის როლს. დისნეილენდის შექმნას დიახ,მაგრამ არა ტურისტული ჯგუფების ტარებას სხვა ადამიანის ახდენილი ოცნებების ნაკვალევზე.

ლომი,რომელიც ვერსად მბრძანებლობს,უზომოდ მედუდირობს სახლში,განსაკუთრებით თავის ცოლთან. აბა,სხვას ვის უბრძანოს? თუ სასწორი მიზეზს მიხვდება,გაცილებით მშვიდი რეაქცია ექნება. არაფერი დაშავდება თუ ერთი საათით მაინც ლომს თავს ჭეშმარიტ მონარქად აგრძნობინებთ. მაგრამ ლომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეჭვდეს,რომ მისი რჩეულის სირბილე და თვინიერება ქიმიური სიზუსტით გათვლილი წამალია მისი ნატკენი თავმოყვარეობისთვის.

ამ წყვილს არ უნდა შეექმნას პრობლემები ფულის გამო. მათ თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ ფულის მიმართ. ფული სილამაზისა და კომფორტის ყიდვის საშუალებას აძლევს,რაც ორივეს ძალიან უყვარს და სჭირდება. ლომი შეიძლება ოდნავ ხელმომჭირნე იყოს,ვიდრე სასწორი. სასწორმა კარგად უნდა დაიმახსოვროს ჯუნგლების კანონი,საყიდლებსა და მაღაზიებთან დაკავშირებით: თუ სასწორს რამე უნდა,ეს ზედმეტი ფუფუნებაა. თუ ლომმა დაადგა რამეს თვალი,მიუხედავად ფასისა,უაპელაციოდ „პრაქტიკულ შენაძენად“ გამოაცხადებს. მაგალითად სამფერიანი ფანარი,რომელსაც იდაყვზე დაიმაგრებს ღამე სირბილის დროს. სხვა ქალი შეიძლება გაშმაგებულიყო ასეთი ეგოისტური გადაწყვეტილებისგან და სიმართლე,რომ გითხრათ სასწორიც გაცოფდება,თუ წონასწორობა დისბალანსში აქვს,მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის გაიღიმებს და დაეთანხმება მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოგვიანებით მაღაზიაში დაბრუნდება და იმას იყიდის,რაც თვითონ მოეწონა. ლომი არც ისე სწრაფად აღმოაჩნეს მის შენაძენს. ერთ მშვენიერ საღამოსაც რომელიმე პატივცემული სტუმარი,აღფთოვანებული აღნიშნავს,რა თვალისმომჭრელად ბრწყინავს  სანთლის შუქზე მათი ბრონზესფერი შანდლები,რომელიც სასწორმა საიდუმლო სამალავიდან სპეციალურად ამ საღამოსთვის გამოიტანა. ლომს მხოლოდ მაშინ გაახსენდება ეგოისტურად დაწუნებული ფუფუნების საგანი და სახეგაბადრული აღნიშნავს: „მისი დახვეწილი გემოვნება ერთერთი მიზეზია,რის გამოც შემიყვარდა“. მაშინ სასწორი თავისი ერთერთი ჯადოსნური ღიმილით გაუღიმებს.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია უამრავიდან,სასწორის ხავერდის ხელთათმანში დამალული რკინის ხელის სადემონსტრაციოდ. თუ იმ შეჯიბრებებს არ ჩავთვლით,ვინ შევა პირველი ლიფტში,სასწორი მშვენიერი და ჭკვიანი ამხანაგია ლომისთვის. მისი დახვეწილი მიდრეკილება ჰარმონიის მიმართ კი ამ ქალბატონის უმთავრესი ღირსებაა. სასწორი ზუსტად ხვდება,როგორ გაუხსნას ლომს შეჭმუხნული წარბები. ის ძალიან გაწონასწორებული ქალია. თუმცა ხანდახან შეიძლება სრული უგუნურებაც გამოავლინოს,თუმცა მხოლოდ მაშინ,როდესაც გაბრაზებულია. ასეა თუ ისე,ქორწინება მისი მოწოდებაა. სასწორ ქალებს იმდენად ძლიერი მოთხოვნაა აქვთ გათხოვების,ხშირად თხოვდებიან პირველივე ხელის მთხოვნელზე. მაგრამ განა პრაქტიკა არ ბადებს სრულყოფილებას?

სასწორი ქალი,მიუხედავად მისი ქალური მამაკაცურობისა,რომანტიული ფიზიკური სიახლოვის მოყვარულია და ლომს ნამდვილად შეუძლია ამის უზრუნველყოფა,თუ მოინდომა. ლომები ძალიან საყვარლები და ალერსიანები არიან. მისი ზანტი მგრძნობიარობა ზუსტად ეხმაურება  სასწორის მგრძნობიარე ვნებების მოთხოვნას. ეს გულისხმიერი ქალი სათანადოდ აფასებს რჩეულის მხურვალე სურვილებს და მათი დაკმაყოფილებაც შეუძლია. როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს,მათი ხასიათის თავისებურებები,რაც პრობლემებს იწვევს ურთიერთობის სხვა სფეროებში,სექსუალურ თანაცხოვრებაზეც აისახება,თუმცა უფრო აბსტრაქტულად. ხომ გახსოვთ ჯუნგლების კანონი საყიდლებზე? ის ფიზიკური სიახლოვის დროსაც ვლინდება.

როდესაც სასწორს ლომთან სიახლოვე სურს,ლომი კი იმ ერთ კონკრეტულ საღამოს ფიზიკურად დაღლილია,სასწორი ზედმეტად მომთხოვნია,თითქოს სულაც არ ადარდებს მისი დასვენება. როდესაც ლომი არის ინტიმური კავშირის ინიციატორი,სასწორი კი დაღლილია,ეს სიყვარულის ნორმალური და ჯანსაღი გამოვლენა იქნება,რომლის წყალობითაც ორივე უკეთესად დაიძინებს და დილითაც დასვენებულები გაიღვიძებენ. დანარჩენში მათი სექსუალური ცხოვრება მშვენივრად დაბალანსებულია.

ლომი მამაკაცი ქორწინების შემდეგ გაცილებით მიმნდობი,გულწრფელი და მშვიდი ხდება. ლომს სჭირდება საკუთარი სამფლობელო; ადამიანი,რომელსაც დაიცავს და თავდაჯერება,რომ ვიღაცას უყვარს და ყოველ საღამოს მის შინ დაბრუნებას ელოდება. სასწორ ქალს უზომოდ იზიდავს ქორწინება. ასე რომ,ოფიციალური საქორწინო კავშირი მათთვის ძალიან რეკომენდებულია. ერთად არ მოიწყენენ,ეს კი სიყვარულს აღვიძებს. ხანდახან სასწორი ნებისმიერ სისულელეს საოცარი სიმშვიდით აღიქვამს,ხანაც ნებისმიერი სისულელის გამო წარმოუდგენელ პანიკაში ვარდება და ცხარე კამათს იწყებს. შეიძლება მისი ემოციური ბალანსი იმან დაარღვიოს,რომ მას უფრო მუქი(ან ღია) თმა სურს; სამზარეულოს მაგიდას ფეხი მოერყა,ლომმა კი არ შეაკეთა; ან სულაც საწოლის გადასაფარებლის ფერი აღიზიანებს… თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს,ლომი თავისი მზესავით თბილი ღიმილით გაუღიმებს,ყველა დარდს გაუქარვებს და ისინი კვლავ სულელებივით ბედნიერები იქნებიან. დიახ,სულელები ყოველთვის სხვებზე ბედნიერნი არიან.

 

 

 

ლომი ქალი და სასწორი მამაკაცი

მათ ცეკვის ნება დართეს,

მაგრამ ჯერ საღამურები უნდა ჩაეცვათ.

 

ეს მართალია. ისინი აღმოაჩენენ,რომ მათი ურთიერთობა უფრო მარტივად შეიძენს სტაბილურობას,თუ ისინი ხშირად დარჩებიან სახლში,ცხადია,ყოველ საღამოს არა. მათი ხასიათების მთელი ჰარმონიულობის მიუხედავად,ზედმეტმა წვეულებებმა და დროსტარებამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტიც გააჩაღოს. სასწორთა აბსოლუტურ უმეტესებას ძალიან უყვარს ყველანაირ თავყრილობაზე დასწრება,თხილამურებზე სრიალით დაწყებული,ქალაქგარე პიკნიკებით დამთავრებული. ამ მამაკაცს ინტელექტუალური სალონური საღამოებიც არანაკლებ იზიდავს. მაგალითად,პატივსაცემ პოლიტიკურ კანდიდატთან ოფიციალურ ვახშამზე დასწრება. განსაკუთრებით,თუ ეს კანდიდატი თავად არის.

ლომიც იშვიათად ამბობს უარს გლამურულ წვეულებებზე. დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად მას ყურადღება უყვარს. ასე რომ,ნებისმიერი რაოდენობის ხალხის თავშეყრა მას დიდად აღარფრთოვანებს. ლომისთვის ეს უბრალოდ  ციფრების საკითხია. რაც უფრო მეტი სტუმარია,მით უფრო მეტი პოტენციური ქათინაურია. ყოველი სასწორი მამაკაცი ხასიათით ოდნავ ფლეიბოია,ნებისმიერი ლომი ქალი-ფლეიგერლი. არც ერთი დაბადებულა უდაბნოში,ხალხისგან იზოლირებულად საცხოვრებლად.

ზემოთხსენებულ რჩევაში იმას არ ვგულისხმობ,რომ ისინი ყოველ საღამოს სახლში უნდა დარჩნენ და ჰობიტებზე წიგნები იკითხონ. უბრალოდ ხშირი წვეულებები მნიშვნელოვნად ზრდის დისჰარმონიულ აკორდებს მზის ამ ნიშნების სიმფონიაში. პრობლემა რა არის? ლომის ეჭვიანობა და სასწორის მცირედ მექალთანეობა. პირიქითაც შეიძლება,ჯერ სასწორის ქალებთან ფლირტი,შემდეგ ლომის ეჭვიანობა. ბოლოს და ბოლოს, ლომი არ ეჭვიანობს უმიზეზოდ,საბაბი უნდა ჰქონდეს,რითაც სასწორი საკმარისად ამარაგებს.

არის რაღაც სასწორ მამაკაცში,რაც ნებისმიერ ქალს თავს კლეოპატრად აგრძნობინებს. ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია,ეს უბრალოდ ბუნებრივი ნიჭია,რომელსაც მშობელ ვენერას უნდა უმადლოდეს. მისი დახვეწილი მომხიბვლელობა ქალებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს,მაშინაც კი,როდესაც სასწორი უბრალოდ მარინადის გადაწოდებას ითხოვს. თუ თხოვნისას გაუღიმა კიდეც, „გადამწოდებელი“ ქალბატონი მუხლებში სასიამოვნო სისუსტეს იგრძნობს. ალბათ,ხვდებით,რომ მსგავსი სცენა სულაც არ ეამბორება ლომის მკაცრ მზერას. მოულოდნელად მას დაუოკებელ სურვილი გაუჩნდება,ლაკირებული კატის ბრჭყალები იშიშვლოს და გამძვინვარებული ჩააფრინდეს თმებში!

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ძუ ლომი,მის გარშემო ყოველთვის თავს იყრიან მისით აღფრთოვანებული მამაკაცები. ეჭვიც არ შეგეპაროთ,რომ ის თვითონ ახელებს მათ წადილს მხურვალე მზერითა და გრაციოზული მანერებით. ამიტომ,გიმეორებთ: ეჭვიანობა ძალიან სახიფათოა!.. მაგრამ სასწორის ეჭვიანობა კი არა,მისი არარსებობა,რაც ლომს ძლიერ აშფოთებს.

იცით რა არის,სასწორ მამაკაცთა უმრავლესობას მიაჩნია,რომ ეჭვიანობა უსამართლობაა. აი,რა უფლება აქვს მას,_ფიქრობს სასწორი,_ლომის უბოროტო ფლირტზე გაბრაზდეს,როდესაც მთელი ეს „მარინადების გადმომწოდებლები“ მყისვე ბუმბულების შესწორებას იწყებენ,როგორც კი ის ოთახში შედის? ასეთი ფილოსოფიური მოთმინება ძალიან არ მოსწონს ლომ ქალს,რადგან მის თავმოყვარეობას დიდად სიამოვნებს ზომიერი,ჯანსაღი ეჭვიანობა. ნებისმიერი ცეცხლის ნიშანი კარგად მიხვდება ამას. ეს იმის დასტურია,რომ თქვენზე ღელავენ. ამის მაგივრად კი,ერთადერთი პასუხი,რომელსაც ლომი სასწორისგან მოისმენს: „წადი ეცეკვე იმ მოთხილამურე ჩემპიონს,ძვირფასო. მე ბერძნულ ხელოვნებას განვიხილავ ამ სასიამოვნო სკულპტორ ქალბატონთან. ის ადამიანის სხეულს აქანდაკებს მარმარილოში. საოცარია,არა?“  ლომის თვალებში მრისხანე გამაფრთხილებელი მუქარა გაიელვებს. საბრალო სასწორი,სულ ოდნავი ინტუიცია მაინც რომ ჰქონდეს,მყისვე შეწყვეტდა ქანდაკებებით დაინტერესებას. თუმცა ხანდახან სასწორის ქანქარაც მერყეობს,მის განწყობასთან ერთად. მაშინ უთუოდ აღშფოთდება ლომის კეკლუცობით და არც მეტოქეებთან ხელჩართული ჩხუბია გამორიცხული. მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია და არა წესი. საბედნიეროდ,ეს მამაკაცი ყველა წვრილმანზე ზრუნავს,რაც მათ საზოგადოებრივ მდგომარეობას ეხება. მისი მშვიდობისმყოფელის ნიჭი განუმეორებელია,მაშინაც კი,როდესაც საქმე საკუთარ მიჯნურთან შეტაკებას ეხება. სასწორი როგორღაც ახერხებს გულისამაჩუყებელი და სენტიმენტალური სიტყვების გამოძებნას,გიჟური და რომანტიული საქციელის ჩადენას და ცეცხლის ალიც შოშმინდება. სასწორი ამას იმდენად დახვეწილად აკეთებს,იმდენად მელოდიურად საუბრობს,წუთის წინ  შეურაცხყოფილ ლომს ყველა ჭრილობა უშუშდება და პირდაპირ მკლავებში უვარდება. სიყვარული კვლავ იმარჯვებს. კაცმა რომ თქვას,თავიდანვე მარტივად შეგვეძლო ამის წინასწარმეტყველება. ეს ხომ 11-3 ფორმულაა,სადაც უამრავ წვრილმან კამათს სასიამოვნო შერიგება მოსდევს.

სასწორ მამაკაცს დანამდვილებით არაერთი სირთულე ელოდება თავის საყვარელ ლომთან. ლომის მზერა ისეთი დაბნეული არ არის,როგორც სასწორის. ლომმა კარგად იცის,რისი სწამს და არც  საკუთარი აზრების მკაფიოდ ფორმულირებას ერიდება. შეიძლება გაბრაზდეს კიდეც,თუ მისი საყვარელი სასწორი შეეცდება შეაგნებინოს,რომ სამყაროში ყველა თანასწორია. რაო? პლებეები ისეთივეები არიან,როგორც ისინი,ვისზეც ლომი ასე გულითადად ზრუნავს და მბრძანებლობს? მმართველების თანასწორნი? რა სისულელეა! ასეთი ფილოსოფია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მის სტანდარტებს,ამიტომ ჯობია არ შეახსენოთ.

სასწორ მამაკაცებს უყვართ მოულოდნელი საჩუქრების გაკეთება,რომლის წყალობითაც ლომი თავს დაფასებულად გრძნობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის,მიუხედავად იმისა მეტროპოლიტენის  ოპერის ვარკვლავია თუ ჯორების მწყემსი ანდების მაღალმთიანეთში. მას უყვარს საჩუქრები. სასწორ მამაკაცს უზარმაზარი ნიჭი აქვს რჩეულ ქალს,თავი დაფასებულად აგრძნობინოს. მათი ურთიერთობა რბილად ვარირებს დამაკმაყოფლებლიდან აღსაფრთოვანებლამდე. როდესაც ლომი გრძნობს,რომ ის სასურველი და განებივრებული ქალია,ის მზადაა ტროპიკული ვნებებისთვის. სასწორი მამაკაცი კი აღმერთებს ქალებს,რომელთაც უყვართ სექსი.

ამ ვენერიელმა მამაკაცმა კარგად იცის,რომ თუ ლომის მდიდარი ემოციების განთავისუფლება უნდა,როგორც მინიმუმ,მთვარეს და ვარსკვლავებს უნდა დაპირდეს. მზე ისედაც დაბადებიდან მას ეკუთვნის. სასწორთან ლომი გაცილებით თავისუფალია,ვიდრე სხვა ნიშნის მამაკაცებთან. შესაბამისად,მათი სექსუალური კავშირი თბილი და გულისამაჩუყებელი სიახლოვეა. კამათიც კი ახლებურ ბრწყინვალებას მატებს მათ სიყვარულს. სასწორი თავაზიანად ებოდიშება,როგორც სინანულით აღსავსე ლორდი ესექსი,ლომი_დედოფალი ელიზაბეტივით დიდსულოვნად მიუტევებს. მაგრამ სასწორმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს თავს გულგრილობისა და უყურადღებობის უფლება,მხურვალე ვნებების ან რომელიმე ამაღელვებელ მომენტში,როდესაც ლომი უნდა გრძნობდეს,რომ სასწორის აზრები მთლიანად მასზეა კონცენტრირებული. უყურადღებოდ დარჩენილი ლომი მოულოდნელად ცივდება და არც მრისხანე ბრძანებას მოერიდება: „ძილის დროა!“ ის მარტო გაემართება დასაძინებლად. ლომი არასდროს დათანხმდება მეორე ვიოლინოს როლს, სასწორის ოცნებებშიც კი,განსაკუთრებით ღამის ოცნებებში. ის ყოველთვის ყველგან და ყველაფერში პირველი უნდა იყოს და სასწორს ეს კარგად უნდა ახსოვდეს. ლომი უთუოდ გაწყვეტს სასწორის ყველა მეოცნებე მზერას და მათ  შორის დაახლოებით ასეთი საუბარი შედგება:

ლომი: ახლავე მითხარი რაზე ფიქრობ!

სასწორი: მშვენივრად იცი,რაზეც ვფიქრობ,ძვირფასო.

ლომი: არა,წარმოდგენაც არ მაქვს. მომიყევი.

სასწორი: მე იმ მშვენიერ გაზაფხულის დღეზე ვფიქრობ,რომელიც არაფრით იქნებოდა გამორჩეული,შენ რომ არ შეგხვედროდი. მზემ ისე აბრდღვიალდა,როგორც არასდროს…

ლომი: ჩვენ ერთმანეთს იანვარში შევხვდით. ზამთარში,ქარიან და თოვლიან დღეს! (აი,სასწორიც გაება.)

სასწორი(ღიმილად იღვრება): შენს შეხვედრასთან ერთად,გაზაფხულიც მოახლოვდა. მე მის სურნელს ვგრძნობდი,როდესაც პირველად დაგინახე. მეგონა,უკვე გაზაფხულდა. მე ასე მახსოვს. ხანდახან ვფიქრობ,რომ თოვლის დადნობასაც შეძლებდი. როდესაც ჩემს გულში ზამთარია,ზუსტად ასე ხდება შენს დანახვაზე.

ლომს ეღიმება და კმაყოფილი კრუტუნით მიიწევს მისკენ. სასწორის შარმმა ისევ გაიმარჯვა.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top