ლომი და ქალწული

ლომი და ქალწული

ზოგ მათგანს სურდა,მათი გემი პატიოსანი  გამხდარიყო.

ზოგსაც სურდა მეკობრულ ხომალდად დარჩენილიყო.

მან სასწრაფოდ შეწყვიტა ყოველგვარი განხილვა.

თუ ლომისა და ქალწულის  მთვარეები და ასცედენტები მათ სინასტრიულ რუკაში ჰარმონიულ ასპექტებში აღმოჩნდნენ,მათ შეუძლიათ გულღიად გაუღიმონ ერთმანეთს,ყვავილების თაიგული შეაგროვონ,თამამად ჩაკიდონ ხელები და ერთად გაუდგნენ გზას. ისინი იმდენად ბედნიერი  და იმედით აღსავსენი იქნებიან,რამდენადაც ეს ჩვენთვის,უბრალო მოკვდავებისთვის,საერთოდ შესაძლებელია.

თუმცა სანამ ამ ბედნიერებს ზურმუხტის ქალაქში გავყვებით,შეჩერება მოგვიწევს იმ ლომი-ქალწული წყვილებისთვის,რომლებმაც შემთხვევით ქვას  წამოკრეს ფეხი და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

ეჭვი არ არის,მოიძებნებიან ისეთი უკიდურესად იშვიათი ლომები და ქალწულები,რომელთა კავშირი სწრაფად გადაიზარდა სადო-მაზოხიზმში. ნუ იფიქრებთ,რომ ამ იშვიათ სიტუაციებში ლომი ყოველთვის შეუბრალებელი სადისტია,ქალწული კი უმწეო მაზოხისტი. ვინც არ უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის,მეგობრები,ნათესავები,საქმიანი პარტნიორები,საყვარლები თუ მეუღლეები,შეიძლება ასეც იყოს და ისეც. მოდით,სიტუაცია ორივე მხრიდან განვიხილოთ.

„დიდი კატისგან“ დავიწყოთ. სადიზმი ქცევის გარყვნილი ფორმაა,რომელიც თავს მაშინ იჩენს,როდესაც ადამიანი შიშისა და სირცხვილის შინაგანი კომპლექსების რთულად ჩახლართული ემოციური კვანძიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ასეთი ტიპის ადამიანთა სიყვარულს სისასტიკე და ტანჯვის მიყენების სურვილი ახლავს თან. ჩვეულებრივ კეთილშობილი  ლომები შეიძლება ხანდახან ჭეშმარიტი სადისტებივით იქცეოდნენ. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება,როდესაც მზის შვილები სასოწარკვეთილად და ამაოდ მოითხოვენ სხვებისგან მათი ავტორიტეტისა და აღმატებულების აღიარებას. თუ ეს „სხვები“ ქალწულის ნიშნით დაიბადნენ,სრულიად გასაგებია,რომ „დიდ კატებში“ სადისტური ქცევების ცდუნება ერთიორად იზრდება. მშვიდი ქალწულები ხომ განსაკუთრებული თვინიერებით გამოირჩევიან. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორც შეუძლებელია ლომი თანდაყოლილ სადიზმში დავადანაშაულოთ,ასევე შეუძლებელია ქალწულს დაბადებით მაზოხისტი ვუწოდოთ. თუმცა ქალწულის რბილი მანერების, კდემამოსილებისა და თავაზიანი მეტყველების შემხედვარეს (როდესაც არ ბუზღუნებენ),სწორედ მაზოხიზმი წამოგიტივტივდებათ თავში. ვინაიდან ლომი ყველგან და ყოველთვის მეფობას ცდილობს და იმავდროულად,ძალიან ქედმაღალია,ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ,რომ ქალწული რაღაც გარყვნილ სიამოვნებასაც კი იღებს,სამეფო კაპრიზების აღსრულებისას,წინ და უკან სირბილით… თუმცა ესეც ერთი შეხედვით.

გარკვეული დროის შემდეგ,გაოცებული ლომი  აღმოაჩენს,რომ  მორჩილი ქალწულის მოთმინებასაც აქვს საზღვარი,რის შემდეგაც თვინიერი წამებული უჩვეულოდ ენაწყლიანი ხდება. აბსოლუტურად მოულოდნელად ქალწული ლომს,მტკივნეული სიზუსტით შედგენილ,მის ნაკლოვანებათა სიას გადმოულაგებს. შემდეგ მშვიდად და ჯერ ისევ თავაზიანად,თუმცა გამაღიზიანებელი აპლომბით  და სიმტკიცით,დატოვებს სამეფო სასახლეს. ბოლო აკორდად  კატეგორიულ უარს განაცხადებს,რაიმე საქმე დაიჭიროს ყოფილ მბრძანებელთან.

და აი,როლებიც შეიცვალა. გაუბედურებული ლომი დიდხანს ეწამება მიწიერი ქალწულის  სადისტურად დახვეწილი და ცივი მოპყრობისგან. ყოფილი მაზოხისტი სულ ღერა-ღერა დააწიწკნის მწამებელს ფაფარს იქამდე,სანამ თავის მსხვერპლს სამეფო დიდებულების ამ სიმბოლოს სრულად არ მოუსპობს.

ქალწული მუდმივად დაამცირებს და აბუჩად აიგდებს ლომის ნებისმიერ მიღწევას. შვეიცარული ყველივით უხვ ხვრელებს გაუბუღრავს(და დაუტოვებს) ლომის ოცნებებს. არასდროს მობეზრდება იმის შეხსენება,რამდენად თეატრალური და მანერულია მისი ყოველი სიტყვა თუ ჟესტი… გარკვეული დროის შემდეგ,ღირსება,თავდაჯერება  და სიამაყეჩამორთმეული ლომი დაკარგული იხეტილებს სახლში,კლასში,ოფისში თუ სათამაშო მოედანზე.  „ოზის სამყაროს“ მხდალი ლომივით ნერვულად მოჰყვება კუდის ქიცინს  და,ცრემლების ღვარღვარით,სასოწარკვეთილად ეცდება სიმამაცე მოიპოვოს. არაფერია იმაზე საცოდავი სანახავი,ვიდრე მოცახცახე ჟელედ ქცეული ამაყი მონარქი.

მართალია,ეს უკიდურესი შემთხვევაა,მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ ასეც ხდება ხოლმე. თუმცა ლომი შეიძლება ურჩხულადაც გადაიქცეს. მაშინ ის გამაყრუებლად დაიღრილებს და ანგარიშმიუცემლად ეცემა ქალწულს,როგორც კატა თაგვს. შემდეგ  დიდსულოვნად მისცემს შეშინებულ ქალწულს გარიდების საშუალებას. ბოლო აკორდად კარს გაიჯახუნებს,რომ აღარასოდეს დაბრუნდეს მასთან.

ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ხშირად ახასიათებს  მზის ნიშნების ამ მოდელის ვიბრაციას,განსაკუთრებით,ცეცხლისა და მიწის კავშირში. ახლა,როდესაც  გავაფრთხილეთ, იმედი მაქვს, ორივემ სასარგებლო დასკვნები გამოიტანა თავისთვის და ჩვენც შეგვიძლია გზა განვაგრძოთ მათი ურთიერთობის უფრო ნათელი მხარეებისკენ. ასეთი კი მართლაც არსებობს.

თუ „დიდმა კატამ“ და ქალწულმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე  გაიმარჯვეს და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა მოახერხეს,სიხარულიც არ დააყოვნებს. ერთის მხრივ,ლომი თავაზიან და ერთგულ ამხანაგს შეიძენს,რომელიც გულწრფელად აღფრთოვანებული იქნება მისი მოოქროვილი ღირსებებით; მეორეს მხრივ,ჭკვიან ქვეშევრდომს,რომელსაც სამეფო პროტექციას შესთავაზებს. ქალწული ისეთ ადამიანს დაუმეგობრდება,ვინც ჭეშმარიტად იმსახურებს პატივისცემას (მას,როგორც მოგეხსენებათ,ამისთვის ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს). იმავდროულად,ლომი გულითადი,ალერსიანი და უზომოდ გულუხვია; საკმარისად ძლიერი,რომ მძიმე წუთებში დაეყრდნოს და საკმარისად მგრძნობიარეც,რომ მუდმივად საჭიროებდეს ქალწულის ყურადღებასა და მზრუნველობას. საკუთარი საჭიროების განცდა კი ძლიერ ათბობს მარტოსულ ქალწულებს.

თუ ლომი ქალწულს შთააგონებს,რომ მუდმივი კრიტიკის უფლებას არ მისცემს,ქალწული კი ლომს აუხსნის,რომ მისი მედიდური ახირებებისა და მოთხოვნებისთვის დამონობას არ აპირებს,მათ შორის თბილი და მთრთოლვარე ურთიერთობა დაისადგურებს. ეს უთუოდ მაგიაა,რადგან ქალწული ზოდიაქოს „ადამიანურ“ ნიშნებს მიეკუთვნება_ქალწული,რომელიც მოსავალს აგროვებს; ლომი კი „ცხოველურ“ ნიშნებს და მისი სიმბოლო ჯუნგლების უშიშარი მეფეა. სიმბოლურად თუ პირდაპირი გაგებით ადამიანს და მტაცებელ ცხოველს უჭირთ მშვიდობიანი თანაცხოვრება,მაგრამ თუ ასეთი რამ სადმე საერთოდ შესაძლებელია,მაშინვე,ედემის ბაღი თუ არა,მოჯადოებული ტყე მაინც გაგახსენდებათ.

რამდენადაც თეატრალური,ექსპანსიური და თავშეუკავებელი შეიძლება იყვნენ ლომები,იმდენად ნიჭიერი და გაწონასწორებული ორგანიზატორები არიან,როდესაც საქმეში მათი სიამაყე და პატივმოყვარეობა არ არის ჩართული. ლომებს საღი აზრის საოცრად დიდი მარაგი აქვთ. პრაქტიკული ქალწული ფარულად აღფრთოვანებულია მისი ამ თვისებით და ნამდვილად კარგი იქნება,თუ ამ აღტაცებას ხმამაღლა გამოთქვამს. ლომიც არანაკლებ აღფრთოვანებულია ქალწულის გულისხმიერებითა და ძალისხმევით,თუმცა ისიც იშვიათად გამოხატავს თავის გულწრფელ მადლიერებას მისი კეთილგონიერებისა და საიმედოობის მიმართ. ლომი გაცილებით  ხშირად ეყრდნობა ქალწულს,ვიდრე დანარჩენ ნიშნებს,და მას არასდროს უცრუვდება იმედი.

 

 

ლომი მამაკაცი და ქალწული ქალი

Alex Rodriguez & Cameron Diaz

_რა გქვია?

_ვენდი მოირა ენჯელა დარლინგი. შენ?

_პიტერ პენი.

_სულ ეს არის?

_ჰო._უპასუხა პიტერმა და მას ცხოვრებაში პირველად მოეჩვენა,

რომ მისი სახელი მართლაც მოკლედ ჟღერდა.

 

როდესაც ლომი ქალწულს ხვდება,მას დაუოკებელი სურვილი იპყრობს  თავისი უზარმაზარი და მოსიყვარულე გულის მთელი ძალით დაიცვას ეს საყვარელი და დახვეწილი არსება ყველა უხეში და სევდიანი განცდისგან. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ,ის თავს მცირედ უხერხულად იგრძნობს. მაგალითად,როდესაც სარკეში იხედება,ხვდება,რომ ფაფრის გაკრეჭვის დროა. შემდეგ  რამდენიმე ლაქას აღმოაჩენს თავის საუკეთესო პიჯაკზე,რომელსაც აქამდე ვერც კი ამჩნევდა და ქიმწმენდაში მიეჩქარება. ფეხსაცმელებიც სასირცხილოდ გაცვეთილად მოეჩვენება და გადაწყვეტს ახალი წყვილი შეიძინოს. მაღაზიაში ის გაოცდება იმ აზრისგან,რომ უფრო მშვიდი ტონების რამდენიმე ახალი პერანგი სჭირდება. ასე,თანდათან,ლომს ბუნდოვანი ეჭვი შეუჩნდება,რომ მისი სიტყვით გამოსვლები სულაც არ არის სრულყოფილების აპოგეა,რისიც აქამდე გულწრფელად სწამდა და დროდადრო დადუმდება კიდეც(მდუმარე ლომი?). ასე განსაჯეთ,ლექსიკონშიც კი ჩაიჭყიტავს,როდესაც დარწმუნებულია,რომ ქალწული არ უყურებს,რათა დარწმუნდეს,რომ სიტყვა,რომელიც თქვა,ზუსტად იმას ნიშნავს,რაც აქამდე ეგონა.

იცით,საქმე ის არ არის,რომ ლომი სისულელეებს ამბობს. ამასთან, ქალწულიც საკმაოდ დახვეწილი და თავაზიანია იმისთვის,რომ პირდაპირ აკრიტიკოს საყვარელი მამაკაცი(ყოველ შემთხვევაში,სანამ კარგად არ გაიცნობს)…მაგრამ ის ისეთი სახით უყურებს,მისი ლამაზი თვალების ცივ მზერაში უმცირესი კრიტიკაც კი ლომის თავმოყვარეობას მწარედ ურტყამს.

ლომი თვინიერების ზღვარზე აღმოჩნდება.  ქალწულს კი არც მათრახი აქვს და არც პისტოლეტი,ფუჭი ტყვიებით. ამბობენ,რომ ველურ ცხოველებს მუსიკა იპყრობთ. ქალწულის დახვეწილი ბუნების რბილი მუსიკა,მის კეთილშობილ მანერებთან ერთად,საშიშ მტაცებელს თანდათან თვინიერ ფისოდ გადააქცევს. თქვენ წარმოიდგინეთ,ლომი კმაყოფილიც კი იკრუტუნებს ბედნიერებისგან,როდესაც ქალწული შეაქებს.

თუ ქალწული ფრთხილად და გონივრულად იმოქმედებს,ლომთან სასწაულებს მოახდენს. ლომი გააღმერთებს მას იმისთვის,როგორ პატივს მიაგებს ქალწული. თავნება მონარქი თვითონაც ვერ შეამჩნევს,როგორ შეიცვლის ცხოვრების წესს.

გარკვეული დროის შემდეგ ლომს მღელვარება გადაუვლის და ახალ სტილში თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს. იმაზე თავდაჯერებულიც გახდება,ვიდრე ოდესმე. ლომის ისე შეცვლა,რომ  მის თავდაჯერება არათუ დააკნინოთ,არამედ გაზარდოთ,ნამდვილად იშვიათი და ბრწყინვალე მიღწევაა,რასაც ქალწული თავისი დახვეწილი გონების მეშვეობით ახერხებს. მაგრამ საკმარისია წარმატებამ ზედმეტად გაიტაცოს და სერიოზულ კრიტიკაზე გადავიდეს,ის უსაფრთხოების ზღვარს გადააბიჯებს. ეს მართლაც ძალიან ვიწრო და რთულად დასადგენი ზღვარია,მაგრამ საბედნიეროდ,სიზუსტე ქალწულთა ერთერთი უმთავრესი ღირსებაა. მას ზედოზირებული საღი აზრი აქვს და ყოველთვის დროულად იხევს უკან. ასეთ მომენტებში ჭკვიანი ქალწული შენიშნვნებიდან ქებაზე გადადის,ყველა იმ ჯადოსნური ცვლილების ხაზგასმით,რომელიც ლომმა განახორციელა_ის ხომ ისე მიდრეკილია თვითანალიზისკენ და ისეთი უჩვეულო თვითდისციპლინას ავლენს!.. პირდაპირ საოცარია!

დიახ,უბრალოდ საოცარია,როგორ შეიძლება შემოატრიალოს ქალწულმა  ის უნარები ლომის მადლიერების მიზეზად,რასაც მასში რისხვის გამოწვევა შეეძლო. ქალბატონო ქალწულო,თქვენ საოცარი ხართ! ოღონდ გთხოვთ,ახლა არაფერი გააფუჭოთ. მოთოკეთ თქვენი გადაჭარბებული კრიტიკულობა ერთხელ და სამუდამოდ და ნუ ჩათვლით,რომ თქვენი ლომი მამაკაცური სრულყოფილების იდეალი უნდა იყოს. მიეცით ზოგიერთი ნაკლის შენარჩუნების საშუალება  და მაშინ ის ბუნებრივ ადამიანად დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში,ის სწრაფად მიხვდება,რაც გაუკეთეთ და მაშინ მარტო დარჩენის საფრთხე გემუქრებათ. დაე,ხანდაან შეეშალოს,დროდადრო უგემოვნო სპორტული პერანგი ჩაიცვას და თავისი საბანკო ბალანსიც გადაჭარებებულად შეაფასოს. ჯობია გაიღიმოთ,როდესაც წვრილმანზე ერთსაათიან ისტორიას ყვება; დაუჯეროთ,რომ ისეთი კარგი მძღოლია,როგორც მას ჰგონია და არასდროს წამოაძახოთ,რომ ხშირად არსწორ შესახვევებში უხვევს,თუ სამგზავრო რუკა არ აქვს…  რა აუცილებელია უთხრათ,რომ მისი სამზარეულოში ფუსფუსის შედეგად მიღებული „რაღაც“,გადამლაშებულია ან როდესაც შხაპის ქვეშ მღერის,ყალბ ნოტებს ურევს?  რას მიაღწევთ ამით? ვერაფერს. სამაგიეროდ,შეიძლება უზარმაზარი დანაკარგი განიცადოთ,მისი სახით.

უკეთეს შემთხვევაში ამ წყვილს მშვიდი და შესანიშნავი ურთიერთობა ელის. მიუხედავად ქალწულის მიდრეკილებისა,ყველა და ყველაფერი აკრიტიკოს(განსაკუთრებით საკუთარი თავი),ამ ფორმულის ვიბრაცია საშუალებას აძლევს,ლომთან მიმართებაში გამორჩეულად რბილი და მომთმენი იყოს. მისი სიმპათია,ლომის შეხედულებების მიმართ,კარმული მეხსიერების შედეგია,რომელიც ქალწულის სულს უკვე გავლილი აქვს (ლომი ქალწულისთვის XII ასტროლოგიური სახლის ბინადარია). თუმცა ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე,რომ დროდადრო ქალწული წყობიდან გამოვა და ტვინს გაუბურღავს,მაგრამ ლომი ამ ყველაფერს საოცრად მშვიდად გადაიტანს. თუ ქალწულმა ძალიან ძლიერ დააჭირა ლომის მგრძნობიარე კუდს,მონარქი გამაფრთხილებლად დაიღრიალებს,მაგრამ არც ისე ხმამაღლა. მაშინ ქალწული თავაზიან ბოდიშს მოიხდის. და მაინც,უმცირეს გაუგებრობასაც კი  მათი ჰარმონიის დარღვევა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში,ლომი თავისი გზით წავა. ქალწულს შეუძლია  თავს დელიკატური მინიშნებების უფლება მისცეს და ლომიც დაეთანხმება მას,მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ თვითონ თანახმაა. ის ყველაფერს თავად წყვეტს,უცილობელი ავტორიტეტია და მისი ბრძნული სიტყვა ბოლო და გადამწყვეტი უნდა ყველა სერიოზულ საკითხში.

მათ ურთიერთობაში კარგი ის არის,რომ რადგან ქალწული რბილად და ხალისიანად ემორჩილება,ლომი თავს თავისუფლად გრძნობს და საპასუხოდ მზიურ სითბოს არ იშურებს მისთვის. ის თითქმის ხელშესახები კეთილგანწყობით ეპყრობა ამ ჭკვიან,თავაზიან,ნათელთვალებიან ქალს. ქალწული  ქალი ნებისმიერ სხვა ქალზე უკეთ ხვდება ლომის ჭეშმარიტ ღირსებებს და როდესაც ეს ხდება,გულითადი აღტაცება ჯაბნის მის ჩვეულ თავშეკავებას.

დედამიწის ზურგზე ყველა ლომს „უყვარს სიყვარული“ და ეს თვისება მას განუმეოერებელ საყვარლად აქცევს. ის უდავოდ მგრძნობიარე და სენტიმენტალურია. არის რაღაც მყუდრო და ამაღელვებელი მის სექსუალურ ქცევებში. მას  შეუძლია ფიზიკური სიყვარული უნაზესი ჟესტებით გამოხატოს,რაც მის პარტნიორს ემოციური საიმედოობის განცდას ანიჭებს. ამიტომ,ლომთან სექსი ერთდროულად ვნებიანიც არიას და შინაგანი სიმშვიდის მომტანიც.  ქვეცნობიერ დონეზე ეს სასიამოვნოდ ეხმაურება ყელაფერში უმანკო და სუფთა ქალწულს. ის  მომავლის რწმენით პასუხობს რჩეულის კეთილშობილებას. ლომები ფართოდ გახსნილი გულით გამოირჩევიან. აი,რატომ სარგებლობენ ისინი განსაკუთრებული სიმპათიითა და სიყვარულითა(და რატომ პატიობენ მათ ასე მარტივად აუტანელ სიამაყესა და მედიდურებას). თავის მხრივ,ქალწულის სექსისადმი სადა დამოკიდებულება ლომში  საუკეთესო სასიყვარულო ტალანტებს აღვიძებს. ერთადერთი,რასაც მათი ფიზიკური ჰარმონიის დარღვევა შეუძლია,ყოველთვის არსებული საფრთხეა,რომ ლომის რომანტიულ ოცნებებს ქალწული მოულოდნელად წვრილმან სისულელეებზე ალაპარაკებით გააუფერულებს. ლომი განაწყენებულ მზერას ესვრის. შეიძლება ბალიში და საბანიც აიღოს და მისაღებში გაძუნძულდეს. ის განდევნილი მონარქივით გაიბუტება. მაგრამ დილისკენ,როდესაც ფეხები გაეყინება,თავის რომანტიულ განწყობასთან ერთად,დაბრუნდება.

ორივეს უყვარს დიდხანს ძილი. ორივეს ნივთიერებათა ისეთი ცვლა ახასიათებს,რომელსაც რვა საათზე მეტი ძილი სჭირდება(თუ ნიშნის ტიპური წარმომადგენლები არიან). როგორც წესი,ისინი ადრე იძინებენ და ადრე იღვიძებენ. ლომს კარგად გამოძინება იმისთვის ესაჭიროება,რომ თავისი განუზომელი ფიზიკური ძალები აღიდგინოს. ქალწულს_გონებრივი ენერგიის შესავსებად,რომელსაც დიდი ოდენობით ხარჯავს წვრილმანებზე ნერვიულობაში. ლომს დღისით ძილი ან უბრალოდ წამოწოლაც არანაკლებ უყვარს,რის გამოც ქალწულს შეიძლება მოეჩვენოს,რომ ის ზარმაცია. მაგრამ ლომი მამაკაცი,ისევე როგორც ჯუნგლების ლომი,მხოლოდ ჩანს ზარმაცი. სულ ცოტა კოტრიალი და მალე ის დაამთქნარებს,ზანტად გაიზმორება და აქტურად შეუდგება რამის კეთებას: ლურსმნებს ჩააჭედებს,რამეს გადააკეთებს,სადმე გამგზავრებას ან სხვა თავგადასავლს შესთავაზებს… მოკლედ,საქმით დაკავდება.

ქალწული ქალი სრულიად აღფრთოვანებული იქნება  ლომის ყველაფრის შეკეთების უნარით,მათ შორის უმცირესი ბზარებისაც ქალწულის გულში. ლომიც არანაკლებ აღფრთოვანებულია ქალწულის კეთილგონიერებით,აკურატულობითა და მოკრძალებული მიმზიდველობით. ლომი გიჟდება,როდესაც გვერდით საამაყო ქალბატონი ჰყავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში,ის თავისი რჩეულის გონიერებით იამაყებს.

ბევრი ლომი მამაკაცი ცდილობს ისეთ ქალზე დაქორწინდეს,ვინც მას არ აღემატება,არც ინტელექტით,არც წარმომავლობით და არც ფინანსურად. მეფეს ცოლად აღფრთოვანებული ქვეშევრდომი უნდა,რომელსაც ჭკუას ასწავლის და უხელმძღვანელებს. თუმცა ბედნიერია ის ლომი,რომელსაც მიჯნური ან ცოლი წამქეზებელ ინტელექტუალურ გამოწვევას უცხადებს. ქალწულ ქალს ნამდვილად შეუძლია ამის უზრუნველყოფა.

ლომის პიროვნებას ყველაზე ძლევამოსილი მზე მართავს. ამიტომ გრძნობენ ადამიანები მასთან სიახლოვისას განსაკუთრებულ სითბოს,ხანდახან ხვატსაც. ქალწულის პიროვნებას ორი პლანეტა აყალიბებს_მისი დროებითი მმართველი მერკური და მისი ნამდვილი მმართველი ვულკანი. მერკური მას სწრაფ გონებას,სიფრთხილეს,მრავალმხრივობასა და თითქმის მუდმივ მენტალურ აქტიურობას ანიჭებს. უფრო ღრმა დონეზე ,ბობოქარმა ვულკანმა თითქმის გააღვიძა მასში უცნაური მუსიკა,რომელიც ძველი შეზღუდვებისგან განთავისუფლებას უქადის და ჰპირდება,რომ ოდესმე ის ისეთივე თავნება და უშიშარი გახდება,როგორიც მისი რჩეულია. ასეთი გარდასახვის მოლოდინი მათრობელი აზრია და შეიძლება ხვალინდელი დღის საუნდტრეკადაც იქცეს,იმ მშვენიერი მომავლის დაპირებით,რომ ისინი ერთად ამაღლდებიან მწვერვალებზე.

თუმცა ლომი აწმყოშიც  მადლიერია მხოლოდ იმის გამოც,რომ ქალწული მის გვერდითაა და კმაყოფილია,როდესაც მიწიერი რჩეული თავისი ღიმილით კურთხევას აძლევს ყველა წამოწყებაზე. ყოველ დილით,ლომის მკლავებში გაღვიძებული ქალწული,დაუმარცხებელი ოპტიმიზმის ოქროს ლენტებით გადახვეულ,მზიური სითბოს მსუყე ულუფას მიიღებს მისგან. ეს ლომის ურყევი რწმენაა,რომ წინ მშვენიერი დღე ელოდებათ და ის მართალია,როგორც ყოველთვის. განა ასე არ არის? როგორიც არ უნდა იყოს ამინდი,წვიმიანი თუ თოვლიანი,ყოველი დღე მშვენიერია,როდესაც გიყვარს და იცი,რომ უყვარხარ.

 

 

ლომი ქალი და ქალწული მამაკაცი

Guy Ritchie & Madonna

პიტერსაც შეეძლო,თავაზიანი ყოფილიყო

ის წამოდგა და დახვეწილად დაუკრა თავი.

ვენდის ეს ძალიან მოეწონა და ასეთივე ჟესტით უპასუხა.

 

 

შეიძლება თქვენ ფიქრობთ,რომ ლომისთვის ქედის მოხრა,როდესაც ის ზანტად ნებივრობს ლოგინში, ზედმეტად დიდ მოთხოვნაა მისი საყვარელ-მეგობარ-ქმარი ქალწულისთვის. დიახ,კარგ ქორწინებაში სამივე სტატუსი ჰარმონიულად შეთავსებადი და ურთიერთშენაცვლებადია. ვგრძნობ,რომ ზოგიერთი თქვენთაგანი უნდობლად იღიმის,ზოგიც_ირონიულად იცინის. არა უშავს,ბოლო სიტყვა,როგორც ყოველთვის,ასტროლოგიაზეა.

ლომ ქალზე დაქორწინებულ ნებისმიერი ნიშნის მამაკაცებს დაბეჯითებით ვურჩევ ხვალ დილით ერთი ექსპერიმენტი ჩაატარონ:  დაიწყეთ დილა ლოგინში საუზმის მირთმევით. თქვენმა ლომმა შეიძლება გაკვირვება გამოხატოს,ცალი წარბის ოდნავ აწევით,მაგრამ აუცილებლად გადაგიხდით მადლობას. ზუსტად ამ მომენტში დადექით მუხლებზე ნახევრად სერიოზული და ნახევრად არასერიოზული სახით,მისი ხელი ლოყაზე მიიდეთ და ალერსიანად უთხრით: „მხოლოდ ასე შემიძლია გაჩვენო,რამდენს ნიშნავ ჩემთვის“.

როგორ თეატრალურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს სცენა,თუ თქვენი ცოლი ლომია,ეს ქალბატონი თავისი ყველაზე მზიური ღიმილით გაგიღიმებთ,მისი თვალები გაბრწყინდება და ისეთი სიყვარულით შემოგხედავთ,საერთოდ დაგავიწყდებათ,რა სულელურ მდგომარეობაში იმყოფებით. აი,სცადეთ და ნახავთ. მართალია,ყოველთვის არსებობს იმის შანსი,რომ ის იშვილეს და დაბადების თარიღი არასწორად იცის. თუ სინამდვილეში ის თხის რქაა,აუცილებლად ჩათვლის,რომ კრამიტი დაგიცურდათ. მაგრამ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ლომი ქალი,რომელსაც ასეთი სცენა ხელოვნურად მოეჩვენება. მართლაც გასაკვირია,რამდენად გულუბრყვილოდ და დახვეწილად იღებენ ლომები პატივისა და სიყვარულის ყოველგვარ,თუნდაც ყველაზე სულელურ გამოვლინებას,როგორც სრულიად ბუნებრივსა და დამსახურებულს. ზოგიერთი ლომი ხმამაღლა ითხოვს ამას,ყველა მათგანს საიდუმლოდ სურს და დამიჯერეთ,ნამდვილად არც ერთი  იტყვის უარს.

ახლა წარმოიდგინეთ გაღმერთების ასეთი მწვავე მოთხოვნით აღსავსე ლომი ქალი,რომელსაც ქალწული მამაკაცი უყვარს. ცხადია,ქალწულსაც უყვარს ის,მაგრამ მას არათუ სენტიმენტალური სიტყვების წარმოთქმა,სასიყვარულო ბარათის შერჩევაც ეძნელება მისი დაბადების დღისთვის. ის ძალიან მორცხვია,რომ ლომს ხალხის თანდასწრებით ნაზი მზერით უყუროს,ხელის ჩაკიდებაზე აღარაფერს ვამბობ. ქალწული წელიწადში ერთხელ უტყდება სიყვარულში,მუდმივად ტვინს უბურღავს მფლაგველობის გამო და მზრუნველად ურჩევს,მეტი საიმედოობისთვის,ყოველთვის კალკულატორზე გადათვალოს ჩეკი. ამ დროს ლომი მამაცად დგას მის წინაშე,ახალ სვიტერში გამოწყობილი,ახალი ვარცხნილობითა და ახალი ფერის ტუჩსაცხით დამშვენებული. ის ზედმეტად ამაყია იმისთვის,რომ იტიროს და მზერით ემუდარება სულ ერთ ცალ კომპლიმენტს მაინც.  წარმოიდგინეთ? აბა,როგორია? სევდიანი სანახაობაა,არა? მოიცადეთ,კიდევ ერთი სცენა იქნება.

ქალწულ მამაკაცს შეიძლება,პირდაპირი მნიშვნელობით,თავბრუსხვევა და მაღალი წნევა ტანჯავდეს,თუ მას ქაოსსა და უწესრიგობაში უწევს ცხოვრება. ის სრულად უნდა განკარგავდეს თავის ცხოვრებასა და გარემოებებს,წინააღმდეგ შემთხევაში,მისი ნერვული სისტემა წყობიდან გამოვა. პრაქტიკული და კონსერვატული ბუნების ქალწული ვერ იტანს ფულის ფლანგვას. მას დიდად აღელვებს საკუთარი ჯანმრთელობა,ათას წვრილმან სისულელეზე ნერვიულობს და როდესაც მისი დამყარებული წესრიგი თუნდაც დროებით ირღვევა,ის უბრალოდ ავადდება. ქალწული სრულ პანიკაში ვარდება,როდესაც მის კერძო საკუთრებაში არსებული ნივთები იკარგება ან ფუჭდება. ხმამაღალი და დრამატული ემოციური სცენები კი სიმშვიდეს უსპობს. ქალწული ძალიან რბილი,ინტროვერტული და მგრძნობიარეა. შესაბამისად,როდესაც თავს დამცირებულად გრძნობს,გულწასვლის ზღვარზეა და ხანდახან სიკვდილსაც ნატრობს.

ახლა წარმოიდგინეთ ასეთი ხასიათის მამაკაცი,რომელსაც ლომი ქალი უყვარს. ცხადია,ლომსაც უყვარს ის,მაგრამ,იმავდროულად,ჯიუტად ფლანგავს საერთო ბიუჯეტს; ყიდულობს ყველა მოწონებულ წვრილმან ნივთს; პერიოდულად ქალწულის მაგიდაზე ყველაფერს ურევს; მის საყვარელ წინდებსა და აჭიმებს სანაგვეში ყრის,თუ მათი ფერი არ მოეწონა და იმდენადაც არ იწუხებს თავს,რომ ამის შესახებ უთხრას. დაუმატეთ კიდევ რამდენიმე შტრიხი. დიახ,აი,წარმოიდგინეთ ეს თბილი და მოსიყვარულე კნუტი,რომელიც მთელ თავის კოსმეტიკას აბაზანაში ტოვებს და უდარდელად მიმოფანტავს თეთრეულს საძინებელში,თითქოს ელოდება,რომ მოსამსახურეები ყველაფერს აკრეფენ და კარადებში შეულაგებენ. ყველა სიკეთესთან ერთად,ქალწულს სანტექნიკის ან თუთიყუშის თანდასწრებით ტუქსავს.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ  მამრობითი სქესის ამ სიფრიფანაკანიანი წარმომადგენლის შინაგანი მდგომარეობა,როდესაც ღამე,ზუსტად საწოლში ჩაწოლის წინ,ლომი თავის ყოფილებზე უყვება? ქალწული მედგრად დგას მის წინაშე,პიჟამოში გამოწყობილი (რომელიც ლომმა მათეთრებლით გაუფუჭა), უზარმაზარი ხვრელით  თეძოზე (რომლის ამოკერვაც ქალწულმა თვითონ სცადა,რის შედაგადაც  ერთი ტოტი ათი სანტიმეტრით დამოკლდა) და სანამ ლომი თავის ძველ რომანებს იხსენებს,აღელვებული ფიქრობს,რომ მაღვიძარა გატეხილია,შეიძლება ხვალ დროულად ვერ გაიღვიძოს და სამსახურში დააგვიანდეს. იმავდროულად,ის ცდილობს დაივიწყოს,რომ დღისით ლომმა მანქანის სანათი ჩაამტვრია და წინა თვის დაზღვევაც არ გადაუხდია,რადგან სახლის ინტერიერის გადაკეთებით იყო დაკავებული…

არ არის საჭირო მდიდარი წარმოსახვა იმის მისახვედრად,რა მოხდება ამ სცენის შემდეგ,როდესაც შუქს ჩააქრობენ. ლომი გაბრაზდება,რადგან მისი მეუღლე,ისე რომ ძილის არც აკოცებს,დაუყოვნებლივ დაიძინებს,როგორ იძინებენ ნერვულად სრულიად გამოფიტული ადამიანები. შესაძლოა ის უარესად გაბრაზდეს დილით,რადგან საბრალო ქალწულს მთელი ღამე ენა არ გაუჩერებია და ლომმა ვერ გამოიძინა. „ყველაფერი შენი ბრალია!“_ეტყვის ლომი მას,სარკეში თვალქვეშ შავი უპეების შეთვალიერებისას.

დიახ,ეს ქცევათა უკიდურესი გამოვლინებებია,მაგრამ ნამდვილად არ გაწყენთ,თუ ერთმანეთის მტკივნეულ ადგილებს წინასწარ გაეცნობით და გაფრთხილდებით,თუ,რა თქმა უნდა,გსურთ  სიყვარულის შენარჩუნება.

ლომის ეგოცენტრულობა,პატივმოყვარეობა და სიამაყე  ჯადოსნურად გარდაისახება დახვეწილ თავაზიანობასა და გულითადობაში, როდესაც ის საკმარის აღტაცებასა და ყურადღებას იღებს. ქალწული მამაკაცის წვრილმანი შენიშვნები და ცივი დისტანციურობა ასევე ჯადოსნურად გარდაიქმნება ნაზ მზრუნველობად,როდესაც მას თავაზიანად ექცევიან და გულწრფელად აფასებენ.

თუ ქალწულს ლომთან ურთიერთობის შენარჩუნება სურს,როგორმე უნდა მოთოკოს თანდაყოლილი მიდრეკილება კრიტიკისადმი. ლომის კრიტიკა ყოველთვის უსიამოვნებებთან შეტაკებას ნიშნავს. უმცირესი შენიშვნაც კი იმაზე მტკივნეულად ურტყამს მის მეფურ თავმოყვარეობას,ვიდრე ქალწულს ამის წარმოდგენა შეუძლია ან ლომი ღიად აჩვენებს. როდესაც  საყვარელი მამაკაცი წუნს პოულობს მის ქცევებში,საუბარში,გარეგნობასა თუ ხასიათში,ეს  მას იმაზე მეტად ტკენს გულს,ვიდრე მეგობრების  შენიშვნები. ლომის კორექტირების ერთადერთი სწორი საშუალება დელიკატური მინიშნებებია,უდიდესი ტაქტითა და სიფრთხილით გამოთქმული. მაგრამ არავითარ შემთხვევაში პირდაპირი კრიტიკა! ღია საყვედურებსა და ბრალდებებზე ხმასაც არ ვიღებ. ლომს უნდა შეუნარჩუნოთ იმის ილუზია,რომ ის უზადოა. მონარქს არავინ ეუბნება,რომ ის ცდება! მას ძალიან ფრთხილად და მოწიწებით სთავაზობენ ალტერნატიულ,უკეთეს  გეგმას. ბუნებრივად თანდაყოლილი კრიტიკის დათრგუნვის აუცილებლობამ თავიდან შეიძლება გააღიზიანოს ქალწული მამაკაცი,მაგრამ ის ან გადაეჩვევა მწარე შენიშვნებს ან სატრფოს დაკარგავს. ძუ ლომი უბრალოდ გაიქცევა მისგან,რომ კვლავ თავისუფლად ინავარდოს. ორიდან ერთია და ქალწულს მოუწევს არჩევა.

მართალია ქალწულ მამაკაცს ყოველთვის ეძნელება კომპლიმენტის თქმა,მაგრამ მან უნდა ისწავლოს თავისი ქალბატონის „შიმშილისა“ და „წყურვილის“ დაკმაყოფილება. ის ამ ხელოვნებას სწრაფად აითვისებს,როდესაც მიხვდება,რომ გულწრფელ ქათინაურს ყოველთვის შეუძლია ლომის კეთილგანწყობის დაბრუნება; რომ  სიყვარულით ნათქვამი სიტყვები  მის მძვინვარე ღრიალს ან  გაბუტულ დუმილს კმაყოფილ კრუტუნად გადააქცევს. დროულად ნათქვამი რამდენიმე ნაზი სიტყვა და თქვენ იხილავთ მის მზიურ პიროვნებას,მთელი თავისი ბრწყინვალებით. ლომი კეთილშობილი ქმნილებაა.  როდესაც მის მზიურ თვისებებს ახალისებენ (და არა ქალწულის ტონობით კონსერვატიზმის  ქვეშ მარხავენ),ის მარადიული იმედისა და ბედნიერების შადრევანი ხდება და ზუსტად ისეთ ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის,როგორიც ამ მამაკაცს სჭირდება. ის მხოლოდ მაშინ ზარმაცდება და ჭირვეულდება,როდესაც მას აღიზიანებენ ან სათანადოდ არ გამოხატავენ მისით აღტაცებას.

ბუნებრივია,ლომსაც მოუწევს ტახტიდან ჩამობრძანება,რომ  მიჯნურს შუა გზაზე მაინც შეეგებოს. მაშინ ის ნამდვილად არ  დაიწყებდა  ქალწულთან კამათს,როდესაც ეს უკანასკნელი თავის ოსპს და ლობიოს ღეჭავს. უარყოფითი ემოციები ხომ ძლიერ მოუნელებლობას იწვევს. ეს ქალი რომ ოდნავ მაინც ხვდებოდეს,რამდენად ვალდებულად თვლის ქალწული თავს,ყველა პრობლემა მოაგვაროს,რომელსაც გზაზე ხვდება,მისი უზარმაზარი მზიური გული უკარნახებდა,როგორ გაესწორებინა რჩეულის შეჭმუხნული შუბლი და როგორ გაენთავისუფლებინა ის უამრავი სულელური საზრუნავისგან. ქალწულს მტკიცედ სწამს,რომ თუ ყველაფერი ზუსტი და სრულყოფილი არ იქნება,მისი სამყარო ჩამოიშლება. მაშინ ლომი ალერსიანად შეახსენებდა,რომ სრულყოფილება თავად არ არის სრულყოფილი,რადგან ცხოვრებას მშვენიერ სპონტანურობას ართმევს და უინტერესოს ხდის. მაგრამ მან ეს რბილად უნდა აუხსნას და არა მედიდურად. ლომს ყოველთვის უნდა შეეძლოს ყურადღებით მოსმენა და ქალწულის მოკრძალებული აზრების პატივისცემა.

თუ მათ შორის ძლიერი მენტალური და ემოციური კავშირი არ არის,ნაკლებ სავარაუდოა,სექსუალურ ურთიერთობაში მიაღწიონ სიახლოვეს. მათი სასიყვარულო კავშირი ხანდახან ვერ დააკმაყოფილებს ლომის სპონტანურ სურვილებს და მაშინ,მისი მკაფიო უკმაყოფილება მეტად დაამცირებს და  დააკომპლექსებს ისედაც მორცხვ ქალწულს. ლომის გახსნილობამ შეიძლება საერთოდ დათრგუნოს მისი სექსუალობა. თუმცა არც ქალწულური კრიტიკაა დროული და რეკომენდებული. ქალწულმა თავს დიდი თავისუფლებისა და ენთუზიაზმის უფლება უნდა მისცეს სექსუალურ თვითგამოხატვაში, იმის მისახვედრად,რომ ფიზიკური სიყვარული ორივეს თანაბრად სჭირდება. მას არ უნდა ეშინოდეს უარის მიღების. თუ ქალწული საკუთარ გრძნობებს არ დათრგუნავს,ის მიხვდება,რომ ქალისა და მამაკაცის ფიზიკური ერთობის განცდა რაღაც იმაზე მეტია,ვიდრე კონტროლირებადი ნაზი ჟესტების გაცვლა. თავის მხრივ,ლომმაც უნდა შეიგნოს,რომ ვნება ხანდახან ჩურჩულივით ჩუმია. ხშირად,ერთერთი რაც მათ სრული დაკმაყოფილებისთვის სჭირდებათ,ურთიერთობის გადახალისება და უმცირესი დამატებითი ძალისხმევაა,რომ ერთმანეთის სიღრმისეულ მოთხოვნებს ჩაწვდნენ,რაც არც ისე განსხვავებულია,როგორც  ეჩვენებათ.

ქალწული მისთვის შეიძლება განასახიერებდეს ემოციურ ან სხვა ტიპის საიმედოობას. ამასთან,ლომი ბედნიერების არაერთ გაკვეთილს მიიღებს ამ ჭკვიანი და კეთილსინდისიერი მამაკაცისგან. დროთა განმავლობაში ქალწული აუცილებლად უფრო მომთმენი გახდება მისი დამოუკიდებელი და იმპულსური ტემპერამენტის მიმართ,როდესაც ისინი უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს. თუ ლომმაც გამოიჩინა მოთმინება,ის შეამჩნევს,რომ ქალწული ჩუმად ამაყობს მისი სილამაზითა და მიღწევებით. ლომი ქალისა და ქალწული მამაკაცის სიყვარული იმ კოცონს ჰგავს,რომელიც ნელა,მაგრამ  დღითი-დღე სულ უფრო ძლიერ ღვივდება,თუ მას უფრთხილდებიან და იცავენ,როგორც ქარის,ისე ეგოისტური გამოხდომებისგან. ქალწული უჩვეულოდ ჩუმი ადამიანია,ხანდახან ზედმეტად მგრძნობიარე,ხანაც სრულიად უგრძნობი,მკაცრად გაწონასწორებული და მოწესრიგებული ემოციებით. მაგრამ მისი სული ნეტარ სიჩუმეში ცხოვრობს. ვინ იცის,ეგებ მისი განსჯების ცივ მარმარილოს დარბაზებში ლომის სულმაც სიმშვიდე ჰპოვოს…

როდესაც მათ თანაცხოვრებას  მონოტონურობა ემუქრება,ლომმა მოულოდნელად უნდა გახსნას დარაბები,მზე შემოუშვას და მათ სიყვარულს მეორე სუნთქვა შთაბეროს. საინტერესოა,რა მოხდება,თუ ერთ მშვენიერ დილასაც ლომი მიართმევს ქალწულს საუზმეს ლოგინში? კარგი იქნება,თუ ამას სისხამ დილით გააკეთებს,რადგან ქალწულს დიდი დრო დასჭირდება იმის მოსაფიქრებლად,როგორ გადაუხადოს მადლობა. თან,იმაშიც ხომ იყოს უნდა დარწმუნებული,რომ მის „წესიერს“ სამსახურში არ დააგვიანდება.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top