მამაკაცთა მოხმარების ინსტრუქციები

მამაკაცთა მოხმარების ინსტრუქციები

ვერძი მამაკაცი

ვერძ მამაკაცს თავი სუპერმენად მიაჩნია და ამიტომ მაქსიმალურად ავანტურისტ ქალბატონს ირჩევს.

თქვენი სამოქმედო ტაქტიკა: ჩაიცვით კარდენი,იპკურეთ შანელი და წინ ყოველგვარი გლამურული წვეულებებისკენ,სადაც ფურორს მოახდენთ თქვენი გარეგნობით.

გინახავთ ქარბორბალა როგორ ანადგურებს თავის გზაზე ყველაფერს? ზუსტად ასეთი აგრესიული მაჩო გახლავთ ვერძი. ასე რომ,თუ თქვენ თვითმკვლელი კამიკაძე ხართ,თამამად დაუკავშირეთ თქვენი ბედი ამ  ტროტილოვან ქმნილებას. რა საჭიროა თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ გადმოხტომა ან კანიბალებიან კუნძულზე დასახლება,როდესაც ეს ადრენალინის ტომარა გყავთ გვერდით?

“არ შეიძლება!.. არ გააკეთო!” და საერთოდ,ყველა ამკრძალავ წინადადებას მისი სმენა უბრალოდ ვერ აღიქვამს. იმავე წუთას მიწაზე გაგორდება და ფეხებს გაფშიკავს,ბოლო ხმაზე ღრიალით: „მინდა!“ თუ თქვენ წინაპრებში არ გყოლიათ მსგავსი მაგალითი და უნარი არ შეგწევთ აღკვეთოთ მისი უმსგავსო სურვილლები,მაშინ მოგიწევთ მთელი ცხოვრება მის გვერდით,მიწაზე,გატარება.

ამ ლამაზმანი მაჩოს მამაკაცური ჰაბიტუსი წუთში 220 ჯერ ტრიალებს,აზრები და სურვილებიც სინათლის სისწრაფით ეცვლება.

აჰ,რომანტიულია,ჰო? ძალიან უყვარხართ?  ყურში ვნებიან სიტყვებსაც გეჩურჩულებათ? ვიცით,ვიცით. ისწავლეთ ამ დროს მოზღვავებული გრძნობების კონტროლი,თორემ ისიც ვიცით,რომ ეს სიტყვები იმწუთიერი აღტკინებით არის ნაკარნახები და ხვალ სხვა ქალი შეუყვარდება. ყველაფერში დამნაშავეც თქვენ იქნებით,ეს თქვენი ბრალია,რომ ერთ საათში პრინცესადან ბებრუხანად იქეცით და ცხოვრებას უწამლავთ.

და როგორი ხელგაშლილია?! ყველაფერს მოგცემთ,არაფერი ენანება და თქვენგანაც ასეთივე თავგანწირვას მოითხოვს. რა მოხდა ახლა,თუ თქვენ ოკეანეში ერთი მთლიანი კუნძულის მესაკუთრე ხართ,მას კი გაცრეცილი ჩემოდნის და კბილის ჯაგრისის მეტი არაფერი აბადია? სამაგიეროდ,რამხელა რომანტიკაა???

კიდევ ერთი დარიგება! მისი ყველა პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა იქცეს თქვენს პრობლემად. პრობლემების გადაჭრა აუცილებელი არ არის,ამას თავადაც მშვენივრად ახერხებს. თანაგრძნობა კი აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მაგალითად,შესაძლოა შუა თათბირის დროს დაგირეკოთ ბიოლოგიურ კანონებზე აღშფოთებულმა,რომ ცხვირზე მუწუკი გამოუვიდა. დაიკიდეთ შეფი და ესოდენ რთული დილემა_სამსახურის დაკარგვა თუ ვერძის_თქვენი აღშფოთებული მაჩოს სასარგებლოდ გადაწყვიტეთ.

 

 

 

კურო მამაკაცი

საარაკო კურო მამრის ცხოვრების მეგზურად დათრევა არც ისეთი რთულია,როგორც ეს თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ. აი, ბუნების ამ საოცრების,ქალთა რჩეულისა და შინაური ცხოველების დიდი მოყვარულის გვერდით შენარჩუნება უკვე სხვა საქმეა.

თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ,რომ კურო პრაქტიკული და დამიწებული სუბსტანციაა,ამიტომ მისი შინაგანი და გარეგანი ორგანოები იმართება წმინდა სამებით:

1. ჭამა

2. სექსი

3. ძილი

შეუქმენით პუნქტობრივად დამაკმაყოფილებელი გარემო_განსასვენებელი ტაძარი. აუშენეთ ტკბილი ოაზისი, მყუდრო თეთრი დივნითა და ფუმფულა ბალიშებით,სადაც ის მთელი დღის მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ,ოჯახის კეთილდღეობისთვის,რაღა თქმა უნდა,ასეთი დაღლილი და ღონემიხდილი მიასვენებს სულს (წაიკითხეთ,როგორც საჯდომი). მისი ნავსაყუდელი ლოჟა უნდა იქცეს წმინდა სამრეკლოდ,რომელსაც თვალწარმტაცი მხევალი(ანუ თქვენ) უხვად აავსებს ძღვენით.

*ძღვენი აუცილებლად უნდა იყოს კულინარული ან პორნოგრაფიული ჟანრის,ორივე ერთად მთლად უკეთესია.

თუ ამ რჩევებს შეასრულებთ,ვერავითარი ფორსმაჟორული გარემოება,იქნება ეს ომი, გრიგალი, გლობალური დათბობა თუ არმაგედონი,ვერ წაგართმევთ ამ მარად დაქანცული სულის (წაიკითხეთ,როგორც საჯდომი) არსებას.

კურომ რომც გიღალატოთ,მისი გაგება შეიძლება,ვნება_წამიერი სისუსტე. სადისტ მშვილდოსანს კი არ ჰგავს,მოწყენილობისგან ყველა კაბას რომ ეპოტინება.

მართალია,ზოგჯერ გაჯიუტება იცის,„დასაძინებლად დაწოლაზე” უარის თქმა,მაგრამ მასთან მოლაპარაკება ყოველთვის შესაძლებელია. თუ საძინებელში შეიტყუეთ და არ დაეზარა,ყველაფერს წალეკავს. ყველაფერს რა ახლა… თქვენ.

 

 

 

ტყუპები მამაკაცი

ტყუპებ მამაკაცთან ურთიერთობა 1001 ღამის ზღაპრებს ჰგავს. ენაგატლეკილ შეჰერაზადაზე ხომ გსმენიათ? ჰოდა,თქვენი ცხოვრების მთავარი როლიც განსაზღვრულია. რა თქმა უნდა,ის თავის სოფელში ყველაზე სახელგანთქმული მეზღაპრეა,მაგრამ მოსმენაც ძალიან უყვარს,თან რაც შეიძლება დაუჯერებელი ამბების.

არ იწამოთ მისი სიტყვების,ისწავლეთ სიმართლის და სიცრუის გარჩევა,მის ყველა ნათქვამში რაციონალობის მარცვალი ეძებეთ. გახსოვდეთ,რომ მისი გრძნობები იმწამიერი და ელვის სისწრაფით ცვალებადია.

იყავით თეატრალური,ესთეტი და მჭევრმეტყველი. აითვისეთ რიტორიკისა და ორატორობის საფუძვლები. გაჟღინთეთ თქვენი მეტყველება უცხო სიტყვებით. რაც შეიძლება მეტი ლინგვისტური მრავალფეროვნება! მხოლოდ ასე თუ აღაგზნებთ მის მთავარ ეროგენულ ზონას_ტვინს.

თუ თქვენ დამოუკიდებელი ქალი ხართ,მამაკაცებთან თანასწორობა გხიბლავთ და არაფერში  გჭირდებათ საიმედო  მამაკაცი,თამამად აირჩიეთ ტყუპები. თუ ქარაშუტაც ხართ და თავისუფლებაც გიყვართ,პირდაპირ თქვენზეა ზედგამოჭრილი. აი,წარმოიდგინეთ,მაღაზიაში ასანთზე ორშაბათს გაგზავნილი,პარასკევამდე აღარ დაბრუნდება. რაც გინდათ,ის აკეთეთ.

მაგრამ თუ თქვენ მესაკუთრე და ეჭვიანი ქალი ხართ,მაშინ ტყუპებთან ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევთ. “გავალ,გავივლიზე” რომ გაიწევა,თუ დოინჯი შემოიყარეთ „ჯერ შარვალს დაგიუთოვებო“,ჩათვალეთ,რომ დაკარგეთ თქვენი ორთავიანი. ამიტომ,არავითარი ვალდებულება არ დააკისროთ. ისეირნოს და იაროს სადაც უნდა და რამდენიც უნდა. თქვენ,მის არყოფნაში,ჭკვიანური წიგნები წაიკითხეთ,რამე ფროიდის პონტში; პრესას გაეცანით,ყველა საქმის კურსში რომ იყოთ. შემობრუნდება თუ არა,ეცით პირდაპირ კარიდანვე: საფრანგეთში პრეზიდენტი შეცვალეს… ურუგვაიში 127-ე რევოლუციაა… მელ გიბსონს რუსის ნაშა უჩივის… ბოლოს კი,ბონუსად,ამინდის პროგნოზი და სპორტული ინფორმაციაც მიაყოლეთ. და ასე,იცხოვრეთ სიამტკბილობაში… შემდეგ გასეირნებამდე.

თუ ამ ინსტრუქციებს მიჰყვებით,ეს მოსეირნე ყმაწვილი მუდამ თქვენთან დაბრუნდება,რადგან მისთვის ფიზიკური განშორება არაფერია. მთავარია,თქვენთან სულიერ სიახლოვეს გრძნობდეს.

ჰო,კიდევ გაორება უყვარს ხოლმე,აი,პირდაპირ თქვენს თვალწინ: დილით ყავას მოგიცუნცულებთ ლოგინში,ღამით მოკეთეებს გაგინებთ. სურვილებიც რომ წყვილ-წყვილად აქვს? ორი სამსახური უნდა,ორი ჰობი,ორი ცოლი,ორი საყვარელი… მოკლედ,ამ ჰიბრიდთან ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.

ნუ ჩაუსაფრდებით სიტყვებზე,საკუთარ ბრძნადმეტყველებებზე პასუხიმგებლობას მაინც არ აიღებს. სამაგიეროდ,ნებისმიერ კომპანიაში ვარკვლავივით ბრჭყვიალებს: თვალები უგიზგიზებს და მახვილ-მახვილ ფრაზებს ისვრის,თან რა ენციკლოპედისტია?! არა,არა,ხალხში ნამდვილად არ შეგარცხვენთ.

მოთმინება,მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. მოიმარაგეთ დამამშვიდებელი აბები და ხალხური მედიცინის დამაწყნარებელი საშუალებები. რომელი? ჰკითხეთ თქვენს ქამელეონს,აუცილებლად ეცოდინება.

კირჩხიბი მამაკაცი

“ბიტუნას ფიები უნდა!”

დიახ,დიახ,არაფერი მოგესმათ,თქვენს პაწია კირჩხიბს შია. კიდევ ფიშები უნდა ქნას,ქაქები… ჰო,ის ახალი BMW კუპეც უნდა,ლურჯი ფერის (ზუსტად ლურჯი,მჭახე ფერმა შესაძლოა მისი მგრძნობიარე ემოციური სამყარო დააზიანოს). ალბათ,უკვე მიხვდით,რომ მთელი ცხოვრება მკაცრი დედიკოს როლის თამაში მოგიწევთ:

“როგორ ხარ,პაწუკა?”

“კაგად,დედუკა”

“ჭამე დღეს,საყვარელო?.. დღემ როგორ ჩაიარა,ბაჭია?.. ბოროტმა უფროსებმა ხომ არ გამიბრაზეს ჩემი ლეკვი?..”

ასევე გააგრძელეთ. კარგი ყოფაქცევითვის პერიოდულად წაახალისეთ ქინდერ სურპრიზებით. თუ ცუდად მოიქცევა,კუთხეში დააყენეთ. ყურადღება და თქვენი საზოგადოება მოაკელით_იგრძნოს განსხვავება. მოუგონეთ კნინობით-ალერსობითი ზედმეტსახელები: ბარტყი, ლეკვი, კნუტი, ბაჭია, კოზაკი, ციკანი, ბახალა…

დაიწყეთ დილიდანვე მოსიყვარულებით: „რა უნდა ჩემს ბაჭიას?”

“ბაწიას ნწაი ტკურია”

კირჩხიბ მამაკაცს ხშირად ეჩვენება,რომ თქვენ ის არასკმარისად გიყვართ. მისი სამყარო ნგრევას იწყებს,დეპრესიაში ვარდება და ეს ეგოისტი ყველა ახლომყოფს თან ჩაიყოლებს. ასეთ დროს ის ლოყების დაბერვისა და „ნალექების” ტაქტიკს მიმართავს. დამშვიდდით,ეს დროებითი მოვლენაა. კირჩხიბი,როგორც საკმაოდ მოქნილი(გაქნილიც) არსება,ცოტა ხნით ჩაწვება,წაიკრუსუნებს და სულ მალე საოცარი სიმარტივით გადაერთვება ახალ მოვლენებზე.

თქვენი ვალია იყოთ მზრუნველი დედიკო და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა აქვე გაფრთხილებთ,რომ პერიოდულად მოგიწევთ სხვადასხვა საეჭვო ქალის ატანა მის კალთაში. თქვენი საყვარელი კირჩხიბი ყველა ქალში დედობრივ ინსტინქტებს აღვიძებს და თქვენს გარდა,კიდევ ბევრ ქალს სურს მასზე ზრუნვა… და ის სულაც არ არის წინააღმდეგი.

გიყვარდეთ დოზირებულად და ადეკვატურად. კარგად იქცევა? (ჭამის წინ ხელებს იბანს; წინდებს თვითონ ირეცხავს),დედა ტერეზა ხართ; ჩადგება ცხვირაწეულ პოზაში?_ბოროტი დედინაცვალი.

 

 

ლომი მამაკაცი

ლომი მამაკაცი არის „მე ისეთი კარგი ვარ,გული თვითონ მიჩუყდება” სერიული გამოშვება. გრძნობთ,რამხელა პათოსია? ამიტომ თვალს გაახელთ თუ არა,მოიდრიკეთ მუხლი,მოიხარეთ ქედი და წავიდა: „ოოოჰ,ჩემო გზამკვლევო ვარსკვლავო!.. ულამაზესთა შორის ულამაზესოო!.. (იმ შემთხვევაშიც,თუ მსუქანი და მელოტია) ბრძენთა შორის ბრძენო!.. კეთილშობილო და დიდსულოვანო,მზის სადაროო..”  და რაც ყველაზე მთავარია: „…ჩემო სულგრძელო და ხელგაშლილო!” აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს არტისტულ მონაცემებსა და მონდომებაზე,რაც უფრო ტკბილად დაუამებთ სმენას,მით უფრო ხელგაშლილი იქნება თქვენს მიმართ.

დილიდან დაღამებამდე(ღამე განსაკუთრებით) ატრიალეთ „ოჰ,ჩემო…” ფირფიტა და თქვენ იხილავთ,როგორ გადაიქცევა ცხოველთა მეფე შინაურ ფისოდ. მოკლედ,ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ,ერთი სატრფიალო სონეტით მისგან ყველაფრის მიღება შეიძლება.

ქალწული მამაკაცი

ქალწულთან ურთიერთობაში მთავარია კულტურა!

თუ თქვენი მამაკაცი ქალწულია,გაგიმართლათ. ცხადია,თუ თქვენ თვითონ მხიარული და ამჩატებული ქალი არ ბრძანდებით,რადგან ამ შემთხვევაში,მოწყენილობისგან მოკვდებით. მოკლედ,თუ ძველი ყაიდის ქალი ხართ,თქვენ წილად გხვდათ ბედნიერება, გვერდით გყავდეთ სუფთა და აკურატული მისტერ „წესიერი”.

და რა ყურადღებიანია… ყველა მნიშვნელოვანი თარიღი ახსოვს და არამხოლოდ ახსოვს,გილოცავთ და საჩუქრებსაც გჩუქნით… ნუუუს,სექსში ვერ გაგიმართლათ,ერთფეროვანი ყუმია. სამაგიეროდ,ერთგულებაში ქალწულ კაცს ვერავინ შეედრება.

წარმოაჩინეთ საკუთარი თავი შესაბამისად: თქვენ კარიერისტი ქალი ხართ. სამსახურს კი აფასებთ, მაგრამ ზომიერად და ოჯახისთვისაც გრჩებათ დრო. დახვეწილად მეტყველებთ,ცუდ სიტყვებს არ იყენებთ. პირიქით,ზრდილობა და თავაზიანობა ხაზგასმით: კეთილი ინებეთ,თუ შეიძლება,გეთაყვა,თუ არ შეწუხდებით…

თმები ღერა-ღერად დაბბბარცხნილი,ტანსაცმელი დაუთოვებული,დახარისხებული,დაწყობილი… ბრწყინვალე ცოლი,შესანიშნავი დიასახლისი,სამაგალითო დედა. თქვენს სახლში ყველაფერი სისუფთავისგან უნდა ლაპლაპებდეს,აბაჰ?!

აი,აქ უკვე ფრთხილად!.. ქალწული მამაკაციც ჩვეულებრივი მოკვდავია და 24/7 ზე წესიერად მოქცევა,მასაც არ შეუძლია. ამიტომ, შეიძლება მოულოდნელად ისეთმა „სიბინძურეებმა”  გაიტაცოს,რისგანაც მთელი ცხოვრება იცავდა თავს. ერთი-ორჯერ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან „გასეირნება“ აპატიეთ. მისთვის ფიზიკური ღალატი ღალატად არც განიხილება. ნანახი გაქვთ “სამხედრო-საველე რომანი”? გახსოვთ როგორ გაიქცა მისტერ წესიერი მასტალებელი ცოლისგან ღვეზელების გამყიდველთან? საბედნიეროდ,თქვენ თუ ასეთი რამ დაგემართათ,ისევე როგორც კინოში,მისი თანდაყოლილი წესიერება გაიმარჯვებს და საბოლოოდ,მაინც წესიერად მოიქცევა.

თქვენ კი შეეცადეთ ცხოვრებაში „სიბინძურის”დეფიციტი შეუვსოთ(სექსში). მხოლოდ ინიციატივა თქვენს თავზე არ აიღოთ,მორიდებულ და კარგად დაშიფრულ სიგნალს დაელოდეთ მისგან.

ერთი სიტყვით, მოგიწევთ 3-4 საათის გატარება აბაზანაში,დიდი ოდენობით საწმენდ-სარეცხი საშუალებების შეძენა და სისუფთავისა და აკურატულობის სამუზეუმო ექსპონატად ქცევა. ამასთან,რამე ისეთ თანამდებობაზე უნდა მუშაობდეთ,კეთილხმოვნად რომ ჟღერდეს.

სასწორი მამაკაცი

სასწორი მამაკაცი არის დანჯღრეული ზაპოროჟეცი,რომელსაც თავი C კლასის მერსედესი ჰგონია. მასთან უნდა იყოთ არაპროგნოზირებადი და ცელქი,უგონო გიზზზობებზეჰ წამსვლელი. იმავდროულად,საჭიროა იყოთ მკაცრი და თვითმყოფადი. აჩვენეთ,რომ ნამდვილი წაკლა ხართ,საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი_ასეთ ქალებზე ჭკუას კარგავს. ძვირფასი ფრანცუცული სუნამოები,თამამი აჟურული თეთრეული… ჰო,მართლა, ფერთა გამაში არ გადააჭარბოთ,მათ მხოლოდ პასტელის მშვიდი ტონალობები მოსწონთ. თქვენი მოქმედების ტაქტიკაა: ანგელოზისსახიანი ეშმაკი.

სასწორი არის მარადი ბუზიკინი „შემოდგომის მარათონიდან”,თან რომ უნდა და თან რომ ვერ შეუძლია. გადაწყვეტილების მიღებას თავისით ვერა და ვერ ახერხებს. ყველაფერი,მის მაგივრად,თქვენი გასაკეთებელია_ტვინიც თქვენ უნდა იჭყლიტოთ და წინდებიც თქვენ უნდა ურეცხოთ.

კიდევ მოხეტიალე და მექალთანე რომანტიკოსია. ასეთ მეზღვაურს ყველა პორტში ჰყავს „დაქალი”. თუ ურთიერთობა არ გამოვიდა,დიდი ხნით ცრემლების ღვრას არ მოჰყვება. აბა,რისთვის არის დედამიწაზე ამდენი საყვარელი ლამაზმანი? ის თავადაც ძალიან საყვარელი და მეგობრულია(თავისი გაგებით). რეალურად კი მოკლე დისტანციებზე მორბენალი სპრინტერია,ელვისებური სისწრაფით ინთება და ქვრება.

„თავისუფლება,თანასწორობა და ძმობა!”_ამ შაყვარლობის ცხოვრებისეული დევიზია,რომელიც მხოლოდ მისთვის მუშაობს. თქვენ? თქვენ მარადი პენელოპა ხართ,ოდისევსის მოლოდინში.

სასწორს ყოველთვის ორმაგი სტანდარტები აქვს. სიტყვაზე, ავიღოთ მისი ცნობილი დახვეწილი გემოვნების მოთხოვნები_ალბათ,უკვე იცით,როგორ აღიზიანებს სამზარეულოდან გამომავალი მძაფრი სუნები და მყვირალა ფერის შპალერი… ამ დროს თვითონ ნამდვილი გოჭია. მის სახლში მიმოფანტულია ჭუჭყიანი წინდები და ტრუსები, სახლში ბათინკებით დაბოდიალობს,თქვენ კიდევ მისი თანდასწრებით სახეზე კრემი არ უნდა წაისვათ,წარბები არ დაიპუტოთ,ხალათით და შლოპანცებით არ იაროთ და რა უბედურებაა ეს ბიგუდებიანი თავი??? ასეთ სანახაობას ეს ფაქიზო ესთეტი ვერ გადაიტანს! გარესამყაროს ჰარმონიული აღქმა ერღვევა თურმე ყმაწვილს.

რა? სხვაგან სად უნდა მოდუნდე,თუ არა საკუთარ სახლში?

არა! თქვენ სახლში კულტურული არსება გყავთ,რომელიც ყველაფერში ესთეტიკას მოითხოვს.

რამ გამოგაშტერათ? და არ გინდათ ახლა თავის მართლება: რა საყვარელია… რა ტკბილად ირეკლება მის ანგელოზის სახეზე ღიმილი… და ვენერას ცნობილი ნაჩვრეტები ლოყებზე, აჰ…უჰ…

სასწორი ანგელოზის და „ჩვრის” ნიღაბს გულუბრყვილო შტერების მისაზიდად ირგებს. ხომ გეგონათ თავიდან, რომ მისი მართვა უადვილესი იყო?.. ბებიათქვენისამ!

სასწორი ერთმოყვარეა_მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. კონკრეტული ქალი,როგორც ასეთი,მას საერთოდ არ აინტერესებს. თავის წარმოსახვაში შექმნილი ხატება ჰყავს და მას ეთაყვანება. ამიტომ,თქვენ ხშირად აღმოჩნდებით გაუგებრობების წინაშე: დღეს თუ მისთვის ყველაფერი ხართ,ამაღელვებელი ერთგულებით ჩაგცქერით თვალებში,კვარცხლბეკზე აჰყავხართ და ფეხებში გიგორდებათ,კუდის ქიცინით,პინა შეირხა და…. თქვენ მის ფერხთით უბრალო მტვრად იქეცით.

დაგვიჯერეთ,ამ დროს სულ ფეხებზე ჰკიდია თქვენი გრძნობები და ემოციური განცდები. ის სულმოკლე და ენერგეტიკულად გაუმტარი არსებაა. უყვარს კამათი და პირზე დუჟმომდგარი საკუთარი სიმართლის მტკიცება.

რა უნდა უყოთ ამ მორალურ მახინჯს,რომელიც თქვენს ცხოვრებას 50/50 ზე თამაშად აქცევს?

თქვენ უნდა გქონდეთ სამკვდრო ჩაჭიდება და კანატის ნერვები. ის დამოკიდებული უნდა იყოს თქვენზე ყველგან და ყველაფერში. იყავით მტკიცე და ინიციატივიანი,გრამი მერყეობაც კი არ დაიშვება! გამოიმუშავეთ თავდაცვა მისი ცაკალელი ფიზიონომიისგან. თქვენი მიზანია დაარწმუნოთ,რომ მხოლოდ თქვენთან მიაღწევს ნირვანას(ან წონასწორობას,რომელსაც ასევე გამუდმებით ესწრაფვის,მაგრამ თავისით არც მისი მიღწევა  შეუძლია). განუვითარეთ აზრი,რომ თქვენი დაკარგვით,ყველაფერს გამოემშვიდობება, მოუწევს ჯოჯოხეთში ამოჰყოს თავი და მისი მფარველი ანგელოზი მხოლოდ თქვენ ხართ და უთქვენოდ სრული არარაობაა.

სასწორის არშეყვარება რთულია: გალანტური და მანჭია მაიმუნის უზომო მომხიბვლელობა ნებისმიერს აურევს თავგზას.

მორიელი მამაკაცი

მორიელ მამაკაცთან ყველა დროისა და ყველა ხალხის ყველაზე ცნობილი ინტრიგანი კარდინალი რიშელიე სახსენებლადაც არ ღირს.

დიადი მსახიობი,გენიალური მოთამაშე და სექსუალური ათლეტი ერთ ფლაკონში.

ძველი მეომარი ცხვრის ფარაში მოხვდერილ ბებერ მგელს ჰგავს_გამოცდილია,ცბიერი და დაუნდობელი.

მას იტაცებს თავად ნადირობა-თამაშის პროცესი. ყველაფერს ცდის: მოგთაფლავთ, მოგხიბლავთ, „დაგემორჩილებათ”,გიყიდით… არ დანებდეთ!

არც კი ვიცით,მოგილოცოთ თუ მოგისამძიმროთ თქვენი არჩევანი. თუ თქვენ სადომაზოხისტური ნატურა ხართ,მაშინ,როგორც ამბობენ, „უფალი იყოს თქვენი შემწე!” მაგრამ თუ რომანტიული და მეოცნებე ქალი ხართ,წინასწარ დაჯავშნეთ პალატა საგიჟეთში,აიღეთ ოთხი ფიცრის ზომები და შეიძინეთ საკუბოვე კაბა.

აბა,თავად განსაჯეთ: გვერდით არ გაიხედო! სამსახურიდან მის გამოთვლილ დროში დაბრუნდი! დაბრუნებულმა წითელი „შპილკების” ამარა სახლი აპილისოსე! ღამით აკრობატული ნომრები შეუსრულე იატაკზე,მაგიდაზე,სავარძელზე,ჭერზე!.. ბოლოს კი თბილ მკერდში ჩახუტებული დააძინე!

დასვენება? არა,გენაცვალე,როგორ ფიქრობთ,კონცლაგერში გესტაპო დაგასვენებთ?

აბა,რა გეგონათ ამ მავრს უბეში რომ ისვამდით?.. და ხმაურიანი სკანდალები,მიზეზით თუ უმიზეზოდ?.. ცივი ომი,თქვენი ფსიქიკის პროფილაქტიკისათვის,კვირაობით ხმას რომ არ გცემთ ხოლმე? სრული კაიფია!

რა თქმა უნდა,ჩვენ გვესმის თქვენი. მას ხომ ისსსეთი მაგნიტური მზერა აქვს, სრულიად აუღელვებლად მოქმედებს და არავითარი სირთულე არ აშინებს. რა მოხდა ახლა, თუ ეს მისი მაგნიტური მზერა ყველა ქალს აშიშვლებს და სირთულეებს თქვენი ფსიქიკის ხარჯზე წყვეტს? ნუ, უყვარს სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება ადამიანებზე, მერე რა?

ახლა რა უნდა ქნათ თქვენ,საწყალმა და უმწეომ? როგორ უნდა შეინარჩუნოთ ერთდროულად ჯანმრთელობა და ეს ბოროტი ფსიქოლოგი?

თქვენ უნდა მოირგოთ აუღებელი ციხე-სიმაგრის როლი. კნუტობა,ჩიტუნობა და ქალების სხვა საყვარელი სახებები დაივიწყეთ! მორიელთან სულის გაშიშვლება არ შეიძლება,არც გრძნობების ღიად გამოხატვა,სენტიმენტები  საერთოდ ამოშალეთ მენიუდან. დაე,იჯდეს და ადგინოს თქვენს სულში შხამიანი კუდის საფათურო გეგმები,იღოღიალოს სალ კლდეზე,თავზე ცხელი გუდრონი დაასხით,არ შეგეცოდოთ! სჯობს ტროას ცხენს უფრთხილდეთ: თავის მომკვდარუნება,თქვენს შინაგან სამყაროში შემოსაღწევად,მისი საყვარელი ხრიკია. სულით ხორცამდე მოთამაშეა და ყველაფერს დადებს ერთ ბანქოზე. ტოლი არ დაუდოთ ნებისყოფასა და ტემპერამენტში. „არ იწამო! არ შეშინდე! არ ითხოვო!”_აი,თქვენი უსაფრთხოების გარანტი.

როდესაც ლოგინში პირველად წაგათრევთ,ბოლომდე იბრძოლეთ. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ,მით უფრო ამაღლდებით მის თვალში. ლეგენდები მათი სექსუალური შესაძლებლობების შესახებ,სულაც არ არის უსაფუძვლოდ შეთხზული… მაგრამ სხვა დანარჩენში: გადაჭარბებული პიროვნული თვითშეფასება და სრული ვარსკვლავური დაავადება.

მორიელ მამაკაცს რომ გაუგოთ,საჭიროა კარგად შეისწავლოთ გერმანული პორნოფილმები სერიიდან „შლახენ ზი მირ…”,ეწვიოთ ეროტიული სათამაშოებისა და  აქსესუარების მაღაზიას და განიახლოთ გარდერობი მედდის,კოლეჯის ცელქი გოგონასს,მწყემსი ქალის თუ ფრანგი მოახლის უნიფორმებით. გემოვნება? იცოცხლეთ,მრავალფეროვანი აქვს.

მშვილდოსანი მამაკაცი

მშვილდოსანი მამაკაცი არის სერიიდან „ბავშვმა თავი როგორც უნდა ინუგეშოს,მთავარია არ ჩამოიხრჩოსო”. ამიტომ,თუ მასთან ცხოვრების აწყობა გსურთ,ოჯახის,როგორც საზოგადოებრივი უჯრედის,ჩამოყალიბება, ითმინეთ მისი ნაირფეროვანი მხატვრულ-შემოქმედებითი გამოხტომები. მაგრამ თუ გსურთ მისი საყვარელი ქალი გახდეთ და არა „უჯრედის” უბრალო წევრი,მაშინ სრული სერიოზულობით უნდა გაისარჯოთ. მთელი თქვენი გამომგონებლური პოტენციალი აამუშავოთ,კოფერფილდის და კიოს გაოგნების ღირსი.

მაშ ასე,იმისათვის რომ საძაგელი მონსტრის ინტერესი შეინარჩუნოთ,საჭიროა იმოქმედოთ პრინციპით: „შენ მარჯვნივ? კარგი,მაშინ მე მარცხნივ და კარგად იყავი”.

ერთ მდელოზე ყალთაბანდობს უთქვენოდ? თქვენც,საპასუხოდ,სხვა მდელოზე გაიქეცით. თუ არ გიყვართ გართობა და თამაშები, იმიტირება ხომ მაინც შეგიძლიათ? ძალიან შველის,სცადეთ. როდესაც უეცრად გამოფხიზლებული აღმოაჩენს,რომ მის გვერდით აღარ ხართ,მას დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდება მიგაბრუნოთ გაზქურასთან,სარეცხსა და წვინტლიან ბავშვებთან. თქვენ კი შანსი გეძლევათ,გამოავლინოთ სულის მხნეობა და დაუმორჩილებლობა გამოუცხადოთ მის დიქტატურას.

ახლა თქვენი სოლო გამოსვლის დროა. წარმოიდგინეთ ველური ფაშატი,რომელიც გაშლილ ველზე თავისუფლად ნავარდობს. ბუნების ამ თავნება შვილის დაჭერის არავითარი შანსი არ არსებობს. (მშვილდოსანს ძალიან უყვარს ცხოველები. განსაკუთრებით ძაღლები და ცხენები. ასე რომ,ერთგული შინაური ძუკნას როლს აირჩევთ თუ გაუხედნავი ფაშატის,ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია).  ასეთი მოუხელთებელი უნდა იყოთ თქვენ: ხან იქ გაიელვეთ,ხან_აქ. ეს-ეს არის ისარს მოზიდავს და ფაფუჰ! თქვენი კვალიც კი აღარსად უნდა იყოს. გსდიოთ ასე თქვენმა ციქალულმა მთელი სიფორთხლე… არა და,მაშინ თქვენ მოგიწევთ მისი დევნა.

თქვენი დევიზია:”ტრუსებით ტანტალი ჯანმრთელობის საწინდარია!”

ეს ცქვიტი და ანცი მამაკაცი ქაოტურად ისვრის თავის ფსევდოსასიყვარულო ისრებს მარჯვნივ და მარცხნივ. თუ ერთერთი თქვენც მოგარტყათ,სიხარული ნაადრევია. სულაც არ იქნება გასაკვირი,თუ ეს მოსიყვარულე სუბიექტი,დამწყები კლოუნის მანერებით,პარალელურ რეჟიმში თავის ყოფილ „ერთადერთებს” ურეკავს და ზუსტად ანალოგიური სულისამაფორიაქებელი ტექსტებით სთავაზობს ხელსა და გულს… თანაც სამუდამოდ!

მშვილდოსანმა ხშირად თავადაც არ იცის რა უნდა. მუტაბელური ჯვრის მსხვერპლი ხან გაღმერთებთ და დედოფალივით გეპყრობათ; ხან ვერც კი გამჩნევთ,თითქოს უჩინარი ხართ.

მოკლედ,კარგი ტიპია,მაგრამ თლათ არწივიც ვერ არის.

თხის რქა მამაკაცი

“…а ты такой холодный, как айсберг в океане…” ხომ იცით? ვოოდა,ეგ სიმღერა ამ მკრთალსახიან ფითქინა ლამაზმანზეა.

თხის რქის მრავალშრიანი ყინულოვანი აურის გარღვევის მცდელობები ტკბილად მოსაგონარ სამახსოვრო ჰემატომებს დაგიტოვებთ თავზე.

აქ უნდა იმოქმედოთ ეშმაკურად. საჭიროა, იზრუნოთ საქმიანი წაკლას იმიჯის შექმნაზე,პერსონალური კაბინეტით,ქსეროქსით,ფაქსით და ლაქია-დაცვის ამალით კიდევ. საქმიან ქალებზე გიჟდება,ფულს რომ თავისით გამოიმუშავებს,ბოლო გამოშვების მანქანით დადის და კოლექტივს უდგას სათავეში. აი,მსგავს დედაკაცზე მზადაა მთელი ცხოვრება ილოცოს და მის ჭკუაზე იტრიალოს.

და რა უნდა ქნან ისეთმა ქალებმა,ვისაც მასსავით ტვინი არ ეკეტება ოფისურ გლამურზე? ხელი ჩაიქნიონ?

არავითარ შემთხვევაში! სადაც არ უნდა მუშაობდეთ,„სისუფთავის მენეჯერიც” რომ იყოთ,თავხედურად უმტკიცეთ თქვენი საჭიროება და აუცილებლობა ოფისში(ჰიპოთეტურად რომც არ განიხილებოდეს). მოუყევით როგორ გაფასებენ კოლეგები,როგორც ოხრავენ თქვენზე კლიენტები,როგორ წამოაყენა შეფმა ახალი ლოზუნგი იმის შესახებ,რომ „თქვენს გარეშე ოფისში ფეხი (და არც სხვა კიდურები) არ დაიდგმება,რადგან თქვენ ხართ ის საძირკველი და წებო,რომელზეც დამყარებულია მთელი ეს ვარსკვლავური ბიზმესი!!!” და საერთოდ,ხშირად დაუსერეთ ყურები ისეთი სიტყვებით როგორიცაა: ბიზმესი,ლეკტოკი,სკანირი,ინვოიცე და ა.შ

თხის რქა სექსშიც სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს: სხვების დასანახად თქვენ ყინულის დედოფალი ხართ, უემოციო და უგრძნობი ქვის ქმნილება… როგორც კი განმარტოვდებით,საჭიროა საქმეში მძიმე არტილერია ჩართოთ. ის ჭეშმარიტი მარათონელია და ხანგრძლივად დაგროვებული მაღალი პოტენცია სრულ დისტანციაზე ჰყოფნის. სპონტანური სექსუალური აღტკინებების კონტროლი და დოზირება თხის რქისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენი ამოცანა სწორედ ამ თვითკონტროლის მექანიზმის გათიშვაა. ამიტომ,ზეწოლა უნდა იყოს ინტენსიური. ანომალურად მაღალი სექსუალობა ძალზედ ღრმადაა ჩაფლული,ასე რომ,მოიმარჯვეთ ენთუზიაზმი,ქალური თავმოყვარეობა დაიწყეთ თხრა,რათა ამ საგანძურმა დღის სინათლე იხილოს.

მეგობრული და სულიერი დაიკოს სათნო კეთილგანწყობა ამ საქმეში ვერ დაგეხმარებათ,თქვენ ეს ვიღაც ტყუპები ან სასწორი ხომ არ გგონიათ? ჯეელს არსებითი აღგზნება ესაჭიროება. ვინ გატეხავს კერკეტ კაკალს? მართალია,გავლენიანი დედაკაცი და არა მეგობარი პარასკევა.

თხის რქისთვის ასევე დამახასიათებელია ფარისევლობა: საზოგადოებაში მუწუკებიანი ახალბედა კადეტივით იქცევა,რომელიც რიდითა და მოწიწებით მიაცილებს თავის მშვენიერ ლედის(ანუ თქვენ). ასეთ დროს სასურველია აუწყოთ და შეიფეროთ „კეთილშობილ ქალიშვილთა კურსდამთავრებულის” როლი.

სახლში ეს მარტორქა მონსტრი ნამდვილი ურჩხულია. არ არის გამორიცხული სქესის ან ორიენტაციის შეცვლის იდეამდე მიგიყვანოთ.

მერწყული მამაკაცი

მერწყული მამაკაცი არის სერიიდან „წავალ სადმე,არ ვიცი სად; ვნახავ ვინმეს,არ ვიცი ვის; გავაკეთებ რამეს,არ ვიცი რას“. მართალია,თავად არაფერი იცის კონკრეტულად,მაგრამ თქვენ კი უნდა იცოდეთ. მერწყული მამაკაცი რომ დაანტერესოთ, დაგჭირდებათ შვიდმალიანი შუბლი და საჯარო ბიბლიოთეკაში გათენებული ღამეები. თქვენ უნდა იყოთ ექსტრასენსიც და მედიუმიც. საუკეთესო ვარიანტია,თუ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი ხართ_ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

თავი რომ სრულიად დააკარგვინოთ,უნდა იყოთ ექსცენტრული,არაპროგნოზირებადი,გაუგებარი,მაგრამ აუცილებლად პიზდეცინტელექტუალური. სასურველია თან იქონიოთ აკადემიური ხარისხი და აწ უკვე წარმატებით დაცული დისერტაცია თემაზე „უპს,რაღაც საინტერესო მის ცხვირში”.

თქვენო კრედოა „ცოდნა ძალაა” ან „წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია.”

თევზები მამაკაცი

თევზები… „მოურთვია ზეცა ვარსკვლავებს…”

თქვენი რომანტიული გარეგნობის მიღმა უნდა იმალებოდეს რკინის ლედი,რადგან ამ სუბიექტთან ურთიერთობაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ გექნებათ. ზეწოლა კატეგორიულად აკრძალულია_ერთი თუ დაგისხლტათ,მერე ვეღარც დაიჭერთ.

იღებთ ერთ ხელში გიტარას,მეორეთი კი ნაგვით სავსე აკვარიუმს უწვდით.

წამოიწყეთ რაიმე ლირიული სიმღერა,სისხლისგამყინავი ბუნებრივი პასაჟებით: „შენს მონატრებას გახლეჩილი ალუბლების ფერი აქვს…”

გაწყენინათ რამე? მაშინ „თუ არ იცოდი ეს სიყვარული,რად მომიკალი ეს ნორჩი გული…”(იმღერება დრამატიზმით).

არავითარი ყოფა,რუტინა და ყოველდღიურობა არ გააგონოთ.

სრუუული ელეგია.


About Qet

Scroll To Top