მარსის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მარსის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  მარსი ოპოზიციაში ქალის მზესთან

შეჯიბრი და ბრძოლა ამ ასპექტის ტიპური მახასიათებლებია. მამაკაცური ეგო იბრძვის ქალზე აღმატებისთვის და ქალი ხშირად მარცხდება ამ ბრძოლაში. მზე-მარსის ნებისმიერი ასპექტისთვის თვისებრივია ძლიერი სექსუალური ენერგია, თუმცა ნეგატიურ ასპექტში მათ სექსუალურ ცხოვრებას აკლია სინაზე, რეალური ურთიერთზრუნვა. ამიტომ, სიყვარულის გამოვლენაზე მეტად, ამ წყვილს ერთმანეთის გამოწვევების მიღება, შეჯიბრი და გამარჯვება უფრო აინტერესებს.  საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს გაუხედნავი, ველური ტიპის კავშირია, რაც ძალიან ართულებს ხანგრძლივი ურთიერთობის შანსს  და მით უმეტეს ქორწინებას.

 

ქალის  მარსი ოპოზიციაში მამაკაცის მზესთან

ეს კონფლიქტების ასპექტია. ქალი იმაზე უფრო დაჟინებული და ენერგიულია, ვიდრე მამაკაცი წარმოიდგენდა. ამიტომ, მათ შორის მძაფრი კონკურენციაა. ერთმანეთის შეცნობით, თითოეული მათგანი გაცილებით დამოუკიდებელი და ენერგიული ხდება. თუმცა ამ პროცესს იმდენად დინამიურად მზარდი ხასიათი აქვს, მათ გაუცხოებას და დაშორებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე დაახლოვებას.

 

მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის მთვარესთან

აქ მამაკაცი, ქალის მეშვეობით, ქვეცნობიერად მიმართავს თავის დედას. ამიტომ, ძლიერი სექსუალური მიზიდულობა, რაზეც ეს ასპექტი მეტყველებს, ფარული ინცესტური ფონით ხასიათდება, რაც საკმაოდ დიდხანს აკავებს ამ ურთიერთობას. იმავდროულად, ქალი მიდრეკილია, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, ინსტინქტურად გაითამაშოს თავისი დედის გრძნობები. ეს ურთიერთობა ძლიერი ვნებათაღელვითა და ინტენსიური კონფლიქტებით ხასიათდება.

 

ქალის მარსი ოპოზიციაში მამაკაცის მთვარესთან

ეს იმპულსურობის ასპექტია. ქალი მამაკაცის როლს ასრულებს. მამაკაცი კი საკუთარ თავს ქალის როლში ხედავს და იმავდროულად, ქვეცნობიერად, თავისი დედის როლშია, რითაც საკუთარ თავს უპირისპირდება.  დედის გავლენისგან თავისუფლების მოსაპოვებლად, მან ისეთი სიტუაცია უნდა შექმნას, სადაც კამათის მოყვარული ქალი (ვის როლსაც თვითონ ასრულებს) სერიოზულ გამარჯვებას მოიპოვებს. და რაც უფრო ხშირად იქცევა მამაკაცი ასე, მით უფრო მეტად თავისუფლდება  წარსულისგან. თუმცა, სამწუხაროდ, ამ საკუთარ თავთან ბრძოლის პროცესში, მისი მიმდინარე ურთიერთობა სერიოზულად ზარალდება.

 

მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის მერკურისთან

ქალის ინტელექტი შესაძლოა საფრთხეს გრძნობდეს მამაკაცის აგრესიული ძალისგან. ქალი მშვენივრად აცნობიერებს მის სექსუალობას მენტალურ დონეზე და ცდილობს რაციონალური ახსნა მოუძებნოს მის აგრესიას ან მისი აგრესია სხვა მიზეზებს მიაწეროს.   ქალს უჭირს თავისი გრძნობების გამოხატვა, რადგან  მისი აზროვნების ტიპი მამაკაცში ბუნებრივად იწვევს რისხვას. მას სურს ქალი უფრო მორჩილი იყოს. ამის მაგივრად კი, მის ინტელექტუალურ რეაქციებში საფრთხეს გრძნობს საკუთარი სექსუალობისთვის. მიუხედავად  ყველაფრისა, ეს ასპექტი ხელს უწყობს ქალის პიროვნულ ზრდას და შესაძლოა მამაკაცი საკუთარი მოთხოვნებისა და ფასეულობების სრულ გადაფასებამდე მიიყვანოს.

 

ქალის მარსი ოპოზიციაში მამაკაცის მერკურისთან

ეს ასპექტი არაერთ მწვავე კონფლიქტს იწვევს. ქალი იბრძვის იმაზე გასამარჯვებლად, რაც მამაკაცურ პრივილეგიებად მიაჩნია. ის გამარჯვების ძლიერ მოთხოვნას განიცდის  კომუნიკაციის სფეროში, რაც გამოიხატება  „ბოლო სიტყვა ჩემია!“ დამოკიდებულებით. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ასე იქცევა, ის კარგავს თავისი ქალური ბუნების ნაწილს, რადგან პარტნიორის თავდაჯერებას არყევს. როგორც ჩანს, ის მამაკაცს მისი იდეების გამო განსჯის. ეს საკმაოდ რთული ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობის ან ქორწინებისთვის, რადგან კომუნიკაციას ღირსების შემლახველი ხასიათი აქვს. ორივე პარტნიორი, საკუთარი თვითგამოხატვისთვის, ერთმანეთის სუსტ მხარეებს ხელყოფს.

 

მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის ვენერასთან

ეს ასპექტი უკიდურესად აძლიერებს სექსუალურ მიზიდულობას, მაგრამ, იმავდროულად, იმ მეთოდის ანარეკლსაც წარმოადგენს, როგორ ათამაშებს ორივე მათგანი სქესთა შორის არქეტიპულ განსხვავებებს. ქალი მშვენივრად ამჩნევს მამაკაცის ინდივიდუალურ როლს. ის საჭიროებს მის ყურადღებას, მაგრამ არ იცის, როგორ მიიღოს სასურველი, ისე რომ საკუთარი ქალური აღქმა არ დააზიანოს. იმავდროულად, მამაკაცი შესაძლოა მიუღებლობას განიცდიდეს, რადგან რჩეულის მისდამი დამოკიდებულებას სუბიექტურად გულგრილობად განმარტავს.  ამიტომ, ეს გაუგებრობის ასპექტია, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ორივე მათგანს მხოლოდ საუკეთესო განზრახვები ამოძრავებთ ერთმანეთის მიმართ.

 

ქალის მარსთან ოპოზიციაში მამაკაცის ვენერასთან

ქალისა და მამაკაცის გადანაცვლებული როლები თითოეულ პარტნიორს საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლისკენ უბიძგებს. სექსუალური მიზიდულობა ძალიან ძლიერია, მაგრამ მამაკაცი შინაგანად აღშფოთებულია ქალის ენერგიულობითა და დაჟინებულობით, რადგან ის მის როლს ითვისებს. მეორეს მხრივ, ქალსაც აღაშფოთებს პარტნიორის თვინიერება და მორჩილება. ამრიგად, თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, თითოეული მათგანი დათმობებზე უნდა წავიდეს.

 

მარსების ოპოზიცია

ეს ძალიან რთული ასპექტია. ორივე პარტნიორის ეგო, პერსონალური სურვილების რეალიზების მცდელობაში, კანატის გადაწევაში მონაწილებს. ქალი თავისთვის მეტად არაბუნებრივ როლშია_ ის ძალიან დაჟინებული უნდა იყოს, რომ მისი ხმა შეისმინონ.  მაგრამ ყოველ ქმედებას თავისი უკუქმედება ახასიათებს. ამიტომ, რაც უფრო ინტენსიურად იცავს ის თავის უფლებებს, მით უფრო ძლიერ წინააღმდეგობას ავლენს მამაკაცი. დამახასიათებელია ძლიერი სექსუალური მიზიდულობა, თუმცა ის ზედმეტად ინტენსიურია საიმისოდ, რომ პარტნიორებს შორის ურთიერთგაგებას შეუწყოს ხელი. ქალი გრძნობს, რომ ის იმდენად იხლართება მამაკაცის ეგოში, ძალიან ბევრი მსხვერპლის გაღება მოუწევს, იმისთვის რომ ამ ურთიერთობამ იმუშავოს.

 

მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის იუპიტერთან

ეს ასპექტი ენერგიის გაფანტვას უწყობს ხელს. ასევე დიდად ართულებს ურთიერთობის რეალური არსის გაგებას. მამაკაცი თავისი ეგოს მეშვეობით მოქმედებს, ქალი_ თავისი უმაღლესი გონების.  მაგრამ ვერც ერთის იმპულსები და ვერც მეორეს იდეები, როგორც ჩანს, ვერ აღწევს დანიშნულების მიზანს. მათი სიხშირეები ერთმანეთთან აცდენილია. შედეგად, მამაკაცის ენერგია, რომელიც მიმართულია ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მას გზას ურევს, ორივეს კი საერთო მიზნის განცდას ართმევს.

 

ქალის მარსი ოპოზიციაში მამაკაცის იუპიტერთან

ამ ასპექტით, ქალი ზედმეტად გაიგივებულია საკუთარ ანიმუსის ფიგურასთან.  ის ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს პარტნიორზე, მაგრამ მამაკაცის სიბრძნე და ცოდნა მიუწვდომელი რჩება მისთვის. ქალი ყველაფერს სუბიექტურად უყურებს, მაშინ როდესაც მამაკაცი შეიძლება უფრო ამაღლებული პოზიციიდან, უფრო დისტანცირებულად, ხედავდეს მათ ურთიერთობას. ორივე პარტნიორი პერსონალური თავისუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ ეს ბრძოლა ქალს უფრო ძლიერ ტკივილს აყენებს, რადგან ის უფრო ღრმად არის ჩართული ამ ურთიერთობაში, ვიდრე მისი პარტნიორი, რომელიც ნაკლებ პერსონალურ პასუხისმგებლობას გრძნობს მასზე.

 

 

მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის სატურნთან

მამაკაცი იბრძვის მამის ფიგურისგან განთავისუფლებისთვის, რომელსაც თავის პარტნიორში ხედავს. მისთვის სწორედ ეს ქალი განასახიერებს იმ კრისტალიზებულ წესებს, ტრადიციებსა და ფორმალობებს, რის ნაწილადაც ყოფნაზე მან უარი თქვა. ქალი მას მოუმწიფებლად და უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს.  უკიდურესად განსხვავებული შეხედულებების გამო, მათ შორის ძლიერი დაძაბულობა წარმოიქმნება. მამაკაცი კონფლიქტს განიცდის თვითგამოხატვას და ავტორიტეტული ფიგურის(ქალის) თვალში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას შორის. კარმული თვალსაზრისით, მან ეს ურთიერთობა იმიტომ მიიზიდა, რომ ისწავლოს საკუთარი აკრძალვების ბორკილებისგან  განთავისუფლება და გახდეს უფრო დამოუკიდებელი  და თვითმყოფადი პირონება. ამრიგად, რაც უფრო მეტად ცდილობს ქალი მის შეზღუდვას და შეკავებას, თავისი მოლოდინების ჩარჩოებით, მით უფრო უკეთ აცნობიერებს, რომ შეუძლებელია სხვების მუდმივი კონტროლი. ამიტომ, თუ ქალს ამ ურთიერთობის შენარჩუნება სურს, მამაკაცს მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოს, რომ შეუნარჩუნოს ღირსების გრძნობა და მასთან ერთად, ურთიერთობის სურვილიც.

 

ქალის მარსი ოპოზიციაში მამაკაცის სატურნთან

აქ ქალი თავისთვის არაბუნებრივ როლშია, რის გამოც ის იძულებულია საკუთარი ეგო პარტნიორის წინააღმდეგ მიმართოს, რადგან სიმბოლურად მასზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას ცდილობს. მამაკაცი შესაძლოა ტრადიციებით ზღუდავდეს მას ან საკუთარი ინდივიდუალიზმის ძიებისკენ უბიძგოს. შედეგად, ქალი უნდა მიხვდეს, რომ სინამდვილეში ის არა თავისი მამის ფიგურის, არამედ იმ შინაგანი ბარიერების  გადალახვას ცდილობს, რომელიც  მის თვითგამოხატვას ზღუდავს.  როდესაც ამას მიხვდება, მოხდება ე.წ. გამოსყიდვა და ის განთავისუფლდება ამ ურთიერთობის მკაფიოდ კარმული ხასიათისგან.

 მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის ურანთან

ეს ასპექტი იწვევს დამახასიათებელ არაპროგნოზირებადობას. მამაკაცი ცდილობს გაიმარჯვოს ქალის თავისუფალ სულზე, თუმცა ქალი სულაც არ აპირებს დამარცხებას. ამის ნაცვლად, ის ცდილობს შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმის იზოლირებული გრძნობა. ამიტომ, ის თავს არიდებს მჭიდრო კავშირს და  დაახლოვებას. მამაკაციც არანაკლებ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალიზმი, მაგრამ მისი სურვილები პარტნიორისადმი უფრო სანუკვარი და ინტიმურია. ამრიგად, მამაკაცი ამ ურთიერთობას და თავის როლს მასში, ძირითადად, საკუთარი ეგოს პრიზმაში უყურებს. იმ დროს, როდესაც  ქალი ამ ურთიერთობას უნივერსალური ცნობიერების ჭრილში ხედავს და გაცილებით ფართო ჰორიზონტები სჭირდება ინტერესის შესანარჩუნებლად.

 

ქალის  მარსი  ოპოზიციაში  მამაკაცის  ურანთან

ქალი ზედმეტად გაიგივებულია თავის ანიმუსის ფიგურასთან. ის საკუთარ თავს ებრძვის, იმის გაგების მცდელობაში, რატომ არ იქცევა მამაკაცი მისი მოლოდინების შესაბამისად. მამაკაცის გაუცხოებული დისტანციურობა ძლიერ იმედგაცრუებას იწვევს მასში, მაგრამ მისი მოთხოვნა, რეაგირება მოახდინოს პარტნიორის გამოწვევებზე, კიდევ უფრო აქეზებს მამაკაცის მიუკერძოებელ პოზიციას. შედეგად, ქალმა, მიუღწეველის მიღწევის მცდელობაში, შესაძლოა საკუთარი თავის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოს, რადგან ეს მამაკაცი, რომელიც  მისი მეგობარი უფრო აღმოჩნდება, ვიდრე საყვარელი, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს მამაკაცის ის ტიპი, ვის მონადირებასაც ეს ქალი ქვეცნობიერად ცდილობს.

 

 

მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის ნეპტუნთან

ეს ასპექტი ხშირად ხდება ურთიერთმოტყუების მიზეზი. მამაკაცი ცდილობს დაიპყროს ქალი და ამ პროცესში ძალიან ხშირად იტყუებს თავს. იმის ნაცვლად, რომ პარტნიორის სისავსით დატკბეს, ის ინსტინქტურად ილტვის იმ სტერეოტიპისკენ, რომელიც შესაძლოა არც არსებობდეს. ქალი ხედავს მის ძალისხმევას, მაგრამ თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, იმ ილუზიების გასაქარწყლებლად, რომელსაც მამაკაცი ებრძვის. ალეგორია: რაინდი, რომელიც  ცდილობს ღრუბელი დაამარცხოს.

 

ქალის მარსი ოპოზიციაში მამაკაცის ნეპტუნთან

აქ ქალი თავისთვის არაბუნებრივ როლშია, რადგან ის მამაკაცის მიერ შექმნილ შთამბეჭდავ ილუზიას დასდევს. ის მთელი ძალით ცდილობს, ეს ილუზიების ფარდა ჩამოგლიჯოს. თუმცა რაც უფრო ძლიერია მისი მცდელობები, მით უფრო კარგავს საკუთარ თავს იმედგაცრუებებში.

 

 

მამაკაცის მარსი ოპოზიციაში ქალის პლუტონთან

ეს ძლიერი დაძაბულობის ასპექტია. ურთიერთობისთვის დამახასიათებელი იქნება სისასტიკე, სიძულვილი და შესაძლოა ძალადობაც, რადგან მამაკაცი დაჟინებულად უბიძგებს ქალს იმის გაცნობიერებისკენ, რომ მან ყველაფერი უნდა შეიცვალოს, თუ  „მეორედ დაბადებას“ აპირებს. ქალი აღშფოთებულია მისი მხრიდან თავდასხმებით და შედეგად, შეიძლება ისეთი განცდა დაეუფლოს, რომ ეს ურთიერთობა მას მხოლოდ სასჯელს და სასტიკ მოპყრობას სთავაზობს. სექსუალური მიზიდულობა ძალიან ძლიერია, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი იქნება სიტლანქე, სიუხეშე, ბრუტალურობა, რადგან ამ ასპექტით არცერთი მათგანი არ იწვევს პარტნიორში თბილ  და კეთილ გრძნობებს.

 

 ქალის მარსი ოპოზიციაში მამაკაცის პლუტონთან

აქ ქალისთვის ზედმეტად აქცენტირებულია მამაკაცური როლი. მისი ძალისხმევა ყველაფერში გადაჭარბებულია, რადგან ის დაჟინებით ცდილობს პარტნიორის ქვეცნობიერი არსების ცენტრში შეაღწიოს.  ამიტომ, საკმაოდ უხეში ფორმებით პროვოცირებს მას, თითქოს საკუთარ ქალურობის დეფიციტში ადანაშაულებს. მამაკაცი გრძნობს თავის ტრანსფორმაციას, მაგრამ მას არ შეუძლია იმ გაღიზიანების და რისხვის ნაპერწკლებთან უკუკავშირის დადგენა, რასაც პარტნიორში ხედავს. ამ ასპექტისთვის თვისებრივია ერთგვარი ანომალური ხასიათი, რაც ორივე პარტნიორში ყველაზე უარეს თვისებებს ავლენს. თუ სინასტრიული და ნათალური რუკის სხვა ასპექტები პარტნიორთან საღ აზრსა და კეთილგონიერებაზე მიუთითებენ, მათ შეუძლიათ ძალიან მოკლე პერიოდში აითვისონ უამრავი სასარგებლო გაკვეთილი.

 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top