მარსის ტრინი სინასტრიულ პლანეტებთან

მარსის ტრინი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის მზესთან

ეს ბრწყინვალე ასპექტია ქორწინებისთვის. მამაკაცის ენერგიული დაჟინებულობა ძალზედ ბუნებრივად გამოხატავს ქალის სურვილებს. ეს ქალი შთააგონებს, იმედითა და რწმენით აღავსებს მამაკაცის განზრახვებს. ამ ურთიერთბაში მკაფიოდ იკითხება ძლიერი სექსუალური ურთიერთმიზიდულობა. ეს წყვილი საოცარი ურთიერთმხარდაჭერით მიიწევს საერთო მიზნებისკენ.

 

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის მზესთან 

აქტიურობა, მიღწევები და საერთო დინამიკა _ აი, ამ ასპექტის არსი. ურთიერთობას შეიძლება მკაფიოდ გამოხატული მამაკაცური ორიენტაცია ჰქონდეს, რადგან ქალი მიდრეკილია ქვეცნობიერად გააიგივოს თავი საკუთარ ანიმეს ფიგურასთან. იმავდროულად, მამაკაცი მის სათანამშრომლო განწყობას განიხილავს, როგორც ძვირფას ინვესტიციას. სიამაყე და საერთო ძალისხმევით მიღწეული მიზნები, ასევე რთული სიტუაციების ათვისების უნარი, განსაკუთრებულად ბედნიერ აზარტს მატებს ამ ურთიერთობას.

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის მთვარესთან

Photo by Tom & Pat Leeson

ქალის ბუნებრივი დედობრივი ინსტინქტი ჰარმონიულად ეთავსება მისი პარტნიორის სურვილებს, როდესაც ის წინ, მომავლისკენ მიუძღვის. ურთიერთმიზიდულობა ინსტინქტური და მარტივად მართვადია. ამ პარტნიორობის  შედეგად,  ქალი  ხვდება, როგორ აქციოს  საკუთარი ინსტინქტები მოქმედებებად, მამაკაცი კი სწავლობს, როგორ იმოქმედოს ინსტინქტების მეშვეობით. თანამშრომლობის ცოცხალი სული პარტნიორებს არაერთ საინტერესო აღმოჩენას უქადის, როგორც საკუთარ თავზე, ისე გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაზე. თუმცა თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, ორივემ უნდა მოათვინიეროს თავიანთი დაუდეგარი, და ხანდახან უგუნური, პოზიციები.

 

ქალის  მარსი ტრინში მამაკაცის მთვარესთან

ქალის დაჟინებულობა და ენერგიულობა სტიმული ხდება ყველაფრისთვის, რის გამოხატვასაც მამაკაცი ლამობს.  როდესაც პარტნიორს თავის შინაგანი სამყაროს კარს უღებს, ის სწავლობს, როგორ შეუთავსოს ემოციები აქტიურ მოქმედებებს, სასურველი შედეგების მისაღებად. შედეგად, ქალს საკუთარ თავზე დედის სახება გადააქვს და პარტნიორს იმ სისავსის შეგრძნებას ანიჭებს, რისი მიღწევასაც კაცი ლამობს. ეს მეტად ცოცხალი და დინამიური ურთიერთობაა.

 

 

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის მერკურისთან

ქალის ინტელექტი აძლიერებს მამაკაცის სწრაფვას თვითგამოხატვისკენ. მეორეს მხრივ, ქალი ძლიერ მოთხოვნას განიცდის, საკუთარი აზრები მოქმედებაში მოიყვანოს და ამაში სწორედ ამ მამაკაცის ენერგია ეხმარება. აქტიური კომუნიკაცია მიმართულია ურთიერთგაგებისკენ, რადგან ორივე პარტნიორი სიამოვნებით ეხმარება ერთმანეთს. თუ ამ ურთეირთბაში საკმარისი „საღი აზრი“ ფიგურირებს, ისინი ძალიან მარტივად განახორციელებენ პერსონალურ სურვილებს.

 

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის მერკურისთან

ქალი ენერგიით აღავსებს და სტიმულს მატებს მამაკაცის ინტელექტს. ის აქეზებს მის აზრებს და ეხმარება ირწმუნოს საკუთარი იდეები. იმავდროულად, მამაკაცი მეტ გონიერებას მატებს მის ვნებებს. ეს ცოცხალი, აქტიური და დინამიური ურთიერთობაა, რადგან ორივე პარტნიორის ენერგიული მისწრაფება „რაკეტის საწვავივით“  მოქმედებს მომავლისკენ წინსვლისთვის. ეს შესანიშნავი ასპექტია საერთო მიღწევებისთვის. თუ მამაკაცს საკუთარ თავში დაეჭვდა, რჩეული გაამხნევებს მას, რადგან სწორედ ამ ქალს შეუძლია დაეხმაროს წინააღმდეგობების დაძლევაში, მამაკაცი კი საკუთარი გამჭრიახობით, ყველაზე გონივრულ გზას ირჩევს ამისთვის.

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის ვენერასთან

ეს მეტად ჰარმონიული შეთავსების ასპექტია, რადგან ორივე პარტნიორი თავისთვის ბუნებრივ როლში იმყოფება. მამაკაცის ენერგია დადებითად ავსებს ქალის ფემინურ მოთხოვნებს. იმავდროულად, ქალის სიყვარულით აღსავსე თანამონაწილეობა აძლიერებს მამაკაცის ეგოს გამოხატვას. სექსუალური მიზიდულობა ზომიერია, თუმცა ეს პარტნიორობა სავსეა ურთიერთქმედებისა და ჰარმონიის საერთო გრძნობით, რადგან თითოეულ პარტნიორს შეუძლია იყოს ის, ვინც რეალურად არის. ეს ბრწყინვალე ასპექტია ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის ან/და ქორწინებისთვის.

 

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის ვენერასთან

ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია. მამაკაცი ქვეცნობიერად  აიგივებს თავს საკუთარ ქალურ ნაწილთან, ქალი კი თავის მამაკაცურ ნაწილთან.  მოცემულ შემთხვევაში როლთა გადანაცვლება ძალიან ჰარმონიულია, რადგან ორივე პარტნიორი უაღრესად კეთილგანწყობილია ერთმანეთის მიმართ.  ქალი გაცილებით უფრო ენერგიულ როლს ასრულებს. სექსუალური მიზიდულობა შესაძლოა ისეთი ძლიერი არ იყოს, როგორც შეერთების, კვადრატურის ან ოპოზიციის დროს, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ასპექტის ზომიერი დაძაბულობა გაცილებით  უფრო მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას აყალიბებს, ვიდრე ზემოაღნიშნული ასპექტები, რომელიც მხოლოდ სექსუალობას აძლიერებენ, მაგრამ ჰარმონიას ვერ უზრუნველყოფენ.

 

 

მარსების ტრინი

ამ ასპექტში ორივე პარტნიორს შეუძლია საკუთარი უნიკალური ინდივიდუალიზმის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ ერთმანეთის ხელშეწყობაც. ურთიერთობა მკაფიოდ მამაკაცური ხასიათისაა, რადგან პროგრესის, მიღწევებისა და პერსონალური სურვილების დაკმაყოფილების გრძნობა ძლიერი სტიმული ხდება აქტიური მოქმედებისთვის, სადაც პარტნიორები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. ქალი ქვეცნობიერად გაიგივებულია თავის ანიმუსის ფიგურასთან და მამაკაცის მოთხოვნებს განასახიერებს. თუ მას ძმები ჰყავს, ამ ურთიერთობის წყალობით,  მარტივად შეძლებს წარსულში მათთან განვითარებული  პრობლემების მოგვარებას, რაც საკუთარი ღირსების შეგრძნების განმტკიცებაში დაეხმარება. ეს წყვილი სიამოვნებით ერთვება ნებისმიერ ახალ წამოწყებაში და უშიშრად ხვდება საერთო გამოწვევებს. ამიტომ, ეს ასპექტი წლების განმავლობაში  უზრუნველყოფს ახალგაზრდულ და მებრძოლ შემართებას.

 

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის იუპიტერთან

ეს ასპექტი ძლიერ ინტერესს ბადებს სპორტის, აქტიური დასვენებისა და მოგზაურობების მიმართ. ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ხასიათი.  ქალს შეუძლია პარტნიორს მიუღწეველის მიღწევა ასწავლოს, რაც მას ცნობიერების განვითარებაში დაეხმარება. მამაკაცი, თავის მხრივ, მის მენტალურ პროცესებს აძლევს სტიმულს, რის შედეგადაც ქალი  გაცილებით მეტ  იდეებს გენერირებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ურთიერთობის პროგრესულად განვითარებას. ეს ურთიერთობა  მაღალი აქტივობითა  და სწრაფი დინამიკით გამოირჩევა, რადგანაც პარტნიორები სიამოვნებით ეხმარებიან ერთმანეთს  ინდივიდუალიზმის განვითარებაში.

 

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის იუპიტერთან

ქალი გაიგივებულია თავის ანიმუსის ფიგურასთან, რომ პარტნიორთან ერთსულოვნების გრძნობა უზრუნველყოს. მართალია, მამაკაცი თავის გარშემო უამრავ ალტერნატიულ შესაძლებლობას ამჩნევს, მაგრამ იმასაც კარგად გრძნობს, რომ მას ეს ქალი სჭირდება, როგორც საყრდენი წერტილი.  ის ყოველთვის ოპტიმისტურად რეაგირებს ქალის მოლოდინებზე. თუ ისინი რეალისტურ მიზნებს დაუსახევენ საკუთარ თავს, მშვენიერი შანსი აქვთ მათ განსახორციელებელად. თუ საერთო დიადი მიზნები არ აღმოაჩნდათ, მაშინ სულსწრაფობა და გაღიზიანება გაანადგურებს იმას, რაც შესაძლოა ნაყოფიერი პარტნიორობა ყოფილიყო.

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის სატურნთან

აქ მამაკაცს ქალის მხრიდან ხელმძღვანელობის იმედი აქვს, რომელსაც თავის ღუზად მოიაზრებს. როდესაც ის საკუთარი იმპულსების შეთავსებას სწავლობს ქალის სიბრძნესთან, ორივეს დიდი მიღწევების შანსი ეძლევა. მამაკაცი მომავლისკენ ილტვის, მაშინ როდესაც მისი პარტნიორი  წარსულს ამაგრებს. აქ შესაძლებელია სუსტი კარმული კავშირი, რადგან ორივე პარტნიორი საკუთარი ენერგიის ფოკუსირებას სწავლობს  რაღაც დიდებულსა და ღირსეულზე. ქვეცნობიერ დონეზე, მამაკაცი თავისი მამის სიმბოლურ ფიგურასთან ურთიერთობს. ქალმა შესაძლოა მსხვერპლად გაიღოს თავისი ქალურობა იმისთვის, რაშიც დიდ აზრს ხედავს.  ეს მშვენიერი ასპექტია მათთვის, ვინც პირად ურთიერთობას ნაყოფიერ თანამშრომლობად განიხილავს.

 

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის სატურნთან

ამ ასპექტში ქალი  სიმბოლურად მამისეულ მოთხოვნებს ეხმაურება. მამაკაცს, თავის მხრივ, მშვენივრად ესმის, რომ ახალგაზრდობა და სიბერე ურთიერთგაგების  ფართო სპექტრს ქმნის, საიდანაც სიბრძნე აღმოცენდება. ქალი მუდამ წინ ისწრაფვის. მამაკაცი მასში თავის ახალგაზრდულ იმპულსურ ნატურას ხედავს. იმავდროულად, მან ტრადიციული მეთოდებით  უნდა მისცეს მიმართულება ქალს, რაც მის აქტიურობას წარმატებით დააგვირგვინებს. მარტივი ენით რომ ვთქვათ, მამაკაცი ქალს თავისი ეგოს სწორად გამოხატვაში ეხმარება.  კარმული თვალსაზრისით, ქალი თავის მამის სახებასთან ურთიერთობს  და მართალია, მამაკაცი შეიძლება საერთოდ ვერც აცნობიერებდეს მის  ქალურ როლს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშვენივრად ხედავს მისი ეგოს პოტენციალს. წარსულ ცხოვრებებში, ქალს სურდა თავი გაეიგივებინა ისეთი იდეებთან, პრინციპებთან ან ტრადიციებთან, რომელიც მის პერსონალურ „მეს“ სცდებოდა.  ამ ურთიერთობის მეშვეობით, ის იმისკენ ისწრაფვის, რაც მისი ასაკის შესაძლებლობებს სცილდება. ამრიგად, ის ცდილობს ნაჩქარევად მიაღწიოს იმ სტატუსს თუ პოზიციას, რისი მიღწევაც მხოლოდ მოწიფულ ასაკში, დაბრძენების შედეგად, არის შესაძლებელი.

 

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის ურანთან

Photo by Larry Ditto

 ეს მეტად ამაღელვებელი და ბობოქარი ურთიერთობების ასპექტია. პარტნიორის მიუკერძოებელი ყურადღების მისაპყრობად, მამაკაცი თავისი ეგოს მეშვეობით მოქმედებს. ქალი მის ობიექტურობას უზრუნველყოფს, მისი სუბიექტური შეხედულებების გასაწონასწორებლად. ისინი ცნობისმოყვარე  ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც ხარბად ისწრაფვიან თავიანთი მომავლის შესაცნობად.

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის ურანთან

ეს ასპექტი  დიდ დახმარებას გაუწევს ქალს დამოუკიდებლობის მიღწევაში, მასზე უფრო თავისუფლად მოაზროვნე პარტნიორთან ურთიერთობის საშუალებით. მამაკაცი თავისი ობიექტურობის მეშვეობით განმარტავს პარტნიორის ქცევების  ღრმა მოტივებს.  ქალი, ზედმეტად ინტენსიური ჩართულობის გამო, შესაძლოა  იმდენად აიხლართოს გარემოებებში, რომ საკუთარი თავის ხედვის უნარი დაკარგოს. მამაკაცი დაეხმარება მას განთავისუფლებაში, რომ მისთვის უფრო გასაგები გახდეს უნივერსალური კონცეფციები. ამრიგად, ორივე პარტნიორი საკუთარ არაპერსონალურ(არაეგოისტურ) ნაწილს ავითარებს და შეიცნობს.

 

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის ნეპტუნთან

ამ ასპექტში მამაკაცის აღტკინებები ქალის ოცნებებით არის შთაგონებული. ქალი ფერთა მდიდარ პალიტრას მატებს ყველაფერს, რასაც მისი პარტნიორი აკეთებს და ეხმარება საკუთარ თავზე შთაბეჭდილების გაძლიერებაში. მეორეს მხრივ, მამაკაცს შეუძლია არამხოლოდ გააქტიუროს, არამედ ხორციც შეასხას მის ოცნებებს. მართალია, ის საკმაოდ უცერემონიო და გაუთლელია, ქალი კი მეტად იდუმალი და მოუხელთებელი, მაგრამ ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი სექსუალური მაგნიტიზმი მშვენიერ პეპელას ჰგავს, რომელიც საკმარისად ახლოს დაფარფატებს, რომ თითქმის დაიჭირონ.

 

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის ნეპტუნთან

ქალი ქვეცნობიერად იგივდება თავის ანიმუსის ფიგურასთან. ის საკუთარ თავზე იღებს ლიდერის როლს და თვინიერი პარტნიორის აქტივაციას ცდილობს. მამაკაცი მის ენერგიას შთანთქავს, როდესაც მას ამშვიდებს და საოცარ გაგებას ავლენს მისი ველური ინსტინქტების მიმართ. ქალი მუდამ წინ ისწრაფვის, მამაკაცი კი ფანტაზიებით ტკბება და თუ მის ფანტაზიებს შემოქმედებითი ხასიათი აქვს, ეს ქალი შეძლებს მისი წარმოსახვის ენერგიით გამოკვებას და მისი ოცნებების რეალიზებას.

 

 

მამაკაცის მარსი ტრინში ქალის პლუტონთან

ეს ასპექტი აძლიერებს ურთიერთობის სექსუალურ ტონს. მამაკაცი მშვენივრად ხედავს პარტნიორის ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა შრეებს და თავისი ინტენსიურობით, მათი აქტივაცია და ზედაპირზე ამოტანაც შეუძლია. ქალი მრავალრიცხოვან ცვლილებებს განიცდის, როდესაც საბოლოოდ წყვეტს კავშირს თავის წარსულთან. სწორედ ეს მამაკაცი უბიძგებს მას წინ, მომავლისკენ. ამიტომ, ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელია ძალიან დინამიური პიროვნული ზრდა.

 

ქალის მარსი ტრინში მამაკაცის პლუტონთან

აქ ქალი გაიგივებულია თავის ანიმუსის ფიგურასთან და ის მამაკაცს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისკენ მიუძღვის. მამაკაცი თავისუფლდება  წარსულის დამამძმებელი ბორკილებისგან, როდესაც ქალი მას უფრო ეგოცენტრული მომავლისკენ უბიძგებს. ხდება სექსუალური ინსტინქტების აქტივაცია, რადგან ორივე პარტნიორი აღორძინების პროცესში იღებს მონაწილეობას. ქალის ძალისა და მამაკაცის სიღრმის წყალობით, ეს ძალიან დინამიური ურთიერთობაა, რომელიც მამაკაცს სულ უფრო აახლოვებს  პარტნიორის მისწრაფებებთან.  ქალი ავსებს პარტნიორის მოთხოვნებს, რომელიც ზუსტად მისი დაჟინებულობის შედეგად ამოდის  ზედაპირზე.


About Qet

Scroll To Top