მერკურის და ვენერას შეერთება

მერკურის და ვენერას შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მერკურის შეერთება:  საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც

მერკურისთან შეერთებისას, პლანეტას ძლიერი მენტალური შეფერილობა ენიჭება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ სურს, არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ვენერა-მერკურის შეერთებისას, სასიყვარული ურთიერთობაში იმდენი გათვლა და კეთილგონიერება ფიგურირებს, ნებისმიერი სპონტანური გრძნობა და ცოცხალი შეგრძნება მყისვე კვდება. განსაკუთრებით, როდესაც მერკური ვენერაზე ძლიერია.

სამწუხაროდ, მენტალური შეფერილობა არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება).

ასეთი ინდივიდი, როგორც წესი, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება. გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ მოქნილია და შეუძლია მიესადაგოს ახალ გარემოებებს და ნებისმიერ მოვლენაზე გავლენის მეთოდი შეცვალოს.

შეერთების დამუშავება მიმდინარეობს პირველ რიგში მერკურის დამუშავებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მოითხოვს აზროვნების მექანიზმის გადაწყობას, მძიმე და პირდაპირი სოციალური შტამპების უარყოფას და გადასვლას უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც შეძლებს ადეკვატურ ურთიერთქმედებას პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელიც ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, ქმედების მოდელირებას ახდენს თავში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა

 

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენს პატარას რბილი და მელოდიური ხმა აქვს და მშვენივრად „გრძნობს“ სხვა ადამიანების აზრებს. როგორც წესი, ლამაზად და გამართულად მეტყველებს, მაგრამ შესაძლოა მარტივად შეშფოთდეს, როდესაც მისი აზრების სიღრმეს ვერ იგებენ. მისი აზროვნება ესთეტური და პოეტურია, ამიტომ კარგი მონაცემები აქვს ლიტერატურაში, ორატორობაში. ყველაზე მარტივად თავისი ნიჭის რეალიზებას ხელოვნების სფეროში შეძლებს, თუ მშობლები ხელს შეუწყობენ ამაში. მაგალითად, შეგიძლიათ მიაჩვიოთ ხმამაღლა და გამოთქმით კითხვას.

 

Het Monster

“დახვეწილი მარცვალი” მეტყველებით და წერით უნარებში. რბილი, სასიამოვნო, მელოდიური ხმა. ლიტერატურული და პოეტური ნიჭი. ისინი ასხივებენ სილამაზესა და ჰარმონიას კომუნიკაციის დროს და უნარი აქვთ, საუბრის მეშვეობით დამამშვიდებლად იმოქმედონ გარშემომყოფებზე, გააუმჯობესონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

კატრინ ობიე

მერკური-ვენერას შეერთება გულისხმობს პიროვნების რაციონალური და ემოციური მხარეების შერწყმას, სადაც ერთი არსებითად განპირობებულია მეორით. მის აზროვნებაზე  დიდ გავლენას ახდენს გრძნობები და პირიქით. ამიტომ, მის მსჯელობასა და დასკვნებში მკაფიოდ იგრძნობა პიროვნული სიმპათიისა თუ ანტიპათიის გავლენა. თავის მხრივ, მისი სიმპათიები და გატაცებები ლოგიკურ მსჯელობისგან გამომდინარეობს.

 

ფრენსის საკოიანი

დახვეწილი მეტყველება, სასიამოვნო ხმა. შეუძლია შემოსავლები მიიღოს ლიტერატურასა და პოეზიაში მოღვაწეობით. ტაქტიანი და დიპლომატიურია. არანაკლებ წარმატებას შეუძლია მიაღწიოს მეცნიერებასა და მათემატიკაში, რადგან მშვენივრად ესმის ნებისმიერი ტიპის კავშირები. სიამოვნებით ურთიერთობს სხვებთან, ყოველთვის სილამაზესა და ჰარმონიას ასხივებს. თუ შეერთება სხვა ასპექტით არ არის დაზიანებული, შეუძლია გააუმჯობესოს სხვების მენტალური ჯანმრთელობა.

 

სერგეი შესტაპალოვი

რადგან მერკური მზეს  28°ზე დიდი დისტანციით არ შორდება, ვენერა კი 48°ზე მეტად, მერკურისა და ვენერას შორის შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ შემდეგი ასპექტები: შეერთება,  ნახევარსექსტილი, დეცილი, ნახევარკვადრატი, სექსტილი ან კვინტილი.

და რადგანაც მერკური და ვენერა ერთმანეთს არ მტრობენ, ნეგატიურ ასპექტებშიც კი (შეერთება, ნახევარკვადრატი), ამ ასპექტის დისჰარმონიული თვისებები შესუსტებულია.

მერკური-ვენერას შეერთება დაკავშირებულია ლაყბობასთან, სიამოვნებისადმი გადაჭარბებულ მიდრეკილებასთან. ასეთ ადამიანს მშვიდობისმყოფელი აზრები აქვს, კეთილგანწყობილი და მეგობრულია, ძალიან უყვარს კომუნიკაცია და მშვენივრად გრძნობს თავს სოციალურ სიტუაციებში. ნიჭიერი და ნაყოფიერი  ადამიანია. მისი ტალანტები უმეტესად დაკავშირებულია ხელოვნებასთან. უფრო პოეზიასა და ფერწერასთან. ოქროს ხელები აქვს _ ყველაფერს დახვეწილად და ლამაზად აკეთებს, რაშიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გამორჩეული გემოვნება.

სხვა წყაროები:

ვენერა მერკურის შეერთება ბადებს მომხიბლავ, თავაზიან და პოეტურ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ მარტივად გამოხატავენ საკუთარ თავს. ძალიან სასიამოვნო და სოციალურად გახსნილი ხალხია. არც თუ იშვიათად დამახასიათებელია სიზარმაცე _ მუშაობას მეგობრებთან და ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა ურჩევნიათ. შეიძლება იყვნენ მერყევი და გაუბედავები, რადგან ძლიერი უნარი აქვთ, შეხედონ საკითხს ყველა დაინტერესებული პირის ხედვის წერტილიდან. თუმცა გამოირჩევიან სამართლიანობის გრძნობით და თანაბარ პირობებში აფასებენ განსხვავებულ შეხედულებებსა და ყველანაირ პერსპექტივას.

მათი საკომუნიკაციო უნარები არტისტულ ხასიათს იძენს. ისინი შემოქმედებითად აზროვნებენ, კარგად წერენ, გამოთქმით მეტყველებენ. მათ წონასწორობა და ბალანსი შემოაქვთ ჩვენს სამყაროში. ახასიათებთ გრძნობების რაციონალიზება. ხშირად იმდენს ფიქრობენ სასიყვარულო ურთიერთობებზე, შეიძლება დაკარგონ ათვლის წერტილი, რას გრძნობენ სინამდვილეში. მათ იზიდავთ (და თავადაც იზიდავენ) ინტელექტუალური პარტნიორები. თუ ასპექტი დაუმუშავებელია, შეიძლება აღმოჩნდნენ ცბიერი და ვერაგი ადამიანების გარემოცვაში.

უყვართ ბუნება. აფასებენ ხელოვნებას. არიან ნიჭიერი მომხსენებლები, ენაწყლიანი მჭევრმეტყველები. უდიდეს სიამოვნებას განიცდიან წერით, ლაპარაკით, სიტყვების თამაშით, კალამბურებით, შემეცნებითი საუბრებით.

საყოველთაო სიმპათიით სარგებლობენ, რადგან შეუძლიათ აეწყონ ნებისმიერ ადამიანს, ვისთანაც საუბრობენ, ურთიერთობენ. ისინი ფრთხილად არჩევენ სიტყვებს, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტი. თუმცა შეწყობის უნარი იმდენად ძლიერია, მათ ხშირად ადანაშაულებენ ზედაპირულობასა და ორპირობაში. მართლაც, საკმაოდ რთული გასარკვევია, რას გრძნობენ ეს ადამიანები სინამდვილეში.

ჩვეულებრივ, თქვენ მზად ხართ კომპრომისებისთვის, რათა შეინარჩუნოთ ჰარმონია, ამიტომ ადამიანთა უმეტესობასთან დადებითი ურთიერთობები გაქვთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხსაწმენდად გაეგებით ვინმეს. თქვენ ყურადღებით ისმენთ ყველა მხარის შემოთავაზებასა და შეხედულებებს, საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე. თქვენთვის დამახასიათებელია ძლიერი სამართლიანობის გრძნობა. სხვებს უმიმეზოდ არასოდეს ეხებით. არც გარშემომყოფები გრძნობენ თქვენგან ზეწოლას და სხვა ტიპის საფრთხეს, ძირითადად, თქვენი სალმიანი ხასიათისა და სოციალური კეთილგანწყობის გამო.

ღია კონკურენცია დისკომფორტს გიქმნით. ვიწრო და მშვიდ კოლექტივში მუშაობისას, თავს უფრო მყუდროდ გრძნობთ. როგორც წესი, გარშემომყოფებისგან დიდი მხარდაჭერით სარგებლობთ, რადგან ისინი კარგად ხედავენ, რომ ყოველთვის საღი აზრით ხელმძღვანელობთ. ადამიანები გენდობიან და სჯერათ თქვენი. ისინი ყოველთვის გამოგიწოდებენ დახმარების ხელს წარმატების მისაღწევად. მხოლოდ დარწმუნდით, რომ სხვა იმაზე მეტად არ რისკავს თქვენთვის, ვიდრე თავად გარისკავდით. მეორეს მხრივ, იმის შანსი, რომ დაუფიქრებლად გარისკოთ, ძალიან მიზერულია.

სავარაუდოდ, უნდა გეხერხებოდეთ საჯაროდ სიტყვით გამოსვლა და დრამატული ხელოვნება. კმაყოფილებისა და სიამოვნების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო თქვენთვის წერაა. თქვენ მდიდარი წარმოსახვა გაქვთ და შეგიძლიათ, ჭკვიანურად გადააქციოთ შემოქმდებითი იდეები ნაღდ ფულად. გიზიდავთ ისეთი ადამიანები, ვინც თქვენს არტისტულ ნიჭს სათანადოდ აფასებს ან როგორც მინიმუმ, ხელოვნება უყვარს. ყველაზე უარესი პარტნიორი თქვენთვის არის “სოციალური საფრთხობელა”.

სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენ მარტივად ახერხებთ, გააგებინოთ პარტნიორს საკუთარი სურვილები და საჭიროებები. სექსშიც ასევე დამახასიათებელია გახსნილი პოზიცია _ სრულიად მოურიდებლად განიხილავთ მეწყვილესთან თქვენთვის აქტუალურ საკითხებს. უშუალოდ სექსუალური აქტის დროს, ფიზიკური შეგრძნებების ვერბალურად გადმოცემა ძლიერ აღგაგზნებთ. ჩუმი, „მუნჯი” საყვარელი, რომელიც არ შემოდის მენტალურ კონტაქტში, ხანგრძლივ ურთიერთობაში ვერ დაგაკმაყოფილებთ.

 

ცნობილი ადამიანები ვენერა მერკურის შეერთებით: Richard Dreyfuss, Hillary Rodham Clinton, Anne Archer, Erma Bombeck, Laura Bush, Kathy Bates, Alexander Graham Bell, James Coburn, T.S. Eliot, Mark Harmon, Helen Hunt, Ricki Lake, Carlos Santana, Bono (U2), Jimi Hendrix.

ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top