მერკურის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მერკურის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  მერკური ოპოზიციაში ქალის მერკურისთან

ამ ურთიერთობაში ქალი უფრო ტიტულოვანი და ავტორიტეტული ფიგურაა. მამაკაცი მოზარდივით იქცევა, თუმცა კი გაუცნობიერებლად. ის შეიძლება გარკვეულ საფრთხესაც კი გრძნობდეს ქალისგან და არასრულფასოვნების განცდამაც შეიპყროს. ეგ გრძნობები აიძულებს, გულისყურით დააკვირდეს თავის შინაგან ძალას, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდა.  ქალი ელის, რომ პარტნიორი იმას გამოხატავს, რაც მან, როგორც თვითონ მიაჩნია, ისედაც იცის. ეს მეტად არასასურველი ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, მაგრამ ის შეიძლება კეთილისმყოფელი აღმოჩნდეს ორივესთვის, თუ ისინი ხანმოკლე დროით გადაიკვეთებიან.

 

ქალის  მერკური ოპოზიციაში მამაკაცის მზესთან

ეს განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი ასპექტია ქალისთვის, რადგან ის გრძნობს, რომ პარტნიორს არასწორად ან საერთოდ ვერ ესმის მისი ქალურობა. მისი იდეები მკაფიოდ განსხვავდება მამაკაცის შეხედულებებისგან.  ლოგიკურია, რომ კომუნიკაცია გართულებულია, რადგან მამაკაცი პარტნიორში ქვეცნობიერად ეხმაურება თანატოლ „ბიჭს“, ამხანაგს და არა ქალს. ეს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისთვის რთული ასპექტია, მით უმეტეს ქორწინებისთვის.

 

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის მთვარესთან

ოპოზიცია აზრებსა და ემოციებს  შორის  არც ისე უმნიშვნელო დაძაბულობას წარმოშობს. ქალის დედობრივი ინსტინქტი ეწინააღდეგება მამაკაცის  დამოუკიდებლად აზროვნების მისწრაფებას. მისი იდეები, როგორც ჩანს, განსხვავდება  ქალის ჩვეული ემოციური ქცევებისგან.  ურთიერთობას ხშირად აფუჭებს ბავშვური გამოხდომები, რაც ქვეცნობიერში  გადანახული წყენებით არის განპირობებული. მთლიანობაში, მათ აკლიათ ურთიერთგაგება, რაც ხელს უშლის თავისუფალ კომუნიკაციას.

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის მთვარესთან

მამაკაცის აზრები შესაძლოა შეუთავსებელი იყოს ქალის იდეებთან. ქალის ანალიტიკური შეხედულებები მის ემოციებზე გაართულებს მათი გულების და აზრების პაემანს. იმედგაცრუება და დაუკმაყოფილებლობა ხშირად ხდება ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი.

 

 

მერკურების ოპოზიცია

ამ ასპექტში ორივე ინდივიდის ცნობიერი გონება ერთმანეთს უპირისპირდება, რადგან ცხოვრებას წინაამდეგობრივ დიხოტომიაში უყურებენ. მართალია, მათი ურთიერთობა შესაძლოა დაბალანსდეს, მაგრამ ისინი ვერასდროს იგრძნობენ სრულ კმაყოფილებას. მენტალური ჰარმონია სამყაროს წინააღმდეგობების მიღების შედეგად მიიღწევა. თუ თითოეული მათგანი ნამდვილად შეძლებს პარტნიორის აზროვნების სიმძაფრის აღიარებას და მიღებას, მაშინ ამ კომბინაციას შეუძლია ორივე მათანი ობიექტურ გაგებამდე მიიყვანოს. თუმცა თუ რომელიმე ზედმეტად მიჯაჭვულია პერსონალურ (სუბიექტურ) აზრებსა და შეხედულებებზე, ეს ასპექტი სერიოზული დაბრკოლებას შექმნის კომუნიკაციაში, რაც პარტნიორობას აუტანელს გახდის.

 

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის ვენერასთან

მამაკაცის ინტელექტი ქალის სიყვარულის მოთხოვნას უპირისპირდება. ქალი შესაძლოა ისეთ იდეებთან შეჯახებას გრძნობდეს,  რომელიც მის კეთილდღეობის განცდას ანადგურებს. რაც უფრო მეტ სტიმულს განიცდის ის პარტნიორის აზრებისგან, მით უფრო ნაკლებად შეუძლია საკუთარი ქალური ნაწილის გამოხატვა. ამრიგად, ეს ასპექტი  ბუნებრივ კონფლიქტს წარმოშობს  ქალის სიყვარულის გაცემის სურვილსა და მამაკაცის გამოხატულ რეაქციას შორის, მის სიყვარულზე.

 

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის ვენერასთან

ქალს შესაძლოა არ მოსწონდეს მამაკაცის მხრიდან სიყვარულის გამოხატვის ფორმები. ის ხედავს, რომ მამაკაცი ავლენს ქალურ იდუმალებას, სირბილეს და სიკეთეს, რაც საფრთხეს უქმნის მის საკუთარ სექსუალობას. შედეგად, წვრილმან გაღიზიანებებს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტებით ნიღბავს. ნამდვილ მიზეზებს კი არასდროს ახმაურებს. ლოგიკურია, რომ ამ ურთიერთობაში მამაკაცს ძალიან გაუჭირდება კმაყოფილების განცდა.

 

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის მარსთან

ეს ასპექტი არაერთ მწვავე კონფლიქტს იწვევს. ქალი იბრძვის იმაზე გასამარჯვებლად, რაც მამაკაცურ პრივილეგიებად მიაჩნია. ის გამარჯვების ძლიერ მოთხოვნას განიცდის  კომუნიკაციის სფეროში, რაც გამოიხატება  „ბოლო სიტყვა ჩემია!“ დამოკიდებულებით. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ასე იქცევა, ის კარგავს თავისი ქალური ბუნების ნაწილს, რადგან პარტნიორის თავდაჯერებას არყევს. როგორც ჩანს, ის მამაკაცს მისი იდეების გამო განსჯის. ეს საკმაოდ რთული ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობის ან ქორწინებისთვის, რადგან კომუნიკაციას ღირსების შემლახველი ხასიათი აქვს. ორივე პარტნიორი, საკუთარი თვითგამოხატვისთვის, ერთმანეთის სუსტ მხარეებს ხელყოფს.

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის მარსთან

ქალის ინტელექტი შესაძლოა საფრთხეს გრძნობდეს მამაკაცის აგრესიული ძალისგან. ქალი მშვენივრად აცნობიერებს მის სექსუალობას მენტალურ დონეზე და ცდილობს რაციონალური ახსნა მოუძებნოს მის აგრესიას ან მისი აგრესია სხვა მიზეზებს მიაწეროს.   ქალს უჭირს თავისი გრძნობების გამოხატვა, რადგან  მისი აზროვნების ტიპი მამაკაცში ბუნებრივად იწვევს რისხვას. მას სურს ქალი უფრო მორჩილი იყოს. ამის მაგივრად კი, მის ინტელექტუალურ რეაქციებში საფრთხეს გრძნობს საკუთარი სექსუალობისთვის. მიუხედავად  ყველაფრისა, ეს ასპექტი ხელს უწყობს ქალის პიროვნულ ზრდას და შესაძლოა მამაკაცი საკუთარი მოთხოვნებისა და ფასეულობების სრულ გადაფასებამდე მიიყვანოს.

 

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის იუპიტერთან

აქ ბუნებრივი კონფლიქტი წარმოიქმნება მამაკაცის უმდაბლეს და ქალის უმაღლეს გონებებს შორის. ქალი სავსეა ენერგიით, მაგრამ ის ვერ ახერხებს თავის ქალურ როლთან კონტაქტში შესვლას, სანამ მამაკაცის უმდაბლეს გონებას არ დაეუფლება. ამრიგად, ეს ურთიერთობა თვითიდენტობის მუდმივი ძიების ხასიათს იღებს. თუმცა მათი იდენტობა იმდენდ განსხვავებულ დონეებზეა გადატანილი, ისინი არასდროს გადაიკვეთებიან. მამაკაცი ქალი ექსპანსიურობას ქალური როლისგან განდგომად განიხილავს, ის კი ისურვებდა სწორედ ასეთ როლში ეხილა პარტნიორი.  მეორეს მხრივ, ქალსაც მიაჩნია, რომ მისი პარტნიორი უარს აცხადებს თავისი მამაკაცური როლის მიღებაზე ან იმ ჭრილში არ ეკონტაქტება, როგოც ქალი ისურვებდა. თუმცა ასეც რომ მოხდეს, სავარაუდოდ, მათი შეხედულებები, გაიყოფა.

 

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის იუპიტერთან

ქალი მამაკაცში იმ მენტალურ სიცოცხლეს და თავისუფლებას ხედავს, რომლის მიღწევასაც თავად ისურვებდა, მაგრამ არ შეუძლია. როდესაც ის მამაკაცის უმაღლეს გონებას აანალიზებს, მას სწორედ თავისი გონების ფუნქციონირების გაუმჯობესება სურს, მაგრამ ასეთი ურთიერთობა ვერ გაგრძელდება დიდხანს. მამაკაცი მუდმივად მიუთითებს, რამდენად უმნიშვნელოა მისი იდეები, სამყაროს მისეულ აღქმასთან შედარებით. ამის შედეგად განვითარებული ინტელექტუალური არასრულფასოვნება ის ფატალური წერტილი ხდება, რაც ამ ურთიერთობას ანადგურებს, იმის ნაცვლად, რომ პარტნიორების მენტალურ სტიმულირებას შეუწყოს ხელი.

 

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის სატურნთან

ეს ასპექტი ერთგვარ როლურ აღრევას იწვევს ქალის მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალმა არ აღიარა, რომ მისთვის დამახასიათებელია დომინირების ფარული ტენდენციები. ის ასევე ხშირად ცდილობს თავს მოახვიოს მამაკაცს პასუხისმგელობა. ფარულად მას მიაჩნია, რომ ეს მამაკაცი თავს არიდებს ან ცდილოს მას გადააკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. საქმე ის არის, რომ ის მამაკაცს საკუთარი მამის მისდამი მოლოდინების პრიზმაში უყურებს. თავის მხრივ, მამაკაცი თვლის, რომ რჩეული მისთვის შეუსაბამო როლს ასრულებს. ის სულაც არ არის განწყობილი მორჩილად მიიღოს თავისი აქტიური და ადაპტირებადი ენტელექტის მიმართ წაყენებული მკაცრი მოთხოვნები. ლოგიკურია, რომ ისინი ხშირად და მწვავედ კამათობენ, რადგან მამაკაცი, საკუთარი მნიშვნელობის მოპოვების მცდელობაში, გრძნობს, რომ ნებისმიერ თავსმოხვეულ პასუხისმგებლობას უნდა შეეწინაღმდეგოს, რომელიც მისი საკუთარი არ არის.

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის სატურნთან

აქ ქალმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ ტრადიციული წესების და პასუხისმგებლობის ტვირთი გადალახოს, რაც მას ძალიან ამძიმებს, ქვეცნობიერი მამის სახების გამო. ის შეიძლება ვერ აღიქვამდეს ამ მამაკაცს, როგორც ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი, რადგან გრძნობს, რომ პარტნიორი მის აზროვნებით პატერნებს ზღუდავს. მართალია, ასეთმა რექციამ შეიძლება არაერთი სირთულე განაპირობოს, მაგრამ ეს ასპექტი შესაძლოა გახდეს ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობის სიმბოლო. ამისთვის, ქალი უნდა მოწყდეს მამის ფიგურას, მამაკაცი კი მეტი მოთმინება  უნდა გამოიჩინოს მის მიმართ. ორივე პარტნიორი შეიძლება ქვეცნობიერად ტკბებოდეს ურთიერთბრძოლით, რაც თითოეულ მათგანს აძლიერებს.

 

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის ურანთან

ეს გონებათა ჭიდილის ასპექტია, სადაც თითოეული მათგანი პარტნიორის დამარცხებას ცდილობს. კრეატიული ქალი საკუთარი თავისუფალი აზროვნებისთვის იბრძვის. მაშინ როდესაც მამაკაცი თავს ირწმუნებს, რომ კარგად ესმის მისი, სინამდვილეში ქალის არაპროგნოზირებადობა სრულიად გაუგებარია მისი თანმიმდევრული გონებისთვის. აქ შესაძლოა გაიმარჯვოს აშკარა „სიგიჟემ“, რაც ამ ურთიერთობას მეტად არასტაბილურ ხასიათს აძლევს, საიმისოდ რომ დიდხანს გასტანოს.

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის ურანთან

ქალი დაინტრიგებულია მამაკაცის უნიკალური გონებით, რადგან მისი მუდმივად ცვლადი მიმართულებები აღაფრთოვანებს მის ინტელექტს, თუმცა  საკუთარ არასრულფასოვნებასაც აგრძნობინებს. ის წესრიგს ეძებს, მაგრამ ქაოსში ხვდება; ლოგიკას ეძებს, მაგრამ ისეთ რაღაცებს აწყდება, რაც მის ლოგიკას ხელიდან უსხლტება. რადგან მისი ქალურობა ამ ასპექტის ნაწილი არ არის, თავს საკმაოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოაჩენს. ის უნდა შეერკინოს მამაკაცს, მისსავე არენაზე და როდესაც ამას აკეთებს, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მამაკაცის უცნაური იდეები და არაშაბლონური მეთოდები მისი გაღიზიანების მუდმივი წყაროა. ამიტომ, მათ შორის მუდმივი დაძაბულობა და გაუგებრობაა, ზოგჯერ „ნამდვილი სიგიჟეც“. როდესაც ამბოხი გონიერებას უპირისპირდება, დისონანსი ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ურთიერთობას.

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის ნეპტუნთან

ეს ასპექტი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ქალი ატყუებს მამაკაცს. იმის ნაცვლად, რომ მამაკაცის იდეები შთაგონებით შეავსოს, ის თავისი ბუნდოვანი იდუმალებით მოსავს მის ნათელ გონებას. აქ ჩვენ ვაწყდებით პლატონს (რაც სიმბოლურად გონებას წარმოადგენს), რომელიც წყლის ნიმფას უპირისპირდება, რომლის მომხიბვლელობაც კეთილგონივრულად აზროვნების საშუალებას არ აძლევს. ვინაიდან თავად მამაკაცმა მშვენივრად იცის ეს, ის შეეცდება უნდობლობით დაიცვას თავი პარტნიორისგან. ეს ასპექტი შესაძლოა ერთგვარ ტესტადაც იქცეს მამაკაცის სულიერი ზრდისთვის, რადგან მან უნდა ისწავლოს ნათელი გონებით აზროვნება იმ ილუზიების ბურუსში, რომელშიც პარტნიორი ახვევს.

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის ნეპტუნთან 

აქ ქალი ცდილობს ჩაწვდეს მამაკაცის მოუხელთებლობის არსს. ეს მამაკაცი, თავისი იდუმალებით, აინტრიგებს და ილუზიების ოკეანეში ითრევს მას. ქალი ეძებს ცოდნას, რომელზეც სტაბილური რეალობის აგებას შეძლებდა, მაგრამ თავს პიტერ პენთან დაპირისპირებაში აღმოაჩენს, აუხდენელი ოცნებების სამყაროში. ამიტომ, ეს ასპექტი ძალიან ართულებს ხანგრძლივ ურთიერთობას.

 

 

მამაკაცის მერკური ოპოზიციაში ქალის პლუტონთან

ეს ასპექტი ძლიერ კონფლიქტს იწვევს მამაკაცის გონებასა და ქალის ქვეცნობიერს შორის. მამაკაცი ხვდება, რომ ამ ქალს მისი გონების განადგურება შეუძლია და ცდილობს თავი დაიცვას ნებისმიერი ბოროტი ზემოქმედებისგან, რომელსაც მისგან გრძნობს. როდესაც ქალი თავის ძალას გამოხატავს, მამაკაცი დასახმარებლად თავის გონებას მიმართავს და იმართება შერკინება, რომელშიც თითოეული მათგანი საკუთარი ინდივიდუალობისთვის იბრძვის. შედეგად, ქალს შეუძლია გარდაისახოს და ცხოვრების ნათელი მხარეების აღქმა ისწავლოს. მამაკაცი კი ბევრ ისეთ სიღრმისეულ ასპექტს ჩაწვდება საკუთარ თავში, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ამ პროცესს თან ახლავს ანტაგონიზმი, შეტაკებები და იმდენი რაოდენობის კონფლიქტი, ვერც ერთ პარტნიორს ვერ მოუტრიალდება ენა იმის სათქმელად, რომ თავს კომფორტულად გრძნობს.

 

ქალის მერკური ოპოზიციაში მამაკაცის პლუტონთან

აქ ქალი გამანადგურებელ წყალქვეშა დინებებს გრძნობს მამაკაცის ქვეცნობიერიდან და ის, სიტყვა სიტყვით, შეძრწუნებულია, თუმცა საკმაოდ დაინტრიგებულიც იმ ყველაფრით, რაც მამაკაცმა იცის. საქმე ის არის, რომ ამ მამაკაცს სიღრმისეულად ესმის მისი  და ვინაიდან  მუდმივად ცვლილებებისკენ უბიძგებს, ტრანსფორმაცია გარდაუვალი ხდება. ამიტომ, ქალი მას ტვირთად განიხილავს, თუმცა, იმავდროულად, აუცილებელ მონაწილედ იმ გარდაუვალი შერკინებისთვის, რომელიც  უნდა გადაიტანოს. მართალია, ეს ასპექტი ქალის მენტალურ ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ მუდმივი დაძაბულობის გამო, ეს პარტნიორობა იშვიათად გრძელდება დიდხანს. ეს საკმაოდ არასტაბილური და გამაღიზიანებელი ასპექტია, რომ მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბებას ან ქორწინებას შეუწყოს ხელი.


About Qet

Scroll To Top