მერწყული და თევზები

მერწყული და თევზები

ყვითელი ფოთლებისგან ფარდები შეკერეს.

მაგრამ აი, იასამანი  სად ეშოვათ?

თუმცა მათ  მაშინვე დარგეს ბუჩქი, რომელმაც,

თითქოს შეთანხმებულად, მყისვე  იყვავილა.

 იასამანი? რა თქმა უნდა. რატომაც არა? თუ გნებავთ ჰოლანდიური ტიტების მთელი მდელოც, რომელიც ნაზი რხევით ცეკვავს  ქარის მიმართულებით. ამ ორს შეუძლია ნებისმიერი რამ წარმოისახოს  და შექმნას, რაც მოეპრიანებათ. მერწყულის მმართველ ურანს ასტროლოგიაში ალქიმიკოსს ვეძახით. მერწყულთა უმრავლესობა მართლაც უზომოდ გამომგონებლური და ყოველთვის სასწაულებზე განწყობილია. ურანზე ძალიან იშვიათად იმარჯვებს ამ  ნიშნის მუდმივობა. დიახ, ზოგიერთი მერწყული გენიალურ სიგიჟეს ზურგს აქცევს და  იძულებულია  ისე იცხოვროს, როგორც ყველამ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ  მე  ახლა  უმცირესობაზე  ვსაუბრობ.

როდესაც მერწყულს  მთელ ამ აბრაკადაბრაში თევზებიც უერთდება, მისი გავლენა ზემოთხსენებული იშვიათი მერწყულების მუდმივობასაც  ამჩატებს  და მათი ურანული არსიც თავისუფლად  სცდება  ჩარჩოებს. რა თქმა უნდა, საშუალო სტატისტიკურ  მერწყულს არანაირი დახმარება არ სჭირდება. თევზები უბრალოდ კიდევ ერთ  განზომილებას მატებს მის სიგიჟესა და ჯადოსნობას.

ბუნებაში წყალი  ამსუბუქებს  ჰაერს, ქმნის რა ნოტიო ბურუსს. დამეთანხმეთ, რომ ნისლი ყველაზე შესაფერისი ატმოსფეროა იდუმალი ალქიმიისთვის, რომელსაც უნარი შესწევს, ყველაზე უცნაური სურვილები და ოცნებები ცისარტყელასებრ  რეალობად  აქციოს. მარტივად  რომ ვთქვათ, მერწყული და თევზები დადებითად ზემოქმედებენ ერთმანეთზეც  და ამ დაღლილ, მოხუც სამყაროზეც. მათ გამოგონილ ჯადოსნობებს ბოლო არ უჩანს.

მათგან შესანიშნავი დეტექტივთა გუნდი გამოვიდოდა: მერწყული შერლოკ ჰოლმსის როლში, ზუსტი ფაქტების ძიებით გართული და დეტექტივის მთელი ატრიბუტიკით აღჭურვილი, ლუპით, სულელური ქუდითა და ექსცენტრული ქცევებით. თევზები კი ექიმი უოთსონის როლში, თუმცა გაცილებით მგრძნობიარე, ჭკვიანი და ინტუიციური, ვიდრე სერ ართურ ქონან დოილის პერსონაჟი. ჰო, ლონდონის ნოტიო ბურუსიც ზუსტად იმის ნათელი სახებაა, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. როდესაც პირობითობისგან თავისუფალი, მაგრამ  ზემეთოდური მერწყული თევზების  ნეპტუნურ  ინტუიციას მისდევს, „მატარებლის დიდი ძარცვაც“ კი ელემენტარულია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელია ქალი და რომელი მამაკაცი. სქესისა  და ასაკის ფაქტორი  ნამდვილად ვერაფერს დააკლებს  ამ  ნიშნების  თავსატეხების  ამოხსნის  გასაოგნებულ  უნარს.

როდესაც მერწყული და თევზები ერთამენთს ხვდებიან, ნებისმიერ კომბინაციაში: ბიჭი-ბიჭი, გოგო-გოგო, ბიჭი-გოგო (საერთოდ, მერწყული სქესთა თანასწორობის ასტროლოგიური სიმბოლოა),  ისინი მცირედ უხვენენ ჩვეულ ნორმებს თავიანთ ქცევებში, აღარაფერს ვამბობ მათ დამოკიდებულებაზე სხვა ადამიანების მიმართ. სადაც არ უნდა „დაფარფატებდნენ“ ან „დაცურავდნენ“, კანტორაში, მუზეუმში, სახლსა თუ საკლასო ოთახში, მათზე დაკვირვება ერთი სიამოვნებაა.

მერწყული უთუოდ  იგრძნობს, რომ  მას  რაღაცის  სწავლა  შეუძლია თევზებისგან, მაგრამ, იცით რაშია საქმე, მერწყულებს მიაჩნიათ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი იციან დედამიწის ზურგზე  და  მის იქითაც. თუმცა მერწყული მხოლოდ მოიგებდა, თუ თევზებს მოთმინებაში მიბაძავდა, რადგან  მასში ეს თვისება სრულიად სიმბოლურ ხასიათს ატარებს.  თევზები, ამ კავშირის ვიბრაციული გავლენით, მეტად შემწყნარებელი იქნება მერწყულის უცნაური გამოხდომებისა და სისუსტეების მიმართ. ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან თევზები ბუნებით ისედაც მიდრეკილია ტყავიდან ამოძვრეს  სხვების საამებლად. სამაგიეროდ, მერწყულს საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მას თითქმის არავინ ამართლებს.

 

ჰარმონიის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება იქცეს თევზების მოუხელთებლობა და იდუმალება, ასევე წვრილმანებზე  ჩაციკლვისკენ მიდრეკილება. ეს თვისებები  უბრალოდ აცოფებს  მერწყულს. ჩვეულებრივ, მერწყულს არ აინტერესებს  სხვების  პირადი  ცხოვრება, რადგან  ზოდიაქოს  ნიშნებიდან  ის  ყველაზე  ნაკლებ არის მიდრეკილი ჭორაობისკენ, თუ მის ჰოროსკოპში დაზიანებული მერკური არ აღმოჩნდა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ის არ ჰყოფს  ცხვირს  სხვის  საქმეებში. მაგრამ  მას ძალიან აღიზიანებს  განზრახ იდუმალება. თუ მერწყულმა აღმოაჩინა, რომ  მას რაღაცას უმალავენ, მყისვე  ლუპას იშიშვლებს  და საიდუმლოებებზე ნადირობას დაიწყებს. მერწყული უბრალოდ ვერ აიტანს დახურულ პანდორას ყუთს.

როდესაც საქმე გამოცანებსა და თავსატეხებს ეხება, მერწყული და თევზები აღტაცებით  იწყებენ  პასუხების ძიებას. მერწყული პირდაპირ შეყოფს თავს  მისთვის  საინტერესო  ადამიანების  სარკმელში  და  იკითხავს. ტიპური თევზები ვერასდროს გაბედავს ასე უცერემონიოდ შეეჭრას უცხო ხალხს. ის  უსაფრთხო დისტანციაზე დარჩება  და მოთმინებით  დაელოდება, რა გაარკვია მერწყულმა, თავისი ურანული მანერებით. არ იფიქროთ, რომ ვაჭარბებ. მერწყულს მართლა შეუძლია სრულიად უცხო ადამიანთან მიაჭრას და პირდაპირ დაუსვას ყველაზე შოკისმომგვრელი კითხვა. განა უხეშია, არა, უბრალოდ სიმართლე აინტერესებს  და  ძალიან ხშირად იგებს კიდეც. ჩვენც ხომ ისე გვიკვირს, როდესაც გვეკითხებიან: „პატარაობაში  წყლით სავსე ბუშტებს ისვრიდი ფანჯრიდან?“, დაუფიქრებლად ვპასუხობთ სიმართლეს. მხოლოდ მშვილდოსნები და ტყუპები არიან მერწყულებზე უფრო ცნობისმოყვარეები. ლომები და მორიელებიც, მაგრამ მათი ცნობისმოყვარეობა მკაცრად კონტროლდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მერწყულის  ცნობისმოყვარეობასა და ჭორაობას შორის დიდი განსხვავებაა. ის  გახვრეტილ  გროშსაც  არ გადაიხდის იმის გასაგებად, რამდენჯერ იყო დაქორწინებული მისი მეზობელი  ან რა თანხა უდევს საბანკო ანგარიშზე. სამაგიეროდ,  შეიძლება  სრულიად მოულოდნელად ჰკითხოს იგივე მეზობელს, რატომ შეღება სახლი ვარდისფრად, ოდესმე  სახლში  გველი  თუ  ჰყოლია, რას ფიქრობს ვეგეტატიურ გამრავლებაზე  ან  სულაც ოდესმე  ცირკის უფასო  ბილეთი  თუ  მიუღია, რადგან ცირკის სპილოებს  წყალს ასმევდა.

თევზებთა უმეტესობა არასდროს სვამს პირდაპირ კითხვებს.  ისინი იმდენ ინფორმაციას „კითხულობენ“ ინტუიციურ-სენსორული შეგრძნებებით, სულაც არ სჭირდებათ დეტალური დაკითხვების მოწყობა. ურანული გამჭრიახობაც  თითქოს  ასეთივე  ზემოქმედებას  უნდა  ახდენდეს  მერწყულზე, მაგრამ მას სურს, ყველაფერში დარწმუნებული იყოს.

მერწყულსა და თევზებს არაერთი საერთო უცნაურობაც ახასიათებთ. მაგრამ არსებობს რამდენიმე მკაფიო განსხვავება. მაგალითად, ნეპტუნიელები მეოცნებენი არიან. ურანიელებიც  ოცნებობენ, მაგრამ უფრო ველური და ჩახლართული მეთოდებით. თევზებს უყვართ ხელოვნება, მუსიკა და პოეზია. მერწყულებსაც უყვართ ეს ყველაფერი, მაგრამ  კლასიკურ როიალს  ხანდახან შეიძლება კარგი დარდიმანდული სიმღერა ამჯობინონ.

ორივე  მარტივად  გამოდის  წყობიდან, თუმცა კი თავისებურად. გაბრაზებული თევზები  გაღიზინებას  სიტყვათა კასკადით გამოხატავს  ან რამდენიმე მოზომილ  მწარე ფრაზას  გესვრით, შემდეგ კი დადუმდება. ასეთ ქცევას მერწყული სასოწარკვეთამდე მიჰყავს. მისთვის მიუღებელია უსიამოვნებების მგავსი მეთოდებით მოგვარება.

უთანხმოებებთან  გამკლავების  ურანული  მეთოდი  მყისიერი  მეხის  დაჭექაა, რადგან მერწულებს მიაჩნიათ, რომ  ელვა საუკეთესოდ  წმენდს  დაძაბულ ჰაერს, ყველაფერი  დამშვიდდება და დავიწყებას მიეცემა. მაგრამ საქმე ის არის, რომ თევზებს უფრო  დიდხანს  მიჰყვება უსიამოვნო ემოციური განცდები  და  მას  გაცილებით მეტი  დრო  სჭირდება, მარტოობაში ფიქრისთვის, სანამ  ნორმალურ ურთიერთობას დაუბრუნდება.

გარკვეულწილად, ფინანსურ  საკითხებშიც  გვანან. ზოგიერთი  მერწყული  აკურატულად  ითვლის თითოეულ გამომუშავებულ ცენტს  და მაშინვე  ივიწყებს  მთლიან  თანხას. თევზებიც  ასეთივე  დაბნეულია ფულთან. ისინი  ხშირად  გადაითვლიან  საბანკო  ბალანსს თავში და შემდეგ კონვერტზე  ან  თუნდაც ტელეფონის ჯიხურზე  წერენ, რომ არ დაავიწყდეთ. თუმცა თუ მათი ასცედენტები ან მთვარეები მიწის ან წყლის ნიშნებშია, ორივე მოსიარულე კალკულატორად იქცევა…   თქვენ უკვე იცით, რომ  ამ წიგნში ნიშნების განზოგადებულ შემთხვევებს განვიხილავ, მაგრამ  დროდადრო მაინც გახსენებთ  ხოლმე  გამონაკლისებს, როდესაც ჰოროსკოპის სხვა  ასპექტები  ცვლის  საერთო  მოცემულობას. და მაინც, როგორი  გავლენაც ან უნდა ფიქსირდებოდეს ნათალურ რუკაში, თუ  თქვენ  ყურადღებით  დააკვირდებით  ადამიანებს, აუცილებლად მიაგნებთ  მათი  მზის  ნიშნების ძირითადად თვისებებს.

თევზების უკეთ გასაგებად, ასტროლოგია მერწყულებს მეტი  სირბილის, სიმშვიდისა და სიწყნარისკენ მოუწოდებს.  ნეპტუნით  მართულ  ადამიანებს  ძლიერ აშფოთებთ  სიმშვიდის  უკმარისობა. მათ ასევე მუდმივი სტიმულაცია სჭირდებათ აბსტრაქტული აზროვნების სფეროში.

მერწყულის უკეთ გასაგებად, ასტროლოგია თევზებს  აბრაამ  ლინკოლნის  გამონათქვამს შეახსენებს: „ისინი აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, იმიტომ  რომ ისეთები არიან, როგორებიც არიან“. ნამდვილად  ვერავინ  შეძლებდა ურანის  არსის  ასე  მოკლედ და  კონკრეტულად  აღწერას, რადგან ეს რომ გაიგო, თავადაც ასეთი უნდა იყო.

 

 

მერწყული მამაკაცი და თევზები ქალი

Justin Timberlake & Jessica Biel

 

_ ყბედო, _ დაიყვირა მან. _ დამიცავი!

განა უცნაური არ იყო,რომ ყველაზე სულელს მიმართა?

_მე მხოლოდ ყბედი ვარ! _ დაიყვირა მან. _

ყველას ფეხებზე ვკიდივარ.

მაგრამ ვინც ვენდის თითს მაინც დააკარებს,

ცხვირს გავუტეხავ!

 

მერწმუნეთ, თევზები გოგონა ინსტინქტურად გრძნობს იმას, რასაც ნაკლებ მგრძნობიარე და ინტუიციური არსებები მხედველობიდან  უშვებენ. მიუხედავად მერწყულის უცნაურობისა და მისი დანამდვილებით უჩვეულო ქცევებისა (მაგალითად, ყურების რხევის), მიუხედავად მისი დაბნეულობისა და რაღაცნაირად დისტანციური გამომტყველებისა, ეს მამაკაცი მასკულინური ნიშნით დაიბადა, ასევე მასკულინური პლანეტის გავლენის ქვეშ. ამ ყველაფრის გარდა, ის იდეალისტია  და სუსტებსაც თავგამოდებით იცავს. მას შეუძლია წარმოუდგენელი სიმამაცე  გამოავლინოს ექსტრემალურ სიტუაციებში და რა თქმა უნდა, თავის  რჩეულსაც  ნებისმიერი  საფრთხისგან დაიცავს. ის ნამდვილი მამაკაცია ფილმებიდან. ზუსტად ისეთი, ქალებს რომ გული მისდით და მკლავებში უვარდებიან.

როდესაც მისი დისტანციური და ბუნდოვანი მზერა შემთხვევით ნეპტუნიელ გოგონაზე შეჩერდება, ზღაპარული ამბავიც  დაიწყება. თევზების გამოკვეთილი ქალურობა ყველაზე არაჩვეულებრივ კონტრასტშია მის მამაკაცურობასთან. არ დაგავიწყდეთ, რომ თევზები ორმაგად ფემინური ნიშანია.

აბა, როგორ არ გავიხსენოთ საპირისპირო სქესთა პოლარობების მაგნიტური მიზიდულობა? ისინი გაცნობიდან თითქმის წამებში გრძნობენ ამ ბუნებრივ ლტოლვას. თუ ამქვეყნად არსებობს ქალი, რომელსაც ძალუძს  მერწყულს ხალხის თვალიერება-შესწავლის ჰობი გადაავიწყოს  და ყურადღება საკუთარ პიროვნებაზე გადაატანინოს, ეს, ცხადია, თევზებია.

მერწყული მამაკაცები, როგორც უკვე არაერთხელ გითხარით, არც ისე ჩაციკლულები არიან  სქესთაშორის ურთიერთობებზე. მაგრამ თევზებთან შეხვედრის შემდეგ მერწყულმა შესაძლოა მოულოდნელად მწვავედ გააცნობიეროს თავისი სექსუალობა, რაც მის ქცევებს კიდევ უფრო უცნაურს გახდის. მართლა ძალიან უცნაურს! ამის გამო, თევზებს შეიძლება მოეჩვენოს, რომ  მერწყული მას ვერ იტანს. თუმცა მე არ ვურჩევდი  ნაადრევი დასკვნების გამოტანას. დიახ, მის  იატაკზე დავარდნილ  თეთრ  ანგორის  სვიტერს  მერწყულმა  ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით გადაუარა. დიახ, ქაღალდის პარკი პირდაპირ ყურთან გაუხეთქა. დიახ, ისტერიული სიცილი დაიწყო, როდესაც თევზებმა ჰკითხა, მასზე ახალი სუნამოს სურნელი თუ შეამჩნია. დიახ, მან მიაქცია ყურადღება. მიაქცია! მიაქცია და ამიტომაც გაუხეთქა ყურთან ქაღალდის პარკი. აბა, ხელები ხომ უნდა დაეკავებინა რამით, როდესაც  არანორმალურად მოუნდა  მის  კისერს  შეხებოდა. მაგრამ ასე მხოლოდ ბოთეები იქცევიან, მერწყული  კიდევ  ბოთე არ არის! ასეთი სისულელეები სენტიმენტალური რომანტიკოსებისთვისაა და არა მერწყულისთვის!  მაგრამ მოიცადეთ, ის კიდევ მოეგება გონს.

მერწყულზე შეყვარებული თევზები გოგონა არაერთ ცრემლიან ღამეს გაატარებს, იმის გამო, რომ მერწყული მის მიმართ გულგრილია  და ასე დაჟინებით  კრავს ხელს.  სინამდვილეში მერწყულის გულგრილობა ზუსტად გათვლილი სვლებია და  მას იმდენად  ძლიერ იზიდავს ეს სათუთი გოგონა, ისიც აღარ ახსოვს რომელი წელია. ამიტომ, თევზები ტყუილად იღვრება ცრემლებად. მერწყულს უყვარს ის. მაგრამ ის მათი რიცხვიდან არ არის, ვინც მარტივად ნებდება.

მათი ინტიმური ურთიერთობაც ოცნებებით სავსე ზღაპარია.  დიახ, მათ უკვე მიაღწიეს თაფლობის თვემდე. როგორც კი თევზებმა  მერწყულის  ანტირომანტიული  თვალთმაქცობა  ამოიცნო, მან შეწყვეტა ტირილი  და მის ცდუნებაზე გადავიდა დაუჟინებლად, რითაც მერწყულს   გაქცევის აღარანაირი შანსი აღარ დაუტოვა. ჰო, თაფლობისთვეზე… მათ შეიძლება  უამრავი  დრო  დაუთმონ  ყველაზე იდიოტურ კითხვებზე პასუხების მოძიებას. მაგალითად, თუ თითოეულის დაბადების საათიდან, გარკვეულ ტემპში, უფრო და უფრო მეტი სხვაობით ათვლიან დროს, რა დროის შემდეგ  გათანაბრდება, საათის ისრებთან ერთად, მათი დაბადების დროები  ციფერბლატზე? ისინი დიდხანს იფიქრებენ ამაზე. თითოეული თავისებურად შეეცდება ამ ამოცანის  ამოხსნას იქამდე, სანამ თევზები მეოცნებე ღიმილით არ მიუბრუნდება და მაცდურად წაიკრუტუნებს, რომ სიყვარულის დრო სულ არის. მერწყული თავის  არაჩვეულებრივ  ყურებს  შეარხევს, გაიღიმებს და შუქს ჩააქრობს…

აქამდე  არადროს  გადავსულვარ ასე მალე ურთიერთობის ფიზიკურ ასპექტზე, მაგრამ თხემით ტერფამდე მამაკაცური კაცისთვის და დაბადებიდან უჩვეულო ქალურობით დაჯილდოებული ქალისთვის  ეს  საოცრად სწრაფად ხდება. არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, ისინი მათი სექსუალური ურთიერთობის მხატვრულ-დეტალური აღწერით გავაწითლოთ . ორივე ისედაც ძალიან მორცხვია და საკმაოდ ადვილად  წითლდება. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ბუნებამ ჩაიფიქრა, ე.ი. მსუბუქად და ჰარმონიულად. სირთულეები მხოლოდ მაშინ წარმოიქნება, თუ მათ მზეებსა და მთვარეებს შორის დაძაბული ასპეტებია. ვფიქრობ, ჯობია ამაზე შევჩერდეთ, რადგან  მერწყულიცა და თევზებიც  კატეგორიულად  ვერ იტანენ მათი პირადი  ცხოვრების ხელყოფას.

ეს არც ისე სამართლიანია მათი მხრიდან.  თევზებს  ხომ  მხოლოდ თავისი  ზემგრძნობიარე  აღქმადობით  შეუძლია  ყოველ შემხვედრზე  ყველაფრის  გარკვევა. მერწყულსაც სულ რამდენიმეწუთიანი გასაუბრება ჰყოფნის, რომ  თითქმის უშეცდომო დასკვნები გამოიტანოს თანამოსაუბრეზე.

ბუნებრივი უცნაურობის მიუხედავად, ორივე ჩვეულებრივი მოკვდავია  და ისინიც კი  შორს  არიან  სრულყოფილებისგან. ამიტომ, თევზებმა შესაძლოა ისეთი რამ თქვას და ან გააკეთოს, რითაც მოულოდნელად ააფეთქებს მერწყულს. არც ერთი მერწყული არ იტანჯება თავშეკავებისგან. ცხადია, კარგი იქნებოდა,  ყურადღება არ მიექცია მისი სიტყვებისთვის, რადგან  კარგად იცის  რჩეულის  ჰიპერმგრძნობიარობა, მაგრამ მერწყული არაფერზე დაიხევს უკან თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.  მათ რამდენიმე  წლიანი თანაცხოვრება დასჭირდებათ, რომ მერწყულმა თევზების სათუთ გულთან უფრო  ფრთხილი  მოპყრობა  ისწავლოს. მაშინ თევზები მიხვდება, რომ მერწყულს ნამდვილად უყვარს ის, მიუხედავად  ყველაფრისა. მაგრამ  სანამ ორივე ამ ყველაფერს ისწავლის, ერთმანეთს ბევრ  ტკივილს მიაყენებენ.

თევზები გაცილებით მომთმენია მერწყულის  მიმართ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნიშანი, რადგან მერწყული მისთვის XII  კარმულ სახლს წარმოადგენს, სადაც  თვითონაც  იმყოფებოდა. თუმცა კი გახსენება არც ისე ძალიან უყვარს. მიმდინარე განსხეულებაში ის უფრო მაღალ საფეხურზე  იმყოფება  და   მხოლოდ რწმენის ხარჯზეც ბევრს იღებს. მაგრამ  მას  ახსოვს ურანული გამოცდილების  მახეები და თანაუგრძნობს მერწყულს, რადგან  ეს ყველაფერი მისთვის ბუნდოვნად ნაცნობია.  თევზები  მერწყულისთვის  ადამიანური განვითარების შემდეგ საფეხურს წარმოადგენს, რომელიც  მან  უნდა ისწავლოს. მართალია, მერწყული არც ისე დარწმუნებულია, სურს  მას ეს თუ არა, მაგრამ   ხანდახან, როდესაც რჩეულს თვალებში უყურებს, მაინც ახერხებს  შემეცნებას.

ტიპური თევზები ქალი, თუ  მისი ნათალური  ვენერა დაზიანებული არ არის, შორს არის ეჭვიანობისგან. მას იშვიათად შეაქვს  ეჭვი  რჩეულის  ერთგულებაში  და მარტო  ესეც  კი  ბევრ პრობლემას  ააცილებთ  თავიდან. თუმცა მერწყული ისედაც  არ  არის  საეჭვო  ადამიანი, თუ, თავის მხრივ,  მისი  ნათალური ლიბიდო პლანეტები  არ  არის დაზიანებული. ტიპური მერწყული მამაკაცისთვის ერთ ქალთან ურთიერთობაც სავსებით საკმარისია  გრძნობათა პალიტრის განცდისთვის.   რომანტიული  სიყვარული  და  ფიზიკური  ვნენები მშვენიერია და მერწყულს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მით უმეტეს, რომ უკვე  ერთიც გამოიკვლია და მეორეც. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მთელი  თავისი  ძალისხმევა  მათკენ მიმართოს. მისთვის რომანტიკასა და ვნებებზე გაცილებით საინტერესო რაღაცებიც არსებობს.

ეს ნამდვილად არაჩვეულებრივია, გიყვარდეს გენიოსი და უყვარდე მას! ცხოვრება შესაძლოა  გიჟური აღმოჩნდეს, მაგრამ ის არასდროს იქნება მოსაწყენი და ერთფეროვანი.

 

 

მერწყული ქალი და თევზები მამაკაცი

Oprah Winfrey & Stedman Graham

პიტერი დარწმუნებული იყო, რომ როგორც კი ჩრდილს მიაგნებდა,

ის მაშინვე მიეწებებოდა და კვლავ ერთ მთლიანობად იქცეოდნენ.

მაგრამ ასე არ მოხდა და პიტერს ძალიან შეშინდა.

მისმა  ბღავილმა ვენდი  გააღვიძა. უნდა ითქვას, რომ  მას არ შეშინებია.

 მერწყული გოგონას შოკში ჩაგდება  და  აღელვება არც ისე  მარტივია. მისი გაოცება  კიდევ  უფრო  რთულია. შოკის მოგვრა და ადამიანების გაოგნება _ მისი საკუთარი არსენალია. ამ ქალს უყვარს თავისი მამაკაცის მუდმივ დაძაბულობაში შენარჩუნება სხვადასხვა მხიარული გამოხდომით. მაგალითად, მის წინაშე  ყავისფერ ლინზებში წარსდგება და ჰკითხავს: „ძვირფასო, საიდან მოიტანე, რომ ცისფერი თვალები მაქვს?“ ან შესვენებაზე დაურეკავს  და მხიარულ შეტყობინებას დაუტოვებს: „მომბეზრდა სახლში ბოდიალი. მექსიკაში გაფრენა და სერფინგის შესწავლა გადავწყვიტე. იმედია, სამსახურის მერე მოასწრებ აეროპორტში მოსვლას და შემომიერთდები“.  შეიძლება რჩეულის  სავარცხლით  აღმოსავლური ხალიჩა დავარცხნოს  ან სულაც მამაკაცის  ბარიტონული  ხმით გააღვიძოს  შუაღამეზე. არაფერი ისეთი არ იფიქროთ, ეს უბრალოდ  პატარა მაგნიტოფონია  ბალიშის ქვეშ, რომ ძილში იტალიური ისწავლოს. მერწყულს უბრალოდ დაავიწყდა მისი გაფრთხილება. ან კი როდის უნდა გაეფრთხილებინა, როცა სამსახურიდან დაბრუნებულმა  თევზებმა ივახშმა და დასაძინებლად ისე გაემართა, ძილი ნებისაც არ უსურვა?

წესი N 1: ნუ მოაწყენთ ამ გოგოს. მას კი  მოსაწყენად  უმცირესი მიზეზიც ჰყოფნის.

მართალია, თევზებს არც ისე ძალიან  უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, არათუ  ხალხის  შოკირება, მაგრამ მათი გაკვირვებაც  ძალიან  რთულია. ამიტომ, მერწყულის გამოხდომები  მას ისე არ აცოფებს, როგორც, მაგალითად, კუროს, ქალწულსა და თხის რქას. თევზებს კარგად ესმის  ადამიანის ბუნება, მთელი თავისი უცნაურობებით. ეს ნეპტუნიელების  მსოფლმხედველობის ნაწილია. ისინი საერთოდ  შეგუებულები არიან იმ ფაქტს, რომ შეშლილ სამყაროს მოევლინნენ. თევზები  უჩვეულოდ მომთნები არიან უცნაურ ადამიანებთან. ყველა თევზებს აქვს მღვდელ-მოძღვრისთვის დამახასიათებელი საოცრად მშვიდი  შემწყნარებლობა და მოთმინება. სადღაც, მათ სიღრმეში, აბსტრაქტული განსჯის უნარიც იმალება… და მხიარული დელფინი. თევზები  შესაძლოა  ნამდვილი  გენიოსები  იყვნენ  მათემატიკასა თუ მექანიკაში, მაგრამ ზუსტად ასევე უყვართ წვიმაში ხეტიალი და ყვითელი ნარცისების შეგროვება, ღია ცის ქვეშ ძილი და ვარსკვლავების ცქერა, ბაბუწვერებისგან  გვირგვინის  დაწვნაც.  ვგონებ, უკვე მიხვდით, რომ  მერწყული გოგონა მასთან ნამდვილად არ მოიწყენს.

თევზებ  მამაკცთა აბსოლუტური უმეტესობა, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, მთლიანობაში, რბილი და მორცხვი ხასიათის, ძალიან მზრუნველი ხალხია.  მათ უკანასკნელი პერანგიც არ ენანებათ ოჯახისა და საყვარელი ქალისთვის. მართალია, თუ ის დაუდევარ თევზებთა ტიპს მიეკუთვნება, მატერიალური თვალსაზრისით საერთოდ ვერაფერს მოგცემთ. ჯერ ერთი, სხვებმა უკვე პირწმინდად გაღლიტეს. მეორეც, მისთვის დამახასიათებელია ყველაფრის  ხვალისთვის  გადადება, რაც არც ისე იშვიათად წლობით იწელება. თევზები ხშირად  ამბობს  უარს ცხოვრების მკაცრ მოთხოვნებთან პირისპირ შეჯახებაზე, რომელიც ადამიანებისგან თვალსაჩინო, მიწიერ, მატერიალურ წარმატებას მოითხოვს.

თუ  ის  საპირისპირო  ტიპის  თევზებია, ვინც საკმარისი ნიჭითა და ცოდნით არის დაჯილდოებული, მას არ გაუჭირდება აღიარებისა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა ნებისმიერ საქმეში, რასაც ძალისხემვას მოახმარს. ის ცხოვრების ყველა სიამით ტკბება და მშვენივრად  ერგება მიმდინარე მატერიალურ პირობებს. ასეთ თევზებს ასტროლოგიაში ვეშაპებს ვუწოდებთ. ისინიც რბილი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილნი არიან, მაგრამ გაცილებით დიდ  ძალასა  და  აგრესიულ შემართებას  ფლობენ, ვიდრე ტიპური ნეპტუნიელი მეოცნებეები. თუმცა თევზების რომელი წარმომადგენელიც არ უნდა უყვარდეს მერწყულს, ის არასდროს დათვლის  ნაჩუქარი  საჩუქრების ღირებულებას. თევზები  ხომ  ისეთი ხალისით ჩუქნის რაღაც უხილავსა  და მშვენიერს: თავის ოცნებებსა და აზრებსა, იდეებსა და იდეალებს, ხილვებსა და შეგრძნებებს და რა თქმა უნდა, თავის მოწყვლად გულს. მერწყული ქალისთვის, რომლის  ყნოსვაც ყოველთვის ჭეშმარიტებაზეა მომართული, ეს გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე მუსიკალური ცენტრი, ფაიფურის ჭურჭელი, ავტომობილი და ძვირფასი სუნამოები. ცხადია, თუ  უფრო მატერიალური მთვარით ან ასცედენტით  არ  დაიბადა. ტიპური მერწყული ქალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე არჩევს ნამდვილსა  და ყალბს. მას ესმის, რომ უხილავი რაღაცები ხშირად ყველაზე ნამდვილია.

მერწყულზე  შეყვარებული თევზები მამაკაცი ყოველთვის მზად უნდა იყოს მოულოდნელობებისთვის. არატრადიციული ქცევები, თუნდაც მცირედ არასტანდარტული, მისი ბუნებრივი არსია. მერწყული ქალი შეიძლება საოცრად პრაქტიკული და თანმიმდევრული იყოს საქმეებში (ზოგიერთი მათგანი ბრწყინვალე მათემატიკოსია), მაგრამ, მიუხედვად ამისა, გარკვეულ საკითხებში,  მაინც რაღაცნაირად უცნაურია, სხვებისგან გამორჩეული. თუ თქვენ საყვარელ, ჩუმ, კონსერვატულ მერწყულ-მოლარეს შეხვდით ბანკში, ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს, სანამ  მის კოლეგებს, ქმარს ან ნათესავებს რამდენიმე დელიკატურ კითხვას არ დაუსვმათ. სავარაუდოდ, თქვენ გაოცდებით. ასე, მაგალთად, სავსებით დასაშვებია, რომ თოვლიან ამინდში სამსახურში ტრაქტორით დადიოდეს, საუზმე სპორტული ჩანთით დაჰქონდეს, გონების პროფილაქტიკის მიზნით  მატარებლების განრიგს იმახსოვრებდეს, წერილებს ნამდვილი  ბატის ფრთითა და მელნით  წერდეს  და ა.შ.

მერწყულის ბუნებრივი კეთილშობილება და ჰუმანიზმი ყველაფერში გამოსჭვივის. თუმცა  კაცობრიობისადმი სიყვარული სულაც არ უშლის ხელს, აბსოლუტურად  უგულვებელყოს, რას ფიქრობენ მასზე ადამიანები. მის მეუღლე თუ საყვარელ თევზებს  არაერთი მიზეზი მიეცემა გაწითლებისთვის, რადგან მერწყული კატეგორიულ უარს აცხადებ იცხოვროს ისე, როგორც ყველამ. ისე  არ იფიქროთ, თითქოს რაღაც საშინელებებს სჩადის, მაგრამ მას მართლა შუეძლია შემოსასვლელში ქათმებით გატენილი გალია დადგას ან  გამთენიისას ინკების შელოცვები იმღეროს. განა მეზობლებმა არ უნდა გაუგონ?

მერწყული ქალიცა და თევზები მამაკაციც ერთნაირად  ეპყრობიან  დაპირებებს _ არ ენდობიან და არც გასცემენ, არც ერთმანეთისთვის და არც სხვებისთვის. თევზებმა კიდევ შეიძლება  დაარღვიოს  ეს წესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაპირებს შეასრულებს. აი, მერწყული ქალი მყისვე გეტყვით, რომ არაფერს დაგპირდებათ, რადგან შესაძლოა  სიტყვის გატეხვა მოუხდეს. ეს ურანული სიმართლის უნიკალური ფორმაა.  მერწყულს მიაჩნია, რომ არავინ უნდა გასცეს დაპირებები და მით უმეტეს, არ ღირს გულზე მღიჯის ცემით დაფიცება, რომ დანაპირებს უსიკვდილოდ შეასრულებს, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ დედამიწის ზურგზე არც ერთ სულიერს არ შეუძლია ზუსტად თქვას, რა მოხდება ხვალ. დაპირება მათთვისაა, ვისაც საკუთარი თავის და სხვების მოტყუება უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ  თავის  ცხოვრებას სრულად აკონტროლებს, რაც, მისი აზრით, შეუძლებელია.

თევზებზე შეყვარებული მერწყული, პირველ რიგში, რჩეულს თავისი ხასიათის ყველა სირთულეს ჩაუკაკლავს, თავის ყველა იდეას, აზრსსა თუ თეორიას გადმოულაგებს და დააკვირდება, როგორ აღიქვამს ამას თევზები. არა, მერწყული არ გამოიყენებს თევზებს, როგორც დასაყრდნობ მხარს, რომელზეც ქალები ქვითინებენ. არც საკუთარი პროექტების სატესტო სტენდად  მიაჩნია. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მერწყული  ყურს უგდებს თევზებს. თუმცა, მიუხედავად მისი ბრძნული რჩევებისა, მერწყული, გარკვეულ საკითხებში, ჯიუტად მაინც თავისი გზით მიდის. მაგრამ როდესაც ის ფეხს წამოკრავს, თევზები არ დაიწყებს მის განსჯას, ის საყვედურების გარეშე  წამოაყენებს და ნაზად დაამშვიდებს მას. მერწყული თევზების  დამხმარე ხელებს ეძებს და ყოველთვის პოულობს. ეს სიმყუდროვე და სათუთი მზრუნველობა არაპროგნოზირებადი მერწყული ქალისთვისაც  კი საოცრად დამამშვიდებელია.

თუმცა ხანდახან თევზები შეიძლება ადგილზე არ აღმოჩნდეს. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ თევზებს გაუჩინარების საოცარი უნარი აქვს, სრულიად  გაუფრთხილებლად  ან თანდათან, შეუმჩნევლად.  თევზები ემოციურად საიმედო ნიშანია და მას ძალიან ბევრის ატანა შეუძლია, მაგრამ როდესაც მიყენებული  ტკივილი  და წყენა მისთვის გაუსაძლისი ხდება, ის ჩუმად მიცურავს  შორს.

მერწყულსაც შეუძლია გაქრობა, თუმცა მისი გაუჩინარება ილუზიონისტის  ხრიკს უფრო ჰგავს: ეს-ეს იყო თქვენს თვალწინ დაბოდიალობდა  და ჰოპ, უცებ აღარ არის. ის მოგონებად გადაიქცევა, როგორც ფერადი აბრეშუმის  შარფი ან ფუმფულა თეთრი ბაჭია. როგორც თევზები მამაკაცის მოთმინებას, ისე მერწყულის ტოლერანტობასაც აქვს საზღვარი!

მათი სექსუალური ურთიერთობა ხშირად ექსპერიმენტი უფროა, ვიდრე გრძნობითი გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც. ამ ასპექტში ორივეს აკლია თავდაჯერება. ამ ნიშნებისთვის სხეული არც ისე მნიშვნელოვანია. ეს საყვარლები ყველა სასიყვარულო მოძრაობას ასრულებენ და მაინც, არც ისე დარწმუნებულები არიან, რომ ეს ინტიმური სიახლოვეა, სანამ  მათი სულები ხორციელ სურვილს არ დაეწევიან. თუმცა როდესაც ეს მოხდება, ფიზიკური სიახლოვე თევზებს დიდი ხნის ოცნების ასრულების მსგავს შეგრძნებას მისცემს, მერწყულს _ ერთერთ ცხოვრებისეულ  სიხარულს. არა ერთადერთს, მაგრამ განსაკუთრებულს და ჯადოსნურს.  სინამდვილეში მერწყულს თავად ცხოვრება უყვარს, თავის ყველა გამოვლინებაში. მისთვის ნამდვილი შეზღუდვა იქნებოდა სიცოცხლის მთელი მოლოდინები  მხოლოდ სექსუალურ გამოცდილებაზე დაეფუძნებინა.

თუმცა იქამდე, სანამ ეს ქალი საბოლოოდ მიეჯაჭვება საყვარელ მამაკაცს, ამ უკანასკნელმა  უნდა დაუმტკიცოს, რომ  მისი მეგობარია, ნამდვილი მეგობარი! რომ მას არამხოლოდ   მერწყულის სულისა და სხეულის დაუფლება, არამედ მასთან ინტელექტუალური სიახლოვეც სწადია. თუ მერწყულმა ურთიერთობის მეგობრულ ასპექტში მცირედი ბზარი მაინც შენიშნა, ის ზამთრის ყინვასავით მსუსხავი  გახდება. მერწყულისთვის მეგობრობა უმაღლესი ფასეულობაა, შემდეგ მოდის სიყვარული და მხოლოდ მესამე ადგილზე სექსი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერწყულს ვნებები არ ახასიათებს, მაგრამ ინტელექტუალური ერთობადა მენტალური სიახლოვე, თუ გნებავთ, ვნებებს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს და ამრავალფეროვნებს.  ურანით მართული ადამიანები კარგად გრძნობენ ამ ჭეშმარიტებას იქამდეც, სანამ სხვები შეიტყობენ.

თევზები მამაკაცის ყველაზე დიდი ნაკლი საკუთარი კეთილდღეობის უგულვებელყოფაა, როდესაც ის  პირად მოთხოვნებს ივიწყებს და მთელ დროს მათ უთმობს, ვისაც მისი დახმარება სჭირდება. მაგრამ მერწყული ქალისთვის  ეგოს ამგვარი მსხვეპრლშეწირვა სულაც არ არის სისუსტე. ეს ძალაა, რის  გარეშეც  ნამდვილი მამაკაცი მეგობრად  ვერ ივარგებს.

მერწყული ქალის ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ის არავის და არაფერს ერგება. მაგრამ მისი რჩეული თევზებისთვის გარემო პირობებთან  შეუგუებლობა სულაც არ არის ნაკლი. ეს ის არის, რის გამოც მას ეს ქალი შეუყვარდა, რადგან ამაში ისე ძალიან გვანან ერთმანეთს. ისინი ერთად აფრენენ. აი, როგორ იქმნება ჯადოსნობა.

დიახ, ისინი იკამათებენ, თანაც ძალიან  ხშირად. მაგრამ განა რამდენად უჩვეულოა კამათი შეყვარებულ წყვილს შორის?  ყველა კამათი, როგორი  ცხარეც არ უნდა იყოს, ბოლოს შესარიგებელი ჩახუტებით სრულდება. ურანის თამაშებისა და ნეპტუნის მოუხელთებლობის ამოწურვის შემდეგ, საბოლოოს ჯამში, სიყვარული დარჩება. სიყვარული  კი  ერთადერთია, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top