მერწყული და მერწყული

მერწყული და მერწყული

ცხოვრების გზაზე უამრავი უცნაური რამ გადაგვხვდება თავს,

რასაც მაშინვე ვერ ვამჩნევთ.

 დიახ, ეს სიმართლეა. უცნაურობები ყველას ემართება, თითქმის ყოველ წელს, მაგრამ ჩვენ იშვიათად ვამჩნევთ მომხდარის უცნაურობას. აი, მერწყულებს უცნაურობები ყოველდღე და უფრო ხშირადაც ემართებათ და ისინი ვერც კი ხვდებიან, რა ხდება. მერწყულისთვის უცნაური ნორმალურია, ნორმალური _ უცნაური.

როდესაც ორი მერწყული ურთიერთობას აბამს სკოლაში, სამსახურში, სახლში თუ კოსმიურ ხომალდზე, სადაც არ უნდა იყოს, ცხოვრება ანანასისა და მოცხრის ღვეზელივით უცნაური ხდება. პირდაპირ გეტყვით: მერწყულები ისეთები არიან, როგორებიც არიან _ გიჟები და გენიალურები. ორი ერთად კი… გააორმაგეთ ეს ყველაფერი! მერწყული გენიალობისა და სიგიჟის ნიშანია. მართლაც, რთულია ზუსტი გამყოფი ხაზი გაავლოთ ამ თვისებებს შორის.

გამოკარით მთელი თქვენი ბრალდებები ერთ დიდ გუდაში და კიბეებთან დაუდეთ.  ყოველ დილით გვერდზე ისე ჩაუვლიან, ვერც შეამჩნევენ. დიახ, მერწყულები ყოველთვის საკუთარი საქმეებით არიან დაკავებული და სხვებისგანაც იგივეს ელიან. შეიძლება სცადოთ და კართან ჩვილი დაუტოვოთ. თუ პატარა მთელი ხმით იჩხავლებს, არის შანსი, რომ მერწყულებმა გადმოიხედონ და შეამჩნიონ. ისინი ყოველთვის ცაში იყურებიან, გვერდზე ან უკან, მაგრამ  არასდროს ფეხქვეშ. ამიტომ, ხშირად ვერ ამჩნევენ, რომ სხვისი ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს და უცხო მხარეებში შეისეირნეს.

ერთმა კარგმა  ასტროლოგმა მერწყულებს „კაცობრიობის ღირსებათა მატარებელი ჩირაღდნები“ უწოდა, რამაც ძალიან გამაკვირვა, რადგან ვერაფრით მივხვდი, როგორ შეიძლება  ღირსება დაუკავშირო იმას, ვინც ყოველთვის ყირაზე დგას? ჩვენი ძალიან ბრძენი წინაპრები მათ ჰუმანოიდებს უწოდებდნენ. ერთმა მწერალმა კი „ჰომოსაპიენსთა  უკანასკნელ იმედად“ მოიხსენია. თითქმის ყველა, ვინც ასტროლოგიაში ასე თუ ისე ერკვევა, მათ გამოგონების გენიოსებს უწოდებს. მაგრამ მე მერწყულებს ვურჩევდი  ყურადღება არ მიაქციონ ამ დახასიათებებს. მე ვთვლი, რომ მათ ერთი ფეხი მიწაზე უდგათ, მეორე _ ცაში, თავი კი საერთოდ ღრუბლებში აქვთ გამოკიდებული. და კიდევ, ისინი ყოველთვის კარგავენ თავიანთ ლინზებს ყინულის კონტეინერებში.

ნუ ღელვათ მკითხველებო. მერწყულებს ძალიან ეამებათ ყოველივე ზემოთ თქმული.  ეს უცნაურია? არც ისე. თხის რქას ჰგონია, ნობელის პრემია მიიღო, როდესაც ეუბნებიან, რომ ის ჯიუტია. კუროები სიამაყით აღივსებიან, როდესაც ეუბნებით, რომ ისინი უტეხები არიან. ლომები ეშმაკურად იღიმიან, როდესაც პირდაპირ  მიუთითებთ აუტანელ ქედმაღლობაზე.

ბევრი მერწყული მკითხველი მიგზავნის წერილებს კითხვით, რატომ არის წყლის მღვრელი მერწყული ჰაერის(და არა წყლის) ნიშანი და ახლა მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვუპასუხო: არ ვიცი!

რატომ არ დაგაკმაყოფილათ? ეს ხომ მერწყულის ტიპური პასუხია. ისეთივე ცხადი და ნათელი, როგორც ლოს-ანჯელესის თავზე შეკრული ბურუსი. წყლისა და ჰაერის შერეული მოქმედება მე არ მაკვირვებს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ასტროლოგს.  როდესაც თქვენც გაიცნობთ ამ შემოქმედებითი ქაოსისგან წარმოქმნილ არაორდინალურ არსებებს, არც თქვენ გაგაკვირვებთ მათი ბუნება.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ორმა მერწყულმა ერთმანეთი იპოვა საბავშვო მოედანზე, კოლეჯში, კალათბურთის გუნდში თუ „ვარკვლავური ომების“ კინოსეანსზე. ისინი ერთად კითხულობენ ამ წიგნს. ანუ ერთერთი (ბავშვები არ ითვლებიან) მეორეს ხმამაღლა უკითხავს, რომელიც ოთახში დაბოდიალობს, ყვავილებს რწყავს და თან ელაპარაკება, თან უსმენს. ის, ვინც კითხულობს (პირობითად პირველი ვუწოდოთ), ზუსტად ამ ადგილზე ჩერდება, მეორე მერწყულს მიუტრიალდება და ეუბნება:

_რა ჩემ ფეხებს გულისხმობს ეს ავტორი? რა არის ჩვენში უცნაური? შენ ფილოსოფიის ხარისხი გაქვს თერმული ფიზიკის დარგში, მე არმიის გენერალი ვარ. ჩვენ ორივე ჭკვიანი, ნორმალური, თავმდაბალი და ჩუმი ადამიანები ვართ. ეს წიგნი კი იმას ღაღადებს, რომ „უცნაური“ და „ექსცენტრულები“ ვართ.  ასტროლოგია არ შეიძლება იყოს ზუსტი, თუ ის ვარაუდებზეა დაფუძნებული, არ მეთანხმები?

აფრიკული იების ქოთანთან შეჩერებული მეორე მერწყული, მთელი კონცენტრაციითა და ბურუსით მოცული მეოცნებე  გამომეტყველებით  ფიქრობს (ხმამაღლა):

_ ჰო, მაგრამ ხანდახან მთელი სამყარო უცნაურია, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე. ხანაც… (ცდილობს გაიხსენოს).

პირველი: ხან  შენ თვითონ ხარ ცოტა უცნაური.

მეორე: მადლობა დახმარებისთვის, მეგობარო! სულ გადამავიწყდა. ხანდახან ისეთი დაბნეული ვარ.

პირველი: მგონი, ჩვენ მართლა ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ, არა? ექსტრანსენსების კურსები ხომ არ გაგვევლო?

მეორე: მაგას ჯობია ის წიგნი ვიყიდოთ, გარდაცვლილთა ხმების გამოძახებაზე. არის ასეთი წიგნი, „გარღვევა“, ტეპლინგერთან თუ სადღაც სხვაგან გამოიცა, სადაც ახსნილია, როგორ შეიძლება ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ხმის გამოძახება, ჩვეულებრივი მაგნიტოფონის მეშვეობით. რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე დაამტკიცეს ექსპერიმენტულად. მისმინე, სარწყავი სად წავიღე, ხომ არ დაგინახავს?

პირველი: მაგიდის უჯრაში ჩადე. ცარიელი იყო?

მეორე: ღმერთო! არა, მასში წყალი ესხა! შეამოწმე… ნახე, სვიტერები სულ დასველდა!

პირველი: ეს ჩემი უჯრაა და შენი სვიტერები კი არა, ჩემი კნუტებია.

მეორე: ოჰ, მაპატიე, თუ შეგიძლია… რა უნდათ კნუტებს მაგიდის უჯრაში?

პირველი: ისინი ყოველთვის აქ იმალებიან, რადგან კედრის სუნი მოსწონთ. არ გახსოვს?

მეორე: ჰო, სულ დამავიწყდა. შეიძლება შენი ფენი ავიღო და გავაშრო?..  საწყლები!

პირველი: ნუ ღელავ. მე გავაშრობ. შენ მანამდე ბიბლიოთეკაში წადი და „გარღვევა“ წამოიღე. შეგიძლია ჩემი ველოსიპედით ისარგებლო. მაგრამ ფრთხილად იყავი, უკანა ბორბალი ურევს. შეეცადე მომხდურ მოძრაობას თავი აარიდო…

გესმით, რას ვგულისხმობ? ორი მერწყულის ნებისმიერი კავშირი, იმის  მიუხედავად თხუთმეტი წუთი გრძელდება, რამდენიმე წელი თუ მთელი ცხოვრება, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. ერთადერთი, რისი წინასწარმეტყველებაც ზუსტად შეიძლება, ის არის, რომ ისინი მაშინვე გაუგებენ ერთმანეთს. ურანიელების შეხვედრამ  შეიძლება ორივეს ცრემლები მოადინოს ბურუსით მოცულ თვალებში  და ეს მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრება ფიქრობდნენ, რომ დედამიწის ზურგზე არავის ესმის მათი განცდები.  როდესაც მერწყული ისეთ ადამიანს ხვდება, ვინც მადლიერების ნიშნად უღიმის, ის ამ დღეს წითელი მარკერით წერს თავის ტოლკიენისებურ კალენდარში „ეს იყო მოულოდნელობით, სიხარულითა და სიკეთით აღსავსე დღე“.

 

 

 

მეწყული მამაკაცი და მერწყული ქალი

Josh Brolin & Diane Lane

_რა სისულელეს ამბობ, ძვირფასო!

როგორ შეიძლება სახლში დაუკაკუნებლად შესვლა?

_მგონი ფანჯრიდან შემოდის.

_საყვარელო, ჩვენ ხომ მესამე სართულზე ვცხოვრობთ?!

ის ძილში ბუტბუტებდა.

 გაუგებარია, საიდან იცოდა.

უბრალოდ იცოდა და მორჩა.

მერწყული მამაკაცი ოთახში მართლაც უნიკალური და განუმეორებელი მანერით შედის. პრინციპში, ის ყველგან ასეთია. სახლში, თეატრში, სტადიონზე, ეკლესიასა თუ საქათმეში _ ფანჯრიდან შესვლა მერწყულისთვის ძალიან ადვილია. შეიძლება ზღურბლზე ფეხზე ამოცმული  თხილამურებითაც მოგადგეთ. მე ვიცნობ ერთ ზრდასრულ მერწყულს, რომლის ჰობიც ოჩოფეხებით სიარულია. ერთი მერწყული მსახიობი, ბერი ბრიდმანი, კი სქეითბორდით დაჰქრის ბრონქსის კვარტლებში, ქიუგერ ავენიუზე. პარალელურად სთიქბოლის მატჩების მონაცემებს ამოწმებს. იღლიის ქვეშ, საკუთარი შეთხზული, უნიკალური ლირიკული სიმღერების კრებულის ფირფიტა აქვს ამოჩრილი  და თან კამის შეკვრასა და ახალგამომცხვარ ფუნთუშას ღეჭავს. მთელ ამ ანსამბლს დიდებულად ასრულებს მაისური, წარწერით „ძალა მოგეცეს!“

ყველა მერწყული მამაკაცი, უკლებლივ ყველა, კოსმიური სივრციდინაა და მხოლოდ ასე შეიძლება ლოგიკურად აიხსნას მათი ბურუსით მოცული მზერა და ისედაც უცნაური შესახედაობა. ერთმა ნაცნობმა მერწყულმა ერთხელ წინასწარ დამირეკა და  დილის თერთმეტ საათზე შეხვედრაზე შემითანხმდა. როდესაც ვკითხე, რატომ არ შეეძლო უფრო ადრე მოსვლა, მიპასუხა, რომ დრო სჭირდებოდა, შეხვედრის ადგილის ძიებაში რომ არ დაკარგულიყო.  ყველაფერი სწორია. მერწყულები ხშირად იკარგებიან მეტროებში, გზაში, აეროპორტებში, ხანდახან საკუთარ სახლებშიც.

როგორი საშუალებითაც არ უნდა შევიდეს ოთახში მერწყული მამაკაცი, თუ იქ შესულს მერწყული ქალი დახვდა, მათი მზერები მყისვე გადაიკვეთება. რამდენიმე წამის შემდეგ კი ყურადღებით მიაშტერდებიან ჭერს. საერთოდ, მერწყულის მზერა რთული მისაპყრობია. რას იზამთ? ასეთები არიან. თუ ერთერთი მერწყული უკვე დანიშნულია, მსუბუქად გატაცებულია ან ოფიციალურ ქორწინებაშია, არც ერთი არ გადადგამს ნაბიჯს მეორესკენ. ღალატი და ორგულობა არავითარ შემთხვევაში არ ჯდება მერწყულის მაღალმორალურ პრინციპებში!  მათ არ უყვარდებათ თავდავიწყებით, არ აწყობენ საიდუმლო პაემნებს და მით უმეტეს არ გახვევენ სხვებს ამორალურ ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში, ისინი პლატონური მეგობრები გახდებიან.

თუ ისე მოხდა, რომ ორივე თავისუფალი აღმოჩნდა სხვა ადამიანების მიმართ ვალდებულებებისგან… მაინც პლატონური მეგობრები გახდებიან. მერწყული ქალებიცა და მამაკაცებიც გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრობას, ვიდრე სიყვარულს. მერწყულის მთავარი ოცნება დედამიწის ყველა ცოცხალ არსებასთან დამეგობრებაა, მეფეებით დაწყებული, მწერებით დამთავრებული. ბუნებრივია, ამ მიზანს ბოლომდე ვერასდროს მიაღწევენ, მაგრამ საოცრად ახლოს მიდიან.

მერწყულები სრულიად ენდობიან მეგობრობას. გატაცება და სიყვარული კი მერწყულისთვის საეჭვო გონებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. თუმცა ის მერწყულები, რომელთა მზეზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს მეხუთე და მერვე სახლების პლანეტები, შეიძლება საოცრად უწესრიგო სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდნენ. მაგრამ მერწყულთა აბსოლუტური უმეტესობა დაახლოებით ასე აზროვნებს: გატაცებას მივყავართ სიყვარულისკენ, სიყვარულს_სექსისკენ. სექსი კი, თავისთავად, ორი, სრულიად განსხვავებული სისტემის შესწავლაა. როდესაც აღმოჩენა გაკეთებულია და რამნდენიმეჯერ შემოწმებულიც, კვლევის გაგრძელება დროის ფუჭი ხარჯვაა. გარშემო იმდენი საინტერესო რამ ხდება, ერთი რამის შესწავლაზე ჩაციკლვა არაკეთილგონივრულია!

ყველაფერი, რასაც ურანიელები ფიქრობენ, ამბობენ ან აკეთებენ _ თეორიული, აბსტრაქტული და აკადემიურია. შეყვარებულობაც კი გონივრულ მდგომარეობად მარტო იმიტომ დაასკვნეს, რომ ცნობისმოყვარეები არიან და დიდი ხნით საიდუმლოებებს ვერ იტანენ.

როდესაც მერწყული მამაკაცი, ბოლოს და ბოლოს, იმ ერთადერთ ქალს „ცხოვრების მეგზურად“ მიიპატიჟებს, მისგან გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ ცოლობა, შვილების დედობა, დიასახლისობა და შინამოსამსახურეობაა. ის იმედოვნებს, რომ ეს ქალი მისი გეიშა, ნდობით აღჭურვილი პირი, მდივანი, სენსეი, საუკეთესო მეგობარი, ამხანაგი და პარტნიორი გახდება და დიდი გატაცებით ჩაერთვება მის ყველა გიჟურ, ჯადოსნურ და შეუძლებელ გეგმაში. მას ასევე უნდა მოსწონდეს მისი მეგობრებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, ბევრი ეყოლება, ძალიან ბევრი, უთვალავი! ის კარგად უნდა ითვლიდეს გონებაში და ჭკვიანურად უნდა საუბრობდეს. ერთმანეთისგან არჩევდეს ურია ჰიპსა და ოფელიას. შეეძლოს იმის წაკითხვა და გაანალიზება, პროფესორმა მორიარტიმ მოკლა შერლოკ ჰოლმსი თუ პირიქით. თუ მერწყულმა გოგონამ ეს ყველაფერი მოახერხა, მერწყული ბიჭუნა მისთვის რამდენიმე სასწაულს მოახდენს.

რა თქმა უნდა, მერწყული ქალიც მოითხოვს რჩეულისგან ჯადოსნურ ფოკუსებს. ის იმედოვნებს, რომ საყვარელი მამაკაცი არამხოლოდ მისი ქმარი, შვილების მამა, საყვარელი და ოჯახში შემომტანი გახდება, არამედ მისი გურუს, ძიუდოს ინტრუქტორის, მამის, ძმის, საუკეთესო მეგობრის, ტიბეტელი ბერის, რომელოს და ვალენტინის ფუნქციასაც შეითავსებს… და ის ყველაზე მთავარში უნდა ჰგავდეს იმ ყმაწვილს, რომელიც მერწყულ გოგონას პირველად შეუყვარდა; რომელმაც პირველად აჩუქა დაჭმუჭნული გვირილა ალგებრის გაკვეთილზე. მერწყული ქალიც უნდა ჰგავდეს მთავარში იმ გოგოს, რომელიც მერწყულ მამაკაცს პირველად უყვარდა, ცალი ყავისფერი და ცალი ცისფერი თვალით; მერწყულმა მას ცხვირსახოცი ათხოვა, როდესაც გოგონამ ტოლფერდა სამკუთხედის ამოცანა ვერ ამოხსნა  და დაფასთან ატირდა.

იცით, მერწყულთა მოთხოვნები მარადიული სიყვარულის მიმართ იმდენად მკაცრია, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რატომ ქორწინდება ეს ნიშანი ძალიან იშვითად. თუ ისინი ერთმანეთის  რაფინირებულ მოთხოვნებს უპასუხებენ და გამოცდას ხუთიანზე ჩააბარებენ, მაშინ მარტივად მიაღწევენ სექსუალურ ჰარმონიას. მათ იციან სექსუალური ურთიერთობის უდიდესი საიდუმლო: იშვიათობა ყველაფერს დიდებულებას ანიჭებს და ფიზიკური სიყვარული გამონაკლისი არ არის. ეს იმას არ გულისხმობს, რომ ისინი და-ძმასავით ცხოვრობენ. არა, ეს ასე არ არის. მაგრამ ტიპური მერწყულები  ნელა და თანდათან ახურებენ თავიანთ სურვილებს. მაგალითად, დილაობით საუზმობისას ორაზროვანი მზერით. მე სულაც არ ვამბობ, რომ მათ მოულოდნელად აფეთქებული სასიყვარულო აქტები არ უყვართ_ იმპულსური მოთხოვნა, რომელიც მყისიერ  დაკმაყოფილებას მოითხოვს.  თუ ამ წყვილის ინდივიდუალური ასცედენტები და მთვარეები ჰარმონიულ ურთიერთობაშია, მათთვის უკეთესის მოფიქრებაც არ შეიძლება, მაგრამ თუ ასპექტები დისჰარმონიულია, მათ სერიოზული ძალისხმევის გამოჩენა მოუწევთ, რომ ერთმანეთს მოერგონ და სიმშვიდეში იცხოვრონ.

ერთის მხრივ, მათ შეიძლება ზედმეტად უყვარდეთ ერთმანეთის მეგობრები. რჩეულის მეგობრებთან ურთიერთობა არც ისე უმნიშვნელო პრობლემების საბაბი ხდება არაერთ წყვილში, თუმცა ჩვენს მიჯნურებს ეს არ ემუქრებათ. ისინი იმდენად ცნობისმოყვარეები არიან, სავსებით მოსალოდნელია, ერთხელაც მეუღლის მეგობარს დაურეკონ და ერთად გასეირნება შესთავაზონ. თუმცა ამ საკითხში მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან რთულია სიყვარულის შენარჩუნება, როდესაც სამზარეულო და მისაღები სავსეა მეგობრებით, საწოლზე კი ქურთუკების, შარფებისა და ქუდების გორა დგას.

სხვა თვისებრივ შტრიხსაც შეუძლია პრობლემების შექმნა და ეს ორმხრივი უდრეკობაა. უდრეკობა _ ეს კვადრატში აყვანილი სიჯიუტეა. ურანის შვილებში ფიქსირებული ჯვრის ეს თვისება შერწყმულია არაპროგნოზირებად ქცევებთან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ერთობლიობაში წარმოუდგენელ და არაშაბლონურ სიჯიუტეს ბადებს.

ასე, მაგალითად, მერწყული მამაკაცი უდრეკი იქნება თავის სურვილში, მისმა ძაღლმა საწოლში, მისი ნიკაპის ქვეშ იძინოს. საკმაოდ რთული და არაჰიგიენურია ძილის წინ  ლაბრადორს ჩახუტებულ მამაკაცს აკოცოთ. ვერასოდეს მიხვდებით ზუსტად, ვინ გკოცნით საპასუხოდ _ თქვენი რჩეული  თუ მისი ძაღლი. მერწყული ქალიც, თავის მხრივ, უდრეკი იქნება თავის უფლებებში, მართოს ქმრის ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ორჯერ კინაღამ საფოსტო ყუთს შეასკდა, არასწორი პარკინგისა და სიჩქარის გადამეტებისთვის გამოწერილი საჯარიმო კვიტანციები კი  უჯრაში აღარ ეტევა. ამან  შეიძლება გაანაწყენოს მერწყული მამაკაცი, რომელსაც სურს დარწმუნებული იყოს, რომ მის მანქანას ყველა წესის დაცვით ეპყრობიან. მაგრამ რას იზამთ, თითქმის შეუძლებელია მერწყულს შეხედულება შეაცვლევინოთ და აბსულუტურად შეუძლებელია, რამის გაკეთება აიძულოთ.

საბედნიეროდ, ის მერწყულებიც კი, ვისი მზე და მთვარეც ნეგატიურ ასპექტებს ქმნიან, მარტივ გამოსავალს იპოვიან იქ, სადაც დაძაბულობას გრძნობენ. მათ შეუძლიათ კონცენტრირდნენ საერთო  ჰუმანიტარულ და სამეცნიერო მიზნებზე. ამგვარად, მათ მნიშვნელოვნად შემოაკლდებათ დრო ერთმანეთის სიჯიუტესთან დაპირისპირებისთვის. ფაქტი ფაქტად რჩება: მეცნიერულ-კვლევითი კოლექტივების, მისიონერთა წყვილებისა და თანაავტორთა უმეტესობას სწორედ  მერწყულები შეადგენენ. თუ ისინი თავს რომელიმე იდეალურ მიზანს მიუძღვნიან, ნაკლები რისკია, წვრილმანი უკმაყოფილებისა და ნერვიულობების გამო, ერთმანეთი დაკარგონ.

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, მერწყულებს სწამთ ცვლილებების, თუ ეს პირადად მათ არ ეხებათ. მერწყული მამაკაცი ხშირად იხრება იმ აზრისკენ, რომ ჩვენს სამყაროში ყველა და ყველაფერი უნდა იცვლებოდეს. მაგრამ ის კატეგორიულ უარს აცხადებს ოდნავ მაინც შეცვალოს თავისი ჩვევები.  იგივე ეხება მერწყულ ქალსაც. სრულიად თვალსაჩინოა, რომ, ადრე თუ გვიან, ერთერთს მოუწევს საკუთარი შეცდომის აღიარება. და უკეთესი იქნება, თუ ამას ორივე გააკეთებს.

აქვთ უფრო ბედნიერი წუთები, როდესაც ერთმანეთს სურპრიზებს უწყობენ. საერთოდ, მერწყულებს ძალიან უყვართ სურპრიზები. მათ იშვითად დასცდებათ კრინტი თავიანთ გეგმებზე, სანამ არ განახორციელებენ. ფორდის ძველი მოდელი, რომელსაც ეს მამაკაცი თავის სატრფოს აჩუქებს ნამდვილი სურპრიზი აღმოჩნდება. მერწყული გოგონაც ჩუმად იქნება იქამდე, სანამ პირდაპირ საწოლთან არ მიუჭედებს ხის ფარდულს, რომ მისმა ძაღლმაც მათთან დაიძინოს. დიახ, ის ხმას არ ამოიღებს, სანამ ყველაფერს არ დაასრულებს და მამაკაცი არ გაბრაზდება, რადგან ეს მისმა მეგობარმა გააკეთა _ გოგომ, რომელიც ასე ჰგავს მას და რომელმაც გადაავიწყა მისი სახელი. ვისი სახელი? პირველი სიყვარულის, რაღა თქმა უნდა. მაგრამ, ასევე სავსებით მოსალოდნელია, რომ მერწყულს ცოლის სახელიც დაავიწყდეს. სახელები არც ისე მნიშვნელოვანია. მას ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ახსოვს: როგორ გამოიყურება მისი საყვარელი ქალი წვიმაში გალუმპული ან როგორ უკითხავს ტოლკიენს ძილის წინ; როგორ უმზადებს დილაობით შპინატის სუფლესა და ქლიავის ღვეზელს.

მერწყული ქალიც ასეთივე დაბნეულია. მას შეიძლება ქმრის ან შეყვარებულის სახელიც დაავიწყდეს, როდესაც სხვა საქმეებით არის გართული. მაგრამ მას ახსოვს ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია. მას ყოველთვის ემახსოვრება, რომ მერწყული მამაკაცი იყო პირველი, ვინც ცაზე სირიუსი და ორიონი აჩვენა; ვინც აუხსნა, რომ ბიოსაპირფარეშოების გამოყენებას ჩვენი პლანეტის გადარჩენა შეუძლია; ვინც საქორწინო საჩუქრის სახით ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალი გამოუწერა, დაბადების დღეზე კი ავტომობილის შესაკეთებელი ხელსაწყოებით სავსე ყუთი აჩუქა. რა თქმა უნდა, სიყვარულის მოთხოვნის იმ მოულოდნელ იმპულსებსაც გაიხსენებს, რომელიც მყისვე დაკმაყოფილდა. აი, ეს მერწყულ ქალს  ყოველთვის ემახსოვრება, რადგან მისთვის ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top