X სახლი (MC)

X სახლი (MC)

MC, მეორენაირი სახელწოდება – ზენიტი

მიღწევების სახლი

დევიზით – „იცხოვრე ისე, როგორც ფიქრობ“

ესაა მატერიაში, გარეგან სამყაროში ცხოვრების საკმაოდ ზუსტი და სწორი მაჩვენებელი. ასცენდენტის შემდგომ მნიშვნელოვანი სახლი.

რუკის უმაღლესი წერტილი, კრისტალიზება, სტრუქტურა; მწვერვალი, რომლიდანაც შორეული მიზნები ჩანს; მსახურება, ძალაუფლება, მიზნები, ავტორიტეტი, მისია და გეგმების რეალიზება; პროფესიული და საზოგადოებრივი რეპუტაცია, პოლიტიკური ძალაუფლებისადმი დამოკიდებულება; პროფესიული სფერო, სულიერი დონე.

პატივმოყვარეობა კარიერასა და პროფესიაში, პიროვნების სოციალური ნაწილი, ერთ-ერთი მშობელი. კოლექტიური პასუხისმგებლობა (პასუხისმგებლობის აღება, „მე“-ს საზღვრებს გარეთ გასვლა).

ასევე, ტიტულები, ჯილდო, სამეცნიერო წოდება, პრესტიჟი, პატივისცემა; პროფესიით მუშაობა, საჯარო სამსახური, კარიერული წინსვლა ან დაცემა, საზოგადოებაში რეპუტაცია. ზოგიერთი ვერსიით, დედა. პირად რუკაში დღე დაბადებულზე მამის როლზე მიანიშნებს მზე, დედის როლზე – ვენერა; ღამე დაბადებულის შემთხვევაში – მამის როლზე – სატურნი და დედის როლზე – მთვარე.

მეათე სახლი გვიჩვენებს ადამიანის ადგილს სოციალურ სისტემაში, მის ცხოვრებისეულ მიზნებს; სოციალურ იერარქიაში პიროვნულ ცვლილებებს; პროფესიულ წარმატებას; მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს, მიზნის მისაღწევ მოქმედებებს; სოციალურ სტატუსს, ადამიანის ამბიციებს, სტრატეგიულობას, ჯილდოებისა და პატივისადმი დამოკიდებულებას; პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს; პასუხისმგებლობის გრძნობას; ძალაუფლებისადმი მიდრეკილებას; ორგანიზებულობისა და ფილოსოფიურ-იდეოლოგიური შეხედულებების შესაბამისად ცხოვრების უნარს; უმაღლესი მიზნებისათვის ბედთან ჭიდილს;

მე-10 სახლს უკავშირდება ა)დედა, როგორც ინდივიდის ადაპტაციისთვის აუცილებელი სოციალური პროგრამების გამავრცელებელი და გიდი, ასევე როგორც პრაქტიკოსი სულიერი მასწავლებელი, რომელიც შვილს რჩევას და მიმართულებას აძლევს. ბ)შვილების აღზრდა, ოღონდ როგორც „ასეა სამყარო მოწყობილი“ და „აქ მოქმედება მოგიწევს“ ტიპის ახსნა, სწავლება; ცხოვრებისეული მიზნების ფორმირება; გ)ყოველდღიური სულიერი გამოცდილება და ადამიანის გამოცდა გარე სამყაროში არსებულ მატერიალებზე; დ)კარიერა და მისდმი დამოკიდებულება: პირობების მიცემის, საქმეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა შრომისმოყვარეობა; ე)პრაქტიკული სულიერი მასწავლებლები და მოსწავლეები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან რა გავაკეთოთ ან რა ავირჩიოთ კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. პრაქტიკული სულიერი მასწავლებლობა როლია, რომელსაც პასუხისმგებლობა სჭირდება, რადგან ამ შემთხვევაში ინდივიდის აქტუალური სიტუაციები, კონკრეტული მოვლენები, შინაგანი და გარეგანი ცვლილებები, ევოლუციის დონე უნდა იცოდეს.

მეათე სახლით დაკავშირებულია განსხეულების სულიერ ამოცანებთან, სულიერ მასწავლებლობასთან, პრინციპების შესაბამისად მოქმედებებთან; ასევე – ოჯახის სოციალურ უსაფრთხოებასა და წესრიგისა და კანონებისადმი დამოკიდებულებასთან.

სამყაროსადმი ზოგადი დამოკიდებულება. კითხვაზე „რომ გავიზრდები რა უნდა გამოვიდე?“ ყველა პასუხი მე-10 სახლს უკავშირდება. ეს კითხვა აქტუალურია მანამ, სანამ არ გავიზრდებით, პიროვნულად ზრდა კი არცთუ სწრაფად ხდება.

პირველი მესამედი – წარმატება საკუთარი ძალებით, მშობლები და მათი გავლენა პროფესიასა და სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა, მიღწევების მაქსიმუმი; სიმამრი, მამამთილი, სახლი, ქალები. ქალის რუკაში – ქმარი. მეგობრების მტრები, მტრების მეგობრები, პირველი შვილის ავადმყოფობები, პირველი და-ძმის სიკვდილი

მეორე მესამედი – პროფესია და პროფესიული წარმატება; პროფესიული შესაძლებლობები; წარმატება; დაწესებულებები; სახელმწიფოებრივი მსახურება; მტრებისა და მოკეთეების სახლი.

მესამე მესამედი – პროფესიისთვის ძალის ხარისხი; გონებრივი შესაძლებლობები (ძალა); პირველი პროფესია, პროფესიული საქმიანობების დაწყება; პატიოსნება და ზნეობა; პროფესიული საქმიანობები ცხოვრების ბოლო მესამედში, სოციალური და მატერიალური მდგომარეობა 50 წლის შემდეგ.

მიწის ნიშნებიდან ერთადერთია, რომელიც დაბადების მომენტში ცაზე ჩანს (ყველაზე ამაღლებული წერტილი). აქ რეალობა ბევრად ძლიერია და შინაგანი იდეების, აზრების, რეაქციების მატერიალიზებას მოითხოვს. მეათე სახლით ხდება ადამიანის სულიერი და უსულოობის (უგულობის) გამოვლენა, თუმცა ეს ჯერ უნდა დაინახო და გაიგო. თუ მე-8 სახლი ეგზისტენციალურ არჩევანს განაპირობებს ზღვარზე, ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნის დროს, მე-10 სახლი – ყოველდღიური არჩევანისგაკეთების სახლია. სწორედ აქ აქვს ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალება, რომელიც შეუძლია დადებითად ან უარყოფითად გამოიყენოს.

მე-10 სახლის მიხედვით აბსოლუტი (შემოქმედი) მოქმედებს სტრუქტურის გამოვლენის სახით, ადამიანს უწევს შეცვალოს ან დაისახოს კონკრეტული მიზნები, ამოცანები და იმოქმედოს. განვითარების დაბალ დონეზე, ეს სახლი აღნიშნავს ადმინისტრაციულ და ნებისმიერ მკაცრ იერარქიულ სისტემას, რომლის თითოეული დონე კონტროლდება. მსგავსი სისტემის აზრია სრული დამორჩილება, ქცევის კონტროლი და თავისუფალი არჩევანის შეუძლებლობა. ფაქტობრივად სისტემა მკაცრ და კრისტალიზებულ ეგრეგორად ყალიბდება.

მე-10 სახლის ნებისმიერ სიტუაციას ორი ელემენტი ახასიათებს: ა)გარე სამყაროდან ბიძგი (წნევა) ადამიანს აიძულებს იმოქმედოს – ახალ კონკრეტულ მიზანს ან ამოცანას ისახავს და ბ)მიზნის რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან ამორჩევა. თუ ამ ორი ელემენტიდან რომელიმე არ ხდება, მე-10 სახლის „ჩართვაც“ არ ხერხდება. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ზენიტს უკავშირდება ორი გრძნობა: ერთის მხრივ, თავისუფალი არჩევანი და არჩევანის გაკეთების აუცილებლობა და მეორეს მხრივ – გარე გამღიზიანებლების აქტივაცია ქცევის შესაცვლელად. რაც იწვევს განცდას, რომ ადამიანი გარე სამყაროდან არჩევანის გაკეთებაზე ზეწოლას განიცდის.

შინაგან დონეზე მე-10 სახლი აღნიშნავს სულიერი გზის არჩევის სიტუაციებს, მაგრამ არა გლობალურს (8-9 სახლები), არამედ – ყოველდღიურს. ახასიათებს ზეწოლის, შეზღუდვების, სინდისის გაძლიერებული განცდა ან პირიქით, საკუთარი ბედის წინააღმდეგ გალაშქრება, არასასიამოვნო სიტუაციებიდან გამოსავლის ძიება. ამ სახლის სიტუაციების ფონად (ზოგჯერ ძლივს შესამჩნევად) მეოთხე სახლი დგას.

ამ სახლის მიხედვით და მის სფეროებში, გარემოებები შესაძლოა ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდეს.

ხშირად, მე-10 სახლს მხოლოდ მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობას უკავშირებენ. თუმცა ეს სახლი სულიერ ცხოვრებაში პროგრესსა და მიღწევებსაც უკავშირდება – იღებს თუ არა ადამიანი საკუთარ განვითარებაზე პასუხისმგებლობას, ხოლო ნამდვილ განვითარების დონეს – პიროვნულად. მე-10 სახლის მდგომარეობა გვიჩვენებს რა ამოცანები უნდა გადავწყვიტოთ გასაზრდელად, რათა „ჭეშმარიტ ინდივიდუალურობას“ მივაღწიოთ. უფრო სიღრმისეული ანალიზით, გვიჩვენებს რა არის ის მაქსიმალური წვლილი, რაც სამყაროსეულ განვითარებაში შეგვიძლია შევიტანოთ.

მე-10 სახლი, მისი ნიშანი, მმართველი, პლანეტები მე-10 სახლში და მათი ასპექტები მიანიშნებენ ადამიანის მიერ მაღალი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ან შეუძლებლობაზე

მე-10 სახლის ნიშანი (რითიც იწყება) და მმართველი მიანიშნებს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გულით მიიღება; იგივე სტიქიის შემდეგი ნიშნის მმართველი – პროფესიასა და სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობაზე. მაგ: თუ მე-10 სახლი ვერძით (მმართველი მარსი) იწყება, ცეცხლის სტიქიაა და ამ სტიქიის შემდეგი ნიშანი ლომია (მმართველი მზე)

მე-10 სახლში სტელიუმი (2-ზე მეტი პლანეტა) მიანიშნებს ნაადრევ განვითარებასა და პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი მოვლენების სწრაფ განვითარებაზე. ძლიერი სტელიუმის შემთხვევაში 25-30 წლის ასაკისთვის ადამიანს უკვე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია.

იუპიტერი, ვენერა და მზე მე-10 სახლთან ან მე-10 სახლში, სხვა პლანეტებთან ჰარმონიული ასპექტებით მიანიშნებს მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე, ცნობადობასა და წოდებების მრავალფეროვნებაზე. იგივე მახასიათებლები აქვს პლანეტებს ასცენდენტთან ან პირველ სახლში. იუპიტერი და ვენერა – მაღალ სოციალურ სტატუსსა და მატერიალურ მდგომარეობაზე.

თუ მე-10 სახლში ერთი „ბოროტი“ პლანეტა მაინც დგას, მიღწეულის დაკარგვას, კარიერაში ცვლილებებზე მიანიშნებს.

პირველი და მე-10 სახლების დომინანტები ან პლანეტები ძლიერი კოსმიური სტატუსით კარდინალურ სახლებში მიანიშნებს ცნობადობაზე არა მხოლოდ სიცოცხლის პერიოდში, მის შემდეგაც.

ძლიერი სახლის შემთხვევაში ადამიანს მუდმივად უწევს გადაწყვეტილებების მიღება, რჩევების მიღება და გაცემა, კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც; ეს მდებარეობა აუცილებლად ხელმძღვანელის პოსტს არ გულისხმობს, თუმცა ინდივიდის მანერაში, ქცევაში მმართველობის ფორმა შეინიშნება, ბუნებით მმართველია. თუმცა პირველი სახლისგან განსხვავებით, მეათე სახლის შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარე არ ხელმძღვანელობს, მისი მოქმედებები უმაღლეს მიზნებს, ღირებულებებსა და მმართველობას (აბსოლუტს) უკავშირდება. მე-10 სახლის სუფთად გამოვლინება სხვა სახლების გარეშე (განსაკუთრებით პირველი სახლის) იშვიათად ხდება ან კრისტალიზებული ეგრეგორის (ბიუროკრატი) შემთხვევაში ან უმაღლეს დონეზე. ხოლო სანამ ადამიანი ვერ ხედავს საკუთარი და სხვების ცხოვრების გზებზე მოვლენების კარმულ დანიშნულებას, ძლიერი მე-10 სახლის დამუშავება უჭირს. დასამუშავებლად საკუთარი იერარქიის პოვნა სჭირდება და სულერთია სად იპოვნის – სამსახურში, სახლში თუ სოციუმში. რის შემდეგაც იერარქიაში „ჩაჯდომა“, შემოქმედებითი რეალიზება, თანამშრომლებისადმი შემოქმედებით მიდგომა და მათი მართვა ახასიათებს. როგორც წესი, პასუხისმგებლობის გრძნობა ძლიერად გამოიხატება ნებისმიერ მოქმედების, არჩევნის გაკეთების, სიტყვების შერჩევის დროს (განსაკუთრებით რჩევების მიცემის დროს ფრთხილობს, რადგან თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებლობას გრძნობს და ამასთანავე, პრაქტიკოს სულიერ მასწავლებლად გვევლინება). სუსტი მეოთხე სახლის შემთხვევაში ინდივიდს არ ჰყოფნის ცხოვრებისეული პოზიციები და ძალა, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში ქაოტური მიზნებით დატვირთული ცხოვრება აქვს. დამუშავება უდიდეს სულიერ რეალიზებულ ძალაუფლებას, კარმისა და კონკრეტულ სიტუაციებში აბსოლუტისადმი თითოეული ინდივიდის ვალდებულების სწორად განსაზღვრის უნარს იძლევა.

 სუსტი სახლის შემთხვევაში ინდივიდის ხელმძღვანელობა იშვიათად ცვლის დავალებებს, ხოლო თუ ადამიანი დიასახლისია – სახლის გაძღოლაში იშვიათად ცვლის ქცევას. თუ მოისურვებს, შეუძლია მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება, თუმცა ამისთვის სიძნელეების გადალახვა მოუწევს, რადგან დაქვემდებარებულებთან ხშირად რთული ურთიერთობა აქვს (განსაკუთრებით, თუ 1-ელი, მე-5 და მე-6 სახლები ძლიერი აქვს). არჩევანის გაკეთება და კონკრეტული მიზნების დასახვა დიდად არ აღელვებს, არც პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა აქვს. დაუმუშავებელი სუსტი სახლის შემთხვევაში ვიღებთ უპასუხისმგებლო ადამიანს, რომელიც უაზროდ რისკავს. შესაძლოა ბავშვობაში მის სოციალურ ადაპტაციაზე დედა არ ზრუნავდა ან უყურადღებოდ ეკიდებოდა მის აღზრდას. თავად ინდივიდს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია პასუხისმგებლობით მიუდგეს საკუთარ მოქმედებებს, თუმცა თავისუფალი არჩევანის საშუალება მისთვის არცთუ აქტუალური იქნება. ამ ადამიანისთვის რთულია რეალური (გარეგანი) პრაქტიკული ძალაუფლების მიღება, თუმცა ნაკლებადაც აინტერესებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ძალაუფლების რეალიზაცია რუკით არ განისაზღვრება, არამედ ადამიანის ევოლუციური განვითარებით.

 ჰარმონიული სახლის შემთხვევაში, ინდივიდს შეუძლია უფროსობასა და დაქვემდებარებულებთან კარგი შეწყობა-შეთავსება. მან ყოველთვის იცის, როგორ შეალამაზოს სიტუაცია, კარგი გადააქციოს საუკეთესოდ, საშუალო კი – კარგად. ეს ადამიანი დავალებების განაწილების დროს ნაკლებად იღებს ე.წ. „შავ“ და ჭუჭყიან სამუშაოს. ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება ხშირად მოუწევს, რომლებსაც ადვილად წყვეტს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. პასუხისმგებლობის გრძნობა პირველ რიგში საკუთარ თავში დარწმუნებულობას მატებს. არჩევანის არასწორად გაკეთების შემთხვევაში, ახალ შესაძლებლობების მიღებასა და ხარვეზების დაფარვას ადვილად ახერხებს. ამ მდებარეობის დროს მნიშვნელოვანია მყარი ცხოვრებისეული პოზიციების არსებობა, რადგან ვარდისფერი სათვალე ადამიანს ე.წ. „თეთრი“ პრაქტიკოსი სულიერი მასწავლებლის კარმულ პროგრამებს ჩამოაშორებს. ასეთ ადამიანს (თეთრ პრაქტიკოს სულიერ მასწავლებელს) არამარტო სხვების კარმული ამოცანების დანახვა, რჩევების მიცემა, არამედ „კარმული კუდების“ დაწვაც შეუძლია. ჰარმონიული სახლის არასწორად გამოყენების გამო შესაძლოა თავად იწყოს დეგრადირება და ევოლუციური საფეხურებიდან ვარდნა. სატურნს, მე-10 სახლის სიმბოლურ მმართველს, დიდხანს შეუძლია ცდა, თუმცა, როდესაც მისი მოთმინებაც „ამოიწურება“ მკაცრად და მტკივნეულად „მოითხოვს“ მეათე სახლის დამუშავებას.

 დაზიანებული სახლის შემთხვევაში ადამიანს უფროსობასა და დაქვემდებარებულებთან ურთიერთობა უჭირს, ეს მისთვის სირთულეების მომტანია. თუ ცვალებად ნიშანში მდებარეობს მე-10 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) – ინდივიდი მიდრეკილია ინტერესის სფეროებისა და თემატიკის ცვლილებებისკენ წელიწადში ორჯერ და სკანდალურად; ხოლო თუ სტაბილურ, ფიქსირებულ ნიშანშია – მიუხედავად კონფლიქტურობისა იგივე თემატიკაზე მუშაობას აგრძელებს. დაზიანებული სახლის შემთხვევაში, არჩევანის გაკეთების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის დროს ადამიანს სიფრთხილე მართებს, რადგან უმცირესი შეცდომისთვისაც კი ძვირად გადაიხდის (ზუსტად რა სახით – მეათე სახლის ასპექტები აჩვენებს). ცხოვრების პირველ ეტაპზე შესაძლოა ნებისმიერი სახის მმართველობა, შეზღუდული თავისუფალი არჩევანისადმი პროტესტი, ანარქიზმი, ჰიპობა და ა.შ. მისთვის აუტანელი იყოს. თუმცა ცხოვრების განმავლობაში დამოკიდებულებები ეცვლება. დაბალ დონეზე, შესაძლოა უარყოფითად განვითარების შემთხვევაში სხვების მართვისა და მანიპულირების სურვილი გაუჩნდეს. შეუძლია გახდეს ბიუროკრატი, „შავი“ მასწავლებელი. დამუშავება სულიერი ან შემოქმედებითი იერარქიის წევრობის საშუალებას იძლევა. უფრო მაღალ დონეზე კი მოითხოვება თავდაუზოგავი მუშაობა და ჩვეულებრივ, ადამიანურ მახასიათებელზე – ამბიციაზე უარის თქმა. ამ ადამიანს შესაძლოა ჰყავდეს დაუკმაყოფილებელი სოციალური ამბიციების მქონე დედა, რომელიც საკუთარი ამბიციების შვილზე პროეცირებას (გადატანას, მიწერას) ახდენს. თავად ბავშვს კი შესაძლოა პატივმოყვარეობის კომპლექსი და გარე სამყაროსადმი შიში გაუჩნდეს.

დამუშავების დონეები

პირველ დონეზე ინდივიდი მე-10 სახლის გამოვლენას უარყოფითად ხვდება. თავისუფლების ნებისმიერი გამოვლენა (უფრო სწორად, რასაც თავისუფლებად თვლის, მისი გამოვლენა) იღებს როგორც ღია და დაუმსახურებელ სიბოროტეს; ხოლო რამდენიმე ვარიანტიდან ერთის ამორჩევა ან ვარიანტების ძიება არასათანადოდ ხდება (ვერ ირჩევს). არასასიამოვნოა პასუხისმგებლობის გრძნობა, მისი აღება, ამიტომ ხშირად ცდილობს მისგან გაქცევას, სხვებზე გადამისამართებას, პროეცირებას („მე არ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება“, „ჩვენ, ერთად, როგორც ერთმა ადამიანმა, გადავწყვიტეთ…“). ამ დონისთვის ხშირად დამახასიათებელია შესამჩნევი, გარეგანი ძალაუფლების ქონა, რაც თითქოს ნეტარებისა და სიამოვნებისთვის კეთდება, სინამდვილეში კი ანარქიზმის ფარულ სურვილს უკავშირდება. თავისუფალი ნების იდეისა და უმაღლესი საწყისების მიმართ ინდივიდი სკეპტიკურადაა განწყობილი, მიიჩნევს, რომ სხვების მართვის საუკეთესო საშუალებაა კარგი მათრახი ან შიმშილი („რაც მეტს შიმშილობენ, მეტად გემორჩილებიან“, „რაც უფრო ეშინიათ, მორჩილები ხდებიან“). უარეს შემთხვევაში – ინდივიდი არჩევანს არ აკეთებს და ბოლომდე იცდის ან პასუხისმგებლობას ირიდებს მანამ, სანამ მე-10 სახლი არ „გადაკეთდება“ დაბალი დონის მე-8 სახლად (კრიზისი და რთული სიტუაციები, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა) ან მე-12 სახლად (აბსოლუტის იმპერატიული მორჩილება, მაგ: ავადმყოფობები და საავადმყოფოში მოხვედრა). საკუთარ არჩევანზე და ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარს ამბობს და პროეცირებას (სხვაზე გადატანას) ახდენს განსაკუთრებით ხელმძღვანელ პირებზე, მძიმე ბავშვობაზე ან სულაც არასწორ განათლებაზე. უფროსებთან და დაქვემდებარებულებთან ურთიერთობა გულგრილობაზე, მოვალეობის არიდებასა და ეგოისტურ მიზნებამდე დადის. სამსახურში კი ხშირად ცუდი ურთიერთობები აქვს. მე-10 სახლის გაკვეთილი – „გარე(მო) რეალობის პატივისცემისა და მისი სულიერების აღქმის პრინციპი“ ამ დონეზე არ აღიქმება, ინდივიდი სამყაროს აღიქვამს როგორც პარაზიტს, მისი ეშინია, ასევე უმოწყალოდ განადგურების ეშინია, თუმცა ცდილობს, რომ ეს გრძნობა ჩაახშოს.

 მეორე დონეზე მე-10 სახლის სფეროებისადმი დამოკიდებულება ორგვარია. ერთის მხრივ, ადამიანი იღებს გარე შეზღუდვებსა და ზეწოლას, რაც მას გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს, კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს ისახავს. მეორეს მხრივ, ძიების პროცესი და მიზნების ფორმირება აღიქმება გარკვეულწილად როგორც შემოქმედება, ადამიანი მასში არამხოლოდ დაძაბულობას, არამედ სიამოვნებასაც ხედავს. ასევე, როგორც თვითგამოხატვის საშუალებასაც. მეორე დონე წარმოადგენს ინიციატორ შემსრულებელ ადამიანს, რომელიც საკუთარ ამოცანას უწვრილეს დეტალებად არ ჰყოფს. მიდრეკილია დაქვემდებარებულებისთვის თავისუფლების მიცემისკენ. ამ დონეზე ადამიანს გააჩნია პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ არჩევანზე, თუმცა უფრო მეტად უარყოფითად აღიქვამს, როგორც „ვერსად გამქცევი“. უარყოფითი განცდა კი უქრება, როდესაც რწმუნდება სწორი არჩევანის გაკეთებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდი პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა არა საკუთარი ნებით, უფრო მეტად გარემო პირობების გავლენით და როდესაც საშუალება აქვს – ცდილობს მას გაექცეს. თავისუფალი არჩევანის იდეას მიესალმება, დადებითად აღიქვამს და მიაჩნია, რომ ხშირად საზოგადოება გარკვეულ ბარიერებს უწესებს ადამიანის დაბალ საწყისებს. საზოგადოებაში როლს მიიჩნევს არასაკმარისად ან უსარგებლოდ. ზოგჯერ ინდივიდს შეუძლია სასტიკად მოიქცეს, თუმცა ეს დიდ მორალურ ძალისხმევას მოითხოვს და არცთუ ადვილად წყდება. არჩევანს უკანასკნელ მომენტში კი არ აკეთებს, როდესაც მინიმალური ვარიანტები აქვს, არამედ ბევრად ადრე. რჩევებისადმი დამოკიდებულება ორგვარია: უმეტესობა სულელურად და უადგილოდ ეჩვენება, თუმცა, ხანდახან „გამოერევა ხოლმე ჭკვიანური რჩევა“, რომელსაც ითვალისწინებს. იმ სფეროებში, რომელშიც თავს კომპეტენტურად თვლის, ამ ორი ტიპის რჩევას „ანსხვავებს“ და სხვა ადამიანთა რეაქციას ნაკლებად აქცევს ყურადღებას. მეორე დონეზე, ინდივიდს არცთუ ძალიან მოსწონს რეალობა, თუმცა თვლის, რომ ორგანიზებულობასა და აუცილებლობის განსაზღვრაში ეხმარება. რეალობა განიხილება როგორც არსებობის საშუალება, თუმცა არა სულიერი სახით. ამ შემთხვევაშიც მატერიალური მხარე სჭარბობს.

 მესამე დონეზე ადამიანი უკვე ხედავს გარე და შინაგან სფეროებს შორის მსგავსებას („ის, რაც შიგნითაა – გარეთ გვხვდება“). გარეგანი დაბრკოლებები და შეზღუდვები კი აღიქმება როგორც შინაგანი გამოსასწორებელი სამუშაოს („დეფექტების“) პროექცია. ახლა უკვე იცის, რომ ნებისმიერი ადამიანის ბედს დიდწილად არჩევანი განსაზღვრავს და არჩევას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება – ცდილობს გადაწყვეტილებები შინაგან განცდასა და მდგომარეობასთან თანხვედრით მიიღოს. სამყაროსადმი დამოკიდებულების შეცვლა ინდივიდის წინაშე ახალ მიზნებსა და ამოცანებს აყენებს, რომლებსაც ცხოვრებისეული გზის არჩევაში დამხმარე ნაწილებად, შინაგანი პრობლემების ინდიკატორებად თვლის. ამ დონეზე ადამიანი დამოკიდებულებას იცვლის გარეგანი ძალაუფლების მიმართაც – ძალაუფლება მხოლოდ სხვების მართვა აღარაა, ღმერთის ნებას მოიცავს. ინდივიდი კი ბევრად დიდ ყურადღებას უთმობს სულიერ მხარესა და პასუხისმგებლობის გრძნობას. მესამე დონეზე თავისუფალი არჩევანი ევოლუციის აუცილებელ პირობად ითვლება. შეზღუდვებში კი ისევ პიროვნების განვითარებისთვის პოზიტიურ ეფექტს ხედავს. დიდი ძალისხმევის გარეშე საკმაოდ მოქნილია ნებისმიერ სიტუაციაში (გარდა შემთხვევებისა, როდესაც საზოგადოებრივი ცნობიერი ან ქვეცნობიერი სისტემის ნორმების დარღვევა უწევს). ამ დონეზე ადამიანის ცხოვრებაში მოწყენილობა არაა. ინდივიდი აფასებს რეალობას, გარემოს და თვლის როგორც „შემოქმედებით მონაწილეობაზე ევოლუციაში მიწვევას“. მისი რჩევები იშვიათად თუ ცდება, თუმცა ყოველთვის არ უსმენენ.

 მეოთხე დონეზე ადამიანი კარგად ხედავს კარმული პროგრამების ხაზსა და მათ გამოვლენას, ამიტომ ნებისმიერი ეგრეგორი მისთვის სულიერ აზრს იძენს და გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. შეგნებულად ქმნის სიტუაციებს, რომლებიც მის გარეგნულ თავისუფლებას ზღუდავს კარმული კვანძების უფრო ეფექტური დამუშავებისთვის. მისთვის შეზღუდვები დასამუშავებელი პროგრამების პირობად აღიქმება, ხოლო არჩევანის გაკეთება და კონკრეტული მიზნების დასახვა – საინტერესო და შემოქმედებით ნაწილად. ამ დონეზე უდიდესი დატვირთვა ენიჭება შინაგან დონეზე არჩევანს, უმეტესად ეს ეხება რეალობასთან ურთიერთობასა და ყურადღების მიქცევას (ის, თუ რას აქცევს ადამიანი ყურადღებას, ამ დონეზე ბევრად დიდ დატვირთვას იღებს). უფროსს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მითითებას აძლევს, თვლის პრაქტიკოს სულიერ მასწავლებლად, მითითებების ფარულ მნიშვნელობას (რას მოუტანს მითითება) ხვდება. თავის მხრივ, როდესაც რჩევას ან მითითებას იძლევა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სწორად იგებენ – პრაქტიკოს მასწავლებლად იქცევა. მათ შორის დაძაბული და გაუგებარი ურთიერთობა ნაკლებადაა, რადგან რეალურ სულიერ მასწავლებელს მუდამ ახსოვს თავისუფალი არჩევანის არსებობა. ამ დონეზე ადმინისტრაციული იერარქია წარმოადგენს სულიერის დაბალ ოქტავას. ორივე (ადმინისტრაციული და სულიერი) მეათე სახლს უკავშირდება, განსხვავება კი შემდეგია: ადმინისტრაციული უკავშირდება იმ ადამიანის სიხშირის ვიბრაციას, რომელიც პირველ პირად მოიაზრება და სულიერი – უმაღლეს „მე“-ს.

 

წყარო: პოდვოდნი, მარკინა, კეფერი, ვრონსკი, ჰერბსტი.

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top