III სახლი

III სახლი

პირველი კონტაქტი, პირველი ინფორმაცია სამყაროზე, ადამიანებზე. ნათესავები, რომლებთანაც პირველად გვქონდა ურთიერთობა, მეზობლები, ძმები, დები, ადამიანები, რომლებთანაც ტერიტორიული ნაცნობობა და სიახლოვე გვაკავშირებს. ცოდნა, მახსოვრობა, ნერვები, სტუმრების მიღება, სწავლა, მოლაპარაკებები.

თანდაყოლილი შესაძლებლობები და მიღებული ცოდნა. გონების „ხარისხი“, სინთეზის უნარი, რეალობის ფსიქიკური აღქმა, აზრთა ყოველდღიური გაზიარება. მიღებული გადაწყვეტილებები, ცნობისმოყვარეობა, უცხო ენების ცოდნა, ორატორული გამოსვლები. წარსული გამოცდილება, სულიერი განვითარების დონე, კარგი მანერები, გონებრივი მოქმედებები, აგიტაციური და პროპაგანდული მოქმედებები. ნებისმიერი სახის გადაადგილება, ცვლილებები, ხანმოკლე მოგზაურობები, საკომუნიკაციო საშუალებები (ტელეფონი, ჟურნალ–გაზეთები და ა.შ.).

მესამე სახლი გვიჩვენებს კომუნიკაციის სტილს, კომუნიკაბელურობის დონეს, დოკუმენტებთან, მოლაპარაკებების წარმართვასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, ახალ ცოდნასთან, არავერბალურ კომუნიკაციასთან, სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უნარებს. ასევე ინტელექტუალური ცოდნისადმი დამოკიდებულებას, მიდრეკილებას ჟურნალისტობისა ან მწერლობისაკენ. მესამე სახლი გვაწვდის ინფორმაციას აზროვნების მახასიათებლებზე. ადამიანის განვითარების პერიოდის მიხედვით ემთხვევა ბავშვის მხრიდან ხელებისა და ფეხების გამოყენების ეტაპს, ოჯახის წევრების გაცნობას.

პირველი მესამედი – ძმები, დები, გარშემომყოფები, გონებრივი შესაძლებლობები, პირველი და ან ძმა, მგზავრობები 25 წლამდე, მგზავრობებთან დაკავშირებული შემოსავლები, ბავშვების მეგობრები, მამის ღია მტრები, მეგობრების შვილები

მეორე მესამედი – პროფესია, დაკავშირებული მგზავრობებთან, მწერლობასთან, წერასთან, მეტყველებასთან, ლიტერატურასთან, მოგზაურობები 50 წლამდე, ხანმოკლე მგზავრობები, შემოსავლები წერიდან, კონტაქტებიდან ან საჯარო გამოსვლებიდან. დაქირავებულის (შენს სამსახურში მყოფის) საქმიანობა, მოლაპარაკებების წარმოება, კონტრაქტების გაფორმება, გონებრივი საქმიანობა, მიმოწერა

მესამე მესამედი – სულიერი დონე, აზროვნების განვითარება, გონებრივი შესაძლებლობები ცხოვრების ბოლო მესამედში, მტრული გავლენა აზროვნებაზე, სახლზე, მიწის საკუთრებაზე, რეპუტაციაზე. მტრული გავლენა მამისეულ სახლზე. ზოგადად რეპუტაცია საზოგადოებაში.

თუ პირველი სახლის შემთხვევაში მნიშვნელოვანია საუბარი, როგორც თვითონ ადამიანის საუბარი, მისი „ხმის ამოღება“, მე–2 სახლის შემთხვევაში დამატებითი რესურსები „შემოდის“, მესამე სახლი არის კომუნიკაციის, ქცევის, კომუნიკაციის სტილის აღმნიშვნელი სახლი. მე–3 სახლით ინდივიდი საკუთარ თავს აღიქვამს სხვებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის მეშვეობით. მესამე სახლი არეგულირებს ადამიანის ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, სანამ კონკრეტული სიტუაცია არ აღმოცენდება და სხვა კონკრეტული სახლი არ ჩაირთვება, ანუ მესამე სახლი აღნიშნავს ზოგადად კომუნიკაციას, ურთიერთობას გარშემომყოფებთან.

მესამე სახლს უკავშირდება ახლობლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან ურთიერთობა, კომუნიკაციის საშუალებები, პრაქტიკული განათლება. დატვირთული მე-3 სახლი ხშირად აქვთ მწერლებს, ჟურნალისტებს, ინფორმაციის გამავრცელებლებს. ეზოთერულად, მესამე სახლი მოსწავლეობის, ადამიანთა გაერთიანების სახლია.

მესამე სახლს უკავშირდება:

  • კონკრეტული აზროვნება – აზროვნება, როგორც გარესამყაროს გაგება. გონება როგორც შემმეცნებელი. ნერვული სისტემა. აქვე დასამატებელია, რომ მესამე სახლით IQ არ განისაზღვრება.
  • სხვებთან ურთიერთობის ფორმები – საკუთარი თავის წარმოჩენა, გაცნობა. რას იღებს სტიმულად
  • გარშემომყოფები – მათთან ურთიერთობა, დამოკიდებულებები
  • განათლება – განსაკუთრებით საშუალო და მაღალი კლასები, როგორ ვსწავლობთ, სწავლის პროცესში ინტერესის სფეროები. ცოდნის სურვილი.
  • კავშირები – ენა როგორც საუბრის საშუალება, წერილობითი საშუალებები, წერის სტილი. კომუნიკაციის ფორმები.

მესამე სახლი აღნიშნავს ნაცნობებთან, მეზობლებთან (ის ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიურად მინიმალური კონტაქტი უწევს) ურთიერთობას. საერთოდ, მე–3 სახლი აღნიშნავს ადამიანური ურთიერთობების ზოგად განვითარებას, ურთიერთობის ეთიკას, ინდივიდის წარმოდგენებს ადამიანურ ურთიერთობებზე.

განვიხილოთ მაგალითის მიხედვით: ქუჩაში მიდიხართ, ჩაფიქრებული, ვერავის და ვერაფერს ხედავთ გარშემო – ეს თქვენი პირველი სახლის გააქტიურებაა, უცებ ფანჯრიდან გამომავალ სინათლეს ამჩნევთ და იაზრებთ, რომ თქვენს გარშემო სამყაროა – ეს მეორე სახლია, ამ დროს ქუჩაში გაჩერებთ შემხვედრი და გეკითხებათ როგორ მოხვდეს ჭავჭავაძის ქუჩაზე. თუ გაჩერდებით და გზის ახსნას დაუწყებთ მისი სქესის, ასაკისა და სხვა სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით – ეს უკვე მესამე სახლია.

 მე–3 სახლისთვის შემდეგი მნიშნელოვანი მახასიათებელი არის – სწავლა. ზუსტი შესწავლა, გაცნობიერება, სოციალური სწავლა–განათლება ადამიანური ფაქტორის, ურთიერთობებისა და მასწავლებლების დახმარებით. მე–3 სახლით სწავლა მიმდინარეობს ცნობიერების გასაზრდელად, ახალი შესაძლებლობებისა და გზების შესაცნობად. მოიცავს ცოდნას სამყაროსა და მასთან ურთიერთობის გზებზე (განსხვავდება მე–9 სახლის განათლებისგან, რომელიც უფრო ფართო, რელიგიურ და ფილოსოფიურ იდეალებზეა დაფუძნებული). მე–3 სახლის მიხედვით მასწავლებელი არის პრაქტიკული და კონკრეტული მასწავლებელი, რომელიც ენერგეტიკული არხების გახსნაში და სამყაროსთან ურთიერთობაში გვეხმარება, ხოლო მე–9 სახლის მიხედვით მასწავლებელი – სულიერი მასწავლებელი.

მე–3 სახლთან ასევე დაკავშირებულია ხანმოკლე მოგზაურობები (საყიდლები, მეგობრებთან სტუმრობა და ა.შ. პ.ს. თუ იქ დარჩებით 2,3,4,5 ან მეტი დღე, მესამე სახლთან ერთად ირთვება მეოთხე სახლიც), ხოლო მე–9 სახლთან – ხანგრძლივი და შორეული (საზღვარგარეთ მოგზაურობა, მივლინება და ა.შ.).

 ძლიერი მე–3 სახლი მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც დიდი სანაცნობო წრე ჰყავს ან მუდმივ ურთიერთობაშია გარშემომყოფებთან. თუ სანაცნობო წრით უკმაყოფილოა, ან საკმარისად არ მიაჩნია, განიცდის. მე–3 სახლით ხდება სოციალურ მედიტაცია, ამიტომ ძლიერი მე–3 სახლის შემთხვევაში ადამიანს უჭირს მარტო ყოფნა. მუდმივად მოსწონს ადამიანებთან კონტაქტი, ურთიერთობა და მის დანაკლისს განიცდის, ამიტომ რამდენად და რა ტიპის ჯგუფებთან ექნება ურთიერთობა დამოკიდებულია მის ეთიკურ და მორალურ პრინციპებზე. სუსტი მე–9 სახლის შემთხვევაში მორალური და ეთიკური პრინციპების შემუშავება და ქონა გაუჭირდება, რადგან პრინციპების შესამუშავებლად საჭიროა გარკვეული იდეალები და საერთო პრინციპები იპოვნოს. ბალანსირებული მე–3 და მე–9 სახლების შემთხვევაში საკუთარ და ჯგუფის პრინციპებს ადვილად უსადაგებს ერთმანეთს. ადამიანი ძლიერი მე–3 სახლით ბევრს სწავლობს, ცდილობს მეტი ინფორმაცია და ცოდნა ჰქონდეს.

 სუსტი მე–3 სახლი მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც ნაკლებადაა დაინტერესებული სოციალური კონტაქტებით, ცდილობს ნაკლები ნაცნობები და სატელეფონო საუბრები მოუწიოს. რა თქმა უნდა, გაზეთსაც წაიკითხავს, ტელევიზორსაც უყურებს, ახალ ამბებსაც გაიგებს, მაგრამ ამ ინფორმაციისაკენ დიდი ინტერესი და მიდრეკილება არ ექნება. ამ ადამიანისთვის რთულია ქალაქის უცხო ქუჩებში სიარული, გზის გაგნება, ქუჩაში უცხო ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა, სუსტი მე–3 სახლი ნაკლებ სიტუაციებს იძლევა, რომელშიც ინდივიდს სწავლა მოუწევს. ყოველშემთხვევაში საჭიროა ნახოთ სიმბოლური მმართველის (მერკურის) და მესამე სახლის მმართველის (თქვენი რუკის მიხედვით) ასპექტები და მდებარეობა, რათა გაიგოთ რისი პრაქტიკული მეცადინეობა გჭირდებათ.

ჰარმონიული მე–3 სახლი მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც სოციუმში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მას არ ექმნება სირთულეები ახალ ნაცნობებთან, ახალი ურთიერთობების დაწყებაში, ყველა ნაცნობს მოსწონს და გაცნობისთანავე სიმპათიით ეწყობიან. მასთან ურთიერთობით გარშემომყოფები უფრო მეტ დადებითს იღებენ, ვიდრე თვითონ ის მათგან. თუ ჰარმონიული მე–3 სახლის შემთხვევაში არ იმუშავა ადამიანმა საკუთარ თავზე, შეიძლება ურთიერთობები სოციალურ ვამპირიზმად ჩამოყალიბდეს (მაგ: ყველაფრის საკუთარი თვალით ხედვას იწყებს, ეგოისტურად. თუ მე–3 სახლის დასაწყისი მიწის სტიქიის ნიშანშია – მატერიალური კუთხით, თუ წყლის – ემოციური და ა.შ.). ჰარმონიული მე–3 სახლი იძლევა სწავლასა და განათლებაში დიდ შესაძლებლობებს, თუმცა არა ჩვეულებრივი სტილით, არამედ იმით, რაზეც მე–3 სახლის დასაწყისი მიუთითებს. მაგ: თუ მე–3 სახლი ქალწულის ნიშნით იწყება, ყველაფრის დეტალურად განხილვით სწავლობენ, თუ მშვილდოსანით – პირიქით, ზოგადი სურათითა და შეფასებით. თევზების შემთხვევაში –წარმოდგენით და ა.შ.

დაზიანებული მე–3 სახლის შემთხვევაში ადამიანს სოციალური კონტაქტების მიმართ ორმაგი დამოკიდებულება აქვს. ერთის მხრივ, მიისწრაფვის კონტაქტებისა და ახალი ნაცნობებისკენ (თუ მე–3 სახლთან სატურნს არ აქვს ასპექტი ან მესამე სახლში არაა), მოგვიანებით კი პრობლემები ჩნდება (მაგ: თუ მესამე სახლში ნეპტუნი ჰყავს, ილუზორული სიტუაციები, ნაცნობებისგან ხშირად ტყუვდება; მესამე სახლის კუსპიდი თევზების ნიშანში – არასწორი ემოციური ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული პრობლემები). ზოგჯერ ყველას მიმართ აგრესიულადაა განწყობილი, არავის ენდობა და ურთიერთობების დაწყებაც უჭირს. გაუგებრობების გამო ხშირად წყვეტს ურთიერთობებს. დამუშავების შემდეგ შეიცნობს საერთო, სოციუმის კანონებს. მოსწავლეობის პერიოდში დაზიანებული მესამე სახლი ყველაზე რთულად გადასატანია, რადგან ამ პერიოდში სწავლა და ცოდნის ათვისება მნიშნელოვანია. საჭიროა სწავლა ისწავლოს, როგორც არ უნდა რთული იყოს მისთვის სწავლის პროცესი, რადგან სწავლა და შემეცნება აუცილებელია განვითარებისთვის.

წყარო: ვრონსკი, კეფერი, მარკინა, პოდვოდნი, ჰერბსტი

სტატიის ავტორი: თამთა

საინტერესო ლინკი:

მე–3 სახლის მმართველი


About Rusa

Scroll To Top