მეოთხე სახლი (IC) შეგვიძლია სამი სიტყვით დავახასიათოთ – „ადამიანის ძირითადი არსი“. ეს არის რიგით მეორე კარდინალური სახლი. თუ პირველი მესამედი აღნიშნავდა თავად ინდივიდს და მას ეხებოდა, მეორე მესამედი ეხება უკვე მისი არსებობის გავლენას და შედეგებს გარესამყაროზე. ასტროლოგიურ რუკაზე ეს წერტილი (IC) აღნიშნავს შუაღამის პერიოდის. სხვა სახელწოდებები: ნადირი, იმუმ ქოელი.
პირველი მესამედი – მშობლები, გენეტიკა, სიცოცხლის დასასრული, კავშირი სხვა სამყაროსთან („მიღმა სამყარო“, ალტერნატიული სამყარო), მემკვიდრეობა, მიწის საკუთრება, ძმებისა და დების ქონება, შვილების მტრები, ქმრის სამსახური, მეგობრის დაავადებები.
მეორე მესამედი – სამშობლო, დამოუკიდებლობა პროფესიასა და სახლში, რეალობა, ურთიერთობა მიწასთან (მასთან დაკავშირებულ საქმეებთან, რკინიგზასთან, სამთო მეურნეობასთან), მეგობრები სამსახურის მხრივ, მეგობრის მომსახურე პერსონალი (მეგობრის მოსამსახურე)
მესამე მესამედი – სიბერეში სულიერი ცხოვრება, საფლავი, გარდაცვალების შემდეგ მოსასვენებელი ადგილი, ცხოვრების ფარული მოტივები, უიღბლო სასიყვარულო კავშირები, ახალგაზრდობის სიყვარული, დამოუკიდებელი სულიერ–შემოქმედებითი საქმიანობა (განსაკუთრებით ხანდაზმულობის პერიოდში), ბავშვებზე უარყოფითი გავლენა.
განვიხილოთ უფრო დაწვრილებით…
მე–4 სახლი განსაზღვრავს იმ გარემოს პირობებს, რომელიც ჩვენ შევქმენით, ფულის შენახვას, ფუძის შენებას. აღნიშნავს ადგილს, სადაც ვინახავთ ნივთებს, საკვებს, ვიცავთ და ვაფარებთ თავს, სადაც ემოციურად და მენტალურად თავს კარგად ვგრძნობთ. ზოგადად, ამ სახლთანაა დაკავშირებული მშობლები, მათი გავლენა.
მეოთხე სახლი აღნიშნავს ინდივიდუალურ პირად ქვეცნობიერს, ფსიქიკის ძირეულ სისტემას. როგორიც არის სახლი, ისეთია ინდივიდის შინაგანი მდგომარეობაც, არსიც. მეოთხე სახლი დაკავშირებულია უწყვეტობასთან, გენებთან, მიანიშნებს რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს წარსულთან, რა მოჰყვება თან. მას უკავშირდება სამშობლო, ტრადიციები, წინაპრები, ფესვები, ჩვენი რელიგიური გრძნობები, ურთიერთობა და დამოკიდებულება სახლთან, სამშობლოსთან, ჩვენი ბავშვობა, ცხოვრებისეული პოზიციები, ემოციური მეხსიერება, ბავშვობისდროინდელი მოვლენები და კომპლექსები, ადაპტირებისა და თვითშენახვის უნარი, მშობლები და მათთან ურთიერთობა, ოჯახური ტრადიციები და წესები, ფუძე, საკუთარი სახლი და ოჯახი, მშობლების სოციალური სტატუსი, პირადი საიდუმლოებები, საგანძური და შენახული ძვირფასეულობა, მიწასთან დაკავშირებული საქმეები, საკუთარი ქონება, მეურნეობასთან დაკავშირებული სფეროები, საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრების ბოლო პერიოდი, დებისა და ძმების ქონება, ქორწინების პარტნიორის სოციალური მდგომარეობა (ამ უკანასკნელზე „მანიშნებელია“ მე–7 და მე–10 სახლებიც). ქალის რუკაში – პირველი შვილის დაბადებაც. ასევე, ადამიანის ყოველდღიურ ქცევებთან, ყოველდღიურ არსებობასთან იმ სახლში, რომელსაც საკუთარ სახლად თვლის. როდესაც ადამიანი შედის საკუთარ სახლში და კარს კეტავს (ან ოთახში), ამ დროსაც ირთვება მე–4 სახლი.
ფაქტობრივად, მეოთხე სახლი წარმოადგენს პიროვნული ევოლუციის ამოსავალ წერტილს. ჰოროსკოპის ყველაზე სიღრმისეული წერტილია – ქვეცნობიერი, რთულია მისი ბოლომდე ჩაწვდომა. სახლის მდებარეობა მიანიშნებს ინდივიდის ურთიერთობას მიწასთან, მის დატოვებასთან. მეოთხე სახლის ბევრი პროცესი ჩვენთვის გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. სწორედ აქ იბადება სურვილები, რომლებიც მე–5 სახლის მეშვეობით რეალიზდება.
მეოთხე სახლს უკავშირდება ტრადიციები, ფესვები, საიდანაც ადამიანი „გამოვიდა“ (და სადაც „დაბრუნდება“), სიღრმისეული პოტენციალი. ეზოთერულად მეოთხე სახლს უწოდებენ „მიწისქვეშა სახლს“, რადგან კავშირი აქვს ადამიანის კარმასთან. მისი არსებობის სიღრმისეულ წყაროს, წარსულსა და ღრმა მეხსიერებას წარმოადგენს. ეზოთერულად, ადამიანს, რომელსაც დატვირთული მე-4 სახლი აქვს, შესაძლოა იყოს ნათელმხილველი, წარსულში „ყურების“ უნარით; ფსიქოლოგი, ისტორიკოსი, რესტავრატორი – ადამიანები, რომლებიც კაცობრიობის ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობენ.
მეოთხე სახლს უკავშირდება:
- პირადი უსაფრთხოება – ოჯახი, დაცულობა, საკუთარი ფესვები ამ სამყაროში. მიმღებლობა. რა არის ჩვენთვის პირადი უსაფრთხოება, სად ვგრძნობთ დაცულად თავს, რა დამოკიდებულება გვაქვს სახლისადმი – ამის დადგება მეოთხე სახლით შეიძლება.
- მიკროკოსმოსი – გარესამყარო ინდივიდის გარშემო, ეგოცენტრულობის პიკი და ამავე დროს სხვებთან პირველადი კავშირები (არამხოლოდ საკუთარი თავია წრეში, არამედ სხვებთან მიმართებაში ურთიერთობა პირველად ისახება. მაგ: პატარა ბავშვისთვის პირველადი კავშირები ოჯახის წევრებთან დგება). სხვების მიმართ ემოციური დანტერესება. მიკროკოსმოსი ისაა, რაც ჩვენს ფეხქვეშაა. პირდაპირი მნიშვნელობითაც რომ დაიხედოთ ქვემოთ, ეს სწორედ ის ადგილია, რომელზეც ჩვენი დაბადების მომენტში მეოთხე სახლი „იდგა“. მიკროკოსმოსი სხვა არაფერია, თუ არა, „ცხოვრების ცენტრში ყოფნის“ განცდა.
- ემოციური „შტამპები“ (დამღა) – ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები, ტრავმები. აღნიშნულ ტრავმებზე ინფორმაციას გვაწვდის მთვარე და სატურნიც, თუმცა მეოთხე სახლზე მეტად სხვა არცერთი სახლი ახასიათებს მიღებულ და გაუცნობიერებელ ტრავმებს, რადგან ეს სახლი ჩვენს უსაფრთხოებას და დაცულობას უზრუნველყოფს, მათ შორის ტრავმებისგანაც. შესწავლა ხელს უწყობს სისტემების კორექტირებას, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია.
- ერთ-ერთი მშობელი, ინდივიდთან „შინაგანად დაკავშირებული“ – ემოციური კავშირი მშობელთან
- „შემოსაზღვრული“ ინტუიცია – საკუთარ თავზე ირაციონალური ცოდნა, „მე“-სთვის განსაზღვრული ცოდნა. ოკულტიზმში – ხელმძღვანელებთან (მფარველები, მეთვალყურეები) კავშირი. ინტუიციის სამი სახე არსებობს: პირადი (მე-4 სახლი), პიროვნებათშორისი (მე-8 სახლი) და კოლექტიური (მე-12 სახლი).
მე–4 სახლი არის საფუძველი, ფუნდამენტი ცხოვრებისეული პოზიციისა, რომელზეც ჩვენი ფსიქიკაა აგებული. ასევე წარმოადგენს გარკვეულ ფუნდამენტს, რომლიდანაც იწყება ადამიანის სოციალურ კიბეზე სვლა. ესაა სახლი, რომელიც თან გვიცავს და თან გვზღუდავს, გვაცნობიერებინებს ფესვებს. ფილოსოფიური შეხედულებით, კი სწორედ ეს სახლი გვახსენებს, რომ ადამიანური არსებობის ჯაჭვის ნაწილი ვართ. მეოთხე სახლის დახმარებით უნდა გავიგოთ და გავაცნობიეროთ, რომ ის ჩვენი ცენტრია, რომელიც პიროვნებად გვქმნის, გვაყალიბებს. ამის შინაგანი გაცნობიერების გარეშე განვითარებას სრულად ვერ მოვახერხებთ (ფაქტიურად, მყარი და შინაგანი ცენტრი არ გვექნება). სწორედ ამ ფუნდამენტზე იქნება დამოკიდებული ადამიანი რას გამოხატავს სიყვარულს თუ სიძულვილს, ააშენებს თუ დაანგრევს, შინაგანად სტაბილური იქნება თუ იმპულსური, შემოქმედებითი თუ უნარების უკმარისობას განიცდის და ა.შ…
მე–4 სახლზეა დამოკიდებული ქვეცნობიერი პროგრამები, უსაფრთხოების პროგრამა, ურთიერთობა სამყაროსა და ღმერთთან, ინსტინქტები. მე–4 სახლით მართული ინსტინქტური პროგრამები ჩვენს ბაზისურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ფსიქოლოგიური ანალიზით ჩაწვდომა რთულია. ეს ინსტინქტური პროგრამები იცავენ უფრო მაღალ სულიერ პროგრამებს, განვითარების, ევოლუციის აზრს, რომელსაც უნდა მიხვდე. მე–4 სახლი წარმოადგენს რელიგიურობის ფუნდამენტს, ადამიანის ზოგად დამოკიდებულებას, მის წარმოდგენას ღმერთის, ეშმაკისა და მისი სულის ადგილზე სამყაროში, ამ წარმოდგენის გავლენას მასზე. ეს სახლი დაკავშირებულია ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანთან – თვითდამტკიცებასა და თვითგაგებასთან, მიზნებისა და ამოცანების (რომელიც აბსოლუტისგანაა) შესრულების დონესთან, აბსოლუტთან მიახლოებასთან. მეოთხე სახლის მდებარეობის მიხედვით შეიძლება აიხსნას აბსოლუტთან მიახლოების სხვადასხვა გზების არსებობა (პ.ს. საინტერესო ვერსიაა, მაგრამ შესამოწმებელი)
მეოთხე სახლი აღნიშნავს ურთიერთობას ადამიანსა და მიწის იმ ნაწილს შორის, რაც მშობლიურად მიაჩნია, ეს შეიძლება იყოს ქვეყანა, რეგიონი ან თუნდაც მშობლიური სახლი. დაზიანებული მე–4 სახლის შემთხვევაში მშობლიური ნაწილისადმი დამოკიდებულება უარყოფით ხასიათს ატარებს, თუმცა ფარულად, ინტიმურად. ამავე დროს, ადამიანი ფესვების ნაკლებობას განიცდის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ მისი ფესვები მოუწესრიგებელი და არეულია.
მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე სახლის უმაღლესი დანიშნულება და ფორმა იშვიათად ვლინდება ადამიანის ცხოვრებაში (განვითარების ეტაპს გააჩნია), ამ სახლის დამუშავება მნიშვნელოვანია, რადგან მე–4 სახლი არის საფუძველი იმ ყველაფრისა (მოქმედება, მდგომარეობა), რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება. თუ მეოთხე სახლის პრინციპების რეალიზება არ ხდება, ცხოვრება მუდმივ ბრძოლას ემსგავსება, მის ცნობიერებაში და სულში არ არის ღმერთი, რაც არ უნდა დიდ სახლში ცხოვრობდეს – არ აქვს სახურავი, რომელსაც „კარმის ქარიშხლის“ დროს შეეფარება. ნებისმიერ რამეს აქვს საფუძველი, ფუძე, ასევეა ინდივიდუალური ბედიც. თუ ინდივიდი არ იმუშავებს მეოთხე სახლთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ეცდება მათ დაიგნორებას ან სულაც სწრაფ გადაწყვეტას და „თავიდან მოშორებას“ , ადამიანის ბედი და ცხოვრება ემსგავსება ქვიშისგან აგებულ სახლს და არც მეოთხე სახლის პრინციპი – „ადამიანის კარმის დამუშავება მისი ევოლუციურ განვითარების დონის შესაბამისად“ არ ხდება.
მეოთხე სახლი დაკავშირებულია ცნობიერების ფუნდამენტურ პროგრამებთან, როგორიცაა მაგალითად, თვითშენახვისა და თავდაცვის ინსტინქტი, ხიფათისგან გაქცევა, ნებისმიერი სირთულიდან და სახიფათოსგან გაქცევა. უმაღლეს დონეზე, მეოთხე სახლი დაკავშირებულია ღმერთთან პირდაპირ კონტაქტთან, საშუალო დონეზე – საკუთარი ცხოვრებისეული მიზნებით კმაყოფილებაა.
ფსიქოლოგისთვის, რომელიც ოჯახურ თერაპიებს ატარებს, მეოთხე სახლი არის „კერკეტი კაკალი“, რადგან სხვა ადამიანებს მეოთხე სახლის ჩაწვდომა უჭირთ. მისი გაგება უფრო რთულია, როდესაც ფსიქოლოგი ინდივიდუალურად მუშაობს კლიენტთან და ამ უკანასკნელს ოჯახური პრობლემები აქვს.
მეოთხე სახლს უკავშირდება სიბერე, როგორც გააზრება სიკვდილთან მიახლოების, ცხოვრების განვლის, მისი შეჯამების, საკუთარი შეცდომების გააზრების და აღიარების. თუ მეოთხე სახლი ძლიერია, ადამიანი რაც არ უნდა ათეისტი ყოფილიყო, სიცოცხლის ამ პერიოდში რელიგიური ხდება ან ღმერთთან მიახლოებას გრძნობს.
ასევე, მეოთხე სახლი ირთვება ნებისმიერი საქმის დასრულების შემდეგ, როდესაც „მისტიურ წერტილს“ ვსვამთ.
ძლიერი მე–4 სახლი აქვს ადამიანს, რომელიც საკუთარ თავში რთულად ერკვევა და მისი გაგებაც რთულია. მას გააჩნია ძლიერი ქვეცნობიერი სისტემა, რომლის არსებობამდეც დამუშავებამდე შეიძლება არც იცოდა. ხშირად აღმოაჩნეს, რომ სიტუაციებში საკუთარი აზრის დაცვა უწევს, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივ აზრსაც ეწინააღმდეგებოდეს. ამის „მიზეზი“ მისი ძლიერი ქვეცნობიერი და თავდაცვის სისტემაა და საჭიროა მათი გაცნობიერება, ცნობიერში გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ქვეცნობიერ დონეზე იმოქმედებს. საკუთარი თავის გაგებამდე შესაძლოა ზედაპირულიც იყოს, მაგრამ დამუშავებასთან ერთად იწყება „ღმერთთან მიახლოება“, პასუხები სიღრმეში იმალება. ამ ადამიანისთვის მნიშნელოვანია საცხოვრებელი სახლი, ადგილი, ოჯახური ურიერთობები, უსაფრთხოების გრძნობა; დაზიანების შემთხვევაში ამ ყველაფერს სავარაუდოდ რთულად იღებს, ძირითადად ცხოვრების მეორე ნახევარში და ისიც მხოლოდ დამუშავებისა და სწორი, ცხოვრებისეული პოზიციების ჩამოყალიბების შემდეგ.
სუსტი მე–4 სახლი აქვს ადამიანს, რომელსაც სუსტი ცხოვრებისეული პოზიციები და შინაგანი სისტემა გააჩნია. ვერ გაურკვევია რა არის მისი არსი, მსოფლმხედველობა, არ შეუძლია ან ურთულდება დარწმუნებული პასუხის გაცემა. დამუშავებისთვის პირველ რიგში უნდა გაერკვეს საკუთარ ცხოვრებისეულ პოზიციებში, მათი რეალიზება და გამოყენება უნდა შეძლოს. ეს ყველაფერი კი სუსტი სახლის შემთხვევაში გართულებულია, ინდივიდს უჭირს „ღმერთის ხმის გაგონება“, ხშირად დამუშავების შემდეგ ყალიბდება შეხედულებები რელიგიებსა და არსზე. სუსტი მეოთხე სახლის შემთხვევაში ადამიანი ოჯახურ ცხოვრებაში ჩართული ნაკლებადაა, შესაძლოა წლების განმავლობაშიც ვერ შეამჩნიოს ოჯახში არსებული პრობლემები (როგორც ტექნიკური, ასევე ურთიერთობებში). დროდადრო მიხედავს და მოაგვარებს ოჯახურ სიტუაციებს, თუმცა ამას სიამოვნებით კი არა, უფრო ვალდებულების გრძნობით თუ გააკეთებს.
ჰარმონიული მე–4 სახლის შემთხვევაში, ინდივიდი საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებულია, შინაგანად ღრმად სწამს, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“ მასთან და მის ოჯახის წევრებთან. ცხოვრებისეული პოზიციაც გააზრებული და ჰარმონიულია. განვითარების მაღალ დონეზე, ჰარმონიული მეოთხე სახლის შემთხვევაში ადამიანი არის საკმაოდ რელიგიური, სულიერად განვითარებული და ამ მხრივ ხშირად სხვებზეც ახდენს გავლენას, სხვები გრძნობენ მის სულიერებას. ამ ადამიანს მოსწონს ოჯახური ცხოვრება, ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვს, სახლში კი მუდამ დაცულად გრძნობს თავს.
დაზიანებული მე–4 სახლი მეტ ეგზისტენციალურ სირთულეს წარმოშობს. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ადამიანის სულში ღმერთსა და ეშმაკს შორის მუდამ ბრძოლა მიდის“. მისი გაგება უჭირთ გარშემომყოფებს, შესაძლოა „გიჟად“ ან „სულელად“ თვლიდნენ, თავად ამ ადამიანისთვის კი რთული გასაგებია რას ნიშნავს შინაგანი კომფორტი და სულიერი სიმშვიდე. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციები განამტკიცოს იმის ნაცვლად, რომ სხვა ხედვა იპოვოს და ჰარმონიას მიაღწიოს. დასამუშავებლად საჭიროა გაიაზროს, რომ პესიმისტურ–დესტრუქციული ცხოვრებისეული პოზიცია მიიყვანს მხოლოდ ქაოსამდე და ევოლუციის უფრო დაბალ დონემდე. ამ ადამიანს სახლის მიმართ ორმაგი დამოკიდებულება აქვს. საჭიროა ისწავლოს საკუთარი სახლის, ოჯახის სიყვარული, გამოიმუშაოს ოჯახისადმი ვალდებულების გრძნობა და არა პირიქით (უნდა გაიაზროს, რომ ოჯახისადმი თვითონაა ვალდებული და არა ოჯახი მისადმი). დამუშავების შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგია: შეუძლია იმუშაოს სულიერად დაცემულ ან რწმენადაკარგულ ადამიანებთან, თუმცა ეს იქნება მის ცხოვრებაში ერთ–ერთი რთული დავალება.
კიდევ ერთი განსხვავებული აზრი მეოთხე სახლთან დაკავშირებით:
მეოთხე სახლის დასაწყისი გრადუსი (კუსპიდის გრადუსი) – ესაა ინტეგრაციის გრადუსი. მისი გავლით ფიზიკურ სხეულში ხდება „მე“ს „გადმოსვლა“. ფაქტობრივად ესაა ადგილი, რომლიდანაც ხდება შემოსვლაც და გადინებაც, შესაბამისად ზოდიაქოს ნიშანი, რომლითაც იწყება მეოთხე სახლი, გარკვეულ ინფორმაციას მოიცავს ჩვენს დაბადება–გარდაცვალებაზე (შენიშვნა ჩემგან: საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სტანდარტული დაბადების შემთხევაში (9 თვიანი) ჩვენი ჩასახვა „ემთხვევა“ ჩვენი მზის ნიშნის მე–4 ნიშანს, ანუ სიმბოლურად მე–4 სახლის ნიშანს (უკუმიმართულებით მე–10 სახლს ემთხვევა, მე–10 სახლს სატურნი მართავს, რომელიც მითოლოგიაში დროის მფარველი, მასთან დაკავშირებულია კანონები, სისტემა, შეზღუდვები, „კარმული პლანეტაა“). მზე ჩვენს ეგოს, პიროვნებას წარმოადგენს, მეოთხე სახლს კი სიმბოლურად მთვარე (ინსტინქტები, ქვეცნობიერი) მართავს. რას ვასკვნით აქედან? არ ვიცი, ვიფიქროთ. ერთ–ერთ ვერსიას მოგაწვდით: ჩასახვა= „შემოსვლა“, დაბადება= „გადინება“; დაბადება=“შემოსვლა“, გარდაცვალება=“გადინება“). ასევე ამ სახლს უკავშირდება ჩვენი სურვილები, ემოციები, ფანტაზიები, მოგონებები. აქ რჩება ადამიანი საკუთარ თავთან მარტო. ერთ–ერთი ვერსიით კი, სწორედ მეოთხე სახლით ხდება მოგონებების გახსენება, მათ შორის წინა ინკარნაციებისაც. მასთანაა დაკავშირებული მაგიისადმი, ოკულტური მეცნიერებებისადმი ინტერესი, ჩვენი ფარული სურვილები, საიდუმლოებები.
მეოთხე სახლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მშობლებთან ურთიერთობაზე (რუკაში დღე დაბადებულისთვის მამის აღმნიშნელია მზე, დედის –ვენერა; ხოლო ღამე დაბადებულისთვის: მამის – სატურნი და დედის – მთვარე. პ.ს. საინტერესო ვერსიაა).
მოგვიანებით ინფორმაცია მოვიძიე და სხვადასხვა ხედვა ყოფილა: ერთის მიხედვით, დღე დაბადებულებისთვის დედის სახე (+მასთან ურთიერთობა) დაკავშირებულია მე–10 სახლთან, მამის – მე–4 სახლთან; ღამე დაბადებულებისთვის – პირიქით, დედა– მე–4 სახლთან, მამა – მე–10 სახლთან. მეორე ხედვის მიხედვით, მე–10 სახლთან დაკავშირებულია საკუთარი სქესის მქონე მშობელი, მე–4 სახლთან კი – საპირისპირო სქესის მშობელი. ხოლო მესამე ხედვის მიხედვით, მე–10 სახლთაან დაკავშირებულია ქალისთვის მამა, კაცისთვის – დედა, მე–4 სახლთან კი კაცისთვის – მამა, ქალისთვის – დედა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ინდივიდზე რომელი მშობელიც უფრო დიდ გავლენას ახდენს და ავტორიტეტულია მისთვის, ის დაკავშირებულია მე–10 სახლთან, ნაკლებად ავტორიტეტული კი – მეოთხე სახლთან.
მეოთხე სახლის დამუშავების დონეები
1. მაქსიმალური ეგოცენტრიზმი. ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სახლს მხოლოდ ქაოსისგან დაცვის საშუალება აქვს – „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“, ხშირად იპყრობს საკუთარი თავისადმი სინანული, შებრალება. დაბალ დონეზე, ესაა გამყიდველი ადამიანი.
2. ცხოვრება – კარმული ვალის მშვიდად გასტუმრებაა, სირთულეებთან ბრძოლა შეუძლია, სწამს, რომ ადამიანები და სამყარო კეთილი ბუნების არიან, თუმცა საკუთარ სულიერ მხარეს ბოლომდე ვერ ხსნის. სამშობლოს სიყვარული და პარტიორიზმი ახასიათებს.
3. კარგად ხედავს მომავალს, საკუთარ თავში გარკვეულია. აცნობიერებს, რომ უარყოფითს, სიბოროტეს არ უნდა ებრძოლოს, არამედ უნდა შეცვალოს ნათლით (გაანათლოს, განკურნოს). მოაქვს სინათლე და სიბნელეს ფანტავს. პარტიორიზმი მისთვის პლანეტარულ მნიშნელობას იძენს.
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მიხედვით: პოდვოდნი, მარკინა, ვინკლერი, კეფერი, ვრონსკი, ჰერბსტი, Ф. Сакоян, Л. Эккер.
სტატიის ავტორი: თამთა
საინტერესო ლინკი: მეოთხე სახლის მმართველი