მე-6 სახლი

მე-6 სახლი

ძირითადი პრინციპები: წესრიგი, სისუფთავე, დისციპლინა ცხოვრების განმავლობაში, კვება, დიეტა, ჰიგიენა, პირადი კეთილმოწყობა, კომფორტის დონე. სამედიცინო პერსონალთან, მკურნალებთან ურთიერთობა. ავადმყოფობები, მუშაობის პირობები, პათოლოგიური და ფსიქოლოგიური დაავადებები; სამუშაო, შრომის შედეგები, მსახურება, საკუთარი მოვალეობის შესრულება, ფიზიკური თვითშენახვა; პრაქტიკული პრობლემების გონებრივი გადაწყვეტა, გადაწყვეტის მეთოდები; დამატებითი შემოსავალი, თავისუფალი პროფესია. ახლობლებზე ზრუნვა, კრედიტი, ვალი.

პირველი მესამედი – ავადმყოფობა, მისი მკურნალობის შესაძლებლობები, სხეულზე ზრუნვა, კვება, დიეტა, პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი. სიმამრი, მამამთილი, ბიძა, დეიდა, ქმრის მტრები, მეგობრის სიკვდილი, პირველი შვილის ქონებრივი მდგომარეობა.

მეორე მესამედი – სამუშაო ურთიერთობები და პირობები, სამუშაო ადგილი, სამსახურის შეცვლა. სხვებზე ძალაუფლება ან პირიქით, მორჩილება. ჩინოვნიკები, დაქვემდებარებულები, მსახურები, ადამიანები დაბალი სოციალური სტატუსით.

მესამე მესამედი – თავისუფალი პროფესია (ექიმი, იურისტი, მეცნიერი…). შინაური ცხოველების არსებობა; უარყოფითი გავლენა ქორწინებაზე, სასიყვარულო ან საქმიანი პარტნიორის გამო შესაძლო დანაკარგი.

ამ სახლის სიმბოლური მმართველი არის ქალწული და პლანეტა მერკური. მერკურის სიბეჯითე და ანალიტიკურობა გამოიხატება ყოველდღიურ, გეგმიურ, რუტინულ საქმეებში; სამუშაოში, რომლითაც ადამიანი „პურის ფულს“ გამოიმუშავებს. სამუშაო თავისუფალ არჩევანთან ნაკლებადაა დაკავშირებული, უფრო აუცილებელ (მაგრამ ნებით) მუშაობას გულისხმობს.

მეექვსე სახლის მუშაობა შეიძლება შევადაროთ ბავშვის სიტუაციას, რომელიც იძულებულია თამაში შეწყვიტოს, მტვერი გადაწმინდოს, ყოველდღიური საქმეები გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ წამახალისებელი შედეგი შეიძლება ვერ მიიღოს.

პირველ რიგში, ეს სახლი „ჯანმრთელობა-ავადმყოფობის“, მუშაობის (განსაკუთრებით, სპეციალობით), პროფესიის თავისუფალი არჩევანის სიმბოლური მაჩვენებელია. მისი მეშვეობით შეგვიძლია დავასკვნათ ადამიანს მოუწევს მეორეხარისხოვანი მუშაობა თუ არა. სახლი დაკავშირებულია სოციალურ დონესთან; ადამიანთან, როგორც დამუშავებულ-განვითარებულთან. საშუალებას გვაძლევს გავიგოთ რას ნიშნავს იერარქია, დაქვემდებარებულობა. ჩვენს ორგანიზებულობას (რამდენად შეგვიძლია), ჩვევებს, მათგან გამომდინარე ფიზიკურ ფორმებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სწრაფ რეაქციებს, პრაქტიკულობას მართავს. ამ სახლით გაჩენილი მთავარი კითხვა კი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: „როგორ მოვიქცე, რათა უკეთ მოვემზადო მოულოდნელი სირთულეების დასაძლევად?“ (მოულოდნელი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა ან სულაც სიკვდილი).

უკავშირდება სხეულის, როგორც ინსტრუმენტის მოვლას, გაწმენდას. მასში ოცნებების, ფანტაზიის ადგილი არაა, ფასდება კონკრეტული და ზუსტი ცოდნა, რომლის პრაქტიკაში გამოყენებაც შეიძლება. ესაა პრაქტიკული ცოდნა-მუშაობის, კვალიფიკაციის ამაღლების, ზრდის, პრაქტიკული გონების ადგილი. ასევე, მეექვსე სახლთან დაკავშირებულია შინაური ცხოველები, რომლებიც ადამიანს არსებობაში ეხმარებიან.

მეექვსე სახლის გვეუბნება – „გარდაქმენი საკუთარი თავი!“. ადამიანს, რომელსაც ძლიერად გამოხატული მე-6 სახლი აქვს, ამის შეხსენება არც დასჭირდება. დაბადება, კათარზისი და მეტამორფოზა ხშირად მოიცავს ტანჯვას, შრომას. მეექვსე სახლი კი „გვამოწმებს“ ტანჯვაზე, მოთმინებასა და გამძლეობაზე. წარმატება მოდის მტკიცე რწმენით, რომ კრიზისი ახალ საფეხურზე გადაგვიყვანს (გამოცდილებას შეგვმატებს).

თუ მე-5 სახლის მიხედვით ადამიანს შემოქმედი (ღმერთი) უყვარს, მე-6 სახლის დახმარებით სიყვარულს მატერიალურ დონეზე გამოხატავს – მის მსახურებაში. უფრო გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, მეექვსე სახლი ესაა ყოველდღიური საქმიანობები, სირთულეები, რაც ადამიანის ცხოვრებას აზრს აძლევს. ეს სახლი ძირითადად ირთვება იმ დროს, როდესაც ადამიანი უშუალოდ მოქმედებს და გარე სამყაროსთან კონტაქტშია, ასევე, როცა კითხვას სვამს: „ამ სიტუაციაში როგორ მოვიქცე?“ (ანუ, ყოველდღიურად და მუდმივად გამოდის). ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ცხოვრება ერთი დიდი დღესასწაულია, ხოლო მეორე ნაწილისთვის მსახურებაა და რთულად ახერხებენ დასვენებას. მეექვსე სახლი მეხუთის გაგრძელება გამოდის შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით, რადგან მე-5 სახლის ჩართვის შემთხვევაში ჩნდება შექმნის იდეა, ხოლო მე-6 სახლის დახმარებით ხორციელდება. მარტივი მაგალითი: მსახიობის როლის განსაზღვრა-შექმნა უშუალოდ მეხუთე სახლით იმართება, ხოლო მასზე მუშაობა და გარეთ,სცენაზე გამოტანაში მე-6 სახლიც მონაწილეობს.

გარდა სამყაროს (ღმერთის) მსახურებისა, მე-6 სახლი დაკავშირებულია სხვა ადამიანების მსახურებასთანაც. ადამიანის იმ სახეს ააქტიურებს, რომლითაც სხვებს ემსახურება, მუშაობს. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მე-6 სახლის მიხედვით მსახურება არ წარმოადგენს იძულებას, ესაა ნებაყოფლობითი მუშაობა ვინმესადმი. მუშაობა როგორც პიროვნების გამომხატველ და განვითარებისთვის აუცილებელი. მასთან დაკავშირებულია შრომის იარაღები (ინსტრუმენტები) და ქვეცნობიერი პროგრამები, რომლებიც ამ იარაღებს უკავშირდება. ადამიანის ყველაზე მტავარ ინსტრუმენტებს კი წარმოადგენს – სხეული. მე-6 სახლის ასპექტები განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სხეული მუშაობისთვის, ხარისხის მისაღებად, სრულყოფისთვის. ამ სახლს უკავშირდება: ჯანმრთელობა, კვება, ჰიგიენა, ავადმყოფობები. აბსოლუტის თვალსაზრისით, ავადმყოფობა ნიშნავს სისუსტის დაძლევის საშუალებას, ფიზიკური ტკივილი გვევლინება „სამუშაოდ“, რომელიც ადამიანმა უნდა დაძლიოს, შეასრულოს. რა თქმა უნდა, ავადმყოფობა მუშაობის კონსტრუქციულ სახედ არ გვევლინება, მაგრამ ზოგჯერ კარმულ კვანძები სხვანაირად ვერ „იხსნება“ და ადამიანი დამუშავების საჭიროებას ვერ ხედავს.

აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მე-6 სახლით თვითგანმტკიცებას ვიღებთ. მუშაობით გამოწვეული კმაყოფილება და მისგან ენერგეტიკული ნაკადით მხარდაჭერა არის საკუთარი დახარჯული ენერგიის კომპენსირება. შესაძლოა აღიარება, ჩინი, სტატუსის მომატება მე-9 და მე-10 სახლებთანაა დაკავშირებული, მაგრამ თვითგანმტკიცება, ძალებში დარწმუნებულობა მე-6 სახლით ხდება. უმაღლესი ძალებისგან მხარდაჭერა და „შენ სწორად აკეთებ“-ის, სწორ გზაზე ყოფნის განცდა სწორედ ამ სახლს უკავშირდება.

მე-6 სახლი, მასში პლანეტები, მე-6 სახლის მმართველი და ასპექტები გვეხმარება მუშაობაზე, მსახურებაზე, პრაქტიკულ აზროვნებაზე დასკვნების გამოტანაში. ედისონის ნათქვამის მიხედვით „გამოგონება – ესაა 5% შთაგონება და 95% – ოფლი“. ამ სახლით ადამიანს უწევს შრომა, დეტალებში ჩაძიება. სამყაროს გასაღები – ესაა ატომის სტრუქტურის დეტალური შესწავლა. თუ შევძლებთ მიკროკოსმოსის გაგებას, გავიგებთ მაკროკოსმოსსაც. დისციპლინირებული გონება კი სამყაროს გასაგებად აუცილებელია. ეს სახლი დაკავშირებულია სწავლასთან, როგორც მუშაობის პროცესთან.

ერთ-ერთი ვერსიით, მეექვსე სახლი დაკავშირებულია ვალის გასტუმრებასა და „კარმული კუდების“ მოშორებასთან. შესაძლოა ადამიანი დაექვემდებაროს სულიერ ან ფიზიკურ შეზღუდვას, რათა მუშაობით, მსახურებით კარმული ვალი გაისტუმროს. მეექვსე სახლი მე-11 სახლის საპირისპიროდ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც თავისუფლების შემზღუდავი. „თუ საკუთარ თავისუფლებაზე არ იფიქრე, შეიძლება მონა (მსახური) გახდე“. მე-11 სახლი გვანიჭებს თავისუფლებას, მეექვსე სახლი კი ამ მხრივ შემზღუდავად ვლინდება – ამ სახლის მიხედვით თავისუფლები კი არა, მსახურები (სამყაროს, დამქირავებლის ან სხვა) ვართ.

იმ ზოდიაქოს ნიშნის მმართველი, რომლითაც მე-6 სახლი იწყება, როგორც წესი, მიანიშნებს ინდივიდის დაავადებებზე, ფიზიკურ შეზღუდულობაზე (თუ არის მოსალოდნელი), შრომისუნარიანობაზე. იმავე სტიქიის შემდეგი ნიშნის მმართველი – მომსახურე პერსონალსა და ქვეშევრდომებზე, ხოლო იმავე სტიქიის შემდეგი ნიშანი – ცოცხალი სამუშაო ძალის ექსპლუატაციით მიღებულ შემოსავალზე (მაგ: მე-6 სახლი იწყება კუროთი, მისი მმართველი ვენერა მიანიშნებს დაავადებებზე; იმავე სტიქიის (ამ შემთხვევაში მიწის) შემდეგი ნიშანია ქალწული, მისი მმართველი მერკური ინფორმაციას იძლევა მომსახურე პერსონალზე; ხოლო იმავე სტიქიის მესამე ნიშნის (თხის რქის) მმართველი სატურნი – ექსპლუატაციით მიღებულ შემოსავალზე).

 დაზიანებული სახლი – იძულებითი მსახურება. ადამიანი ნაკლებადაა ბედნიერი, მას სხვა მისია აკისრია. სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა უწევს. პრობლემური ჯანმრთელობა. რთული ცხოვრებისეული პროგრამა. ადამიანს დიდხანს არ ესმის ან ვერ ხვდება ცხოვრება მისგან რას მოითხოვს. სამუშაო რთული ან ბევრია, შედეგს რთულად იღებს. ბედი მუშაობას დიდხანს ასწავლის, ხოლო „გასაღებს“ მაშინ აძლევს, როცა ინდივიდი თვალებიდან გამოიხედება. დამუშავებით შეუძლია წარუმატებლობის ჩაკეტილი წრიდან გასვლა და მისი ცხოვრება ჰარმონიული მე-6 სახლიანის ცხოვრებას ემსგავსება. დაავადებების განკურნებისთვის კარგია ბუნებრივი ან არატრადიციული საშუალებების გამოყენება და ნაკლებად წამლების ან ქირურგიული ჩარევის (თუ აუცილებლობა არაა). მეორეს მხრივ, აუცილებელი არაა ჯანმრთელობისთვის მუდმივი ბრძოლა – საჭიროა ისეთი წერტილის მოძებნა, რაც მდგომარეობას შეუმსუბუქებს, დაავადებებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს.

ჰარმონიული სახლი – მუშაობით, სამსახურით კმაყოფილება. სიამოვნებით მუშაობს. „ოქროს ხელების“ პატრონია და გამოირჩევა კარგი ჯანმრთელობით, იშვიათად ავადდება. ავადმყოფობებიც ხანგრძლივი არაა. გამოკვეთილი მიდრეკილება ჰიგიენისა და სისუფთავისკენ. დამუშავების შემდეგ ყველაფერი გამოდის ხარისხიანად. თუ სიზარმაცე სძლევს, მისი ხარისხიანობა დაიწევს და დეგრადირების პროცესი დაიწყება. ამიტომ მუდვივად საჭიროებს ხარისხზე ზრუნვას. ეს ადამიანი თავის მსახურებს ან თანამშრომლებს უყვართ, აფასებენ.

სუსტი სახლი – გარემოებებზე ნაკლებადაა დამოკიდებული, მძიმე მუშაობის საჭიროება არაა. კარმული ვალი ნაკლებია. სამუშაოს აღიარება არ მოაქვს. ძლიერი მე-12 სახლის შემთხვევაში – მუშაობის უარყოფა ან უპატივცემულობა. პირველ რიგში, შეიძლება გამოიხატოს სუსტ ჯანმრთელობაში. რთულია ვთქვათ არის თუ არა ეს ადამიანი ზარმაცი, დამოკიდებულია სატურნის დამუშავების დონეზე. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ცხოვრებაში კონკრეტული სამუშაოების შესრულება დაეკისროთ. მორალურად რთულია ცხოვრება, ხშირად ამ ადამიანის მუშაობა გარშემომყოფებში დიდ ინტერესს არ იწვევს. დამუშავება ნიშნავს ისეთი სამუშაოს მოძებნას, რომლითაც ინტერესი გაიზრდება და მისი სამუშაო ავტორის გარდა სხვასაც სჭირდებოდეს.

ძლიერი სახლი – გარემოებებით დატვირთული, აქტიური ცხოვრება. ბევრი სამუშაოა, ცხოვრება კი როგორც ბორბალი ტრიალებს. ადამიანს უწევს ვალის გასტუმრება. მათ ცხოვრებაში მეტი სამუშაოა და ნაკლები დასვენება. საჭიროა გამომუშავდეს თავმდაბლობა, მოთმინება, მორჩილება, რადგან წარმატება მხოლოდ უსიტყვო მორჩილების შემდეგ მოვა. ადამიანი არასდროსაა მარტოსული, მაგნიტია მათთვის, ვის წინაშეც ვალდებულია ემსახუროს. თუ დროთა განმავლობაში სწორად არ გამოიყენა ძლიერი მე-6 სახლი და საკუთარი სამუშაოს შესრულება არ დაიწყო, შესაძლოა გამოვლინდეს დაავადებები, რომლებიც ძნელად იკურნება.

დამუშავების დონეები

პირველ დონეზე პრობლემებს, სირთულეებსა და სამუშაოს ადამიანი აღიქვამს როგორც აუცილებელს და უსამართლობას სამყაროს მხრიდან. ხშირად ადარებს სხვებს თავს – „სხვები რა მხიარულები, უსაქმურები არიან, არაფრის კეთება უწევთ და ყველაფერს ადვილად იღებენ!“. ვერ ხედავს მუშაობის, შემოქმედების საჭიროებას, ხანდახან გონებაში განათდება, მაგრამ მოსაწყენად ეჩვენება ხოლმე. როგორც წესი, ამ დონეზე აქტიურია „მე შენ გემსახურები, შენ მე“ შეთანხმება და ისიც მატერიალური ინტერესიდან გამომდინარე და ხასიათდება ღმერთისადმი (აბსოლუტისადმი) მონურ-მოწიწებითი ურთიერთობა. ადამიანს უმართავი აგრესიულობა (ვერ ხედავს არსებობის, მუშაობის აზრს, ძალდატანებით ასრულებს „დავალებებს“, რაც აგრესიის დონეს ზრდის) სოციალურად საფრთხის მქონე პიროვნებად აყალიბებს. ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან (ეწევა, სვამს და ა.შ.).

მეორე დონეზე ადამიანი მსახურებას იღებს როგორც ცხოვრების აუცილებელ ნაწილს. ნებისმიერ სამუშაოს ნებით იღებს, პასუხისმგებლობით ეკიდება და მუშაობას არ ირიდებს. მას შეუძლია გაიზიაროს აზრი, რომ „მუშაობა ადამიანად გქმნის“, მაგრამ გულის სიღრმეში განიცდის, რომ „სამოთხე დატოვა, რომელშიც ერთ დროს ცხოვრობდა“. ამ დონეზე არამხოლოდ ფიზიკური მუშაობა უწევს, არამედ მენტალურიც და ნებისმიერ გარეგან მოვლენაში მისთვის სამუშაო დევს. სერიოზულმა დაავადებებმა შეიძლება უბიძგოს ჯანსაღი წესით ცხოვრებისკენ -დილის ვარჯიში, იოგა, აერობიკა, ბუნებაში სირბილი, მედიტაცია და ა.შ. შეუძლია საკვების სწორად შერჩევა, კვების რეჟიმი შესამჩნევად წესრიგდება, მაგრამ არა იმდენად, რომ სპეციალისტის დონემდე მივიდეს.

მესამე დონეზე ადამიანისთვის ცხოვრება კარმის „დაწვასთან“ ასოცირდება, კარმულ ვალებს ისტუმრებს. სიხარულით იღებს თანაგრძნობის, სხვების დახმარების იდეას და რეალობაში ახორციელებს. ამ დონეზე ჩნდება განცდა, რომ უკვე შორს არაა „დასასრული“, ცოტა დარჩა. შესაბამისად მშვიდად ასრულებს მოვალეობებს, იწმინდება. შინაგანადაც ესმის მუშაობის საჭიროება. ადამიანი ხედავს თავის ვალს, კარმას. უმტკიცდება აზრი, რომ მუშაობა ევოლუციისთვის აუცილებელია სწორედ იმგვარად, როგორც ამას სამყარო სთავაზობს. მისი მუშაობა კი მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე არ აისახება, არამედ კაცობრიობისაზეც. თავის მხრივ, ადამიანებს ემსახურება ფიქრისა და განზრახვის გარეშე, მიაჩნია, რომ სამყარო (ღმერთი) თავად იზრუნებს ბალანსზე. ამ დონეზე ინდივიდი უკვე კარგად ფლობს არამხოლოდ ფიზიკურ სხეულს, არამედ ეთერულს, ასტრალურსა და მენტალურსაც. საკუთარი თავის განკურნება თავად შეუძლია თვითშთაგონების, მანტრების, ლოცვების გამოყენებით. საკვების მხრივ კი ხვდება რა სჭირდება მის ორგანიზმს და ისე არჩევს. პირველ რიგში საკვები რაციონიდან იღებს ხორცსა და თევზს.

მეოთხე დონეზე ინდივიდი მთელ თავის ცხოვრებას მუშაობად აღიქვამს. მის გარშემო შექმნილი სიტუაციები იმდენად ენერგიული და სერიოზულია, რომ სხვებზე უკეთ ხედავს მისიას, კარმას და პასუხისმგებლობაც მეტი ეკისრება და შეცდომების სანაცვლო „ღირებულებაც“ მეტია (შეცდომას თუ უშვებს, უფრო ძლიერად უწევს გადახდა). უკვე დამუშავება მხოლოდ შინაგან მუშაობას მოიცავს. გარეგანი სიტუაციები კი ადამიანის მხრიდან მიიღება როგორც შინაგანი მიღწევების მანიშნებელი ან მაკონტროლებელი. მეორეს მხრივ, მუდმივად გრძნობს თავისი კარმული ეგრეგორის მხარდაჭერას, რომელიც კარნახობს როდის, რა და სად თქვას და აკეთოს. თუ შემოქმედებით დაკავდება, მაღალ თანამდებობას აღწევს. მისი ეთიკა რთულია, მაგრამ გარეგნულად უახლოვდება საერთო სოციალურ ეთიკას. გაცემისა და მიღების ბალანსზე უკვე უმაღლესი ეგრეგორი ზრუნავს, რომელიც ინდივიდის დამცველადაც კი გვევლინება ჟინიანი მთხოვნელებისგან. თავად ფიქრობს, რომ ნებისმიერი თხოვნა, რომლითაც მიმართავენ, შეიცავს უმაღლესი ძალების გამოვლინებას. და ცდილობს მის შესრულებას. ამ ეტაპზე ინდივიდი ძალაუფლებას ფლობს ენერგეტიკაზე, ემოციებსა და აზრებზე.

მეექვსე სახლი და ავადმყოფობები

ნებისმიერი პლანეტა და ნიშანი „განაგებს“ დაავადებებს. საჭიროა შევისწავლოთ, თუ რომელი ნიშნით იწყება მე-6 სახლი, მისი მმართველის მდებარეობა და ასპექტები, პლანეტები მეექვსე სახლში. თუ პლანეტა გვყავს მე-6 სახლში, ისაა დაავადებების მანიშნებელი (სიგნიფიკატორი). თუ დადებითად არის ასპექტირებული და თავადაც ამ ბუნებისაა, დაავადებები სწრაფად რჩება კვალის გარეშე; ხოლო თუ დაზიანებულია – მძიმე, რთულ ან ძნელად განკურნებად დაავადებაზე მიანიშნებს.

ზოდიაქოს ნიშნები და ორგანოები, რომლებსაც განაგებენ (პ.ს. იმ ნიშნის დაავადებები გვაწუხებს, რომლითაც ჩვენი მე-6 სახლი იწყება (?) )

 ვერძი – თავის ტვინი, ნერვული სისტემა. თავის ქალა, სახე, თვალი, შუბლი, ყურები, კბილები, ცხვირი, ენა, ზედა ყბა, პირის ღრუ, ნიკაპი. ვერძის ნიშნის დაავადებები კარგად იკურნება ბიორადიოლოგიური მეთოდებით:ბიორადიაცია, ფსიქოთერაპია, ჰიპნოზი, შთაგონება და თვითშთაგონება.

კურო – კეფა, ტვინი, შუბლის არის ორგანოები, სმენითი გარეთა სისტემა (ნიჟარა), ცხვირი, კისერი, ყელი, ხახა, ხორხი, ტრაქეა, ყურები, ქვედა ყბა, ფარისებრი ჯირკვალი, საყლაპავი მილი, ხმის იოგები. ზოგჯერ გამოყოფისა და სასქესო ორგანოები. კუროს ნიშნის დაავადებები უმეტესად წამლებით იკურნება.

ტყუპები – ტრაქეა, ფილტვები, ბრონქები, პლევრა, ენა, ზედა კიდურები თითებიდან მხრამდე, ნერვული სისტემა. განკურნების საუკეთესო მეთოდებია: ფსიქოთერაპია, ფიტოთერაპია, ჰომეოპათია. უმთავრესად კი – სულზე და ფსიქიკაზე ზრუნვა.

კირჩხიბი– მკერდის ზონა, სარძევე ჯირკვლები, დვრილები, პლევრა, ლორწოვანი გარსი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, დიაფრაგმა, კუჭუკანა ჯირკვალი (პანკრეასი), ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ლიმფური სისტემა. დაავადებების უმეტესობა ფსიქიკური და ნერვული აშლილობის საფუძველზე ვითარდება. ამიტომ კირჩხიბები კარგად ექვემდებარებიან ისეთი თერაპიის სახეებს, როგორიცაა: ფსიქოთერაპია, ბიორადიოლოგიური მეთოდი, ფიტოთერაპია, ჰომეოპათია.

ლომი – გული, გულს-სისხლძარღვთა სისტემა, სისხლის მიმოქცევა, ელენთა, დიაფრაგმა, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ნეკნები, არტერიული სისტემა. დაავადებების უმეტესობა ვითარდება მავნე არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო და ყველაზე კარგად ექვემდებარება კლასიკურ მედიკამენტურ თერაპიას.

ქალწული – მუცლის ღრუსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოები, მზის წნული, პილორუსი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა. უმეტესად ნერვული და ფსიქიკური დარღვევებით მიმდინარე დაავადებები, ამიტომ მკურნალობა კარგად ექვემდებარება ბიორადილოგიურ მეთოდს.

სასწორი– თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვლები, ელენთა, წელის ზონა, საშვილოსნო, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, ნერვული სისტემა. დაავადებების უმეტესობა ნერვული და ფსიქიკური გაღიზიანებითაა პროვოცირებული. ნაჩვენებია მკურნალობა- ბიორადიოლოგიური მეთოდით, ფითოთერაპიითა და ჰომეოპათიური საშუალებებით.

მორიელი – საზარდულის ზონა, სასქესო ორგანოები, შარდგამომყოფი სისტემა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი, მსხვილი ნაწლავი, თირკმლის მენჯი, შარდის ბუშტი, ანუსი, კისერი, ყელი, საყლაპავი, ხორხი,. დაავადებების უმეტესობა ფსიქიკურ საფუძველზეა. კარგად ექვემდებარება – ფსიქოთერაპიას, ფიტოთერაპიას, ბიორადიოლოგიურ მეთოდს, ჰომეოპათიასა და ასევე მედიკამენტურ მკურნალობას.

მშვილდოსანი – მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსრები, ქვედა კიდურები (მუხლამდე) მყესები, ღვიძლი, ნერვული სისტემა, სისხლი. დაავადებების უმეტესობა ვითარდება ტრავმებისგან ან ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო, როგორიცაა გადამეტება საკვები და სხვა საშუალებებით.

თხის რქა – ძვლები, მუხლის სახსრები, თირკმელზედა ჯირკვლები, ძვალ-ხრტილოვანი სისტემა, ელენთა, კბილები, ვენური სისტემა. დაავადებების უმეტესობა ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ნერვული სისტემის ან ფსიქიკური ხასიათის დარღვევების გამო. სასურველია მკურნალობა – ბიორადილოგიური, ფსიქოთერაპიული და ჰომეოპათიური მეთოდებით.

მერწყული – ნერვული სისტემა, ქვედა კიდურები, (განსაკუთრებით წვივები) ძვლისსაზრდელა, სისხლი. დაავადებების უმეტესობა ტრავმების ნიადაგზე ვითარდება, ასევე ფსიქიკური ხასიათის დარღვევების შედეგად. მკურნალობა- კლასიკური მედიკამენტური საშუალებებით.

თევზები – ტერფები, ცხიმოვანი ჯირკვლები, ენდოკრინული და ლიმფური სისტემა. დაავადებების უმეტესობა ვითარდება, არაჰიგიენურობის, დაუდევრობის ნიადაგზე, ასევე ნერვული და ფსიქიკური სისტემის დარღვევის გამო. მკურნალობა- სასურველია ბიორადიოლოგიური, ფსიქოთერაპიული, ფიტოთერაპიული და ჰომეოპათიური მეთოდების გამოყენება.

წყარო: პოდვოდნი, მარკინა, ვინკლერი, კეფერი, საკოიანი, ეკკერი, ვრონსკი

სტატიის ავტორი: თამთა

მე-6 სახლის მმართველი


About Rusa

Scroll To Top