მზე მორიელი, მთვარე ვერძი
თქვენ ხართ რეალისტი! თქვენი მატერიალური სამყაროს ცენტრი თქვენ ხართ, პირველ, მეორე, მეხუთე და მეათე რიგში! არ გაინტერესებთ აბსტრაქციები. თქვენი მიზნები უაღრესად კონკრეტულია და ერთმნიშვნელოვნად პირად ინტერესებს ეფუძნება. ერთგული ხართ უფრო ადამიანების მიმართ, ვიდრე იდეების. სიყვარულის, სიძულვილის გრძნობა კონკრეტული პიროვნებების მიმართ უფრო გაქვთ, ვიდრე მასების. ფილოსოფიურ ან მეტაფიზიკურ იდეებს, სწორს და არასწორს, სამართლიანობას და უსამართლობას, არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა აბსტრაქტული გაგებით. მაგრამ თუ აქედან რომელიმე შეგეხებათ თქვენ ან ადამიანს, რომლის მიმართაც გაქვთ ინტერესი, ამ საკითხების მიმართ ძალიან დაძაბულ ინტერესს განიცდით.
ჩხუბს შეუძლია ბოლომდე გშთანთქოთ და სხვა დანარჩენს თქვენში თიშავს. გიყვართ კარგი ჩხუბი, უბრალოდ, ვერ იცხოვრებთ ამის გარეშე. გამჭრიახი ადამიანი ხართ. კარგ თავდაცვის ინსტინქტს ფლობთ. პუნქტუალური, კრიტიკული გონებით, შეგიძლიათ შეასრულოთ რთული სამუშაო და ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევებს მოკიდოთ ხელი. ერთადერთი აბსტრაქტული “საკითხი” რაც კარგად გესმით და იღებთ თქვენში ეს არის – ამბიცია! რეალიზაციის საშუალება, რომელშიც სტაბილურობას ეძებთ. სიყვარულში მგზნებარე ხართ, მაგრამ თქვენი სიყვარული ადვილი არ არის. კაპრიზული და გაბერილი ხართ. მოითხოვთ აბსოლუტურ ერთგულებას, რომელსაც არ თვლით აუცილებელ შესასრულებელს თქვენი მხრიდან.
ვერასდროს ვერ გახდებით ბოლომდე ობიექტური ადამიანი. მაგრამ რაც უფრო შეეცდებით თქვენს აზროვნებაში ობიექტურობის შტრიხების შეტანას მით უფრო ბედნიერი იქნებით თავად და თქვენი გარემოცვაც. ფეთქებადი ხართ და აგრესიის საშიში გამოვლინებები გაქვთ. იმდენად იძირებით საკუთარ თავსა და საქმეებში, რომ სავარაუდოდ, ძალიან ცუდად ერკვევით ადამიანებში და ცხოვრების გზაზე ხშირად შეგხვდებათ ისეთი ადამიანები, რომლებისგანაც არაფერ კარგს არ უნდა ელოდოთ. მიმოიხედეთ გვერდით და ხანდახან ყურადღება გადაიტანეთ საკუთარი საქმეებისდან, სურვილებისა და ემოციებიდან. ეს წარმატებას მოგიტანთ საკუთარი ენერგიულობის და ადამიანებზე მაგნიტური გავლენის შერწყმის ხარჯზე.
მზე მორიელი, მთვარე კურო
მისი აზრები, ემოციები, გეგმები და მიზნები – ყველაფერი დიდმასშტაბიანია. ფართო კატეგორიებით აზროვნებს და რასაც აკეთებს გრანდიოზულობის ანაბეჭდს ატარებს. მცირე საკითხები და მოგება არ აინტერესებს, უბრალოდ ვერ აღიქვამს რას ნიშნავს ცოტა ფული, შეზღუდული გეგმები. თუ მისი გრანდიოზული გეგმების განხორციელება შესაძლებელია – უზრუნვეყოფილი ცხოვრება აქვს, რადგან პრაქტიკული მიდგომისა და უმაღლესი მიზნების გაერთიანებით ბევრს აღწევს.
თუ ფხიზლად არ უყურებს ცხოვრებას, მისი გონება მეტაფიზიკური სფეროთი ინტერესდება. იღბლიანობის, ნიშნების, სიმბოლიზმის სჯერა. თითქმის სრულადაა დარწმუნებული საკუთარი ზებუნებრივი უნარების ქონაში. ადამიანებზე გავლენის მოხდენა შეუძლია საკუთარი პიროვნებით, დაჟინებულობით, რის უკანაც მიზანდასახულობა იმალება.
ეს პრაგმატიკოსი ადამიანის მდებარეობაა, რომელიც შესაძლებლობებს არ უშვებს. მისთვის მართალი ყოველთვის ძლიერი, გავლენიანი ადამიანია. მისი ფიქრები მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მხარეს არ ეხება, იდეები და ფილოსოფიური კონცეფციები აინტერესებს, მაგრამ არა პირად ურთიერთობებში. სასიყვარულო ურთიერთობებში ერთგული, ეჭვიანი, მეწვრილმანე და შურისმაძიებელია. როგორც წესი, წაგება არ უყვარს. თუ გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა მოხდეს და არ ხდება, ამას პირად შეურაცხყოფად იღებს. ყველას მკაცრი შეფასებისკენაა მიდრეკილი, მაგრამ მეგობრებს იშვიათად აკრიტიკებს.
მზე მორიელი, მთვარე ტყუპები
შთაბეჭდილების მოხდენის უნარი აქვს, ადამიანების ტიპაჟს სწორად აფასებს და მათი წარმატებებით შეუძლია სარგებლობა. თავშეკავება მის ხიბლსა და საუბრის მანერას მომხიბვლელობას მატებს. იუმორის გრძნობით გამოირჩევა, ხუმრობის მოფიქრება და მოყოლა კარგად გამოსდის. დარწმუნებული, მტკიცე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როცა ყველაზე მეტად ჩანს დარწმუნებული, შინაგან ცახცახს, მერყეობას განიცდის.
იმის გამო, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ხშირად ხელსაყრელ შემთხვევებს ხელიდან უშვებს. ხოლო გულკეთილობის გამო შესაძლოა უსიამოვნებებშიც გაეხვეს. ჭკვიანი, სწრაფია და ნებისმიერი საკითხის ათვისება შეუძლია. შესაძლოა ორიგინალური, საკუთარი სანაცნობო წრისგან განსხვავებული ჰობი იტაცებდეს. ჰობი იმდენად დიდ დროს ართმევს, რომ სხვა საქმე, ინტერესი და შეყვარებულიც კი არაა საკმარისი მთლიანად მოიცვას.
მრავალმხრივობისა და ფართო ინტერესების გამო საპირისპირო სქესის ყურადღებას ადვილად იქცევს. ერთდროულად იზიდავთ: რომანტიზმი და ცინიზმი, სიახლოვე და შორს ყოფნა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სიყვარული არ აკმაყოფილებს. ეს გრძნობა და პირადი ურთიერთობები მხოლოდ ინტერესის ერთ-ერთი სფეროა. სასურველია ერთ მიზანზე, საკითხზე ორიენტირება ისწავლოს. ერთადერთი, მთავარი, რისკენაც მიისწრაფვის – კომფორტია და მისთვის მხოლოდ ცოტა რამ არის აუცილებელი კომფორტის მისაღწევად.
მზე მორიელი, მთვარე კირჩხიბი
მიმზიდველი პიროვნებაა, საკუთარ თავში მტკიცედ დარწმუნებულია და გარემოსა და ადამიანების ინტუიციური გაგება ახასიათებს. სხვების გამო საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა არ ახასიათებს, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენისაა და მიიჩნევს, რომ მეგობრობისთვის სხვებმა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი. თუ საკუთარ თავს არ გააკონტროლებს, მისი თვითუზრუნველყოფა შეიძლება თვითკმაყოფილებაში გადაიზარდოს. კამათში საკუთარ პოზიციას მტკიცედ იცავს, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია კამათში გამარჯვება, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ ლოგიკურად მსჯელობს. საკმაოდ ცოცხალი გონება აქვს და იმ ოპონენტებს გაოცებულს ტოვებს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ გონივრული საშუალებებით დაამარცხებდნენ.
ძლიერად განვითარებული ინტუიცია აქვს და შინაგან ხმას ხშირად მიყვება. საკმაოდ ემოციური, მგრძნობიარე, წარმოსახვის მქონე ადამიანია. საყვარელი ადამიანისგან ხშირად ითხოვს მორჩილებას. სიყვარულში კი ეჭვიანობა ხშირად გონებაზე იმარჯვებს. თუ მოჩვენა, რომ არასაკმარისად უყვართ ან მის გრძნობებს არაფრად აგდებენ, უარყოფითი ემოციები გადაძალავს. პირად ურთიერთობებში რადიკალურობა ახასიათებს – ვნებიანი სიყვარულიდან შეუძლია არანაკლებ მძაფრ სიძულვილამდე მივიდეს.
გამჭრიახი, მიხვედრილი და ეჭვიანია. თუ მის წარმატებას საფრთხე ემუქრება, შეუძლია ნებისმიერი შანსი გამოიყენოს (მათ შორის ოპონენტების პირადი ცხოვრება), მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში აკეთებს. სხვა შემთხვევაში – დუმილს ინარჩუნებს.
მზე მორიელი, მთვარე ლომი
ძლიერი, მიზანსწრაფული ადამიანია. გამოირჩევა შეხედულებებსა და გრძნობებში სტაბილურობით და თუ მხოლოდ თავისი ემოციებით არ ცხოვრობს-რომელიც საკმაოდ ძლიერია-შეძლებს საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებას და მნიშვნელოვან/საჭირო პიროვნებად ჩამოყალიბებას. საშიშროება იმაში იმალება, რომ ემოციები მთლიანად შთანთქავს, ზედმეტად არის გატაცებული რომანტიკული ოცნებებითა და შეხედულებებით, მაგალითად, იდეალურ სიყვარულზე, რომელსაც შეუძლია რეალობისგან ძალიან შორს გაიტაცოს. რაც შეეხება სიყვარულს, ამ საკითხში იდეალისტია, მაგრამ სექსის ამბავში-სრული რეალისტი.
ვერ იტყვი, რომ მკაცრი შეხედულებების ადამიანია, თუმცა როცა სიყვარულს გასცემს, მოელის რომ ასეთივე სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებენ. შეხედულებები ცხოვრებაზე ადრევე ჩამოუყალიბდა. მის მსოფლმხედველობაში რეალისტული საწყისი არ სჭარბობდა, რადგან ემოციური იმედგაცრუებების გამო უყალიბდებოდა ისეთი იდეალები და ფილოსოფიური კონცეფციები, როგორიც რეალისტული წყობის ადამიანისთვის ბუნდოვანია. ამის მიუხედავად, თავის ოცნებებში დიდ დაკმაყოფილებას განიცდის და ერთადერთი საშიშროება იმაშია, რომ მთლიანად შეიძლება შთაინთქას მათში. ერთეულები თუ შეძლებენ დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანებს უყენებს.
მაშინაც კი როცა სრულიად მოცულია სიძულვილით, მრისხანებით, შურისძიების სურვილით, დაჰფოფინებს იმ აზრს, რომ ის იდეალისტია და ეს კი შემთხვევითი კრახია… საერთოდ კი ასეთი აფეთქებები მისთვის ხშირი არ არის და კარგი იქნება თუ ჩვეულებაში არ გადაუვა, ამისთვის თავის მოთოკვა სჭირდება. მგრძნობელობამ შეიძლება მთლიანად აიღოს კონტროლი პიროვნებაზე, თუ ფრთხილად არ იქნება. რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა გადალახოს მიდრეკილება (რომელსაც შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს) იმის ფიქრის, რომ თავადვე შექმნა მისი რთული ღირებულებების სისტემა.
მზე მორიელი-მთვარე ქალწული
თქვენი პოზიციები ყოველთვის მკვეთრადაა ჩამოყალიბებულ-გამოკვეთილი. გამოირჩევით გულწრფელი აზრებით და მზად ხართ გამოხატოთ ყველაფერი რასაც გრძნობთ და ფიქრობთ. კამათისას შეიძლება გაჩუმდეთ, მაგრამ მაინც საკუთარ აზრზე რჩებით. სხვების გასულელება შეგიძლიათ, მაგრამ არასდროს დაუშვებთ, რომ ტყუილის მსხვერპლი გახდეთ. ძლიერი გონებრივი შესაძლებლობები გაქვთ და თქვენი შეხედულებები ატარებს თქვენი პიროვნების მკვეთრ ანაბეჭდს. ამბიციებს რაც შეეხება, ცდილობთ თვითგამოხატვის საშუალებას, უზრუნველყოფას, აღიარებას მიაღწიოთ და ნაკლებად იბრძვით ძალაუფლებისთვის.
რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიოთ უფრო ადამიანების გონებას “დაეპატრონებით”, ვიდრე მათ ცხოვრებას და თავისუფლებას. ერკვევით პოლიტიკაში და სიამოვნებით გამოხატავთ თქვენს შეხედულებას. რეფორმატორი ხართ, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ საკითხში და არა სოციალურ. გსურთ ადამიანებს აზროვნება აიძულოთ, ხოლო მათ მატერიალურ მოთხოვნილებებზე და მათი მართვის აუცილებლობაზე სხვებმა იზრუნონ.
ემოციურ საკითხში ვნებიანი და მიმზიდველი ნატურა ხართ. ერთგულებაზე უცნაური შეხედულება გაქვთ: არ გამორიცხავთ სხვებთან ურთიერთობას, მაგრამ ყოველთვის სახლში ბრუნდებით. ვერ იტანთ როცა თქვენს პირად ცხოვრებაში და საქმეებში ერევიან. მეორეს მხრივ კი სხვებზე წაჭორავების წინააღმდეგი არ ხართ. სარკაზმის დიდი უნარი გაქვთ და ერთნაირად შეგიძლიათ გიყვარდეთ და გძულდეთ. ისეთი განურჩეველი გამომეტყველებით “სწერვობთ” რომ ეს უფრო მტკივნეულია ვიდრე თავად სიტყვები, თითქოს თქვენი მსხვერპლი თქვენთვის ამაზრზენია და არა აუტანელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფრის გაკრიტიკება გიყვართ: ადამიანები, ხელოვნება, იდეები, ლიტერატურა. გიყვართ მიწიერი სიამოვნებები და იღებთ კიდეც მას თავისუფლების იმ დონით, რომელიც არასდროს სცილდება დახვეწილ გემოვნებას და არ გადადის ვულგარულობაში. კარგად ვერ იაზრებთ თუ რა არის ცოდვა, მაგრამ კარგად იცით რა არის საზოგადოებრივი აზრი, როგორც წესი შეგიძლიათ კარგი სახელის შენარჩუნება, ამიტომ დაუსჯელი რჩებით ხოლმე. /ავტორი: თათა გოგუა/
მზე მორიელი, მთვარე სასწორი
ემოციურობა მრავალ ცხოვრებისეულ გაკვეთილს გადაატანინებს. ადრეულ წლებში მგლების ხროვაში მოხვედრილ ცხვარს ჰგავს. ვნებასთან გაერთიანებული გულუბრყვილობამ შესაძლოა უსიამოვნებები მოუტანოს, სანამ არ მიხვდება, რომ ყველა ადამიანი ისეთივე გულღია არაა, როგორც თვითონ. ადამიანებზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე იდეალური შეხედულებების შენარჩუნება ცხოვრების ბოლომდე არცთუ კარგ სამსახურს გაუწევს.
როცა ცხოვრებისეული გამოცდილება ასწავლის უფრო გონიერი, წინდახედული იყოს, მისი ცხოვრება მოწესრიგდება. ყოველ გადაწყვეტილებაში მისთვის დამახასიათებელი კარგი გემოვნება და იდეალიზმი იქნება შერწყმული, რაც ნებისმიერ საზოგადოებაში დადებითად ფასდება.
მისი იდეალიზმი პრაქტიკულობის ელფერს იღებს. წლებთან ერთად ადამიანების გაგებას სწავლობს ისე, რომ ნაკლებად საეჭვო ჩანდეს. ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებს, მაგრამ რომანტიული იდეალიზმი შესაძლოა წლების მატებასთან ერთად შემცირდეს. სხვების სურვილს პატივს სცემს და მათ მოთხოვნილებებს გრძნობს. ერთმა ჟესტმა, სიტყვამ შესაძლოა მეტი „უთხრას“, ვიდრე სიტყვებმა. სოციალურად კონტაქტური, აქტიურია, შესაძლოა გარკვეული მანერულობაც ახასიათებდეს. სიყვარულში ვნებიანი, ერთგული, ღია და რომანტიულია.
მზე მორიელი, მთვარე მორიელი
უზარმაზარ შემოქმედებით ენერგიას ფლობს და მის გამოხატვას შეძლებს ძლიერი ემოციების, შემოქმედების, ბიზნესის, ხელოვნების სფეროში, დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შეუძლია საკუთარი უდიდესი ენერგიისა და მაგნეტიზმის გამოყენება. ყველაზე ნაკლებად სასურველი და უარყოფითი გამოხატვა მოხდება სასიყვარულო და გრძნობით სფეროში ინტრიგებში. საკმაოდ სექსუალურია და პარტნიორის დამორჩილება ბოლომდე შეუძლია. ეს მდებარეობა დიდ თვითდისციპლინას ითხოვს, რათა საკუთარი ძალის გამოყენება ჭარბად არ მოუვიდეს ყველა შემხვედრთან, კონტაქტის დამყარებისას. ადამიანებთან შესაძლოა ურთიერთობდეს დევიზით „დაიმორჩილე ან მოკალი“. თუ მასზე ძლიერს შეხვდება, ვისი დამორჩილებასაც ვერ მოახერხებს, თავიდან გაიბრძოლებს, შემდეგ კი ზურგსუკან მის უარყოფითად მოხსენიებას არ მოერიდება.
თუ ვინმეს ერთგულებას არჩევს, ბოლომდე ერთგულია; მაგრამ თუ მისი შენარჩუნება სურთ, ამისთვის ძალა და ტაქტი იქნება აუცილებელი, რადგან ურთიერთობებში მუდმივად ითხოვს (ზოგჯერ გაუცნობიერებლად) საკუთარ გავლენაში, ძალაუფლებაში დარწმუნებას. პირად ურთიერთობებში ახასიათებს ადამიანის დამორჩილება და შემდეგ მის მიმართ ზიზღი, რადგან სუსტი აღმოჩნდა და ვერ შეეწინააღმდეგა. ეს მახასიათებელი მის მოთხოვნილებებთან ურთიერთგამომრიცხავია.
კარგი მდებარეობაა შემოქმედებით სფეროში ძალების მოსასინჯად, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ენერგიას არ ხარჯავს სასიყვარულო გამარჯვებებში, შურისძიებაში, სიძულვილში. მორიელის სიმბოლო მორიელი ან არწივია და საკუთარი ბუნების ორმაგ მხარეს მშვენივრად ამჩნევს. სულიეირ განვითარების შემთხვევაში შეუძლია საკუთარი თავისა და სხვების სიღრმისეულად გაგება.
მზე მორიელი, მთვარე მშვილდოსანი
არაორდინალური პიროვნებაა, იდეალისტია. საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად ცხოვრებისკენ მიდრეკილია. რეალური ცხოვრება რამდენადმე აშინებს და აბნევს. მძაფრად განიცდის უსამართლობას, სისასტიკეს, უთანასწორობას, გულგრილობას. გულკეთილია და სურს ადამიანებმა ჰარმონიულად, შეთანხმებულად იცხოვრონ.
კონტაქტური ადამიანია, სხვების დახმარებას ესწრაფვის და გულწრფელად უკვირს, რატომ არ ეხმარებიან მსგავსად, მოწადინებით. სხვების ცხოვრების გაუმჯობესებასთან ერთად საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებასაც ცდილობს, მაგრამ ხელსაყრელ საშუალებებს ხშირად ხელიდან უშვებს, რადგან რეალურ ცხოვრებაში ცუდად ერკვევა.
გულისხმიერი, სანდო, გულწრფელი (ზოგჯერ გადამეტებულად), ექსპრესიული ადამიანია და სხვები მასში სწორედ ამ თვისებებს აფასებენ; საკუთარი შესაძლებლობები, თვისებები იცის და ამაყობს კიდეც ამით. მეტ წარმატებას მიაღწევს, თუ მისი საქმიანობა საზოგადოების საკეთილდღეოდ იქნება მიმართული, მაგ: მედიცინა, რელიგია, იურისპრუდენცია, მუსიკა, პოეზია…, ანუ ყველა ის სფერო, რომელშიც მისი იდეალისტური შეხედულებები რეალურ სახეს მიიღებს. პრინციპულია და არ იმუშავებს იქ, სადაც წარმატების მისაღწევად გაქნილობა და სისასტიკეა აუცილებელი; თუ სამუშაო გარემო და სამსახური არ მოსწონს, არ იმუშავებს თანხის გამო.
მზე მორიელი, მთვარე თხის რქა
მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლობას. შეუძლია უცერემონიოდ არ გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი მის ცხოვრების სტილზე და გონივრულად უდგება სხვა ადამიანების საჭიროებებს, რაც მის საზოგადოებრივ ცხოვრებას უკავშირდება. მისი შესაძლებლობებისა და გავლენის სფერო ფართოა, ხასიათში სჭარბობს ამბიციურობა, საკუთარი ნიჭიერებისა და დამსახურების აღიარების მოთხოვნილება. ახალ იდეებს ხშირად ახმაურებს და საკუთარი დროისა და საზოგადოებისთვის აუცილებელი საკითხების თამამად წინ წამოწევა, გამოხატვა შეუძლია.
საუკეთესო შემთხვევაში სამართლიანობის, სიმართლისთვის მებრძოლია, სუსტების დამცველი ხშირადაა და კარგად ჩამოყალიბებული მორალური და სოციალური ღირებულებები გააჩნია და ცდილობს გარშემომყოფებიც დაარწმუნოს მათ სისწორეში.
კამათში საკუთარ მოსაზრებებს ამტკიცებს არგუმენტებისა და ლოგიკის დახმარებით, მაგრამ ზედმეტად პირდაპირიც კი ხდება. თუ თვლის, რომ კონკრეტულ საკითხში მართალია, არავის და არაფერს შეუძლია მისი გადარწმუნება. განხილვის დროს მისი გადარწმუნება შესაძლებელია არგუმენტებით; სხვა ადამიანის აზრს ეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ თვლის, რომ მის უკან უსამართლო გადაწყვეტილება ან ტყუილი არ იმალება. სხვა შემთხვევაში, რასაც ფიქრობს შეუძლია ადამიანს პირში უყოყმანოდ უთხრას.
მიუხედავად დამოუკიდებლობის სურვილისა, საზოგადოებრივ ეთიკას, ზრდილობას არ სცილდება; მაგრამ თუ არჩევანი გასაკეთებელი იქნება მისი სურვილით ცხოვრებასა და საზოგადოებრივ აზრს შორის, უყოყმანოდ აირჩევს პირველ ვარიანტს. მისი გრძნობები ამაღლებული და გულწრფელია, მაგრამ რამდენადმე თავშეკავებულია მათ გამოხატვაში.
მზე მორიელი, მთვარე მერწყული
ეს მდებარეობა მეოცნებეობასა და იდეალიზმისკენ სწრაფვაზე მიანიშნებს. ამაყი, ინტელექტუალურია და შემოქმედებითი (მხატვრული) გამოხატვისკენ მიისწრაფის. მოაზროვნეა, განვითარებული აქვს დამოუკიდებელი მსჯელობა, ინტელექტუალური და სოციალური პრობლემის საკუთარი ხედვა გააჩნია და მათ სიღრმისეულად შეისწავლის. ამიტომაც, დიდი ალბათობით, გარშემომყოფთა აზრის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს.
პირფერობა მოსწონს, ამიტომ თუ საქმიანი ადამიანია და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს, სავარაუდო იქნება, რომ თანამშრომლებს არცთუ კარგი დამოკიდებულება ექნებათ; მაგრამ ეს მისი ხასიათის ერთი მახასიათებელია. მოსწონს აპლოდისმენტები, აღიარება, მაგრამ მანამდე, სანამ მთელი სულითა და გულით არ იგრძნობს, რომ აღიარება დაიმსახურა. ამასთანავე, იმდენად ძლიერი პიროვნებაა, გარშემომყოფები სურვილის საწინააღმდეგოდაც კი იწყებენ დათანხმებას. სასურველია მოერიდოს არასასიამოვნო ტონითა და მანერით საუბარს იმ იმედით, რომ აუცილებლად დაეთანხმებიან. სინამდვილეში, პრობლემებს შეიქმნის, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც საკუთარ ადგილს მიუთითებს.
დარწმუნებული პიროვნების იმიჯის უკან მგრძნობიარე, ნაზი ადამიანი იმალება, რომელსაც სითბოს მიღების ძლიერი სურვილი აქვს. განვითარებული ფანტაზიის მქონეა, რთულად იტანს უსიამოვნებებს და გულწრფლად თანაუგრძნობს სხვებს პრობლემის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ღიად გამოხატავს თუ არა საკუთარ ემოციებს. აქტიური მოლაპარაკეა, სანამ ემოციებამდე არ მივა საქმე: აქ უკვე გამოხატვისგან იმდენად იკავებს თავს, მოსაუბრეზე შეიძლება ცივი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. მასთან დაახლოვებისას გაკვირვებულნი რჩებიან მისი სიღრმისეული ძლიერი განცდების გამო.
მისი ამაღლებული მისწრაფებები თუ მიწიერი საქმეებისკენ იქნება მიმართული, დიდ წარმატებას მოუტანს, მაგრამ თუ ოცნებებისა და ფანტაზიების სფეროში დარჩება – მხოლოდ იმედგაცრუება ელოდება.
მზე მორიელი, მთვარე თევზები
ინტელექტუალია; ნებისმიერ შემთხვევაში, კრიტიკოსთა და შემფასებელთა რიცხვს მიეკუთვნება, ვის გარეშეც მისი საქმიანობის სფერო უაზრო ან გამოუყენებელი გახდებოდა. მგრძნობიარე და ინტუიციურია, ადამიანებს იმაზე კარგად ხედავს, ვიდრე მათ სურთ; თუნდაც არ ლაპარაკობდეს, მისი მზერაც კი გამჭოლი და მეტყველია. ადამიანებს მისი უარყოფითი დამოკიდებულების უსიტყვოდ გაგებაც შეუძლიათ, რადგან კარგად იცის ნებისმიერი ჟესტის, მიმიკის, დუმილის გამოყენება.
რომანტიული და მდიდარი წარმოსახვა აქვს; თუ ადამიანური ურთიერთობები ნაკლებად სიამონებს, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირვა შეუძლია ისე, რომ იქიდან მისი „გამოყვანა“ ნებისმიერ ძალას/ადამიანს გაუძნელდება.
ოთახში, მარტო დარჩენილს შეუძლია ნებისმიერი საშინლება წარმოიდგინოს და განიცადოს როგორც რეალური. თუ წარმოსახვას კონსტრუქციული გზით გამოიყენებს, მისგან წარმატებული მწერალი, პროზაიკოსი გამოვა. ხოლო თუ წარმოსახვის უნარს საშუალებას მისცემს მისი სული დააბინძუროს, უარყოფითად გამოიყენებს – უსიამოვნებებსა და ნერვულ არამდგრადობას მოუტანს.